წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) - ციტატები, გამონათქვამები წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე) |
თითქმის უდიდესია ყოველთა სხვათა საქმეთა და უფრო ეამება ღმერთს, და რომელსაც ღმერთი ყოვლის კაცისაგან მოითხოვს, დიდისა და მცირისა, შეძლებულისა და შეუძლებელისაგან. რომელი არის ეს საქმე? ის, ძმაო ჩემო, რომ შენი სული და გული შეუნახე და მიართვი ღმერთსა. თუ სხვა არაფერი შეგიძლია, ეს მაინც ქმენი; შენი სული არ დაუკარგო შენსა შემოქმედსა, არ გაიფუჭო სული და გული ისრე, რომ ღვთისათვის დაკარგული არ იყოს იგი
თემა: ღვთის სათნოყოფაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
თუკი უფალმან ხე დასაჯა უნაყოფობისათვის, არა უმეტესად დასჯის კაცსა, თუ უნაყოფო იქმნება იგი? ხეს არა აქვს ჭკუა და გრძნობა, იმან არ იცის, რას იქმნს, გარნა მაინც არ მოითმინა ღმერთმან და დასწყევლა იგი, რათგანაც უნაყოფო იყო. კაცს აქვს ჭკუა, აქვს სჯული, კაცს შეუძლია გაარჩიოს ავი და კარგი. მაშასადამე, კაცს უმეტესად დასჯის ღმერთი, თუ ნაყოფი არ გამოიღო. რა ნაყოფი უნდა გამოიღოს კაცმან? ნაყოფი კაცისა არის ყოველი კეთილი, მართალი და პატიოსანი საქმე, რომელსაცა იგი იქმნს ამ ქვეყანაში. მონათლული ქრისტიანე კაცის ნაყოფი ის იქმნება, როდესაც იგი ასრულებს იესო ქრისტეს მცნებასა, სახარების სწავლასა, შეძლებისა გვარად თვისისა.
თემა: კეთილი საქმეებიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
მთელი წირვა არის მოკლედ გამოხატვა და წარმოდგენა უფლისა იესო ქრისტეს ცხოვრებისა. როდესაც მღვდელი, ანუ დიაკონი სახარებასა წაიკითხავს, წარმოიდგინე, რომ გესმის ხმა და ქადაგება თავად უფლისა იესო ქრისტესი. როდესაც მღვდელი სამკვეთლოთგან გამოასვენებს ტარიგსა და შეასვენებს საკურთხეველში და დაასვენებს ტრაპეზზე, იცოდე, რომ ის არის თვით უფალი იესო ქრისტე, შემავალი იერუსალიმს, რათა მიიღოს ტანჯვა და ჯვარცმა ჩვენთვის. ბარძიმში არის მისი სისხლი და ფეშხუმზე მისი ხორცი. ერთის სიტყვით, ყოველსა ეკლესიურს მოქმედებასა და წესსა აქვს თვისი მნიშვნელობა. მაშასადამე, როდესაც შენ სდგეხარ ეკლესიაში, არც გონებითა და არც გულითა არ უნდა იყო უქმი, დაფანტული. გონებითა უნდა გაიზრახვიდე, რას ნიშნავს და რას გვასწავლის ის, რასაც ხედავ და რაიცა გესმის; გული უნდა გქონდეს მდუღარე, მონანული, შემუსვრილი შენისა უღირსებისა და ცოდვისათვის. ამ სახით და ამ შემთხვევაში შენ ეკლესია მოგცემს დიდსა სულიერსა სარგებლობასა. შენ და ეკლესიას შორის დაიბადება მტკიცე და ღვთაებრივი კავშირი. შენ შეიყვარებ ეკლესიასა, მოგეწონება წირვა–ლოცვის მოსმენა; ეკლესიას ექმნება შენს გულში გავლენა და მოქმედება; იგი ცოტ–ცოტად გამოგიცვლის შენ გულს, გაგიკეთებს სასოებას და ხასიათს და ესრედ ცოტ–ცოტად მოამაზადებს სულსა შენსა ზეციერისა სუფევისათვის.
თემა: ეკლესიაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
როგორც საკმეველი არის კეთილსუნნელოვანი და კვამლი მისი ადის ზეცას, ეგრედვე შენიცა ლოცვა უნდა იყოს ღვთის წინაშე შეზავებული გულის სიტკბოებით და ზეცად აღიწეოდეს.
თემა: ლოცვაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
სამი თითი ერთად, რომლითაც პირჯვარს იწერ, ნიშნავს წმიდა სამებასა; ორი მათგანი – იესო ქრისტეს ბუნებასა, ესე იგი, კაცისა და ღვთის ბუნებასა. პირველად შუბლზე დაისხამ თითებს, რათა განიწმიდოს შენი აზრი, მერმე გულზე, რათა განიწმიდოს გული, და მერე მხრებზე, რათა განძლიერდე ქრისტეს გულში; ჯვარის სახეს მისთვის გამოჰხატავ, რათა დაგიფაროს და დაგიცვას ჯვარცმულმა ქრისტე იესომ.
თემა: ჯვრის ტარებაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ანთებული წმინდა სანთელი შენ გასწავლის იმას, რომ თვით შენი გულიც და სულიც უნდა იყოს აღნთებული ღვთის წინაშე ლოცვითა, ერთგულებითა და სიყვარულითა.
თემა: სანთელიავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი
ვინც ეკლესიაში მოვა და წირვა–ლოცვას ისმენს დაფანტულითა გონებითა, ეკლესიითგან რომ გავა, არაფერი მადლი არ გაყვება; ზოგიერთნი საცოდავნი, უსწავლელნი კაცნი ისე ფიქრობენ, რომ ოღონდ წირვას დაესწროს, ორიოდე პირჯვარი გადაიწეროს, მეტი არაფერი საჭირო არ არისო. რას კითხულობენ ეკლესიაში და რას გალობენ? რა დარიგება, რა აზრები იყო წარკითხულსა სახარებასა და სამოციქულოში, რას ნიშნავს და რას მოასწავებს სხვადასხვა მოქმედება ეკლესიასა შინა? ამას არავინ არ კითხულობს.
თემა: ეკლესიაავტორი: წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი (ქიქოძე)
წყარო: ქადაგებანი გაბრიელ ეპისკოპოსისა - I ტომი