წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
რაი არს ამაოდ მოღება ღვთის სახელისა? ვინ და როდის მოიღებს სახელსა ღვთისასა ამაოდ? ამაოდ ღვთის სახელის ხსენება პირველად ის იქნება, როდესაც კაცი თვით უბრალო ლაპარაკში, სადაც სრულიად არ იყო საჭირო, ახსენებს, ანუ დაიფიცავს სახელსა ღვთისასა. უბრალო და მცირე საუბარში, კაცმა სიმართლითაც რომ დაიფიცოს ღმერთი, ისიც ცოდვა იქნება და დარღვევა მესამისა მცნებისა, მისთვის, რომ არ ღირდა, საჭიროება არ მოითხოვდა იქ დაფიცებას. ღვთის სახელი არის უზენაესი და უწმიდესი ყოველთა სახელთა. მისი სახელის წინაშე, – ვითარცა იტყვის საღმრთო წერილი, – უნდა მოიდრიკოს ყოველმან მუხლმან ზეცისა და ქვეყნისამან; მის სახელს კაცი უნდა ახსენებდეს დიდის შიშით და მორიდებით. არ ვიტყვი, რა შიშით და სიყვარულით და კრძალვით ახსენებდნენ სახელსა ღვთისასა ყოველნი წმიდანი მამანი, მოციქულნი და მოწამენი.
ამაოდ ხსენება ღვთის სახელისა, წვრილი ანუ მცირე რაიმე ცოდვა რომ იყოს, მაშინაც საშიში არის და ფრიად მავნებელი ხშირად დარღვევა მესმისა მცნებისა. მცირედი ცოდვაც, ხშირად განმეორებული და აღსრულებული, გარდაიქცევა მძიმე ცოდვად და დაღუპავს წმინდასა ზნეობასა კაცისასა. მაგრამ დარღვევა მესამისა მცნებისა არ არის მცირე ცოდვა. ამაოდ ხსენება ღვთის სახელისა თუ მცირე ცოდვა იყოს, იგი არ იქნებოდა საკუთრად მოხსენებული ათთა შინა მცნებათა, რომელნი გამოვიდნენ თვით პირისაგან ღვთისა და არიან ბოძნი და საძირკველნი წმიდისა და სათნო ცხოვრებისა და მერმე თავიდგანვე მესამე ადგილზე; „არა მოიღო სახელი უფლისა ღვთისა შენისა ამაოსა ზედა“.
ხშირად უნდა განიმეორებდეთ ლოცვასა ამას დავით წინასწარმეტყველისასა: „გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რათა აღუარო სახელსა შენსა“. ხშირად ევედრეთ ღმერთსა გამოიყვანოს სული თქვენი საპყრობილედგან ცოდვათასა, ესე იგი სულიერი საპყრობილიდან. რით უნდა გამოვიდეს კაცი სულიერისა საპყრობილისაგან, ესე იგი, ცოდვისაგან? – სინანულით, გულისა და სულის შეწუხებით.
თემა: ცოდვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
შრომისმოყვარე კაცს ჭკუა და გონება აქვს შეკრებილი თავის შრომაზე. მას, ვითარცა მაგარსა ციხესა, ყოვლის მხრით შეზღუდულსა და დაიარაღებულსა, განსაცდელი ვერ სძლევს, მაცთური ვერ წარიტაცებს.
თემა: შრომაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
მოციქული პავლე, ვითარცა კეთილსა წამალსა მპარაობისა ანუ ქურდობისაგან მკურნებელსა უჩვენებს შრომასა: „მპარავი იგი ნუღარა იპარავნ, არამედ უფროსღა ჰშვრებოდენ და იქმოდენ კეთილსა თვისითა ხელითა, რათა აქვნდეს მიცემად, ვის იგი უხმდეს“. მართლა, დაუცხრომელი შრომა არის უმჯობესი საშვალება მისი, რომ კაცს მოეძაგოს ყოველნაირი მპარაობა; პირველად მისთვის, რომ მშრომელსა კაცსა არა აქვს თავისუფალი დრო, რომ აღასრულოს ცოდვა მპარაობისა; მეორედ მისთვის, რომ მშრომელსა კაცსა ის უხარის და იამება, რასაც შეიძენს შრომითა თვისითა; გარნა, უმჯობესი ყოვლისა ის არის, რომ შრომა მიაჩვევს მოყვარესა მისსა რიგსა, წესიერებასა, კრძალვასა, ბეჯითობასა.
თემა: ქურდობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ვრცლად, ფართოდ უნდა გვესმოდეს ჩვენ, ძმანო ჩემნო, მცნებანი ღვთისანი. ვისაც ბრუნდე სინიდისი აქვს, დაბნელებული ჭკუა, არ ესმის ძალი ღვთის სიტყვისა, იგი ხშირად იტყვის: მადლობა ღმერთს, მე ხომ ქურდი არა ვარ; მე ხომ კაცის მკვლელი არა ვარო. მაშინ, როდესაც მრავალგზის შეიქმნება მოზიარე ორთავე ამათ ცოდვათა. არა ესრეთ იქცევა გონერი ქრისტიანე. იგი არის ფრთხილი და ცდილობს, რომ არცა პირდაპირ, არცა რომლითამე მიფარულითა სახითა არ დაარღვიოს მცნება ღვთისა, არამედ ყოვლის კერძოდ იყოს ღვთის წინაშე უბრალო.
ვნება და ზარალი, რომელსა ერთი მეორეს მისცემენ კაცნი, იქნება ხორციელი და სულიერიც; უკანასკნელი უფრო დიდი და საძაგელი ცოდვა არის, ვიდრე პირველი. თუ შენ, ძმაო, სიტყვით ანუ მაგალითით აცთუნე ვინმე მოყვასთაგანი, ესე იგი ცოდვა ასწავლე, ცუდ საქმეში შეიყვანე, გარყვნილებას მიაჩვიე, ეს ასწილ უმწარესი ცოდვა არის, ვიდრე ნივთიერი ზარალი, რომელსაც ქურდი მისცემს კაცს; ამისთანა მოქმედება საუკუნოდ წარსწყმედს კაცის სულს, საუკუნოდ ზარალში ჩააგდებს. ამისთვისაც, საღმრთო წერილი იტყვის: „უმჯობესი არის კაცმა მოიკიდოს კისერზე ლოდი და ჩააგდოს ზღვაში თავი თვისი, ვიდრეღა აცთუნოს ერთი ამათ მცირეთაგანი“.
მპარავი იქნება ის კაციც, რომელმან არ აღასრულა სიტყვა და პირობა, რომლითა იგი შეიკრა წინაშე მოყვასისა თვისისა და მით ზარალი მისცა მას. უეჭველია, რომ პირობის დარღვევითა უდიდესი და უმთავრესი ზარალი ემართება კაცთა, ვიდრე პირდაპირ ქურდობითა. პირდაპირ ქურდობისაგან კაცი თავს დაიფარავს როგორმე, პირობის დამრღვეველისა და ცრუ კაცისაგან ვერაოდეს ვერა. მაშასადამე, პირობის დარღვევა არა უმცირესი ცოდვა არის, ვიდრეღა მპარაობა. თუ გსურს, ძმაო ჩემო, არ იყო მოზიარე მპარაობისა, ეცადე, რომ ანუ არ მიიღო ის პირობა, რომელიც შენ არ შეგიძლია აღასრულო; და რომელიც პირობა მიიღო შენ თავზე, ეცადე, რომ კიდეც აღასრულო.
თემა: ქურდობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
მპარაობა, ანუ ქურდობა მარტო ის ნუ გგონია, ძმაო ჩემო, როდესაც კაცი ანუ მალვით, ანუ ძალადობით პირდაპირ წაართმევს მოყვასსა თვისსა რომელსამე ნივთსა. მპარაობა არის ყოველი ისეთი მოქმედება, როდესაც შენ სიტყვით, ან საქმით რომელიმე ზარალი, ანუ დაბრკოლება მიეცი მოყვასსა შენსა, ანუ თუმცა პირდაპირ ზარალი არ მიგიცია, მაგრამ არც გიჩვენებია სიყვარული და შემწეობა.
თემა: ქურდობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი