წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
კაცი, როგორც თავის თავს არ მოატყუებს, ეგრევე თავისი მოყვასიც არ უნდა მოატყუოს. როგორც ხელი კაცისა, ასე ვსთქვათ, პირს არ მოატყუებს და ნაცვლად პურისა ქვას არ მისცემს საჭმელად, ეგრევე ერთმა კაცმა მეორე კაცი არ უნდა მოატყუოს, რამეთუ ვართ ურთიერთას ასოებ. ერთი მეორის ასოები არათუ მხოლოდ მით ვართ ჩვენ, რომელ ერთი კაცისაგან ვართ შთამომავალი და ერთი სისხლი და ერთი ხორცი გვაქვს, არამედ მით, რომ თვით ამ ქვეყანაში, ამ ცხოვრებაში ისე დაახლოებული ვართ ერთი მეორესთან, ისე საჭირონი ვართ ერთი მეორისათვის, როგორც ასონი ანუ სახსარნი კაცის გვამში. როდესაც ჭეშმარიტებას და სიმართლეს ვეტყვით და ვასრულებთ ურთიერთ შორის, მაშინ ერთი მეორეს შევეწევით და სიცოცხლეს შევუმსუბუქებთ; როდესაც ვატყუებთ ერთი მეორეს, მაშინ ვაწუხებთ და ვამძიმებთ.
თემა: სიცრუეავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ნუ დაივიწყებ, ძმაო, მცნებასა ამას: „წმიდა ჰყავ დღე იგი“ და შეუდექი ამის აღსრულებას. აღსდგები რა დილით კვირას, სახლში ილოცე და მერმე წადი და ცისკარიც მოისმინე. ესრე გამზადებული სულით და გულით წახვალ წირვაზე და უფრო ნაყოფიერად მოისმენ წირვასა. ნაწირვებს, სადილის მიმღებმა, ეცადე რაიმე მცირე მაინც კეთილი საქმე აღასრულო. იქნება ვინმე იცი ღარიბი და საწყალი კაცი, მიეც იმას რაიმე შემწეობა საიდუმლოდ, რომ მარჯვენემან შენმა არ შეიტყოს. იქნება ვინმე შენი მეზობელთაგანი არის სნეული და მწუხარე, მიდი და ნუგეში ეცი; იქნება ვინმე გყავს ნაცნობი, რომელსა უყვარს ლაპარაკი საღმრთოსა საგანსა ზედა, მიდი მასთან და ილაპარაკე და გაატარე დროება. ყბედ, მეჭორე, ცილისმოსაქმე და მოლაპარაკე კაცთან არ მიხვიდე იმ დღეს. ბოლოს, საღამოს მოისმინე მწუხრი და ასე, მოსვენებული ხორციელად, განახლებული სულიერად, შეუდექი მეორე დღეს. იცოდე, რომ კვირა დღეს, მცირე ცოდვაც რომ ჰქმნა, ათ წილ უფრო დამნაშავე იქნები, ამისთვის, რომ ის არის ღვთის დღე. არ დაემსგავსო, ძმაო, ცოფთა მათ და ცოცხალ–მკვდართა, რომელნი კვირა დღეს უფრო ცუდად ატარებენ, ვიდრე სხვა დღეებსა. რომელნი სწორედ ამ დღეს მოიცლიან ყოვლის ცოდვისა, სიმთვრალისა და ლხინისათვის, არამედ შენ ეცადე და წმინდა ჰყავ დღე იგი.
„წმიდა ჰყავთ დღე იგი“ – კვირა ღვთის დღე არის. ამ დღეს მარტო ღმერთს უნდა ემსახუროს კაცი და ღვთის საქმე უნდა აღასრულოს. ექვსის დღის განმავლობაში კაცმა, თითქმის შთანთქმულმა სოფლის სხვადსხვა შფოთში, შრომაში, მეშვიდე დღეს მაინც უნდა გაიღვიძოს სულით და გულით, ღმერთი გაიხსოვნოს და მყუდროდ, ლოცვით და სიწმიდით გაატაროს დრო. ისე მტკიცედ მიჩვეული უნდა იყო, ძმაო ქრისტიანე, კვირა დღეს წირვა–ლოცვის მოსმენას, რომელ თვით შენი გული და სინიდისი ძალას უნდა გატანდეს და არ მოგასვენებდეს, ვინემ არ წახვალ ეკლესიაში. მცირე საქმე არ არის ეს, რომ კვირაში ერთს დღეს მაინც სრულიად წმინდად და უცოდველად ატარებდეს კაცი. ეს ერთი წმიდა დღე, ბოლოს, გასწმენდს და გაანათლებს სხვათა მისთა დღეთა.
ვინც საღამოს დროზე დაიძინებს და დილით ადრე ადგება, ის უფრო სიმრთელით და მხიარულებით ატარებს თვისსა დღესა.
თემა: ძილიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
განათლებულ ქვეყნებში, დიახ, მრავალი არის ღირსი ქებისა, სწავლისა და მიბაძვისა, გარნა ნეხვიცა მრავალია მუნ. ხოლო, ზოგიერთნი საცოდავნი და საბრალონი ჩვენნი ყმაწვილნი კაცნი, როდესაც უცხო ქვეყნებში წავლენ, იმას კი არ უყურებენ და სწავლობენ, რაც არის იქ პატიოსანი და ღირსი ქებისა და ბაძვისა, არამედ გაისვრებიან იქაურსა ნეხვსა შინა და აქაც იმას მოგვიტანენ, თითქოს ჩვენში ეს მასალა ნაკლებად იყოს.
თემა: განათლება, ცოდნაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
მაცთურნი, საღმრთო სჯულის წინააღმდეგნი, წვალების და შფოთისა აღმაყენებელნი ყოველთვის იყვნენ და ყოველთვის იქმნებიან ქვვეყანაზედ. მაცხოვარმან ბრძანა, რომ მაცთურნი, სჯულის წინააღმდეგნი, უნებლივად გაჩნდებიან და საჭიროც იქნება მათი მოსვლა და წინააღმდეგობა, მისთვის, რათა რჩეულნიცა მორწმუნენი ცხადად გამოჩნდნენ და გამოეყონ ურწმუნოთა. კაცის სარწმუნოებას და ერთგულებას თუ მომჭიდავე და მტერი არა ჰყავს, რით უნდა გამოჩნდეს იგი და გაილესოს? სწორედ ამ მიზეზისათვის მიუშვებდა და მიუშვებს ღმერთი ურწმუნოთა კაცთა გმობად და წარმოთხევად მათისა ურწმუნოებისა.
თემა: ათეიზმი, ურწმუნოებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ქრისტიანეთა გვმართებს ყოველთვის და ყოველი, რაიცა მოგვცა ღმერთმან ქონება, ნიჭი, გარეგანი თუ შინაგანი, დიდი თუ მცირე, არა წარვწყმიდოთ, არამედ ვიხმაროთ გონივრად და სასარგებლოდ. ხოლო უმეტესად უნდა გვახსოვდეს ის, რომელნიც არიან უძვირფასესნი, ღვთისაგან მოცემულნი ნიჭნი: სიცოცხლე, სიმრთელე, ჭკუა, უკვდავი სული და არ დავღუპოთ, არ წარვწყმიდოთ იგინი, არამედ გონივრად მოვიხმაროთ, სადიდებელად ღვთისა და სასარგებლოდ მოყვასთა ჩვენთა.
თემა: ნიჭი, ტალანტიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ფრიად საჭიროა, რომ კაცი მიეჩვიოს და ისწავლოს დაზოგვა, შენახვა, გონივრად მოხმარება ყოვლისა, რასაც ღმერთი მას მისცემს. ეს რომ ყოველ კაცს ახსოვდეს, მაშინ ქვეყანაზე არ იქნება ისრეთი სიღარიბე, როგორიც არის ეხლა. საუბედუროდ, მრავალთა კაცთა ისეთი თვისება აქვს, რომელ თავის მოწონებისათვის და გამოჩენისათვის არ ჰზოგვენ ხარჯს, ჰღუპავენ უმეტესსა ნაწილსა თვისი ქონებისასა. მდიდარი კაცი რომ ესრედ იქცეოდეს, ისიც ფრიად გასამტყუნებელია, ამისთვის რომელ უსარგებლო ხარჯი წარწყმედა არის ღვთისაგან მოცემულის ქონებისა. თუ მას გარდამატებულად აქვს, ათასნი არიან სხვანი ღარიბნი და ყოველითურთ მოკლებულნი. მათ უნდა მოახმაროს და შეეწიოს მდიდარმა კაცმა და არა უსარგებლოდ დაჰღუპოს თვისი ქონება. გარნა, როდესაც ღარიბი კაციც ვალში ჩავარდება და უსარგებლო ხარჯს მოახდენს თავის მოწონებისათვის, ის არის გამოუთქმელი უგუნურება და ცოდვა.
საყდარი არის მანუგეშებელი კაცისა ყოველთა შინა მისთა მწუხარებათა; საყდარი არის განმაღვიძებელი კაცისა ყოვლისა კეთილისა საქმისათვის; საყდარი არის განმანათლებელი კაცისა ყოველთა შინა სულიერთა ნივთთა და საქმეთა; საყდარი არის სულიერი გამზრდელი კაცისა და შემაერთებელი კაცთა. სოფელი გაჰყოფს კაცთა, გააშორებს მოყვასთა მოყვასისაგან, ეკლესია შეაერთებს ყოველთა, რათა ერთითა ბაგითა და ერთითა გულითა უგალობდნენ და აქებდნენ ერთსა ზეციერსა ყოველთა მამასა და შემოქმედსა.
თემა: ეკლესიაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
„რამეთუ სჯობს დღე ერთი ეზოთა შინა შენთა, უფროს ათასთა მათ“. ერთი დღე საყდარში ანუ საყდრის ეზოში უმჯობესი არის, ვიდრე ათასი დღე სოფელში. რისთვის? მისთვის, რომ საყდარში კაცის გული და სული არის დამშვიდებული და დაწყნარებული, ხოლო სოფელში მარადის აღშფოთებული და მოუსვენებელი. კაცი დაღალული, მოწყლული და გატანჯული სოფლის ამაოებითა, შფოთითა, საყდარში განისვენებს, დაივიწყებს ყოველსა სოფლიურსა ზრუნვასა და მწუხარებასა
თემა: ეკლესიაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი