წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
უზომო სიყვარულსა ღვთისასა მოითხოვს სახარება ჩვენგან. ღმერთი უნდა გვიყვარდეს ჩვენ არა რომლითამე ერთითა ძალითა, ანუ კერძოითა სულისათა, არამედ მთელითა არსებითა, ანუ ბუნებითა ჩვენითა. ყოველი ნიჭი და თვისება, ანუ ძალი, რომლითა ღმერთმა შეამკო ბუნება ჩვენი, სული, გული, გონება, მეხსიერება, ჭკუა, უნდა იყოს დაპყრობილი და განათლებული ღვთის სიყვარულითა.
თემა: სიყვარული ღვთისადმიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
წმინდა მოციქული პავლე გვაჩვენებს საფუძველსა და მიზეზსა ჩვენისა ერთობისასა. იგი გვეტყვის, რომ ჩვენ ყოველნი ბუნებიდგანვე ვართ ერთ ხორც და ერთ სულ, ვითარცა წარმომდინარენი ერთისა კაცისაგან; და ეს ბუნებით ერთობა არის განტკიცებული ერთობითა მადლისათა, ვინაიდგან ჩვენ ყოველნი ვართ ჩინებულნი, ანუ წოდებულნი ერთითა სასოებითა: „ერთ ხორც და ერთ სულ, ვითარცა იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქვენისათა“. გარდა ამისა, და უმეტესად ამისა, ჩვენ ყოველთა გვყავს ერთი უფალი, მიგვიღია ერთი სარწმუნოება ნათლისღებითა: „ერთ არს უფალ, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება“. ბოლოს, რომელიც არის უდიდესი ყოვლისა – ჩვენ ყოველთა გვყავს ერთი ღმერთი და ზეციერი მამა: „ერთ არს ღმერთი და მამა ყოველთა, რომელი ყოველთა ზედა არს, და ყოველთა მიერ, და ჩვენ ყოველთა შორის“.
ნუ ჰგონებ შენ, ძმაო, რომ მშვიდობა ჰნიშნავს რომელსამე დაძინებასა, ანუ განსვენებასა, ანუ სულირსა უძრაობასა და უგრძნობელობასა. იგი ჰნიშნავს სრულიად ამის წინააღმდეგსა. მშვიდობა არის სულიერი ძალი და მოქმედება; ის მშვიდობა, რომელიც მაცხოვარმან, მკვდრეთით აღდგომილმან, უწინარეს ყოვლისა ახარა მოწაფეთა თვისთა, მეტყველმან: „მშვიდობა თქვენთანა“, და არომელი იყო უდიდესი და უტკბილესი ხარება შორის პირველთა ქრისტეანეთა; ის ზეგარდამო მშვიდობა, რომელსა ჩვენ ყოველ წირვა–ლოცვაზედ, უწინარეს ყოვლისა გამოვითხოვთ ღვთისაგან; ის მშვიდობა, რომლითა, სიტყვისამებრ პავლე მოციქულისა, უნდა იყოს შეზღუდული გული, სული და გონება ქრისტიანეთა. იგი არის ერთი უმაღლესთა ნიჭთაგანი სულისა წმიდისა. მხოლოდ ის გრძნობს ამ მშვიდობას, რომლისა გული და სული სულმან წმიდამან გასწმინდა ყოვლისა ცოდვისაგან. მშვიდობა არის სიყვარული და ერთობა შორის კაცისა და მოყვასისა მისისა; არის შეერთება შორის კაცისა და სინიდისისა მისისა; ბოლოს – შერიგება შორის კაცისა და ღვთისა.
თემა: მშვიდობაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
„ისწრაფდით დამარხვად ერთობასა მას სულისასა საკვრელითა მით მშვიდობისათა“. მაშინ ვიქმნებით ჩვენ ჭეშმარიტნი ქრისტიანენი, როდესაც გვაქვს ერთობა სულისა. განგებ იტყვის მოციქული: ერთობასა სულისასა. შეიძლება და ხშირადაც ვხედავთ, რომ ზოგიერთთა ქრისტიანეთა ვითომც აქვსთ ერთობა, გარნა ერთობა მათი არის უფრო გარეგანი, ხორციელი, ვიდრეღა ერთობა სულისა. ზრდილობა, ანუ დარბაისლობა სოფლიური მოითხოვს, რათა შვილნი სოფლისა ამისანი ურთიერთ შორის იქცეოდნენ მოფერებით და თავაზობით. იფიქრებ, შემხედველი მათი, რომ ვითომც მათ აქვსთ ერთობა და მეგობრობა; გარნა, სამწუხაროდ, მათი ერთობა არ არის სულიერი. როდესაც პირში ეფერებიან იგინი ერთი მეორესა, პირიქით, ხშირად აგინებენ და ემტერებიან. არა ესრეთსა ერთობასა მოითხოვს ჩვენგან მოციქული, არამედ ერთობასა სულისასა, საკვრელითა მით მშვიდობისათა, ანუ კავშირითა მშვიდობისათა.
„ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშვიდითა და სულგრძელებითა თავს იდებდით ურთიერთარს სიყვარულითა“ – აჰა, რით უნდა შევიქნეთ ღირსნი ჩვენისა წოდებისა. ჩვენ უნდა ურთიერთარს თავს ვიდვათ, ესე იგი, ერთი მეორეს შევიწყნარებდეთ, უთმენდეთ, შევიყვარებდეთ ყოვლითა სიმდაბლითა და სიმშვიდითა და სულგრძელებითა. სიმდაბლე, სიმშვიდე, სულგრძელება მით უმეტესად არიან საჭირონი ჩვენთვის, რომელ ჩვენ ყოველნი ვართ სუსტნი, ცოდვილნი, ყოველთა გვაქვს მრავალნი საკუთარნი ნაკლულევანებანი, სულიერნი და ხორციელნი, და თუ ესენი არა თავს ვიდევით ურთიერთარს, არ შეუნდევით, არ მოვითმინეთ, მაშინ დაგვეკარგება ერთობა და სიყვარული, და თუ ესენი დაგვეკარგება – ქრისტიანობაც განქარდება ჩვენ შორის.
თემა: სულგრძელებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ქრისტიანობა დამყარებული არის თავისუფალსა სიყვარულსა ზედა, და არა მონებრივსა შიშსა ზედა. შიშით და იძულებით აღსრულება ქრისტეს მცნებათა არად სარგებელ არს, არამედ თავისუფალი და სიყვარულით აღძრული მორჩილება უფლისა სათნო არს მისა.
თემა: თავისუფლებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
უმთავრესი განსხვავება კაცისა პირუტყვთაგან ის არის, რომ პირუტყვნი დასაბამიდგან აქამომდე ერთ მდგომარეობაში არიან. თუმცა, პირუტყვსა აქვს ცოტაოდენი გაგება, მიხთომა, მაგრამ მათი ჭკუა და მიხთომა არ იზრდება, ერთნაირად არის. თუმც, ამათაც აქვს რამე ზნე, მაგრამ მათი ზნე ერთ საზღვარშია, ვერ გაუმჯობესდება, წინ ვერ წავა. კაცი სულ სხვანაირად შჰქმნა ღმერთმა. კაცი მარადის წინ მიდის ჭკუით, გონებით, ზნეობით, ყოფა–ქცევით; ერთი სიტყვით, კაცს აქვს დაუსრულებელი მისწრაფება უმჯობესისადმი. გარნა, უზრუნველი, დაუდევნელი კაცი სცხოვრობს მხოლოდ დღევანდელი დღისათვის, მომავალი მისთვის არ არსებობს, იგი დაკმაყოფილებულია დღევანდელი დღის მცირე რამე ლხინით და სიხრულით. რა საჭიროა მისთვის მაინცდამაინც გაამდიდროს თვისი ჭკუა და გონება მეცნიერებით და გონების ამაღლებით? მისი ბენდიერება მდგომარეობს დღევანდელს რამე მცირე ნუგეშში, მცირესა რამე კმაყოფილებასა. შინა. მაცხოვარმა გვიბრძანა: „იყვენით თქვენ სრულ, ვითარცა მამა თქვენი ზეცირი“. აი, რა დაუსრულებელი და ამაღლებული მიზანი გვიჩვენა ჩვენ მაცხოვარმან. ათასი წელიწადი რომ იცხოვრო ქვეყანაზე და დღე და ღამე რომ ეცადო, მაშინაც ვერ მიაღწევ ამ მიზანს; და დაუდევნელი კაცი არ ჰფიქრობს, რომ მოკლეა ცხოვრება ჩვენი, ხოლო დიდ არს და საშინელ და მძიმე მიზანი იგი, რომლისა მიმართ მიმდინარეობს ყოველი გონიერი კაცი წუთსა ამას ცხოვრებასა შინა.
თემა: სრულყოფილებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - II ტომი
ერთობ მავნებელი და დამღუპველია დაუდევნელობა, ძმანო ჩემნო. დაუდევნელი, წინდაუხედველი კაცი თვით ამ ქვეყანაზე არის ჭირში და განსაცდელში, პირდაპირ ვიტყვი, იგი დაემზგავსება პირუტყვს. პირუტყვმა არ იცის რა არის მომავალი და არ ჰფიქრობს ხვალინდელი დღისათვის, ხოლო კაცს როგორ შეენდობა, თუ არ იფიქრა მომავლისათვის. თუ ამ ქვეყანაზედ ვერ მოიპოვებს მოსვენებას, მით უმეტესად ვერ ეღირსება იგი საუკუნო ცხოვრებას. დაუდევნელობა უშლის, აყენებს კაცს, რომ გაისწოროს თვისი ცხოვრება, გასწმინდოს სინიდისი, გაისწოროს გონება, მოიშალოს ცუდი ზნეობა, შეუდგეს სათნოებასა.
თუ შენ გწამს, ძმაო ჩემო, მომავალი საუკუნოის ცხოვრება, ისიც უნდა კარგად გახსოვდეს, რომ ის ცხოვრება იქნება, ესრედ ვსთქვათ, გაგრძელება, ანუ შედეგი აქაურისა ცხოვრებისა სხვითა, უმჯობესითა სახითა, ან კიდევ ნაყოფი აქაურისა ცხოვრებისა. აქ შენ სთესავ, იქ მოიმკი. აქაურნი შენნი საქმენი, იქ შენ უკან გამოგიდგებიან. აქვე უნდა მოამზადო შენი გული და სული მომავლისა შენის ცხოვრებისათვის. აქვე უნდა მიეახლოვო ღმერთსა, განიწმიდო ცოდვათაგან სული შენი. თუ კაცი სადმე შორს ქვეყანაში მიდის, კარგად მოემზადება, საგძალს წაიღებს, სამოსელს და სხვას, რაც საჭირო არის მგზავრობასა შინა. ჩვენ, სუყველანი, ამ ქვეყანას მოგზაურნი ვართ, უნდა მოვემზადოთ ძლიერ შორს ქვეყანაში წასავალად. ნურაოდეს იფიქრებ გულში: „მოვასწრებო, ჯერეთ მოხუცებული არა ვარო, რომ შევატყობ ჩემს თავს სასიკვდინედ, მაშინ მოვინანებო“. ვაი, თუ მოსტყუვდე, უცბად გეწიოს სიკვდილი. ან კი, რა მომზადება შეუძლია სნეულს კაცს, დასუსტებულს, შეშინებულს?