წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
თუ არ მოიშალე შენცა, ძმაო, ცოდვის ქმნა, ცოდვა შეიქმნება ბოლოს შენდა ბატონად და ღმერთად. როგორ გაცხოვნოს შენ ქრისტემან, უკეთუ არა ქრისტე არს შენი ღმერთი, არამედ ცოდვა? მე იმას კი არ გეტყვი, რომ ყოველიფერი სოფლიური საქმე დაივიწყო და ყოველს წამს მხოლოდ ღმერთზედ იფიქრო, არამედ გამხილებ, რომ მხოლოდ ქრისტე იყოს შენი ღმერთი და ნივთი რომელიმე, ანუ ჩვეულება ანუ საქმე არ გარდაიქცეს შენდა ბატონად და ღმერთად
თემა: ცოდვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
რა უნდა ვსთქვათ ზოგიერთთა ქალთა ზედა, რომელთა ნუგეში და ბედნიერება მდგომარეობს კარგი ტანისამოსის ჩაცმაში, თავის მოკაზმვაში, რომელნი მხოლოდ მაშინ არიან ბედნიერი და კმაყოფილი, როდესაც აჯობებენ სხვათა ქალთა სილამაზითა და მორთულობითა, ანუ მთელს სიცოცხლეს ატარებენ მხოლოდ მით, რომელ განიკითხავენ მოყვასთა თვისთა და განიმეორებენ ყოველთა ჭორთა და ცრუთა ამბავთა. ღმერთი მათი არა ქრისტე არს, არამედ ამაოება ამა სოფლისა.
ვინ ამბობს ძმო ჩემო, რომ მეცადინეობა სიმდიდრის მოგებისათვის იყოს ცოდვა; გარნა კაცმან გული თვისი არ უნდა შესწიროს სრულიად სიმდიდრესა. გული შენი, ძმაო, უნდა იყოს ტაძარი სულის წმიდისა.
თემა: სიმდიდრეავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
სახარება ქრისტესი მხოლოდ მაშინ გამოსცვლის და განწმედს კაცსა, ოდეს კაცი სრულიად დაემორჩილება მას; გარნა უკეთუ კაცმან უმთავრეს საქმედ თვისისა ცხოვრებისა გამოირჩია არა აღსრულება სჯულისა ქრისტესისა, არამედ რომელიმე ამ სოფლის ნუგეში, ხოლო სულიერისა მოვალეობასა თვისსა აღასრულებს, ვითარცა ერთსა მცირესა საქმესა სხვათა თვისთა საქმეთა შორის, მაშინ სიტყვა ღვთისა უნაყოფო იქმნება გულსა შინა მისსა.
თემა: სახარების კითხვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ცოდვა ხშირად დაატკბობს გულსა შენსა; გარნა სიტკბოება ცოდვისა არის მოკლე, ცოდვა ვერ გააბედნიერებს სულსა შენსა, არამედ ხშირად ტანჯავს; გარნა კეთილი საქმე, მადლი და სათნოება, ლოცვა, მოთმინება, სიყვარული, უკეთუ გული მიაჩვიე მათ, უმტკიცესსა და უგრძელესსა მოგცემენ შენ ბედნიერებასა თვით ამ ქვეყანაშივე.
თემა: ცოდვა, ბედნიერებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ბუნება კაცისა მოითხოვს ბედნიერებასა. გული კაცისა ვერ გასძლებს ამ ქვეყანაზედ, თუ არა აქვს რომელიმე ნუგეში. ეცადე ძმაო ჩემო, შენი ნუგეში და ბედნიერება იყოს აღსრულება შენის მოვალეობისა. გეშინოდეს არ მიეჩვიო ცოდვასა და უსჯულოებასა, ესრედ რომ ის ცოდვა შეიქმნეს შენ ბედნიერებად; არამედ ისრედ წარმართე ყოველი ცხოვრება შენი, რომ ბოლოს მიეჩვიო კეთილის საქმის აღსრულებასა და ამაში პოულობდე შენსა კმაყოფილებასა და ბედნიერებასა.
თემა: ბედნიერებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ამის სოფლისა მოყვარე ესრეთ იფიქრებს თავის გულში: რა უნდა ვქნათ, რომელ ხორციელი ცხოვრება ესრეთ არის ძნელი, და თავის შენახვა მოითხოვს ჩვენგან დაუცხრომელსა ზრუნვასა. ნუთუ შეუძლია კაცსა გაძლება ქვეყანაზე, უკეთუ იფიქრა მხოლოდ თავის სულის ცხოვნებაზე? არა, ძმაო ჩემო. არავინ ითხოვს შენგან, რომ დასტოვო ყოველი ხორციელი საქმე და იფიქრო მხოლოდ სულის ცხონებაზე. ორნაირად შეიგიძლია შენ მიიღო და აღასრულო სიტყვა ღვთისა. პირველად, ცოტაოდენი შენი დროება სრულიად და განუყოფელად მოახმარე ამ დიდს საქმეს, მაგალითებრ, როდესაც სდგეხარ საყდარში, სხვაზე ნურაფერზე ნუ ფიქრობ და ზრუნავ, მხოლოდ ის ეცადე, რომ მიიღო სიტყვა ღვთისა და დაიმარხო გულში. ეგრედვე ყოველს დღეს დილით და საღამოთი რაოდენიმე წამი განუყოფლად მოიხმარე მისთვის, რომელ განიზრახო სიტყვისა ღვთისა და მის აღსრულებისათვის. მეორედ, როდესაც შენ შეუდგები სოფლიურთა შენთა საქმეთა, რასაც გინდა აკეთებდე, სადაც გინდა იყო, მაინც ნუ დაგავიწყდება სიტყვა ღვთისა. ეს არა თუ არ დაგიშლის შენს შრომასა და მოქმედებასა, არა თუ არ დააბრკოლებს რომელსამეშენსა საქმესა, არამედ კიდეც მოგეხმარება. მართალია, ცუდს საქმეს კი დაგიშლის, უწმინდურს და ავ საქმეში შეგაწუხებს და გტანჯავს სინიდისისაგან შენისა, გარნა ეს შენთვისვე არის უმჯობესი. ხოლო როდესაც შენ შეუდგები კეთილს ანუ სასარგებლო საქმესა, მაშინ უთუოდ, ხსოვნა და განზრახვა სიტყვისა ღვთისა კიდეც მოეხმარება და კეთილად წარმართავს მას.
როდესაც კაცი უმეტესსა მეცადინეობასა და ზრუნვასა მოიხმარს სოფლისა ამის სიმდიდრის და წარმატების მოგებისათვის, მაშინ არ არის საკვირველი, რომ სიტყვა ღვთისა უნაყოფო იქნება გულსა შინა მისსა.
თემა: სიმდიდრეავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი