წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
კიდეც რომ კაცმან მთელი თვისი ცხოვრება გაატაროს უქმად, მრავალი ცოდვა აღასრულოს, ღვთისმსახურება, დიდება არ ეფიქრებიოს ქვეყანასა ზედა, თუ მოინდომა, ჭკუა იხმარა, ღმერთი შეიწია, იმასაც კი შეუძლია უკანასკნელს ჟამს შეინანოს, იტიროს, მოემზადოს, ეზიაროს და მით ძლევა შეიმოსოს ცოდვასა და ეშმაკსა ზედა და მაინც კეთილად დააგვირგვინოს ცხოვრება თვისი. პატიოსანი და ქრისტიანული გარდაცვალება არის გვირგვინი ქვეყნიურისა ცხოვრებისა. არა ამაოდ არის თქმული: „პატიოსან არს სიკვდილი მართალთა“. ხოლო ცოდვილისა კაცისა, შეუნანებელისა, რომელი თვით სიკვდილის დროს არ მოვა გრძნობაში, არ გაიხსოვნებს – „ბოროტ არს სიკვდილი მისი“, სიკვდილი ცოდვილთა. და ესრედ, ძმაო, ეცადე გულმოდგინედ რომ უკანასკნელნი მაინც წამნი შენისა ცხოვრებისა მოიხმარო შენი სულის ცხონებისათვის, შეინანო, ეზიარო სასოებით; მაშინ შენც შეგიძლია თამამად სთქვა: „აწ განუტევე, მეუფეო, მონა შენი მშვიდობით“.
სჯულის დამორჩილება, ერთგულად და სასოებით აღსრულება ყოვლის საღმრთო ჩვეულებისა და წესისა, არის დედა–ბოძი როგორათაც სულიერის, ზნეობითის წარმატებისა, ეგრე მსგავსადვე ამ სოფელში მშვიდობით და მყუდროებით ცხოვრებისა. სჯულის დამორჩილება და პატივისცემა მისთვის არის საძირკველი და ბოძი სულიერი წარმატებისა, რომელ იგი აღვირს უსხმას ვნებათა და ცოდვათა ჩვენთა. მით კაცი მიეჩვევა წესიერებას, რიგიანობას ყოველთვის, სიტყვაში და საქმეში. თუ შენ, ძმაო, ერთგულებით აასრულებ ყოველთა ქრისტიანულ წესთა, დღესასწაულებს არ შეურაცხჰყოფ, არამედ საყდარში მოხვალ და წირვა–ლოცვას მოისმენ, მარხვებს არ დაივიწყებ, თავის დროზედ ეზიარები, თავის დროზედ სხვათა მოთხოვნილებათა სულიერთა და წესთა აღასრულებ, მით შენ გამაგრდები და განმტკიცდები ქრისტიანულსა ცხოვრებასა შინა.
თემა: საღვთო სჯულიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ჭეშმარიტი ბედნიერება არის ნყოფი ჭეშმარიტისა ქრისტიანობისა; ვინაიდგან წმინდა სინიდისი, გული დამშვიდებული და შინაგანი კმაყოფილება მიეცემა მხოლოდ ნამდვილსა ქრისტიანესა. ამისთვის იგი მხოლოდ იქნება ნამდვილ ბედნიერი, თუგინდ გარეგანი მისი მდგომარეობა იყოს ძნელი და მწუხარე. მაგრამ როდესაც ჩვენ ვიტყვით დამშვიდებულ გულზე, დაწყნარებულ და კმაყოფილ ხასიათზე, ნუ იფიქრებთ, ძმანო ჩემნო, რომელ ჭეშმარიტი ქრისტიანე არის დაძინებული, უსაქმო და მცონარე. სრულიად არა. წინააღმდეგ ამისა, მხოლოდ კაცი მხნე, შრომისმოყვარე აღვსებული ცხოველითა სულიერითა მოძრაობითა, იქნება ახლო შესაძლებელი ბედნიერებისა. აქ მხოლოდ ის განსხვავება არის, რომ კაცი სოფლის მოყვარე მარადის არის აშფოთებული და აღელვებული თავის შრომაში და მეცადინეობაში. გარნა, ქრისტიანის გული არის დამყარებული კლდესა ზედა იესო ქრისტეს სარწმუნოებისასა და ამისთვის მას აქვს გულში ის ღვთაებრივი მშვიდობა, რომლითაც ღმერთი შეჰზღუდავს კაცის სულსა
თემა: ბედნიერებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
კეთილი შინაური ცხოვრება კეთილი ქრისტიანობის საფუძველი იმიტომაც არის, რომ ქრისტიანი ქრისტეს მცნებას ისე ვერსად ვერ აღასრულებს, როგორც საკუთარ სახლში, ოჯახში. ქრისტეს პირველი მცნება სიყვარულია; სად შეიძლება უკეთესად სიყვარულის გამომჟღავნება, ვიდრე ოჯახში? აქ გამოჩნდება, როგორი გული გაქვს და ნამდვილად შეგიძლია თუ არა მოყვასის შეყვარება. თუ დედ-მამა, და-ძმა და ნათესავ-მახლობლები ვერ შეიყვარე, ყოველთა სხვათა მოყვასთა, როგორღა შეიყავრებ?
ბედნიერება არ არის რაიმე გარეგანი კაცისა; ის არის მისი შინაგანი, მშვიდობიანი, მხიარული და მხნე სულის მდგომარეობა; და ამისთანა სულის მდგომარეობა შესაძლებელია კაცისათვის მაშინ, როცა კაცის სინიდისი წმინდა და დამშვიდებული არის. მართალია, ყოველთვის იყვნენ მრავალნი პირნი და ჩვენს დროში უფრო მომეტებულია, რომლებიც თავის თავს ნამდვილ ბედნიერ კაცად სთვლიან, მაშინ მხოლოდ, როცა შეუძლიათ საკმაოდ დააკმაყოფილონ თავიანთი სხეულის პირუტყვული მოთხოვნილებანი, და ამას გარდა სხვაზე აღარას ჰფიქრობენ. მაგრამ ამისთანა ბედნიერება, ჩვენის აზრით, შეეფერება მარტო პირუტყვთა და არა გონიერთა არსებათა.
თემა: ბედნიერებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
დიდი და ფრიად საჭირო სათნოებაა ადამიანისათვის საკუთარი თავის უარყოფა, ე.ი. სხვისთვის თავის შეწირვა. ამ მცნების შესრულების საუკეთესო შემთხვევაც ოჯახში გვაქვს. ასევე სიწმინდეს, სულგრძელობას, სიმშვიდესა და სხვა ქრისტიანულ სათნოებებს ვერსად ისე ვერ შეიძენს კაცი და ვერ განამტკიცებს, როგორც საკუთარ ოჯახში. და მესამეც: კაცის ხასიათი ისე კარგად არსად არ მჟღავნდება როგორც შინ, მახლობელთა შორის. თუ გარეთ შეუძლია თავისი ნამდვილი დამალოს და გარშემომყოფთ კარგ ადამიანად ეჩვენოს, ოჯახში ყოველ წამს და ყველა შემთხვევაში გამოჩნდება სინამდვილეში ვინაა იგი - კეთილი თუ ბოროტი.
ჭეშმარიტი გზა, რომლითაც კაცს ძალუძს შესაძლებელი ბედნიერება მოიპოვოს ქვეყანაზე, ნაჩვენებია მაცხოვრის სიტყვებში: „ხოლო თქვენ ეძიებდით პირველად სასუფეველსა ღვთისასა და სიმართლესა მისსა და ესე ყოველი შეგეძინოს თქვენ“ (მათ.6.33). ეს იგი, ეცადეთ უწინარეს ყოვლისა, რომ სულთა შინა თქვენთა დაარსდეს სასუფეველი ღვთისა, შეიქმნენით ძენი სასუფევლისა ღვთისა, სცანით სიმართლე ღვთისა და შეიყვარეთ იგი, და მაშინ ყველა დანარჩენი: მშვიდობა, სიხარული და ყოველივე, რაიცა არის საჭირო კაცისათვის ქვეყანაზე, ესე იგი საჭმელი, სასმელი, ტანისამოსი და სხვა თავისთავად მოგენიჭება თქვენ.
თემა: ბედნიერებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ბედნიერება, კეთილწარმატება, სასიხარულო დღეები – აი, რას ელტვიან ყველანი და რას ისურვებენ ერთმანეთისათვის, აკვნიდგან თვით საფლავამდის. ესრეთი მისწრაფება კაცთა ბედნიერებისადმი, არის თვით ბუნებრივი და კანონიერი მოთხოვნილება. კაცის ბუნება უნებლივად ერიდება მწუხარებასა, და ეძიებს ბედნიერებას. ღმერთსაც წვალებისათვის კი არ შეუქმნა კაცი, არამედ ბედნიერებისა და სიხარულისათვის. მაგრამ კაცთა ახირებული წარმოდგენა აქვსთ ბედნიერებაზე. მზგავსად ძველთა კერპთმსახურთა, ჩენ დროშიაც უმეტესი ნაწილი ხალხისა წარმოიდგენს თავის ბედს რაღაცა კაცის სახედ, რომელიც დადის კაცთა შორის თვალახვეული, და ვისაც შემთხვევით მიადგება, მას მიანიჭებს ყოველივე ბედნიერებას. არა, ძმანო ქრისტიანენო, ჭეშმარიტი ბედნიერება არ მიენიჭება კაცსა შემთხვევით, უმიზეზოდ, ის თითქმის ყოველთვის, შედეგია მრავალთა შრომათა და მოღვაწეობათა.
თემა: ბედნიერებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი