წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
როგორ უნდა ვიქცეოდეთ განსაცდელსა შინა? დიდის ყურადღებით და გონიერებით უნდა მოვიხმარდეთ და ვისარგებლებდეთ ყოველთა განსაცდელთა. თუ მრავალგზის გეწვია განსაცდელი და არ მოიხმარე იგი, სრულიად დაიღუპები. დიდი დაფიქრება და მოთმინება გმართებს განსაცდელსა შინა; იგინი მოივლინებიან ჩვენდა გასაუმჯობესებლად. პირველი საქმე ის არის, რომ არ დაჰღონდე დღესა ბოროტსა, მხნეობა არ დაჰკარგო; მეორე, ეცადო, რომ განსაცდელი გარდაიქცეს შენდა სასარგებლოდ. დიდი ჭკუა და მხნეობა იქნება, რომ მწუხარებიდგან სიხარული გამოიყვანო, უბედურებიდგან გამოიყვანო შენი სულისათვის სიკეთე და წარმატება. და ეს ნამდვილად მოხდება, თუ შენ არ დაჰღონდები დღესა ბოროტსა, არამედ აღჭურვილი საჭურველითა საღმრთოითა, ესე იგი სასოებითა, სარწმუნოებითა ეცდები, რომ გაისწორო ყოფა–ქცევა, უმჯობესი შეიქმნე, წინ წაიწიო სულიერითა ცხოვრებითა. კიდევაც მადლობა შესწირე ღმერთსა, თუ გეწია განსაცდელი. მოითმინე იგი, დაიმდაბლე თავი: „ჩემი ცოდვით იყო თქო, მე ვარ დანაშაულითქო, ჩემი ცოდვის კითხვა არისთქო“. თუ ესრედ მოიქეცი, ყოველი განსაცდელი შეიქმნება შენდა სასარგებლოდ.
თემა: განსაცდელებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
მტევანი ყურძნისა, თუ არ გაიჭყლიტა, ღვინოს არ გამოიღებს. მზგავსადვე, კაცის სული თუ არ შევიწროვდა, ვერ გამოიღებს კარგს ნაყოფს. ჰაერი თუ დიდხანს დაწყნარებულია და მედგარი, ივსება სხვადასხვა ცუდი სუნითა და შხამითა, გარნა ქარიშხალი გასწმენდს მას. არაოდეს არ მომხდარა, რომ კაცი შეიქმნეს სათნო და წმიდა გარეშე განსაცდელისა.
თემა: განსაცდელებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
შენ ძმაო, ხშირად თავს იქებ, შენი თავი მიგაჩნია კეთილად და პატიოსნად, გარნა რით და როდის უნდა გამოჩნდეს ესა, თუ არ განსაცდელში. აქ შეიტყობ შენ, რა გაკლია და რით ხარ სუსტი. მაშასადამე, განსაცდელი თუ კარგად მოიხადა კაცმა, იგი წინ წასწევს, აღამაღლებს, გასწმენდს. თითქმის, გარეშე განსაცდელისა, არც კი შეიძლება სულიერი წარმატება. განსაცდელი აღამაღლებს აზრსა და გასწმენდს ცნობასა, გაგვისწორებს ზნეობასა, აღამაღლებს მიდრეკილებათა და სურვილთა. ვინემ განსაცდელი არ ეწია კაცს, იგი დამონებულია, მედგარია (ზარმაცია). განსაცდელი გააფრთხილებს კაცს.
თემა: განსაცდელებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ფრიად საჭირო არს, რომ ჩვენ ვიცნობდეთ ჩვენს თავს, ვხედვიდეთ ჩვენს ღირსებას და ვიცოდეთ რაი არს ჩვენი ფასი. მრავალნი არიან, რომ არ იცნობენ თავის თავს; თავხედობა, თავისმოყვარეობა მრავალთა პირთა დაუბნელებს ჭკუას და შეაგონებს, ვითომც ისინი არიან საკმაოდ მღვიძარენი და გაფრთხილებულნი. მაშინ ღმერთი განგებ ჩააგდებს მათ განსაცდელსა შინა, რათა მათ იცნან თავი თვისი. ჩვენ ხშრიად არც კი ვიცით, რითა ვართ ღვთის წინაშე დაკლებული, დანაშაული. გარნა განსაცდელი შეგვატყობინებს ჩვენ, რა გვაკლია და რაში ვართ სუსტი.
მეორე სახე თავისმოყვარეობისა მდგომარეობს მას შინა, რომ კაცს უყვარს პატივი, თავის განსხვავება, თავის გამოჩენა საზოგადოებაში; უყვარს, როდესაც მისი სახელი განთქმული არის, მის სიტყვას გავლენა აქვს. რა უნდა ვსთქვათ ესრეთსა თავისმოყვარეობასა ზედა? ის, რომელ ზნეობითი მნიშვნელობა ესრეთის პატივისმოყვარეობისა დამოკიდებული არის მას ზედა, თუ რისთვის უყვარს კაცს პატივი და რა საქმისათვის ხმარობს პატივსა. პატივმოყვარეობა, თავის გამოჩენა სარწმუნოებაში, შეიქმნება სასარგებლო და კანონიერი, პირველად მაშინ, როდესაც კაცი პატივსა ეძიებს და მიიღებს პატიოსნითა საშუალებითა; მეორედ მაშინ, როდესაც იგი პატივსა ხმარობს არა მხოლოდ თავისათვის, არამედ უფრო ქვეყნის სასარგებლოდ.
მართალია, ძმანო ჩემნო, არ შეიძლება კაცს თავი არ უყვარდეს, თავის სიკეთეს არ ჰფიქრობდეს და არ ჰზრუნავდეს. თვით ბუნებიდგანვე დანერგილი აქვს კაცს გულში თავისმოყვარეობა. მაგრამ, როგორათაც სხვანი ყოველნი კაცის თვისებანი და ნიჭნი, მზგავსადვე ეს თვისებაც, ესე იგი თავისმოყვარეობა, უნდა იყოს განათლებული, ამაღლებული ქრისტეს სწავლითა და მცნებითა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგიცა მიიღებს ცუდსა, მავნებელსა მიმართულებასა. განათლებული, ქრისტიანული თავისმოყვარეობა, დიაღ, უნდა ჰქონდეს კაცს, და იგი კეთილიც, პატიოსანიც და ქვეყნისათვის სასარგებლოც იქნება; გარნა უგუნური თავხედობა, არის სულის წარმწყმედელი და ქვეყნისათვის მავნებელი.
გეშინოდეს ძმაო, სიმთვრალისა, ნუ შეიქმნები მონა ღვინისა; შენ, იქნება, ყოველ დღე არ სთვრები, მაგრამ წელიწადში ერთჯელ, ან ორჯელ მიუშვებ შენს თავს უზომო ღვინის სმასა. გაფრთხილდი! ვინ იცის, იქნება იმ ერთი დღის სიმთვრალემ დაგღუპოს შენ სრულიად. მეტადრე დანაშაულნი არიან ჩვენს ქვეყანაში იგინი, რომელნი, ნაცვლად ჩვენი ბუნებითი ღვინისა, ეჩვევიან სხვათა მაგართა სასმელთა. ისინი უარესად და უსაშინლესად ჩავარდებიან ყოველთა ვნებათა და უბედურებათა შინა. ჩვენს ფიცხელ და მხურვალე ქვეყანაში არასოდეს არ უნდა იხმაროს კაცმა არაყი, თუ მცირე ჭკუა მაინც დაურჩა მას.
სიმთვრალე დააღარიბებს კაცს. მთვრალს კაცს ეზარება მუშაობა, ვეღარ მოჰრთავს თავის სახლ–კარს, ყოველიფერი გარემოს მისსა წახდება და გაფუჭდება. როგორც მისი საკუთარი სხეული, ისრე ყოველი მისი მონაგები ილევა, ფუჭდება მისი სიმთვრალითა. გარნა უმთავრესი ვნება, რომელიც წარმოსდგება სიმთვრალისაგან, არის სიბილწე, ესე იგი მრუშება, არაწმინდება. ღვინისაგან ადუღებული სისხლი და ფილტვი კაცისა, ვეღარ მოათმენინებს, შთააგდებს არაწმინდებასა შინა.
ხორციელადაც სიმთვრალე ჰღუპავს კაცს. იგი უეჭველად კაცს მოაკლებს სიმრთელესა. მართალია, მემთვრალე თავიდგანვე ვერ შეატყობს, რა ზომად აფუჭებს ღვინო მის სხეულს და სიმრთელეს, გარნა ბოლოს მით უმეტესად შეიტყობს ამას. უზომოდ მიღება, მეტადრე მაგართა სასმელთა, ცოტ–ცოტად გაუფუჭბს სისხლს, წაუხდენს ძარღვებს, აუნთებს ფილტვებს, რომლისაგან ხშირად შეემთხვევა მას სიკვდილი.
სიმთვრალე ამდაბლებს კაცის ბუნებას. ღმერთმა კაცს მისცა უმთავრესნი და უმშვენიერესნი ნიჭნი: ჭკუა, თავისუფლება, ზნეობითი გრძნობა, რომელნიც კაცს გაასწორებენ ანგელოსთა თანა და შეადარებენ ღვთაებასთანა. გარნა სიმთვრალე დააბნელებს ჭკუას, წაართმევს თავისუფლებას, დაამზგავსებს პირუტყვს; ერთი სიტყვით, წაართმევს მას კაცობრივს ბუნებას. მამათა შორის ბასილი იტყვის მემთვრალეთა ზედა: „მემთვრალე არ არის ღირსი იცხოვროს საზოგადოებაში; იგი უნდა დააყენონ და სცხოვრებდეს პირუტყვთა შორის“. შეიძლება და ხშირადაც მოხდება, რომ მემთვრალე კაცს აქვს ზოგიერთნი კეთილნი თვისებანი, გარნა იგინი არიან დამდაბლებულნი ერთითა ამით მისისთა საშინელითა ვნებითა.