წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
როგორ ჰფიქრობთ, ძმანო ჩემნო, ქრისტიანენო, ვისი საქმე და მოვალეობა არის ქრისტიანობის ქადაგება, გავრცელება, ცოდვილთა კაცთა მოქცევა და განათლება? სამწუხაროდ, თითქმის ყოველნი ახლანდელნი ქრისტიანენი დარწმუნებულნი არიან და სხვაფერად არ ჰფიქრობენ, რომელ ეს საქმე და მოვალეობა ეკუთვნის მხოლოდ ეკლესიის მსახურთა, მღვდელთა და ბერთა. ერისკაცს ფიქრადაც არ მოუვა გულში, რომ ქრისტიანობის გავრცელება და სახარების ქადაგება არის საზოგადო და საერთო მოვალება ყოველი ქრისტიანი კაცისა, თუ გინდ მღვდელი იყოს, თუ გინდ ერისკაცი.
ძმანო ჩემნო, ვეცადოთ, რომ ადვილად, დაუკვირვებელად არ დავემორჩილოთ რჩევასა კაცთასა, ვიყვნეთ მტკიცენი, თვითმდგომარენი. თუ კი კეთილი აზრი და განზრახვა გაქვს გულში, რისთვისღა უჯერებ კაცსა, რომელი იმის წინააღმდეგს შეგაგონებს? რათ სცვლი შენს კეთილს იმის ბოროტში? „მოეც ღმერთო, ძალი სიკეთესა ჩემსა“.
თემა: სიმტკიცეავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
კაცი, რომელიც თავის თავს აღარ ეკუთვნის, თავის კარგს და პატიოსანს აზრს და სურვილს ვერ აღასრულებს, არამედ აჰყვება სხვის ცუდს, მავნებელს შგონებასა, იგი შეიქმნება სათამაშო ყოვლისა მცბიერისა და მზაკვარისა მოყვასისა. მას აღარ გამოადგება არც ჭკუა თვისი, არც სწავლა, არც კეთილი მიდრეკილება და თვისება. არა ამაოდ არის თქმული: „მოეც ღმერთო, ძალი სიკეთესა ჩემსა“. თუ ძალი და ღონე არა აქვს კაცსა, კეთილიც რომ იყოს, და ყოველთვის კეთილს ეძებდეს, მაინც ვერაფერს კეთილს ვერ აღასრულებს, არამედ იქმნება წარტაცებული ბოროტთა კაცთა მიერ.
თემა: სისუსტეავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
დიდი უბედურება არის კაცისათვის, როდესაც მას არა აქვს მტკიცე ხასიათი და სულიერი ღონე. კაცი მტკიცე, სულიერად ღონიერი, ადვილად წინააღუდგება ყოველს ბოროტს მოთხოვნილებას და გამაგრდება ღვთისმსახურებასა შინა და პატიოსნებასა. კაცი უღონო და დაუდგრომელი, წარტაცებული არის ყოვლისაგან ცუდისა და წინააღმდეგის გარემოებისაგან. უღონო და უხასიათო კაცისათვის ყოველი ნიჭი, ჭკუა, სწავლა, სიმდიდრე, სიდიდე ანუ უსარგებლო არის, ანუ მავნებელი, ვინაიდგან იგი ამას ყოველსა ხშირად ხმარობს ცუდად. კაცი უხასიათო თავის აზრს და ნებას ვერაოდეს ვერ აღასრულებს, არამედ სხვის ნებაზე იქცევა.
თემა: სიმტკიცეავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ვგონებ, რომ ქალს სხვა ხასიათი უნდა ჰქონდეს, ვიდრეღა ვაჟს, ანუ მამაკაცს. მამაკაცისაგან არავინ არ ეძიებს მომეტებულსა მორცხვედობასა, კრძალვას. იმას არავინ არ დაუწუნებს და არ დასძრახავს, რომ არც კი ჰქონდეს მორიდება, კრძალვა სიტყვაში, ქცევაში. ქალის საქმე კი სხვა არის. ვგონებ, იგი უნდა იყოს შემკული სიმდაბლითა, მორიდებითა, კრძალვითა. მისი უდიდესი და უძვირფასესი თვისება ის არის, თუ იგი იცავს და სხვასაც ასწავლის საზოგადოებასა შინა წმინდა ზნეობას, მშვიდს, წყნარს და მშვენიერს ერთმანეთთან მოქცევასა. ქალებმა რომ ესრეთნი თვისებანი დაივიწყონ, და ნაცვლად მისა დაიწყონ ბაძვა მამაკაცთა მოურიდებელ ყოფაქცევათა, მაშინ დაეცემა ზნეობა საზოგადოებისა.
თემა: დედაკაციავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
უმთავრესი და უმშვენიერესი თვისება ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისა იყო მისი ქალწულებრივი გრძნობა, სიწმიდე, კრძალვა, მორცხვედობა, არა თუ მაშინ, როდესაც იგი იზრდებოდა დედ–მამის სახლში და მერმე ტაძარში, არამედ მერმეც, როდესაც იგი შეიქმნა დედად უფლისა იესო ქრისტესი და მასთან ყოველგან დადიოდა და მთელი ქვეყნის თვალნი იყვნენ მიქცეულნი, ვითარცა იესო ქრისტესადმი, ეგრეთვე დედისა მისისადმი. კიდევ და უფრო მერმე, როდესაც იესო ქრისტე ამაღლდა ზეცას, ქრისტიანობა იქადაგა და გავრცელდა ქვეყანაზედ და ყოველნი ქრისტიანენი, ვითარცა ერთს გამოუთქმელსა ბედნიერებასა, ეძიებდნენ ღვთისმშობლის ნახვასა და თაყვანისცემასა, ერთი სიტყვით მთელი თვისი სიცოცხლის განმავლობაში იგი იყო შემკული და დაცული ქალწულებრივითა სიწმიდითა, კრძალვითა, მორიდებითა და სიმდაბლითა. ყოველი ქრისტიანე ქალი უნდა უყურებდეს და ჰბაძვიდეს ესრეთსა ხასიათსა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისასა.
თემა: ღმრთისმშობელიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
მიცვალება ყოვლადწმიდის ღვთისმშობლისა იყო მხოლოდ სამი დღის მიძინება, ანუ მშვიდობიანი და აღვსებული ნიშებითა და სასწაულებითა მოსვენება. ამისთვისაც სიკვდილსა მისსა ვუწოდებთ მიძინებად. გვიხარის ჩვენ და ვდღესასწაულობთ დღეს კიდევ მისთვის, რომ ყოვლადწმიდა, შემდგომად გარდაცვალებისა, დასდგა მახლობელად ძისა თვისისა, უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა, მლოცველი და შუამდგომელი ჩვენ ყოველთა ქრისტიანეთათვის.
თემა: ღმრთისმშობელიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
პატივისა და მთავრობისმოყვარე კაცის ბუნებაში ღრმადაა ჩანერგილი. თითქმის ყოველი ხორციელი კაცი ცდილობს, რომ თავისი თავი განასხვავოს, ან აღამაღლოს მოყვასთა შორის, კაცთა ყურადღება მიიზიდოს, საზოგადოებაში გავლენა და მთავრობა მოიპოვოს. არა მხოლოდ ისეთნი პირნი, რომელნიც სულიერი და ხორციელი ნიჭებით მართლაც შემკულნი არიან, არამედ, რაც უმეტესად საკვირველია, ხშირად თვით უნიჭონი და არაფრით შესანიშნავნი პირნი პატივის მოყვარეებად და მთავრობის მაძიებლებად გამოჩნდებიან.