წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
თუ ოდესმე ღმერთმა მოგანიჭა წარმატება სულიერსა ცხოვრებასა შინა, არ გაჰლაღდე. საღმრთო წერილი გვასწავლის ჩვენ, რომელ, თუ კაცმა კიდეც აღასრულა ყოველნი მცნებანი ღვთისანი, მაშინაც უნდა სთქვას, რომ იგი არის მონა უხმარი, მისთვის, რომ ნამეტანი არა რა უქმნია, მხოლოდ ის ჰქმნა, რასაც თანამდებ იყო. და თუ ყოველთა მცნებათა აღმასრულებელმან, მაშასადამე, კაცმან სრულმან და წმიდამან, ესრედ უნდა იფიქროს და მიაჩნდეს თავის თავი უხმარად, ჩვენ რაღა უნდა ვიფიქროთ და როგორ ვუყურებდეთ თავსა ჩვენსა, რომელნი, არა თუ ყოველთა, არამედ ერთსაცა მცნებასა ვერ ვასრულებთ ჯეროვნად.
უმრავლესნი ვნებანი და განსაცდელნი მოიწევიან ჩვენზედა მაშინ, როდესაც სული ჩვენი დასუსტებული არის და დამონებული ხორცითა. ხოლო ხორცი არის გაშვებული, აღვირუსხმელი, როდესაც კაცი ყოველთვის ეძიებს დააკმაყოფილოს ყოველნი თვისნი ხორციელნი ვნებანი, უყვარს მრავალი ჭამა, უზომო სმა, გრძელი ძილი და მოსვენება, არაწმინდება და ყოველნი ხორციელნი ცოდვანი. ესრეთნი კაცნი ყოველთვის შეიქმნებიან საშოვარი ეშმაკისა, სული ბოროტი მათ ათამაშებს თავის ნებაზე. წინააღმდეგ ამისა, თუ კაცს ხორი თვისი აქვს დაპყრობილი და აღვირასხმული, ყოველსა თვისსა ხორციელსა მოთხოვნილებასა აკმაყოფილებს კანონიერად, ზომიერად, სჭამს და ჰსვამს ზომით, მრავალი ძილი და უქმად დროების გატარება არ იცის, თვისს სისხლსა განგებ არ აადუღებს უწმინდურის აზრებით და უწმინდურის წიგნების წაკითხვითა, ერთი სიტყვით, თუ სული მისი ჰმართავს ხორცსა მისსა და არა ხორცი სულსა, მაშინ ეშმაკს მოსპობილი აქვს ერთი დიდი გზა მიახლებად მისა და გამოცდად მისა.
თემა: ზომიერებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
არა ყოველთვის უნდა უჯერებდეს კაცი სხვის შეგონებას, რჩევას, არამედ თავისი ჭკუით და გამოცდილებით უნდა იქცეოდეს უმეტეს ნაწილად. როდესაც კაცი ყოველთვის სხვის შეგონებას და რჩევას უჯერებს, ყოველთვის ისე იქცევა, როგორც სხვები აჩვენებენ და ეტყვიან, ამით იგი ამტკიცებს თვის სუსტ, უღონო ხასიათს. ფრიად საჭირო და სასარგებლო არის, ძმანო ჩემნო, კაცისათვის, როდესაც იგი არის თვითმდგომარე, ესე იგი მტკიცე, ურყეველი ხასიათისა. იგი დაემსგავსება კლდესა, რომელსა ვერ შეარყევს თვით უსასტიკესი ქარიშხალი. იგი მალე არ დაუჯერებს სხვების შეგონებას და რჩევას, არამედ პირველად, თავისი ჭკუით ასწონის ყოველს საქმეს, გარემოებასა და რჩევასაც სხვებისას, და მერმე რომელიც უმჯობესია მათგან მიიღებს, და სხვათა არ შეიწყნარებს. ქვეყანაზე ათასში ერთი არ იპოება ისრეთი მართალი, პირმოუთნელი, უანგარო კაცი, რომელიც თავის მოყვასს აძლევდეს რჩევას, ანუ შეგონებას გულწრფელად და უანგაროდ; ამისთვის გონიერმან კაცმან ყოველივე ნათქვამი კი უნდა მოისმინოს, არამედ არა ყოველივე დაიჯეროს და აღასრულოს. ერთი სიტყვით, სუსტი ხასიათის მექონი კაცი ყოველთვის არის წარმატებული მოყვასების რჩევით, ვითარცა მტვერი, რომელი აღგავის ქარმან; გარნა გონიერი და თვითმდგომარე ხასიათის კაცი, ვითარცა კლდე, შეურყეველი თვით უსასტიკესის ქარიშხალისაგან. პირველი ვერც ერთ კეთილს და მადლიანს საქმეს ვერ იქმს ქვეყანაზე, რადგანაც კეთილ საქმეს უნდა ღონე და მოთმინება, მეორე კი, თუ ხასიათის სიმაგრისა თანა კეთილი მიმართულება აქვს და ღვთისმოყვარეობა, რასაც კეთილს საქმეს დაიწყებს – აღასრულებს და მრავალს ნაყოფს გამოიღებს.
თემა: რჩევის მიცემაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
როგორ უნდა ვიქცეოდეთ განსაცდელსა შინა? დიდის ყურადღებით და გონიერებით უნდა მოვიხმარდეთ და ვისარგებლებდეთ ყოველთა განსაცდელთა. თუ მრავალგზის გეწვია განსაცდელი და არ მოიხმარე იგი, სრულიად დაიღუპები. დიდი დაფიქრება და მოთმინება გმართებს განსაცდელსა შინა; იგინი მოივლინებიან ჩვენდა გასაუმჯობესებლად. პირველი საქმე ის არის, რომ არ დაჰღონდე დღესა ბოროტსა, მხნეობა არ დაჰკარგო; მეორე, ეცადო, რომ განსაცდელი გარდაიქცეს შენდა სასარგებლოდ. დიდი ჭკუა და მხნეობა იქნება, რომ მწუხარებიდგან სიხარული გამოიყვანო, უბედურებიდგან გამოიყვანო შენი სულისათვის სიკეთე და წარმატება. და ეს ნამდვილად მოხდება, თუ შენ არ დაჰღონდები დღესა ბოროტსა, არამედ აღჭურვილი საჭურველითა საღმრთოითა, ესე იგი სასოებითა, სარწმუნოებითა ეცდები, რომ გაისწორო ყოფა–ქცევა, უმჯობესი შეიქმნე, წინ წაიწიო სულიერითა ცხოვრებითა. კიდევაც მადლობა შესწირე ღმერთსა, თუ გეწია განსაცდელი. მოითმინე იგი, დაიმდაბლე თავი: „ჩემი ცოდვით იყო თქო, მე ვარ დანაშაულითქო, ჩემი ცოდვის კითხვა არისთქო“. თუ ესრედ მოიქეცი, ყოველი განსაცდელი შეიქმნება შენდა სასარგებლოდ.
თემა: განსაცდელებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
მტევანი ყურძნისა, თუ არ გაიჭყლიტა, ღვინოს არ გამოიღებს. მზგავსადვე, კაცის სული თუ არ შევიწროვდა, ვერ გამოიღებს კარგს ნაყოფს. ჰაერი თუ დიდხანს დაწყნარებულია და მედგარი, ივსება სხვადასხვა ცუდი სუნითა და შხამითა, გარნა ქარიშხალი გასწმენდს მას. არაოდეს არ მომხდარა, რომ კაცი შეიქმნეს სათნო და წმიდა გარეშე განსაცდელისა.
თემა: განსაცდელებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
შენ ძმაო, ხშირად თავს იქებ, შენი თავი მიგაჩნია კეთილად და პატიოსნად, გარნა რით და როდის უნდა გამოჩნდეს ესა, თუ არ განსაცდელში. აქ შეიტყობ შენ, რა გაკლია და რით ხარ სუსტი. მაშასადამე, განსაცდელი თუ კარგად მოიხადა კაცმა, იგი წინ წასწევს, აღამაღლებს, გასწმენდს. თითქმის, გარეშე განსაცდელისა, არც კი შეიძლება სულიერი წარმატება. განსაცდელი აღამაღლებს აზრსა და გასწმენდს ცნობასა, გაგვისწორებს ზნეობასა, აღამაღლებს მიდრეკილებათა და სურვილთა. ვინემ განსაცდელი არ ეწია კაცს, იგი დამონებულია, მედგარია (ზარმაცია). განსაცდელი გააფრთხილებს კაცს.
თემა: განსაცდელებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ფრიად საჭირო არს, რომ ჩვენ ვიცნობდეთ ჩვენს თავს, ვხედვიდეთ ჩვენს ღირსებას და ვიცოდეთ რაი არს ჩვენი ფასი. მრავალნი არიან, რომ არ იცნობენ თავის თავს; თავხედობა, თავისმოყვარეობა მრავალთა პირთა დაუბნელებს ჭკუას და შეაგონებს, ვითომც ისინი არიან საკმაოდ მღვიძარენი და გაფრთხილებულნი. მაშინ ღმერთი განგებ ჩააგდებს მათ განსაცდელსა შინა, რათა მათ იცნან თავი თვისი. ჩვენ ხშრიად არც კი ვიცით, რითა ვართ ღვთის წინაშე დაკლებული, დანაშაული. გარნა განსაცდელი შეგვატყობინებს ჩვენ, რა გვაკლია და რაში ვართ სუსტი.
მეორე სახე თავისმოყვარეობისა მდგომარეობს მას შინა, რომ კაცს უყვარს პატივი, თავის განსხვავება, თავის გამოჩენა საზოგადოებაში; უყვარს, როდესაც მისი სახელი განთქმული არის, მის სიტყვას გავლენა აქვს. რა უნდა ვსთქვათ ესრეთსა თავისმოყვარეობასა ზედა? ის, რომელ ზნეობითი მნიშვნელობა ესრეთის პატივისმოყვარეობისა დამოკიდებული არის მას ზედა, თუ რისთვის უყვარს კაცს პატივი და რა საქმისათვის ხმარობს პატივსა. პატივმოყვარეობა, თავის გამოჩენა სარწმუნოებაში, შეიქმნება სასარგებლო და კანონიერი, პირველად მაშინ, როდესაც კაცი პატივსა ეძიებს და მიიღებს პატიოსნითა საშუალებითა; მეორედ მაშინ, როდესაც იგი პატივსა ხმარობს არა მხოლოდ თავისათვის, არამედ უფრო ქვეყნის სასარგებლოდ.
მართალია, ძმანო ჩემნო, არ შეიძლება კაცს თავი არ უყვარდეს, თავის სიკეთეს არ ჰფიქრობდეს და არ ჰზრუნავდეს. თვით ბუნებიდგანვე დანერგილი აქვს კაცს გულში თავისმოყვარეობა. მაგრამ, როგორათაც სხვანი ყოველნი კაცის თვისებანი და ნიჭნი, მზგავსადვე ეს თვისებაც, ესე იგი თავისმოყვარეობა, უნდა იყოს განათლებული, ამაღლებული ქრისტეს სწავლითა და მცნებითა, წინააღმდეგ შემთხვევაში იგიცა მიიღებს ცუდსა, მავნებელსა მიმართულებასა. განათლებული, ქრისტიანული თავისმოყვარეობა, დიაღ, უნდა ჰქონდეს კაცს, და იგი კეთილიც, პატიოსანიც და ქვეყნისათვის სასარგებლოც იქნება; გარნა უგუნური თავხედობა, არის სულის წარმწყმედელი და ქვეყნისათვის მავნებელი.
გეშინოდეს ძმაო, სიმთვრალისა, ნუ შეიქმნები მონა ღვინისა; შენ, იქნება, ყოველ დღე არ სთვრები, მაგრამ წელიწადში ერთჯელ, ან ორჯელ მიუშვებ შენს თავს უზომო ღვინის სმასა. გაფრთხილდი! ვინ იცის, იქნება იმ ერთი დღის სიმთვრალემ დაგღუპოს შენ სრულიად. მეტადრე დანაშაულნი არიან ჩვენს ქვეყანაში იგინი, რომელნი, ნაცვლად ჩვენი ბუნებითი ღვინისა, ეჩვევიან სხვათა მაგართა სასმელთა. ისინი უარესად და უსაშინლესად ჩავარდებიან ყოველთა ვნებათა და უბედურებათა შინა. ჩვენს ფიცხელ და მხურვალე ქვეყანაში არასოდეს არ უნდა იხმაროს კაცმა არაყი, თუ მცირე ჭკუა მაინც დაურჩა მას.