ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
საშობაო ეპისტოლე - 2013
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო სულიერნო შვილნო საქართველოს სამოციქულო ეკლესიისა, ღვთივკურთხეული ივერიის მკვიდრნო და ჩვენი სამშობლოს საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!
"ამიერიდან უცხონი კი აღარა ხართ, არამედ წმინდათა
თანამოქალაქენი და ღმერთის სახლეულნი" (ეფეს.2;19).
ოცი საუკუნის წინ აღმობრწყინვებული ბეთლემის ვარსკვლავი დღეს კვლავ ამცნობს სამყაროს ენით მიუწვდომელ საიდუმლოს ღვთის განხორციელებისა; სასწაულს, რომელსაც ვერასოდეს ჩასწვდება ადამიანური გონება. საოცრებას, რომელსაც ვერასოდეს წარმოიდგენდა თვით ანგელოზთა დასიც.
თითქმის არ არის არც ერთი ქვეყანა, არც ერთი ქრისტიანული ოჯახი, რომ არ ხარობდეს ამ დღის დადგომით, მაგრამ ფაქტია, რომ ბევრისთვის უცნობია ასეთი განწყობის ნამდვილი მიზეზი და ისიც, თუ რას ავალდებულებს ეს დღე ყოველ ადამიანს.
უმრავლესობა ვერ გვიპასუხებს, მაინც რა მიზნით მიიღო კაცობრივი ბუნება უფალმა? რა საჭირო იყო ეს? რა შეიცვალა მისი მოსვლით დედამიწაზე?
ამის გაგება ზოგიერთს არც კი აინტერესებს, მათთვის ისიც საკმარისია, რომ კარგი განწყობისა და მხიარულების რაღაც მიზეზი აქვთ. დაე, იყოს ეს ქრისტეს შობა, - არსობრივ მნიშვნელობას ამას არც ანიჭებენ. მათ კი, რომელნიც ნაკლებად გათვითცნობიერებულნი არიან სარწმუნოებაში, მაგრამ ცოდნის შეძენის სურვილი აქვთ, კიდევ ერთხელ შევახსენებ წმინდა წერილს:
ადამი შემოქმედმა ხატად და მსგავსად თვისსა შექმნა და სამოთხეში ნეტარი ცხოვრება უბოძა, მაგრამ სამყაროს გვირგვინად და განმგებლად დადგენილი კაცი თავისი ნებით, ამპარტავნებითა და უპასუხისმგებლო ქცევით ღმერთს განუდგა და მაცდურის მონობაში აღმოჩნდა. მასთან ერთად დაეცა მიწიერი სამყაროც, რომელიც მას ექვემდებარებოდა. ღვთის მადლით აღვსილი ჰარმონია, წმ. მაქსიმე აღმსარებელის სიტყვებით რომ ვთქვათ, ეშმაკის ტირანიით განმსჭვალულმა სიძულვილმა და ურთიერთ დაპირისპირებამ შეცვალა; ეს მდგომარეობა აისახა როგორც ადამიანთა შორის ურთიერთობებში, ისე ცხოველთა, მცენარეთა და საერთოდ, მთელი ბუნების არსებობის წესში: ყველაფერი დაექვემდებარა პრინციპს, - ბრძოლა არსებობისათვის.
ასე რომ, ღმერთსა და ადამიანს შორის გადაულახავი უფსკრული გაჩნდა; ადამმა და ევამ და მათმა შთამომავლებმა დაკარგეს სულიწმიდის მადლი, რითაც შემოქმედთან კავშირი ხორციელდებოდა და რაც ღმერთთან მათი მსგავსების განმაპირობებელი უმთავრესი ფაქტორი იყო; ამ მადლს მოკლებულნი, მოაკლდნენ სწორ აზროვნებასა და ქმედებასაც. ცოდვას ცოდვა შესძინეს და საკუთარ თავს მარადიული სიკვდილი განუმზადეს.
ამ რეალობის შეცვლის შესაძლებლობა კი აღარ არსებობდა, რადგან კაცთა ხსნა მხოლოდ ისეთ ადამიანს შეეძლო, რომელიც უცოდველი იყო და ხელეწიფებოდა სხვათა სიმძიმე ეტვირთა. ასეთი კი, ამქვეყნად არ იპოვებოდა, რადგან პირველქმნილი ცოდვა ყველას მემკვიდრეობით გადაეცემოდა და ამას კიდევ ცალკეული ადამიანის პირადი ცოდვებიც ემატებოდა.
ყოველივე ხილულისა და უხილავის შემოქმედმა და განმგებელმა ცანი მოდრიკნა, ადამიანური ბუნება მიიღო და ჩვენი ხსნისათვის დავითის ქალაქში, ბეთლემში, იშვა.
აქ, ბაგაში, სიცივესა და სიმწირეში დაიბადა ახალი ადამი, - იესო, რათა ამპარტავნებით დაცემული ძველი ადამის ცოდვა გამოესყიდა, მართალთა სულები ჯოჯოხეთიდან ეხსნა და ღმერთთან კავშირი აღედგინა. აი, ეს არის ჩვენი დიდი სიხარულის მიზეზი, სათავე ენით გამოუთქმელი ბედნიერებისა. სხვა რა უნდა შევადაროთ ამ დღის სიდიადეს?!
როგორ ხორციელდება პირველქმნილ ჰარმონიასთან ჩვენი დაბრუნება?
პირველ რიგში ქრისტიანული ნათლისღებით.
"ბეჭედი მონიჭებულ არს სულისა მიერ წმიდისა, ამინ!" - ამბობს საიდუმლოს აღსრულებისას მოძღვარი და შვიდჯერ სცხებს მირონს მას, ვინც ინათლება, რითაც ადამიანს ენიჭება სულიწმინდის მადლი და ეძლევა განღმრთობისა და ნეტარი მარადიულობის დამკვიდრების შესაძლებლობა.
ამ მიუწვდომელი წყალობის გამო წმინდა მამები, დავით წინასწარმეტყველის მსგავსად, საუკუნეთა მანძილზე გულწრფელად გაოცებულნი კითხულობდნენ: "რაი არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი, ანუ ძე კაცისაი, რამეთუ მოხედავ მას?" (ფს. 8:4).
ჩვენი ხსნისათვის მაცხოვრის თავგანწირვა, უდიდეს პასუხისმგებლობას გვაკისრებს და ამ ეპისტოლეში სწორედ აღნიშნულ გრძნობაზე მინდა განსაკუთრებით გავამახვილო ყურადღება.
ეს თვისება ადამიანში ასაკთან ერთად ვითარდება; ამასთან, რამდენადაც მაღალ სულიერ საფეხურზე იმყოფება ესა თუ ის პიროვნება, მით მეტად არის მასში ეს განცდა.
პავლე მოციქული ამბობს: "როდესაც ვიყავი ყრმა ვიტყოდი, როგორც ყრმა, ვფიქრობდი, როგორც ყრმა, ვმსჯელობდი, როგორც ყრმა; ხოლო როდესაც დავკაცდი, ზურგი ვაქციე ყოველივე ყრმობის დროინდელს (I კორ. 13:11).
ჩვენც გვმართებს ყრმობიდან გამოსვლა ანუ სულიერი გაზრდა და გაცნობიერება ჩვენი პასუხისმგებლობისა უპირველეს ყოვლისა შემოქმედის – უფლის, სამშობლოს და მოყვასის წინაშე; პასუხისმგებლობისა როგორც ცოცხლების, ისე გარდაცვლილების მიმართ, რაც გულისხმობს ჩვენს ვალდებულებებს მშობლებთან, ოჯახთან, მეგობრებთან, ნათესავებთან, მეზობლებთან მიმართებაში, ასევე სამსახურებრივ პასუხისმგებლობას.
ჩვენი წინაპრები თავიანთ შვილებს ბავშვობიდან უღვივებდნენ ამ გრძნობას. ამიტომაც იყო ჩვენი ერი ძლიერი. მიუხედავად განუწყვეტელი ომებისა, იგი იბრძოდა-კიდეც და ამასთან, დაუღალავად შრომობდა და ქმნიდა.
რწმენისა და მამულის დასაცავად საჭიროების შემთხვევაში ქუდზე კაცი გამოდიოდა. საერთოდ კი ოჯახში, სოფელსა თუ თემში ყველას თავისი პასუხისმგებლობა ჰქონდა: მეფე ზრუნავდა მთელს ერზე, თავად-აზნაურობა პატრონობდა და ხმლით იცავდა თავის ტერიტორიაზე მცხოვრებთ; ეკლესია ანათლებდა და სულიერად ამტკიცებდა ერს, სამწყსოს; გლეხები ქმნიდნენ დოვლათს; ყველანი ერთად კი შეადგენდნენ ჩვენი ქვეყნის ერთიან, მთლიან ცოცხალ ორგანიზმს, სადაც თითოეული თავისი შესაძლებლობის ფარგლებში ემსახურებოდა ღმერთს და ქვეყანას.
რომელიმე მათგანის დაძაბუნება იწვევდა ყველას დასუსტებას, რადგან არცერთი მათგანის ფუნქცია არ იყო უმნიშვნელო; თუმცა რაც უფრო მაღალი იყო წოდება და თანამდებობა, მით მეტი იყო პასუხისმგებლობაც. ეს კი ხშირად სიცოცხლის გაწირვას მოითხოვდა. ზოგჯერ მეფის ან სასულიერო პირის თავდადება იყო საკმარისი, მაგ. წმ. დემეტრე თავდადებული, წმ. ევდემოზ კათოლიკოსი, ზოგჯერ კი მთელი ერის, - მაგ. 100000 მოწამის.
თავისუფლება და პასუხისმგებლობა ურთიერთდაკავშირებული ცნებებია. ვინც თავისუფლებას კარგავს, მონურ მდგომარეობაში ვარდება და პასუხისმგებლობის განცდაც უქვეითდება.
გავიხსენოთ, რა მოხდა დამოუკიდებლობის დაკარგვის შემდეგ საქართველოში: მთელი ეს ჰარმონიული სისტემა მოიშალა, მეფის ხელისუფლება და ეკლესიის დამოუკიდებლობა გაუქმდა, ძალაუფლება უცხო ძალის ხელში გადავიდა, რის შედეგადაც თავადაზნაურობა უგულო ბატონად იქცა, ყოველივე ეს კი მთელი სიმწვავით გლეხკაცობაზე აისახა.
ქართველმა კაცმა მისთვის დამახასიათებელი ცხოვრების წესი ძირფესვიანად შეცვალა. საქვეყნო საზრუნავის ადგილი პირადულმა დაიკავა. სამშობლოზე ფიქრის ნაცვლად მისი გონება მხოლოდ საკუთარ კარ-მიდამოსა და ოჯახზე ზრუნვამ მოიცვა.
დიდმა ილიამ ეს პრობლემა ცნობილი ლექსით, -"ბედნიერი ერი" - ნათლად დაგვანახა.
ერის უპასუხისმგებლო მდგომარეობამ მიგვიყვანა იქამდე, რომ 1918 წელს წმინდა ილია მართლის ეროვნული გზის ნაცვლად ხალხმა უცხო ქვეყნის ათეისტური პარტია აირჩია. შემდეგ კი კიდევ უფრო სამწუხარო შედეგმაც არ დააყოვნა და მოკლე ხანში ქვეყანა კომუნისტური იმპერიის ნაწილი გახდა.
უფალი, მართალია, სამართლიანია, მაგრამ, ამავე დროს მოწყალეც, რომელიც არა ცოდვათა ჩვენთაებრ მოგვაგებს, არამედ ჩვენი გამოსწორებისათვის გვწვრთნის იმის გათვალისწინებით, თუ რამდენის დატევნა შეგვიძლია.
ამიტომაც რა მდგომარეობაშიც არ უნდა ვიყოთ, გაცილებით უკეთესად ვართ, ვიდრე ვიმსახურებთ და მრავალჭირგამოვლილი წმ. იოანე ოქროპირის მსგავსად მუდამ მადლობას უნდა ვწირავდეთ ღმერთს ყველაფრისათვის. და თუ გვსურს, მდგომარეობის გამოსწორება, უნდა ვიტვირთოთ ჩვენი წილი პასუხისმგებლობა და უფლის წყალობა ამით მოვიპოვოთ. ეს არის ყველაზე მთავარი. ჩვენით კი ვერაფერს გავხდებით. მხოლოდ საკუთარ შესაძლებლობებზე დაყრდნობა დამღუპველი იყო და იქნება ყოველთვის.
სამწუხაროდ, თვითოეულ ჩვენგანს დღესაც გვაკლია პასუხისმგებლობის გრძნობა. ჩვენ გულგრილი ქრისტიანები ვართ, ნელ-თბილნი, და ამიტომაც დიდ შეცდომებს ვუშვებთ. ჩვენში მძლავრობს ეგოისტური ზრახვები და "მეს" პრინციპი, რაც ჭეშმარიტ ღირებულებათა დამანგრეველია.
ჩვენი სულიერი სისუსტის გამოვლინებაა თუნდაც ის, რომ დღესასწაულებს ფაქტობრივად მიწიერი გრძნობებით ვეგებებით და რეალური განცდა ცოცხალ ღმერთთან ურთიერთობისა, არა გვაქვს.
რომ ჩვენს გარშემო ვამჩნევთ მხოლოდ იმ ადამიანებს, რომლებიც გვიყვარს ან გვძულს, სხვა უბრალო ადამიანები კი ყურადღების მიღმა გვრჩება. ღვთის წინაშე კი დიდი და მცირე არ არსებობს.
რომ ცოდვა აღარ გვაწუხებს და მისი სიმძიმის განცდაც აღარ გვაქვს.
რომ თითქმის გაწყვეტილი გვაქვს კავშირი ბუნებასთან, მისდამი მხოლოდ მომხმარებლურ დამოკიდებულებას ვიჩენთ და ჩვენი უპასუხისმგებლო ქცევით ვანადგურებთ მის სიკეთეთ.
ჩვენი დანაშაულია ისიც, რომ კარგად არ ვიცნობთ ჩვენს წარსულს, ჩვენს ისტორიას; არადა მისი ცოდნა გვეხმარება, რომ არ მოვწყდეთ ჩვენს ფესვებს, საკუთარი თავი შევიცნოთ და სიცოცხლის აზრიც ნათლად გავაცნობიეროთ.
არაერთხელ მითქვამს ისიც, რომ დღეს ინფორმაციული ომის ჟამი დგას, კალმით ანუ სიტყვით ბრძოლის დრო. მასთან შეჭიდება კი გონიერმა, მცოდნე და ამასთან ღვთისმოყვარე ადამიანებმა უნდა იტვირთონ. უნდა შევძლოთ, ყალბი იდეალების ბატონობის ჩვენს ხანაში გავხდეთ სულიერად უფრო მტკიცენი და ძლიერნი, რათა გავიმარჯვოთ.
განსაკუთრებით მინდა მივმართო ახალგაზრდებს და ვთხოვო: გაუძელით ინფორმაციულ შემოტევას, რომელიც ნიაღვარივით მოედინება მასმედიიდან და ცდილობს, ცრუ ღირებულებების გავლენის ქვეშ მოგაქციოთ, არ გახდეთ თანაზიარნი ფსევდოკულტურისა, რომელიც ამახინჯებს ფსიქიკას, აუხეშებს გრძნობებს და აცარიელებს შინაგან სამყაროს.
შეიყვარეთ წიგნი, ისწავლეთ ღრმა აზროვნება, ისწავლეთ ღმერთის შიში და სიყვარული, რომ ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანის ერთგული მეციხოვნენი გახდეთ.
დრო მცირე გვაქვს და არ უნდა აღმოვჩნდეთ იმ ხუთი ქალწულის მდგომარეობაში, რომელთა კანდელსაც უფლის მოსვლისას საკმარისი ზეთი არ აღმოაჩნდა და მიუხედავად იმისა, რომ იყვნენ მორწმუნენი და უფლის მომლოდინენი, ვერ შევიდნენ ღვთის საუფლოში.
ბოროტის გავლენისაგან თავის დაღწევა დიდ ძალისხმევას მოითხოვს და ეს მხოლოდ ძლიერ პიროვნებებს შეუძლიათ, ანუ მათ, რომელნიც საკუთარ ნებას გააზრებულად უმორჩილებენ ღვთის ნებას და ამქვეყნიურ საცდურთა წინააღმდეგ ბრძოლას არ უშინდებიან.
ყოველი ქრისტიანი უპირველეს ყოვლისა სწორედ ასეთი პიროვნება უნდა იყოს, - ჭეშმარიტად თავისუფალი და სულიერად ძლიერი, რათა ერს ხერხემლად ექცეს. ასეთი ადამიანების აღზრდის საქმეში ეკლესიას დიდი როლი აკისრია.
საერთოდ, ეკლესია ხელს უწყობს საზოგადოების განვითარებას; იგი ის მაცხოვნებელი წიაღია, რომელიც ინარჩუნებს საუკეთესო ტრადიციებს და აქვს რა უცვალებელი რჯული და მოძღვრება, ყველა ეპოქაში მოწმობს ჭეშმარიტების შესახებ.
გავიხსენოთ თუნდაც ის ფაქტი, რომ საერთაშორისო საზოგადოება მხოლოდ მე-20 საუკუნის ბოლოს მიუახლოვდა ადამიანთა თანასწორობის შესახებ ღირებულებათა იმ სტანდარტებს და ფასეულობებს, რასაც ეკლესია ოცი საუკუნის წინ ქადაგებდა. მონათმფლობელობის და ფეოდალიზმის პერიოდში, ძალმომრეობისა და დაუნდობლობის ხანაში, ქრისტეს სახარება მოუწოდებდა ხალხს თანასწორობისაკენ.
ყოველი ქრისტიანის ცხოვრება აბსოლუტურად თავისუფალია და ეკლესიის წევრობაც მხოლოდ მის თავისუფალ ნებაზეა დაფუძნებული. თითოეული მრევლის წევრი მხოლოდ საკუთარი სინდისით არის დაკავშირებული მოძღვართან და ერთ-ერთი უმთავრესი საიდუმლოც სინანულისა მხოლოდ მის პირად პასუხისმგებლობაზეა დამოკიდებული, - ადამიანი დამოუკიდებლად წყვეტს, რას იტყვის აღსარებაში და იმასაც, რამდენად იქნება ეს ნათქვამი სინანულით გაჯერებული.
სრული თავისუფლებით მოქმედი და, ამავე დროს, ჭეშმარიტი სინანულით განმსჭვალული პიროვნება იღებს სულიწმინდის მადლს, რომელიც ცვლის მის სულიერ და ყოფით სამყაროს და მას ღვთის სათნო შვილად აქცევს; შედეგ კი უკვე იგი თვითონ ხდება გზის მაჩვენებელი სხვათათვის; ამაზე წერდა წმინდა სერაფიმე საროველი: მოიხვეჭე სულიწმიდის მადლი და შენს გარშემო ათასები ცხონდებიანო.
თითოეული ჩვენგანი ვალდებულია, მოიპოვოს სულის სიღრმეში დამალული უფლისგან ბოძებული ეს საჩუქარი, ვალდებულია, ააღორძინოს იგი, რათა ღირსეულად აღასრულოს თავისი ვალი ამ წუთისოფელში და შემდეგ ჩვენს დიდებულ წინაპართა მსგავსად ზეცის მოქალაქეობა მოიპოვოს.
შორეული ქვეყნებიდან ახლადშობილი იესო ქრისტეს თაყვანისსაცემად მიდიან აღმოსავლელნი მოგვნი, მიდიან მწყემსნიც თავისი გულწრფელობით, ანგელოზთა გალობის მსმენნი. მაშ, წავიდეთ ჩვენც, რათა ვიხილოთ ბაგასა მწოლი იესოს დიდებულება და აღარასოდეს განვშორდეთ, რადგან საუკუნო სიცოცხლის სიტყვები მასა აქვს მხოლოდ. (ინ. 6:68).
"ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა!"
ჩემო სულიერო შვილები, ჩემო ნათლულებო, ყოველნო ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, ბერძენნო, რუსნო, ასირიელნო, იეზიდნო და ქურთნო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო, უკრაინელნო და უდინნო... ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს. უფალმა მოგანიჭოთ მადლი სულისა წმიდისა, რათა იხაროთ ორსავ სოფელსა შინა, ამინ!
თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს - პატრიარქი
შობა ქრისტესი
თბილისი, 2013 წელი
საშობაო ეპისტოლე - 1988
"რომელმან სძლოს, ვყო იგი სვეტად ტაძარსა
შინა ღმრთისა ჩემისასა" (გამოცხადება 3,12)
მშვენიერი, გასაოცარი და უსასრულოა სამყარო, მშვენიერია ადამიანი - ხატი ღვთისა და გვირგვინი ქმნილებისა. დიდია უფალი, მიუწვდომელია ძალა და სიბრძნე მისი. უსაზღვრო და განმაცვიფრებელია მოთმინება მისი და უნაპირო სიყვარული ჩვენ ცოდვილთადმი.
რით დავიმსახურეთ, ღმერთო, ესოდენი მოწყალება?
ჩვენ განგიდექით, ურჩ გექმენით და შენ მაინც არ განგვშორდი, მცნება მოგვეცი, რომ გზა გაგვეგნო, მაგრამ სიჯიუტე ჩვენი ვერ მივატოვეთ, საუკუნეთა მანძილზე გტანჯეთ, გაწვალეთ და გაიძულეთ, ძე შენი საყვარელი გაგეწირა ჩვენთვის, რომ გულდაბრმავებულთ თვალებით მაინც დაგვენახა გვემა და წამება მისი და მაშინ მაინც მივხვდარიყავით, როგორ დავეცით.
ეს იყო ხსნის ერთადერთი გზა და შენ იგი არ დაიშურე ჩვენთვის.
ზოგჯერ კითხულობენ: აუცილებელი კი იყო ღვთის განხორციელება, განა მონანიება საკმარისი არ იქნებოდა კაცობრიობისთვისო?
რომ ყოფილიყო მხოლოდ ცოდვები, - განმარტავს წმიდა ათანასე დიდი, - საკმარისი იქნებოდა სინანულით განწმენდა, მაგრამ დანაშაულის ჩადენის შემდეგ ჩვენი სხეული დაექვემდებარა ბუნებრივ ხრწნას და დაკარგა მადლი ღვთის ხატებისა. იმიტომაც უნდა განხორციელებულიყო ძე ღვთისა, რომ აღედგინა ადამიანის დაცემული ბუნება.
"და მოვიდა ძე კაცისაჲ მოძიებად და ცხორებად წარწყმედულისა" (ლუკა 19,10).
"... მოვიდა მსახურებად და მიცემად სული თვისი სახსრად მრავალთათვის" (მათე 20,28).
მრავალთათვისო, ბრძანებს მახარებელი და არა ყველასთვის, რადგან ყველა არ არის მზად, მიიღოს ღვთის სიკეთე. მაინც ვინ არიან იგი მრავალნი? ისინი, რომელთა ცხოვრებაც მსახურებაა ღვთისა და მოყვასისათვის; ისინი, რომელთა ამქვეყნიური ყოფაც განცხადებაა ანგელოზთა საგალობლისა, შობის ღამეს რომ მოეფინა ქვეყნიერებას. "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება".
დიდება რომ შევწიროთ უფალს არ არის საკმარისი მარტო რწმენა, ღმერთი უნდა ვადიდოთ სიტყვით და საქმით უშიშრად, ყველას წინაშე, ხოლო "რომელმან უარმყოს წინაშე კაცთა, - გვაფრთხილებს მაცხოვარი, - უარვყო იგი მეცა წინაშე მამისა ჩემისა ზეცათაჲსა" (მათე 10,33). საქმით ღვთის დიდება მცნების დაცვას და მის აღსრულებას ნიშნავს. "უკეთუ გიყუარნ მე, - ბრძანებს უფალი, - მცნებანი ჩემნი დაიმარხენით" - (იოანე 14,15) და "ესე არს მცნებაჲ ჩემი, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ", უფროის ამისა სიყუარული არავის აქუს, რაჲთა სული თჳსი დადვას მეგობართა თჳსთათჳს" (იოანე 15,12-13).
ვინ არის მეგობარი ჩვენი?
ჭეშმარიტი მეგობარი იგია, რომელიც უდრტვინველად იტანს თავს დამტყდარ უბედურებას და განიცდის მოყვასის გასაჭირს, როგორც საკუთარს. მეგობარი იგია, ვინც სიყვარულით მიგვითითებს შეცდომებზე და გვიჩვენებს სწორ გზას, ვინც ჩვენთანაა როგორც სიკეთისა და მხიარულების დროს, ისე უკიდურესი გაჭირვების ჟამს მაშინაც კი, როცა ახლო ნათესავები დაგვტოვებენ.
ერთგული მეგობარი მტკიცე ზღუდეა, რომელმან შეიძინა იგი, ჰპოვა საგანძური. ერთგული მეგობარი ფასდაუდებელი საუნჯეა და არა აქვს საზღვარი მის სიკეთეს. ერთგული მეგობარი სალბუნია ცხოვრებისა და მოშიშნი უფლისანი ჰპოვებენ მას, - ვკითხულობთ ისო ზირაქის წიგნში (6,14-16).
ბიბლიაში მეგობრობის მრავალი მაგალითია. გავიხსენოთ თუნდაც იონათანისა და დავითის ამბავი.
იონათანი იყო შვილი მეფე საულისა, ხოლო დავითი - უბრალო გლეხისა, რომელსაც იესე ერქვა და ბეთლემში ცხოვრობდა. დავითის მიერ ფილისტიმელთა გოლიათის დამარცხების შემდეგ ახალგაზრდები დამეგობრდნენ და განუყრელი მეგობრები გახდნენ. მეგობრობის სიწრფელე იონათანმა დაამტკიცა იმით, რომ არა ერთხელ გადაარჩინა დავითი შურსა და რისხვას საულისას, რომელიც დავითში ტახტის მოცილეს ხედავდა.
როცა იონათანი იგებდა, რომ მის მეგობარს საფრთხე ემუქრებოდა, მაშინვე აფრთხილებდა და იხსნიდა ხოლმე მას განსაცდელისგან. ამის გამო მეფე საული იმდენად განრისხდა, რომ ერთხელ შვილს შუბი ესროლა.
რამდენადაც უფრო ძლიერდებოდა საულის დავითისადმი სიძულვილი, იმდენად უფრო მტკიცე ხდებოდა მისდამი იონათანის მეგობრობა. უდაბნოში ერთ-ერთი შეხვედრისას იონათანი ეუბნება დავითს: "ნუ გეშინინ, რამეთუ ვერ გპოვოს ხელმან მამისა ჩემისა საულისამან შენ და შენ იქმნე მეფე ისრაელისა, და მე ვიყო შენდა მეგობარ და საულცა მამამან ჩემმან უწყის ესრეთ" (I მეფეთა 23,18).
იონათანის წინასწარმეტყველება ნაწილობრივ აღსრულდა. დავითი ავიდა სამეფო ტახტზე, მაგრამ იონათანი დაიღუპა. იგი განგმირეს ომის დროს, როცა მამასთან ერთად იბრძოდა მტრების წინააღმდეგ.
დავითი დიდხანს გლოვობდა მეგობარს, რომლის ერთგულება ვერ გაახუნა ვერც მამის რისხვამ, ვერც სამეფო გვირგვინის დაკარგვის ფიქრმა.
ქალთა თავდადების ასევე მშვენიერი მაგალითებია ბიბლიაში. რამდენი შემთხვევა ყოფილა, რომ მათ საკუთარი სიცოცხლეც არ დაუშურებიათ მეგობრისათვის. მაგრამ არც ის უნდა დავივიწყოთ, რომ ყოველი მეგობრობა არ არის ხანგრძლივი, რომ ქვეყნად ბოროტება მეფობს და მისი მთესველი ეშმაკია, ხოლო იგი არ მოგვასვენებს, ვიდრე ამ სოფლადა ვართ. ბოროტება, უპირველეს ყოვლისა, ჩვენშია, ჩვენს გულშია ფითრივით ფესვგადგმული და თუ დროზე არ მოვიკვეთთ, ცოდვის მსხვერპლნი და მსახურნი შევიქმნებით, რადგან იგი არ მოგვცემს საშუალებას, დავინახოთ სხვისი ტკივილი, სხვისი მწუხარება, დავინახოთ საკუთარი სისუსტენი.
განა იშვიათად ვხვდებით ისეთ შემთხვევებს, როცა ქალ-ვაჟი სიყვარულით ქორწინდება. მერე კი, როცა ცხოვრებაში სიძნელენი ხვდებათ, როცა რაღაც მოუშუშებელი ტკივილის გამო კაცი იწყებს სმას, კარგავს ჯანმრთელობას... სითბოსა და სიყვარულის, თანაგრძნობის ნაცვლად მეუღლისაგან მხოლოდ განკითხვასა და შეურაცხყოფას ისმენს და ბოლო არა აქვს უსიამოვნებას ოჯახში.
ხშირია ისეთი შემთხვევებიც, როცა კაცი ეჩვევა უზრუნველ ყოფას; მთელ საქმეს ქალის იმედზე ტოვებს, თვითონ კი იმაზე ფიქრობს, დრო როგორ გაატაროს, როგორ გაერთოს. მაშინ, როცა მის ცოლ-შვილს უჭირს, უჭირს ეკონომიკურად, ფიზიკურად თუ სულიერად.
ასეთი ოჯახები ხშირად ირღვევა. მეუღლენი ერთგულებას რომ უმტკიცებდნენ ერთმანეთს, შორდებიან. ღვთის ანაბარა რჩება ერთდროს საყვარელი, ახლა კი ავადმყოფი ცხოვრების მეგობარი; და იღუპება იგი თავისი უბედურებით, მარტოობითა და შეურაცხყოფით.
თუ ჭეშმარიტი ქრისტიანი ხარ, არა გაქვს უფლება, მიატოვო გაჭირვებაში მყოფი არა თუ ახლობელი, არამედ ნებისმიერი ადამიანი; ყოველი მათგანი ხომ ხატებაა ღვთისა.
მოვიდა შენთან გლახაკი და ხელს გიწვდის სათხოვნელად - ეს ქრისტეა, სარეცელზე წევს ავადმყოფი, ნუგეშინის-ეც, ეს უფალია. ეძებეთ იგი მორჩილთა, დამდაბლებულთა, შეურაცხყოფილთა და დამცირებულთა, მშიერ-მწყურვალთა შორის და "ყოველი რომელი უკუე გინდეს თქვენ, რაჲთა გიყონ კაცთა, ეგრეთცა თქვენ ყავთ მათდა მიმართ" (მათე 7,12).
მაშინ გეტყვით უფალი: "მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დაიმკვდრეთ განმზადებული თქვენთჳს სასუფეველი"... რადგან "მშიოდა, და მეცით მე ჭამადი, მწყუროდა, და მასუთ მე, უცხო ვიყავ, და შემიწყნარეთ მე; შიშუელ ვიყავ, და შემმოსეთ მე; სნეულ ვიყავ, და მომხედეთ მე; საპყრობილეს ვიყავ და მოხუედი ჩემდა..." რადგან "რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავით" (მათე 25,34-36,40).
ძნელია ვისწავლოთ ადამიანებისადმი თანაგრძნობა, თუ ღვთაებრივი სიყვარულით არ ვართ გამთბარნი, ეს კი გულისხმობს თანადგომას არა მარტო განსაცდელში მყოფთადმი, არამედ შეურაცხმყოფელთადმიც, ეს გულისხმობს ეგოიზმის უარყოფას, უშურველობას, მორჩილებას, გულისხმობს სიმშვიდეს, თავგანწირვას, შენდობის უნარს... ჩვენ კი განკითხვის ცოდვიდან ვერ ვთავისუფლდებით და ამიტომაც არა ვართ მოწყალენი.
"რომლითა განკითხვითა განიკითხვიდეთ, განიკითხნეთ" (მათ 7,2), - გვაფრთხილებს იესო ქრისტე. ასე რომ, ის, ვინც განიკითხავს, განიკითხავს არა მოყვასს, არამედ, უპირველეს ყოვლისა, საკუთარ თავს და მიეცემა სასჯელს და წამებას. ხოლო ვინც აპატიებს მოყვასს, ათავისუფლებს ბრალისგან არა იმდენად მას, რამდენადაც საკუთარ თავს, რადგან სხვისი დანაშაულის მოწყალედ და ლმობიერად განსჯით იგი საკუთარი ცოდვების შენდობას მიიღებს.
თუ შენ მკაცრი ხარ სხვების მიმართ, - წერს წმიდა იოანე ოქროპირი - და ხედავ მათ მცირე შეცდომებსაც კი, რატომ არ ამჩნევ საკუთარ დიდ ცოდვებს? ყოველი ადამიანი ხომ თავის თავს უკეთ იცნობს, ვიდრე სხვას; საკუთარი თავი მეტად უყვარს, ვიდრე სხვა. და თუ განიკითხავ მოყვასს, გსურს რა მისთვის სიკეთე, რატომ არ უსურვებ ამ სიკეთეს პირველ რიგში შენს თავს - უფრო ცხად და უფრო დიდ ცოდვილს? ხოლო თუ შენ დაუდევარი ხარ საკუთარი თავის მიმართ და ვერ ხედავ მათ, ნათელია, რომ ძმას განიკითხავ არა კეთილმოსურნეობით, არამედ სიძულვილისა და მისი დამცირების სურვილით. მოყვასი განიკითხოს მან, ვინც უცოდველია (იოანე ოქროპირი).
მინდა გავიხსენო მაგალითი ეგვიპტის პატრიარქის ალექსანდრეს ცხოვრებიდან. მას ჰყავდა მდივანი, რომელმაც ოქრო მოჰპარა და რომელიც შემდეგ ავაზაკებმა შეიპყრეს. პატრიარქმა ეს რომ შეიტყო, გამოისყიდა იგი და უკან დააბრუნა. როცა ქურდი მდივანი პატრიარქთან მივიდა, მან იგი ისეთი სიყვარულითა და კეთილგანწყობით მიიღო, რომ ერთ-ერთმა მოქალაქემ ხუმრობით თქვა: თუ გინდა სარგებელი ნახო, პატრიარქ ალექსანდრეს უნდა აწყენინოო. სინამდვილეში პატრიარქი მოიქცა ვითარცა ჭეშმარიტი ქრისტიანი, რომელიც, წმიდა ისიდორე პელუსიოტის თქმისა არ იყოს, წყენას წყალზე წერს, მადლს კი - სპილენძზე.
მაშ, "რამდენ გზის შემცოდოს ძმამან ჩემმან და მიუტევო მას?", - ვიკითხავთ ჩვენც პეტრე მოციქულის მსგავსად.
"ვიდრე სამეოცდაათ შვიდგზის", - გვპასუხობს მაცხოვარი, რადგან მოყვასი არ უნდა მოვიძულოთ. ხოლო "რომელსა სძულს ძმაჲ თვისი, იგი ბნელსა შინა ვალს და არა იცის, ვიდრე ვალს, რამეთუ ბნელმან დაუბრმნა თუალნი მისნი" (I იოანე 2,11).
ძალიან ხშირად კი ჩვენ საპირისპიროდ ვიქცევით. თუ ვინმე რამეს დაგვიშავებს, გულისტკენას აღარ ვივიწყებთ, წყენა წყენას ემატება, ჩნდება უფსკრული, ღვივდება მტრობა და სამაგიეროს მიზღვის სურვილი.
უფალი აქაც წამლად სიყვარულს გვთავაზობს: "გიყუარდედ მტერნი თქუენნი და აკურთხევდით მწყევართა თქუენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქუენთა და ულოცევდით მათ, რომელნი გმძლავრობენ თქუენ და გდევნიდენ თქუენ" (მათე 5,44).
ძნელია ამის განხორციელება, მაგრამ ცხოვრების გამოცდილება გვიჩვენებს, რომ მხოლოდ სიყვარულითა და მორჩილებით შეიძლება მტრის ძლევა. ბოროტებით ბოროტება ვერ გამოსწორდება. ეს სიბრძნე ჩვენს შვილებსაც უნდა ვასწავლოთ, რომ ისინი იყვნენ ბედნიერნი.
სრული და ყოვლის მიმტევებელი სიყვარული სიმდაბლით უნდა მოვიპოვოთ. სიმდაბლის სწორუპოვარი მაგალითი თვით მაცხოვარმა გვიჩვენა.
ქვაბსა ბეთლემისასა იშვა მხსნელი ქვეყნისა; ბაგასა შინა მიაწვინეს, რამეთუ "არა იყო... ადგილი სავანესა მას" (ლუკა 2,7). კაცობრიობა კი უფლის მოსვლას დიდებით ელოდა; მაგრამ სწორედ პატივისა და სახელის უარყოფაშია მისი ძალა, ძალა კაცთა ფერისცვალებისა და გადარჩენისა. შურისა და შიშის გამო მას სდევნიდნენ და იგი - ღმერთი განერიდებოდა ხოლმე მოძულეთ, უარყოფდნენ და არ განიკითხავდა, ღალატობდნენ და შეუნდობდა, გვემდნენ და უდრტვინველად იტანდა...
იესო ქრისტემ დაითმინა ეს ყოველივე, დაითმინა მან, რომელი არს ერთადერთი გამოუთქმელი, განუყოფელი მთლიანობა, "ანი და ჰოე, პირველი და უკუანაჲსკნელი, დასაბამი და დასასრული" (გამოცხადება 22,13), რათა ჩვენთვის სრულყოფის მაგალითი მოეცა.
თუ შევძლებთ, ყველასთან უნდა ვიყოთ მშვიდობით. ამიტომ, არა მარტო ჩვენ უნდა ვაპატიოთ და შევუნდოთ სხვას, არამედ შევძლოთ ისიც, რომ სხვები არ იყვნენ ჩვენდამი ცუდად განწყობილნი.
მაგრამ გვახსოვდეს ესეც: ბოროტება შეიძლება გამოვლინდეს კეთილი ადამიანის მიმართ იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ შურიანი კაცი ღიზიანდება, როცა ვერაფერს ხედავს სხვაში შეურაცხმყოფელს; ბოროტება შეიძლება აღდგეს სიმართლის წინააღმდეგ, იმიტომ, რომ არ უყვარს მართალნი, როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში? არა მიაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ, - ბრძანებს საღმრთო წერილი, რადგან მშვიდობასა გვიწოდა უფალმა, რომელი თავად არს "შემოქმედი მშვიდობისა" და მშვიდობიანი ჰარმონიის სათავეა როგორც ჩვენში, ისე გარემო სამყაროში.
სამწუხაროდ, დღეს დარღვეულია მშვიდობა ჩვენს სულში, დარღვეულია მშვიდობა ჩვენს გარშემო; ამის მიზეზი ცოდვაა და ღმერთთან კავშირის დაკარგვა.
როცა ასე უჭირს შინაგანად ადამიანს, ეკლესია განზე ვერ განდგება. ეკლესია უნდა მივიდეს მასთან და მისცეს ძალა პიროვნებას ღირსების განსამტკიცებლად, "რამეთუ იგი თავადი არს მშჳდობაჲ ჩუენი, რომელმან შექმნა ორივე ერთად და შუა კედელი ზღუდისაჲ მის დაჰჴსნა" (ეფ. 2,14). ეკლესიამ უნდა მოსპოს ზნეობრივი დაპირისპირება ჩვენს სულში, როცა "ჴორცთა გული უთქუამს სულისათჳს და სულსა ჴორცთათჳს, რაჲთა არა რაჲ-იგი გინდეს, და მას ჰყოფდეთ" (გალატელთა 5,17).
ღმერთმა მოგვცეს სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, სულგრძელობა, სახიერება, სარწმუნოება, მოთმინება, რომ უფალი ეგოს ჩვენ თანა და ჩვენ მის თანა, რომ მისი შეწევნით ვემსახუროთ ღმერთსა და მოყვასს, ვსძლოთ ბოლომდე და ვცხოვნდეთ.
ამქვეყნიური ჩვენი ცხოვრება ცურვას ჰგავს უკიდეგანო ზღვაში, რომელიც ხან წყნარდება, ხან კი მღელვარებს; ხან მშვიდია, ხან კი შიშის მომგვრელი, თუ გვსურს, ნაპირს მშვიდობით მივაღწიოთ, უნდა შევიმოსოთ რწმენით, სასოებით, სიყვარულით და ვიქნებით დაცულნი, რადგან მფარველად თვით უფალი ჩვენი იესო ქრისტე გვეყოლება.
საყვარელნო სულიერნო შვილნო ჩემნო, ყველას და თითოეულს ცალ-ცალკე გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობის დიად დღესასწაულსა და ბედნიერ ახალ წელს. იმედი და სიხარული არ მოგშლოდეთ; იყავით მშვიდნი და მოწყალენი და მუდამ გახსოვდეთ მაცხოვრის სიტყვები; "უკუეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან შეცოდებანი თქუენნი" (მათე 6,14).
ღმერთმა დაგლოცოთ!
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.
ქრისტეს შობა.
თბილისი,
1988 წელი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საშობაო ეპისტოლე - 2002
მარადიული ღირებულებები არ ძველდება
ყოვლადუსამღვდელოეს მღვდელმთავრებს, მოძღვრებს, დიაკვნებს, ბერ-მონაზვნებს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა ერთგულსა და ღვთივკურთხეულ შვილს, მცხოვრებს საქართველოში და სამშობლოს ფარგლებს გარეთ მყოფ თანამემამულეთ:"მადლი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი ყოველთა წმიდათა თანა, ამინ" (გამც. 22,21).
გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი, რომელიც ბრძანებს:
"ჩემსკენ მოიქეცით და გადარჩებით, ქვეყნის ყოველი კუთხისანო, რადგან მე ვარ ღმერთი და სხვა არავინაა ღმერთი ჩემსა გარეშე" (ეს. 45,22).
შორეულ წარსულში, ბეთლემის ღამის სიმყუდროვეში, დედამიწაზე პირველად გაისმა სიტყვები ანგელოზთა გალობისა: “დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლკ.2,14).
მართალია, ამ იდუმალი ღამის შემდეგ ორიათასზე მეტმა წელმა განვლო, მაგრამ კვლავაც მთრთოლვარე გრძნობით ვხვდებით ჩვენი რწმენის, იმედისა და სიყვარულის განახლების ამ საოცარ ზეიმს.
აი, ამ დღეს აღსრულდა ცოდვით დამძიმებული ადამის მოდგმის ხანგრძლივი მოლოდინი, - "ღმერთი გამოჩნდა ხორცით" (1 ტიმ. 3,16); აღმოგვიბრწყინდა მზე სიმართლისა – იესო ქრისტე, რათა შეგვეცნო ჭეშმარიტება; მაგრამ ყველას როდი ძალუძს, ეზიაროს მის სიმართლესა და ნათელს.
ადამიანი რთული ფენომენია. მასში არის ხატება შემოქმედისა და თვისებები ცხოველისა. გვაოცებს მისი სიდიადე და სიმდაბლე, უნარი თავდადებული სიყვარულისა და გამაოგნებელი სიძულვილისა, შესაძლებლობა ზეცამდე ამაღლებისა და ქვესკნელამდე დაცემისა.
იგი, თავისი წინააღმდეგობრივი ხასიათის გამო, უპირველეს ყოვლისა, უპირისპირდება საკუთარ თავს. როგორც თავისუფალი ნებით დაჯილდოვებული პიროვნება ეძებს თავისუფლებას, მაგრამ ცოდვით დაცემული ბუნების გამო ადვილად ვარდება მონობაში.
ცალკე აღებული ადამიანი – ბატონ-განმგებელი და ადამიანი – მონა-მსახური, ერთმანეთის გარეშე ვერ არსებობენ. ბატონისათვის მთავარი საკუთარი კეთილდღეობისთვის ზრუნვაა. იგი ამას მსახურ მონათა საშუალებით ახორციელებს და მათი მორჩილებით ბატონობს.
მონისთვის კი დამახასიათებელია საკუთარი ცნობიერებისა და სურვილების უარყოფა და მხოლოდ იმისი ნების აღიარება, ვინც მას განაგებს. მონის სამყარო არის თავისი თავისაგან გაუცხოებული ადამიანის ყოფა.
მონობაც და ბატონობაც ვლინდება ყველაგან და ყველაფერში: აზროვნებაში, მორალში, ხელოვნებაში, ოჯახში, სულიერ ცხოვრებაში, პოლიტიკაში... ხშირად ისეც ხდება, რომ ერთიდაიგივე ადამიანი მონაც არის და ბატონიც.
საოცარია, მონის მდგომარეობიდან ბატონის ცხოვრების წესში გადასვლა არ ნიშნავს თავისუფლების მოპოვებას, რადგან ბატონობაც სინამდვილეში მონობის სახესხვაობა და ძალადობის გამოვლენაა; ძალადობა კი იძულებას, - დამონებულსა და დამმონებელს გულისხმობს. იმპერატორი, დიქტატორი, ტირანი... მონაა ბატონობის მოთხოვნილებისა და, გარკვეულწილად, იმ ხალხისა, რომლის გარეშეც ის თავის მბრძანებლობას ვერ განახორციელებს.
ქუჩის მასების წინამძღოლიც ისეთივე მონაა, როგორც თვით მასა. მასის გარეშე მისი არსებობა წარმოუდგენელია. მასები ქმნიან იმ პირამიდას, რომლის სათავეშიც ზის მათი რჩეული; მაგრამ გარკვეული დროის შემდეგ მასებივე ანგრევენ ამ პირამიდას და ამხობენ ბელადს.
ასე იქმნება ჩაკეტილი წრე ბატონსა და მონას, ხელისუფალსა და მასას შორის.
გასათვალისწინებელია ისიც, რომ ადამიანი შეიძლება გახდეს მონა საზოგადოებრივი აზრისა, სტიქიისა, წეს-ჩვეულებისა, თავსმოხვეული სოციალური ყოფისა, ფულისა.
მონურ ყოფაში მცხოვრები საზოგადოება ორიენტირს კარგავს და ხშირად ძალადობას მიიჩნევს ძალად, რაც დიდი შეცდომაა.
ძალადობა, როგორც აღვნიშნეთ, გაბატონებული ადამიანის მანკიერი თვისებაა, ძალა კი სიდიადეა ღვთისა და გულისხმობს სიყვარულით, დარწმუნებით და შინაგანი ერთობით ამა თუ იმ პიროვნებაზე გავლენის მოხდენას.
მაცხოვარი საოცარი ძალის მატარებელია, მაგრამ იგი თავის დამოკიდებულებას არავის ახვევს თავს და ყველას აძლევს არჩევანის სრულ უფლებას. ამაშია მისი ღვთაებრივი თავისუფლება. შესანიშნავად წერს ნეტარი ავგუსტინე: "შენი თავისუფალი ნების გარეშე უფლის სიმართლე არ განცხადდება შენში. მან, ვინც შეგქმნა, თავისუფლებაც მოგანიჭა და ამიტომაც გადაგარჩენს მხოლოდ შენი თანხმობით" (ქადაგება ჩIX, 13).
იესო ქრისტე – ძე ღვთისა და ძე კაცისა დგას ზეციერი და მიწიერი ცხოვრების ცენტრში, რათა დააკავშიროს ცა და ქვეყანა, მარადიული ნეტარება და მიწიერი რეალობა; მხოლოდ მას ხელეწიფება, ძალა მიანიჭოს ადამიანებს მონობის მოჯადოებული წრიდან თავის დასაღწევად და თავისუფლებასთან საზიარებლად.
თავისუფლების მოპოვება რთულია; მონობაში დარჩენა – იოლი, მაგრამ თავისუფლების შედეგი მარადიული ნეტარებაა, მონობისა კი – მარადიული სიკვდილი.
თავისუფლება არ მიიღწევა რეალური ყოფისაგან უბრალო განშორებით ან ამ რეალობის უარყოფით. პირიქით, ესაა მასთან მუდმივი ბრძოლის, დაპირისპირებისა და განწმენდის გზა. ამგვარი კათარზისი სრულიად უცხო და, შეიძლება ითქვას, მიუღებელია მათთვის, რომელთა ყოფასაც მხოლოდ მატერიალური და ბიოლოგიური მოთხოვნილებები განაპირობებს. ამიტომაც ისინი ამქვეყნადვე სულიერი სიკვდილისათვის არიან განწირულნი.
ჭეშმარიტების შეცნობა და თავისუფლება სუფთა, უმანკო გულიდან მომდინარეობს. გული ჩვენი მესამე თვალია. რწმენა, სასოება და სიყვარული მისი უმთავრესი თვისებებია. მაგრამ ეს სათნოებანი შელახულია ჩვენი ცოდვებით. სწორედ ცოდვით დაცემამ დააშორა ადამიანი ღმერთს. თუ გვსურს უფალთან დაახლოება, ცოდვებისაგან თანდათანობითი განშორებითა და ჩვენი თავის შეცნობით უნდა დავიწყოთ.
არ შეიძლება, არ ითქვას ისეთი მძიმე ცოდვის შესახებ, როგორიც ნარკომანიაა. ბევრი ადამიანი, განსაკუთრებით კი ახალგაზრდა, სისუსტეს იჩენს და სხვადასხვა პრობლემისაგან თავის დახსნას ნარკოტიკებით ცდილობს; მაგრამ ეს ილუზიაა; ნარკოტიკები ცხოვრებას არ ცვლის, მისი ზემოქმედება გაივლის, პრობლემები კი ისევ რჩება და რაც მთავარია, რჩება ამ ცოდვით დანგრეული, მიუსაფარი სული.
ზოგი იმდენად ეჩვევა ამ საშინელ სენს, რომ, სურვილის მიუხედავადაც, შემდეგში ვეღარ ანებებს მას თავს და საშინლად იტანჯება.
მხოლოდ ღმერთს შეუძლია ზოგად-ყოფითი და ჩვენი პირადი პრობლემების მოგვარება და დახმარება, თუ, რა თქმა უნდა, გავხდებით ღირსნი მისი მოწყალებისა.
სასიხარულოა, რომ უკვე ხშირია შემთხვევები, როდესაც ნარკოტიკებს მიჯაჭვული ადამიანები მოდიან ეკლესიაში, იწყებენ ლოცვას, მარხვას, შრომას, ამბობენ აღსარებას, ეზიარებიან და თავისუფლდებიან ამ საშინელი ავადმყოფობისაგან მაშინ, როცა ეკლესიის დახმარების გარეშე ამ სენისაგან თავის დაღწევა მათთვის შეუძლებელი ჩანდა.
ნარკოტიკების მიღება ცოდვაა, მაგრამ გაცილებით მძიმე ცოდვაა მათი გავრცელება. ამის ჩამდენი, ფაქტობრივად, ადამიანთა მასობრივი სულიერი და ფიზიკური მკვლელობის თანამონაწილეა და ამიტომაც ღვთისგან სასტიკად დაისჯება. მეტად შემაშფოთებელია, რომ საქართველო ორგანიზებული ნარკობიზნესის სატრანზიტო ქვეყნად იქცეს. მე თხოვნით მივმართავ ხელისუფლებას, სამართალდამცავ ორგანოებს, პოლიტიკურ პარტიებს, ახალგაზრდებს, მთელ ერს, რათა მათ ყველაფერი იღონონ მდგომარეობის რადიკალური გამოსწორებისათვის.
დღეს ერთ-ერთი უმძიმესი პრობლემაა ღირებულებათა გაუფასურებაც. ადამიანებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, არწმუნებენ, თითქოს სამშობლოს სიყვარული, უფროსისადმი პატივისცემა, პატიოსნად ცხოვრება (ენისა და სარწმუნოების დაცვა) და სხვა, ჩვენი ერისათვის დამახასიათებელი ტრადიციები, მოძველდა; არადა, როგორ შეიძლება მოძველდეს ის, რაც მარადიულ ღირებულებებს წარმოადგენს.
საზოგადოებრივი ცნობიერების გარყვნა ზოგიერთს "პროგრესად" მიაჩნია. “მსგავსი აზროვნება ჩვენს ისტორიაში უკვე იყო XX საუკუნის დასაწყისში, როცა საქართველოში უცხო იდეოლოგიურმა მოძღვრებამ იწყო გავრცელება. მაშინაც მკვეთრად შეუტიეს ტრადიციულ ღირებულებებს, სანაცვლოდ კი ადამიანებს საყოველთაო კეთილდღეობას შეჰპირდნენ. თუ რა შედეგი მივიღეთ, ყველამ ვიცით.
ფსევდოკულტურა, რომელიც ასე ეძალება დღეს ჩვენს ახალგაზრდობას, აშორებს მას ჭეშმარიტ კულტურასა და ხელოვნებას. დაპირისპირება ამგვარ მდარე, უგემოვნო და ნამდვილ კულტურას შორის, რომელსაც საუკუნეების მანძილზე ქმნიდა ჩვენი ხალხი და რომელმაც დროის გამოცდას გაუძლო, აშკარაა. სამწუხაროდ, ხშირია შემთხვევები, როცა პრესაც და ტელევიზიაც საეჭვო ღირებულების უცხოურ ხელოვნებას უწევს პროპაგანდას. იმედი მაქვს, ქართველი ერი, უფლის წყალობით, ნამდვილსა და ყალბს ერთმანეთისაგან ადვილად გაარჩევს, სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ამით გადაგვარებისაგან თავის შინაგან "მესაც" დაიცავს.
მინდა გთხოვოთ, თავი შესაძლებლობისამებრ დაიცავით განკითხვის ცოდვისგან. ეს მადლი უფრო დიდია, ვიდრე ლოცვა და მარხვა. ნუ შეგშურდებათ სხვისი, ერიდეთ განცხრომასა და გემოთმოყვარებას. დასძლიეთ ამპარტავნება და დიდებისმოყვარება. გახსოვდეთ, როგორც გინდათ, რომ მოგექცნენ სხვები, თქვენც ისე მოექეცით მათ. ცოდვის ჩამდენი გებრალებოდეთ (რადგან იგი ამით მარადიული სატანჯველისაკენ დგამს ნაბიჯს) და თქვენი სარწმუნოება აჩვენეთ ღვთის მცნების აღსრულებით, - არ მიაგოთ ბოროტი ბოროტების წილ, არამედ ილოცეთ მათთვის, ვინც დანაშაული ჩაიდინა თქვენს წინაშე და მიანდეთ იგი უფლის მართლმსაჯულებას.
ნუ ჩაიდენთ შვილის მკვლელობის საშინელ ცოდვას, - აბორტს. ერის დიდი ტრაგედიაა, რომ თითქმის ყველა ოჯახში, მშობლების ნებით, უმოწყალოდ მოსპობილ მუცლადღებულ ყრმათა სისხლია დაღვრილი და მისი ნაკადი კვლავაც შეუჩერებლად მოედინება. ადამიანებს გონება და გული აქვთ დახშული იმისათვის, რათა გააცნობიერონ, რას ჩადიან; ცხოველიც კი არ არის ასეთი გულგრილი თავისი ნაშიერისადმი.
ჩვენო სულიერო შვილებო, თუ ვინმეს ეკონომიკური ან სხვა მიზეზის გამო გიწევთ უარის თქმა თქვენს სრულიად დაუცველ ყრმაზე, მამაშვილურად გთხოვთ, ერთხელ და სამუდამოდ უარი თქვათ აბორტზე. შეგახსენებთ, რომ მიუხედავად მრავალი პრობლემისა, ეკლესია შეძლებს მზრუნველობა გაუწიოს თქვენს პატარას, ხოლო თუ მომავალში გექნებათ სურვილი მშობლიური სიყვარულის გამოჩენისა, კვლავაც შეგეძლებათ მისი უკან დაბრუნება.
შეგახსენებთ, რომ მრუში, ქურდი და მკვლელი სასუფეველს ვერ დაიმკვიდრებს. მაგრამ იცოდეთ, შეცდომის გამოსწორება, ან თუნდაც ცხოვრების წესის მთლიანად შეცვლა არასოდეს არ არის გვიან. ცხონების გზაზე სვლა ლოცვით, მარხვითა და სიკეთის ქმნით უნდა დაიწყოთ. სიტყვით თუ საქმით, ყველგან და ყოველთვის, შესაძლებლობისამებრ აკეთეთ სიკეთე და იგი თქვენვე დაგიბრუნდებათ.
არ შეგეშინდეთ განსაცდელისა, მთავარია, თქვენი თავისუფალი ნება, თქვენი სუფთა გული და გონება მიანდოთ უფალს და ირწმუნოთ, რომ ღმერთი იმაზე დიდ ტვირთს არ მოგცემთ, რის ტარებასაც ვერ შეძლებთ. თქვენი ყველაზე დიდი მიღწევა სწორედ ცხოვრებისეულ პრობლემებსა და სიკვდილის შიშზე გამარჯვება იქნება.
უნდა გეშინოდეთ მხოლოდ ღვთისა. შიში უფლისა არის სათავე სიბრძნისა, რადგან იგი გვიცავს ცოდვათაგან. სხვა ყოველგვარი შიში პიროვნების დამთრგუნველია და ბოროტის იარაღს წარმოადგენს. სამწუხაროდ, მიწიერი შიში ხშირად განსაზღვრავს როგორც ცალკეულ ინდივიდთა, ისე მათი გარკვეული ჯგუფების ყოფას და თვით პოლიტიკურ პროცესებსაც (შევნიშნავთ, რომ შიში აუცილებლად უნდა განვასხვაოთ სიფრთხილისა და კეთილგონიერებისაგან). შიში შობს სიცრუეს, ანუ იმას, რასთანაც ჭეშმარიტებას საერთო არა აქვს რა.
ხშირად შიში სიკვდილის მიზეზიცაა. ადამიანი კლავს სხვას, რათა შეიქმნას თავისთვის ისეთი გარემო, სადაც მისი აზრით, ნაკლებად იქნება შიში, სინამდვილეში კი იგი სწორედ სიკვდილის შიშის გამო თესავს სიკვდილს ისევე, როგორც ბატონის ძალადობას ძალაუფლებისადმი მისი მონური დამოკიდებულება განაპირობებს.
შიში და მონობა ურთიერთკავშირშია და უმძიმესი შედეგებით ვლინდება. ამიტომაც სულიერი ფერისცვალების პროცესი აუცილებლად შიშსა და მონობაზე გამარჯვებას გულისხმობს.
ცნობილი მოძღვარი, წმინდა სერაფიმე საროველი წერს: "ამქვეყნად მყოფმა ადამიანმა რომ იცოდეს, რა ნეტარება ელოდებათ მათ, ვინც გახდება ღირსი სამოთხისა, ათას წელს ტანჯვითა და საშინელი წამებით ცხოვრებაზეც სიამოვნებით დათანხმდებოდა, ოღონდ ზიარებოდა ზეციური სასუფევლის საოცრებებს".
ღვთის მოწყალებით, წუთისოფელში ჩვენი მყოფობის ჟამი არ არის ხანგრძლივი. მართლაც, წუთია იგი მარადიულობასთან შედარებით. მაშ, ვისაც გონიერება აქვს, დაიწყოს ბრძოლა ცოდვის მონობისაგან გასათავისუფლებლად და ღვთის ჭეშმარიტი ძეობის მოსაპოვებლად, რისთვისაცაა იგი მოწოდებული.
უმაღლეს ხელისუფალთაგან დაწყებული და სულ უბრალო ადამიანებით დამთავრებულნი არიან თანაზიარნი და შვილნი სასუფევლისა. მაგრამ უმაღლეს ხელისუფალთაგან დაწყებული და სულ უბრალო ადამიანებით დამთავრებულნი ასევე არიან მკვიდრნი ჯოჯოხეთისა.
დიახ, თითოეული ჩვენგანის წინაშეა თავისუფალი არჩევანის შესაძლებლობა: ან მარადიული სიცოცხლე და ნეტარება, ან მარადიული სიკვდილი და სატანჯველი! მესამე გზა, უბრალოდ, არ არსსებობს.
ძენო და ასულნო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიისა, ქრისტესთან თანაზიარებით იწყება თქვენს ცნობიერებაში მანამდე არსებული ყველა ღირებულების სრული შეცვლა; ჩნდება აბსოლუტურად სხვა გაგება სიყვარულისა, სიკეთისა და ბოროტებისა, იღვიძებს სრულიად დახურული შრეები და სიღრმეები გულისა და გონიერებისა; თანდათან ქრება შიში სიკვდილისა და შემოდის მანამდე უცნობი განცდა ჭეშმარიტი თავისუფლებისა, ნეტარებისა; სინათლითა და სიხარულით ივსება სული და ისადგურებს დიადი მშვიდობა საკუთარ თავთან, გარემოსთან და ღმერთთან შერიგებისა. მაშ, შესვით მარადიული სიხარულით სავსე ფიალა უფლისმიერი დიდი წყალობისა, რადგან "საგზალი ცოდვისაი სიკვდილი არს, ხოლო ნიჭი ღმრთისაი – ცხოვრებაი საუკუნოი ქრისტე იესუის მიერ" (რომ. 6,23).
ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეშობის ბრწყინვალე დღესასწაულსა და ახალ წელს!
გიყვარდეთ ერთმანეთი, რათა უფალმაც შეგიყვაროთ.
ქრისტეშობის მადლი გეწეოდეთ! იხარეთ, ორსავ სოფელსა შინა.
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.
ქრისტეშობა
თბილისი, 2001/20002 წწ.
საშობაო ეპისტოლე - 1984
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს, ღვთისმშობლის წილხვდომილ საქართველოს მკვიდრთ და უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეთ
ნუ ჰკურნებ ბოროტსა ბოროტითა (წმ. ბასილი დიდი)
ღვთის წყალობით კვლავ ვეგებებით სასიხარულო და საზეიმო დღეს - ქრისტეს შობის დღესასწაულს.
ბეთლემი... რა საოცრად ახლობელი და ძვირფასია ეს სიტყვა ყოველი ქრისტიანისთვის. იდუმალი ღამის სიჩუმეში სწორედ აქედან მოეფინა მსოფლიოს ანგელოზთა გალობა: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14).
მთელი სამყარო, კაცობრიობა მოუთმენლად ელოდა მაცხოვრის მოვლინებას დედამიწაზე, ბოლოს აღსრულდა იმედი ხალხთა და ყოველთა მოიღეს შვილებაჲ ზეციური მამისაგან (გალატელთა 4,5) - იშვა ქრისტე, განახლდა იმედი, აღორძინდა სიყვარული. უფლის განხორციელებით აღდგა არა მარტო პირვანდელი კავშირი ღმერთსა და ადამიანს შორის, არამედ უმაღლესი ერთობა შემოქმედსა და ყოველივე ქმნულს შორის.
სული ქრისტიანისა, ანუ სული ყოველი ადამიანისა, რომელმაც ირწმუნა ქრისტეს შობა და მიიღო საიდუმლო ნათლისღებისა, სავანეა მამა ღმერთისა, ძისა და სულისა წმიდისა. თვით მაცხოვარი ბრძანებს: უკუეთუ ვისმე უყუარდე მე, სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს და მამამანცა ჩემმან შეიყუაროს იგი, და მოვიდეთ მისა და მის თანა დავადგრეთ (იოანე 14,23).
უფლის განკაცების წყალობით გარდაიქმნა პიროვნება, შეიცვალა მისი ზნე-ჩვეულებები. იესოს მადლით გამოხსნილმა ადამიანმა სულ სხვანაირად დაიწყო სამყაროს აღქმა. თუ ძველი აღთქმით დაშვებული იყო თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ (გამოსვლათა 21,24), ქრისტიანული სამყაროს საფუძვლად იქცა სიყვარული, ძმობა და ხალხთა შორის მეგობრობა განურჩეველად ეროვნებისა, ენისა, რასისა. თვით უფალი ასე განმარტავს ქვეყნად თავისი მოვლინების მიზანს: ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ, ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ (იოანე 3,16). გონებისათვის მიუწვდომელი ამ მსხვერპლის წყალობით განქარდა ზღუდე ღმერთსა და კაცს შორის, ადამიანს კვლავ განეღო სამოთხის კარი, გამოჩნდა გზა მარადიული ცხოვრებისაკენ.
სახარებიდან ვიცით, აღმოსავლელმა მოგვებმა ბეთლემში შობილ მაცხოვარს თაყვანისცემის ნიშნად მიართვეს ოქრო, გუნდრუკი და მური. ჩვენ რაღას შევთავაზებთ ახლადშობილ ქრისტეს? ერთ საშობაო ლოცვაში წერია: მიუძღვენით მას რწმენა ნაცვლად ოქროისა, სიყვარული კეთილსურნელოვანი ნელსაცხებლის მაგიერ და საქმენი კეთილნი საკმევლისა წილ, ანუ მიართვით მას ცხოვრება თქვენი.
ქრისტიანული ცხოვრება გულისხმობს ყოფნას ღმერთში, ზრუნვას მოყვასისათვის, ესაა გზა ჯვარისმტვირთველისა, განსაცდელით სავსე ცხოვრების ზღვაში ცურვაა იგი. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი გვასწავლის: "უკეთუ ნავი შენი ჯერეთ არა დაბმულ იყოს ნაპირსა ზღვისასა, ნუ მოიწონებ თავსა მგზავრობისა კეთილად დამთავრებითა, რამეთუ არიან მრავალნი, რომელნი დაინთქნეს წინაშე ნავსაყუდელსა" (გრ. ღვთისმეტყვ. შრომები, ტ. II, გვ, 228).
ცხოვრება უნდა აღვიქვათ ისე, როგორიც ის სინამდვილეშია, უნდა დავინახოთ და გავარჩიოთ, რა არის კეთილი, რა - ბოროტი და ამის მიხედვით ავირჩიოთ ჩვენი გზა. ცხადია, თუ ერთ გზაზე დავდგებით, მეორეს უარვყოფთ და ვაი მათდა, რომელნი იტყვიან ბოროტსა კეთილად (ესაია 5,20).
ბოროტისადმი წინააღდგომა ჭეშმარიტ ქრისტიანს ავალდებულებს უყვარდეს ქვეყანა, უყვარდეს ადამიანი, ბუნება... მისი მოქმედება უნდა ეფუძნებოდეს თითოეული პიროვნების პატივისცემასა და მისთვის გულშემატკივრობის განცდას, შინაგან მოთხოვნილებას, მხარში ამოუდგეს გაჭირვებულს. განა არის რაიმე იმაზე სასიამოვნო, შეძლო, რითიმე დაეხმარო განსაცდელში მყოფს?!
სიყვარული ნეტარებაა, სიძულვილი - ტანჯვა. სიყვარულს ადამიანისა ღმერთთან მივყავართ. "მოყვასი არს მიზეზი ვითარცა ცხოვნებისა, ეგრეთცა წარწყმედისა სულისა ჩუენისა. უკეთუ შეიძინო ძმაჲ, ჰპოვებ უფალსა, და შეიყუარე იგი ესრეთ, ვითარმედ არა განურისხდე და ავსა მისსა ნუ მოიხსენებ, იყავ მშვიდობის მყოფელ, დაუთმე, უკეთუ ესე შესაძლებელ იყოს, განერიდე სიტყვის მიგებასა და დავასა", - წერს ღირსი მამა ანტონ დიდი (შრ. 5. გვ. 88); ხოლო ბრძენი სოლომონი გვასწავლის: რომელმან ყოს კეთილისათვის ბოროტი, არა მოაკლდეს სახლსა მისსა ძჳრი (იგავნი 17,13).
ერთ-ერთი დიდი მადლი, რომელიც აუცილებელია თითოეული ჩვენგანისათვის, არის მშვიდობა, ამ სიტყვის ფართო გაგებით: მშვიდობა ღმერთთან, მშვიდობა მოყვასთან, მშვიდობა ბუნებასთან, მშვიდობა საკუთარ თავთან - აი, ის პირობები, რაც აუცილებელია ადამიანის ნორმალური ფიზიკური და სულიერი განვითარებისათვის. როგორც გაზაფხულის მზის მაცოცხლებელი სხივები აღვიძებს მიძინებულ ბუნებას, ასევე მშვიდობაც ხელს უწყობს გამოვლინდეს ღვთის მიერ ადამიანისათვის მინიჭებული შემოქმედებითი ენერგია.
პირველმამის, ადამის სახით კაცმა დაკარგა მშვიდობა ღმერთთან. მშვიდობა მოყვასთან დაარღვია ადამის ძე კაენმა, თანამედროვე ადამიანი კი მოსწყდა ბუნებას; ყოველივე ამის შედეგად დავკარგეთ შინაგანი მშვიდობა. ცნობილი ქართველი მწერალი და საზოგადო მოღვაწე სულხან-საბა ორბელიანი ამბობს: "სადა არა არს ამბოხებაჲ, ბრძოლა და ტაცებაჲ, მუნ არს მშვიდობაჲ".
მშვიდობისადმი მოწოდება განსაკუთრებული ძალით გაისმა ქრისტიანობაში. ანგელოსთა გალობა - დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ - მაცხოვრის შობისას რომ მოეფინა ქვეყანას, ღვთის მცნებად იქცა ყოველი ქრისტიანისთვის.
"რაჲ უმჯობეს არს სულთა ჩვენთათვის, ანუ უმეტეს კეთილ ამა ჟამად? ესე იგი არს, რომელი მეტობს ყოველთა სწავლათა და რომლისგანცა მომდინარეობს სარგებელი უფროჲსი ყოვლისა, - მშვიდობისათვის ვიტყჳ. ხოლო უფროჲსი ყოველთა სამწუხარო და შემაჭირვებელ არს განწვალებაჲ ანუ მტერობაჲ", - წერს წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (შრ. 3, 1844, გვ. 135). "რომელნი ეძიებენ საწუთროსა შინა სიტკბოებასა, მშვიდობიანი ყოფის უკეთესს ვერარას პოვებენ. ყოველი რაიცა სახელ-იდების სიკეთედ და მშვენივრად, ჭეშმარიტად კეთილ არს, უკეთუ თანაზიარ არს იგი მშვიდობასა", - ვკითხულობთ წმ. გრიგოლ ნოსელთან.
ბიბლიაში თითქმის ორასჯერ მეორდება მოწოდება ღვთისა იმის თაობაზე, რომ ვესწრაფვოდეთ ხალხთა შორის მშვიდობიან ურთიერთობას, გვიყვარდეს მშვიდობა, ველტვოდეთ მას. მშვიდობამან ღმრთისამან, რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა, შეზღუდენინ გულნი თქუენნი და გონებანი თქუენნი ქრისტე იესუის მიერ... ძმანო, რაოდენი არს ჭეშმარიტ, რაოდენი პატიოსან, რაოდენი მართალ, რაოდენი წმიდა, რაოდენი საყუარელ, რაოდენი საქებელ, რაოდენი სათნო და რაოდენი ქებულ, მას ზრახევდით - გვასწავლის პავლე მოციქული (ფილიპელთა 4,7-8). ასე ცხოვრობენ ნამდვილი ქრისტიანები და, როგორც კეთილ საქმეთა ჯილდოს, უფლისაგან სულიწმიდის დიდ მადლს იღებენ. ხოლო ნაყოფი სულისაი არს: სიყვარული, სიხარული, მშვიდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ (გალატელთა 5,22-23). წმ. ბასილი დიდი წერს: "რომელი ეძიებს მშვიდობასა, იგი ეძიებს ქრისტესა, რამეთუ თავადი იგი არს მშვიდობაჲ ჩუენი".
ქადაგება მშვიდობისა, მსახურება მშვიდობისათვის ქრისტიანული ეკლესიის უმთავრესი ამოცანაა. განსაკუთრებით ეს ითქმის დღევანდელ დღეზე, როდესაც ასე სწრაფი ცვლილებები ხდება ჩვენს პლანეტაზე, გამძაფრებულია საერთაშორისო მდგომარეობა, გვემუქრება თერმობირთვული ომის საშიშროება.
ზოგიერთი ფიქრობს, რომ ბირთვული კატასტროფა და აქედან გამომდინარე დედამიწაზე სიცოცხლის მოსპობის საფრთხე შედეგია მეცნიერებისა და ტექნიკის სწრაფი განვითარებისა, მეცნიერულ-ტექნიკური რევოლუციისა. ეს მცდარი განსჯაა. სინამდვილეში მეცნიერებამ და ტექნიკამ ახალი გზები და საშუალებები გამოავლინეს ადამიანის განვითარებისათვის. მთელი უბედურება ისაა, რომ ამ მეცნიერულ მიღწევებს კაცობრიობა სულიერად და მორალურად მოუმზადებელი შეხვდა და სიკეთის ნაცვლად იგი ზოგიერთმა ბოროტების სათავედ აქცია.
დღეს ყოველმხრივ უნდა ვეცადოთ შევინარჩუნოთ ადამიანთა, ხალხებსა და სახელმწიფოთა შორის მშვიდობა და გავუფრთხილდეთ მას, როგორც ღვთისგან ბოძებულ უდიდეს მადლს, როგორც ჩვენი ყოფის ყველაზე აუცილებელ პირობას.
ჩვენი ქვეყნის რელიგიურ გაერთიანებათა და ეკლესიათა მეთაურების 1983 წლის 27 ნოემბრის განცხადებაში ნათქვამია:
"ბირთვული ომი მიგვაჩნია უმძიმეს დანაშაულად უმაღლესი ძალის, შემოქმედისა, და თვით კაცობრიობის წინაშე.
პიროვნება უფლისგან მოწოდებულია იცხოვროს მთელი სისავსით, განამრავლოს სულიერი ღირებულებანი, სრულყოს თავისი ყოფის მატერიალური მხარე, დაამყაროს კეთილი ურთიერთობა სხვა ადამიანებთან და ხალხებთან სამართლიანობის, ჭეშმარიტებისა და სიყვარულის საფუძველზე".
ქრისტიანობა სიყვარულის რელიგიაა; აი, რას ამბობენ წმ. მამები: ყოველი, რომელსა უყუარდეს, ღმრთისაგან შობილ არს (I იოანე 4,7); სიყუარული ნიშნავს ყოფნას ერთ სულად, ხოლო სიყუარული უფლისა, ამასთან ერთად გზაი არს განღმრთობისა (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, ტ. II. გვ. 312).
ჭეშმარიტად, სიყვარულია ერთადერთი გზა, რომელსაც ღმერთთან მივყავართ: მოვიტან მაგალითს IV ს-ის კაპადუკიელი წმ. მამის - ბასილი დიდის ცხოვრებიდან, როგორც ნიმუშს ქრისტიანული სიყვარულისა და მოყვასისათვის ზრუნვისა.
კესარია-კაპადუკიის მთავარეპისკოპოსმა ბასილი დიდმა ერთ დღეს გადაწყვიტა, სტუმრებოდა თავისი ეპარქიის მღვდელს. დიდი სიხარულით შეხვდნენ მეუფეს მღვდელი ანასტასი და მისი მეუღლე თეოგნია. როგორ ცხოვრობო? - ჰკითხა ბასილი დიდმა. - ცოდვილი ვარო, - მიუგო მღვდელმა, - ორი უღელი ხარი მყავს. ერთ უღელს მე ვამუშავებ, მეორეს დაქირავებული კაცი. შემოსავლის ნაწილს ღარიბ-ღატაკთ და მწირებს ვურიგებ, ნაწილით კი გადასახადს ვისტუმრებ. ჩემი მეუღლეც მეხმარება, გვემსახურება მე და გლახაკთ.
- მითხარ, რა სიკეთე გიქმნია?
- არაფერი - იყო პასუხი.
მაშინ წმ. ბასილი ერთ-ერთი ოთახის დაკეტილ კართან გაჩერდა და მისი გაღება მოითხოვა. მღვდელი შეეცადა, გადაეფიქრებინა მეუფისათვის იქ შესვლა, არწმუნებდა, მანდ სამეურნეო ნივთების გარდა არაფერიაო. - მე სწორედ ამ ნივთების სანახავად მოვედი, - თქვა წმიდანმა.
გახსნეს კარი. მათ თვალწინ მძიმე სურათი გადაიშალა: სარეცელზე იწვა კეთროვანი, რომელსაც ნაფლეთებად ეკიდა ხორცი. იგი სადღაც ქუჩაში ეპოვათ ანასტასისა და თეოგნიას, სახლში წამოეყვანათ და უვლიდნენ (საერთოდ ჩვევად ჰქონდათ, სხვათათვის დაფარულად ეპატრონათ მძიმე ავადმყოფებისათვის).
რად მიმალავდი ამ საუნჯესო - ჰკითხა მთავარეპისკოპოსმა.
- ეს კაცი ნერვიულია - უპასუხა მღვდელმა - არ მინდოდა მევჩვენებინა, ვშიშობდი, დაუფიქრებელი სიტყვით არ შეურაცხეყო თქვენი სიწმიდე.
მღვდელმთავარმა სთხოვა ანასტასის, ნება დაერთო, ერთ ღამეს მაინც მომსახურებოდა კეთროვანს, რათა მასაც ჰქონოდა წილი იმ დიდ ჯილდოში, რასაც მღვდელი და მისი ოჯახი უფლისაგან მიიღებდა. და დარჩა იმ ღამეს ბასილი დიდი, ლოცვაში დაათენდა, დილით კი უკვე განკურნებულ ავადმყოფთან ერთად გამოვიდა ოთახიდან.
აი, როგორ უნდა გვწამდეს, როგორ უნდა ვემსახუროთ მოყვასს. "სრულყოფილი სიყვარული ერთნაირად ჰყვარობს ყოველთა, კეთილთ - ვითარცა მეგობართა, უკეთურთ - ვითარცა მტერთა, რომელთაც სწყალობს, მომთმინე და მშვიდია შეურაცხყოფასა მათსა ზედა და ბოროტითა არა მიაგებს. ხოლო განიცდის და იტანჯება მათთვის და თუ მიზეზი რაიმე მიეცეს, ჰყოფს მათ მახლობლად თვისა" (მაქსიმე აღმსარებელი).
ერთხელ იოანე კიბისაღმწერელთან მივიდნენ გლეხები და დაიწყეს ჩივილი, ძნელიაო სულის ცხონება, ოჯახური და ყოფითი საზრუნავი ბევრი გვაქვსო - იმართლებდნენ თავს. წმიდა მოღვაწემ მიუგო: "რაოდენცა შესძლებთ კეთილ საქმეთა ქმნას, ქმენით, ნუ იტყვით ძვირსა ძმისასა, ნუ იპარავთ, ნუ ცრუობთ, ნუ განდიდდებით, ნუ გძულთ ვინმე, საეკლესიო ღვთისმსახურებას ნუ მოსწყდებით, განიკითხეთ გლახაკი, ნუ ვის აცდუნებთ, დაიცევით სიწმიდე ოჯახისა... და თუ ყოველსა ამას ესევითარ ჰყოფთ, არა შორსა ხართ სასუფეველსა ცათასა" (იოანე კიბისაღმწერელი, კიბე, 1851, გვ.11).
ქრისტეს შობით თვით ღვთაებრივი სიყვარული გარდამოხდა ზეცით და აღიღო ცოდვანი სოფლისანი, რათა შეემსუბუქებინა ჩვენთვის ტვირთი იმ გზაზე, რომელსაც ღმერთთან და ადამიანთან მივყავართ. ბეთლემში იმ საკვირველ ღამეს აღსრულდა ღვთის სიტყვები; მე ვარ რომელი ვიქმ მშვიდობასა (ესაია 45,7).
ჰყოფდით ურთიერთას მშვიდობასა! - მოწაფეებისადმი მიმართული ამ სიტყვებით მაცხოვარმა ადამიანურ ურთიერთობათა დაურღვეველი კანონი დაგვიწესა. ამისკენვე მოგვიწოდებს პავლე მოციქული: მშჳდობაჲ იგი ღმრთისაჲ განმტკიცენინ გულთა შინა თქუენთა, რომლისა მიმართცა - იგი ჩინებულ ხართ (კოლასელთა 3,15).
განწმენდილ გულზე დაფუძნებული მშვიდობა დაუშრეტელი წყარო და ძალაა ადამიანის მიახლოებისათვის ღმერთთან და მოყვასთან, რის შედეგადაც თითოეული ჩვენგანის შინაგანი მშვიდობა საკაცობრიო მშვიდობად იქცევა. წმ. ესაიამ ხალხთა შორის ყოვლისმომცველი მშვიდობისა და ერთობის შესახებ იწინასწარმეტყველა, რომ დადგება ის ღვთივკურთხეული დრო, როცა ადამიანები დასჭრიან მახვილებსა მათსა სახნისად, და ლახვრებსა მათსა ნამგლად; და არა აღიღოს ნათესავმან ნათესავსა ზედა მახვილი, და არღა ისწავებდნენ მერმედ ბრძოლასა (ესაია 2,4).
შეკავშირებისა და ურთიერთგაგებისაკენ მოგვიწოდებს უფალი და მწამს, ასეთი დღე დადგება, რამეთუ თვით თავადი იგი ბრძანებს: ჴმისა ჩემისაი ისმინონ და იყვნენ ერთ სამწყსო და ერთ მწყემს (იოანე 10,16).
საყვარელნო შვილნო ჩემნო! გილოცავთ ქრისტეშობის დიად დღესასწაულს. დაე, ბეთლემში შობილმა მაცხოვარმა მოგვმადლოს ნანატრი მშვიდობა და თავისი ღვთაებრივი სიყვარულით გაგვითბოს გაციებული გულები. დაე, იყოს ეს ახალი წელი მშვიდობიანი და ღვთივკურთხეული თითოეული ჩვენგანისათვის, ჩვენი ქვეყნისა და მსოფლიოსათვის!
ესევდ უფალსა და ყავ სიტკბოებაჲ, დაემკვიდრე ქუეყანასა და დაემწყსო სიმდიდრესა ზედა მისსა, იშუებდ უფლისა მიმართ და მან მოგცეს შენ თხოვაი გულისა შენისაი (ფსალმუნი 36,3-4). და იყავნ თქუენ თანა მადლი, წყალობაჲ და მშვიდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა მიერ იესუ ქრისტესა ძისა მისისა ჭეშმარიტებით და სიყუარულით (2 იოანე 1,3), ამინ!
ქრისტეს შობა,
თბილისი,
1983-1984 წწ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
თაყვანსა ვსცემთ შობასა შენსა ქრისტე!
დღევანდელი დღე დიდ სასიხარულო დღედ ითვლება ყველა ქრისტიანეთათვის; დღეს ვდღესასწაულობთ იესო ქრისტეს, ჩვენი მაცხოვრის შობას. დღეს ამობრწყინდა მზე სიმართლისა და მოეფინა კაცობრიობას ნათელი ჭეშმარიტებისა. ყოველს თქვენგანს თუ არა, კეთილ მორწმუნენო ქრისტიანენო, ზოგიერთებს მაინც გაუგონიათ, წაუკითხავთ, თუ როგორ სიბნელეში იმყოფებოდა კაცობრიობა ქრისტეს მოსვლამდინ.
მან არ იცოდა ვინ იყო ღმერთი, ვისთვინ და როგორ უნდა ეცა თაყვანი. უმეტესი ნაწილი კაცობრიობისა კერპებსა სცემდა თაყვანს, მცენარეებს, ცხოველებს, მნათობებს აღმერთებდა, მათ ევედრებოდა და მსხვერპლად ხშირად ადამიანსაც სწირავდა. "პატივსა სცემდნენ და მსახურებდნენ დაბადებულთა უფროს დამბადებელისა" (რომ. 1, 25), და იმოდენად გონება დახშულნი იყვნენ, არ ესმოდათ. თუმცა უმცირეს ნაწილს კაცობრიობისას, ე. ი. ებრაელებს, სწამდათ ჭეშმარიტი ღმერთი, მაგრამ ის თითქოს საკუთრებად მიაჩნდათ; უწოდებდნენ ღმერთს აბრაამისას, ისააკისას და იაკობისას, ღმერთს ისრაელებისას. ეგონათ, ჭეშმარიტი ღმერთი იმათ ღმერთად უნდა ითვლებოდეს და არა მთელი კაცობრიობისა. ამასთან ფიქრობდენ, რომ ღმერთი დაუსჯელად არ დასტოვებს კაცს, თუ მან შესცოდა, თუნდაც ეს თავისი ცოდვა მოინანიოს.
არ იცოდა აგრეთვე, თუ როგორი დამოკიდებულება უნდა ყოფილიყო კაცთა შორის. ურთიერთშორის დამოკიდებულებას არ ეტყობოდა სიყვარული. ერთმანეთის გულისათვის თავდადება. ყოველი კაცი თავის ინტერესებს იცავდა. თუ ვინმე გცემდა პატივს, მისთვის, რომ სამაგიერო მიეღო. თუ ვისმეს რამეს დაუშავებდი, აწყენინებდი, უსათუოდ სამაგიეროს გადაგიხდიდა. მარტოკა წარმართებს, კერპთაყვანისმცემლებს კი არა, ებრაელებსაც ასე ესმოდათ ცხოვრება. სიტყვები: „თვალი თვალისა წილ და კბილი კბილისა წილ" (ლევ. 24, 20), "შეიყვარო მოყვასი შენი და შეიძულო მტერი შენი", ნათლად ხატავენ მაშინდელ წეს-წყობილებას, კაცთა ურთიერთ შორის დამოკიდებულებას. ამასთან ზოგნი ფიქრობდენ, ჩვენი მოყვასი არის ის, ვინც ჩვენი ტომისაა. ზოგნი მოყვასად სთვლიდნენ, ვინც მათი სარწმუნოებისა იყო. სხვებს კი მტრულის თვალით უცქეროდნენ. იმ დროს მთელი კაცობრიობა ორ ნაწილად იყოფოდა. ერთ ნაწილს შეადგენდნენ თავისუფალი მოქალაქენი, ბატონები, მეორეს - მონები, იმათი ყმები. პირველნი ისე ეპყრობოდნენ მეორეებს, როგორც ცხოველებს, პირუტყვებს: უნდოდათ - გაყიდდნენ, უნდოდათ - დააგირავებდნენ, უნდოდათ - დახოცავდნენ. ასე გასინჯეთ, ცხოველებს უფრო შებრალება ჰქონდათ, ვინემ მონებს. მაგ. თუ ვინმე ხარს, როცა უღელში ება, მოკლავდა, სიკვდილით დაისჯებოდა, და თუ მონას, - არავითარი სასჯელი არ მოელოდა. მდიდარ მოქალაქეთა სახლების შესავალ კარებთან დღე და ღამე მონები ჰყავდათ ოთხფეხივით მიბმულნი, რათა ქურდებისა და ავაზაკებისაგან დაეცვათ. გასართობად, დროების გასატარებლად მონებს ერთმანეთთან აჩხუბებდნენ, აომებდნენ, ერთმანეთის სისხლს აღვრევინებდნენ და ამით სტკბებოდნენ. ტრაიანი საუკეთესო მოქალაქეთაგანი იყო რომის სახელმწიფოში და მის შესახებ ისტორია გადმოგვცემს, რომ 10, 000 მონას უნდა ეომნათ, ეჩხუბნათ მთელი დღის განმავლობაში და ამით ხალხი გაერთოთ. დიდი ზღუდე ჰყოფდა მონებს თავისუფალთაგან. მათ შორის არავითარი ძმური, კაცობრიული კავშირი არ სუფევდა. პირველები თითქმის არც ითვლებოდნენ ადამიანებად. რაც შეეხება საწყლებს, დავრდომილებს, გლახაკებს, მათი შეწყალება-შებრალება არავის აღონებდა. იმათ მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ხომ არავინ იტკივებდა თავს. პირიქით, მათ ერიდებოდნენ, საძრახისად მიაჩნდათ გლახაკის შემწეობა. რომ შეემჩნია ვისმეს ნაცნობისათვის გლახაკებისადმი გულშემატკივრობა, გაკიცხავდა, სასაცილოდ აიგდებდა. "ნუ თუ იმოდენად დაეცი, რომ გლახაკებს, მათხოვრებს შენთან მსვლელობა აქვთ და შენგან შემწეობას იღებენ?" ჰკითხავდა. გაბრაზებული პლავტი სწერს: ცუდ სამსახურს უწევენ გლახაკებს, ვინც მათ შემწეობას უჩენენ, რადგან ამით მათ მდგომარეობას ხანგრძლივად ჰყოფენ. პლატონი, ეს პირველი ნასწავლთაგანი, გამოჩენილი ფილოსოფოსი იმ დროისა, ამბობს: "გლახაკები განდევნილნი უნდა იყვნენ სახელმწიფოთგანო". ებრაელები კიდევ იმას ამბობდენ, რომ გლახაკები, მახინჯები ღვთისაგან არიან დასჯილნიო, ან თავის, ან დედ-მამის ცოდვების გამო (იოან. 9), ამისათვის ღირსნი არ არიან, კაცმა ისინი შეიწყალოს და მათ შემწეობა აღმოუჩინოსო". ახლა ოჯახში, ცოლქმარს შუა, შვილებსა და დედმამას შუა რა დამოკიდებულება იყო? ქმარი ბატონად ითვლებოდა, ცოლი კი მხევალი იყო, როგორ შეეძლო ცოლს რამე წინააღმდეგობა გაეწია ქმრისათვის? არა ჰქონდა ქმარს არავითარი უფლება არამც თუ საზოგადო საქმეებში, არამედ თავისი ოჯახის ასე თუ ისე მოწყობაში რამე მონაწილეობა მიეღო და თავისი აზრი გამოეთქვა. ასე გასინჯეთ, მამა-კაცებთან ჯდომა, მათთან ერთად პურის ჭამაც კი არ შეეძლოთ დედა-კაცებს, ნამეტურ, თუ ვინმე სტუმართაგანი გარეშე კაცი შეესწრებოდა. ქმრებს უფლება ჰქონდათ, როცა მოინებებდნენ თავიანთი ცოლები გაეგდოთ, შიშველ-ტიტველნი, მშიერ მწყურვალნი დაეყარათ. შვილების შესახებ მამას დიდი უფლება ჰქონდა: თუ უნდოდა, გაზრდიდა, თუ არა, ნება ჰქონდა გადაეგდო და ვინც მას აიყვანდა, როგორც უნდოდა, ისე მოეპყრობოდა. სახელმწიფო კანონები არამც თუ სჯიდნენ მკაცრ, სასტიკ დედმამას, პირიქით ხელს უწყობდნენ. ლამაზ საღ ბავშვებს ინახავდნენ და ზრდიდნენ; სუსტებს, მახინჯებს კი ყრიდნენ, ვითომც კატის კნუტები იყვნენ. ამნაირი ჩვეულებების წინააღმდეგ სრულებითაც არ იღებდნენ ხმას იმნაირი გამოჩენილი ფილოსოფოსებიც კი, როგორებიც იყვნენ არისტოტელე, პლატონი, რადგან მათი და სხვების მოსაზრებით, მამულის მტრისაგან დასაცველად სუსტი კაცი ვერ გამოდგება, საჭიროა ჯანსაღი მეომარი, მხედარი. საღი ბავშვების გაზრდისათვის კი ყველა დედები იწუხებდნენ თავს? სრულებითაც არა. თუ ვისმეს რამე შეძლება ჰქონდა, სახსარი მოეპოვებოდა, შვილის აღზრდას ერიდებოდა, როგორც საძრახ საქმეს. ქირაობდნენ აღმზრდელებს, რასაკვირველია, ღარიბ, დაბალ, უვიც ხალხისგან და ისინი ზრდიდნენ, როგორც უნდოდათ. დედა შეიძლება ათასში ერთხელ დედინაცვალივით გაუღიმებდა, მოუალერსებდა თავის შვილს.
გამოცხადდა მაცხოვარი, აღმობრწყინდა მზე სიმართლისა, მოეფინა სოფელს ნათელი ჭეშმარიტებისა. იესო ქრისტემ და მისმა მოციქულებმა ამცნეს კაცობრიობას: ვინ არის ღმერთი, ვინ არის ჩვენი შემქნელი და მსაზრდოებელი, განუმარტეს, თუ როგორ უნდა ვსცეთ თაყვანი და რითი შეგვიძლია მოვიპოვოთ სიყვარული ყოვლად მოწყალე, ყოვლად კეთილ ზეციერ მამისაგან. თავის სწავლა დარიგებაში არა ერთხელ გვიმტკიცებენ, რომ ღმერთი - ღმერთია არა ერთი რომელიმე ხალხისა, როგორც ფიქრობენ ებრაელები, არამედ ყველასი: არა არს ურიაობა, არცა წარმართება - ამბობს პავლე მოციქული, არამედ განურჩევლად შვილები ვართ ერთი ღმერთის, ზეციური მამისა (გალ. 3, 28; რომ. 10, 12; კოლ. 3, 11). ჩვენს და ღმერთს შუა მამაშვილური დამოკიდებულება არის. ყოველივე მისი მოქმედება ჩვენ შესახებ განუსაზღვრელ სიყვარულით არის აღბეჭდილი; თუ ვინმე შესცოდავს (უციდველი კი არავინ არა ვართ) და ამ ცოდვას იგრძნობს, შეინანიებს და გულმოდგინედ შეევედრება, სთხოვს პატიებას, ყოველთვის მზად არის მისი ვედრება შეიწყნაროს (ლუკ. 15).
აგრეთვე უჩვენეს კაცობრიობას ახალი გზა, თუ როგორ უნდა მოეწყო მას ოჯახი და საზოგადოებრივი ურთიერთშორის განწყობილება. დედაკაცს მიენიჭა შესაფერი უფლება: "არა არს რჩევა მამა-კაცისა, არცა დედა-კაცისა" (გალ. 2, 28); ცოლი ქმრის ამხანაგად, თანაშემწედ უნდა ითვლებოდეს, ცოლ-ქმარი ერთ ადამიანს შეადგენსო. პავლე მოციქულის სიტყვები: "ქმართა გიყვარდენ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყვარა ეკლესია და თავი თვისი მისცა მისთვის, ესრეთ ჯერ არს ქმართა, ცოლთა თვისთა სიყვარული, ვითარცა ხორცთა თვისთა, რამეთუ რომელსა უყვარდეს ცოლი თვისი, თავი თვისი უყვარს, რამეთუ არავინ, სადა თავი თვისი მოიძულოს, არამედ ზრდიან და ფუფუნებენ მას, ვითარცა ქრისტე ეკლესიას" (ეფეს. 5, 25 – 29), თვალსაჩინოდ გვიხატავენ, რა დამოკიდებულება უნდა იყოს ცოლქმარს შუა. ტყუილა უბრალოდ ქმარს ცოლის გაგდება არ შეუძლია და აგრედვე ცოლიც მოვალეა თავის ქმარს ურჩობა არ გაუწიოს, არამედ ყოველთვის ცდილობდეს თვისი კარგი ყოფაქცევით მისი სიყვარული და ერთგულობა დაიმსახუროს. "ქმართა გიყვარდეთ ცოლნი თვისნი და ნუ გამწარდებით მათდა მიმართ, ცოლსა ქმარი იგი თანანადებსა პატივსა მისცემდინ, ეგრეცა ცოლი ქმარს. ცოლი თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ქმარი, ეგრეცა ქმარიც თვისთა ხორცთა ზედა არა უფალ არს, არამედ ცოლი (1კორ. 7, 3-5). დედმამას სავალდებულოდ გაუხადეს შვილების აღზრდა: "ნუ განარისხებთ შვილთა თქვენთა, არამედ განზარდენით იგინი სწავლითა და მოძღვრებითა უფლისათა" (ეფ. 6, 4), გვეუბნება იგივე მოციქული. სამაგიეროდ შვილებმაც უნდა გაუგონონ, დაუჯერონ დედ-მამას: "შვილნი მორჩილნი იყვენით მამა-დედათა თქვენთა უფლისა მიერ, რამეთუ ესე არს სამართალ“ (ეფეს. 6, 1), იძლევა დარიგებას იგივე პავლე მოციქული.
თუ წინად ხელმძღვანელობდენ თავიანთ დროებითი პიროვნული ინტერესებით, მაცხოვარმა წინააღმდეგ ამისა სულ სხვანაირი დარიგება მოგვცა: გიყვარდეთ მტერნი თქვენნი და აკურთხევდით მწყევართა თქვენთა და კეთილსა უყოფდით მოძულეთა თქვენთა და ულოცევდით, რომელნი გმძლავრობდენ თქვენ და გდევნიდენ თქვენ; რომელმან გცეს შენ ყვირიმალსა შენსა, მარჯვენეცა მიუპყარ მას ერთ კერძოცა; იყვენით თქვენ შვილ მამისა თქვენისა (მათ. 5, 44; 18, 22; ლუკ. 6, 29).
გაისმა ხმა: არა არს მონება, არცა აზნაურობა (გალ. 3, 28), ე.ი. ის გარჩევა, განსხვავება, რომელიც ქრისტეს მოსვლამდის სუფევდა კაცთა შორის, უკანონოდ დასახა პავლე მოციქულმა. მონას შეუძლია იყოს თავისუფალი და აზნაური კი მონად ჩაითვალოს, თუ პირველი მიიღებს სწავლა-დარიგებას და ჭეშმარიტ გზას დაადგება, და მეორე კი იმოქმედებს წინააღმდეგ. "ჭეშმარიტებამან განგათავისუფლენ თქვენ", ამბობს მაცხოვარი, და "ყოველმან, რომელმან ჰქმნეს ცოდვა, მონა არს იგი ცოდვისა" (იოან. 8, 32-34).
გლახაკების შეწყნარება, შეცოდება და შებრალება სავალდებულოდ გაგვიხადა მაცხოვარმა ყველას. "ნეტარ იყვნენ მოწყალენი, რამეთუ იგინი შეიწყალნენ". "ნეტარ არს მიცემა უფროის, ვიდრე მოღებისა" (საქ. მოც. 20, 35), სთქვა იესო ქრისტემ. თუ რა მნიშვნელობას აძლევდა ის ამ ქველ მოქმედებას, სჩანს შემდეგი მისი სიტყვებიდან: "მშიოდა და მეცით მე ჭამადნი, მწყუროდა და მასუთ მე, შიშველ ვიყავ და შემმოსეთ მე, სნეულ ვიყავ და მომხედეთ მე (მათ. 25, 35). რასაკვირველია, მაცხოვრისათვის არავის აღმოუჩენია ეს შემწეობა, მაგრამ ისე სთვლის გლახაკების შეწყნარებას ის, ვითომც პირადად მისთვის გაეწიოსთ ეს სამსახური.
შესრულდა 1912 წელი მაცხოვრის დაბადების შემდეგ და რას ვხედავთ ჩვენ?! დაადგა კაცობრიობა იმ ჭეშმარიტ გზას, რომელიც მას უჩვენა მაცხოვარმა, თუ არა? ყველას სწამს თუ არა ჭეშმარიტი ღმერთი? მართალია, ქრისტიანობა თან და თან ვრცელდება, მაგრამ ბევრი, ჯერ კიდევ ბევრი საუკუნენი გაივლიან, სანამ ყველანი ერთ ჭეშმარიტ ღმერთს დაუწყებენ თაყვანის ცემას. მრავალნი არიან ახლაც წარმართნი, კიდევ დიდხანს იქნებიან სიბნელეში. ბევრი კი სულაც უარს ჰყოფს ღმერთს. ზოგიერთებს არ სწამთ იესო ქრისტე მაცხოვრად, ძედ ღვთისად არ მიაჩნიათ იგი, უარსა ჰყოფენ მის დოგმატურ სწავლას და წმ. საიდუმლოების საჭიროებას. ზოგიერთებს თუმცა ყოველივე ესე სწამთ, მაგრამ მხოლოდ სიტყვით და არა საქმით.
ახლა კაცთა შორის სათნოების მაგიერ რას ვხედავთ? მართალია, შედარებით ისეთი ქიშპობა, მტრობა ურთიერთ შორის არ არის, მაგრამ ახლაც განა უმეტეს ნაწილად თავიანთ ინტერესების გულისთვის არ იღვწიან? თითქმის ყოველი ჩვენგანი პატივს სცემს მხოლოდ იმას, ვინც მისი პატივის მცემელია, და ვისგანაც სამაგიეროს არ გამოელის, ყურადღებასაც არ აქცევს. მტრის, მოწინააღმდეგის მიწასთან გასწორებაზე ხომ დღე და ღამ ფიქრობს!
დედაკაცსაც დიდი უფლება მიეცა, თითქმის გათანასწორდა მამაკაცთან; არამც თუ შინაურ, კერძო, არამედ საზოგადო საქმეებშიაც მხურვალე მონაწილეობას იღებს. აღარ არის ისე დამწყვდეული, კარჩაკეტილი, როგორც უწინ იყო. მაგრამ სამაგიეროდ ვერ ვხედავთ იმ წმიდა, ერთგულ ცოლ-ქმრობას, როგორსაც გვიხატავს ქრისტეს სწავლა. ხშირად ვხედავთ ცოლ-ქმარს შუა უსიამოვნებას, უკმაყოფილებას. ხშირად ცოლები ცუდი ყოფაქცევით სიცოცხლეს უმწარებენ თავიანთ ქმრებს და ცოლებიც ქმრების მეოხებით ხშირად ყრიან შიშველ-ტიტველნი, მშიერ-მწყურვალნი თვალ-ცრემლიანნი. შვილებს განა ყველა დედები თვითონ ზრდიან? არა. როგორც უწინ რომაელები არ იწუხებდნენ თავს, ახლაც ჩვენი შეძლებულნი თავიანთ თავის დამამცირებლად რაცხენ ბოვშების აღზრდას. შეიძლება დედამ ათასში ერთხელ მოუალერსოს შვილს და ისე გულ ცივად, ვითომც მისი ღვიძლი შვილი არც კი იყოს. თუ უწინ საბერძნეთში ნებას აძლევდნენ ავადმყოფ, სნეულ ბავშვების გადაგდებას, დახოცვას, განა ცოტა დედები მოიპოვებიან ეხლაც, რომლებიც არამც თუ სუსტს, სნეულს, არამედ საღ ბავშვებსაც კი იმეტებენ და ქუჩაში სტოვებენ, ან და ჩუმად ახრჩობენ და სადმე მალვენ. მართალია, მთავრობა, საზოგადოება ზრუნავს ამ ჩჩვილთათვის, მაგრამ შეიძლება ეს შედარებით ბედნიერნი, სიკვდილისაგან გადარჩენილნი, მეათედ-მეოცედ ნაწილსაც არ შეადგენდნენ უგზო-უკვლოდ დაღუპულთა. არც შვილები აყრიან ხეირს დედ-მამას?!
გლახაკები შეიწყნარეთო, გვეუბნება მაცხოვარი და დიდ ჯილდოსაც პირდება მათ გულ შემატკივართა. მართლაც ვცდილობთ ვიქონიოთ მათთვის თავშესაფარნი, სასადილოები და სხვა, მაგრამ ყველგან არის ასეთი შემწეობა და ყველა ხდება ბედნიერი, ეღირსოს ამნაირ შეწყალებას?! რამდენი უსახლკარო, შიშველ-ტიტველნი, მშიერ-მწყურვალნი დახეტიალობენ და ხან ერთს მიადგებიან, ხან მეორეს. მერმე როგორც უწინ ეკიდებოდნენ მათხოვრებს, ახლაც ისე არ ეპყრობიან მათ? განა ახლაც არ არიან ისეთები, რომლებიც ქადაგებენ: ვინც მათხოვრებს შეიწყალებს, ის მათი მტერია და არა მოყვარე. ბატონობა გადავარდა, მონობა ვითომც მოისპო, მაგრამ განა ყველგან ისე, როგორც ქრისტიანული მოძღვრება გვამცნებს? ჩვენ ვსასოებთ ისევ იმაზე, რომლის შობას დღეს თაყვანსა ვსცემთ, ის, მხოლოდ ის, შეგვაძლებინებს იმის ასრულებას, რასაც ჩვენგან თხოულობს, ვინაიდგან ჩვენთვის შეუძლებელს იგი არასოდეს არ მოგვთხოვს. ამინ.
თემა: შობის დღესასწაულიავტორი: პროტოპრესვიტერი მ. ტყემალაძე
წყარო: ხმა მწყემსისა (მოძღვრებანი და სიტყვანი)
საშობაო ეპისტოლე - 2015
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ჩემო საყვარელო სულიერო შვილებო: ქართველებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, რუსებო, უდიებო, სომეხნო, აზერბაიჯანელნო..., ყოველნო შვილნო საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიისა, სამშობლოში მკვიდრნო და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო, გიხაროდეთ!
"მოხედნა ღმერთმა და ჰყო ხსნა, სიტყვაი იგი ხორციელ იქმნა
ერისა თვისისა" (ლკ. I,67). და დაემკვიდრა ჩუენ შორის" (ინ. I,14).
[]დამთავრდა ძველი აღთქმის ჟამი და აღსრულდა წინასწარმეტყველთა მიერ ნაუწყები: ბეთლემის გამოქვაბულში ხორცშესხმული მოგვევლინა საუკუნეთა უწინარესი ღმერთი,- ყრმა იესო. []ზეიმობს ცა და ქვეყანა, ხარობს ღვთისმშობელი, რადგან დღეს ნეტარების საუფლოდან განდევნილი ადამის მოდგმა განღმრთობას იწყებს და ჩვენი დაცემული ბუნება სამეუფო ღირსებით იმოსება. []წმიდა ქალწულმა მარიამმა, "ძველის თანანადების გამომსყიდველმან და მთელი ქმნილებისათვის ცხონების მშობელმან, გახსნა პირველ ევას მიერ შეკრული კვანძი და სამყაროს მარადიული სიცოცხლის სათავედ და ახალ დედად მოევლინა" (წმ. ირინეოს ლიონელი). სწორედ მისი სახით დაიწყო ქრისტიანული ერა რომელმაც მანამდე არნახულ სიმაღლეებს აზიარა ადამიანი.
ქრისტიანულ სწავლებაში სხვა დატვირთვა შეიძინა ოჯახურმა ურთიერთობამაც: "ცოლი როდია თავისი სხეულის უფალი, - არამედ ქმარი; არცა ქმარია თავისი სხეულის უფალი - არამედ ცოლი" (I კორინთ. 7.4), - გვასწავლის მოციქული და დასძენს:
"ვითარცა ეკლესია დამორჩილებულ არის ქრისტესა, ეგრეთცა ცოლნი-თვისთა ქმართა ყოვლითა. ქმართა გიყუარდეთ ცოლნი თვისნი, ვითარცა ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაი და თავი თვისი მისცა მისთვის" (ეფ. 5.24-25).
[]ქმარი არის ოჯახის თავი, რადგან მას ღვთისგან დაკისრებული აქვს პასუხისმგებლობა, საჭიროებისამებრ ყოველთვის დაიცვას ცოლი და შვილები, იყოს ერთგული წინამძღოლი და მასაზრდოებელი; ქალსაც არანაკლები დანიშნულება აქვს. მისი მთავარი ფუნქციაა შვილთა ყოლა, მათი აღზრდა და ოჯახზე ზრუნვა, რაც მის საზოგადოებრივ აქტიურობას არ გამორიცხავს. როდესაც მეფე-დედოფალი ჯვარს იწერს, ისინი მღვდელთან ერთად სამჯერ გარშემო უვლიან ანალოღიას, რომელზეც სახარებაა დაბრძანებული. ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი მზად არიან მთელი ცხოვრება ერთმანეთს და ღმერთს დაუკავშირონ.
[]ქრისტიანული ოჯახი ეფუძნება მღვდელმოქმედებით მადლს, რაც ქორწინების საიდუმლოს გულისხმობს; აქ ხდება ეგოისტური "მე"-სგან სრული დაცლა, რადგან ერთი პიროვნება მთლიანად უძღვნის თავს მეორეს. ისინი სიყვარულით ერთიანდებიან ქრისტეში, რათა ერთად იზრუნონ ცხონებისათვის და მეუღლეობის საკვრელით დაკავშირებულნი წარდგნენ ყოველთა მეუფის წინაშე. []დიდი ბედნიერებაა ოჯახის შექმნა სიყვარულით, მაგრამ მთავარია ამ მადლის შენარჩუნება და გამრავლება.
როდესაც ადამიანი შეყვარებულია, იგი მისთვის სასურველ პიროვნებაში ხედავს ისეთ თვისებებს, რასაც შესაძლოა სხვები ვერ ამჩნევდნენ. ამ დროს ხდება მეორე ადამიანში დაფარული შინაგანი მშვენიერების აღმოჩენა.
[]"რა კარგი უნდა იყოს ერთი იმედით, მსახურებითა და რწმენით ორი გულის შეერთება, - წერს ტერტულიანე. ჭეშმარიტად, ისინი ორნი არიან ერთ სხეულად განმთლიანებულნი, ხოლო სადაც ერთი სხეულია, იქ ერთსულოვნებაა. ისინი ერთად ლოცულობენ, ერთად იდრეკენ მუხლს, ერთად მარხულობენ, ერთმანეთს ამხნევებენ. თანასწორნი არიან ღმერთის წინაშე. თანაბრად ინაწილებენ დევნასა და ნუგეშს, არაფერს უმალავენ და არც ამძიმებენ ერთმანეთს..., ხედავს რა მათ ერთობას, უფალი ხარობს, სახლს მშვიდობას მოჰფენს და მკვიდრობს მათთან ერთად". ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში შემდგომი ეტაპი არის შვილიერება. []ბავშვების დაბადება და მათზე მზრუნველობა სრულყოფის კიბეზე ამაღლების ახალი შესაძლებლობაა, რადგან მეუღლეთა ურთიერთსიყვარული, ამ შემთხვევაში, გრძნობის ხელახალ გადანაწილებას ითხოვს; ადამიანი კიდევ უფრო მეტად ემიჯნება ეგოისტურ "მე"-ს და კიდევ უფრო მეტად ფართოვდება მსახურების არეალი, რაც ღვთის სათნო ცხოვრებას განამტკიცებს.
როგორი სიფაქიზით გვწრთვნის უფალი! როგორ ნელ-ნელა და თანდათანობით ავყავართ მას უმაღლესი სიყვარულის საფეხურებზე, ყველა პირობას გვიქმნის, რომ ჩვენი დაცემული მდგომარეობისაგან გვიხსნას და მარადიული ნეტარებისთვის მოგვამზადოს.
ასეთი ოჯახი, ასეთი ერთობა ქალისა და კაცისა, სიმბოლურად "მცირე ეკლესიად" იწოდება, რომლის სიმტკიცეც დაურღვეველია. თუმცა ფაქტია, რომ ჩვენს ყოფაში უფრო ხშირად გვხვდება ისეთი ოჯახები სადაც უგულებელყოფილია პასუხისმგებლობა და მოვალეობები; ისინი მოკლებულნი არიან ღვთის მადლს და უსიხარულოდ ცხოვრობენ ან, საერთოდაც, ირღვევიან.
უნდა ითქვას ისიც, რომ დღეს ბევრი ადამიანის ცხოვრების წესი ოჯახური სიწმინდის წინააღმდეგ არის მიმართული. ბოლო პერიოდში კი მდგომარეობა კიდევ უფრო გართულდა, რაც ქორწინებისთვის ახალგაზრდების მოუმზადებლობით არის განპირობებული.
განვიხილოთ რამდენიმე გარემოება:
1. ქორწინებაში მყოფთ ხშირად მხოლოდ გატაცება აკავშირებთ და თანაცხოვრების პირობებშიც ვერ აღწევენ იმ სიყვარულს, იმ ერთგულებასა და თავგანწირვას, რისთვისაც არიან მოწოდებულნი, ამიტომაც მალევე კარგავენ ერთმანეთისადმი ინტერესს და სცილდებიან. 2. ახლადშეუღლებულნი, მართალია, სიყვარულით ქმნიან ოჯახს, მაგრამ ვერ აცნობიერებენ, რას ნიშნავს მეუღლეობა, რამდენად დიდი პასუხისმგებლობა ეკისრებათ მათ და რას მოითხოვს იგი თითოეული მათგანისგან; ისინი ადვილად კარგავენ იმ განწყობას, რაც ერთად მყოფობის პირველ პერიოდში ჰქონდათ; იწყება იმედგაცრუება, ერთმანეთში მრავალი ნაკლოვანების აღმოჩენა და დაუთმენლობა. გაღიზიანება იმ მდგომარეობამდეც მიდის, რომ ერთ დროს სანუკვარი ადამიანი, უკვე აუტანელი ხდება. 3. მეუღლეთაგან ერთი იჩენს ერთგულებასა და თავდადებულ სიყვარულს, მაგრამ მეორე ამ გრძნობებს სათანადოდ არ აფასებს და მხოლოდ თავისი ვიწრო ეგოისტური სურვილების ტყვეობაშია. საერთოდ, მეცნიერულ-ტექნიკურმა წინსვლამ და მატერიალისტურმა მსოფლმხედველობამ ადამიანში სხვისი ფლობის სურვილი და მომხმარებლური სული გააძლიერა. დღეს უკვე ამგვარი მიდგომა შეეხო ოჯახის წევრებსაც და ეგოისტური მიზნებით თვით მათი გამოყენების მცდელობები გააჩინა. ასეთი დამოკიდებულება ოჯახურ ყოფას გაუსაძლისს ხდის. 4. ხდება ისეც, რომ მშობლები ზოგჯერ უხეშად ერევიან წყვილის ცხოვრებაში. მათ უჭირთ შვილთან ერთგვარი განშორება და ძველებური ურთიერთობის შეცვლა; ისინი კრიტიკულად აღიქვამენ ახალ ვითარებას და გაცნობიერებულად თუ გაუცნობიერებლად ხელის შემწყობნი ხდებიან ოჯახის დანგრევისა. რა თქმა უნდა, მშობლების პატივისცემა და სიყვარული ბუნებრივიც არის და სავალდებულოც ყველასთვის; ასევე ბუნებრივია ახლობლების, მეგობრების, ნათესავების... სიყვარული, მაგრამ ცოლ-ქმრული ყოფა სრულიად განსხავებულია; ამისთვის ბრძანებს წმინდა წერილი: "მიატოვებს კაცი თავის მამას და თავის დედას და შეუერთდება თავის ცოლს, რათა იყვნენ ორნივე ერთ ხორც" (ეფ. 5.31). ეს საიდუმლო დიდია და მისი დარღვევა - აკრძალული. 5. ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც ირღვევა ოჯახი არის ნარკომანია (ასევე ალკოჰოლიანი სასმელების ზედმეტად გამოყენება) და ბოროტი ძალების გავლენით ადამიანებზე ზემოქმედება. ორივე მდგომარეობაში პიროვნებას წართმეული აქვს თავისუფალი ნება, ოღონდ პირველ შემთხვევაში, ადამიანი ვერ უძლებს საცდურს და მასზე მიჯაჭვულობის გამო, ფაქტიურად, ნებაყოფლობით ამბობს უარს თავისუფალ ნებაზე, მეორე შემთხვევაში კი, გაუცნობიერებლად ექცევა სხვისი გავლენის ქვეშ. არადა []თავისუფალი ნება ღვთისგან ჩვენთვის მონიჭებული დიდი საბოძვარია. უფალმა არ შეურაცხყო პიროვნების ღირსება, არ აქცია იგი მისი სურვილის უბრალო აღმსრულებლად, არამედ მისცა უფლება არჩევანისა.
ამიტომაც ეს ცოდვები ღვთის გმობად სახელიდება და მათგან განთავისუფლება მხოლოდ ლოცვით, მარხვით და ეკლესიური ცხოვრებით შეიძლება. ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმ გარემოს, რომელშიც გვიწევს ცხოვრება. დღეს ისეთი ყოფა მკვიდრდება, რომელშიც ყველა ეძებს თავისას და არა იმას, რაც სათნოა ქრისტესთვის (ფილ. 2,4). სიცრუე იქცა დადებით მოვლენად, სხვაზე გადაბრალება, - ჩვეულებად, გულგრილობა, - წესად, უზნეობა და თავაშვებულობა, - მისაბაძად; ცილისწამება და ძალადობა, - ყოველდღიურ მოვლენად; ანუ ღვთის შიშის გარეშე მცხოვრებთათვის ცოდვითი ყოფა ნორმა ხდება. მათი რიცხვი კი ყველგან იზრდება.
აგრესია განსაკუთრებით დიდია ახალგაზრდებში და მამაკაცების გარკვეულ ნაწილში; განსაკუთრებით მათში, რომელნიც უსაქმოდ და უფუნქციოდ დარჩნენ და ოჯახის მარჩენალისა და მასზე მზრუნველის ფუნქცია დაკარგეს. ეს ტვირთი დაემატა ქალს, რამაც მისი მდგომარეობა, კიდევ უფრო დაამძიმა და ცოლსა და ქმარს შორის ფუნქციური ბალანსი სრულად დაარღვია. ეს კი იწვევს ორივე მხარის დაძაბულობასა და გაღიზიანებას. რაც, სამწუხაროდ, ზოგჯერ ქალების სიცოცხლის ხელყოფით მთავრდება.
მდგომარეობის ნაწილობრივი გამოსწორება სამუშაო ადგილების შექმნასა და ანაზღაურების გაუმჯობესებას შეუძლია. თუ ეს განხორციელდა, დიდად შეეწყობა ხელი ოჯახში სხვა სახის ძალადობის აღმოფხვრასაც და ცხოვრების, ასე თუ ისე, ნორმალურ კალაპოტში ჩადგომას.
ვფიქრობთ, ეს სერიოზულ გავლენას იქონიებს თვითმკვლელთა რიცხვის შემცირებაზეც. ადამიანები, განსაკუთრებით ურწმუნონი, თუნდაც, რომ ფიზიკურად ძლიერნი იყვნენ, კრიტიკულ სიტუაციებში უსუსურნი ხდებიან, რადგან მხოლოდ საკუთარ თავს ეყრდნობიან და რესურსი სიმტკიცისა მალე ეწურებათ.
[]ავადმყოფობით, უსახსრობით, უბინაობით, ვალებით... გამწარებულებს ჰგონიათ, რომ თავის მოკვლით პრობლემებისგან განთავისუფლდებიან; სინამდვილეში კი ამ ქმედებით ისინი მარადიული ტანჯვისა და სიკვდილის იმ კარს აღებენ, სადაც მათ ვეღარავინ უშველის (გამონაკლისს, სულით ავადმყოფები წარმოადგენენ).
[]ჩვენთვის ბოძებული მიწიერი ცხოვრებით უფალმა შესაძლებლობა მოგვცა მარადიულ ნეტარებაში დავმკვიდრდეთ. ვინც ამ შემოთავაზებაზე უარს ამბობს, საკუთარი თავის მიმართ განხორციელებული ძალადობის მსხვერპლი ხდება და თავისი ნებით ჯოჯოხეთის სკნელში აღმოჩნდება. ეს იმდენად დიდი დანაშაულია, რომ მათთვის ლოცვაც აკრძალულია. ღმერთმა ყველა დაიფაროს თვითმკვლელობისგან!
[]გასულ წელს მსჯელობის საგანი იყო ქალების მიმართ განხორციელებული ძალადობა; თუმცა, მხოლოდ ამ თემით შემოფარგვლა საკმარისი არ არის. სამწუხაროა, რომ არ იმართება დისკუსიები და არ იგმობა თუნდაც იგივე თვითმკვლელობა და სხვა უმძიმესი ცოდვები, არ იგმობა აბორტიც, რომელიც ძალადობის ყველაზე საშინელი და საზარელი სახეა. დედა, რომელმაც შვილის მკვლელობის ეს დანაშაული ჩაიდინა და ექიმებიც, არ შეიძლება არ გრძნობდნენ სინდისის ქენჯნას; არ შეიძლება არ გრძნობდნენ დაღვრილი უმანკო სისხლის ძახილს. ამ დანაშაულის გამოსყიდვა მხოლოდ გულმხურვალე სინანულითა და ქველი საქმეებით შეიძლება და კიდევ იმით, რომ ეს ადამიანები გახდნენ ერთგვარი მქადაგებელნი და დაარწმუნონ თავისი ახლობლები და ნაცნობები, რომ მათ მაინც მსგავსი რამ არ ჩაიდინონ და ამით სხვა ჩვილების სიცოცხლე გადაარჩინონ.
საერთოდაც, ყველა უნდა ვეცადოთ, სიტყვით მაინც დავეხმაროთ ერთმანეთს, მივცეთ იმედი მრავალი პრობლემით დამძიმებულ ჩვენს შვილებს, დებსა და ძმებს და ხსნის რაიმე გზა შევთავაზოთ. ამდენი ტანჯვისა და ტკივლის, თავსმოხვეული "ახალი აზროვნებისა"" და ყოველდღიური მოულოდნელობების ფონზე ოჯახები საქართველოში მაინც დგას ზნეობის სადარაჯოზე; ეს სასწაულია, რაც, პირველ რიგში, ქართველი ქალის, - დედის დამსახურებაა. []ქალის როლი ყოველთვის განსაკუთრებული იყო და არის ჩვენს ისტორიაში. წმინდა ილია მართალი წერს:
"ქართველებისთვის "დედა" მარტო მშობელი არ არის, ქართველი ღვიძლ ენასაც "დედა-ენას" ეძახის, უფროს ქალაქს, - "დედა-ქალაქს," - მკვიდრ და დიდ ბოძს სახლისას, - "დედა-ბოძს," უდიდესსა და უმაგრეს ბურჯს, "დედა-ბურჯს," სამთავრო აზრს, - "დედა-აზრს," გუთნის განმგებელ მამაკაცს კი - "გუთნის-დედას". რამდენად განდიდებულია მნიშვნელობა დედისა!"
ეს დამოკიდებულება კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე ავიდა მას შემდეგ, რაც საქართველო ღვთისმშობლის წილხვედრი გახდა. []ღვთის საიდუმლო განგებულებით, კვართი უფლისა საქართველოში ჩამობრძანდა და მცხეთაში დაიფლა. მისი აქ დაკრძალვა არ ნიშნავს მხოლოდ ამ ლოკალური ადგილის მონიშვნას; სასწაულთმოქმედი უკერველი კვართი მაცხოვრისა მთელმა საქართველომ შეიმოსა, ხოლო ყოვლადწმინდა მარიამს, ამავე საიდუმლო განგებულებით, ჩვენი ქვეყნის განსაკუთრებული მფარველობა დაევალა. ჩვენი მეოხია იგი, რომელიც დამხსნელია ადამის წყევისა, აღმასრულებელი ევას თანანადებისა, წმინდა შესაწირია აბელისა, სამკაულია სეითისა, სათნოყოფაა ენუქისა, კიდობანია პირმეტყველი ნოესი, დიდებაა მელქისედეკის მეფობისა და მღვდელობისა, რომელიც სიმტკიცეა აბრაამის სარწმუნოებისა, ზეცად მიწევნული კიბეა იაკობისი, ღვთივწერილი წიგნია მოსესი, კვერთხია იგი განედლებული და აღყვავებული აარონისი, ძლევაი ისუ ნავესი, გზაა მშვენიერი ელიას ამაღლებისა, მრჩობლი კურთხევაა ელისეს ხალენისა, წინასწარმეტყველთა ქადაგებაა და სიტყვათა მათთა აღსრულება. აი, ამ საოცარი ქალწულის მიერ ჩვენს განსანათლებლად და გადასარჩენად წარმოგზავნილი ანდრია მოციქულის, წმინდა ნინოსა და სხვა წმინდანთა მადლით საქართველომ, ხალხის დიდი მსხვერპლშეწირვისა და ძალისხმევის ფასად, საუკუნეთა მანძილზე გაუძლო ყოველი მხრიდან შემოსეულ მომხდურს; დღეს კი კიდევ უფრო დიდი გამოცდის წინაშე ვდგავართ. ყველამ, - ერმაც და ბერმაც, ვისთვისაც ძვირფასია სამშობლო, საკუთარი ოჯახიცა და თავიც, პირველ რიგში, ჩვენი ცხოვრება უნდა გამოვასწოროთ; ჩვენში და ჩვენს შორის დაბუდებული ცოდვა და მისი შედეგი, - სიკვდილი უნდა დავძლიოთ და სიკეთისა და სიცოცხლის გამარჯვება ვიზეიმოთ.
მაცხოვრის შობის ამ ბრწყინვალე დღეს ზეცა ივსება ანგელოზთა საგალობლით: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". ბეთლემელი მწყემსებიც და ქალდეველნი მოგვნიც კვლავ მიიჩქარიან, რათა თაყვანი სცენ ყრმა იესოს და ყოვლადწმნიდა ქალწულს.
ჩვენც მოვიყაროთ მუხლნი გულისა ჩვენისანი წინაშე უფლისა და დედაღვთისმშობელს შევთხოვოთ, განგვიღოს მოწყალებისა კარი, რათა მადლით აღავსოს ყოველნი მორჩილებით მისგან წყალობის მომლოდინენი.
მაშ, განვიწმინდოთ სული, გონება და გული, ჩვენი ზრახვა და გრძნობები, ვაპატიოთ და შევურიგდეთ ერთმანეთს, რათა ღირს ვიქმნეთ, მივეგებოთ ბეთლემში შობილ მაცხოვარს და ცოდვებისაგან განთავისუფლებულებმა, აღმოვსთქვათ: ემმანუელ, - ჩვენთან არს ღმერთი! ღმერთს ებარებოდეთ. იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი, შობა ქრისტესი,
2014-2015 წელი
საშობაო ეპისტოლე - 2026
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ
„ისმინე, ცაო, და ყურად-იღე, ქუეყანაო, რამეთუ აჰა ესერა, ძე და სიტყუაჲ მამისაჲ მოვალს შობად... და დამბადებელი ყოველთა დაბადებულთაჲ დაებადების“ (მიქაელ მოდრეკილი)
უფლის მოწყალებით, კვლავ დადგა ყველაზე იდუმალი ჟამი, ჟამი იესო ქრისტეს ამქვეყნად მოვლინებისა. ეს ყველაზე დიდი სიახლეა სამყაროს შექმნიდან დღემდე მომხდარ და მომავალშიც მოსახდენ სასწაულთა შორის, რადგან ვერაფერი შეედრება წუთისოფელში დაუსაბამო ღმერთის ხორციელად შობის საოცრებას.მცირედით მაინც რომ ვიგრძნოთ ამ მოვლენის სიდიადე, შეგახსენებთ საყოველთაოდ ცნობილ რეალობას: სამყაროში მილიონობით ვარსკვლავია, რომელნიც ქმნიან გარკვეულ ჯგუფებს,- გალაქტიკებს. ჩვენს გალაქტიკას „ირმის ნახტომს“ უწოდებენ. იგი იმდენად დიდია, რომ სინათლის სიჩქარით (ანუ წამში 300 000 კილომეტრით) მოძრავ ტალღას მისი ერთი ბოლოდან მეორემდე მისაღწევად 100 000 წელი მაინც დასჭირდება.
ასეთი გალაქტიკები კი კოსმოსში უთვალავია; თითოეული მათგანი დიდი კანონზომიერებით იმართება და ღაღადებს, რომ ყოველივე ხილულისა და უხილავის შემქმნელი არის დაუსაბამო და უსასრულო უფალი.
გამაოგნებელია, რომ სწორედ უჟამო იგი, ჟამიერი გახდა; ყოვლისმპყრობელი არსთა გამრიგე, მსგავს ჩვენდა ქმნილი, ერთ-ერთი გალაქტიკის უმცირეს ნაწილში, დედამიწაზე, ზამთრის ცივ ღამეს, ბეთლემის ბაგაში მწოლი, წარუდგა სამყაროს.
ასეთი სიმდაბლით განგვეცხადა ყოვლადწმინდა სამების მეორე პირი, იესო ქრისტე, რათა შობიდანვე და შემდგომ, 33 წლის მანძილზეც, მოეცა ჩვენთვის პირადი მაგალითი თავმდაბლობისა, მოთმინებისა, სიმართლისა, მშვიდობისა… და, რა თქმა უნდა, სიყვარულისა.
რით დავიმსახურეთ შენი ასეთი თავდადება, უფალო?
რას წარმოადგენს ადამიანი, რა ღირსება აქვს, რომ ასეთი პატივი მიაგე მას?
თანამედროვე კვლევები ადასტურებს, რომ ნებისმიერი ჩვენგანი საოცრებაა; საოცრებაა თითოეული ჩვენი ორგანოც, მათი ფუნქცია და მუშაობის მექანიზმი. ავიღოთ თუნდაც ტვინი, რომელიც მოიცას 86 მილიარდამდე ნეირონს და ასეულობით ტრილიონ მათ ურთიერთდამაკავშირებელ რგოლს, რომელნიც ტვინში ყოველდღიურად მილიონობით ბრძანებას ატარებენ ისე, რომ ერთმანეთს არ ეხებიან, რადგან თითოეული მათგანი გარემოცულია ერთგვარი ველით. ამ მოქმედებების სირთულე კი ჩვენს ყოველგვარ წარმოდგენას აღემატება. ამასთან, ეს მხოლოდ მცირე გამოვლინებაა იმ შესაძლებლობებისა, რაც ჩვენშია ჩადებული.
ნუთუ ეს ყველაფერი არაფრისმომცემი, უშინაარსო, წარმავალი ყოველდღიურობისთვის გვებოძა?
ცნობილია ისიც, რომ დედამიწაზეც და მზის სისტემაშიც, საერთოდ, ჩვენს გარშემო არსებულ კოსმოსში, ყოველივე დიდი სიზუსტით არის გათვლილი და, უპირველეს ყოვლისა, ადამიანის არსებობისთვის ქმნის სათანადო პირობებს; წელიწადის დროთა მონაცვლეობა, მცენარეთა, ცხოველთა, ფრინველთა, ზღვის ბინადართა სიმრავლე... წყალი, ჰაერი, მიწა... მათი შეზავება და დანიშნულება... ადამიანს ემსახურება.
ანუ ჩვენ, ჩვენდა გაუცნობიერებლად, განსაკუთრებული მზრუნველობის ქვეშ ვიმყოფებით, ენით უთქმელი შესაძლებლობისანი ვართ და ჩვენი ამქვეყნად მყოფობა, ბუნებრივია, არ შეიძლება შემთხვევითი და უაზრო იყოს;
და მართლაც, იგი დიდ დატვირთვას ატარებს და დიდი მიზნის განხორციელების წინაპირობას წარმოადგენს.
ეს კარგად იცოდნენ გაცილებით ადრეც, წინარე საუკუნეებში.
აი, რას წერდნენ წმინდა გრიგოლ ღვთისმეტყველი (IVს.) და წმინდა გრიგოლ პალამა (XIVს.): „ადამიანი დიადი სამყაროა მცირე დასახულობაში განცხადებული“, „იგი ყოველივე ქმნილის ერთიანობაა, რომელიც ხილულ სამყაროს აკავშირებს ღმერთთან“.
წმინდა წერილი კი ასეთ საოცარ საიდუმლოს გვიმხელს: „ღმერთნი სამე ხართ და შვილნი მაღლისანი თქვენ ყოველნი“ (ფს. 81, 6). „ნუთუ არ იცით, რომ ღმერთის ტაძარნი ხართ, და სული ღმრთისა დამკვიდრებულია თქვენში?“ (I კორ. 3, 16).
ე.ი. ჩვენ შემოქმედის თანაზიარნი ვართ! მისნი ვართ! დაცემულნი, ცოდვით დამძიმებულნი, მაგრამ მაინც მისნი! ამიტომაც, განსაკუთრებულ დამოკიდებულებას იჩენს ჩვენდამი; ჩვენ კი რით ვპასუხობთ ამ სიყვარულსა და ნდობას?!
* * *
2025 წელს ქრისტიანულმა სამყარომ აღნიშნა ნიკეის I მსოფლიო კრების 1700 წლისთავი. ეს კრება კაცობრიობისთვის იქცა დიდი შემობრუნების საწყისად. მან განსაზღვრა ქრისტიანული მსოფლიოს ერთიანი რწმენა, საეკლესიო წესრიგი, ეკლესიისა და სახელმწიფოს ურთიერთობის ახალი მოდელი, რაც შემდგომში მთელი აღმოსავლეთ-დასავლეთის ცივილური პოლიტიკური და სოციალური არქიტექტონიკის საფუძვლად იქცა.
საამაყოა, რომ ამ უმნიშვნელოვანესი მოვლენიდან ზუსტად ერთი წლის შემდეგ, ანუ 326 წელს, საქართველომ სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობა აღიარა. ეს ნიშნავს, რომ ჩვენი ქვეყანა იმ დროინდელი სამყაროს მოწინავე ქვეყანათა შორის იყო თავისი სულიერი ღირებულებებით, სამართლიანობის სწორი აღქმით და იმ უმაღლესი იდეალებისადმი სახელმწიფოებრივი პასუხისმგებლობით, რაც ნიკეის კრებამ ქრისტიანული მსოფლიოსათვის განსაზღვრა.
სახელმწიფო რელიგიად ქრისტიანობის გამოცხადება იყო შედეგი იმ რწმენისა, რომელიც მოციქულების დროიდან, ანუ I საუკუნიდან, დაითესა ჩვენს ერში.
დღეს, როდესაც არაერთი კულტურული და მსოფლმხედველობითი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, 325-326 წლების მონაკვეთი და ისტორიული თანხვედრა კიდევ ერთხელ შეგვახსენებს, რომ ქართველი ერის სიძლიერე ეყრდნობა ქრისტიანული ღირებულებების ერთიანობას, სულიერ და სამოქალაქო წესრიგს და იმ არჩევანს, რომელსაც ჩვენი ქვეყანა 1700 წლის წინ შეუდგა. ამ ღირებულებათა დაცვა არის არა მხოლოდ წარსულისადმი ერთგულება, არამედ მომავალშიც ჩვენი სწორი ორიენტირის უმთავრესი პირობაც, რადგან უფალი და მისი სწავლება ჭეშმარიტია და დროის ცვალებადობას არ ექვემდებარება.
მაგრამ თანამედროვე ადამიანი ხშირად ვერ წვდება უფლისმიერ ჭეშმარიტებას, ვერ ხვდება თავისი სიცოცხლის აზრს და ვერ აცნობიერებს, რატომ უნდა თქვას უარი ცოდვისმიერ მიწიერ კეთილდღეობაზე, ან სწორად როგორ წარმართოს თავისი ყოველდღიურობა.
* * *
სამოთხიდან ჩვენი გამოდევნა სასჯელი იყო და არის, თუმცა, დედამიწაზე ჩვენი მწირობის პერიოდი, როგორ ხანგრძლივადაც არ უნდა მოგვეჩვენოს იგი, მეტად მცირე ხნით შემოიფარგლება. ღვთის მოწყალებით, განეგო ისე, რომ ეს, მართლაც, წუთის-სოფელი, მარადიულობასთან შედარებით, სავსებით საკმარისია იმისათვის, რომ ჩვენი სულიერი სამყარო გამოვლინდეს და ჩვენი შინაგანი ბუნება წარმოჩინდეს.
დედამიწაზე ჩვენ შეზღუდულნი ვართ როგორც დროში, ისე შესაძლებლობებით. ჩვენი საქმიანობით, აზროვნებით, მეტყველებით, განწყობით... ჩვენ მხოლოდ ვქმნით საწინდარს მომავალი, სულ სხვა ცხოვრებისათვის. სახარებისეული შედარება რომ მოვიშველიოთ, ერთგვარად ვაყალიბებთ ამა თუ იმ სახეობის მცენარის თესლს და მხოლოდ ჩვენზეა დამოკიდებული, ჩვენი ცხოვრებით გამოძერწილი ჩვენი სულიერი სამყარო რა გამოვლენას ჰპოვებს მარადიულობაში: აღმოცენდება იგი კეთილ ნერგად, კეთილ ხედ, სარეველად თუ ღვარძლად.
როგორი იქნება ჩვენი მდგომარეობა გარდაცვალების შემდეგ?
ამაზე ფიქრი და ამისთვის ზრუნვა უნდა იქცეს თითოეული ჩვენგანისთვის უპირველესად.
ღმერთს ყველას გადარჩენა და ცხონება სურს, ამიტომაც, ყველა დროში ყველა თაობას შესაბამისად წვრთნიდა და სულიერ საფეხურებზე თანდათანობით აჰყავდა; ზოგჯერ - ტკივილითა და მწუხარებით, ზოგჯერ - გულმოწყალებით, ხან - განსაცდელებით, ხან კიდევ მშვიდობისა და სიკეთის მიფენით...
წარმართულ პერიოდში სჯულის მიცემით მხოლოდ ებრაელთა ერს ებოძა სწავლება ჭეშმარიტი ღმერთის შესახებ და მიეცა ცოდნა ავისა და კარგის გარჩევისა, ღვთისსათნო ცხოვრებისა. რთული გზა გაიარა ისრაელმა, მაგრამ შეძლო, შემოქმედისთვის მიეგებებინა ღირსეულ მეფეთა, მსაჯულთა, წინასწარმეტყველთა და სხვა წმინდანთა დასი; რაც მთავარია, შეძლო, მიეგებებინა ადამის მოდგმის მშვენება და ბრწყინვალე სამკაული, - მარადქალწული დედა უფლისა, ყოვლადწმინდა მარიამი, - კიბე ღვთის ქვეყნად ჩამომყვანებელი.
და, აი, იშვა მხსნელი იესო; მაგრამ ბეთლემში სიკვდილის დამთრგუნველის მოვლინებას ქვეყნის მმართველნი სიხარულით არ შეხვედრიან; პირიქით, მისი მოკვლა იქცა მეფე ჰეროდეს მთავარ მიზნად, რადგან მასში თავისი ძალაუფლების დამხობის საშიშროებას ხედავდა; ამიტომაც, ჰეროდეს ბრძანებით, ათასობით ჩვილ ყრმას სიცოცხლე მოუსწრაფეს იმ იმედით, რომ მათ შორის აუცილებლად იქნებოდა იესოც.
მაცხოვრისგან განდგომის და მისი უარყოფის მცდელობა, I საუკუნიდან მოყოლებული, სხვადასხვა სახით გამოვლენილი, დედამიწაზე ყოველთვის იყო: ამახინჯებდნენ მის მცნებებს, დასცინოდნენ მორწმუნეთ, შეურაცხყოფდნენ სიწმინდეებს ან, საერთოდაც, ქადაგებდნენ უღმერთობას...
ეს ყოველივე ნათლად მეტყველებს კაცთა მოდგმის დიდი ნაწილის მეტად სამწუხარო მდგომარეობაზე; იმაზე, რომ ისინი არა მხოლოდ შეეჩვივნენ ცოდვას, არამედ ცოდვასთან ერთად ყოფნა მოსწონთ; იმდენად შეეთვისნენ თავის დაცემულ მდგომარეობას, რომ გამოსწორების სურვილი აღარ აქვთ და მარადიული სატანჯველისთვის სწირავენ თავს, რადგან ასე ყოფნა სურთ.
ყველაზე საშიში სწორედ ეს არის, - როცა სულიერი სიკვდილი შინაურდება და ნამდვილი სიცოცხლე უცხო ხდება!
* * *
განკაცებულმა ღმერთმა, რომლისგანაც „შეიქმნა ყოველი ... ხილული თუ უხილავი, საყდარნი თუ უფლებანი, მთავრობანი თუ ხელმწიფებანი“ (კოლას. 1, 16), კაცობრიობას ახალი მცნების მთავარი არსი ამ სიტყვებით განუცხადა: „გიყვარდეთ ერთმანეთი და როგორც მე შეგიყვარეთ, ასევე, გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი" (იოანე 13, 34), რაც სხვისთვის (მოყვასისთვის) თავდადებულ სიყვარულს გულისხმობს. (რა თქმა უნდა, პირველ რიგში, ჩვენი სიყვარული უნდა ეკუთვნოდეს ღმერთს და შემდეგ, ნებისმიერ პიროვნებას, როგორც ღვთის ხატს).
მეტად მნიშვნელოვანია, რომ მაცხოვარს ჩვენთვის არ განუსაზღვრავს, მოყვასი კეთილი უნდა იყოს, თუ - ბოროტი, წარმატებული, თუ - წარუმატებელი, მდიდარი, თუ - ღარიბი, გონიერი, თუ - უგუნური...
ჩემს მსგავსად გიყვარდეთ ერთმანეთი! - ეს ერთადერთი, მაგრამ, სინამდვილეში, მრავლისმომცველი მოთხოვნა მოგვეცა შესასრულებლად!
უფალი თავის თავს უძღვნის ყველას და, სიყვარულის სიდიადიდან გამომდინარე, ჩვენც მოგვიწოდებს, რათა მის მიერ მოცემული ადამიანობის მაგალითი ყველამ გავიზიაროთ და მისნი გავხდეთ.
ერთი შეხედვით, თითქოს იოლია ამ მცნებით ცხოვრება, მაგრამ ამქვეყნად ეშმაკისაგან ათასნაირი საცდური და მახეა დაგებული და ჩვენი გონება ხშირად ვერ აცნობიერებს, სინამდვილეში ვისი მსახურნი ვართ. ამიტომაც ვცდებით, საკუთარი თავი კი მართალი გვგონია.
მაგალითად, დღეს სიყვარულზეც და თავისუფლებაზეც ყველა ლაპარაკობს, მაგრამ გამოუსწორებელ შეცდომას უშვებენ ისინი, რომლებიც ცოდვის და ცოდვითი ცხოვრების სიყვარულს ჭეშმარიტ სიყვარულთან აიგივებენ და ისინიც, ვინც ყველაფრის უფლებას თავისუფლებად მიიჩნევენ.
სიტყვის თავისუფლების ბოროტად გამოყენება ჩვენი დროის ერთ-ერთი ურთულესი გამოცდაა, რომელსაც წარმატებით მხოლოდ ის დაძლევს, ვინც შეძლებს სიმართლის გზით უფლისკენ ღირსეულ სვლას, დათმენასა და პატიებას; ვინც ნებისმიერ ადამიანში, ცოდვათა სიმძიმის მიუხედავად, მაინც დაინახავს ხატებას ღვთისას და ბოროტებაზე ბოროტებით არ უპასუხებს.
იაკობ მოციქული გვაფრთხილებს: „ბოროტი ენა ცეცხლია, სიცრუის სამკაული... მას ისეთი ადგილი უჭირავს ჩვენი სხეულის ნაწილებს შორის, რომ ბილწავს მთელ სხეულს... იგი აღვირახსნილი ბოროტებაა, სავსე მომაკვდინებელი გესლით“ (იაკ. 3, 6-8), ხოლო „ვინც არ სცოდავს სიტყვით, ის სრულქმნილი კაცია“ (იაკ. 3, 2).
უფალი თავს არაფერს გვახვევს; „ადამიანის წინაშეა სიცოცხლე და სიკვდილი და რომელსაც ისათნოებს, ის მიეცემა" (ზირაქი 15,17).
შენ ნუ შეგეშინდება სახარებისეული უფლის მცნებების, მოციქულთა და წმ. მამათა დარიგებების მიხედვით შენი ცხოვრების განახლებისა; წინ აღუდექი იმ უკეთურ სურვილებსა და მიდრეკილებებს, რაც ღვთის მიერ დადგენილი წესების მტრად გაქცევს, რაც შენს რწმენას აზიანებს, რყვნის და მას უნაყოფოსა და უსარგებლოს ხდის.
იღვაწე და იბრძოლე სიცოცხლისათვის, მარადიული სიცოცხლისათვის; ღვთისგან შენთვის ბოძებული შესაძლებლობების გამოვლენისა და აღორძინებისთვის; უფალს შენთვის ისეთი ჯვარი არ მოუცია, რომლის ტარებასაც ვერ შეძლებ. მაშ, მოინდომე და იცხოვრე არა მოჩვენებითი, არამედ ჭეშმარიტი სიყვარულის კანონებით, რათა განიღმრთო და მარადიულობაში იხარო.
* * *
დაბოლოს, კიდევ ერთხელ მინდა გითხრათ:
ქრისტეს შობა დღესაც და მარადჟამს მოქმედი საიდუმლოა, რომელმაც საფუძველი დაუდო პიროვნების გარდაქმნის პროცესს. ამასთან, მან ფუნდამენტურად შეარყია არსებული მდგომარეობა და მთელი ხილული სამყარო ღვთის შემწყნარებელ სივრცედ აქცია; თავად შემოქმედმა მიიღო თავისი ქმნილება და უხრწნელმა შეიმოსა ხრწნადი ბუნება, რათა ხრწნადობაში თავისი უხრწნელების ძალა დაენერგა და იგი ღვთისმიერი სიცოცხლისთვის ეზიარებინა.
ამით კი ჩვენი არსებობის ჭეშმარიტი აზრი და დანიშნულება გამობრწყინდა, მოეხსნა კრეტსაბმელი იმ რეალობებს:
რომ სიკვდილი და ხრწნილება არაა ჩვენი ბუნების არსი;
რომ ჩვენ ზეცის სიმაღლეებისა და მარადიული ცხოვრებისთვის ვართ მოწოდებულნი;
რომ ღვთის ჭეშმარიტი სიყვარული და ადამიანისადმი ჩვენი ნამდვილი სიყვარული განუყოფელია;
რომ ამ ურთიერთობაში უნდა დაიბადოს ახალი ცხოვრება, რომელიც კაცობრიობას მშვიდობის, ერთობისა და განახლებისკენ მოუწოდებს;
და რომ ღვთის განკაცების საიდუმლოს მიღმა უკვე ვეღარაფერი დარჩება: ვერც წარსული, ვერც აწმყო და ვერც მომავალი!
* * *
ქრისტეს სახარებით გახარებულო, ზეციური მადლითა და უფლის წყალობით აღვსილო რჩეულო მართლმადიდებელო ერო, ცხოველსმყოფელი რწმენით, იმედითა და სასუფევლის დამკვიდრების სურვილით აღძრულო სამწყსოვ, კიდევ ერთხელ გილოცავთ ცისა და ქვეყნის მოლოდინის გამობრწყინებას, - უფლისა ჩვენისა, იესო ქრისტეს შობას!
დღეს უნდა წარიხოცოს ყოველგვარი მწუხარება, უნდა დაცხრეს ყოველგვარი შფოთი და ვნება, სისხლისღვრა და ომი, დადუმდნენ მოპაექრეთა გუნდნი, განქარდეს უიმედობა, შური და ღვარძლი და ღვთისადმი სიყვარულით აღძრული ჩვენი გონება, სული და გული ანთებული სანთლით სულიერად უნდა წარემართოს წმინდა მიწისკენ, რათა, ქალდეველ მოგვთა და ბეთლემში მყოფ მწყემსებთან ერთად, ანგელოზთა გუნდს შევუერთოთ ჩვენი ხმაც და სიხარულით აღმოვთქვათ: „დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება“.
ამ იდუმალ ღამეს განსაკუთრებულად გევედრები, ჩვენი ხსნისათვის განკაცებულო, ბეთლემს შობილო ყრმაო, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, ზეციურნო ძალნო, ყოველნო წმინდანო ღვთისანო, დაგვლოცეთ და დალოცეთ სრულიად საქართველო, მკვიდრნი მას შინა, სამშობლოს საზღვრებს გარეთ მყოფნი თანამემამულენი; მშვიდობა მომადლეთ მსოფლიოს, განგვაშორეთ სიმძიმე ჩვენი დაცემული ბუნებისა, ერთობითა და ჭეშმარიტი სიყვარულის ნიჭით გვაკურთხეთ და ღვთის თანაზიარნი გვყავით ყოველნი.
ქრისტე იშვების, - უგალობდეთ!
ქრისტე ზეცით გარდამოვალს, - მიეგებვოდეთ!
ქრისტე ქუეყანასა ზედა, - ამაღლდებოდეთ!
უგალობდით უფალსა ყოველი ქვეყანა!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი
ილია II, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი,
შობა ქრისტესი,
2025-2026 წწ.
საშობაო ეპისტოლე - 1985
საქართველოს სამოციქულო ეკლესიის სულიერ შვილებს:
"ყოვლითა დაცვითა დაიცევ გული შენი, რამეთუ
ამისგან გამოვლენ წყარონი ცხოვრებისანი" (იგავ. 4, 23)
ყოვლადსამღვდელონო მიტროპოლიტნო, მთავარეპისკოპოსნო და ეპისკოპოსნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერნო და მონოზონნო, ღვთივკურთხეულნო სულიერნო შვილნო ჩვენი წმიდა ეკლესიისა, მკვიდრნო საქართველოჲსა და მცხოვრებნო მის ფარგლებს გარეთ! "მადლი უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესი, და სიყუარული ღმრთისა და მამისაჲ, და ზიარებაჲ სულისა წმიდისაჲ თქუენ ყოველთა თანა. ამინ" (2 კორ. 13,13).
აღსრულდა ძველი წინასწარმეტყველება წმიდა ესაიასი მაცხოვრის ამ სოფლად მოვლინებასთან დაკავშირებით: "აჰა, ქალწულმან მუცლად იღოს და შვეს ძე, და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ" (ეს. 7,14).
ახლად შობილი ყრმის, იესო ქრისტეს სახით ღვთაებრივი სიყვარული გადმოვიდა ქვეყნად, რათა ადამიანი საუფლო დიდების თანაზიარი გამხდარიყო. ღვთის განკაცების დიად საიდუმლოს ბოლომდე ვერასდროს შეიცნობს ჩვენი გონება. უფალმა განხორციელებით ცხადყო თვისი უნაპირო სიყვარული კაცთა მოდგმისადმი, სიყვარული, რომელი არს აღმადგინებელი, მკურნალი, შემაკავშირებელი, გადამრჩენელი. ბეთლემის გამოქვაბულის ბაგაში მწოლი ჩვილი მაცხოვარი მარადიული მაგალითია თავმდაბლობისა, მასწავლებელი თანადგომის, ძმობის, თანასწორობის, თანხმობისა და სიყვარულისა.
ამ სათნოებით რომ შევიმოსოთ, ჯერ საკუთარ სულში ჩახედვა უნდა შევძლოთ, უნდა შევიცნოთ თავი თვისი; Nosce te ipsum, - როგორც ძველი რომაელები იტყოდნენ; ერთი შეხედვით, ეს იოლი საქმეა, მაგრამ სინამდვილეში მრავალთათვის ქცეულა იგი ლოდად შებრკოლებისა. ბრძენთ უთქვამთ: ადამიანში სამი პიროვნებაა: პირველი - როგორ წარმოიდგენენ მას სხვანი, მეორე - როგორი წარმოდგენა აქვს საკუთარ თავზე და მესამე - რასაც სინამდვილეში წარმოადგენს.
როდესაც მთელი სიმართლით დაინახავ საკუთარ შინაგან სახეს, უკვე იოლად გადაჭრი მრავალ საკითხს, ადვილად იპოვი შენს ადგილს ცხოვრებაში. საკუთარი თავის ძიების პროცესში აუცილებლად წამოიჭრება მარადიული კითხვები: ვინ ვარ, რატომ ვარ დედამიწაზე, რა არის ჩემი მოწოდება? ღვთისმეტყველთა განმარტებითა და ქრისტიანთა შეხედულებით, ადამიანი ღვთის იდეა და ქმნილებაა ამქვეყნად, ყველაზე სრულყოფილი, მაგრამ მაინც განვითარებადი. სრულქმნის პროცესი პიროვნების თავისუფალი ნებით იწყება დედამიწაზე და შემდეგ მარადიულ სამყოფელში გრძელდება. კაცს აქვს თავისი დანიშნულება საწუთროში და ღვთის ნების განსახორციელებლად გააჩნია კიდეც შესაბამისი სასიცოცხლო სწრაფვა და მოთხოვნილება, ოღონდ ამისთვის საჭიროა მთელი ჩვენი შესაძლებლობების გამოყენება, ნიჭისა და მადლის გამომზეურება.
"უფლის წყალობით, ყოველივე ისეა მოწყობილი, რომ თითოეული ადამიანი მონაწილეობს სულიერ წინსვლაში თავისი არჩევანის თანახმად. მარადიულ ცხოვრებას ვეზიარებით ღვთის კურთხევით, ოღონდ დამსახურებისამებრ. წინსვლა ხორციელდება არა მარტო შემოქმედის ნებითა და წყალობით, არამედ ადამიანის თანაქმედებითა (სინერგია) და ძალითაც. მსგავსად ამისა, ღვთის ნების სრულ განხორციელებას, თავისუფლებასა და განწმენდის მთელ სისავსეს მოვიპოვებთ არა მარტო ჩვენი შესაძლებლობებით, ძალითა და სიმტკიცით, არამედ სულიწმიდის შემწეობითა და მეოხებით", - ვკითხულობთ ღირსი მამა მაკარი დიდის შრომებში (ვრცელი ეპისტოლე, გვ. 238).
მიზანს რომ მივაღწიოთ, ყოველი წუთი გონივრულად უნდა მოვიხმაროთ. დრო სწრაფწარმავალია; "აწმყო იმდენად ხანმოკლეა, რომ გვეჩვენება, საერთოდაც არ არსებობს იგი. თითქოს დაბადებამდევე დაასრულაო სიცოცხლე", - წერდა სენეკა. ჩვენ კი არ ვაფასებთ დღევანდელ დღეს, ყველაფერს მერმისისთვის გადავდებთ ხოლმე; ბრძენი სოლომონი გვასწავლის: "ნუ იქადი ხუალისა დღისათვის, რამეთუ არა უწყი, რასა შობს შემომსვლელი დღე" (იგავ. 27, 1).
ხშირად ისეც ხდება, რომ პიროვნება თავის უნარს ფუჭად ახმარს რაღაც წვრილმანებს, საკუთარი ნებით ეჯაჭვება მატერიალურ სამყაროს, წვალობს, იტანჯება. ტანჯვის მიზეზი კი ის არის, რომ დაკარგული აქვს სულიერობა, კავშირი მასთან, ვინც არის სიცოცხლის და სიხარულის მომნიჭებელი; თუ არ აღვზრდით ჩვენში სულიერ ფასეულობებს: ღვთის რწმენასა და მისგან გამომავალ სიკეთეს, არ ექნება აზრი და მიზანი ჩვენს ფიზიკურ ძალას, ჯანმრთელობას, გონებრივ განვითარებასა და თვით სიყვარულის უნარსაც კი. აუცილებელია პიროვნების სულიერი და ფიზიკური მონაცემების ჰარმონიული განვითარება და არა მისი ცალკეული შესაძლებლობების წინ წამოწევა. მხოლოდ ასეთ შემთხვევაში შევძლებთ ვიყოთ ღირსეული მემკვიდრენი ჩვენი დიდებული წინაპრებისა, რომელთა ღვაწლნი და საქმენი საამაყოდ გვაქვს მიჩნეული.
ისე უნდა ვიცხოვროთ, რომ ვიყოთ სულიერ და მატერიალურ ღირებულებათა არა მარტო მომხმარებელნი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, შემქმნელნი. ამ პრინციპით უნდა აღვზარდოთ ჩვენი შვილებიც.
მამათა და შვილთა დამოკიდებულების საკითხი რთულია. ზოგიერთი ფილოსოფოსი გამოთქვამს მცდარ აზრს, თითქოს, ახალი თაობა ძველის მიმართ ყოველთვის ქვეცნობიერი სიძულვილითაა განმსჭვალული. ეს ასე არ არის. ახალგაზრდის ფსიქოლოგია მყიფეა, სინდისი - თავანკარა წყაროსავით სუფთა; უყვარს სიმართლე, ეძიებს ჭეშმარიტებას, ესწრაფვის იდეალს, აღვსილია ენერგიით და მზადაა ბოროტებასთან საბრძოლველად; მაგრამ, როცა მშობლებში, პედაგოგებში და საერთოდ მათში, ვინც წვრთნიდა და არიგებდა, იდეალს ვერ იპოვის, ღიზიანდება, დრტვინავს და სიმკაცრეს იჩენს. იგი მოუმზადებელია ცხოვრებისათვის, ვერ ითვალისწინებს იმ დაბრკოლებებს, რაც ჩვეულებრივია მიწიერი ყოფისა და ადამიანთა ურთიერთობისათვის. ყოველივე ეს იწვევს უიმედობას, გულგატეხილობას... და ჩნდება ნაპრალი თაობათა შორის.
ყოველ ახალ თაობას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი აზრები, ინტერესები, რომელთაც ხშირად ვერ იზიარებენ უფროსები მაგრამ თუ მამებსა და შვილებს აკავშირებთ ერთი სარწმუნოება, ერთი მსოფლმხედველობითი პოზიციები, იდეალი და მიზანი, თუ უფროსები სამაგალითონი არიან, ცალკეულ შეხედულებათა სხვაობის მიუხედავად, შვილები მამათა საქმის ერთგული გამგრძელებელნი ხდებიან.
შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების სიჯანსაღის საზომი ახალგაზრდობაა. იგი ყოველთვის იყო და არის ყოფის უშუალო მონაწილე, დიად საქმეთა თანაზიარი. მისი ცხოვრების ჭეშმარიტების გზით წარმართვა აუცილებელია, რადგანაც ახალგაზრდები ერის სასიცოცხლო ძალას წარმოადგენენ.
ჩვენი ქალიშვილები და ჭაბუკები დაინტერესებულნი არიან სულიერი საკითხებით, ეძიებენ შინაგანი ფერისცვალების გზებს, მაგრამ გამოუცდელობით ზოგჯერ შეცდომა მოსდით. ამის გამოვლინებაა თუნდაც ის, რომ ამ ბოლო დროს ახალგაზრდობის ნაწილი გაიტაცა აღმოსავლურმა რელიგიებმა და მათგან გამომდინარე ისეთმა მიმდინარეობებმა, როგორიცაა ინდუიზმი, ბუდიზმი, იოგა, თეოსოფია, ანთროპოსოფია და სხვა.
ინდუიზმი მრავალღმერთიანობას აღიარებს, კაცს ღვთის ნაწილად სახავს, ხოლო მის აზროვნებას მხოლოდ ერთიანი მთელისგან მომდინარედ მიიჩნევს. ამ სწავლების მიხედვით, გაუგებარია, რატომღა არსებობს ცოდვა, რომლის გამოც ასე ხშირად ეწინააღმდეგება ადამიანი შემოქმედს, რა აზრი აქვს სულთა გადასახლებას, რაც მათი რწმენის შემადგენელი ნაწილია და სხვა.
ბუდიზმი უფრო მწყობრი მოძღვრებაა. თავის დროზე მან დიდი როლი შეასრულა აღმოსავლეთის ქვეყნების სულიერ განვითარებაში, ჩაუნერგა რა ჩინეთის, ინდოჩინეთის, ტიბეტის, იაპონიის ბუნებით მებრძოლ ხალხებს აზრი მშვიდობის, მორჩილების, გულმოწყალების, სახიერების, ჭირში ურთიერთთანადგომის შესახებ. ბუდიზმი ადამიანს თუმც მოუწოდებს თავგანწირვისაკენ, სიყვარულისა და სიკეთისაკენ, მაგრამ ფაქტიურად უარყოფს ღვთის არსებობას, უარყოფს ადამიანის უკვდავი პიროვნული სულის იმქვეყნიურ ცხოვრებას.
თეოსოფიისა და ანთროპოსოფიის წარმომადგენლები ეყრდნობოდნენ აღმოსავლურ რელიგიებს და ცდილობდნენ მათთან შეეთანხმებინათ ქრისტიანობა. მაგრამ აქედან არაფერი გამოვიდა. დღეს დასავლეთში ამ სახის ლიტერატურით ცოტა ვინმეღაა დაინტერესებული.
აღნიშნულ მიმდინარეობებს შორის სხვაობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მათ ერთი რამ აკავშირებთ და აერთიანებთ. ესაა მეტად საშიში და არარეალური განდიდება პიროვნებისა, მასში ჩანერგვა აზრისა თავისი უნაპირო შესაძლებლობების შესახებ, რაც სინამდვილეში ადამიანთა სისუსტეზე თამაშია. მაგალითად, იოგას ერთგული მიმდევრებისათვის უცილობელი ზეადამიანური შესაძლებლობების მიღწევა და მადლმოსილების გამოვლინებაა, ის კი ავიწყდებათ, რომ სასწაული შეიძლება მოხდეს არა მარტო ღვთის შეწევნით, არამედ ბოროტი ძალითაც. გავიხსენოთ თუნდაც წმიდა მოსესა და მისი მოწინააღმდეგე ეგვიპტელ გრძნეულთა საოცრებანი და მოვიგონოთ მაცხოვრის სიტყვები: "ნათესავი ბოროტი და მემრუშე სასწაულსა ეძიებს" (მათ. 12,39).
ქრისტიანული სწავლებით, წმინდანობა არ ნიშნავს სნეულთა განკურნვის, წინასწარმეტყველებისა და სხვა სასწაულთა მოხდენის აუცილებელ უნარს. წმიდა მამები ყოველთვის ერიდებოდნენ ამის მისაღწევად ზრუნვას, ანდა ამგვარი შესაძლებლობების ჩვენებას. მათთვის მთავარი სულიერი სრულყოფა - მოყვასისადმი თავგანწირული სიყვარულისა და ღმერთთან შესაძლებელი სიახლოვის მოპოვება იყო.
სასწაულმოქმედების ბოროტ ძალას იყენებს მაგია და ოკულტიზმიც, რათა თავის უძირო ჭაობში მიიზიდოს შეცდომილნი. "... ვაი მათდა, რომელნი იტყვიან ბოროტსა კეთილად, და კეთილსა ბოროტად, რომელნი დასდებენ ბნელსა ნათლად, და ნათელსა ბნელად, და რომელნი დასდებენ მწარესა ტკბილად, და ტკბილსა მწარედ", - წერს წმიდა ესაია წინასწარმეტყველი (ეს. 5,20).
აღმოსავლურ რელიგიებში ადამიანის ღმერთამდე ამაღლებისა და თვით მასზე უფრო მეტად საკუთარი თავის განდიდებისაკენ სწრაფვა ეყრდნობა ჰიპნოთერაპიისა და ფსიქიკის უკიდურესად აღგზნების მეთოდს. იგივე საფუძველი უდევს ალკოჰოლით, მორფითა და სხვა გამაბრუებელი ნივთიერებებით ამ ცხოვრებისაგან განდგომის იდეას. განსხვავება ის არის, რომ აქ შედარებით გამარტივებული გზაა მოძებნილი, ყველასთვის ადვილად ხელმისაწვდომი საშუალებებია გამოყენებული, ოღონდ ამ მოჩვენებითი ნეტარებისთვის მსხვერპლად შენი და შენი შვილების ჯანმრთელობა უნდა გაიღო, სული უნდა გასწირო. ამ საწამლავით დაავადებულნი სჩადიან დანაშაულს, რომელიც თვითმკვლელობის ტოლფარდია და სულიწმიდის გმობას ნიშნავს. "ხოლო სულისა წმიდისა გმობაჲ არა მიეტეოს კაცთა" (მათ. 12, 31), - ბრძანებს მაცხოვარი.
ლოთები, ნარკომანები საკუთარი ხელით შეგნებულად ისპობენ უფლისგან მომადლებულ უნარსა და შესაძლებლობებს, რომელთა გონივრული გამოყენებითა და ყოველდღიური სულიერი შრომის წყალობით უნდა განეხორციელებინათ დიადი მიზანი - მოემზადებინათ სული მარადიული ნეტარებისთვის.
სამწუხაროდ, ჩვენი ახალგაზრდობის ნაწილი ამ უმძიმესი ცოდვის მსხვერპლია, დღეს ისე, როგორც არასდროს, ადამიანები ეძიებენ იოლ გზებს მატერიალურ სიკეთეთა შეძენის მიზნით, იოლადვე უნდათ მიაღწიონ წინსვლას სულიერ ცხოვრებაშიც, მაგრამ სწორედ აქ ცდებიან; დაბნეულნი და შეცდომილნი სინათლის ნაცვლად ბნელის გავლენის ქვეშ ექცევიან და ეჩვენებათ უკუნი ნათლად.
"მე ვარ კარი: ჩემ მიერ თუ ვინმე შევიდეს, ცხონდეს... რომელი არა შევალს კარით ეზოსა ცხოვართასა, არამედ სხჳთ კერძო შევალს, იგი მპარავი არს და ავაზაკი" (იოან. 10,91), - გვასწავლის ჩვენთვის ვნებული, დაფლული და მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი და გვეუბნება: "მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდეს ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ" (იოან. 8,12). ამ გზით, ქრისტეს ერთადერთი გადამრჩენელი გზით, ვიდოდნენ ჩვენი წინაპარნი. მას უნდა შევუდგეთ ჩვენც და აღვასრულოთ მცნებანი მისნი. ამიტომაც აუცილებელია, ვიცნობდეთ წმიდა წერილს - ბიბლიას, რომლის მეოხებითაც უფალმა მოგვაწოდა ცოდნა ჩვენი მიწიერი ყოფის იმგვარად წარმართვისათვის, რომ ღირს ვიქმნეთ იმ ქვეყნად სასუფევლის დამკვიდრებისა.
საღვთისმეტყველო განათლებისა და სულიერი წინსვლის მისაღწევად ასევე დიდმნიშვნელოვანია წმიდა მამათა: იოანე ოქროპირის, ბასილი დიდის, გრიგოლ ღვთისმეტყველის, გრიგოლ ნოსელის, ეფრემ ასურის, იოანე დამასკელის, გრიგოლ პალამას, ანტონ დიდის, წმიდა თეოდორიტეს, წმიდა თეოფანეს, გიორგი მცირის, იოვანე ზედაზნელის, გიორგი და ექვთიმე მთაწმიდელთა, გრიგოლ ხანძთელის... და ყოველთა სხვათა დიდთა მოძღვართა ცხოვრებისა და შრომების გაცნობა. ისინი იყვნენ ბიბლიის არა მარტო შესანიშნავი მცოდნენი და შემოქმედებითი უნარით დაჯილდოებულნი, არამედ, უპირველეს ყოვლისა, დიდი სულიერობით გამორჩეულნი, რადგანაც ათობით წელი ჰქონდათ გატარებული განმარტოებით ლოცვასა, მკაცრ მარხვასა და განდეგილობაში. შემდეგ კი მათ თავიანთი გამოცდილება გადასცეს მოწაფეებს და შრომებისა და წერილების სახით გაგვიზიარეს ჩვენ, ქრისტიანებს.
წმიდა მამათა სწავლანი მიზნად ისახავს ადამიანის ღმერთთან დაახლოებას, ნეტარებასა და წარუვალ სიხარულს. "გიხაროდენ მარადის უფლისა მიერ, კუალად გეტყჳ: გიხაროდენ" (ფილიპ. 4,4), - გვარიგებს პავლე მოციქული.
განა შეიძლება ჩვენი სიხარული იყოს მუდმივი, როცა გარშემო ამდენი მწუხარება, გაჭირვება, ავადმყოფობა, გაღიზიანება და შფოთია, როცა სულ ახლოს ჩაივლის ხოლმე სიკვდილი და გრძნობ, მალე შენც შეგეხება? მაგრამ ნუ დავივიწყებთ, რომ ეს სიტყვები ეკუთვნის იმ ადამიანს, ვინც მრავალჭირნახული ცხოვრება განვლო და მოწამეობრივად აღესრულა. სწორედ იგი, ქრისტიანობის ქადაგებისთვის ერთ-ერთი ყველაზე მეტად დამაშვრალთაგანი, დაჟინებით და თანაც არაერთხელ მოგვიწოდებს მარადიული სიხარულისკენ, იმ სიხარულისკენ, რომელსაც ვერავითარი მიწიერი განცდა ვერ განაქარვებს, იგი იესოს [?]სობით მოენიჭა კაცთა მოდგმას.
"გახარებ თქუენ სიხარულსა დიდსა, რომელი იყოს ყოვლისა ერისა, რამეთუ იშუა დღეს თქუენდა მაცხოვარი, რომელ არს ქრისტე უფალი, ქალაქსა დავითისსა" (ლუკ. 2,10-11). - ამ სიტყვებით მიმართა ანგელოზმა შობის ღამეს ბეთლემელ უბრალო მწყემსებს. თითქმის ოცი საუკუნეა, რაც კაცობრიობა ისმენს ზეციურ უსხეულო ძალთა საგალობელს, პირველად იმ იდუმალ ღამეს რომ მოეფინა დედამიწას: "დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა და ქუეყანასა ზედა მშჳდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ" (ლუკ. 2,14). ამ ხნის მანძილზე დიდი ძვრები მოხდა ადამიანთა სამყაროში, შეიცვალა პიროვნება, მისი შეხედულებანი სულიერ და მატერიალურ ფასეულობებზე, მაგრამ უცვლელი და ჩვენთვის ახლა უფრო აუცილებელი გახდა ანგელოზთა ამ სადიდებლის მოწოდება მშვიდობისა და ურთიერთსიყვარულისაკენ, რადგანაც დღეს მსოფლიო თავისი არსებობის მეტად საშიშ პერიოდში შევიდა. მეცნიერება და ტექნიკა დიდი ტემპით მიიწევს წინ; თუ არ მოხდა პიროვნების გონიერი და სულიერი საწყისის შესაბამისი სისწრაფით განვითარება, სიცოცხლე ქვეყნად ბირთვული კატასტროფის საბედისწერო საფრთხის წინაშე დადგება.
გვწამს, უფალი და ხალხის კეთილი ნება არ დაუშვებს, რომ ჩვენი აყვავებული დედამიწა ნაცარტუტად იქცეს.
ქრისტესმიერნო დანო და ძმანო!
სულიერი სიხარულით აღვსილი, გულითადად მოგესალმებით და მოგილოცავთ ქრისტეს შობის დიად დღესასწაულს. დაე, ყოვლისშემძლე ღმერთმა არ მოგიშალოთ მშვიდობა, ჭეშმარიტი სიყვარული და სიხარული მარადიული.
"მოწყალებანი და სარწმუნოებანი ნუ მოგაკლდებიან შენ; შეიბნ იგინი ყელსა შენსა და დაწერენ იგინი ფიცართა გულისა შენისათა და ჰპოო მადლი წინასწარგანზრახვად კეთილისა წინაშე ღმრთისა და კაცისა" (იგავ. 3,3-4).
გწამდეთ, არა ხართ მარტო; გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
სააღდგომო ეპისტოლე - 2017
ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მამანო და დედანო, ძმანო და დანო, მკვიდრნო საქართველოისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო,
„შვილო, თუ უფალს მიეახლები სამსახურად, განსაცდელისათვის გაამზადე თავი… ოქრო ცეცხლში გამოიცდება, უფლის სათნონი კი,- მორჩილების ქურაში“(ზირქ. 2,1,5.)ქრისტე აღდგა!
გვესმის ყოვლადწმინდა მარიამის, მარიამ მაგდალინელისა და სხვა მენელსაცხებლე დედათა გულანთებული, სულისშემძვრელი ძახილი:ქრისტე აღდგა!
სიხარულით აღვსილნი ადასტურებენ წმინდა მოციქულნი, - პეტრე და იოანე და სხვა მოწაფენი ქრისტესნი:ქრისტე აღდგა!
ხმობს ასობით სხვა თვითმხილველიც.დღეს იშვებს ცანი და ქვეყანა, განსცხრების სიონი და ჩვენც, თანაზიარნი ამ ზეიმისა, ვისმენთ აღდგომილი მაცხოვრის დიად სიტყვებს:
„გიხაროდეთ!“ (მთ.28;9), „მშვიდობა თქვენდა!“ (ინ.20;19), „ნუ გეშინინ, მე ვარ პირველი და უკანასკნელი მკვდარი ვიყავი და, აჰა, ცოცხალ ვარ უკუნითი უკუნისამდე. მიპყრია სიკვდილისა და ჯოჯოხეთის კლიტენი“ (გამოცხ.1, 17-18) და „მოცემული მაქვს მთელი ხელმწიფება ცაში და დედამიწაზე“ (მთ 28;18); „ვინც ჩემს სიტყვებს ისმენს და სწამს ჩემი მომავლინებელი, მას აქვს საუკუნო სიცოცხლე“ (ინ.5;24);
რა უნდა იყოს ჩვენთვის ამაზე უფრო ტკბილი და მნიშვნელოვანი მოსასმენად?! იხარეთ, ერნო!
აღდგა ქრისტე და მასთან ერთად ძველი აღთქმის მართალთა სულნიც; ქრისტეს აღდგომით თითოეულ ჩვენგანს ასევე მიეცა შესაძლებლობა სიკვდილის დაძლევისა და სამოთხის დამკვიდრებისა, რადგან მაცხოვრის კაცობრივი ბუნება მოიცავს ადამიანთა მოდგმის მთელ სისავსეს, ერთ კაცად ქმნილ კაცობრიობას და მასში ვართ ჩვენ ყველანი; მაგრამ მის ჰიპოსტასს ასევე აქვს სრული საღვთო ბუნებაც და ეს ორი ბუნება შეურევნელად, შეურწყმელად და განუყოფლად არის ურთიერთდამტევნელი.
დაუშვებელი რომ დავუშვათ და წარმოვიდგინოთ, რომ ძე კაცისას მხოლოდ ადამიანური ბუნება ჰქონოდა და მკვდრეთით აღდგომა შეეძლო, სიკვდილს ოდენ თავის თავთან მიმართებაში დასძლევდა და ისიც მხოლოდ დროებით, როგორც ეს მოხდა, მაგალითად, სინაგოგის მთავრის ქალიშვილის, ნაინელი ქვრივის ვაჟის, ან თუნდაც ლაზარეს მკვდრეთით აღდგინების შემთხვევაში (უფრო ადრე კი ელია წინასწარმეტყველისა და ელისეს მიერ აღსრულებულ სასწაულებში).
მაცხოვართან მიმართებით კი ჯოჯოხეთი მოტყუვდა!
იესოში ვერ შეიცნო ღმერთკაცი. განიზრახა მისი ადამიანური სულის სხვა ადამიანთა სულების მსგავსად შთანთქმა.
მაგრამ მოხდა წარმოუდგენელი და სრულიად საპირისპირო რამ!
იმის ნაცვლად, რომ ჯოჯოხეთს დაენთქა ჯვარცმული „მეუფე ჰურიათა“, თვითონ დაინთქა და შეიმუსრა, რადგან ვერ დაიტია ქრისტე და მის საღვთო ძალას ვერ შეეწინააღმდეგა.
სიკვდილი შედეგია ცოდვისა და ისინი ერთმანეთის გარეშე არ არსებობენ; ხოლო ვინაიდან მაცხოვარი უცოდველი იყო, მას ვერც სიკვდილი დაეუფლა და ვერც ჯოჯოხეთი; პირიქით, ორივე იძლია და განქარდა.
„სადა არის სიკვდილო, საწერტელი შენი, სად არს „ჯოჯოხეთო“ ძლევაი შენი“ (1 კორ. 15,55)!
იესო ქრისტე თავისკენ უხმობს ცხონების ყველა მსურველს, ახალშობას ანიჭებს მათ მარადიული სიცოცხლისათვის, და, ამასთან, ცასა და მიწას ახალ ცად და ახალ მიწად გარდაქმნის. ამიტომაც იგი „მეორე ადამად“ იწოდება. „როგორც ერთი კაცის ურჩობით ბევრი გახდა ცოდვილი, ასევე ერთის მორჩილებით ბევრი გახდება მართალი“ (რომ. 5,19), - ვკითხულობთ ახალ აღთქმაში.
უფალთან პირველი და უმთავრესი კავშირის დამყარება ნათლისღებით ხდება. ეს უდიდესი საიდუმლოა და ქრისტეს ჯვარცმას, დაფლვასა და აღდგომასთან თანაზიარებას ნიშნავს; „ვინც მოვინათლეთ ქრისტე იესოში, მის სიკვდილში მოვინათლეთ, … ხოლო თუ დავენერგეთ მას სიკვდილის მსგავსებაში, ასევე ვიქნებით მისი აღდგომისას, რადგან ვიცით, რომ მასთან ერთად ჯვარს ეცვა … ჩვენი ძველი კაცი, რათა გაუქმდეს ცოდვის სხეული და აღარ ვიყოთ ცოდვის შვილები“ (რომ. 6,3,4,6).
ასე რომ, წყალში სამგზის შთაფლვით ჯოჯოხეთში მაცხოვრის სამი დღით ყოფნას, შემდეგ კი მის ძლევასა და აღდგომას ვემოწმებით, ცოდვათაგან სრულიად ვთავისუფლდებით, ახალ ადამში, ქრისტეში, განახლებულ პიროვნებად ვიბადებით. მირონცხება კი გვანიჭებს სულიწმინდის ბეჭედს. ნათლისღებისა და მირონცხების საიდუმლოს მადლმოსილებით იცვლება გული და გონება, ძლიერდება სიყვარული შემოდის სიმშვიდე, უცხო ხდება რისხვა, მძვინვარება, შური, თვალთმაქცობა, ყოველგვარი ბოროტება და უწმინდურება.
თუმცა ასეთი მდგომარეობა შეიძლება დიდხანს არ გაგრძელდეს. ხელმეორედ შობის (ნათლობის) შემდეგ ადამიანი, თავისი სუსტი ნებისყოფის გამო, ხშირად ეშმაკის მახეში კვლავ ებმევა და იწყება საკუთარ თავთან, ჩვენს მანკიერებებთან ჭიდილის პროცესი, რომელიც გარდაცვალებამდე გრძელდება.
გავიხსენოთ მოციქულის სიტყვები: „გონებით რჯულს ვემონები, საქმით კი ცოდვით რჯულს, არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს, არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არც მსურს. ჩემს ასოებში (სხეულის ნაწილებში) მე ვხედავ სხვა რჯულს, რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს და მხდის ცოდვის რჯულის ტყვედ. უბადრუკი ადამიანი ვარ!“ (მთ. 8, 19-24)
ჩვენ რაღა გვეთქმის? თითოეული ჩვენგანის გულიც ასპარეზია კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლისა; ამასთან, უფრო სუსტი ბრძოლისა, რადგან წინააღმდეგობის გაწევის უნარი ჩვენ ნაკლებად გვაქვს.
რა თქმა უნდა, არიან ისეთი პიროვნებები, თავიდანვე მტკიცე ბარიერს რომ უქმნიან საცდურს; სხვანი უფრო ადვილად თმობენ პოზიციებს, ზოგიერთნი კი საერთოდ ვერ გრძნობენ ნათლობის მნიშვნელობას და მეორე დღესვე ცოდვილ ცხოვრებას უბრუნდებიან.
ეშმაკის საცდურთაგან თავდახსნას კეთილნი და თავმდაბალნი შეძლებენ, - წერენ წმინდა მამები.
წმ. ანტონი დიდი კი ბრძანებს: ვინც არ არის კეთილი, ვერც ვერასოდეს შეიმეცნებს უფალს და იგიც ასეთს თავისთან არ მიიღებს. ერთადერთი საშუალება ღმერთის შეცნობისა არის სიკეთისა და სიყვარულის გზა.
შევნიშნავთ იმასაც, რომ თუ კეთილი საქმე სხვათა დასანახად და დიდებისმოყვარეობისათვის აღესრულება, იგი ცოდვად გარდაიქცევა; ასევეა სიმართლის შემთხვევაშიც: სიმართლით ქედმაღლობა აცამტვერებს სიმართლეს (წმ. იოანე ოქროპირი).
საერთოდ, ცოდვა მომდინარეობს იქიდან, რომ ადამიანი თავის თავს უფრო ბრძნად მიიჩნევს, ვიდრე ღვთის მცნებები და კანონებია. ასეთნი საკუთარ წესებსა და კანონებს გვთავაზობენ ან თავის ნააზრევს ღმერთს მიაწერენ. ამ მხრივ ყველაზე დიდი დანაშაული არის ეკლესიაში განხეთქილების ან მწვალებლობის შემოტანა. ამის ჩამდენნი მოწამეობრივი სიკვდილითაც რომ აღესრულონ, ცოდვას ვერ ჩამოიბანენ. ასევე უდიდესი ცოდვაა ქვეყნის მტრობა და მისი ერთიანობის დარღვევის მცდელობა.
ვნებათა შორის ყველაზე დაფარული და გავრცელებული პატივმოყვარეობაა. ასეთი კაცი ყოველთვის საკუთარ „მეს“ უკმევს გუნდრუკს, თუმცა ცდილობს, ეს დაფაროს და სხვათა თვალში კეთილმსახურად გამოჩნდეს.
ეგოისტური „მე“-სგან განდგომა და საკუთარი თავის პირუთვნელი შეფასება უდიდესი ღირსება და აუცილებელი პირობაა ქრისტიანული ცხოვრებისა.
უპატიებელი ცოდვაა სასოწარკვეთა და სიცოცხლის თვითმკვლელობით დამთავრება. ვინც ამ ნაბიჯს შეგნებულად დგამს, რა თქმა უნდა, ვეღარ უძლებს თავისი ჯვრის სიმძიმეს და გამოსავლს ასეთ ქმედებაშიღა ხედავს. ამ ადამიანებს, სინამდვილეში არასწორი აზროვნება აქვთ. მათი მთავარი შეცდომა ის არის, რომ მარტო ცდილობენ შეეჭიდონ სიძნელეებს და მხოლოდ თავისი შესაძლებლობებით სურთ, გაუმკლავდნენ სირთულეებს. ვერ ხვდებიან იმას, რომ ჯვარი იქამდეა მძიმე, ვიდრე მის ტვირთვას მხოლოდ შენს თავზე მინდობილი ცდილობ; როგორც კი ჩვენი პირადი ჯვარი ქრისტეს ჯვრად იქცევა, ანუ ჩვენი ცხოვრება ქრისტეს რწმენითა და მისი მცნებებით განიმსჭვალება, ყოველგვარი დაბრკოლება, ყოველგვარი საშიშროება სხვა განზომილებაში გადადის და აღმოვაჩენთ, რომ უმძიმესი განსაცდელიც კი ჩვენი სიკეთისათვის ყოფილა უფლისგან დაშვებული. ამის შეგნება ჩვენში სიმშვიდეს ასადგურებს და ღვთისადმი იმედით, მადლიერებითა და მორჩილებით განგვაწყობს.
ერთ-ერთი ფილოსოფოსი ადამიანური ურთიერთდამოკიდებულების ორ ძირითად სახეს ასე ახასიათებს: ეს არის კავშირი: „მე და შენ“ და „მე და ის.“
„მე და ის“, - ამ ურთიერთობაში „მე“ დაშორებულია „ის“-ისაგან, ანუ მესამე პირისგან. „ის“ უცხოა, სხვაა, ზოგ შემთხვევაში მიუწვდომელიც. აქ ნდობას, ახლობლობას ადგილი არა აქვს. იგია დამოკიდებულება სუბიექტსა და ობიექტს შორის.
რაც შეეხება კავშირს „მე და შენ“, აქ „შენ“ აღარ არის ობიექტი, არამედ იგიც სუბიექტია, „მე-ს“ თანასწორია და მათ შორის ურთიერთგაგება და სიყვარულია.
თუმცა ეს მდგომარეობა ხშირად იცვლება და „შენ“-ს ელის საშიშროება, იქცეს ობიექტად. ამის მიზეზი ცოდვით დაცემული ადამიანური ბუნებაა, ჩვენი ნაკლულევანებაა, ადრე თუ გვიან იმ რეალობის აღმოჩენაა, რომ ნებისმიერ ადამიანთან შეიძლება დამოკიდებულება შეიცვალოს.
ამიტომაც, თუ გვინდა, ამქვეყნად ვიცხოვროთ სწორად, გულგატეხილობისა და სასოწარკვეთილებისაგან დაცულად, ჩვენთვის „შენ“, უპირველესად, უნდა იყოს მარადიული, უცვალებელი ღმერთი, რომელიც ყოველთვის დაგვეხმარება დავძლიოთ ნებისმიერი გაუცხოება, ნებისმიერი სირთულე, ყოველი ადამიანური სისუსტე „მე და შენ“ ურთიერთობისა.
დიახ, ქრისტე განყენებული ღმერთი კი არ არის, თითოეულ ჩვენგანს პირად მეგობრობას გვთავაზობს; მისი შეცნობა და მასთან დაახლოება ეკლესიაში და ეკლესიური საიდუმლოებებით არის შესაძლებელი: ევქარისტიით თანაზიარნი ვხდებით მაცხოვრის ჭეშმარიტი ხორცისა და სისხლისა და ვიმსჭვალებით მისი ცხოველმყოფელი მადლით; ამასთან გვეუფლება საკუთარი უღირესების შეგრძნება და მიმტევებელნი ვხდებით. ღვთის დახმარების გარეშე კი ნებისმიერი ადამიანი, როგორც არ უნდა მოინდომოს მან ეს, უკეთესობისკენ ვერ შეიცვლება და ვერც ცოდვისაგან განიწმინდება.
და როგორც მაცხოვარმა საღვთო ძალით შემუსრა ჯოჯოხეთი და სიკვდილი, ჩვენც მხოლოდ ქრისტეს მადლითა და ძალით აღვსილთ ძალგვიძს მათი დამარცხება. ჩვენ ყველას ჩვენი გოლგოთა გველის და ყველა მართალს აღდგომა და ამაღლება.
შესაძლოა გაჩნდეს კითხვა: თუ მაცხოვარმა სიკვდილი დათრგუნა, რატომღა არსებობს იგი ჩვენს ყოველდღიურ ყოფაში?
შეგახსენებთ, რომ აღდგომილი ქრისტე იწოდება როგორც „მეორე ადამად“, ისე „პირმშოდ შესვენებულთა“, რადგან გარდაცვლილთა შორის პირველმა მან შეიმოსა უხრწნელი სხეული, ანუ აღდგა იმ სახით, რაც ადამს, ღვთის მადლით, ჰქონდა ცოდვით დაცემამდე. ყველა ჩვენგანი კი მაცხოვრის მეორედ მოსვლისას აღვდგებით უხრწნელი სხეულით; მანამდე კი ხორციელი სიკვდილი იარსებებს, ვიდრე თუნდაც ერთი ადამიანი იქნება დედამიწაზე.
საყოველთაო განკითხვისას კი სიკვდილი საბოლოოდ განქარდება, რადაგან მატერიალური ცხოვრებაც დასრულდება და ყოველი ადამიანის სულიც, თავის უნივთო სხეულთან შეერთებული, საბოლოო ხვედრს განიკუთვნებს,- მართალნი, დამსახურებისამებრ, ზეციური იერუსალიმის სხვადასხვა სავანეში, ცოდვილნი, - მარადიული სატანჯველის სხვადასხვა სამყოფელში.
ხოლო ვიდრე ეს ჟამი დამდგარა, ჯოჯოხეთში მყოფ გარდაცვლილთა მდგომარეობის შეცვლა, ღვთის მოწყალებით, კიდევ არის შესაძლებელი. მათ თავისი თავისთვის არაფრის გაკეთება არ ძალუძთ, მაგრამ ეკლესიის მეოხება, ახლობელთა მხურვალე ლოცვა და მათ სახელზე აღსრულებული ქველისსაქმენი, თვით ჯოჯოხეთიდანაც იხსნის იმ ადამიანთა სულებს, რომლებიც სინანულით აღესრულნენ, თუმც კი საქმით ვერ მოასწრეს ეჩვენებინათ ამის ნაყოფი. ასეთნი გამოხსნადნი არიან და ჩვენი ვალია, ვიზრუნოთ მათთვის.
რაც შეეხება ცხონებულთა მდგომარეობას, მართალია, ისინი ზეცად ნეტარებენ, მაგრამ თავისი რწმენისა და ღვაწლის სრულ საზღაურს ისინიც მაცხოვრის მეორედ მოსვლისას მიიღებენ.
ეს არის მართალმადიდებელი ეკლესიის სწავლება, რომელიც, რა თქმა უნდა, ბევრმა იცის, მაგარამ ბევრსაც სწორი წარმოდგენა არა აქვს, ამიტომაც ამ თემას შევეხეთ.
რაც შეეხება ამქვეყნად მყოფთ: ჩვენ ერთმანეთს ხანგრძლივ და ჯანმრთელ სიცოცხლეს ვუსურვებთ ხოლმე და ამისათვის მეტ-ნაკლებად ყველანი ვზრუნავთ, მაგრამ ყველა არ ზრუნავს იმისათვის, რომ სწორად, ღვთისნიერად იცხოვროს; არადა, სიცოცხლის ხანგრძლივობა უფლის ნებაზეა დამოკიდებული, სწორად ცხოვრება კი,- ჩვენზე. შევთხოვთ ღმერთს, ეს იქცეს ყოველი ადამიანის უმთავრეს მიზნად.
- რით დავიწყოთ?
- სინანულით, როგორც გვასწავლის წმინდა იოანე ნათლისმცემელი, როგორც გვასწავლის იესო ქრისტე.
იგია სასწაულთმოქმედი წამალი ჩვენი სულისა!
სინანული ზეციური ნიჭია და წყალობაა, რომელიც ღვთის მსჯავრსაც კი სცვლის; სცვლის პიროვნებისადმი როგორც შემოქმედის, ისე მოყვასის დამოკიდებულებას. მეძავიც, ქურდიც, ამპარტავანიც, მოშურნეც, ლოთიც, შეურაცხმყოფელიც და მოძალადეც… გულწრფელი სინანულით, აღსარებითა და ზიარებით მთელ ჭუჭყს იცილებს და ბოროტებას ასამარებს.
სინანული სინდისის განწმენდაა, ნათლისღების განახლებაა, ცოდვით მომკვდართა აღდგომა და ღმერთთან კავშირის განახლებაა, ოღონდ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი ჩადენილი ცოდვის შესაბამისი იქნება.
უფლისათვის ცოდვის სიმძიმე იმდენად გამამწარებელი არ არის, რამდენადაც გამოსწორების სურვილის არქონა. ხოლო ცოდვით თავმოწონება ან საზოგადოებისთვის მისი თავსმოხვევა გაცილებით დიდი დანაშაულია.
უნდა ვიცოდეთ ისიც, რომ სინანული დროის ხანგრძლივობით არ განისაზღვრება, არამედ განცდის სიღრმით, რადგან სხვა არის სამართალი ღვთისა და სხვა ადამიანისა. ამასთან, სულიერ კიბეზე ამაღლება ნებისმიერ პიროვნებას, ნებისმიერ დროს, ნებისმიერი ადგილიდან შეუძლია და ამ წუთისოფელში არ არსებობს ბოროტება, არ არსებობს ისეთი დაცემული მდგომარეობა, საიდანაც უფლისაკენ მობრუნება იყოს შეუძლებელი, რადგან არ არსებობს ისეთი ცოდვა, რომელიც აღემატება ღვთის სიყვარულსა და მოწყალებას.
გავიხსენოთ ვნების კვირაში განვითარებული მოვლენები: გამცემელი იუდა, უფლის სამგზის უარმყოფელი, - გულმხურვალე მოციქული პეტრე, შეშინებული მოწაფეები, ერთგული იოანე და მენალსაცხებლე დედები, ფარული ქრისტიანები, პირადი კეთილდღეობისათვის უსამართლო მსჯავრის გამომტანი პილატე, ასევე უსამართლო სინედრიონი, მათ მინდობილი გულუბრყვილო ხალხი და სხვანი.
გავიხსენოთ ორი ავაზაკიც, ისინი ხომ ჯვარცმამდე, ფაქტიურად, მსგავსი ცხოვრებით ცხოვრობდნენ და ერთი ხვედრი ამიტომაც ერგოთ. სულ ბოლო მომენტში, კი, - ჯვარზე, - მათი გზები რადიკალურად გაიყო: ერთმა სინანულითა და ქრისტეს რწმენით სამოთხე დაიმკვიდრა, მეორემ კი, უტიფრობითა და უგულისხმობით - ჯოჯოხეთი.
თითოეულ ჩვენგანს ჩვენი გზა და ჯვარი გვაქვს. როგორი იქნება იგი და სადამდე მიგვიყვანს?
ინებოს ღმერთმა, ჩვენც ჩვენი გულწრფელობითა და ცოდვის განცდით მაცხოვრის შეწყალების ღირსნი გავხდეთ და საყოველთაო აღდგომის დღეს ჩვენც განგვეცხადოს მისი სიტყვები: „მოვედით, კურთხეულნო მამისა ჩემისანო, და დაიმკვიდრეთ სამყაროს შექმნიდან თქვენთვის განმზადებული სასუფეველი“ (მთ.25,34).
გიხაროდეთ, ქართველნო, აფხაზნო, ოსნო, უდინნო, ქურთნო, იეზიდნო, ბერძენნო, რუსნო, უკრაინელნო, აზერბაიჯანელნო, სომეხნო, ებრაელნო, ქისტნო, ჩეჩენნო, ლეკნო და ყოველნო შვილნო ივერიისა, ჩვენს სამშობლოში მკვიდრნო და ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო,
სიკვდილი შეიმუსრა!
ქრისტე აღდგა!
უფალი მეფობს!
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და
ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი
თბილისი,
აღდგომა ქრისტესი
16.04. 2017
საშობაო ეპისტოლე - 1991
"... ასე ამბობს უფალი, შენი შემქმნელი... ნუ გეშინია,
რადგან მე გიხსენი შენ, შენი სახელით მოგიწოდე,
ჩემი ხარ შენ. როცა წყლებს გადახვალ შენთან ვიქნები
და მდინარეები არ წაგიღებენ. როცა ცეცხლში შეხვალ,
არ დაიწვები და ალი არ მოგეკიდება, რადგან მე ვარ
უფალი შენი ღმერთი... შენი მაცხოვარი" (ესაია 43,1-3).
საქართველოს წმიდა მართლმადიდებლური ეკლესიის სულიერ შვილებს:
ღვთისმოყვარენო ღვთივკურთხეულნო შვილნო საქართველოს მართლმადიდებელი წმიდა ეკლესიისა, მშვიდობა თქვენდა და სიხარული ღვთისა - მამისა და ძისა და სულისა წმიდისა, რომელსა შვენის დიდება და თაყვანისცემა უკუნითი უკუნისამდე, ამინ.გასაოცარი სიმდაბლით წარუდგა სოფელს უფალი ჩვენი. ჩვეულებრივი ადამიანური სამყოფლის ღირსიც არ გახდა იგი. ბეთლემის გამოქვაბულმა და ბაგამ შეიკედლა და გაათბო ძე ღვთისა.
ანგელოზთა დასი მის ქვეყნად მოვლინებას შეხვდა საზეიმო გალობით: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". ამ დროს კი სოფელი, რომლის ხსნისთვისაც განხორციელდა იესო ქრისტე, უგრძნობი დარჩა ღვთის შობის აღსრულებული დიადი საიდუმლოს მიმართ. ოდენ ციურნი მნათობნი იყვნენ მოწმენი უცხო სასწაულისა, მხილველნი ახლადშობილი მაცხოვრისა.
და გამოჩნდა უჩვეულო ვარსკვლავი, რომელმაც უწინამძღვრა და ბეთლემის გამოქვაბულთან მოიყვანა მოგვნი ბაგაში მწოლი ღვთის თაყვანისსაცემად.
სიდიადე და თავმდაბლობა - როგორი გაუგებარი და შეუთავსებელნია ისინი ჩვენი აზროვნებისათვის. არადა აუცილებელია ჩავწვდეთ ამ სიტყვების აზრს და არა მარტო გავიცნობიეროთ იგი, არამედ ვიცხოვროთ ამ სულისკვეთებით, რათა შევძლოთ მივეგებოთ ჩვენსკენ მომავალ მაცხოვარს.
თქვენ იკითხავთ: მივეგებოთ, მაგრამ რით? ოქროთი, გუნდრუკითა და მურით?
სჭირდება კი უფალს ცოდვით დამძიმებული ჩვენი სასახლეები და ქალაქები, სხვათა სიკვდილისა და მწუხარების ფასად შეძენილი ჩვენი ქონება, ან ჩვენი ცოდნა, მაღალი თანამდებობა?
არა, მას მხოლოდ რწმენითა და სიყვარულით გამთბარი ჩვენი სუფთა გული სურს, რათა დაივანოს იქ და არასდროს განგვშორდეს.
ძველი რომაული გამონათქვამია: "მივედ, ვნახე, გავიმარჯვე". ზოგს მიაჩნია, რომ ღრმა აზრით სავსე ეს სამი სიტყვა რომის იმპერატორების მიმართ იყო თქმული. ვფიქრობ, იგი თითოეულ ჩვენგანსაც ეხება.
ყოველი ჩვენგანი ღვთის ნებით მოვიდა ამქვეყნად, რათა იხილოს იგი, სარწმუნოებით სძლიოს წუთისოფლის განსაცდელით სავსე ცხოვრებას და გამარჯვებული სუფთა გულით წარუდგეს შემოქმედს.
დიახ, ჩვენი ამქვეყნიური ყოფა რაღაც დიადისა და მარადიულის კარიბჭეა. მიწიერი ცხოვრება რთული, წინააღმდეგობებით სავსე და მრავალფეროვანია. ამ მცირე დროში უნდა მოვასწროთ სამყაროს რეალური სახის დანახვა, მისი სწორად აღქმა და, რაც მთავარია, შევძლოთ საკუთარი თავის შეცნობა. ხედავდე შენს თავს და სამყაროს ერთმანეთისაგან განცალკევებულად კი არა, არამედ ერთმანეთში: შენს თავს - სამყაროში და სამყაროს - შენში, - აი, რას უნდა ვესწრაფოდეთ ჩვენ.
თავის შეცნობა, უპირველეს ყოვლისა, ჩვენში დაბუდებული სიცრუისა და ტყუილის აღმოჩენით უნდა დავიწყოთ. უნდა დავინახოთ ყოველივე არაჭეშმარიტი, ფარისევლური, რომელიც ბორკილად ადევს ჩვენს სულს: უნდა დავინახოთ ჩვენი ამპარტავნება და ეგოიზმი, რომელიც ყოველ ფეხის ნაბიჯზე თან გვდევს და გვიბიძგებს მრავალი ცოდვის ქმნისაკენ. ამ ცოდვით სავსენი ადვილად გავცემთ მეგობარს, ვღალატობთ სწორ იდეას, რომელსაც წლობით მივყვებოდით, ვღალატობთ ჭეშმარიტებას...
და თუ გამოსწორების სურვილი გვამოძრავებს, თავმდაბლობით უნდა შევიმოსოთ. მხოლოდ იგი სძლევს ამპარტავნებას.
წმიდა მაკარი დიდის ცხოვრებაში ვკითხულობთ: ერთხელ, როცა წმიდა მაკარი ჭაობიანი ადგილიდან პალმის ტოტებით ხელში თავისი კელიისკენ მიდიოდა, გზად ეშმაკი შეხვდა, რომელსაც ცელი მიჰქონდა. ეშმაკი შეეცადა ცელი წმიდანისათვის დაერტყა, მაგრამ ვერ შეძლო და გაბრაზებულმა უთხრა: დიდია შენი ძალა მაკარი. მე არაფრით შემიძლია შენი ვნება. რასაც შენ აკეთებ, მეც იმავეს ვაკეთებ; შენ მარხულობ, მე სულ არ ვჭამ; შენ ფხიზლობ, მე საერთოდ არ მძინავს; მხოლოდ ერთი რამით მჯობიხარ.
- რით? - ჰკითხა წმიდანმა.
- თავმდაბლობით. შენი თავმდაბლობის გამო მე არ მაქვს ძალა შენს საწინააღმდეგოდ.
და როცა ღირსმა მამამ ხელნი აღაპყრო, დემონი უჩინარ იქმნა.
მსგავსი სულიერი სიმაღლე მხოლოდ დიდი სულიერი შრომით, გამუდმებული თვითდაკვირვებით, ამქვეყნიურ საცდურთა დათრგუნვითა და დიდი სარწმუნოებით მიიღწევა.
ხშირად ადამიანი ვერ უმკლავდება წუთისოფლის ამაო ყოფას, მის მიერ შემოთავაზებულ სხვადასხვა კოლიზიებს; მრავალფეროვანი არჩევანის შესაძლებლობა, ურთიერთგამომრიცხავ გარემოებათა თავმოყრა, გზა ფართო და გზა ვიწრო... აბნევს მის ცნობიერებას.
თუ პიროვნება ჭეშმარიტი სარწმუნოებით არ ცხოვრობს, მისი ინტერესები მიწიერი და მსწრაფლწარმავალი სურვილებით განისაზღვრება, გზაც მისი არის ფართო და დამღუპველი მისი უკვდავი სულისთვის.
როდესაც წმიდა მეფე დავითის შემდეგ მისი ძე, სოლომონი, ავიდა სამეფო ტახტზე, უფალს მან, უპირველეს ყოვლისა, სიბრძნე და გონიერება შესთხოვა. "და უთხრა უფალმან სოლომონს: რაკი გულში ეს გქონდა და არ ითხოვე სიმდიდრე, ქონება, დიდება, შენი მტრების სული და არც ხანგრძლიგი სიცოცხლე ითხოვე, არამედ მხოლოდ ცოდნა გამომთხოვე სამართავად ჩემი ერისა, რომელზედაც მე გაგამეფე, გეძლევა სიბრძნე და ცოდნა. ისეთ სიმდიდრეს, ქონებასა და დიდებას მოგანიჭებ, რომლის მსგავსი არც შენს წინამორბედ მეფეებს ჰქონდათ და არც შენს შემდეგ ეღირსება ვინმეს" (II ნეშტთა 1,11-12).
დიახ, თითოეული ჩვენგანისთვის აუცილებელია ღვთივბოძებული სიბრძნე და გონიერება, რათა შევძლოთ დავინახოთ საკუთარი თავი და სამყარო ისეთი, როგორიც ის სინამდვილეშია, დავინახოთ, ისიც, რისი დათმობაც შესაძლებელია და ისიც, რაც უნდა დავიცვათ მტკიცედ; კარგად უნდა დავფიქრდეთ, რა ვაკეთოთ, რას ვესწრაფოთ, როგორ გავიმარჯვოთ.
უპირველესად ჩვენი ადგილი უნდა ვნახოთ ცხოვრებაში და განვსაზღვროთ სახე ჩვენი საქმიანობისა.
როდესაც სპეციალობას ვირჩევთ, პასუხი უნდა გვქონდეს კითხვებზე: ვისთვის იქნება საჭირო ეს საქმიანობა, მიგვიყვანს იგი ღმერთამდე, აქვს მას მარადიული ღირებულება?
დღეს, მართალია, ცოცხლები ვართ, მაგრამ არ ვუწყით, რა გველის ხვალ. ღმერთი ჩვენგან ელოდება ჩვენი დანიშნულების აღსრულებას. ჩვენი მარადიული ცხოვრება დამოკიდებულია იმაზე, თუ დღეს რას ვაკეთებთ და როგორ ვაკეთებთ, ვზრუნავთ თუ არა ჩვენი სულიერი ამაღლებისათვის.
ყოველ ეპოქას თავის შეხედულება აქვს ადამიანზე. ადამიანს ხან აამაღლებდნენ, ხან დაამდაბლებდნენ, ხან აღმერთებდნენ. დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მასთან ერთად, მაგრამ უმთავრესი - ხატება ღვთისა - უცვლელი რჩება ჩვენში და იგი იმდენად ძლიერი და განმსაზღვრელია, რომ შეუძლია მთლიანად შეცვალოს პიროვნება, თუ, რა თქმა უნდა, მას ამის სურვილი აქვს.
ჰარმონიული შერწყმა გონებისა და გულის შესაძლებლობებისა ეხმარება ადამიანს სულიერ, ინტელექტუალურსა და კულტურულ სრულყოფაში, თავის შეცნობაში. ასევე უდიდესი მნიშვნელობა აქვს ბიბლიის შესწავლას.
ბიბლია არის ერთადერთი წიგნი კაცობრიობისა, რომელიც წარმოგვიდგენს ადამიანს ისეთს, როგორიც იგი იყო და არის საერთოდ: დაცემული და აღმდგარი, აღმდგარი და დაცემული; გვიჩვენებს დიდებულ და სუსტ მხარეებს. ბიბლია არ პირფერობს და არ ამცირებს პიროვნებას, არამედ წარმოგვიდგენს მას ისეთს, როგორადაც ხედავს ადამიანს მისი შემოქმედი ღმერთი, ყოვლის მხილველი.
ბიბლია ხსნის ჩვენი სულის უფაქიზეს შრეებს, თვალნათლივ გვიჩვენებს შედეგს ცოდვისა და ბოროტებისა, შედეგს სიყვარულის და სიკეთისა, გვიჩვენებს მარადიულ და წარმავალ ღირებულებებს.
ვინც დაკვირვებით კითხულობს წმიდა წერილს და სარწმუნოებით ცხოვრობს, მან იცის, რომ მარადიულისათვის უცხოა სიხარბე, იქ არ არის განყოფა ჩემსა და შენს შორის. ის ხედავს, როგორ შორდება ყოველივე საუკეთესო და კეთილშობილური, ხარბ, თავისი თავის მოყვარე სულს, რომელიც მარტოდმარტო იწვის დაუკმაყოფილებელი ეგოიზმის ცეცხლში; ეს ჯოჯოხეთური წვა არ შეიძლება დაუსრულებლად გაგრძელდეს. ბოლოსდაბოლოს იფერფლება თვითონ ადამიანი, მისი სინდისი და სამარადისოდ იღუპება სული მისი.
ასეთი ადამიანები ვიწრო ინტერესებით ცხოვრობენ. მათთვის უცხოა ამაღლებული გრძნობები. ჭეშმარიტად, დიადი აღმოჩენების სიხარული არასოდეს ეძლევა მათ, ვინც ცდილობს იგი თავისი ინტერესებისა და კეთილდღეობისათვის გამოიყენოს. და პირუკუ, ის, ვინც ივიწყებს თავისას და სხვებზე ზრუნავს, ზრუნავს მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა, ავადმყოფთა, ობოლთა და საერთოდ გაჭირვებულთათვის, სანაცვლოდ იღებს ისეთ სიხარულს და ღვთის ისეთ წყალობას, რომელსაც ვერ შეედრება ვერანაირი მიწიერი კეთილდღეობა.
ყოველი წელი, ყოველი განვლილი დღე გვაახლოებს მარადიულობასთან. ყოველი ახალი წლის დადგომა მარადიულობის ძახილია ჩვენი გულის კართან: ეს არის დრო, როცა ჩვენ მიწიერი ამაოების იქით უნდა დავინახოთ წარუვალი ღირებულებები და ვეძებოთ გზები მათთან მიახლოებისათვის. დრო ჩვენ მოგვეცა იმიტომ, რომ გუშინდელთან შედარებით დღეს უკეთესნი გავხდეთ, ხვალ კი - დღევანდელზე უფრო კარგნი. უბედურია, ვინც დროს არ იყენებს და არ იცის მისი ფასი. დაკარგული ფული შეიძლება იპოვო, დარღვეული მეგობრობა განაახლო, შერყეული ჯანმრთელობა აღიდგინო, შეგიძლია იყიდო, გაყიდო და კვლავ იყიდო სახლი, მიწა, ქონება, მაგრამ არ არსებობს შესაძლებლობა იმისა, რომ დაიბრუნო დაკარგული დრო. ვერ დაიბრუნებ ვერცერთ წუთს, სიკეთის ქმნის გარეშე უქმად ჩავლილს.
ჩვენ ყოველ ახალ წელს ბედნიერებას ველოდებით, მაგრამ განა შეიძლება ბედნიერებას ველოდოთ ხვალ, თუ დღევანდელი დღე შუღლში, ურთიერთდაპირისპირებაში, უზრუნველობასა და ცოდვაში განვლიეთ? რა არის ხვალის დღე, თუ არა სხვა სახის დღევანდელობა? იცოდე, გულო ჩემო, ვიდრე შენ არ განიწმიდები რისხვისა და ურწმუნოებისაგან, ამპარტავნებისა და შურისაგან, ვერცხლისმოყვარების, მრუშობისა და სხვა სიბილწეთაგან და არ იქცევი ტაძრად სულისა წმიდისა, შენ ვერასოდეს იქნები ბედნიერი. ჩვენ ვერ ვიქნებით ბედნიერნი, თუ არ აღვასრულებთ ჩვენს ვალს, ჩვენს დანიშნულებას ღვთისა და ერის წინაშე.
ჩვენი ბედნიერება რომ იყოს სრული, უნდა გავუფრთხილდეთ ოჯახს, მეგობრობას.
ოჯახი ბედნიერებასთან ერთად მოვალეობაცაა. მეუღლენი, უპირველეს ყოვლისა, მეგობრები უნდა იყვნენ. მოვიტან ერთ-ერთი ქალბატონის ჩანაწერს თავისი მეუღლის დღიურში: "ჩვენ ერთმანეთს ვეკუთვნით საუკუნოდ. მე - შენ. ამაში შენ შეგიძლია იყო დარწმუნებული. შენ ჩემს გულში ხარ დატყვევებული და ვერც ვერასდროს განთავისუფლდები, რადგან გასაღები ამ გულისა კარგახანია დაიკარგა".
რომ იყო ჭეშმარიტი მეგობარი, აუცილებელია გქონდეს ამაღლებული, მოსიყვარულე და მტკიცე სული. უნდა შეგეძლოს ბევრი რამის პატიება, ბევრის დავიწყება, ბევრის მოთმენა. დედობის, საერთოდ მშობლის ვალის შემდეგ ამქვეყნად ყველაზე მეტ მსხვერპლს მეგობრობა ითხოვს. მეგობარს უნდა შევწიროთ არა მარტო დრო და გრძნობები, არამედ ჩვენი მთელი შესაძლებლობები და, თუ აუცილებელია, სიცოცხლეც კი; იმაზე სასიხარულო და განმამტკიცებელი აზრი რა უნდა იყოს, როცა იცი, შენი მეგობარი არასდროს გიღალატებს, არასდროს მიგატოვებს.
ამ სტრიქონებს რომ ვწერ, ვფიქრობ ჩვენს ახალგაზრდებზე, ჩვენი ქვეყნის მომავალზე.
მეტად რთულ, მძიმე და დაპირისპირებულ დროში ვცხოვრობთ, როცა დგება საშიშროება დამანგრეველი ძალადობის ბატონობისა, პოლიტიკით ახალგაზრდობის მასობრივმა დაინტერესებამ მოსწყვიტა ისინი მეცნიერების ღრმად შესწავლის სურვილს, მოსწყვიტა შრომას; სამაგიეროდ თავი იჩინა მრავალმა პოლიტიკურმა პარტიამ, ასოციაციამ და სხვადასხვა საზოგადოებრივმა ორგანიზაციამ.
ჩამოყალიბდა ისეთი პოლიტიკური პოზიციები, რომელნიც შერიგებისა და გაერთიანებისაკენ კი არ მოუწოდებენ ახალგაზრდებს, არამედ ქმნიან ბარიერებს, აცალკევებენ ხალხის ერთ ნაწილს მეორისაგან, რაც, არცთუ იშვიათად, აშკარა დაპირისპირებასა და მტრობაში გადადის. სამწუხაროდ, პირად ინტერესებსა და შეხედულებებს საზოგადოებრივი და ეროვნული ინტერესები ეწირება. უნდა ითქვას ისიც, რომ ხშირად ჩვენი ახალგაზრდობა თავის მსჯელობაში მეტად კატეგორიულია და მისი მოთხოვნები რეალობას მოწყვეტილი.
დავფიქრდეთ, ადრე ხომ არ არის ამდენი დაპირისპირებული პოლიტიკური პარტიის არსებობა, ადრე ხომ არ არის ჩვენი ასე დაყოფა?
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიები მაშინაა სასურველი, როცა ქვეყანა დამოუკიდებელი იქნება, როცა ჩვენი თავის ბატონ-პატრონი ჩვენ ვიქნებით.
ახლა კი ყოვლად აუცილებელია გაერთიანება, ერთ ძალად შეკვრა და ქრისტიანული სიყვარულითა და ურთიერთგაგებით ჩვენს წინაშე წამოჭრილი პრობლემების დაძლევა.
ქვეყნად ყველაფერი იცვლება, მხოლოდ ჭეშმარიტებაა მარადიული. მიდიან ადამიანები, წარსულს ბარდება და მივიწყების ფერფლით იფარება სახელები ერთ დროს მიწიერი დიდებითა და პატივით გამორჩეულთა; მიდიან ბრძენნი და უბრალონი, მომხვეჭელნი, დიდებისმოყვარენი, კანონმდებელნი, მსოფლიო ბატონობის მსურველნი... ამ მშფოთვარე სამყაროს წინაშე უძლეველი არის მხოლოდ ბეთლემის გამოქვაბულის ბაგაში მწოლი ყრმის უწყინარი სიყვარული, მისი ჭეშმარიტი მეუფება სამყაროზე.
ადამიანთა ურწმუნოება და ეჭვი განქარდა მაცხოვრის მიერ მონიჭებული ღვთაებრივი სიყვარულით, რომლის სიდიადეს ჩვენი გონება ვერ მისწვდება. იგი შეიძლება მხოლოდ ვიგრძნოთ და განვიცადოთ იმ სიხარულის მადლით, რომელიც ამ სიყვარულისაგან მომდინარეობს.
როცა ჩვენ ვიწყებთ ღვთაებრივი სიყვარულის გაცნობიერებას და ვხდებით მონაწილე მისმიერი სიხარულისა, მიწიერი ყველა გაჭირვება, შიში და განსაცდელი უფერულდება, არარად იქცევა.
უნდა გვახსოვდეს, რომ სიყვარულის გარეშე სიხარულისკენ გზას ვერ გავიკვლევთ და არც სიყვარულისკენ არის სხვა გზა, თვინიერ ჩვენი ეგოიზმის უარყოფისა და მოყვასისათვის მსახურებისა.
ამ საშობაო ეპისტოლეში მინდა მივმართო საქართველოში მცხოვრებ არაქართველ მოსახლეობას: რუსებს, აფხაზებს, ოსებს, ებრაელებს, ბერძნებს, სომხებს, ესტონელებს, აზერბაიჯანელებს, უკრაინელებს, ქურთებს და სხვათ. დანო და ძმანო ჩვენნო, მამაშვილური სიყვარულით შეგახსენებთ, რომ თქვენც ჩვენი ისეთივე სულიერი შვილები ხართ, როგორც ქართველნი. საქართველოში არასოდეს ყოფილა ვინმეს შევიწროება ეროვნული ან სარწმუნოებრივი ნიშნით; თქვენ იყავით და კვლავაც იქნებით ჩვენი ძმები და ამ დამოკიდებულებას ვერავითარი ძალა ვერ დაარღვევს. გახსოვდეთ, ქართველთა ბედნიერება თქვენი ბედნიერებაცაა. ჩვენ ერთად უნდა ვიცხოვროთ, ერთად უნდა ვიშრომოთ, ჩვენი სულიერი და მატერიალური კეთილდღეობისათვის.
მიდის წელი სავსე განსაცდელითა და მღელვარებით, წელი რომელმაც ნათელი მომავლის რწმენა ჩაგვისახა. ჩვენ იმედით შევყურებთ ხვალინდელ დღეს, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი, ანი და ჰოე, დასაწყისი და დასასრული ყოვლისა (გამოცხ. 22,13).
ჩვენს წინაშე მომავლის კარი იღება. დე იყოს იგი მშვიდობიანი, ღვთისსათნო და ბედნიერი; ღვთის მოწყალების იმედით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობის ბრწყინვალე დღესასწაულს, ბედნიერ და მშვიდობიან ახალ წელს. "აკურთხე, უფალო გვირგვინი ამის წელიწადისა სახიერებითა შენითა".
საშობაო ეპისტოლე მეფე სოლომონის ლოცვითა და კურთხევით მინდა დავამთავრო: "იყავნ, უფალი ღმერთი ჩუენი ჩუენთანა ვითარცა იყო მამათა ჩუენთა თანა, რათა არა დაგვიტეოს ჩუენ" (3 მეფეთა 8,57).
ქრისტეშობა, თბილისი. 1991 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
"ეპისტოლენი, სიტყვანი, ქადაგებანი", ტომი I, თბილისი, 1997 წ.