ციტატები
ციტატები სიბრძნე, გამონათქვამები, ამონარიდები
საშობაო ეპისტოლე - 2024
საქართველოს წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიის წევრთ, მკვიდრთ ივერიისა და ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებ თანამემამულეთ
„იხარებდით მართალნი, მხიარულ იყვენით ცანი, იმღერდით მთანი, მეუფე იშვა, ქრისტე, ქალაქსა დავითისსა, ბეთლემს ჰურიასტანისასა“ (უძველესი იადგარი)
მოვედით ერნო, რათა მადლიერებით მოვიხსენოთ ადამიდან დღემდე ყველა, ვინც სათნო ეყო ღმერთს, - წმინდა მამანი და დედანი, ის ოჯახები, რომელთა მემკვიდრეობაშიც ინება უფალმა განხორციელება, მოვიხსენოთ წმინდანები, რომელთაც წინასწარ გვიქადაგეს ღვთის სიტყვის ხორცშესხმა და ის უცნობი მოძღვარნი და ერისკაცნი, რომელნიც ქრისტეს მოსვლის მოლოდინს სასოებით გადასცემდნენ თაობებს.ესენი ძირითადად იყვნენ იმ პერიოდის მსოფლიოში ჭეშმარიტი ღვთის მადიდებელი ერთადერთი ერის, ისრაელის, შვილნი. მართალია, იშვიათად სხვა ხალხებშიც არსებობდნენ სულიერებით გამორჩეული პიროვნებები, მაგრამ მხოლოდ ამ წიაღმა შეძლო უწყვეტად შეენარჩუნებინა კავშირი ღმერთთან და ჩირაღდნად ქცეულიყო მთელი წარმართული კაცობრიობისთვის; იმ კაცობრიობისთვის, რომელმაც არაერთი ცივილიზაცია შექმნა და რომელსაც საოცარი მიღწევები ჰქონდა ფილოსოფიაში, საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში, მწერლობაში, ხელოვნებაში...
მაინც რით შეძლო, ერთი შეხედვით, უბრალო ერმა გამორჩეული ყოფილიყო ასურეთის, ბაბილონის, სპარსეთის, ეგვიპტის, კრეტა-მიკენის, ბერძენთა, რომაელთა და სხვა იმპერიებთან შედარებით?
ამ იმპერიებში დაკარგული იყო უმთავრესი, - ჭეშმარიტი ღვთის ცოდნა. ამა თუ იმ სფეროში გამოვლენილი დიდი განვითარების მიუხედავად, წარმართული საზოგადოება უდიდესწილად იყო ძალადობრივი, ჩაგვრითი, ეგოცენტრული, - თავის თავზე ორიენტირებული.
ჩვეულებრივი ამბავი იყო, რომ ძლიერი ხელისუფალი თუ პიროვნება იმონებდა სუსტს; იმპერატორებს სხვათა ტერიტორიებისა და მათი ძალაუფლების ხელში ჩაგდების დაუოკებელი სურვილი ამოძრავებდათ; იყო გაუთავებელი ომები, შური, ღალატი, ვერცხლისმოყვარეობა, აღვირახსნილი ცხოვრება და გაუკუღმართებული ურთიერთობები; ადამიანის ღირსება - გათელილი და გაუფასურებული, დაბალი ფენის მამაკაცები და, განსაკუთრებით, ქალები - მოხმარების საგნად ქცეულნი.
ყოველივე ამას კიდევ უფრო ამძაფრებდა ის გარემოება, რომ წარმართული „ღმერთებიც" მიწიერნი იყვნენ, რომელთათვისაც, უცხო არ იყო ადამიანური ვნებანი. სულიერი ხსნა კი არსად ჩანდა და სიცოცხლესაც არ ჰქონდა აზრი.
ასეთ მძიმე გარემოში, მართალია, დიდი დაცემებით, მაგრამ მაინც ახერხებდა იაკობის მოდგმა თავის წიაღში დაეცვა ცხოვრების საღვთო, სარწმუნოებრივი წესი, მოყვასის სიყვარული, შეენარჩუნებინა მესიის მოსვლის მოლოდინი, მოლოდინი გადარჩენისა და განცდა იმისა, რომ ამქვეყნადაც ყველაფერი და თვით სამეფო საყდარიც ზეციურ უფალს უნდა ეკუთვნოდეს და იგი უნდა იყოს ერის წინამძღოლი; რომ ხელისუფალნიც, მოძღვარნიც, წარჩინებულნიც და რიგითი მოქალაქენიც, - თავისი მოვალეობისამებრ, მის ნებას უნდა აღასრულებდნენ.
ეს ყოველივე მთელი სისავსით მეფეთა შორის ყველაზე ნათლად წმინდა დავით წინასწარმეტყველს ჰქონდა გაცნობიერებული.
როდესაც იგი შაბათობით აღთქმის კიდობნის წინ ლოცვად დგებოდა, სამღვდელოებისა და ერის წინაშე ხმამაღლა შეჰღაღადებდა ხოლმე შემოქმედს:
„შენი მეფობა (ღმერთო), მეფობაა ყველა საუკუნეზე და შენი სუფევაა ყველა თაობაზე“ (ფს. 144, 13) „უფალს ეკუთვნის მეფობა და ის არის ხალხთა მბრძანებელი“ (ფს. 21, 29) და სხვა.
მან ეს ლოცვები, რომლებიც ზეციური მეუფისა და მისი სასუფევლისადმი იყო მიმართული, სავალდებულოდ დაუწესა თავის შთამომავალ მეფეებსაც და ხალხსაც.
აღსანიშნავია ისიც, რომ საუკუნეთა მანძილზე რომელ ქვეყანასაც ისრაელის მცირერიცხოვან ერთან ჰქონდა შეხება, თუნდაც იგი დამპყრობელი ყოფილიყო, ისრაელი ჭეშმარიტი სარწმუნოების მქადაგებლობით მაინც მნიშვნელოვან გავლენას ახდენდა მასზე და საყოველთაო გადარჩენის მოლოდინს აღვიძებდა ყველაში.
შეგახსენებთ ერთ მონაკვეთს ბაბილონის ცნობილი მეფის ცხოვრებიდან:
ბაბილონის იმპერიის ზეობის პერიოდში მას ნაბუქოდონოსორი განაგებდა. მან მრავალი სამეფო დაიმორჩილა, მათ შორის, იუდეაც და დაპყრობილი ქვეყნებიდან მძევლად წაიყვანა ხელისუფალთა შვილები და ნიჭიერი ახალგაზრდები. ყმაწვილებს შორის იყო დანიელიც იუდეადან, - წინასწარმეტყველური ნიჭით დაჯილდოებული, გონიერი, მოსეს სჯულის მტკიცე დამცველი ჭაბუკი.
ერთხელ ნაბუქოდონოსორმა უცნაური და მრავლისმთქმელი სიზმარი ნახა. შეძრწუნებულს გამოეღვიძა და მის ასახსნელად თავისი სამფლობელოს ყველა მისანს, ქურუმს, მოგვსა და ვარსკვლავთმრიცხველს უხმო. უნდოდა, მათგან სიმართლე მოესმინა, ამიტომაც, მეტად უცნაური რამ მოსთხოვა: მათ უნდა გამოეცნოთ, თუ რა სიზმარი იხილა მბრძანებელმა, და აეხსნათ მისი მნიშვნელობა; წინააღმდეგ შემთხვევაში ყველას სიკვდილი და სახლ-კარის გადაწვა ემუქრებოდა.
სასახლის შეშინებულმა ბრძენკაცებმა შეჰბედეს მეფეს და უთხრეს: მსგავსი რამ არავის არასდროს მოუთხოვია. თქვენს სურვილს კაცთაგან ვერავინ შეასრულებსო.
ნაბუქოდონოსორმა ყველას წამება ბრძანა.
ვიდრე მისი განკარგულება აღსრულდებოდა, წინასწარმეტყველმა დანიელმა ითხოვა მეფესთან შეხვედრა და, სიკვდილმისჯილთა გათავისუფლების სანაცვლოდ, სიზმრის ახსნა აღუთქვა, რადგან მან და მისმა მეგობრებმა ზეციური ღმერთისგან გამოითხოვეს შემწეობა ამ საიდუმლოს გასაგებად და უფალმაც დანიელს განუცხადა დაფარული.
ჭაბუკმა უთხრა მეფეს, რომ სიზმრით უფალმა აუწყა იმ დღეთა და ხელმწიფებათა შესახებ, რომლებიც მის შემდეგ იქნებოდნენ. კერძოდ, იხილა დიდი და საოცრად ელვარე, მაგრამ საშინელი შესახედაობის ქანდაკება, კერპი, რომელსაც თავი ოქროსი ჰქონდა, ხელები და მკერდი, - ვერცხლის, მუცელი და თეძოები, - სპილენძის, ხოლო ქვედა კიდურები, - რკინისა და, ნაწილობრივ, თიხის. შორიახლოს იყო მთა, საიდანაც თავისით, ხელისუკვრელად, ლოდი დაგორდა, კერპს რკინისა და თიხის ფეხებზე დაეცა და იგი ერთიანად შემუსრა. შემდეგ ეს ლოდი დიდ მთად იქცა და მთელი დედამიწა აღავსო.
ჭაბუკმა წინასწარმეტყველმა ისიც განუმარტა მბრძანებელს, რომ ნანახი კერპი ოთხი იმპერიის სიმბოლო იყო. ოქროს თავი მას და ბაბილონს განასახიერებდა, დანარჩენები კი, შედარებით ნაკლებნი, იმ იმპერიებს, რომლებიც ბაბილონის შემდეგ აღორძინდებოდნენ (იგულისხმება სპარსეთის, საბერძნეთის, რომის) და რომ მეოთხე იმპერიის ზეობისას ამქვეყნად მოიწეოდა მეუფება მარადიული და ჭეშმარიტი, რომელიც შემუსრავდა ყველა სამეფოს დედამიწაზე, თვითონ კი უკუნისამდე იარსებებდა.
ნაბუქოდონოსორი გაოცებული და შეძრული იყო მოსმენილით. იგი დაემხო მიწაზე და აღმოთქვა: „ჭეშმარიტად, ღმერთთა ღმერთია თქვენი ღმერთი და მეფეთა მეუფე.“ შემდეგ კი დანიელი დანიშნა თავის კარზე მთავარ მრჩევლად.
მართალია, მეფემ აღიარა ძლიერება ჭეშმარიტი ღვთისა, რომლის სიდიადე სხვა დროსაც კიდევ რამდენჯერმე იხილა, მაგრამ წინაპრების კერპებს მაინც ვერ განეშორა, თუმც იუდეველთა რწმენის პატივისმცემელი გახდა და აღარ აიძულებდა მათ ბაბილონის პანთეონისთვის ეცათ თაყვანი.
ამ ამბებზე მთელი ბაბილონი საუბრობდა, - ხალხიც, სიკვდილს გადარჩენილი მოგვებიც და სხვა ბრძენნიც ისტორიებს თაობიდან თაობებს გადასცემდნენ.
მათ წინასწარმეტყველ დანიელისგანვე იცოდნენ, რომ ის სიზმრისეული ლოდი შვიდ შვიდათეულში, ანუ 490 წელიწადში განეცხადებოდა სამყაროს; ამიტომაც, როდესაც ეს დრო დადგა და იხილეს უჩვეულო ვარსკვლავი, მოგვებმა იგრძნეს ჟამის მოახლოება; სამეფო ძღვენი, - გუნდრუკი, ოქრო და მური, თანაწარიღეს და ვარსკვლავს გაჰყვნენ დასავლეთისკენ მიგებებად მესიისა.
და მართლაც, ნაბუქოდონოსორის სიზმრის მეოთხე სამეფოს, რომის იმპერიის, ბატონობის პერიოდში, I საუკუნეში, იუდეაში, დავით მეფის ქალაქად წოდებულ ბეთლემში, კაცობრივი ბუნების მიღებით, ადამის მოდგმის გადასარჩენად მოგვევლინა ძე ღვთისა. იგი სიმბოლურად დანიელ წინასწარმეტყველის სიზმრის ლოდია (დან. 2. 45), რომელიც თავისთავად მოსწყდა მთას (იგულისხმება მისი უბიწოდ შობა ღვთისმშობლისგან) და დედამიწა აღავსო.
ქვაბულში, პირუტყვის ბაგაში, მწოლი ჩვილი - უფალი იესო ქრისტე საოცარი სიმდაბლით წარუდგა მსოფლიოს, რათა თავისი ხორციელი მყოფობის პირველივე წუთებიდან კაცობრიობისთვის მიეცა მაგალითი თავმდაბლობისა, უბრალოებისა და თავისი ქმნილებისადმი განუზომელი სიყვარულისა.
იესოს ამქვეყნად მობრძანებით, ერთი მხრივ, აღსრულდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველება, მეორე მხრივ კი, გარკვეული აზრი მიეცა თვით წინაქრისტიანულ ეპოქათა მიღწევებსაც, რადგან ღმერთთან მარადიული თანამყოფობის შესაძლებლობის მოტანით, აზრი მიეცა სიცოცხლეს; ამასთან, ქრისტეს ეკლესიის სახით, სათავე დაედო მაცხოვნებელ წიაღს, რომელსაც მიწიერი წარმომავლობა არა აქვს, ზეციურია, ღვთისგანაა დაფუძნებული და წარუვალი, თუმცა ამქვეყნად მყოფობს.
ეკლესიის წევრი შეიძლება გახდეს ყველა, ვინც სამოთხეში ჩადენილი ცოდვით შებღალულ შემოქმედის ხატებასა და მსგავსებას თავის თავში განაახლებს, ანუ ღვთისა და ადამიანის ჭეშმარიტი სიყვარულით აღვსილი (იგულისხმება ნებისმიერი ადამიანი და არა მხოლოდ თავისი ერის წარმომადგენელი, როგორც ეს ძველ აღთქმაში იყო), ყოვლადწმინდა სამების სახელით მონათლული და აღსარებითა და ზიარებით მასთან დაკავშირებული, მაცხოვრის მცნებებით ახალ ცხოვრებას დაიწყებს.
„არა არს ჰურიაება, არცა წარმართება, არა არს მონება, არცა აზნაურება, არა არს გარჩევა მამაკაცისა, არცა დედაკაცისა, რამეთუ თქვენ ყოველნი ერთ ხართ ქრისტე იესოს მიერ“ (გალ. 3, 28), - აი, ყოვლად აღმატებული სწავლება, რომელმაც მახვილივით განკვეთა ძველი სამყარო.
შეიყვარე მოყვასი, ვითარცა თავი თვისი და შეიყვარე მტერიც! შეუნდე მონანულს, „არავის მიაგოთ ბოროტი ბოროტისა წილ, კეთილს ცდილობდეთ ყველა ადამიანის წინაშე; თუ შესაძლებელია, თქვენის მხრივ, ყველა ადამიანთან მშვიდობით იყავით (რომ. 12, 17-18).
თუ გსურს პირველობა ან უპირატესად ყოფნა, გახდი ყველას მსახური (ანუ - თავმდაბალი ყველას მიმართ), დაიცავი გულის სიწმინდე, ნუ გააკეთებ სიკეთეს საჩვენებლად და გაეცი მოწყალება უშურველად, სამაგიეროს მიღების სურვილის გარეშე; იცხოვრე სხვისთვის, როგორც ცხოვრობ საკუთარი თავისთვის, ხოლო ვინც შეძლებს, თავი გაწიროს სხვისთვის, იგი უმაღლეს სათნოებას მოიპოვებს. – ასეთი რამ მანამდე არ სმენია კაცობრიობას.
ეს იყო მაცხოვრისგან ადამიანთა აზროვნების რადიკალურად შემობრუნების შეთავაზება, შეთავაზება სულ სხვა სიმაღლისა, სულ სხვა დიდებისა; გაცხადება მისთვის ჭეშმარიტი ღვთისა და ჭეშმარიტი ადამიანობისა.
კაცობრიობას ეს რომ გაეცნობიერებინა და თითოეულ ჩვენგანს ამისთვის მიეღწია, იესო გახდა სრული ადამიანი (ცოდვის გარეშე), რათა ჩვენ გავმხდარიყავით მადლით ღმერთნი;
ეს ურთულესი პროცესია და დიდ ძალისხმევას ითხოვს, რადგან ცხოვრების გზაზე ნებისმიერ ადამიანს მრავალი დაბრკოლება ხვდება, მითუმეტეს - მართლმორწმუნეს.
შეიძლება თქვენ დიდ ცოდვაშიც ჩავარდეთ და მძიმე ვითარებაში აღმოჩნდეთ, მაგრამ იცოდეთ, გამოუვალი მდგომარეობა არ არსებობს!
არასდროს იფიქროთ თვითმკვლელობაზე, არ მისცეთ სულს ამ დამღუპველი სისუსტის დაშვების უფლება. ჩვენ სიცოცხლე იმიტომ მოგვეცა, რომ წარმავალი სიცოცხლიდან მარადიულ სიცოცხლეში გადავინაცვლოთ! გახსოვდეთ, სინანულს უდიდესი ძალა აქვს და მას სასწაულის მოხდენა ძალუძს.
ამიტომაც, არ შეეგუოთ დაცემას და ღვთის იმედი მუდამ გქონდეთ.
გწამდეთ, უფალი ყოველგვარ ტკივილს სიკეთედ და ჩვენი სულიერი წინსვლის საშუალებად აქცევს, თუ ლოცვითა და სინანულით დავითმენთ განსაცდელს და მაცხოვრის სწავლებით წარვემართებით.
* * *
ქრისტიანულმა სარწმუნოებამ უდიდესი წვლილი შეიტანა და გადამწყვეტ ფაქტორად იქცა მრავალი ქვეყნის ისტორიაში, მათ შორის, ევროპის და სხვა სახელმწიფოთა ფორმირებაში; მაგრამ, უფლის მეორედ მოსვლამდე, ანუ მარადიული სასუფევლის დამყარებამდე, მუდმივად იქნება ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, მუდმივად დაგვჭირდება სულ უფრო მეტი ძალისხმევა სიწმინდის დასაცავად, რადგან ეს დაპირისპირება თანდათან უფრო მასშტაბურ ხასიათს იღებს.
ავიღოთ თუნდაც ჩვენი დრო.
სამყარო ყოველთვის წინააღმდეგობრივი იყო, მაგრამ დღევანდელ კონფლიქტებსა და ომებს თან სდევს რეალური საშიშროება იმისა, რომ ნებისმიერი მათგანი მსოფლიო კატასტროფად იქცეს და მთელი კაცობრიობა გაანადგუროს. ამიტომაც ყველას, ჩვენი შესაძლებლობებისამებრ, გვმართებს ზრუნვა მშვიდობისთვის. ღმერთმა მშვიდობით აკურთხოს უკრაინა, ახლო აღმოსავლეთი და მთელი მსოფლიო.
მოგეხსენებათ ისიც, რომ ბოლო საუკუნეებში შესუსტდა ჭეშმარიტი რწმენა და იმძლავრა უღმერთობამ; შემოქმედის ადგილი ადამიანმა თავისი თავით ჩაანაცვლა. წინ წამოიწია პრინციპმა, - ჩემი მორალი და შეხედულება განსაზღვრავს ჩემს რწმენას; მაშინ, როდესაც სწორედ რწმენა ღვთისა და მისი მცნებები განსაზღვრავს მორალსაც და შეხედულებებსაც.
დღეს, როგორც არასდროს, გაჩნდა რეალური საშიშროება იმისაც, რომ ადამიანის ეგოცენტრულობამ საფრთხე შეუქმნას იმ მიზანს, რისთვისაც საერთოდ დავიბადეთ, რადგან მსოფლიო ტექნოლოგიურად ვითარდება, მაგრამ მას ჩვენი სულიერი წინსვლა ჩამორჩება და ვდგებით მრავალი ფსიქოლოგიური და ბიოეთიკური გამოწვევის წინაშე.
ჩვენს ცხოვრებაში უკვე განსაკუთრებულ ადგილს იკავებს ხელოვნური ინტელექტიც, რასაც სამეცნიერო წრეებში მანქანური სწავლებით მიღებული ხელოვნური ინტელექტის მოდელს უწოდებენ.
ცნობილია, რომ ხელოვნური ინტელექტი არის კაცობრიობის მიერ დაგროვილი ცოდნის ჯამი, კოლექტიური ცოდნა, რომელიც ალგორითმებით იძლევა შესაბამის ინფორმაციას. ამ საშუალებით ადამიანს ექნება წვდომა მრავალგვარ მონაცემებზე მისთვის სასურველ ნებისმიერ სფეროში, რაც ტექნოლოგიურ წინსვლას კიდევ უფრო დააჩქარებს.
ხელოვნურ ინტელექტს აქვს პოტენციალი, უდიდესი გარდატეხა შეიტანოს ჩვენს ცხოვრებაში და მთლიანად შეცვალოს ჩვენი ყოველდღიურობა, თუმცა, ადამიანის სულიერი განვითარების გარეშე, მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებიც აუცილებლად გასათვალისწინებელია.
უფრო და უფრო მკვეთრად დგება კითხვა: შეძლებს ადამიანი, გააერთიანოს ქრისტიანული ცხოვრების წესი და თუნდაც ხელოვნური ინტელექტის შესაძლებლობები და ღვთის სადიდებლად მიმართოს იგი? თუ თავის თავში დაჯერებული, თავისივე ქმნილებით მოხიბლული და მასზე მიჯაჭვული ადამიანი ღმერთს კიდევ უფრო განეშორება?
ვფიქრობ, მეტად მნიშვნელოვანია ფსიქოლოგების და იმ სპეციალისტების შეხედულებების გაცნობა, რომელთაც ხელოვნურ ინტელექტთან აქვთ შეხება, რადგან უახლოეს მომავალში ყველა ამ ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდება და აუცილებელია, ჩვენი საზოგადოება მომზადებული შეხვდეს მას.
ერთი რამ კი ცხადია: თითოეული ჩვენგანი უნდა ისწრაფოდეს პიროვნული სრულყოფილებისკენ, რაც უპირველეს ყოვლისა, ღვთის შეცნობის და მისი ჭეშმარიტების წვდომის სურვილს გულისხმობს.
ღმერთი ლოგიკურ კატეგორიებზე მაღლა დგას, ადამიანური გონება მას ვერ მისწვდება, ვერც კაცობრივი ცოდნის მთლიანი ჯამით და ვერც ინფორმაციის სისავსით, ამიტომაც, ცოდნასთან ერთად, საჭიროა რწმენა და ღვთიური მადლით აღვსება, რომ ადამიანი წარმართულ მდგომარეობას არ დაუბრუნდეს.
* * *
ღვთის ერში, ძველი აღთქმის წიაღში, დაიბადა დედათა შორის კურთხეული, ყოვლადწმინდა ქალწული, რომლის მიერაც იშვა მაცხოვარი სოფლისა, - ადამისა და ევას ცოდვათა და ცრემლთა აღმხოცველი.
უფალი მოვიდა ამქვეყნად, რათა კვლავ გაეგრძელებინა განსწავლა კაცობრიობისა, როგორც ამას ედემში, ჩვენს პირველმშობლებთან მიმართებაში იქმოდა.
ქრისტიანობის ისტორია სავსეა ჭეშმარიტად განსწავლული ადამიანებით, რომელთა შრომებიც სიბრძნის ულევი წყაროა.
გავიხსენოთ მოციქულები, აგრეთვე, წმინდა მამები: ბასილი დიდი, გრიგოლი ღვთისმეტყველი, იოანე დამასკელი, იოანე ოქროპირი, ეფრემ ასური და სხვანი მრავალნი.
გავიხსენოთ სოლომონ ბრძენიც და მისი სიტყვები: „მან (ღმერთმა) მომცა მე არსებულთა უტყუარი ცოდნა, რათა შემეცნო სამყაროს წყობა და სტიქიათა მოქმედება, დასაბამი, დასასრული და შუახანი, მზებუდობათა მონაცვლეობა და არეთა შენაცვლებანი, წელიწადის ბრუნვა და ვარსკვლავთა განლაგება, ცხოველთა ბუნება და მხეცთა თვისება, ქართა ქროლვა და კაცთა ზრახვანი, მცენარეთა მრავალფეროვნება და ფესვების ძალა. ყოველივე შევიცანი, დაფარულიც და განცხადებულიც, რადგან სიბრძნემ განმსწავლა, ყოველთა შემოქმედმა“ (სიბრძნე სოლომონისა 7, 17-21).
მოვიხსენოთ ადამიც, რომელსაც, ყველასგან განსხვავებით, სამოთხისეული განსწავლა, შემდგომ კი, ჩადენილი ცოდვის გამო, ღრმა სინანული ჰქონდა.
ამიტომაც მან და მისმა შვილმა, სეითმა, მთელი ცოდნა და ძალისხმევა ღმრთის სათნოყოფისთვის და მარადიულ ნეტარებაში დაბრუნებისკენ მიმართეს; განსხვავებით კაენისა და მისი შთამომავლებისაგან, რომელთაც ღმერთი დაივიწყეს და თავისი მონდომება ამქვეყნიური კეთილდღეობისკენ წარმართეს; აღარ ზრუნავდნენ სულზე და სიკვდილის შემდგომი მდგომარეობაც აღარ აინტერესებდათ.
კაცობრიობაც მთელი თავისი განვითარების მანძილზე ამ ორ გზას შორის მერყეობდა და მერყეობს.
როგორი იქნება ჩვენი არჩევანი?
თუ შევძლებთ სწორი ურთიერთობები ვიქონიოთ ღმერთან, ადამიანთან, ბუნებასთან, მიკრო და მაკრო კოსმოსთან, ვერავითარი ტექნოლოგიური მიღწევა ვერ გაგვაუცხოებს შემოქმედისგან, არამედ მათი მართებულად გამოყენების შემთხვევაში, იგი იქცევა ჩვენი გონებრივი და სულიერი წინსვლის დიდ საშუალებად.
ამიტომაც, დღეს ყველაზე მეტად გვესაჭიროება მაცხოვრის შობის საიდუმლოს გაცნობიერება, რადგან დედამიწაზე განხორციელებული ქრისტე ყოველ დროს და ყველა ეპოქაში გვწინამძღვრობს, გვიჩვენებს სწორ გზას და გვანიჭებს ხსნას.
იგია სრული სიყვარული და სიკეთე, სრული ცოდნა, მშვიდობა და სიბრძნე, რომელიც მარადიულად და დაუსრულებლად განაახლებს, განაბრძნობს და განწმენდს მის თანაზიართ.
ყველას, ვინც მაცხოვრის შობის სიხარულით ცოცხლობს, ვულოცავ ამ დიდებული დღის შემობრძანებას. ვულოცავ ზეციურ და მიწიერ სამყაროს, სრულიად საქართველოს, თითოეულ თქვენგანს; ვულოცავ ხელისუფალთ, უცხოეთში მყოფ თანამემამულეთ, ჩვენს ერთგულ მრევლსა და სასულიერო პირებს! ვულოცავ ჯარისკაცებს, სპორტსმენებს, მეზღვაურებს, ექიმებს და ქვეყნის კეთილდღეობისათვის ყველა სხვა დამაშვრალს; ვულოცავ მოხუცებსა და ახალგაზრდებს, სტუდენტებს, პროფესორ-მასწავლებლებს, მოსწავლეებს, განსაკუთრებით კი, ბავშვებსა და ახალშობილებს; ვულოცავ პატიმრებს, სნეულებაში მყოფთ და მშობლების მზრუნველობას მოკლებულთ...
ყველას გლოცავთ და გახარებთ მხსნელის მოვლინებას!
სულიერად განმტკიცდით და გაძლიერდით, და არაფრის შეგეშინდეთ!
უფალთან არ დაგეკარგებათ თუნდაც ერთი გულითადი ლოცვა და სინანულის ცრემლის ერთი წვეთიც კი.
გწამდეთ, ყველაფრის მიუხედავად, იესო ქრისტეს ყოველთვის ჩვენთვის მაცხოვნებელი გზით მივყავართ; ამიტომაც მუდამ იყავით მადლიერნი მისი და გქონდეთ სასოება.
ვინც ღმერთი ჰპოვა, უმთავრესი შეიძინა; ღმერთს განშორებული სული კი კვდება, როგორც სულს გაყრილი სხეული.
და კიდევ, - ყველა და ყველაფერი უძლურია იქ, სადაც უფალი თავის ძალას ავლენს.
„უპირატეს ჟამთა მამისგან შობილსა ძესა და ქალწულისაგან ხორცშესხმულსა, ყრმანი აქებდით, მღვდელნი უგალობდით და ერნი უფროისად აღამაღლებდით უკუნისამდე“ (ძლისპირი), ამინ!
ბეთლემში შობილი იესოს სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი
თბილისი, ქრისტეშობა, 2024
საშობაო ეპისტოლე - 1989
ყოვლადუსამღვდელოეს მღვდელმთავრებს, პატიოსან მოძღვრებსა და დიაკვნებს, სამონოზვნო დასს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე სულიერ შვილებს
ღვთივკურთხეულნო შვილნო ივერიისა, გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი.
ჯერ კიდევ უძველეს დროს წინასწარმეტყველი ესაიას პირით აი რას ბრძანებდა უფალი: "... აჰა ესერა დავსდებ საფუძველთა სიონისათა ლოდსა ფრიად პატიოსანსა რჩეულსა თავსა კიდურსა პატოსანსა, საფუძველთა მისთა, და რომელსა ჰრწმენეს იგი არასადა ჰრცხვენეს" (ესაია 28,16).
ეს იყო წინასწარმეტყველება იესო ქრისტეზე, რომელიც არის ქვაკუთხედი ჩვენი არსობისა და ცხოვნებისა.
კაცობრიობა საუკუნეების მანძილზე ელოდა ღვთაებრივი ლოგოსის განხორციელებას. "და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩუენ შორის" (იოანე 1,14).
"შობამან შენმან, ქრისტე ღმერთო, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა", - როგორც ადრე, დღესაც ამ სიტყვებით ეგებება წმიდა ეკლესია კაცთათვის განხორციელებულ მზეს სიმართლისას, ნათელს ჭეშმარიტს, "რომელი განანათლებს ყოველსა კაცსა მომავალსა სოფლად" (იოანე 1,9). ქრისტეს შობა, ისევე როგორც წმიდა პასექი, ყველაზე სასიხარულო და დიდებული ზეიმია მორწმუნე ქრისტიანისთვის.
ქრისტეს შობა არის მშვიდობის ხარება და სიყვარულის დადასტურება კაცობრიობისათვის. ეს სიყვარული ეფინება ყველას, იმათაც კი, ვინც არ სცნობს მას, ანდა დაივიწყა იგი.
ძე ღვთისა იქმნა ძე კაცისა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, რათა თვისი მსხვერპლშეწირული სიყვარულითა და თავგანწირვით ცოდვისგან ეხსნა მსოფლიო, განეწმიდა და კვლავ ღვთის მადლით შეემოსა იგი.
შობა ქრისტესი არ არის მხოლოდ ისტორიული მოვლენა; დღესაც ღმერთი იგი უჟამო ჟამიერ იქმნება, უხორცო უფალი განხორციელდება. მაგრამ მთავარია, მაცხოვარი იშვას თითოეულ ჩვენგანში, რომ განგვაახლოს, აღგვადგინოს და აღარასოდეს განგვშორდეს ჩვენ.
ბეთლემს შობილი ყრმის თაყვანისსაცემად მოგვნი ძღვნით მოვიდნენ აღმოსავლეთიდან. ჩვენ კი რით შევხვდეთ ჩვენს მხსნელს, რა მივართვათ ძღვნად? რა გზას დავადგეთ?
მას არ სჭირდება მიწიერი სიმდიდრე, პატივი და მაღალი თანამდებობა, სურს მხოლოდ ჩვენი სუფთა, სათნო, მრავალნატანჯი და მოწყალე გული; ესაა მისთვის ყველაზე ძვირფასი ძღვენი.
ნათქვამია, მსგავსი მსგავსს შეჰხარისო.
გსურს უფალთან შეხვედრა, მასთან ყოფნა? მაშ, შეიყვარე "ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებით შენითა... და შეიყუარე მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი" (მათე 22,37-39), რადგანაც მხოლოდ ასეთ გულში დაივანებს უფალი, ოდენ აქ პოვებს იგი სულს, რომელიც მას სიყვარულით ენათესავება.
რა გზით ვიაროთ? - ეს არის სიკვდილ-სიცოცხლის მომცველი საკითხი.
უნდა ვიაროთ ბნელიდან ნათლისკენ, ცოდვიდან - სიწმინდისაკენ, განკითხვიდან - ყოვლის მიტევებისკენ, სიძულვილიდან - სიყვარულისკენ, მიწიდან - ზეცისკენ. ეს გზა ერთადერთია და გულისხმობს ჭეშმარიტ ქრისტიანულ ცხოვრებას ანუ ეკლესიურობას, რადგანაც აქაა მხოლოდ შესაძლებელი სულიერი სრულყოფის კიბეზე ამაღლება.
სამწუხაროდ, დაბალი საღვთისმეტყველო განათლების გამო ჩვენს თანამედროვეთა შორის, თვით ინტელიგენციის დიდ ნაწილშიც კი, რელიგიათა შორის განსხვავებას აზრი აქვს დაკარგული. მათთვის საკმარისია ღმერთის აღიარება, აღმსარებლობას კი მნიშვნელობას არ ანიჭებენ, რაც დიდი შეცდომაა.
მართალია, საზოგადოდ რელიგიურობა სიწმიდისადმი სწრაფვას გულისხმობს, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. რელიგიის გაგება მეტად ფართოა და ზოგჯერ იგი ურთიერთ დაპირისპირებულ მცნებებს მოიცავს.
სწორი გზით რომ ვიაროთ, ნამდვილ თავისუფლებას უნდა ვეზიაროთ. "სცნათ ჭეშმარიტი და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ" (იოანე 8,32), - ბრძანებს მაცხოვარი.
აბსოლუტური ჭეშმარიტება არის ღმერთი. ე.ი. თავისუფლება მიიღწევა ჭეშმარიტების - ღვთის შეცნობით. ღვთის შეცნობა კი უნდა დავიწყოთ საკუთარი თავის შესწავლით, საკუთარი ნაკლის დანახვით და ყოველთა ცოდვათა დედის - ამპარტავნებისა და ეგოიზმის დაძლევით.
როცა დავთრგუნავთ ცოდვით დაცემის გამო ღვთისა და მოყვასისადმი დაპირისპირების მანკიერ ჩვევას, ვიგრძნობთ, რომ "ცხოველ არღარა მე ვარ, არამედ ცხოველ არს ჩემთანა ქრისტე" (გალატ. 2,20) და მოვიპოვებთ ნამდვილ თავისუფლებას, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს.
ამ სულიერ ბრძოლაში მეტად დიდია შემწეობა ეკლესიისა, უძლურთა მკურნალი და ნაკლულევანთა აღმავსებელი მისი ღვთაებრივი მადლისა.
ფრიად სცდებიან, რომელნიც თავს მართლმადიდებლად მიიჩნევენ, ეკლესიას და მის კანონებს კი უარყოდენ. მათთვის გაუგებარია ეკლესიის სულიერი ცხოვრება, რადგანაც ვერ სწვდებიან მის სიღრმეს.
უნდა გვახსოვდეს, რომ ეკლესია კაცთაგან კი არ არის დადგენილი, არამედ ღვთის მიერაა დაწესებული. ესაა უფლისკენ მიმავალი გზა, ცხოვრება ღმერთში; ამავე დროს იგია მისტიური სხეული ქრისტესი, რომელიც მის ადამიანურ ბუნებასაც მოიცავს.
ღმერთი იმდენად მიუახლოვდა ადამიანს, რომ მასში შევიდა და კაცობრივი ხორცით შეიმოსა. ამიტომაცაა ქრისტეს სახელით შეერთებულ მორწმუნეთა კრებული - ეკლესია - სხეულია ქრისტესი.
მაგრამ როცა ეკლესიაზე ვსაუბრობთ, უწინარეს ყოვლისა, ვგულისხმობთ მის სულიერ არსს და შემდეგ კი - ეკლესიისთვის დამახასიათებელ გარეგნულ ნიშნებს. ეს იმიტომ, რომ თავისი არსით, ეკლესია ქრისტეს მსგავსად ორბუნებოვანია. იგია ის ღვთაებრივ-ადამიანური ერთობა, რომელიც პირველ რიგში ენათესავება ღმერთს. შემდეგ კი ამქვეყნიურ ცხოვრებაში, დროულ ყოფაში ვლინდება.
ყოველივე ეს კარგად ჩანს კონსტანტინეპოლში 381 წელს შემდგარი მეორე მსოფლიო საეკლესიო კრების მიერ დამტკიცებულ მრწამსში, სადაც ვკითხულობთ: "მწამს... ერთი წმიდა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია".
ეკლესია რომ მხოლოდ ის იყოს, რასაც ჩვენ ფიზიკური თვალით აღვიქვამთ, ანუ ტაძარი და ყოველივე ის, რაც შიგ ხილული სახით აღესრულება, მაშინ ზემოთქმულ სიტყვებს აზრი დაეკარგებოდა, რადგან მორწმუნეთ სწამთ ის, რასაც გრძნობენ და ვერ ხედავენ, და არა ის, რასაც უყურებენ.
წმიდა ეკლესია ერთიანი და განუყოფელია. იგია "ერთ ჴორც და ერთ სულ, ვითარცა-იგი იჩინენით ერთითა მით სასოებითა ჩინებისა თქუენისაჲთა. ერთ არს უფალი, ერთ სარწმუნოება, ერთ ნათლისღება, ერთ არს ღმერთი და მამაჲ ყოველთაჲ, რომელი ყოველთა ზედა არს და ყოველთა მიერ და ჩუენ ყოველთა შორის" (ეფესელთა 4,4-6).
როცა ჩვენ ეკლესიებზე ვლაპარაკობთ, მხედველობაში გვაქვს ადგილობრივ ეკლესიათა სიმრავლე ანდა არსებობა სამოციქულო ეკლესიიდან გამოყოფილ სხვადასხვა ქრისტიანულ მიმდინარეობათა, რომელნიც მართლმადიდებელი ეკლესიის შემადგენლობაში არ შედიან.
დღეს მართლმადიდებელი ეკლესია კათოლიკური და პროტესტანტული სამყაროს ყურადღების ცენტრშია, რადგანაც მხოლოდ მან შეინარჩუნა უცვლელად და შეურყვნელად რწმენა და ტრადიცია ერთიანი, განუყოფელი ეკლესიისა.
წმიდა ეკლესიის მთლიანობა მის გარეგნულ და შინაგან ერთობაზეა დამყარებული. შინაგანი ერთიანობა გულისხმობს ჩვენს ერთობას ქრისტესთან და ქრისტეს ერთობას თავის სხეულთან. ესაა ეკლესიურობა ანუ ცხოვრება ქრისტეს მცნებათა დაცვით ქრისტეში და ქრისტესთან. ამ დროს მიიღწევა ერთობა როგორც ღმერთთან, ისე მის ქმნილებებთან: ადამიანებთან ანგელოზებსა და წმიდანთა დასთან.
ყოველივე ეს გარეგნულ ფორმებშიც ვლინდება, ვლინდება ჩვეულებრივ მიწიერ ყოფაში, ადამიანურ ურთიერთობაში; იგი აყალიბებს ჩვენს პიროვნებას, ჩვენს ქრისტიანულ სახეს.
წმიდა მამები მიწიერ ეკლესიას ხშირად უწოდებენ მებრძოლ ეკლესიას, რომელიც ცოდვათა დაძლევით უნდა გახდეს გამარჯვებული და მოზეიმე. ასეთია ზეციური ეკლესია. იქ ზეიმობენ ჩვენი წმიდა მამები და წინაპრები, რომელთაც მრავალი განსაცდელისა და გაჭირვების გადალახვით, რწმენით, სიყვარულითა და სასოებით მოიპოვეს სასუფეველი ღვთისა.
ეკლესია წმიდაა, რადგანაც მაცხოვრის უცოდველობა განსაზღვრავს მის სიწმიდეს. იგი ხომ სხეულია ქრისტესი და განა შეიძლება, ქრისტეს სხეული არ იყოს წმიდა? "ქრისტემან შეიყუარა ეკლესიაჲ და თავი თჳსი მისცა მისთჳს, რაჲთა იგი წმიდა-ყოს" (ეფესელთა 5,25-26).
ეკლესიის განწმენდა ხდებოდა და ხდება იესო ქრისტეს მსხვერპლად გაღებული სისხლით, რომელიც კაცთა ხსნისათვის ჯვარზე დაიღვარა.
სიწმიდე არის მთავარი არსი ეკლესიისა. ესაა ის, რისთვისაც მოწოდებულია თითოეული ჩვენგანი.
წმიდას ბერძნულად შეესატყვისება "აგიოს", "იეროს", ლათინურად - "სანკტუს", ებრაულად - "კოდეშ".
ცნობილი მწერალი, ბერი სულხან-საბა ორბელიანი "წმიდას" ასე განმარტავს: "წმიდა მოასწავებს დიდებულ იყავ, ქებულ იყავ. წმიდა ითქმის მხოლოისა ღვთისა ზედა და რომელნი ღმერთმან წმიდა ყვნა მსახურნი და სათნომყოფელნი მისნი" (სიტყვის კონა, გვ.452).
ქართული ენის განმარტებით ლექსიკონში კი ვკითხულობთ: "წმიდა - სუფთა, უბიწო, აუმღვრეველი... "ნაზიერი", "ნაზორეველი" (ნაზორეველი განცალკევებულს, ღვთისთვის შეწირულს ერქვა).
ძველ აღთქმაში გამოყენებული ებრაული სიტკვა "კოდეშ", ნაწარმოებია იმ ძირისაგან, რომელიც ნიშნავს გამოყოფას, გამიჯვნას და შეიცავს კეთილსა და ბოროტს შორის ბრძოლის იდეას, ცოდვისმიერი მიდრეკილებებისაგან, მიწიერი სურვილებისაგან განდგომის იდეას. ეკლესიის არსიც ისაა, რომ განაცალკეოს ადამიანი ბოროტისაგან, შეაგრძნობინოს მას თავის თავში ხატება ღვთისა, რომელიც მოწოდებულია სულიწმიდის სავანედ, ღვთის ხატად ქმნისათვის.
"არა უწყითა, - ბრძანებს პავლე მოციქული, - რამეთუ ჴორცნი ეგე თქუენნი ტაძარნი თქუენ შორის სულისა წმიდისანი არიან. რომელი-ეგე გაქუს ღმრთისაგან, და არა ხართ თჳსთა თავთანი?.. ადიდეთ უკუე ღმერთი ჴორცითა მაგით თქუენითა, რომელი-იგი არს ღმრთისაჲ" (I კორინთელთა 6,19-20).
ურწმუნონი ანდა არაეკლესიურნი ხშირად გამოთქვამენ საყვედურს იმის გამო, რომ მორწმუნეთა და სასულიერო პირთა შორის არიან ცუდი წარსულის მქონე პირები. დიახ, ასეთები მართლაც არიან და ამან არ უნდა დაგვაბრკოლოს. ეკლესია ხომ სულის მკურნალია. იგია ის წმიდა სავანე, სადაც ხელს არ კრავენ გზასაცდენილთ. ეკლესიის ვალი და მიზანი სწორედ ისაა, რომ სულიერი დახმარება აღმოუჩინოს შეცდომილთ, შეიწყნაროს და სწორ გზაზე დააყენოს ისინი.
ღვთის წინაშე თუ რა დიდია მნიშვნელობა ცალკეული პიროვნებისა, ჩანს იესო ქრისტეს ამ სიტყვებიდან: "ეკრძალენით, ნუუკუე ვინმე შეურაცხ-ჰყოთ ერთი მცირეთა ამათგანი. გეტყჳ თქუენ, რამეთუ ანგელოზნი მათნი ცათა შინა მარადის ხედვენ პირსა მამისა ჩემისასა, რომელ არს ცათა შინა. რამეთუ მოვიდა ძე კაცისაჲ ცხორებად წარწყმედულისა. ვითარ ჰგონებთ თქუენ: კაცსა თუ ვისმე ედგას ასი ცხოვარი და შეცსთეს ერთი მათგანი, არამე დაუტევნესა და ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი მთათა ზედა და წარვიდეს და მოიძიოს შეცთომილი იგი? და რაჟამს პოოს იგი, ამენ გეტყჳ თქუენ: უფროჲს უხაროდის მის ზედა, ვიდრე ოთხმეოცდა ათცხრამეტთა მათ, რომელნი არა შეცთომილ იყვნეს. ესრეთ არა არს ნებაჲ მამისა თქუენისა ზეცათაჲსაჲ, რაჲთა წარწყმდეს ერთი მცირეთა ამათგანი" (მათე 18,10-14).
ასე რომ, ეკლესიური ცხოვრება ესაა გამუდმებული ბრძოლა კეთილსა და ბოროტს შორის, ესაა ბნელისგან ნათლის გამოყოფის და საბოლოოდ მისი გამარჯვების პროცესი, ესაა გზა გადარჩენისა.
შერყვნილი ნაწილებისგან, - წერს ფილოსოფოსი ვლადიმერ სოლოვიოვი, - შეუძლებელია წარმოიშვას წმიდა და უბიწო მთელი. ეკლესია რომ მხოლოდ ცალკეულ ადამიანთა კრებული იყოს, იგი არ იქნებოდა წმიდა, უბიწო, რადგანაც ამქვეყნად უცოდველი არავინაა. ხილული ეკლესია თავის სიცოცხლისუნარიანობას და ძალას იძენს, უპირველეს ყოვლისა, იესო ქრისტესგან, რომელშიც მთელი სისრულითაა ღმერთი განცხადებული, იძენს ყოვლადწმიდა ქალწულისაგან და ასევე წმიდანთა უხილავი მთელი დასისგან. ამიტომაც ჩვენი ადამიანური არასრულყოფილება ვერ დაარღვევს ეკლესიის სიწმიდეს. ჩვენ განვიწმიდებით ეკლესიის სიწმიდით, მაგრამ ეკლესია არ შეიბილწება ჩვენი ცოდვებით, რადგანაც მისი სიწმიდე ჩვენგან კი არა, ღვთისგან - იესო ქრისტესგან მომდინარეობს ("ცხოვრების სულიერი საფუძვლები", 1882-1884 წწ.).
მრწამსში აღნიშნული მესამე თვისება ეკლესიისა არის მისი საყოველთაობა, მრავლის ერთიანობა; ამას ნიშნავს სწორედ სიტყვა "კათოლიკე" და ეყრდნობა იგი იესო ქრისტეს, როგორც ლოგოსის, შესახებ შემდეგ სწავლებას: "პირველითგან იყო სიტყუაჲ, და სიტყუაჲ იგი იყო ღმრთისა თანა, და ღმერთი იყო სიტყუაჲ იგი. ესე იყო პირველითგან ღმრთისა თანა. ყოველივე მის მიერ შეიქმნა, და თჳნიერ მისსა არცა ერთი რაჲ იქმნა, რაოდენი-რაჲ იქმნა. მის თანა ცხორებაჲ იყო და ცხორებაჲ იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია" (იოანე 1,1-5).
ასე რომ, კათოლიკე ეკლესია გულისხმობს მის ყოვლისმომცველობას; იმას, რომ იგი არის არა მარტო კაცობრიობის, არამედ გარემომცველი სამყაროს, ღვთის მთელი ქმნილების გამაერთიანებელი და გადამრჩენელი ძალა. ამიტომაც ამბობს ვლადიმერ სოლოვიოვი: ქრისტიანობაში სამყარო ხელახლა იბადება. ამიტომაც ბრძანებს წმიდა ეგნატე ღმერთშემოსილი: "სადაც ქრისტეა, იქ კათოლიკე ეკლესიაა".
ცალკეული ადგილობრივი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესიები ქმნიან ერთიან კათოლიკე ეკლესიას, რომლის მიზანიცაა ყველას შეკრება და გაერთიანება, რათა იყოს ერთ სამწყსო და ერთ მწყემსი - უფალი ჩვენი იესო ქრისტე.
სამოციქულო - აი მეოთხე თვისება ეკლესიისა. წმიდა მოციქულები გარდა იმისა, რომ ცხოვრობდნენ ქრისტეს დროს, იყვნენ კიდეც თანამოღვაწენი მისი მსახურებისა, მემკვიდრენი და მქადაგებელნი მაცხოვრის სიტყვისა.
უფალი ასე მიმართავს მათ: "სიტყუანი რომელ გესმიან, არა ჩემნი არიან, არამედ მომავლინებლისა ჩემისა მამისანი" (იოანე 14,24), "ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ".
მოციქულთა მოღვაწეობა ვლინდებოდა ეკლესიის მთელი ისტორიის მანძილზე, იგი დღესაც ნათლად ჩანს და მომავალშიც გაგრძელდება.
უკვე მოციქულთა დროს ეკლესიაში დადგინდა ეპისკოპოსის, მღვდლის, დიაკვნის, იერარქიული წესი; დადგინდა ასევე ამა თუ იმ ხარისხში კურთხევის, ხელდასხმის კანონი. ეკლესია ყოველთვის ცდილობდა, არ დარღვეულიყო მემკვიდრეობა იერარქიული ხელდასხმისა, ამიტომაც თუ ჩვენ გამოვიკვლევთ, მაგალითად, საქართველოს ეკლესიის ნებისმიერი მღვდელმთავრის, მღვდლის ანდა დიაკვნის იერარქიულ წარმოშობას საუკუნეთა მანძილზე, აუცილებლად მივალთ ან წმიდა მოციქულ ანდრია პირველწოდებულამდე, რომელმაც პირველ საუკუნეში იქადაგა საქართველოში და დააარსა აქ პირველი ეკლესია, ანდა წმიდა პეტრე მოციქულამდე, რომელმაც სათავე დაუდო ანტიოქიის ეკლესიას. საქართველო კი, მოგეხსენებათ, დამოუკიდებლობის მოპოვებამდე, ანუ V საუკუნემდე, ანტიოქიის საპატრიარქოს იურისდიქციაში შედიოდა და ჩვენი სასულიერო პირებიც მათგან იღებდნენ ხელდასხმას.
მემკვიდრეობითობის ამ მადლს, რა თქმა უნდა, მოკლებულნი არიან პროტესტანტული მიმდინარეობანი, ბაპტისტები და სხვა დენომინაციები.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია დიდად აფასებს თავის მოციქულებრივ წარმოშობას და მიაჩნია, რომ ჭეშმარიტი ეკლესია მხოლოდ იგია, რომელმაც ურყევად დაიცვა წმიდა წერილი, ქრისტეს მოწაფეთა წმიდა სწავლება, წმიდა მამათა დადგენილებანი.
სამღვდელოების არსი მჭიდროდ არის დაკავშირებული შვიდ საიდუმლოსთან. საიდუმლოთა აღმსრულებელნი შეიძლება იყვნენ მხოლოდ ისინი, რომელთაც მიიღეს კანონიერი კურთხევა. მხოლოდ მათ აქვთ უფლება, ჩაატარონ ლოცვა და სხვა მღვდელმოქმედება, რათა დაეხმარონ ადამიანებს ცხოვრების სიმძიმის, განსაცდელისა და საცდურის დაძლევაში.
ეკლესიაში ლოცვას ღრმა სულიერი და სასწაულმოქმედი ძალა აქვს. ამიტომაც აგებდნენ ჩვენი წინაპრები ათასობით და ათიათასობით ტაძრებსა და მონასტრებს. ეს არ იყო მათი მძაფრი რელიგიური განცდის გამოვლინება, არამედ გრძნობა და აღქმა აქ მიღებული დიდი მადლისა. თითოეული მათგანის სიწმიდე და ღვთისმოსაობა იყო შედეგი არა მხოლოდ მათი მორწმუნეობისა, არამედ მათი ეკლესიურობისა. ისინი იყვნენ ნამდვილნი წევრნი ეკლესიისა - ქრისტეს სხეულისა. ამიტომაც არ იყვნენ ჩაკეტილნი ვიწრო ეგოისტურ ჩარჩოებში, არამედ ღვთისა და მოყვასის სიყვარულით სავსენი ცხოვრობდნენ მარტივად, სათნოდ და მშვიდად.
ეკლესიური ცხოვრება ქრისტიანისა არის მუდმივი განახლებისა და ფერისცვალების პროცესი, ესაა შემოქმედებითი ხედვა სამყაროსი და სულიერი მიახლოება სრულყოფილებასთან. ვისაც სურს ეკლესიისგან საზოგადოების მოწყვეტა, იგი ვერ ხედავს იმ დამღუვპელ შედეგს, რაც ამას მოსდევს. რწმენის დაკარგვასთან ერთად იკარგება სიყვარული, თანაგრძნობა, სიმშვიდე, მორჩილება; თავს იჩენს უხეში ეგოიზმი, მომხმარებლის აზროვნება... ყველაზე მძიმე სურათი კი ოჯახში იქმნება. ჩვენ მოწმენი ვართ, თუ როგორ დაირღვა დღეს ოჯახის წონასწორობა და მყუდროება, ხშირია განქორწინება, განსაზღვრულია შობადობა. თუ ყველაფერი კვლავ ასე გაგრძელდა, კატასტროფულ მდგომარეობამდე მივალთ.
ეკლესია ყოველთვის იცავდა ოჯახის სიმტკიცესა და ხელშეუხებლობას. აბორტი და მუცლადღებული ჩვილის სიცოცხლის მოსპობის ყოველგვარი ცდა ეკლესიის მიერ მუდამ ითვლებოდა ნამდვილ მკვლელობად. წმიდა წერილზე დაყრდნობით ეკლესიამ საუკუნეების მანძილზე გამოიმუშავა ქრისტიანული ქორწინების, შვილიერების, ოჯახური ცხოვრების მტკიცე კანონები, რომელთა დარღვევა არავის ეპატიება, რადგანაც ოჯახი "სახლის ეკლესიაა" (რომაელთა 16,4) და მისი შერყვნა დაუშვებელია.
ჩვენს სწრაფად ცვალებად და ურთიერთდაპირისპირებულ დროში კიდევ უფრო ნათლად გამოჩნდა, რომ ეკლესია არის ის ერთადერთი გადამრჩენელი ხომალდი, რომელსაც შესწევს ძალა, გადალახოს ცხოვრების ზღვის აბობოქრებული ტალღები და ნაპირზე მშვიდობით მიგვიყვანოს.
თანამედროვე ადამიანი ნაწილია სეკულარული ეპოქისა, რომელმაც დაკარგა ღმერთი, დაკარგა სიყვარული და რწმენა კაცისა; პიროვნება დარჩა ჩაკეტილ მიწიერ წრეში, მატერიალურ ღირებულებათა სამყაროში. იგი დაბნეული უყურებს ეკლესიას. აქ ხედავს ის თავის უკანასკნელ იმედს და ნუგეშს. ამიტომაც ჩვენზე, ჩვენს მოძღვრებზე, ჩვენს მრევლზე დღეს უდიდესი პასუხისმგებლობაა დაკისრებული.
არის კი ჩვენში ქრისტიანული დიდი ჰუმანიზმი, შევძლებთ, გავცეთ პასუხი მათ საჭირბოროტო კითხვებს, შევძლებთ ვიყოთ მარილი მაღლისაი და ჭეშმარიტი ნათელი მათთვის, ვიყოთ სიტყვით და საქმით მოწმენი და მქადაგებელნი ჭეშმარიტებისა?
ღვთის მოწყალებითა და კურთხევით უნდა შევძლოთ, რათა "წარუდგინოს თავადმან თავსა თჳსსა დიდებულად ეკლესიაჲ" (ეფესელთა 5,27).
დღეს, როდესაც ვზეიმობთ ბეთლემის გამოქვაბულში აღსრულებულ მიუწვდომელ სასწაულს, როცა ანგელოზნი ახარებენ ქვეყანას მშვიდობასა და კაცთა შორის სათნოებას, უნდა გავხსნათ გულის კარი, რომ მივიღოთ ეს გამოუთქმელი წყალობა და გავხდეთ მატარებელი ღვთის იმ უნაპირო სიყვარულისა, რომელიც წმიდა პავლეს თქმით "... სულგრძელ არს და ტკბილ... არა ჰშურნ... არა მაღლოინ, არა განლაღნის, არა სარცხვინელ იქმნის, არა ეძიებნ თავისასა, არა განრისხნის, არად შეჰრაცხის ბოროტი, არა უხარინ სიცრუესა ზედა არამედ უხარინ ჭეშმარიტებასა ზედა, ყოველსა თავს იდებნ, ყოველი ჰრწამნ, ყოველსა ესავნ, ყოველსა მოითმენნ" (I კორინთელთა 3;4,7).
მაშ, "განიშორეთ რისხუაჲ, გულისწყრომაჲ, უკეთურებაჲ, გმობაჲ" (კოლასელთა 3,8) და "იყვენით ურთიერთარს ტკბილი, მოწყალე, მიმმადლებულ თავთა თჳსთა, ვითარცა-იგი ღმერთმან ქრისტეს მიერ მოგუმადლა ჩუენ" (ეფესელთა 4,32).
ყველას გულითადად მოგესალმებით და მოგილოცავთ ქრისტეს შობის დღესასწაულს.
"იხარებდ, ესაია, ყრმაჲ იშვა და ძედ მოგვეცა ჩუენ ემანუელ, - ჩუენ თანა ღმერთი" (სძლისპირნი, თბ. 1982, გვ.519).
ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა მარად იყოს ჩვენს შორის და ჩვენში, ამინ!
ქრისტეს შობა,
თბილისი,
1989 წელი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საშობაო ეპისტოლე - 2005
ჭეშმარიტი თავისუფლება ცოდვათაგან გათავისუფლებით მიიღწევა.
"ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების" (II კორ.12, 9).
ქრისტესმიერ საყვარელნო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონაზონნო, დიდად პატივცემულო ხელისუფალნო, მართლმორწმუნენო, მკვიდრნო საქართველოისა და სამშობლოს ფარგლებს გარეთ დროებით მცხოვრებნო თანამემამულენო, სიყვარული და სიხარული განგმრავლებოდეთ და რწმენა და იმედი განგმტკიცებოდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!"იხარებდ ბეთლემო, მეუფეო მთავართა იუდასთაო, რამეთუ მწყემსი ისრაელისა, ქერუბიმთა ზედა მჯდომარე, შენგან გამოგვიბრწყინდა ქრისტე, რომელმან აღამაღლა რქა ჩუენი" (შობის სძლისპირი).
იმ იდუმალ ღამეს ანგელოზთა დასი, მარადჟამს მადიდებელი ღვთისა, საოცარი მოკრძალებითა და გაოცებით უმზერდა დედამიწაზე აღსრულებულ უდიდეს სასწაულს – კაცობრიობის მხსნელის დაბადებას დავითის ქალაქში; მაგრამ ღვთის განკაცება მოხდა არა დიდებითა და ბრწყინვალებით, არამედ გამაოგნებელი სიმდაბლითა და უბრალოებით. ამქვეყნად ერთი სახლიც კი არ მოიძებნა, რომელიც შეიფარებდა და უმასპინძლებდა ღვთისმშობელ დედასა და მართალ იოსებს. მხოლოდ პირუტყვთა თავშესაფარში აღმოჩნდა მათთვის ადგილი. გამოქვაბულში, ბაგასა შინა მწოლი წარუდგა პირველად სოფელს ღვთაებრივი ყრმა – იესო ქრისტე და ამით სიმბოლურად მიანიშნა, რომ იგი, უპირველეს ყოვლისა, არის მათთან, რომელნიც, საზოგადოებისაგან უსამართლოდ გარიყულნი, უპოვარნი და მარტოსულნი არიან. ასეთი იყო ხვედრი წმინდა ოჯახისა და კაცთა ხსნისათვის მოვლენილი ჩვილი მაცხოვარისა. თითქოს ამ ცოდვის გამოსყიდვის მიზნით ზოგიერთ ქვეყანაში ტრადიციად აქვთ შობის ღამეს ფანჯარასთან ანთებული სანთლის დადგმა, რათა თავისთან მიიწვიონ ღამით თავშესაფრის საძებნელად სადმე ახლოს მიმავალი ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი და მართალი იოსები.
შობის ღამეს ფანჯარასთან ანთებული სანთელი მიპატიჟებაა, ნიშანია იმისა, რომ ჩვენი სახლის და გულის კარი ღიაა, რათა იქ მესია დაიბადოს.
იქნებ საქართველოშიც დავამკვიდროთ ეს წესი, ოღონდ შინაგანადაც უნდა მოვემზადოთ საოცარი სტუმრების მისაღებად – გული უნდა განვიწმინდოთ ყოველგვარი ბიწისაგან, რათა მის უბრალოებასა და სისუფთავეში არა მარტო იშვას, არამედ დაემკვიდროს კიდეც უფალი ჩვენი იესო ქრისტე. თუმცა განსაცდელისა და საცდურის სიმრავლის გამო ჩვენს დროში ამის მიღწევა ადვილი არ არის.
მაცხოვრის მოწაფეები ჯერ კიდევ I საუკუნეში ხედავდნენ ბოლო ჟამის მთელ სიმძიმეს; ამიტომაც გვაფრთხილებს წმ. პავლე მოციქული: "საზარელი ჟამი დადგება... ადამიანები იქნებიან თავისმოყვარენი, ვერცხლის მოყვარენი, ამაყნი, ამპარტავანნი, მგმობელნი, მშობლების ურჩნი, უმადლონი, უღირსნი, უმადურნი, უწმინდურნი, უსიყვარულონი, უწირავნი (ულოცველნი), დამსმენნი, მოუთმენელნი, სასტიკნი, მშფოთვარენი, სიმშვიდის არმქონენი, კეთილის მოძულენი, მოღალატენი, თავხედნი, აღზუავებულნი, გულისთქმათა მოყვარენი" (II ტიმ. 3, 1-5).
და თუ ადამიანი ამ ცოდვათაგან არ გათავისუფლდა, ჭეშმარიტ თავისუფლებას ვერასდროს ეზიარება. არასწორად გაგებული თავისუფლება კი მრავალი უბედურების სათავეა.
თავისუფლებას სხვადასხვა ეპოქასა და ცივილიზაციაში სხვადასხვა გაგება ჰქონდა. თავისუფლების ფილოსოფიური გააზრებაც განსხვავებულია. მაგ: თუ დავსვამთ კითხვებს: თავისუფლება – მაგრამ რისგან? ანუ თავისუფლების მისაღწევად რისგან გათავისუფლებაა აუცილებელი? ანდა: თავისუფლება – მაგრამ რისთვის? ანუ, რას მაძლევს მე თავისუფლება, რატომაა იგი საჭირო? განსხვავებული მსოფლაღქმის ადამიანებს მათზე სხვადასხვა პასუხი ექნებათ.
ყველაზე სრულყოფილი სწავლება კი ქრისტიანობაშია: "ნუთუ არ იცით, რომ ვისაც თქვენს თავს მისცემთ მორჩილებისათვის, მისი მონები ხართ. როცა ცოდვის მონები იყავით, მაშინ თავისუფალნი იყავით სიმართლისაგან, გათავისუფლდით რა ცოდვისაგან, სიმართლის მონები გახდით... ახლა კი, როცა თავისუფლები ხართ ცოდვისაგან და ღვთის მონები გახდით, თქვენი ნაყოფი სიწმინდეა, ხოლო ბოლო – მარადიული სიცოცხლე. ვინაიდან ცოდვის საზღაური სიკვდილია, ხოლო ღვთის მადლი – მარადიული სიცოცხლე" (რომ. 6, 16-23).
ჭეშმარიტ თავისუფლებას ზეცად აჰყავს ადამიანი, ანიჭებს რა მას მშვიდობას, სიხარულსა და ბედნიერებას; მაგრამ თავისუფლების მოპოვებისათვის ბრძოლაა საჭირო, ბრძოლა უწინარესად საკუთარ თავთან და მასში ფესვგადგმულ მანკიერებებთან. ეს რთული პროცესია და იგი სიცოცხლის ბოლომდე გრძელდება. "შეიცანით ჭეშმარიტება და ჭეშმარიტება განგათავისუფლებს თქვენ", - გვარიგებს მაცხოვარი (ინ. 8,32).
განსხვავებულია არაეკლესიურთა დამოკიდებულება თავისუფლებისადმი:
ღვთისაგან გაუცხოებული ადამიანების ერთ ნაწილს მიაჩნია, რომ თავისუფლება არის ის, რის უფლებასაც აძლევს მათ ხელისუფლება, ან ესა თუ ის იდეოლოგია. მაგალითად, ყოფილ საბჭოთა კავშირში ანდა ფაშისტურ გერმანიაში აცხადებდნენ, რომ იქ ცხოვრობდნენ მსოფლიოში ყველაზე თავისუფალი ადამიანები. სინამდვილეში კი ეს "თავისუფლება" ეფუძნებოდა საკონცენტრაციო ბანაკებსა და მასობრივ დახვრეტებს. ასეთია ტოტალიტარული სახელმწიფოს "თავისუფლება".
მეორე ნაწილს კი ჰგონია, რომ თავისუფლება ყველაფრის უფლებაა, ყოველგვარი აკრძალვის უარყოფაა. მათი აზრით, თავისუფლების ცნებაში შედის ბილწსიტყვაობაც, ცილისწამებაც, უზნეო ცხოვრების წესის პროპაგანდაც; მათთვის "თავისუფალი სიყვარული", ჩვეულებრივი ურთიერთობების გარდა, გულისხმობს აღვირახსნილ და გაუკუღმართებულ სქესობრივ კავშირებსაც, ხოლო აღმსარებლობის თავისუფლება – ნებისმიერი ტოტალიტარული ფსევდორელიგიური დაჯგუფების ტრადიციულ რელიგიებთან გათანაბრებას. ასეთი "თავისუფლების" შედეგი კი არის: პიროვნების დეგრადაცია, სასოწარკვეთა, თვითმკვლელობები, შიდსი, ნარკომანია და სხვა უმძიმესი გამოვლინებანი.
საერთოდ, მას შემდეგ, რაც ეშმაკმა ბრძოლა დაუწყო კაცთა მოდგმას, იგი ცდილობს, ჩვენთვის ყველაზე ამაღლებული ღირებულებების – სიყვარულის, თავისუფლების, ჭეშმარიტების, მშვიდობის, განათლების... – აღმნიშვნელი სიტყვების შინაარსობრივი დატვირთვა შეცვალოს და ისინი სრულიად საწინააღმდეგო შინაარსის შემცველ ცნებებად წარმოადგინოს, რათა ამით ადამიანებს ცოდვის ჩადენა გაუადვილოს.
ჭეშმარიტ თავისუფლებას, რომელიც ზნეობრიობის საფუძველია, უაღრესად დიდი სახელმწიფოებრივი მნიშვნელობაც აქვს, რადგან ნებისმიერი სახელმწიფო ამა თუ იმ მორალის მქონე საზოგადოებას ემყარება. როგორც ძველი სიბრძნე ამბობს, სახელმწიფოსათვის უმჯობესია, მის მოქალაქეებს ჰქონდეთ მაღალი ზნეობა, ვიდრე კარგი კანონები. რა თქმა უნდა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ დასაშვებია, კანონები იყოს სუსტი ან ცუდი, მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ მაღალზნეობრივი საზოგადოება ძლიერი და განვითარებული სახელმწიფოს საწინდარია. დასავლეთის განვითარებული ქვეყნებიც სწორედ ამის გათვალისწინებით ქმნიან თავიანთ კანონმდებლობას და საზოგადოებრივი ცხოვრების წესს.
ის, რომ მსოფლიოს ტრადიციული რელიგიებიდან ყველაზე უნიკალური ქრისტიანული სწავლებაა, იმითაც დასტურდება, რომ დღეს მთელ მსოფლიოში აღიარებული ადამიანთა უფლებების დეკლარაცია სწორედ ქრისტიანულ ღირებულებებზეა დაფუძნებული. ქრისტიანული ღირებულებები კი ყველაზე სრულყოფილი სახით მართლმადიდებელ ეკლესიაშია დაცული, რადგან იგი სამოციქულო ეკლესიის სწავლებას ინახავს. მისი უნივერსალურობა ვლინდება იმაში, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას საუკუნეთა მანძილზე უცვალებელი მრწამსი და სწავლება აქვს, რომელიც ეფუძნება წმინდა წერილს, საღვთო გადმოცემას, მსოფლიო და ადგილობრივი საეკლესიო კრებების დადგენილებებსა და წმიდა მამათა მოძღვრებას. ეს მის საყოველთაობას და უცდომელობას განაპირობებს.
ამასთან, მართალია, ეკლესია იერარქიის პრინციპს ემყარება, მაგრამ იგი არ ზღუდავს პიროვნების თავისუფლებას. ეკლესიის წევრი შეიძლება გახდეს და, ამავე დროს, საეკლესიო იერარქიის ნებისმიერ საფეხურზე დადგინდეს ესა თუ ის პიროვნება, განურჩევლად მისი სოციალური, ეთნიკური და რასობრივი წარმომავლობისა; აღსანიშნავია ისიც, რომ ეკლესიაში იერარქიულ კიბეზე ასვლის საშუალება ეძლევათ იმ ადამიანებსაც, რომელთაც წარსულში გარკვეული სახის დანაშაული ჰქონდათ ჩადენილი, მაგრამ სინანულითა და სულიერი ფერისცვალებით ახალი ცხოვრება დაიწყეს.
პიროვნებისადმი ამგვარი დამოკიდებულება ეკლესიაში პირველი საუკუნეებიდანვე იღებს სათავეს, ანუ იმ დროიდან, როდესაც მთელ მსოფლიოში ბატონობდა ტირანია, აბსოლუტიზმი და იმპერატივიზმი.
ეს არის ღვთივბოძებული წესი ცხოვრებისა, რომელიც უფლისმიერი მადლმოსილების გამო ჟამთა სვლას არ ექვემდებარება, მარად ახალია და "სრულყოფის" მიზნით რაიმე ცვლილებების შეტანას არ საჭიროებს. სამწუხაროდ, ჩვენს დღევანდელ ყოფაშიც გამოჩნდნენ ე.წ. რეფორმატორული სულით შეპყრობილი ადამიანები; როგორც ფსევდოლიბერალები, ისე ფსევდოკონსერვატორები.
ფსევდოლიბერალური მოძრაობა პოსტსაბჭოთა სივრცეში თავდაპირველად ტოტალიტარიზმის წინააღმდეგ მიმართული ერთგვარი რეაქცია იყო, რომელმაც შემდეგ კონტრრექაციის სახით ფსევდოკონსერვატიზმი წარმოშვა. ბოლო წლებში კი ორივე ეს მიმართულება საქართველოში გაძლიერდა და თავის სამიზნედ ეკლესია გაიხადა. მიმდინარეობდა და მიმდინარეობს საეკლესიო საკითხებზე არაკორექტული, ხშირ შემთხვევაში კი შეურაცხმყოფელი და ცილისმწამებლური მსჯელობები. ყველაფერ ამას ერთგვარი ორგანიზებული მოძრაობის სახე აქვს და მასში მონაწილეობას იღებენ როგორც ეკლესიის წევრნი, ისე მის გარეთ მყოფი პირები.
ჩვენთვის სრულიად გაუგებარია აღნიშნულ პროცესებში იმ ადამიანთა მონაწილეობა, რომელთაც ეკლესიასთან კავშირი არ აქვთ. ვინაიდან ამისთვის მათ არც შესაფერისი ცოდნა და არც მორალური და იურიდიული უფლებები აქვთ (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სახეზე გვაქვს სისხლის სამართლის დანაშაული). ხოლო ისინი, რომელნიც ეკლესიის წევრად მიიჩნევენ თავს, მაგრამ ეკლესიასა და მის იერარქიას საჯაროდ განიკითხავენ, არღვევენ უძველეს საეკლესიო წესსა და ტრადიციას, რომლის უგულებელყოფაც, ნებისმიერი მოტივით, სრულიად გაუმართლებელია. წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ბრძანებს: "ცხოვარნი ნუ ასწავლით მწყემსთ. ნურც თქვენთვის განკუთვნილ საზომს გარდახვალთ; საკმარისია თქვენთვის, თუკი კეთილად დაიმწყსებით. ნუ განიკითხავთ სჯულისმდებელთ, რადგან არ არის ღმერთი შფოთისა და უწესობისა, არამედ მშვიდობისა და წესიერების".
პრობლემები ყველა საზოგადოებასა და ყველა დროში იყო, არის და იქნება, ისევე როგორც ეკლესიაშიც, ოღონდ მათდამი მიდგომა და შესაბამისი ქმედებაა ორგვარი. ერთის საფუძველია სიძულვილი, მიზანი კი – ზიანის მოტანა, მეორისა – სიყვარული და გამოსწორების სურვილი. ორივე დამოკიდებულება ადვილად იცნობა. ეკლესიასთან დაკავშირებით დღეს მიმდინარე პროცესებიც ნათლად ავლენს, თუ სინამდვილეში რასთან გვაქვს საქმე.
სიყვარულით მივმართავ წმ. სინოდის წევრებს, მოძღვრებს, დიაკვნებს, მღვდელ-მონოზვნებს, იყავით ყურადღებიანნი და საკუთარი თავისადმი მომთხოვნი. ეცადეთ, შეცდომებს განერიდოთ და ღვთისმოშიშებით აღასრულოთ თქვენი მოვალეობა. იცოდეთ, ჩვენი ეკლესია არაკეთილისმოსურნეთა სამიზნედაა ქცეული, რომელნიც ცდილობენ მისი ავტორიტეტის შელახვას და სხვადასხვა საშუალებით ეკლესიისაგან ხალხის ჩამოშორებას. "დაყავი და იბატონე" – ეს მზაკვრული ხერხი ხშირად გამოუყენებიათ საქართველოში და, სამწუხაროდ, მისი შედეგიც არაერთხელ გვინახავს. ყველაზე გულსატკენი სწორედ ესაა, რომ მტერი მუდამ პოულობდა მოღალატეს ჩვენში და ჩვენი ხელით ახორციელებდა თავის შავბნელ გეგმებს.
"სად არის თქვენი სარწმუნოება?" – ეკითხება უფალი მოწაფეებს. "სად არის თქვენი სარწმუნოება?" – ეს კითხვა ისმის დღესაც.
წამოყენებულ ბრალდებებს ემატება ისიც, რომ გარკვეული პირები ჩვენი ეკლესიის საქმიანობას ხშირად რუსეთიდან მართულ პროცესებთან აკავშირებენ, რაც პოლიტიკური პროვოკაციის სახეს ატარებს და მიზნად, როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო მასშტაბით, საქართველოს ეკლესიის დისკრედიტაციას ისახავს. ამგვარი ცილისწამება არაერთხელ გახმიანდა საეკლესიო კალენდრის გამოც.
ოპონენტებს ავიწყდებათ, რომ, რუსეთის გარდა, ძველ სტილზე იმყოფება იერუსალიმისა და სერბეთის ეკლესიები, ათონისა და სინას მთა, ასევე კონსტანტინეპოლის, ელადის, ჩეხეთის და სლოვაკეთის მართლმადიდებელ სამრევლოთა ნაწილი.
დღეისათვის არ არსებობს ახალ კალენდართან დაკავშირებით მსოფლიო ეკლესიის საერთო-საყოველთაო შეთანხმება და მისი სათანადო დასაბუთება. ამიტომაც ამგვარი ნოვაცია დამღუპველ ზიანს მოუტანს ჩვენი ეკლესიის ერთობას (რისი მაგალითებიც სხვაგან არაერთი გვაქვს), რაც აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ.
აღსანიშნავია ისიც, რომ I მსოფლიო საეკლესიო კრების განჩინებით, აღდგომა იდღესასწაულება გაზაფხულის ბუნიობის და იუდეველთა პასექის შემდეგ. ძველი სტილი მტკიცედ იცავს ამ დადგენილებას, მაშინ, როდესაც გრიგორიანული კალენდრით ეს დღესასწაული ზოგჯერ იუდეველთა პასექს ემთხვევა, ან წინ უსწრებს მას, რაც დაუშვებელია და მსოფლიო კრების გადაწყვეტილების უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
საერთოდ, კალენდრის საკითხი ადვილად განსასჯელი არ არის. კარგად წერს ნეტარი ავგუსტინე: "მე ვიცი, რა არის დრო, როდესაც ამის შესახებ არ მეკითხებიან, რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო მიძნელდება ზუსტი პასუხის გაცემა".
რა თქმა უნდა, დამცველები მრავლად ეყოლება როგორც ახალი, ისე ძველი სტილის მიმდევართ და ისინი შეეცდებიან, დაამტკიცონ საკუთარი პოზიციის მართებულობა, მაგრამ არის რამდენიმე ისეთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა, რაც, ვფიქრობთ, ყველასთვის მრავლისმთქმელია:
ა) ყოველ წელს იერუსალიმში, ძველი სტილით აღდგომის წინადღეს, მაცხოვრის საფლავზე, მხოლოდ მართლმადიდებელი პატრიარქის ლოცვით, ზეციდან გარდამოდის ღვთაებრივი ცეცხლი, რაც ნათელი დადასტურებაა როგორც იულიუსის კალენდრის, ისე მართლმადიდებლური სარწმუნოების ჭეშმარიტებისა.
ბ) ყოველ 19 აგვისტოს (ძვ. სტილით 6 აგვისტოს) ღამით, ფერისცვალების დღესასწაულზე, იერუსალიმში, თაბორის მთაზე, ზაფხულის ყველაზე ცხელ დროს, ჩნდება ღრუბელი, რომელიც წირვის დამთავრებამდე ფარავს მორწმუნეთ და ახსენებს მათ I საუკუნეში აქ აღსრულებულ ერთ-ერთ უდიდეს სასწაულს.
გ) ყოველ 19 იანვარს (ძვ. სტილით 6 იანვარი), იესო ქრისტეს ნათლისღებისა და წყალკურთხევის დღესასწაულზე, წმინდა მდინარე იორდანეში იერუსალიმის პატრიარქის მიერ წარმოთქმული ლოცვისას: "და მართლუკუნ იქცა იორდანე", მდინარე წუთიერად, მართლაც, უკუსვლას იწყებს. ამ სასწაულის სანახავად მრავალი მორწმუნე ჩადის სხვადასხვა ქვეყნიდან.
დ) ხაზგასმით აღსანიშნავია ისიც, რომ არცერთ წმინდა მამას, არც XVI ს-მდე (ანუ ახალი სტილის შემოღებამდე) და არც მის შემდეგ, იულიუსის კალენდრის უნივერსალურობის გამო, მისი შეცვლის აუცილებლობის შესახებ საკითხი არასდროს დაუყენებია.
რაც შეეხება საერო ახალი წლის თარიღს, იგი ყველა ქვეყანაში და ყოველთვის ხელისუფალთაგან დგინდებოდა და სხვადასხვა ეპოქაში სხვადასხვა დროს აღინიშნებოდა. რამდენიმე საუკუნეა, რაც ქვეყნების უდიდესი ნაწილი ამ თარიღს 1 იანვარს დღესასწაულობს, მათ შორის საქართველოც, რასაც რელიგიური დატვირთვა საერთოდ არა აქვს. ამდენად, ბუნებრივია, რომ 1 იანვარი ეკლესიისთვისაც ახალი კალენდარული წლის დასაწყისია და მისი დაკავშირება შობის დღესასწაულთან ან სხვა რელიგიურ ზეიმთან შეცდომაა.
გვინდა მოსახლეობას ისიც განვუმარტოთ, რომ, მართალია, ფსევდოკონსერვატორები და ფსევდოლიბერალები ჩვენთანაც და სხვაგანაც ერთმანეთსაც ხშირად აკრიტიკებენ, მაგრამ სინამდვილეში ისინი ერთი სულისანი არიან. ესაა: ამპარტავნების, არასულიერობის, თვითნებობის, თავდაჯერებულობისა და უსიყვარულობის სული. რადიკალიზმის ორივე ფორმა ეკლესიისთვის მიუღებელია. ეკლესია ყოველთვის ემიჯნებოდა ორივე უკიდურესობას, რადგან მისი გზა სამეუფო გზაა და გადახრა მარჯვნივ ან მარცხნივ მისთვის მიუღებელია. წმ. გიორგი მთაწმინდელი ამის შესახებ ამბობს: "... და რაჟამს ერთგზის გვიცნობიეს, არღარა მიდრეკილ ვართ მარცხულ, გინა მარჯულ. და არცა მივდრკებით".
ამ უმთავრესი სულიერი მისიის გარდა საქართველოს ეკლესია არის ქვეყნის დამოუკიდებლობის, ეროვნული თვითშეგნების და ერთიანობის ერთ-ერთი უმთავრესი გარანტი. ამ ფუნქციის აღსრულების გამოხატულება იყო, მაგ., აფხაზებთან და ოსებთან შერიგების დაწყება. ამ პროცესს ახლახანს, 25 დეკემბერს, ჩაეყარა საფუძველი და, ვიმედოვნებთ, პრობლემების მიუხედავად, იგი შეუქცევადად განვითარდება.
ჩვენი ეკლესია საქართველოს მკვიდრი ყველა მართლმადიდებლისათვის სულიერი ერთობის ადგილია, ხოლო აქ მცხოვრებ სხვადასხვა აღმსარებლობების წარმომადგენელთათვის – მშვიდობიანი თანაარსებობის გარანტი, რადგან სწორედ საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წიაღიდან საზრდოობს ქართველი ერის უნიკალური ტოლერანტული ბუნება.
ასეთივე მშვიდობიანი თანაარსებობაა ჩვენს მართლმადიდებლურ ეკლესიასა და საქართველოში არსებულ სხვა კონფესიებს შორის; და ეს დადასტურებულია ორმხრივი განცხადებებითაც, რომელიც 2002 წელს გაფორმდა. მათი სურვილი იურიდიული სტატუსის მიღებისა ჩვენის მხრიდანაც არის მხარდაჭერილი და ვიმედოვნებთ, იგი მალე განხორციელდება.
ბატონო პრეზიდენტო, ხელისუფალნო, ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, მიუხედვად პრობლემებისა, მიუხედავად გაჭირვებისა და განსაცდელისა, დღეს მთელი სამყარო მაინც სიხარულს მოუცავს, მოგვიახლოვდა ემანუელი – ჩვენთან არს ღმერთი, რათა იმედით აღგვავსოს და გვითხრას: ნუ გეშინინ, "ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების".
მაშ, გავუღოთ გულის კარი ახლადშობილ ყრმას და სასოებით მივეახლოთ მას. იცოდეთ, უფალი ისეთი ძალაა, რომელთანაც ყოველთვის მშვიდად ვიქნებით; მასთან სიღატაკეშიც მდიდარნი ვართ, მწუხარების ჟამსაც – ნუგეშინისცემულნი, უსამართლოდ დამცირებისას – ამაღლებულნი, თვით სიკვდილშიც კი – გამარჯვებულნი.
ესეც გახსოვდეთ: "არც სიმდიდრე, არც სიღარიბე, არც ავადმყოფობა თავისთავად არც გვაცხოვნებს და არც წარგვწყმედს. მთავარია, როგორია ჩვენი სულის მდგომარეობა; თუ მდიდარი ხარ, მოიპოვე ცხონება მოწყალებით, გაჭირვებულის თანადგომით, თავმდაბალი გულუხვობით და შეიძენ სიმდიდრეს ღმერთში. თუ ღარიბი, ან სნეული ხარ, მოიპოვე ცხონება მოთმინებით, ღვთის ნებისადმი სრული მორჩილებით. ეძიე არა შენთვის, არამედ ღვთისთვის სასურველი და ამასთან ეცადე, სიკეთე მიაგო ყველას, ვინც შენს გზაზე შეგხვდება".
მართალია, ცხოვრება ხანმოკლეა, მაგრამ თუ მოინდომებ, სახელი შენი იქნება მარადიული.
თუ გინდა გაიმარჯვო, ისწავლე მოთმინება; თუ გინდა სწორად იცხოვრო, გახსოვდეს სიკვდილი.
ვისაც არ უყვარს ჭეშმარიტება, იგი მას განსჯის საგნად აქცევს.
ზოგიერთი დაუწერელი კანონი ნებისმიერ დაწერილ კანონზე უფრო მტკიცეა.
სუფთა სინდისი მუდმივი დღესასწაულია.
ჰოი, ღვთივკურთხეულო საქართველოვ, წინასწარმეტყველი დავითის მსგავსად რჩეულთა შორის ამაღლებულო; ღვთისმშობლის საფარველით დაცულო ივერთ სამკვიდროვ, ანდრია მოციქულისა და წმინდა ნინოს მიერ ქრისტეს ნათლით განბრწყინვებულო და ათთა ბევრთა და სხვა მრავალთა მოწამეთა სისხლით მორწყულო; დროშავ სვიანო, უძლეველო, გორგასლიანო, დავითიან-თამარიანო; საიდუმლოთა დიდთა დამტევნელო ენავ ქართულო, ლაზარეს მსგავსად მკვდრეთით აღმდგარო; ღვთაებრივი სიყვარულის თანაზიარო სულო ქართულო, უტკბილესო ჩანგო ჩვენო, მრავალხმიანო.
შეურყეველი იდექ მტკიცედ, უფალი შენთანა!
გწამდეს, გიყვარდეს, სთესე სიკეთე და დასტკბი ხელთა შენთა შრომის ნაყოფით, რათა იყო ერთიანი და მთლიანი და იხარო ორსავე სოფელსა შინა. ამინ!
ქრისტეს შობა
თბილისი, 2004-2005 წ.
სააღდგომო ეპისტოლე - 1996
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთისმოყვარე და ღვთივკურთხეულ შვილებს
მოიშორეთ ყველა თქვენი შეცოდება, რაც ჩაგიდენიათ;
შეიქმენით ახალი გული და ახალი სული. რადგან არ
მახარებს მე მომაკვდავის სიკვდილი, ამბობს უფალი ღმერთი,
აბა მოიქეცით და იცოცხლეთ (ეზეკ. 18,31-32)
ღვთის შემწეობით ჩვენ განვლეთ მაცხოვნებელი დღენი დიდი მარხვისა, - ჟამი თვითჩაღრმავებისა და თვითანალიზისა, კიდევ უფრო ღრმად შევიცანით აზრი ჩვენი ცხოვრებისა და საქმიანობისა, მისტიური და ღვთაებრივი შინაარსი მომხდარი მოვლენებისა და ჩვენი როლი ამ მოვლენებში. ჩვენს წინაშე ფრიად ძნელი ამოცანა დგას: ამ რთულსა და წინააღმდეგობებით სავსე სამყაროში, ყოველივე იმას, რაც ახლა ხდება, აუცილებლად ზუსტი და სამართლიანა შეფასება უნდა მივცეთ, რათა ვიცოდეთ, საით წავიდეთ.
ჩვენ ყოველთვის უნდა გვახსოვდვს, რომ ყოველი სიტყვა, ჩვენს მიერ თქმული, ან დადებით, ან უარყოფით ენერგიას შეიცავს, რომელთაც არა მხოლოდ ჩვენ ვატარებთ, არამედ ჩვენს გარშემოც, ჩვენს მახლობლებსა და ნაცნობებზეც ვავრცელებთ. რა ხშირად არ გვაქვს ჩვენ ეს შეგნებული და უაზროდ წარმოთქმულ სიტყვებში ვიძირებით, გვაგიწყდება რა სიტყვები მაცხოვრისა: ყოველი სიტყუაჲ უქმი, რომელსა იტყოდიან კაცნი, მისცენ სიტყუაჲ მისთჳს დღესა მას სასჯელისასა. რამეთუ სიტყუათა შენთაგან განჰმართლდე და სიტყუათა შენთაგან დაისაჯო (მათე 12,36-37).
ამიტომ დიდი ყურადღება და სიფრთხილე გვმართებს იმის მიმართ, თუ რას ვამბობთ, ან ვაკეთებთ. ყოველი ჩვენი სიტყვა და მოქმედება ჩვენი მაცხოვნებელი უნდა იყოს და ამავე დროს სამყაროს წინაშე ჩვენს რწმენას ღვთისა, - რწმენას მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვრისა, უნდა გამოხატავდეს. რაც არ უნდა მძიმე ცხოვრება ჰქონდეს, დღესასწაულს წმიდა პასექისა მორწმუნე ქრისტიანისათვის ყოველთვის განსაკუთრებული სიხარული მოაქვს. ამ არამიწიერი სიხარულით აღსავსე ყველას სიყვარულით გილოცავთ დიდ დღესასწაულს სიხარულისა და სასოებისა:
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
ჩვენ გვიხარია, რომ იძლია სიკვდილი და რომ მაცხოვრის სიკვდილითა და აღდგომით აღსრულდა დიდი საიდუმლო - გამოსყიდვა კაცთა მოდგმისა; გვიხარია, რომ ყოველ ჩვენგანს შეუძლია პავლე მოციქულთან ერთად გაიმეოროს სიტყვები: სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაჲ შენი? (1 კორ. 15,55). ამიტომაც ვისმენთ ასეთი სიხარულით აღდგომის დიდი კანონის სიტყვებს: სიკვდილითა სიკვდილისა შემუსრვასა ჯოჯოხეთისასა დღეს ვდღესასწაულობთ, დასაბამსა და მიზეზსა ახლისა ცხოვრებისასა უგალობთ (გალობა ზ. პასექისა).სიკვდილი სხვადასხვა სახისაა: ხორციელი სიკვდილი, რომელიც ჩვენ ერთმანეთს დროებით განგვაშორებს, იგი ამავე დროს კარიბჭეა ახალი, მარადიული ცხოვრებისა. ყოველ ადამიანს უნდა ახსოვდეს, რომ ეს დღე და წუთი ელის და მისი მოსვლისთვის უნდა ემზადებოდეს. სწამს ადამიანს თუ არა, სურს მას ეს თუ არა, სიკვდილის ზღურბლიდან ახალი, მარადიული ცხოვრება იწყება, რომელშიც იგი სამაგიეროს დამსახურებისამებრ მიიღებს. ვაი მათ, რომელნიც მიწიერ ტკბობათა გამო სულიერ სიკვდილს ეზიარებიან, რომელსაც წმ. წერილი მეორე სიკვდილს უწოდებს: ნეტარ არს და წმიდა, რომელსა აქუნდეს ნაწილი აღდგომისა მას შინა პირველისა. მათ ზედა მეორესა მას სიკუდილსა არა აქუს ხელმწიფებაჲ (გამოცხ. 20,6).
ადამიანის სულიერი და ფიზიკური მდგომარეობა დიდად არის დამოკიდებული იმაზე, თუ მისი გონება და გრძნობები საითკენაა მიმართული.
ადამიანის შემმეცნებელნი უნარნი - გონება და გრძნობა, ერთმანეთისაგან არა მხოლოდ თავიანთი ფუნქციებითა და შემეცნების სფეროებით, არამედ იერარქიული მდგომარეობითაც განსხვავდებიან. გონებამ, როგორც უფრო მაღალმა საწყისმა, გაბატონებული მდგომარეობა უნდა დაიკავოს, ყველა ჩვენი გრძნობისმიერი მოძრაობა გააკონტროლოს და იმ საზღვრებში მოაქციოს, რომელიც მათ ღმერთმა დაუდგინა.
წმ. აბა თალასე წერს: "გრძნობა გონებას მიეც მსახურად და არ მისცე მას დრო, რათა იგი გაართოს" (სათნოებათა სიყვარული, 3,316).
საკითხი გონებისა და გრძნობების ურთიერთმიმართებისა ფრიად აქტუალურია ჩვენთვის, ჩვენი ხალხისათვის, რადგან ჩვენ ბუნებით ზედმეტად მგრძნობიარენი ვართ. სამწუხაროდ გონებამ და გრძნობებმა ადგილები გაცვალეს, ამიტომ ხშირად ჩვენში თავდაუჭერელი და აულაგმავი გრძნობები გონებაზე ბატონობენ და იმონებენ მას. სწორედ ამის გამო მოგვდის ამდენი შეცდომა. ამიტომაც კვლავ ვუბრუნდები იდეას, რომელიც ერთხელ უკვე გამოვხატე: ჩვენმა საშუალო სკოლებმა და უმაღლესმა სასწავლო დაწესებულებებმა ლოგიკური და ფილოსოფიური აზროვნების კურსი უნდა შემოიღონ, ამ გზით ჩვენი ახალგაზრდობა ლოგიკურ აზროვნებას ისწავლის და ის შეცდომები აღარ მოუვა, რომელნიც ხშირად საბედისწერონი ხდებიან. ჩვენი მთავრობისა და განათლების სამინისტროს მიერ ეს საკითხი სერიოზულად უნდა იქნეს შესწავლილი. ქრისტიანული იდეალი არა პასიური, არამედ აქტიური გონებაა. აუცილებელია ძიებანი, განათებანი და აღმოჩენანი. ადამიანს ყოველთვის უნდა ჰქონდეს გრძნობა დაუკმაყოფილებლობისა და სწრაფვა სიახლისაკენ.
უნებლიედ მახსენდება სიტყვები წმ. მოციქულის, იოვანე ღვთისმეტყველის გამოცხადებიდან: თქუა მჯდომარემან მან საყდარსა ზედა: აჰა ესერა ყოველსავე ახალ-ვჰყოფ (21,5). ახლად დაბადებისა და განახლებისათვის ყოველი ქრისტიანია მოწოდებული, პავლე მოციქული მოგვიწოდებს: განიძარცუეთ ძუელი იგი კაცი საქმით მისითურთ და შეიმოსეთ ახალი იგი, განახლებული მეცნიერებად მსგავსად ხატისა მის დამბადებელისა მისისა (კოლას. 3,9-10).
ხელახლა დაბადება - ეს განუწყვეტელი განახლება, წინსვლითი, პროგრესული მოძრაობაა, მადლითა და მეცნიერებით ადამიანის შეუნელებელი ზრდაა სულიერი და ინტელექტუალური თვალსაზრისით ვიდრე იგი, როგორც ხატი ღვთისა, სრულყოფას მიაღწევდეს. პავლე მოციქული განახლების პროცესს ასე წარმოგვიდგენს: შეიმოსეთ უკუე, ვითარცა რჩეულთა ღმრთისათა, წმიდათა და საყუარელთა, მოწყალებაჲ, შეწყნარებაჲ, სიტკბოებაჲ, სიმდაბლე, სიმშვიდე, სულგრძელებაჲ, თავს-იდებდით ურთიერთარს და მიჰმადლებდით თავსა თჳსთა, უკუეთუ ვისმე ჰქონდეს ვისთჳსმე ბრალი. ვითარცა იგი ქრისტემან მოგმადლა თქუენ, ეგრეცა თქუენ მიჰმადლეთ მათ; და ამას ყოველსა ზედა სიყუარული, რომელი-იგი არს სიმტკიცე სრულებისაჲ (კოლას. 3,12-14). შემთხვევითი როდია, რომ პავლე მოციქული სრულყოფის პროცესს მოწყალებით იწყებს. ჩვენი სულიერი აღმასვლა სწორედ მისგან უნდა დავიწყოთ: მშიერი უნდა დავაპუროთ, მტირალს ნუგეში ვცეთ, სნეულნი მოვინახულოთ, უსახლკარონი შევიფაროთ.
სულიერი სრულყოფის გზაზე მეორე ნაბიჯად პავლე მოციქულს სიტკბოება (სახიერება) მიაჩნია. ეკლესიის ძველი მამების განმარტებით სიტკბოება იმგვარი სათნოებაა, რომლის მფლობელისთვისაც მეზობლის სიკეთე ისევე ძვირფასია, როგორც საკუთარი. ისტორიკოსი იოსებ ფლავიოსი ამ სიტყვას ძველი აღთქმის პატრიარქის ისააკის დასახასიათებლად იყენებს, რომელიც უდაბნოში ჭებს თხრიდა და სხვებს აძლევდა (დაბ. 26,17-25), რათა მეზობლებთან ომი არ მოსვლოდა. ამ შემთხვევაში არა თუ შური არ არსებობს, არამედ სხვების მიმართ იმგვარი კეთილგანწყობილებაა გამომჟღავნებული, როცა მეორე ადამიანის სიხარული საკუთარ სიხარულად აღიქმება.
შემდეგი საფეხური სიმდაბლეა. ძველად ბრძენი ადამიანები ამბობდნენ, რომ ქრისტიანობის საფუძველი სიმდაბლეა. ქედმაღლობის საპირისპიროდ ბრძენთა სიმდაბლე იმის შეგნებას გულისხმობს, რომ ღმერთი შემოქმედია, ხოლო ადამიანი - ქმნილება. როგორ გვაკლია ჩვენ სიმდაბლე და როგორ გვჭირდება იგი! წმიდა მამები სიმდაბლის გზაზე მიგვითითებენ: "იღვაწე იმისთვის, რომ შენი გულის ზრახვანი დაამდაბლო და ღმერთი გულის თვალებს აგიხელს, რათა ჭეშმარიტი ნათელი იხილო. თავმდაბლობის გარეშე ჭეშმარიტი მოღვაწეობა შეუძლებელია (ბარსონოფი და იოვანე, 1885 წ. 3.207).
ადამიანის სულიერი თუ მორალური დაცემის მიზეზს ამპარტავნება წარმოადგენს. იგივე წმიდა მამები გვასწავლიან, რომ დიდი აზრი, რომელსაც წინ თავმდაბლობის სიმშვიდე არ უძღვის, არა ღვთისაგან, არამედ ეშმაკისაგან მომდინარეობს. უფალი ჩვენთან სიმშვიდის ჟამს მოდის, ხოლო ყოველივე მტრული, შფოთითა და ამბოხებით აღესრულება.
სრულყოფის შემდგომი საფეხური სიმშვიდეა. ეკლესიასტე წერს: თვინიერს დიდი ცოდვებიც მიეტევება (10,4), ხოლო მაცხოვარი ამბობს: ნეტარ იყვნენ მშჳდნი, რამეთუ მათ დამკჳდრონ ქუეყანაჲ (მათე 5,5). ბედნიერია ადამიანი, რომელიც ღვთისგან ამგვარი სათნოებით შეიმოსა.
შემდეგ პავლე მოციქული სულგრძელებისკენ მოგვიწოდებს, ოღონდ არა უბრალოდ მოთმინებისაკენ, არამედ ჭეშმარიტად სულგრძელებისაკენ, რადგან მთელი ჩვენი ცხოვრება გამოცდას წარმოადგენს. ადამიანი, რომელსაც სულგრძელება აქვს, ყოველგვარ ტანჯვას დაითმენს. ბრძენი მეფე სოლომონი წერს: სულგრძელი კაცი დიდ არს გონებითა, ხოლო სულმოკლე ძლიერად უგუნურ (იგავ. 14,28). ყოველგვარი უსიამოვნება, რომელიც კი სულგრძელ ადამიანს ატყდება თავს, სწრაფად ქრება. ის, ვინც სულგრძელია, სიმშვიდეს ყოველთვის ინარჩუნებს: უკეთუ ზიანს აყენებენ, მტკიცეა ვითარცა კლდე, ხოლო უკეთუ შეურაცხყოფენ, ურყევია ვითარცა სვეტი და ამ შეურაცხყოფაზე მაღლა დგება. სულგრძელი ადამიანები, რომელნიც შინაგან, სულიერ სიმშვიდეს ყოველ ჟამს ინარჩუნებენ, ბრძენნი არიან და ხშირად დიდად იწოდებიან. ადამიანური სულგრძელება ღვთის სულგრძელებას უნდა ემსგავსებოდეს, რომელიც ჩვენს ცოდვებს არა თუ ითმენს, არამედ გვპატიობს კიდევაც, თუ მოვინანიებთ.
როგორც პავლე მოციქული გვასწავლის, სრულყოფის სრულყოფილებას სიყვარული წარმოადგენს. რა ბევრს ვლაპარაკობთ მასზე და რა ცოტა ვიცით მის შესახებ! იოვანე ღვთისმეტყველის თქმით, ღმერთი სიყვარულია. ადამიანი რაც უფრო შორდება ღმერთს, მით უფრო შორდება სიყვარულსაც.
წმ. იოვანე ოქროპირი წერს, რომ სიყვარული მსასოებელია, სჯერა და ითმენს, ხოლო წმ. ეფრემ ასური შეგვაგონებს: "ნეტარია ადამიანი, რომელშიც ღვთის სიყვარული სუფევს, რადგან იგი ღმერთშემოსილია. ვისშიც სიყვარულია, ის თავის თავს არავისზე მაღლა არ აყენებს, არავის ექიშპება, არც არავისი შურს და არც სიძულვილით იმზირება, არც სხვისი დაცემა უხარია, ხოლო დაცემულს კი არ შეურაცხყოფს, არამედ თანაუგრძნობს... გასაჭირში ჩავარდნილი მოძმე არ ეზიზღება, პირიქით, მფარველობას უწევს და მზადაა მისთვის თავი გაწიროს".
თავგანწირული სიყვარულის რამდენი მაგალითის მოყვანა შეგვიძლია ჩვენი ისტორიიდან! ჩვენი ყოველდღიური ცხოვრებაც ამგვარი მაგალითებითაა აღსავსე. ადამიანები განსაკუთრებით გასაჭირში შეიცნობიან. 1886 წლის 10 იანვარს ბისკაის ყურეში ძლიერი ქარიშხლის დროს დაიღუპა ინგლისური ხომალდი "ლონდონი", რომელზეც ორასზე მეტი კაცი იმყოფებოდა. ხომალდი ნელა იძირებოდა, მგზავრთა შორის ამტყდარ შფოთსა და ხმაურში ლოცვის სიტყვებიც გაისმოდა. ბოლო წუთებში, როცა ხომალდს უკანასკნელი ნავიც მოხსნეს, რათა რამდენიმე კაცი მაინც გადარჩენილიყო, საოცარი რამ მოხდა: ადამიანები ერთმანეთს ნავში ადგილს უთმობდნენ, მაგრამ ამას კიდევ უფრო საკვირველი ფაქტი მოჰყვა: ერთმა ქალმა, რომელიც ხომალდზე დარჩა და დასაღუპად იყო განწირული, პალტო გაიხადა და ნავში მყოფთ გადაუგდო სიტყვებით: მე ეს უკვე აღარ მჭირდება. ცივა, რომელიმე თქვენგანმა ჩაიცვასო. ამ ქალში იმის განცდამ, რომ თვითონ იღუპებოდა, ხოლო სხვა ცოცხალი რჩებოდა, შური ვერ აღძრა და მასში სასოწარკვეთილების ნაცვლად სიყვარულმა იმძლავრა (ე. ბერსიე, "რჩეული საუბრები"). ეს გასაოცარი და ამაღელვებელი გმირობა მუდამ იცოცხლებს, როგორც მაგალითი თავგანწირული სიყვარულისა; რა მშვენიერია ადამიანი და რა დიდ სულიერ სიმაღლეს შეუძლია მიაღწიოს მან!
ჩვენი სამყარო მრავალფეროვანი და წინააღმდეგობებით აღსავსეა; ერთი მხრივ, - შთამაგონებელი მაგალითები ჭეშმარიტი რწმენისა, ერთგული და თავგანწირული სიყვარულისა, მაგალითები სიკეთისა და სამართლიანობისა, ხოლო მეორე მხრივ, სამწუხარო მაგალითები ურწმუნოებისა და მისგან გამომდინარე შედეგებისა, მაგალითები სულიერი და ზნეობრივი დაცემისა, სრული გამიწიერებისა და მხოლოდ საკუთარი ცხოველური ინსტინქტებისათვის არსებობისა. აქედან მომდინარეობს სხვადასხვა ინტერესები, მისწრაფებანი და გაუგებრობანი ადამიანთა შორის. გაითიშნენ არა მხოლოდ ადამიანები, არამედ ადამიანის შინაგანი სამყაროც გაიყო. პავლე მოციქული წერს, რომ იგი ხშირად აკეთებდა იმას, რაც არ უნდოდა. ადამიანის შინაგანი სამყაროს გაყოფას ჩვენს ცხოვრებაში აქტიურად შემოჭრილმა სეკულარიზმმაც შეუწყო ხელი, ჩვენი ცხოვრება რელიგიურ და საერო ცხოვრებებად სწორედ მან გათიშა. დღევანდელი მსოფლიო ხშირად ადამიანის ღირსებებს მისი ხელფასით აფასებს: ჩვენ ხშირად გვიფიქრია იმაზე, არსებობს თუ არა გამოსავალი ამ ჩიხიდან? არსებობს! ამისთვის აუცილებელია შინაგანი სიმშვიდე, ღმერთთან მიახლოვება, დამორჩილება მდაბლისა ამაღლებულისადმი და წარმავალისა წარუვალისადმი. თქმა ამისა ადვილია, მაგრამ გაკეთება ძნელი. ამიტომაც გვეუბნება მაცხოვარი, რომ სასუფეველი შრომით, საკუთარი თავის იძულებით მიიღწევა. არ შეიძლება ყოველივეს მატერიალური მოგების თვალით შევხედოთ; ადამიანის ცხოვრება ჭეშმარიტებისა და ჩვენი სიცოცხლის აზრის მუდმივ ძიებას უნდა წარმოადგენდეს; ყველა ჩვენი საქმე ღვთისკენ უნდა იყოს მიმართული. პროფესიის არჩევანის, ოჯახის წინაშე პასუხისმგებლობის, მეგობრობის მნიშვნელობის, მტრობის დამღუპველობის ღრმად გააზრებამ ადამიანი ღმერთთან უნდა მიიყვანოს. სხვა ადამიანებთან ურთიერთობისას არა მატერიალური ინტერესებით, არამედ, უწინარეს ყოვლისა, მაღალი სულიერი ღირებულებებით უნდა ვიხელმძღვანელოთ. ჩვენ ტოტალიტარული რეჟიმი გადავიტანეთ, რომლის დროსაც ადამიანი მხოლოდ შემსრულებელს წარმოადგენდა. იგი მოკლებული იყო ღვთისგან ბოძებულ თავისუფლებას, რადგან რაიმე პირადი ინიციატივის გამოჩენა არ შეეძლო; მისი პირადი ინტერესები მთლიანად საზოგადოებრივს ექვემდებარებოდა, ხოლო საზოგადოებრივი ადამიანთა მცირე ჯგუფს ემსახურებოდა. ამ რეჟიმის მესვეურებს ჩვენი სოციალურ-პოლიტიკური სისტემის მონებად გადაქცევა სურდათ.
ყოველივე ეს შედეგი იყო რევოლუციისა, რომელსაც ძველის ნგრევით თითქოსდა უსამართლობისა და უკანონობის მოსპობა სურდა, სინამდვილეში კი საკუთარ შვილებს იწირავდა. გავიხსენოთ, რომ უფალმა ეკლესია მაშინ დააარსა, როცა რომის იმპერიაში მონობა და ჩაგვრა ბატონობდა. ეკლესიას ხალხისათვის რევოლუციისა და მეფეთა ჩამოგდებისაკენ არ მოუწოდებია, არამედ იგი ადამიანებს სინანულსა და ფერისცვალებას უქადაგებდა. მიუხედავად ამისა, ეკლესიის სულიერი ზეგავლენისა და ადამიანურ ღირებულებათა გადაფასების შედეგად მონობა თავისთავად შეუძლებელი გახდა. ამერიკელმა მართლმადიდებელმა ღვთისმეტყველმა დეკანოზმა ალექსანდრე შმემანმა შესანიშნავად თქვა: ამ სამყაროში ერთადერთი ჭეშმარიტი რევოლუციონერი წმიდა ადამიანიაო.
არ უნდა ვიქცეთ ტყვეებად ძველისა, აუცილებელია ახალი იდეების წარმოშობა და მათი ცხოვრებაში განხორციელება. იდეა შინაგანი ხედვაა, ყველა ის სიკეთე და ბოროტებაა, რომელნიც შიგნიდან მომდინარეობენ.
თუ ადამიანი ღმერთშემოსილია, მასში კეთილი იდეები იბადება, ხოლო თუ მისი შინაგანი სამყარო ბოროტი ძალითაა აღსავსე და თავისთავში ეშმას ატარებს, მაშინ იგი ბიწიერ იდეებს შობს, რომელთაც ფილოსოფიაში "დაცემული იდეები" ეწოდებათ.
კეთილსა თუ ბოროტ იდეებს ადამიანი სიტყვებით გამოთქვამს და ეს სიტყვები უკვე დადებითი ან უარყოფითი ძალებითაა აღსავსე. აი, ამ დროს სრულად ვლინდება ღვთისგან მინიჭებული თავისუფლება ადამიანისა: მან ბოროტება უნდა განაგდოს და სიკეთე აირჩიოს, განხორციელებული კეთილი იდეები პირველ რიგში თავისი თავის, ხოლო შემდეგ სხვების მიმართაც კეთილისმყოფელია. ზუსტად ასევე, ბოროტი, სატანისეული იდეები, პირველ ყოვლისა, თავის თავზე, ხოლო შემდეგ სხვებზეც უარყოფითად მოქმედებს. ადამიანმა სიბნელისაგან თავის დასაღწევად სანთლები უნდა მოძებნოს, ამ დროს იგი თავისი ნებით ხდება სინათლის ან სიბნელის მატარებელი. პავლე მოციქული ქრისტიანებს ასწავლის: რამეთუ იყვენით ოდესმე ბნელ, ხოლო აწ ნათელ ხართ უფლისა მიერ; ვითარცა შვილნი ნათლისანი, ვიდოდეთ (ეფეს. 5,8). ნათელი საშუალებას გვაძლევს გავარჩიოთ, რა არის სათნო ღვთისათვის და რა არა. ქრისტეს ნათელი წყლულს არა მხოლოდ წარმოაჩენს, არამედ კურნავს კიდევაც, რის შედეგადაც ადამიანის განახლება ხდება.
პროცესი განახლებისა ბავშვობაში უნდა დაიწყოს, რისთვისაც განსაკუთრებული ყურადღება ოჯახს უნდა მივაქციოთ. ძველ დროში სულიერობას საფუძველი ოჯახში ეყრებოდა. ბავშვი ხედავდა და ისმენდა როგორ ლოცულობდნენ მშობლები, იმახსოვრებდა საალერსო სიტყვებს დედისა, აფასებდა მათ პატიოსნებას; საღამოობით, როცა მთელი ოჯახი შეიკრიბებოდა, ლიტერატურული საღამოები ეწყობოდა; აღფრთოვანებით ისმენდნენ ზღაპრებს, უსმენდნენ მუსიკას, კითხულობდნენ წმინდანთა ცხოვრებებს. შაბათ-კვირას მშობლებს შვილები ყოველ მიზეზს გარეშე ტაძარში მიჰყავდათ. გარდა ამისა, ოჯახის ყველა წევრს თავისი მოვალეობა ჰქონდა. დღეს ეს ყოველივე მოშლილია და აღდგენას საჭიროებს. სასკოლო პროგრამაში აუცილებლად უნდა შევიდეს კურსი საოჯახო ეთიკისა. ამით ჩვენს ბავშვებს წესრიგს, პატიოსნებას, პირად ჰიგიენას, სამუშაოს გეგმაზომიერად განაწილებას შევასწავლით.
ბავშვი უნდა შევაჩვიოთ, რომ თავისთვის სამუშაო გეგმა შეადგინოს: წლიური, თვიური და კვირეული. მან ყრმობიდანვე უნდა შეაგროვოს წიგნები და იკითხოს. ყოველ ოჯახს თავისი ბიბლიოთეკა უნდა ჰქონდეს. არიან ადამიანები, რომელნიც მთელი წლის მანძილზე წასაკითხ წიგნთა კატალოგებს წინასწარ ადგენენ. ტელევიზორი თითქმის სრულიად ნთქავს ჩვენს თავისუფალ დროს, რადგან ხშირად უსარგებლო გადაცემებსაც ვუყურებთ. მშობლებმა ბავშვებს ტელევიზორის ცქერის დროც უნდა გაუკონტროლონ და განუსაზღვრონ. ტელეგადაცემები ხომ, სამწუხაროდ, ჩვენს ბავშვებს არა თუ ზრდიან, არამედ სულიერად ასახიჩრებენ. ჩვენ ძალიან ბევრს ვლაპარაკობთ, მაგრამ მოსაუბრეს ცოტას ვუსმენთ და კიდევ უფრო ცოტას ვაკეთებთ.
ზოგჯერ განმარტოებითაც უნდა დავტკბეთ, რათა ყურადღება შინაგან ცხოვრებაზე გადავიტანოთ და უმაღლესი რეალობის არსებობა ვიგრძნოთ. სწორედ საკუთარ თავთან განმარტოებისასაა შესაძლებელი ურთიერთობის დამყარება ღმერთთან, სწორედ ამგვარი მარტოობისას იბადება დიდი იდეები. ახლა ადამიანის განახლების, ახლად დაბადების ფრიად რთული პროცესი მიმდინარეობს. მაცხოვარი ნიკოდიმოსთან საუბარში ამგვარ პროცესს მეორედ შობას უწოდებს (იოვანე 3,3).
ღვთის შემწეობით უნდა აღდგეს ჩვენი გონებისა და ნების ფუნქციები, რომელნიც ჩვენს სულს უნდა დაექვემდებარონ. როგორც ღირსი ისაკი ამბობს, სულისა და გონების შერწყმა უნდა მოხდეს. მადლობა ღმერთს, ეს პროცესი ჩვენს ხალხში უკვე დაწყებულია. მაცხოვრის ჯვარზე სიკვდილითა და აღდგომით ადამიანის ღმერთთან, ქმნილებისა შემოქმედთან შერიგება და განახლება მოხდა.
ყველას გულით გილოცავთ წმიდა აღდგომის უდიდეს დღესასწაულს.
ქ რ ი ს ტ ე ა ღ დ გ ა !
მკვდრეთით აღდგომილმა მაცხოვარმა, ვარსკულავმა ბრწყინვალე განთიადისა (გამოცხ. 22,16), დაე ყველა განგვაახლოს და მშვიდობა, სიყვარული, სიხარული და კეთილდღეობა მოგვანიჭოს.პირველ იგი წარჴდა, აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ (2 კორინ. 5,17).
ღმერთი მშვიდობისა და სიყვარულისა იყოს თქვენთანა. ამინ.
აღდგომა ქრისტესი,
თბილისი, 1996 წ.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საშობაო ეპისტოლე - 2003
საჭიროა კავშირი ოჯახს, სკოლასა და ეკლესიას შორის.
"შობამან შენმან, ქრისტე მაცხოვარ, აღმოუბრწყინვა სოფელსა ნათელი მეცნიერებისა..."
"დიდ არს ღმრთის მსახურებისა იგი საიდუმლო, აღსრულდა! ღმერთი გამოჩნდა ხორცით" (I ტიმ. 3,16).
საქართველოს სამოციქულო წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს:
ქვეყანას მოევლინა ლოგოსი – ძე ღვთისა, აზრი და გონება ყოველთა ხილულთა და უხილავთა. მისი შობის შესახებ ღირსი ეფრემ ასური ასე წერს: "ქალწული მარიამი ჩვენთვის იქცა ზეცად – ღვთის საყდრად, რამეთუ მასზე გარდამოვიდა და მასში დაემკვიდრა უზენაესი ღვთაება; და შეიმოსა ხორცით უფალი, რათა მის მიერ მოგვნიჭებოდა ხსნა."წმიდა იოანე მახარებელი კი ბრძანებს: "მის თანა ცხოვრება იყო და ცხოვრება იგი იყო ნათელ კაცთა. და ნათელი იგი ბნელსა შინა ჩანს და ბნელი იგი მას ვერ ეწია" (ინ. 1, 4-5).
ეს ნათელი მარად იბრწყინებს, რადგან იგია დაუსაბამო სიყვარული, უნაპირო, ყოვლისმომცველი, მიუწვდომელი და მაცხოვნებელი; და ეფინება იგი ჩვენს ძალმომრეობითა და შიშით, სიძულვილითა და მონობით, შურითა და ბოროტებით სავსე ყოფას და ამ ჭუჭყისგან ათავისუფლებს ყველას, ვინც უფალს მიანდობს თავის გულს – თავის "დიდ გონებას" (ასე უწოდებდა გულს დიდი ფიზიოლოგი პავლოვი). 2000 წელია კაცობრიობას აქვს შესაძლებლობა ამ საოცარ მადლთან ზიარებისა და განწმენდისა, მაგრამ, სამწუხაროდ, მხოლოდ ნაწილი აცნობიერებს ღვთის ამ უჩვეულო წყალობის მნიშვნელობას და იწყებს სვლას ზეცად აღმყვანებელ კიბეზე.
ჩვენს ცხოვრებას ძირითადად ჩვენს გულში მიმდინარე პროცესები განსაზღვრავს, აქ კი ნათელთან ერთად წყვდიადიც მკვიდრობს და მათ შორის მუდმივი დაპირისპირებაა. ხშირია შემთხვევა, როცა გვინდა ვიყოთ სიკეთის მხარეს, მაგრამ არ გვყოფნის ძალა ცოდვებთან საბრძოლველად და ვმარცხდებით. ასეთ სიტუაციაში მთავარია, არ შევურიგდეთ ცოდვას, არ მივიღოთ და არ შევიტკბოთ იგი. ცოდვა უცხოა ჩვენი ბუნებისათვის, რადგან ბოროტისაგან მომდინარეობს, და თუ გულით მოვინდომებთ, მისგან ღვთის შეწევნით აუცილებლად განვთავისუფლდებით.
ადამიანის ცხოვრება გზასა ჰგავს, რომელიც შეიძლება იყოს მოკლე, ან ხანგრძლივად სასიარულო, მაგრამ ორივე შემთხვევაში უნდა ვიცოდეთ, რომ ეს გზა არ იქნება იოლად სავალი და მხოლოდ სიხარულის მომნიჭებელი. არც იმას უნდა ვფიქრობდეთ, რომ იგი იქნება აუტანლად მძიმე და დამთრგუნველი.
მიწიერი ჩვენი ყოფა სინამდვილეში გამოცდაა და ჩვენ ვალდებულნი ვართ ეს გამოცდა ჩავაბაროთ. ამას კი მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებთ, თუ ვიცხოვრებთ რწმენით, სასოებითა და სიყვარულით. ეს არ არის ადვილი, მითუმეტეს დღეს, როდესაც ყველანი ვხედავთ, რომ, მიუხედავად ტექნიკური პროგრესისა, ჩვენს გარშემო ყოველდღიურად ჩნდება ახალ-ახალი პრობლემები. სულიერ კრიზისს თან სდევს პოლიტიკური, ეკონომიკური, ეკოლოგიური კრიზისი.
სამწუხაროდ, მეცნიერულ-ტექნიკურ განვითარებასთან ერთად ხდება ადამიანის ინდივიდუალური სახის დაკარგვა, უფასურდება სიცოცხლე, იქმნება ისეთი მექანიზმებიც, რომელიც თითქმის აღარ ემორჩილება ადამიანის კონტროლს და ფაქტობრივად მისთვის მტრულ ძალად შეიძლება იქცეს. ყოველივე ამის პარალელურად კაცობრიობა აყალიბებს ერთიან კონტროლირებად ტექნოლოგიურ სისტემას. ამ სისტემას კი აუცილებლად სჭირდება ჭეშმარიტი სარწმუნოებით აღვსილი, სიყვარულით, ნებისყოფითა და პასუხისმგებლობის გრძნობით დაჯილდოებული ადამიანები, რაზეც ნაკლებად ფიქრობენ.
მიგვაჩნია, რომ მართლმადიდებელ ეკლესიას უნდა ჰქონდეს მჭიდრო კონტაქტი მეცნიერებთან და ის სასიცოცხლო და, შეიძლება ითქვას, საბედისწერო საკითხები, რომელიც აღელვებს მსოფლიოს, ეკლესიის ყურადღების მიღმა არ უნდა დარჩეს.
დადგა დრო, როდესაც თანამედროვე ცივილიზაციის პრობლემების საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური გადაწყვეტა სასიცოცხლოდ აუცილებელი შეიქნა. ამ მხრივ ჩვენს ეკლესიაში პირველი ნაბიჯები უკვე გადაიდგა. ის ურთიერთობა, რომელიც ბოლო დროს ჩამოყალიბდა საქართველოს სამოციქულო ეკლესიას, სასულიერო და საერო უმაღლეს სასწავლებლებს, მეცნიერებათა აკადემიებსა და სხვა სამეცნიერო-კულტურულ ცენტრებს შორის იმედის მომცემია და, ვფიქრობთ, კარგ შედეგს გამოიღებს. ჩვენ მეგობრულ ხელს ვუწვდით ჩვენს ინტელიგენციას და მოხარულნი ვიქნებით, თუ შევძლებთ ერთმანეთთან ვითანამშრომლოთ ქვეყნის საკეთილდღეოდ. საზრუნავი კი მრავლადაა.
მსოფლიოს გლობალური კომპიუტერიზაციის პროცესის ფონეზე ინეტრნეტი და სხვა საინფორმაციო საშუალებანი ხშირად ავრცელებენ ნეგატიურ დამთრგუნველ ინფორმაციებს, თესენ შიშს ხვალინდელი დღისადმი, არყევენ საუკუნეთა მანძილზე დამკვიდრებული ცხოვრების სულიერ საფუძვლებსა და აღვიძებენ მდაბალ ინსტინქტებს. შედეგიც სახეზეა, - თანამედროვე ადამიანისათვის, რომელსაც არ აქვს ჭეშმარიტი სარწმუნოება, ყოველივე ნებადართულია: მრუშობაც, აბორტიც, მკვლელობაც, ძალადობაც და ზნეობრივი დეგრადაციის სხვა გამოვლინებებიც. მეტად სამწუხაროა, რომ ასეთი აზროვნების დანერგვას, გარკვეულწილად ხელს უწყობს სატელევიზიო პროგრამები და ჟურნალ-გაზეთები. არის დიდი მცდელობა იმისა, რომ ამორალური ყოფა ჩვენში ადამიანური ურთიერთობების ნორმად იქცეს. საქმე იქამდე მივიდა, რომ სასკოლო პროგრამებში ნატურალიზმამდე დასული სექსუალური აღზრდის კურსის შეტანაც მოისურვეს. ჩვენ უნდა ვასწავლოთ ადამიანებს სულიერი აღქმა მოვლენებისა, რათა მათ დამოუკიდებლად შეძლონ სათანადო პასუხი გასცენ დროის გამოწვევებს: პირველ რიგში უნდა დავიცვათ ადამიანის სული, მისი ფსიქიკა და შინაგანი ბუნება.
არ უარვყოფთ იმ ფაქტს, რომ ზნეობრივი სიმახინჯეები ყოველთვის იყო, მაგრამ ადრე ამ თემებზე საუბრისაც კი რცხვენოდათ; ადამიანები აცნობიერებდნენ, რომ ეს არის ცოდვა და მრავალი მათგანი ჩადენილ დანაშაულს ინანიებდა. ახლა ყოველივე ეს დაშვებულია და ლამის პროგრესულ მოვლენადაც არის მიჩნეული.
რჩება ერთი გამოსავალი: უნდა შევძლოთ ახალგაზრდებში ყოველივე ნეგატიურისა და უზნეობისადმი იმუნიტეტის გამომუშავება და მათთვის მყარი მორალური საფუძვლის შექმნა. ადრეც არაერთგზის მითქვამს, რომ დღეს, როგორც არასდროს, საჭიროა კავშირი ოჯახს, სკოლასა და ეკლესიას შორის. ვფიქრობ, ხელისუფლება თვითონ უნდა იყოს ამით დაინტერესებული, რადგან, პროცესები თუ ასე განვითარდა, საფრთხე, უპირველეს ყოვლისა, ოჯახსა და სახელმწიფოს ემუქრება.
მიგვაჩნია, რომ უწინარესად უნდა აიკრძალოს პორნოპროდუქციის ლეგალიზაცია და ყაჩაღობისა და ძალადობის სიუჟეტების მქონე ფილმების ჩვენება, ამასთან არ უნდა დავუშვათ სექსუალური აღზრდის შესახებ ცალკე საგნის სწავლება; ამ მხრივ ბავშვებს ეთიკური ნორმების დაცვით სათანადო ცოდნა შეიძლება მიეცეს ანატომიისა და ზოგადი ბიოლოგიის გაკვეთილებზე.
განა არ არის დრო სერიოზულად დაფიქრდეს ხელისუფლებაც, ეკლესიაცა და ინტელიგენციაც ქვეყანაში დანაშაულებებისა და თვითმკვლელობათა რიცხვის კატასტროფული ზრდის მიზეზებზე? ჩვენ ვალდებულნი ვართ ვიზრუნოთ ერის მომავალზე. ვფიქრობ, სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის დადებული საკონსტიტუციო შეთანხმება უნდა იქცეს ქვეყნისთვის სასარგებლო ერთობლივი მუშაობის საფუძვლად, უნდა დროულად მოხდეს ამ მნიშვნელოვანი დოკუმენტის რეალიზება ცხოვრებაში, თუკი გვსურს ავაშენოთ განვითარებული დემოკრატიული სახელმწიფო, ზნეობრივი საფუძვლებით.
მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი ნეგატიური მოვლენებისა, პესიმიზმი არ უნდა დაგვეუფლოს. პრობლემები ყოველთვის იყო და იქნება; მთავარია, ჩვენ შევძლოთ მათი გადალახვა. "დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მათთან ერთად", - ამბობდნენ ძველი რომაელები. წარსული და მომავალი აწმყოშია, ეს დღე ჩვენ გვეკუთვნის, ჩვენია ეს ძნელად სავალი გზა, რომელიც ერთად უნდა განვვლოთ. არ უნდა ვაიდეალებდეთ წარსულს და არც შიშით უნდა შევყურებდეთ მომავალს. საქართველო ბევრჯერ მდგარა სრული დანგრევისა და განადგურების საფრთხის წინაშე, მაგრამ ღვთით აღვმდგარვართ და გავძლიერებულვართ. მთავარია, უფლის მოწყალება და მისი მფარველობა კვლავაც დავიმსახუროთ.
უკეთუ ჩვენში ქრისტე იქნება და ჩვენს წარსულსა და მომავალს იგი აღავსებს, ნათლად გავაცნობიერებთ ჩვენი ყოფის არსს და იმასაც, თუ ვინ ვართ სინამდვილეში, საით მივდივართ და რა უნდა ვაკეთოთ. მშვენივრად წერს პავლე მოციქული: "... გინა თუ სოფელი, გინა თუ ცხორება, გინა თუ სიკუდილი, გინა თუ აწინდელი ჟამი, გინა თუ მერმე იგი ჟამი – ყოველივე თქუენი არს. ხოლო თქუენ – ქრისტესნი, ხოლო ქრისტე – ღმრთისა" (Iკორ. 3,22-23). ასეთი სულიერი სიმაღლე მხოლოდ დაუცხრომელი ძიებით, ტანჯვით, სულიერი და ფიზიკური შრომით მიიღწევა. დიახ, მწუხარებით, გაჭირვებით, ფიზიკური და ინტელექტუალური ყოველდღიური შრომით ადამიანი სულიერად იწრთობა და მის გულში ნათელსა და ბნელს შორის მიმდინარე ბრძოლის პროცესიც სასურველი გამარჯვებით მთავრდება. ამიტომაც განსაცდელს და სხვადასხვა სიძნელეს არ უნდა შევუშინდეთ. უნდა გვახსოვდეს, რომ სწორედ მათი დაძლევითა და ჩვენი სულიერი ამაღლებით შევძლებთ გავხდეთ მკვიდრნი ზეცისანი, ოღონდ დრო არ უნდა დავკარგოთ.
დროს უნდა ვაფასებდეთ, როგორც ღვთის წყალობას და მისი გამოყენება უნდა შეგვეძლოს. დროს უნდა აღვიქვამდეთ არა მარტო როგორც ზოგად გამოვლინებას, არამედ როგორც თითოეული ჩვენგანისათვის ამქვეყნიური ცხოვრებისათვის მოცემულ გარკვეულ პერიოდს, რომლის განმავლობაშიც უნდა მოვასწროთ ყოველივე იმის აღსრულება, რის გაკეთებასაც ვფიქრობთ და ვგეგმავთ, რადგან არ ვუწყით, როდის წარვდგებით მარადიულობის კარიბჭესთან. ჩვენთვის განკუთვნილი ჟამი მიწიერი ცხოვრებისა აღვსილი უნდა იყოს სიკეთით, ოჯახისა და სამშობლოსათვის სასარგებლო შრომით, სულიერებით და არა მხოლოდ გართობითა და კომერციული საქმიანობით.
ჩვენი ცხოვრება მრავალ უმნიშვნელოვანეს მხარეს მოიცავს. მათ შორის ერთ-ერთი მთავარია ადამიანთა შორის ურთიერთობის საკითხი. თანამედროვე კაცი იმითაცაა განსხვავებული, რომ ზედმეტად თვითდაჯერებულია, არ ერიდება სიცრუეს, შეურაცხყოფას და, ამავე დროს, მკაცრია სხვათა მიმართ. ჩვენ არაერთხელ ვართ მომსწრენი იმისა, თუ არგუმენტირებული საწინააღმდეგო პოზიციის მიუხედავად თავის აზრს ჯიუტად როგორ ამტკიცებს ესა თუ ის პიროვნება და მხოლოდ საკუთარ თავს მიიჩნევს ჭეშმარიტების მქადაგებლად. ბოროტი სულის მიერ შეპყრობილი და ამპარტავნების ცოდვით მოცული ასეთი ადამიანი უარყოფს სხვათა ყველა მოსაზრებას და მტრობისა და შეურიგებლობის ცოდვაში ეფლობა. ასეთს უფალი ტოვებს და განერიდება, რადგან სძაგს ულმობელი გული.
ყოველი ადამიანი შეცოდებათა მორევშია დანთქმული და რომ არა ღვთის დიდი მოწყალება, ცათა სასუფევლის ღირსი ვერავინ გახდებოდა. უფლის საოცარი მოწყალება ჩვენდამი გვავალდებულებს ვიყოთ მიმტევებელნი მოყვასისადმი და ვისაც ეს უნარი არ გააჩნია, მას წილი არა აქვს ღმერთთან. უფალი ბრძანებს: "უკეთუ მიუტევნეთ თქუენ კაცთა შეცოდებანი მათნი, მოგიტევნეს თქუენცა მამამან თქუენმან ზეცათამან. ხოლო უკეთუ არა მიუტევნეთ კაცთა შეცოდებანი მათნი, არცა მამამან თქუენმან მოგიტევნეს თქუენ შეცოდებანი თქუენნი" (მთ.6,14-15). ერისკაცს და მით უმეტეს მღვდელს, რომელსაც არ ძალუძს წყენა აპატიოს და შეურიგდეს მოყვასს, მკაცრად მოჰკითხავს მაცხოვარი.
იყო ასეთი შემთხვევა: III საუკუნეში ანტიოქიაში ორი ცნობილი ადამიანი ცხოვრობდა – მღვდელი საპრიკიოსი და ერისკაცი ნიკიფორე, რომლებიც ერთმანეთთან დიდად მეგობრობდნენ; ასე რომ, ხალხს ისინი ძმებად მიაჩნდა. გავიდა ხანი და სატანის ცდუნებით მათ შორის ურთიერთობა დაირღვა და ძველი სიყვარული მალე მტრობამ შეცვალა. გარკვეული ხნის შემდეგ ნიკიფორემ შეინანა თავისი მოქმედება და შენდობა სთხოვა საპრიკიოსს, მაგრამ მღვდელმა არ შეუნდო იგი და მასზე კვლავ გულძვირად დარჩა. ამ დროს რომის იმპერატორებმა ვალერიანემ (245-259 წ.წ.) და გალიენმა (260-268 წ.წ.) ქრისტიანთა სასტიკი დევნა დაიწყეს. ანტიოქიაში სასამართლოში ერთ-ერთი პირველთაგანი მღვდელი საპრიკიოსი მიიყვანეს, რომელსაც, რადგან თავი ქრისტიანად მტკიცედ აღიარა, სიკვდილი მიუსაჯეს. როდესაც საპრიკიოსი განაჩენის აღსასრულებლად მიჰყავდათ, ნიკიფორე კვლავ ცრემლით სთხოვდა შენდობას და ეუბნებოდა: შენ მალე წმიდა მოწამე გახდები, უფლის გვირგვინს მიიღებ და გევედრები, ნუ დამტოვებ პატიების გარეშეო; მღვდელმა გული გაიქვავა და თხოვნა არ შეიწყნარა. აი, ამ დროს, მოწამეობრივ აღსასრულამდე რამდენიმე წუთით ადრე, მას ღვთის მადლი უცებ განეშორა და გაქრა მისი სიმტკიცეც; უფლისადმი ერთგულების გრძნობა სიკვდილის შიშმა შეცვალა; მან უარყო ქრისტე და მსხვერპლი შესწირა კერპებს.
ნიკიფორე კი, რომელმაც ყოველივე იხილა, აღივსო მადლით და უშიშრად შესძახა ჯალათებს: "მე ვარ ქრისტიანი, მე მომკალითო". მის შესახებ სასწრაფოდ მოახსენეს მმართველს და მანაც ბრძანა, რომ საპრიკიოსის ნაცვლად ნიკიფორე ეწამებინათ.
მოყვასისადმი მიუტევებლობის გამო საპრიკიოსის სული ჯოჯოხეთის სიბნელეში დაინთქა, წმიდა ნიკიფორეს ხსენებას კი ძველი სტილით 9 თებერვალს მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავს. აღსრულდა წმიდა წერილის სიტყვები: "უფალი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მიანიჭებს მადლს". ეს მაგალითი განსაკუთრებით აქტუალურია ჩვენს დროში, როცა ირგვლივ მტრობა და სიძულვილია გაბატონებული.
მაშ, ისწრაფეთ შერიგებისა და ერთსულოვნებისაკენ, ისწავლეთ ერთმანეთის მოსმენა და პატიება, ისწავლეთ საკუთარი ცოდვებისა და შეცდომების დანახვა და სინანული, და თქვენი ცხოვრება სწორი გზით წარიმართება. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: "უფალი არასოდეს უარყოფს წრფელ სინანულს სათნოების გზაზე დაბრუნების მსურველი, თუნდაც უკიდურეს ბიწიერებამდე დაცემული ადამიანისა. ღმერთი ზურგს არ აქცევს ასეთ ცოდვილს, პირიქით, იახლოვებს მას და ყოველივეს იქმს, რათა მას თავდაპირველი პატივი დაუბრუნოს და უმეტესიც მიაგოს".
აქვე მინდა ორიოდე სიტყვით ვთქვა ღვთისმსახურთა შესახებაც. სასულიერო პირი, ვიდრე მას აქვს უფლება მღვდელმოქმედების აღსრულებისა, ღვთაებრივი მადლის და ძალის მატარებელია. მას შეუძლია აკურთხოს და შეუძლია, აგრეთვე, დასაჯოს ადამიანი; შეუძლია შეუნდოს ცოდვები, შეუძლია არც შეუნდოს; ყოველივე დამოკიდებულია იმაზე, თუ როგორი სინანულით მიდის მასთან ესა თუ ის პიროვნება. ამის უფლება იესო ქრისტემ მოციქულებს მიანიჭა და იგი მართლმადიდებელ ეკლესიაში ხელთდასხმით თაობიდან თაობას გადაეცემა. რაც შეეხება მოძღვრის პირადულ ცოდვებს, ისინი მღვდლობის მადლს ჩრდილს ვერ მიაყენებენ; თუმცა ცოდვების გამო სასულიერო პირს ღვთის წინაშე პასუხი უფრო მკაცრად მოეკითხება, ვიდრე ერისკაცს.
დიახ, მოძღვარი ღვთაებრივი ცეცხლის მატარებელია და ამიტომაც არ შეიძლება იხუმრო მღვდელმსახურზე, დაამცირო, ან განიკითხო იგი და, მით უფრო, დასცინო მას, რადგან შენ ამით შეურაცხყოფ არა რომელიმე კონკრეტულ პიროვნებას, არამედ იმ მადლს, რომელიც ღვთის ნებით მასზე არის გარდამოსული. მოვიყვან მაგალითს ეპისკოპოს გრიგოლ ნეოკესარიელის ცხოვრებიდან. ერთხელ ამ მღვდელმთავარს შემოხვდა სამი ახალგაზრდა, რომელთაც მისი მოტყუება განიზრახეს. ერთ-ერთი მათგანი მიწაზე დაწვა და მიცვალებულივით ხელები გულზე დაიკრიფა, დანარჩენებმა კი მწუხარე სახეები მიიღეს. როდესაც ეპისკოპოსი მათთან მივიდა, ფულისა და მიცვალებულისათვის რაიმე გადასაფერებლის მიცემა სთხოვეს. ეპისკოპოსმა მისცა თავისი ზედა სამოსი და თანხაც. როცა უგუნურმა ახალგაზრდებმა ეპისკოპოსი გააცილეს, დასცინეს: მასში რომ უფლის სული ყოფილიყო, მიხვდებოდა, რომ მის წინაშე ცოცხალი ადამიანი იწვაო. თავისი ხუმრობით ნასიამოვნებმა ყმაწვილებმა მწოლიარე მეგობარს მოუწოდეს, რომ ამდგარიყო, მაგრამ იგი არ გაინძრა. იფიქრეს, ალბათ, ჩაეძინაო და შეანჯღრიეს, თუმცა ამაოდ – იგი მართლაც გარდაცვლილიყო. ასეთი იყო სასჯელი ღვთისა და მათ სიცილი ტირილად შეეცვალათ.
სულიერი ცხოვრება ძალიან რთულია, მაგრამ მადლმოსილი. ცნობილი ათონელი მოღვაწე, ღირსი სილუანე გვარიგებს: "თუ გინდა, რომ გქონდეს სიმშვიდე, ყველა უნდა გიყვარდეს როგორც საკუთარი თავი და ყოველთვის მზად უნდა იყო სიკვდილისათვის. როდესაც სულს სიკვდილი ახსოვს, იგი ხდება მორჩილი და სრულიად მიეცემა ღვთის ნებას. მას ყველასთან მშვიდობა სურს, ყველას სიყვარულს ესწრაფის... მორჩილის სული მსგავსია ზღვისა, რომლის ზედაპირსაც ჩაგდებული ქვა წუთიერად ოდნავ თუ ააღელვებს და მის სიღრმეში დაინთქმება. ასე იძირება მწუხარებაც მორჩილის გულში, რადგან მასთანაა ძალი ღვთისა."
სხვაგან იგივე ღირსი მამა გვმოძღვრავს: "გახსოვდეს ორი აზრი და ერიდე მათ. ერთი ამბობს: შენ წმიდა ხარ; მეორე – შენ ვერ ცხონდები. ორივე აზრი ბოროტისგანაა და მათში არაა ჭეშმარიტება. ხოლო შენ ასე იფიქრე: "მე დიდი ცოდვილი ვარ, მაგრამ უფალი მოწყალე და კაცთმოყვარეა და გულწრფელი მონანიებით მომიტევებს ჩემს ცოდვებს."
სასოებით ვისმენთ დღეს ანგელოზთა საშობაო საგალობელს: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება." მშვიდობა და სათნოება მოიტანა ღვთაებრივმა ჩვილმა დედამიწაზე, მაგრამ მაცხოვარი ამ მადლს იძულებით თავს არავის ახვევს. უფალი ჩვენ სრულ თავისუფლებას გვანიჭებს და არჩევანის გაკეთების საშუალებას გვაძლევს; ჩვენი სურვილით, ჩვენი ნებითა და ნებისყოფით გვრთავს ჩვენი გამოხსნის პროცესში. ეს არჩევანი არ არის ადამიანის მარტო ამქვეყნიური ყოფის განმსაზღვრელი, იგია არჩევანი მარადიულ სიკვდილსა და სიცოცხლეს შორის.
სამწუხაროდ, მრავალნი ნათელში ყოფნას ბნელში ჯდომას ამჯობინებენ და ზურგს აქცევენ უფალს; ზოგიერთნი კი საერთოდ ღვთისმბრძოლნი ხდებიან.
ჩვენმა ერმაც გადაიტანა ღვთისმბრძოლობის პერიოდი, სულიერი გამოფიტვისა და შიმშილის ჟამი. წლების მანძილზე უფლის ნათელს მოკლებული გონება შეურიგებლად ებრძოდა შემოქმედს. მაგრამ, მადლობა ღმერთს, "ბნელი იგი განგვეშორა და დღე შემოგვეახლა". ბევრი მიხვდა, რომ ჭეშმარიტ რწმენას მოკლებული რაციონალიზმი დამღუპველია როგორც ცალკეული პიროვნების, ისე კაცობრიობისათვისაც; რომ ქრისტეს გარეშე ადამიანები უფსკრულისაკენ მიექანებიან და ამიტომაც სწორად ცხოვრება გვსურს, თუ გვსურს ბედნიერება ჩვენი ხალხისა და ქვეყნისა, "ნათელი მეცნიერებისა" უნდა დაემკვიდროს ყველგან: მთავრობაში, ინტელიგენციაში, სასწავლო დაწესებულებებსა და ჯარში, გლეხობასა და უბრალო მშრომელებში.
არ შეიძლება არ აღვნიშნო, რომ ათეისტური ხელისუფლების პერიოდშიც მრავალმა მეცნიერმა და ინტელიგენციის სახელოვანმა წარმომადგენელმა გაუძლო მძიმე წნეხს. მათ არა მარტო თავად შეინარჩუნეს რწმენა, არამედ რაღაც გზებით ფარულად გადასცეს იგი თავიანთ მოსწავლეებსა და სტუდენტებს. უფალმა აკურთხოს ისინი; მე კი მადლიერებით ვხრი თავს მათ წინაშე.
ყოვლადუსამღვდელოესნო მღვდელმთავარნო, სამღვდელო და სამონაზვნო დასნო, ყოველნო ღვთივკურთხეულნო მკვიდრნო ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი ივერიისა, საზღვარგარეთ დროებით მცხოვრებნო ძვირფასო თანამემამულენო, მშობლიური აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის მკვიდრნო, - ყველას გილოცავთ ქრისტეს შობის დიდ და მაცხოვნებელ დღესასწაულს.
წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ამბობს: "უფალმა თვისი განხორციელებით ორი დიდი სიკეთე მოიტანა: ღვთაებრივი ბუნება კაცობრივ ბუნებას შეუერთა, რათა კაცი განეღმრთო და ადამიანში საიდუმლო მადლით ყოვლადწმიდა სამება დაემკვიდრებინა".
დაე, ახალი წელი ყველა ჩვენგანისათვის ღვთის დიდების, ბედნიერების, მშვიდობისა და კეთილდღეობის, საქართველოს გაერთიანების, თანხმობისა და ბარაქის მომტანი ყოფილიყოს. ყველას გისურვებთ იყოთ სიხარულის მიმნიჭებელნი ერთმანეთისათვის და ცათა შინაც მარადიული სიხარული მოგეპოვებინოთ.
იმედით შეხვდით მომავალს, ილოცეთ, იშრომეთ, დათრგუნეთ თქვენი ეგოიზმი და ვნებები, რადგან ბოროტს ძლევს მხოლოდ ის, ვინც უკვე ძლია საკუთარ თავს.
ღმერთს ებარებოდეთ.
სიყვარულით თქვენთვის მლოცველი,
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქი.
ქრისტეშობა
თბილისი, 2002-2003.
საშობაო ეპისტოლე - 1986
საქართველოს წმიდა ეკლესიის ღვთივკურთხეულ სამწყსოს
გზათა სიმართლისათა და წყალობისათა პოონ ცხოვრებაჲ,
შეწყალებაჲ და დიდებაჲ“ (იგავნი 21,21)
უფალი იესო ქრისტე კვლავ რეკს კარზე ჩვენი გულისა. შვილო ჩემო, სიხარულით მიეგებე მას, რადგანაც მშვიდობა და სიყვარული მოგიტანა. იგი სანაცვლოდ არაფერს გთხოვს, არ უნდა შენი სიმდიდრე, სახელი და დიდება, მისთვის მხოლოდ შენი გულია ძვირფასი, მორწმუნე და სათნო გული, რომლის "სიყუარული სულგრძელ არს და ტკბილ", რომლის სიყვარულსა არ შურს, არ განდიდდების, არ ამპარტავნებს, არ უხამსობს, არ ეძიებს თავისას, არ განრისხდების, არ განიზრახავს ბოროტსა, არა უხარის სიცრუე, არამედ უხარის ჭეშმარიტება, ყოველსა მიუტევებს, ყოველი სწამს, ყოველსა ესავს, ყოველსა მოითმენს (I კორ. 13, 4-7).
უფალი ბრძანებს: "და აჰა ესერა ვსდგა კარსა ზედა და ვრეკ, უკუეთუ ვინ ისმინოს ხმისა ჩემისაჲ და განაღოს კარი და შევიდე მის თანა და ვჭამო მის თანა სერი, და მან - ჩემ თანა" (გამოცხ. 3,20).
ღვთის წყალობით, მშვიდობით ვხვდებით მსოფლიო დიდ დღეასწაულს - ქრისტეს შობას. აღსრულდა ძველი წინასწარმეტყველება, ლოდინით დაქანცულმა კაცობრიობამ იხილა მეუფე და მხსნელი თვისი. "ქალწული დღეს პირველ საუკუნეთა სიტყვისა შობად მოვალს ქუაბსა შინა, გამოუთქმელად განეწყვე სოფელო, რომელსა გესმის, ადიდე ანგელოზთა თანა და მწყემსთა, რომელმან ინება გამოჩინება ყრმამან ახალმან" (სადღესასწაულო კონდაკი).
"გიხაროდენ სოფელო, აჰა ქრისტე მოგეახლა, ბეთლემს შობილი", რომელმან მიწა ცად სცვალა, "ცად გამოსჩნდა დღეს ქვეყანაი, რამეთუ მას შინა იშვა შემოქმედი, და ბაგასა მიიწვინების ბეთლემს იუდასსა".
მაცხოვრის შობა ღვთის განკაცების უდიდესი საიდუმლოა. ქრისტეს სახეში განცხადებული ეს საიდუმლო, - წერს ცნობილი ფილოსოფოსი ვლადიმერ სოლოვიოვი, - მხოლოდ საღვთისმეტყველო და ფილოსოფიური ჭეშმარიტება როდია, იგი მთავარი ღერძია მსოფლიო ისტორიისა.
ძე ღვთისა იქმნა ძედ კაცისა და "ჩვენ ვცანთ და გურწმენა სიყუარული, რომელი აქუს ღმერთსა ჩუენდა მომართ" (I იოანე, 4,16). ეს სიყვარული გონებით მიუწვდომელი თავმდაბლობით გამოიხატა; ამით ამცნო უფალმან ყველას, რომ მეუფება მისი არაამსოფლიურია და რომ იგი ადამიანთა გულის იდუმალ სამყაროში განისვენებს.
იესო ქრისტემ თვისი განხორციელებით მოგვიწოდა შინაგანი ფერისცვალებისა და განახლებისკენ. მოვიდა ჩვენთან, რათა ღვთის მეგობარნი და მახლობელნი გავმხდარიყავით, ვზიარებოდით ჭეშმარიტებას და აღგვედგინა დაკარგული კავშირი შემოქმედთან, ნამდვილი სიხარულისა და თავისუფლების მომნიჭებელთან.
ამისთვის კი აუცილებელია, თითოეულ ჩვენგანს ნათელი წარმოდგენა ჰქონდეს სამ საკითხზე; ესაა: შემეცნება ღვთისა და მისდამი ჩვენი დამოკიდებულების გარკვევა, შეხედულება ადამიანზე და ადამიანთა შორის ურთიერთობაზე; შეცნობა საკუთარი თავისა.
ხშირად ღმერთში ადამიანები ხედავენ არამარტო შემოქმედსა და სამყაროს განმგებელს, არამედ მრისხანე შურისმგებელსა და მკაცრ მსაჯულს, სწორედ ისეთს, როგორადაც აღიქვამდნენ მას ძველი აღთქმისდროინდელი ადამიანები: ულმობელსა ქვეყნის მკვიდრთაგან შორს მყოფს.
ქრისტიანობამ სულ სხვა სახით დაგვანახა ღვთის არსი: "ღმერთი სიყუარული არს" (1 იოვანე 4,8), - ვკითხულობთ წმ. წერილში. ესაა ყველაზე საუკეთესო განსაზღვრა ღვთის ბუნებისა და ჩვენდამი მისი დამოკიდებულებისა. ამიტომაც ნამდვილი ქრისტიანის მთელი მოღვაწეობა განსახიერებაა ჭეშმარიტი სიყვარულისა და სათნოებისა, რადგანაც იგი გრძნობს, რომ უფალი უსაზღვროდ მოსიყვარულე, მოწყალე და ცოდვათა მიმტევებელია. სწორედ ამგვარი რწმენა აძლევს პიროვნებას ძალას, თვითონაც აპატიოს და დაფაროს მოყვასის შეცოდებანი და განწმედის კიბეზე ამაღლებულმა თქვას: "მეუფეო, მომანიჭე მე განცდა თვისთა ცოდვათა და არა განკითხვად ძმისა ჩემისა".
"უკუეთუ ვინმე თქუას, ვითარმედ მიყუარს ღმერთი და ძმაჲ თჳსი სძულდეს, მტყუარ არს, რამეთუ რომელსა არა უყუარდეს ძმაჲ თჳსი, რომელი იხილა, ღმერთი, რომელი არა უხილავს, ვითარ ძალ-უც შეყუარებად?" (I იოანე 4,20), - გვასწავლის იოანე ღვთისმეტყველი. მოყვასში, ანუ საერთოდ ადამიანში, უპირველეს ყოვლისა, ღვთის ხატება უნდა დავინახოთ, როგორც წარუხოცელი ბეჭედი ღვთის ძეობისა, უნდა დავინახოთ უნარი ღვთისადმი მიმსგავსებისა.
ღვთის მსგავსების მიღწევა თავისუფალი ნებით ხდება. ჩვენთვის მომადლებული თავისუფალი ნება ფართო შესაძლებლობებს იძლევა არჩევანისთვის. ზოგიერთს მცდარად მიაჩნია, თითქოს ადამიანის ცხოვრების წარმმართველი ბედისწერაა, მაგრამ ეს ასე არ არის. პიროვნების მომავალი თვით მასზეა დამოკიდებული, იგი თვით ირჩევს ღვთის საუფლოსკენ ან დაღუპვისკენ მიმავალ გზას. ადამიანური ყოფის საიდუმლოებით მოცულ პროცესში, რომლის დროსაც ერთი იქცევა კაენად, მეორე - აბელად, ერთის გული ივსება ღვარძლითა და სიკეთისადმი სიძულვილით, მეორისა კი - სათნოებითა და დაუშრეტელი სიყვარულით, - რა თქმა უნდა, თავისუფალი ნება გადამწყვეტ როლს ასრულებს. თუკი ვაღიარებთ ჩვენგან დამოუკიდებელ ბედისწერას, მაშინ ყველა ადამიანური ღირსება. სიყვარული, თავგანწირვა, თავმდაბლობა, სიმშვიდე, მოწყალება... აზრს დაკარგავს.
პირადი ღირსების, პირადი პასუხისმგებლობისა და სრულყოფის იდეა რელიგიური წესრიგის იდეაა. "აჰა სასუფეველი ღმრთისაჲ შორის თქუენსა არს" (ლუკა 17,21), ბრძანებს ლუკა მახარებელი. აქ პირდაპირაა გაცხადებული პიროვნებისგან სულიერი სიწმიდის მოთხოვნის აუცილებლობა. ხშირად კი, ადამიანის დადებით და უარყოფით თვისებებს მისი ეპოქის საზოგადოებრივი ყოფით ხსნიან და ივიწყებენ ინდივიდუალურ თავისებურებებსა და წინაპართაგან მიღებულ გენეტიკურ მემკვიდრეობას. თუ კაცი ცუდია, ბრალს სდებენ საზოგადოებრივ-ეკონომიკურ წყობას და არა თვით მას. საზოგადოების დაშლითა და გარდაქმნით ადამიანი არ შეიცვლება, მგლები კრავებად არ იქცევიან.
ეჭვსგარეშეა, გარემოს გავლენა დიდია, მაგრამ მთავარი მაინც პიროვნებაა, მისი სურვილები და შესაძლებლობანი.
თუკი არსებობს სულიერი ფასეულობანი: რწმენა, იმედი, სიყვარული, ჭეშმარიტება, სიკეთე, მშვენიერება... მაშინ კაცობრიობის ისტორია ამ ღირებულებათა ცხოვრებაში თანდათანობით განხორციელებას უნდა გვიჩვენებდეს, სინათლისა და სიკეთის მიერ ბოროტისა და ბნელის დაძლევას ადასტურებდეს. ამ მეტად რთულ პროცესში მონაწილეობას უნდა იღებდეს ღვთაებრივი და ადამიანური ძალა, ანუ ამ ორი ძალის სინერგია.
უფალი მარად სამყაროშია და წარმართავს მის ბედს. იესო ქრისტე კაცობრიობის ქვაკუთხედია. ამიტომაც მისი ხელყოფა მსოფლიო ზნეობრივი საფუძვლის შერყევას ნიშნავს.
ქრისტიანობამ უდიდესი გავლენა იქონია ცივილიზებულ სამყაროზე. ისეთი მეცნიერებიც კი, რომელნიც უარყოფენ ქრისტიანობის ღვთაებრივ წარმოშობას და მიაჩნიათ იგი უბრალოდ ისტორიულ მოვლენად, აღიარებენ მის უსაზღვრო ზემოქმედებას, როგორც საზოგადოებაზე საერთოდ, ისე პიროვნების ხასიათის ჩამოყალიბებაზე.
ქრისტიანობა არ არის შემთხვევითი მოვლენა. მესიას დიდი ხნის მანძილზე ელოდებოდნენ, როგორც "აღსრულებას ჟამისას". ბიბლიაში არაერთგზის ვხვდებით წინასწარმეტყველებას კაცთა მოდგმის მომავალ მხსნელზე. ეს მოლოდინი იყო არსი ძველი აღთქმის რელიგიისა. ამგვარი გრძნობა ჰქონდათ წარმართებსაც. ისინი მსოფლიო ისტორიას რამდენიმე ნაწილად ჰყოფდნენ და მიაჩნდათ, რომ ქრისტეს შობის წინა პერიოდში დამთავრდა განსაზღვრული ციკლი და რომ შემდეგ სულ სხვა ეპოქა დაიწყო.
ძველ ისტორიკოსთა: იოსებ ფლავიუსის, ტაციტუსის, სვეტონიუსისა და სხვ. მოწმობით, სამყარო საოცარი გარდაქმნის წინაშე იდგა, ფერისცვალების ცენტრად პალესტინა ითვლებოდა.
და იგი მოვიდა, მოვიდა სულ სხვა. ბაგასა შინა იშვა ძე მაღლისა, მეზვერეთა და ცოდვილთა თანა იქცეოდა უფალი ჩვენი, გლახაკთ და ტვირთმძიმეთ შეეწეოდა, თვით კი თავის მისადრეკი ადგილიც არ ჰქონდა ქვეყნად. სოფელმან ვერა სცნა იგი, მაგრამ მის მიერ ნაქადაგებმა ჭეშმარიტებამ, მიუხედავად ყოველგვარი ადამიანური ძალის გამოყენებისა, რომის იმპერიის სიძლიერისა, და წარმართული რელიგიისა და ფილოსოფიის გავლენისა, ერთიანად დაარღვია მანამდე არსებული მსოფლმხედველობა. მან ძველი ცივილიზაციის თვით ყველაზე ცნობილ კულტურულ ცენტრებში ძირფესვიანად აღმოფხვრა კერპთაყვანისმცემლობა და წარმართული კულტი, განდევნა იგი იმპერატორის საუცხოო სასახლიდან და ღატაკი მოქალაქის უბრალო ქოხიდან.
რაშია ქრისტიანობის ძალა? - მის ღვთაებრიობაში და ზნეობრივი პრინციპების სიმაღლეში. იესო ქრისტე არა გენიალური ადამიანია, როგორც ზოგიერთს მიაჩნია, არამედ იგი არის ღმერთკაცი, მეორე ჰიპოსტასი წმიდა სამებისა, სიტყვა, შობილი მამისაგან უწინარეს საუკუნეთა, ღვთის კრავი, ამღებელი ცოდვათა სოფლისათა, ადამიანის მიერ დაკარგული საუფლო დიდების აღსადგენად შეწირული გაუგონარი მსხვერპლი, ქვეყნად გარდამოსული ღვთაებრივი სიყვარული.
"რაჲ არს კაცი, რამეთუ მოიხსენე მისი?" (ფს. 8,5) - თქვა გაოცებულმა დავით მეფემ.
"რაი არს კაცი?" (იობი 7,17) - კითხულობს სულშეძრული მართალი იობი.
ადამიანი მეფეცაა და მონაც, ცოდვის სამბრძანებლო და ტაძარი სულისა წმიდისა. "ეს რა საოცარი არსებაა, - წერს ცნობილი მეცნიერი პასკალი, - დაპირისპირებულთა რა ერთიანობაა, რა სასწაულია? იგია ყოველთა საგანთა მსაჯული და, ამავე დროს, უბადრუკი ჭია მიწისა, სიმართლის დამცველი და ამასთანავე, ნარევი მერყეობისა და შეცოდებათა... დიდება ქვეყნისა".
"უფალო, მამა ჩუენი ხარ შენ, ხოლო ჩუენ თიხა საქმე ხელთა შენთა ყოველნი" (ესაია 64,8), - იტყვის ესაია წინასწარმეტყველი.
ადამიანი გვირგვინია ქმნილებისა. ცოდვით დაცემის მიუხედავად ღმერთს მაინც უყვარს იგი. იესო ქრისტეს განკაცება, ამისი ნათელი დადასტურებაა, რამეთუ "ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თჳსი მხოლოდშობილი მოსცა მას, რაჲთა ყოველსა, რომელსა ჰრწმენეს იგი, არა წარწყმდეს, არამედ აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ" (იოვანე 3,16).
კაცთა ხსნის მნებებელი უფალი მოციქული პეტრეს მსგავსად მიმართავს თითოეულ ჩვენგანს "შენ მე შემომიდეგ" (იოანე 21,22). მაგრამ საკითხავია, ვინ შეძლებს მისდიოს მას ან სად მიგვიყვანს იგი?
ვიდრე მაცხოვარს გავყვებოდეთ, ჯერ უნდა ვირწმუნოთ ქრისტესი, შევიყვაროთ იგი და შემდეგ აღვასრულოთ სიტყვანი მისი: "რომელსა ჰნებავს შემოდგომად ჩემდა, უარ-ყავნ თავი თჳსი და აღიღე ჯუარი თჳსი და შემომიდეგინ მე" (მათე 16,24). უფალი კი არ გვიბრძანებს ამას, არამედ გვთავაზობს, თავისუფალი არჩევანის საშუალებას გვაძლევს. მან იცის, რომ ყველა არ მოუსმენს და ამიტომაც ამბობს: "რომელმან არა აღიღოს ჯუარი თჳსი და შემომიდგეს მე, არა არს ჩემდა ღირს" (მათე 10,38).
შენი ჯვარი რომ იტვირთო, შინაგანი თავისუფლება უნდა მოიპოვო. ჩვენ კი ხშირად ეგოისტური მოთხოვნილებების, შურის, სიცრუის, ამპარტავნებისა და სხვა ცოდვათა მონები ვართ. მათ დასაძლევად საკმაოდ მძაფრი, ხანგრძლივი სულიერი ბრძოლაა საჭირო, რასაც ხშირად თავს ვარიდებთ. მოციქული პავლე სინანულით შენიშნავს: "ყოველნი თავთა თჳსთასა ეძიებენ და არა ქრისტე იესუჲსსა" (ფილიპელთა 2,21).
"აღიღე ჯვარი შენი", - რა ძნელია ზოგჯერ მიხვდე, რომელია შენი ჯვარი და რომელი სხვისა.
"აღიღე ჯვარი შენი"... ეს ნიშნავს, არ შეუშინდე, არ გაექცე შენი წილი ცხოვრების ტვირთს, რომლის სიმძიმეს განსაკუთრებით იგრძნობ ახლობლებისა და მეგობრების დაკარგვით, სიცრუისა და სიყალბის მოძალებით, იმედთა გაცრუებით და მრავალტანჯული იობივით იტყვი: "დღენი ჩემნი წარხდეს სრბითა, ხოლო დაიპნეს სახსარნი გულისა ჩემისანი" (იობი 17,11). მოისურვებ ჯვრის დატოვებას, განდგომას და გათავისუფლებას მისგან... მაგრამ ეს არ არის გამოსავალი. შენი ჯვარი შენთან უნდა იყოს. ნუ შეშინდები, ნუ დაგაბრკოლებს განსაცდელი. მთელი სასოებით მიენდე უფალს, რომელიც ყოველთვის განგანმტკიცებს შენ. ესეც გახსოვდეს: უჯვრო გზა იოლი ანუ ფართო გზაა, რომლითაც ცოდვილნი ვლიან და რომელიც მხოლოდ მარადიულ სატანჯველს განუმზადებს კაცს. თუმც მარტო ცხოვრების სიმძიმის დათმენაც არ არის საკმარისი, აუცილებელია, ჩვენი სიცოცხლე იყოს "დაფარულ... ქრისტეთურთ ღმრთისა თანა" (კოლ. 3,3).
ისევე, როგორც ყველა მცენარეს აქვს მიწის ზედა და მიწაში დაფარული ცხოვრება, ადამიანთა ყოფასაც გააჩნია გარეგნული და შინაგანი მხარე. გარეგნულად ქრისტეს მიმდევრობა ეკლიანი გზით სიარულს ნიშნავს, რომლის ბოლო გოლგოთით მთავრდება. სინამდვილეში კი ქრისტიანობა ქრისტესმიერი სულიერი სიხარულია, ნაკადულია ცხოველსმყოფელი წყლისა, მოპოვებაა ღვთის მადლისა, რომელიც უძლურთა კურნავს და ნაკლულევანთა აღავსებს. ესაა ცხოვრება სხვისთვის, ანუ აღდგომა და ამაღლება სულისა.
გულდასმით მოუსმინე მაცხოვარს: "მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ, აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა და ჰპოვოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ, რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს და ტვირთი ჩემი სუბუქ არს" (მათე 11,28-30). ამ გზით მავალი კაცი სულ უფრო უახლოვდება ქრისტეს და შინაგანად გარდაისახება ვიდრე მის სულში ქრისტე არ აღიბეჭდება. მოციქულმა პავლემ, რომელმაც საკუთარ თავზე გამოსცადა ეს პროცესი, ამგვარად გამოხატა თავისი განცდა: "რაჲ იგი არს ქრისტეს მიერ ახალი დაბადებული; პირველი იგი წარჴდა, აჰა ესერა იქმნა ყოველივე ახალ" (2 პორინ. 5,17).
წმიდა პავლე აღნიშნავს, რომ მის ხელახალ შობას ქრისტიანად ხელს უწყობდა სხვადასხვა გარემოებანი ანუ ყოფის გარეგნული მხარე. დათმენა "ტანჯუათა, პყრობილებათა და შფოთებათა", მუშაკობა "შრომითა, მღვიძარებითა და მარხვითა"; სწორედ მათი წყალობით მოიპოვა მან ცხოვრება "სიწმიდითა, მეცნიერებითა და სულგრძელებითა, სიტკბოებითა და სულითა წმიდითა, სიყუარულითა შეუორგულებელითა, სიტყჳთა ჭეშმარიტებისაჲთა, ძალითა ღმრთისაჲთა, საჭურველითა მით სიმართლისაჲთა მარჯვენისაჲთა და მარცხენისაჲთა" (2 კორინ. 6,5-7).
ზოგჯერ ფიქრობენ, რომ ქრისტიანული ცხოვრება ზნეობრივად გამოსწორების პროცესია, სინამდვილეში კი გაქრისტიანება ხელახალი დაბადებაა, ხელახალი ცხოვრებაა, ახალი ქმნილებაა, ცხოვრება არა თავისთვის, არამედ სხვისთვის. წმ. იოანე ოქროპირი წერს: "ნებისმიერი მოღვაწეობა უმნიშვნელო იქნება, თუ იგი სარგებლობას არ მოუტანს სხვას. ამას ცხადყოფს მაგალითი იმისი, ვინც ბოძებული ტალანტი უკან დააბრუნა და დაისაჯა, რადგანაც არ განამრავლა იგი. ასევე შენც ძმაო, ღატაკიც რომ იყო, და გამუდმებით მწუხარე ვიდოდე, სხვას თუ არ ეხმარები, იცოდე, ღირებულსაც არას აკეთებ, ძველი დროის ცნობილი შესანიშნავი პირნი განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდნენ ამას. გამოწვლილვით შეისწავლე ცხოვრება მათი და ნათლად დაინახავ, რომ თითოეული მათგანის მიზანი იყო სიკეთის მოტანა სხვისთვის და არა საკუთარი თავისთვის. ამით განიდიდნენ ისინი სწორედ" (წმ. იოანე ოქროპირი. სიყუარულისათვის მოყუასისა).
გარემომცველ სამყაროში ჩვენ ვხედავთ სიკეთისადმი დაპირისპირებული ბოროტების საშინელ ძალას, რომლის გავლენას საკუთარ თავზეც მძაფრად განვიცდით: გვტანჯავს შინაგანი გაორება, სიკეთისა და ბოროტების შინაგანი ბრძოლა, წინააღმდეგობა სულსა და ხორცს შორის. ამიტომაც მახლობელია ჩვენთვის ეს სიტყვები: "რომელსა-იგი ვიქმ, არა ვიცი; რამეთუ არა რომელი იგი მე მნებავს, მას ვიქმ, არამედ რომელი-იგი მძულს - მას ვჰყოფ" (რომ. 7,15).
ერთიანობის, მთლიანობის დარღვევა არის მთავარი მიზეზი ჩვენი ბუნების დამახინჯებისა. სად გავექცეთ, როგორ დავძლიოთ შინაგანი გაორება?
ეს საკითხი ყოველთვის აინტერესებდათ ღვთისმეტყველთა და ფილოსოფოსებს. მის შესასწავლად დიდი შრომა გასწია ნეტარმა ავგუსტინემაც და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ იქ, სადაც უფალია, ჭეშმარიტებაცაა, და სადაც ჭეშმარიტებაა, იქ უფალია, და რომ მხოლოდ ღმერთია ის საწყისი, რომელშიც თანხმდება მიწიერი სინამდვილის ყველა კონფლიქტი, ქრება ჩვენი ნატურის დაპირისპირებული ხასიათი.
ბოროტებას არა აქვს ცოცხალი საწყისი, - განმარტავს იგი, - არსი ანუ სუბსტანცია, რადგანაც სუბსტანციის მქონე ბოროტება სიკეთე იქნებოდა. ბოროტება სიკეთის უარყოფაა მხოლოდ, (ნეტარი ავგუსტინე, "აღსარება").
ჩვენს ეპოქაში უკეთურებამ ისე ღრმად მოიკიდა ფეხი, რომ დაღუპვით ემუქრება როგორც ცალკეულ პიროვნებას, ისე მთელ კაცობრიობას.
მოსე წინასწარმეტყველმა ერთ დროს თავის ხალხს არჩევანი შესთავაზა: "აჰა ესერა მომიცემიეს თქუენ წინაშე დღეს დღე, ცხოვრება და სიკვდილი, კეთილი და ბოროტი... მოწამე ვყოფ დღეს თქუენდა ცასა და ქუეყანასა, ცხოვრებასა და სიკუდილსა, კურთხევასა და წყევასა დავსდებ თქუენ წინაშე; გამოირჩიე შენ ცხოვრებაი იგი..." (მეორე სჯული 30;15,19).
თანამედროვე მსოფლიოც ალტერნატივის წინაშე დგას, ან ბირთვული კატასტროფა, ანდა სახელმწიფოთა მშვიდობიანი თანაარსებობა.
ჩვენ ყველანი მოწმენი ვართ იმისა, თუ როგორ დაარღვია სიმშვიდე და საერთაშორისო ცხოვრების რიტმი გამალებულმა შეიარაღებამ. ცხადია, მომავალში შექმნილი ყოველი ახალი სისტემის იარაღი კიდევ უფრო გაამწვავებს მდგომარეობას და ბირთვული ომის საფრთხეს მოაახლოებს.
ამიტომაც, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ისევე როგორც მშვიდობისმოყვარე მოწინავე კაცობრიობა, სიხარულითა და იმედით შეხვდა ცნობას ჟენევაში ორი დიდი სახელმწიფოს - საბჭოთა კავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მეთაურთა მოლაპარაკების შესახებ. ვფიქრობ, დადგა დრო ასეთი შეხვედრების აუცილებლობისა, რადგანაც მათი დადებითი შედეგი გავლენას იქონიებს არა მარტო მოლაპარაკების მონაწილე მხარეებზე, არამედ მთელ სამყაროზე.
აღვავლენთ ლოცვას მსოფლიო მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის, მათთვის, ვინც იღვწის ამ დიადი მიზნის მიღწევისათვის.
დღეს განსაკუთრებული სიცხადით აღვიქვამთ ანგელოზთა საგალობელს, ქრისტეს შობის ღამეს რომ მოეფინა კაცობრიობას: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". მასში გამოვლენილია კავშირი სამ ურთიერთდამოკიდებულ მოვლენას შორის, აუცილებელია თაყვანისცემა და დიდება შევწიროთ უფალს, შემოქმედსა და განმგებელს ჩვენსას, რათა სუფევდეს მშვიდობა სოფლად და ხალხთა შორის სათნოება. მშვიდობა ამ ლოცვაში გულისხმობს მშვიდობას ადამიანებს შორის, მშვიდობას ღმერთთან, საკუთარ თავთან და სინდისთან. თუ ასეთი მშვიდობითა ხარ სავსე, მაშინ შეძლებ, ჩაწვდე ღვთის ქვეყნად მოვლენის უდიდეს საიდუმლოს, შეძლებ, ღირსეულად მიეგებო ბრწყინვალე შობას მისას.
ჩვენ კი როგორ ვხვდებით ახლადშობილ ყრმას, უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს?
სადღესასწაულო საგალობელში წერია: "რაჲ გიძღვნათ შენ ქრისტე, რომელი ცით გარდამოხედ ჩვენ ცოდვილთათვის. სამადლობელსა შეგწირვენ შენ ქმნულნი ღმრთისანი: ანგელოზნი - გალობასა, ცანი - ვარსკვლავსა, მოგვნი - ძღვენსა, მწყემსნი - სასწაულსა, მიწა - ქუაბსა, უდაბნო - ბაგასა, ხოლო ჩვენ ქალწულსა დედასა". დიახ, ქალწული დედა მოგიძღვენით ჩვენ, მაცხოვარო, უპატიოსნესი ქერუბიმთა და აღმატებული სერაბიმთა ზედა, უსპეტაკესი და უწმიდესი ადამის მოდგმათა შორის, მფარველი და მეოხი კაცთა, განსაკუთრებული შემწე მისი წილხვედრი ივერიისა... და კიდევ, ძღვნად მოგვაქვს შენთან, უფალო, ჩვენი გულები. გევედრები, აღავსე იგინი რწმენითა, გაათბე ღვთაებრივი სიყვარულითა, განწმიდე და ჰყავ ტაძრად შენდა.
ქრისტეს მიერ საყვარელნო ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო და ყოველნო შვილნო უფლისანო, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო სამშობლოს გარეთ! გულითადად გილოცავთ ქრისტეს შობის დღესასწაულსა და ბედნიერ ახალ წელს; გისურვებთ სარწმუნოებრივ სიმტკიცეს, ულევ სიყვარულსა და სიხარულს, სიმშვიდეს სულში, შინ და გარეთ. დაე, შრომა თქვენი იყოს სადიდებელი უფლისა - შედეგი თქვენი სულიერი სრულყოფისა, მოყვასზე და სამშობლოს კეთილდღეობაზე ზრუნვისა. მარადჟამს იღვწოდეთ, რათა მოიპოვოთ სასუფეველი დიდებისა და სახელნი თქვენნი ჩაიწეროს წიგნსა მას ცხოვრებისასა.
თვით უფალი ბრძანებს "რომელმან სძლოს, - მივსცე მას... ყოველი და ვიყო მისსა ღმერთ, და იგი იყოს ჩემდა ძე" (გამოცხ. 21,7).
გიხაროდეთ, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი, ამინ!
ქრისტეს შობა,
თბილისი.
1985-86 წელი.
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
მღვიძარების შესახებ
დრო მცირეა და როდის ამოიწურება, არ ვიცით. ამიტომ უნდა ვიბრძოლოთ, ყოველი ბოროტი გულისსიტყვა მრისხანებითა და მხურვალე ლოცვით განვაგდოთ ჩვენგან; ხოლო თუ ცრემლსაც დავღვრით, დიდ სარგებელს ვნახავთ, რადგან ცრემლები სულს განწმენდს და თოვლზე მეტად განასპეტაკებს. მამაცურად მოვემზადოთ, რადგან ბრძოლა მიმართულია ბნელეთის ძალების წინააღმდეგ, რომელიც ჩვენი მოკავშირე არასოდეს გახდება და არც თავდასხმებს შეამცირებს. ამიტომ ვიფხიზლოთ, რული ნუ მოგვერევა, რადგან ჩვენს საუკუნო ცხოვრებას საფრთხე ემუქრება. თუ გამარჯვებას დავკარგავთ, მაშინ ჩვენს სულებს დავკარგავთ, საუკუნო განსვენებასა და უფლისმიერ სიხარულს დავკარგავთ და ჩვენს თავს მივუსჯით მეორე სიკვდილს – საუკუნო განშორებას უფალთან. ნუ იყოფინ.
მღვიძარებასთან ერთად გულისსიტყვების მიმართ სიფხიზლე გამოვიჩინოთ, რადგან მათგან იწყება დაცემა. ასე რომ, ამ დასაწყისს – გულისსიტყვებს, მხნედ შევებრძოლოთ და ჩვენი უდებების გამო გაძლიერების საშუალება არ მივცეთ, არამედ მოსვლისთანავე მოვიშოროთ წარმოსახვა და მრისხანედ ავიღოთ ხელში სულის მახვილი – სიტყვა ღვთისა, ანუ „უფალო იესო ქრისტე, შემიწყალე მე". როცა ტკბილ იესოს ვუხმობთ, ის მაშინვე მოდის ჩვენს დასახმარებლად, ეშმაკები კი მეყსეულად გვშორდებიან. ოღონდაც უდებებით ნუ ვილოცებთ, არამედ მხურვალე სულით (რომ. 12, 11), გულის სიღრმიდან შევღაღადოთ: „მოძღვარო, მიხსენი, ვიღუპები“ (ლუკ. 8, 24) . მცირე შრომა დაგვჭირდება, თუკი ბრძოლას თავიდანვე შევუდგებით, ხოლო თუ გულისსიტყვებს მივუშვებთ და მომძლავრდებიან, მაშინ ბრძოლა გაძნელდება, ბევრჯერ დავმარცხდებით და დავიჭრებით, მაგრამ როცა წამოვდგებით და უფალს მოვუხმობთ, კეთილი საჭეთმპყრობელი იესო ისევ მოვა და ჩვენს ხომალდს წყნარი და მშვიდი ნავსაყუდელისკენ მიმართავს.
გულისსიტყვებზეა დამოკიდებული, უსარგებლოები და ბიწიერები ვიქნებით, თუ წინსვლა გვექნება და უკეთესები გავხდებით. ამიტომ ჩვენს გულს მამაცი გუშაგი – გონება, ანუ ყურადღება – დავუყენოთ მცველად და ის სიმხნევით, ლოცვით, მდუმარებითა და თავისბრალობით იქნება აღჭურვილი. თუ ასე ვიღვაწებთ, შედეგად ტკბილ მშვიდობას, სიხარულს, სიწმინდეს, სულიერ სიბრძნისმოყვარეობას და ლოცვას მივიღებთ, რომელიც სურნელოვანი საკმეველივით კეთილსურნელებით აავსებს ღვთის ტაძარს – შინაგან ადამიანს. „არა უწყითა, რამეთუ ტაძარნი ღმრთისანი ხართ, და სული ღმრთისაი დამკვიდრებულ არს თქუენ შორის?“ (1 კორ. 3, 16) ამას იმიტომ გწერთ, რომ თქვენი სულები მღვიძარებისთვის გამოვაფხიზლო, უფლისმიერი შინაგანი მშვიდობა იპოვოთ და გაიხაროთ. ამინ. იყავნ.
2. ჩვენი ძალის შესაბამისად ვიღვაწოთ ხორციელი მარხვით. რაც შეეხება გრძნობების მარხვით მოზღუდვას, ანუ გრძნობებით, გონებითა და გულით მარხვას, მაშინ მთელი ძალით უნდა შევებრძოლოთ ჩვენი სულების მტერს. შვილო, გრძნობის ორგანოები – საცნობელნი დაიცავი, განსაკუთრებით კი თვალი. ის რვაფეხას საცეცებივით ყველაფერს იჭერს, რაც მის წინ მოძრაობს, ყველაზე ადვილად კი ცოდვის ნანადირევს მიიტაცებს. თვალებმა სულიერი ციხე-სიმაგრეები დასცა და დაღუპა. დავითმა თვალის გაუფრთხილებლობის გამო მკვლელობა და მრუშობა ჩაიდინა მიუხედავად იმისა, რომ ღვთის დიდი წინასწარმეტყველი იყო, მადლითა და წინასწარჭვრეტის უნარით დაჯილდოებული.
შვილო, რადგან ისეთ გარემოცვაში იმყოფები, რომელიც, შესაძლოა, სხვადასხვაგვარი ცოდვის მიზეზი გახდეს, გაუფრთხილდი შენს გრძნობებს, განსაკუთრებით, გონებას – მმართველს, „უსირცხვილო ფრინველს“, – როგორც მას აბბა ისააკი უწოდებს. გონება მოყვასის ქმედებათა საიდუმლოებებში იჭრება. ის საძაგელი მხატვარია, როცა სიბილწეებს გამოსახავს. ამიტომ, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, იზრუნე, რომ გონება სუფთად დაიცვა, ცოდვის ყოველი გულისსიტყვა და წარმოდგენა მაშინვე განაგდე მრისხანებით და გულმხურვალე ლოცვით. „გული გიწყრებოდენ და ნუ სცოდავთ" (ეფეს. 4, 26).
3. განუწყვეტლივ იფხიზლეთ გონების დასაცავად, რადგან უკვდავი სულის სიცოცხლე და სიკვდილი იმაზეა დამოკიდებული, გვაქვს თუ არა გულმოდგინება.
ყველაფერი გონების წარმოსახვითი ნაწილიდან იღებს სათავეს. არ არსებობს ცოდვა ან სათნოება, რომლის სათავე და საწყისი წერტილი გონების წარმოსახვითი ნაწილი არ იყოს. მაშასადამე, ამ გონებრივ საწყისზე გულმოდგინე ზრუნვით ცხონების წმინდა მიზანს მივაღწევთ.
სულიერი მღვიძარების ძირითადი მნიშვნელობა შემდეგია: წმინდად დავიცვათ გონება ვნებიანი წარმოდგენებისგან, მტრის ყოველ თავდასხმას კი წინ აღვუდგეთ შეპასუხებითა და იესოს წმინდა სახელით.
მღვიძარების გარეშე სულისა და სხეულის სიწმინდეს ვერ მოვიპოვებთ, შესაბამისად, ვერც ღმერთს ვიხილავთ გონებისა და გულის გრძნობით.
თუ უფალი ადამიანის სულს არ მოიხილავს, ის ცოდვის წყვდიადში დარჩება. მაგრამ თუ ჩვენ, როგორც მონაზვნებმა, თავი მივუძღვენით მაცხონებელ მიზანს – მივაღწიოთ ქრისტესმიერ შინაგან განწმენდას ვნებებისგან, მღვიძარების უმნიშვნელოვანეს გაკვეთილში ძალიან კარგად განსწავლა გვმართებს, რადგან მისი მეშვეობით გულით შევიგრძნობთ და მივუახლოვდებით ღმერთს.
ამ მაცხონებელ გაკვეთილს – მღვიძარებას, რომელიც წმინდაყოფს ადამიანს გააფთრებით ებრძვის ეშმაკი, ყველა ძალას ხმარობს, რომ ხელი შეუშალოს მას და თავს გვესხმის მრავალგვარი გულისსიტყვითა და საცდურით.
მაგრამ ჩვენც, რადაც არ უნდა დაგვიჯდეს, მის მოსაგერიებლად ყველა ძალა ვიხმაროთ, რომ შინაგანი განწმენდისთვის ჯილდო მოვიპოვოთ და ღვაწლისდამდებელმა ქრისტე ღმერთმა გვირგვინით შეგვამკოს. ჩვენი საერთო მტრის სატანური თავდასხმების ნუ შეგეშინდებათ, არამედ გაბედულად და ღვთის სასოებით იბრძოლეთ. ღმერთი თქვენს ძალებზე მეტ განსაცდელს არ დაუშვებს.
მაშ, გამხნევდით, შვილებო, ქრისტეს ტკბილი სასოებითა და ღვთისმშობლის უძლეველი საფარველით წინ გასწიეთ და მტკიცედ მწამს, რომ ყველა კეთილად მოღვაწე და გვირგვინშემოსილთან ერთად საუკუნო ცხოვრებას მოვიპოვებთ ზეციურ მოზეიმე ეკლესიაში. ამინ. იყავნ.
4. ერთი წმინდანი ეშმაკებს განდევნიდა. დემონებს მისი ეშინოდათ. მორჩილმა მას ჰკითხა: „მამაო, რატომ ეშინიათ შენი ეშმაკებს?“ – „გეტყვი, შვილო, – უთხრა მოძღვარმა, – გულისსიტყვების სახით ხორციელი ბრძოლა მქონდა, მაგრამ გულისსიტყვებთან დათმობაზე წასვლის უფლება საკუთარი თავისთვის არასოდეს მიმიცია. მუდამ ისე ვიბრძოდი, რომ ფრონტის ხაზი გულისსიტყვის თავდასხმაზე გადიოდა, ხოლო თავდასხმის შემდეგ ეშმაკისთვის წინ წასვლის საშუალება არასოდეს მიმიცია. ამ უწყვეტი ბრძოლისთვის ღმერთმა, ჩემი უღირსების მიუხედავად, ისეთი კურთხევა და მადლი მომცა, რომ ეშმაკებს ეშინიათ და ადამიანებისგან განიდევნებიან".
დაფიქრდით: ეს მამა განსაცდელს კარს მიღმა, დაკაკუნებისთანავე აღკვეთდა, კარს საერთოდ არ უღებდა. რატომ? რა ჰქონდა შიგნით, რითაც წინ აღუდგებოდა? [ღვთის, მარადიული ნეტარების, სიკვდილის, საუკუნო სატანჯველის და ა. შ.] წმინდა ხსენება; ამით იყო დაკავებული მისი გონება. ბოროტი გარედან უკაკუნებდა, რომ შიგნით შეეღწია, მაგრამ მისთვის, მისი ბოროტი აზრებისთვის იქ ადგილი არ არსებობდა, ბერი ეშმაკს ღვთის ხსენებით აჩერებდა. ამ მუდმივმა გამარჯვებებმა წმინდანს მადლი მიანიჭა, რის გამოც ეშმაკებს მისი ეშინოდათ და ადამიანებს განეშორებოდნენ.
ქების ღირსია ის ადამიანი, ვინც ღვთის მადლით მიაღწია იმას, რომ ეშმაკს თავდასხმისთანავე აჩერებს.
არ არსებობს არც ერთი მოკვდავი, არც ერთი სულიერი და მოღვაწე ადამიანი, მტერი რომ არ ესხმოდეს თავს. ყოველი ადამიანი გაივლის განსაცდელს. თუ კარს და ფანჯრებს ღიას ტოვებენ, როგორც, ჩვეულებრივ, ისეთ ერის ადამიანებს ემართებათ, რომლებიც ღვთის შემეცნებისგან შორს არიან, მაშინ მტერი შიგნით აღწევს და იმარჯვებს.
სულიერი ადამიანები იღვწიან, რომ მტერს არც კარი გაუხსნან, არც ფანჯარა, პატარა ჭუჭრუტანაც კი არ დარჩეთ ღია.
საქმით ცოდვა, რომელსაც გულში კი არა, სიტყვით, საქციელით ჩავდივართ, ხშირად გვიძნელდება, რადგან მას ბევრმა ვითარებამ უნდა შეუწყოს ხელი. გონებით ცოდვის ჩადენა კი ძალზე ადვილია. ამ სახით ადამიანს შეუძლია ნებისმიერ დროს, ნებისმიერ ადგილზე სცოდოს ისე, რომ ვერავინ გაიგოს. ცოდვის საქმით ჩადენას კი ხშირად ეშლება ხელი – ერთი მხრივ, იმის გამო, რომ მრავალი ხელშემწყობი პირობაა საჭირო, მეორე მხრივ – სირცხვილის გამო. ამის საპირისპიროდ, შინაგან, გონებით ცოდვას შეუძლია დაარწმუნოს ადამიანი შინაგანად ჩაიდინოს დანაშაული ისე, რომ სხვებისთვის შეუმჩნეველი დარჩეს.
შინაგანი ცოდვა უხილავია. მას ადამიანები ვერ ხედავენ, მაგრამ ხედავს ღმერთი.
და თუ ადამიანების არ გვეშინია და არ გვრცხვენია, რადგან ცოდვა მათთვის დაფარულია, ღვთის მაინც უნდა გვეშინოდეს, რადგან გონებით ჩადენილი ზნეობრივი დანაშაული მის წინაშე აღესრულება.
ბევრი ადამიანი მოტყუებული რჩება. ამის ძირი ქედმაღლობაა, ის აკეთებს ყველაზე ცუდ საქმეს.
ღალატი ჯერ შინაგანად ხდება, შემდეგ კი გამოვლინდება სხეულის სხვადასხვა ნაწილების მეშვეობით და გარეგნულ ცოდვად იქცევა.
მაშასადამე, როგორც ვთქვით, საჭიროა მუდმივი მოუდუნებელი ყურადღება და სიფხიზლე. შინაგანი მცველი, გუშაგი უნდა გვყავდეს, რომელიც შიგნით შემავალ და გამომავალ გულისსიტყვებს გააკონტროლებს, ვინაობას შეუმოწმებს, რომ სულის სახელმწიფოში ჯაშუშები არ შეიპარონ და სამოქალაქო ომი არ გამოიწვიონ.
სულიერი თვალი ძალიან სუფთა და მახვილი უნდა იყოს, მტერი შორიდანვე რომ დაინახოს და შესაბამისი ზომები მიიღოს.
როგორი გულისსიტყვა აღარ გვესხმის თავს მუდმივად! ყოველ ვნებას თავისი გულისსიტყვები მოაქვს. თუ სულს გამჭრიახი თვალი აქვს, გულისსიტყვებს შორიდანვე აღუდგება წინ და როგორც კი რომელიმე ამხედრებული ვნების „სიმყრალეს“ იგრძნობს, მაშინვე ემზადება, გუშაგებს აყენებს, მიწაყრილებს თხრის და მზადაა ამ ვნების თავდასხმის მოსაგერიებლად.
ადამიანები ვნების ტყვეები ხდებიან. ვნება კი შხამიანი გველივითაა. დიდი გველები სისინით აფრქვევენ შხამს, გესლავენ ყველაფერ ცოცხალს მათ გარშემო და შემდეგ მსხვერპლს შთანთქავენ. ასევეა ცოდვის გველიც. ის შორიდანვე აფრქვევს შხამს – ტკბობას, რაც გონებისა და სულიერი ძალების პარალიზებას იწვევს. ადამიანს ვნება ატყვევებს და საკუთარი ნების საწინააღმდეგოდ ბოროტებისკენ მიიქცევა.
ამ დატყვევებულ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები ამტკიცებენ: „არ შემიძლია ამ დროს წინააღმდეგობის გაწევა და რაიმეს გაკეთება“. ამაზე პასუხი ეს არის: უნდა ვიღონოთ ყველაფერი, რომ გონება და გული არ დატყვევდეს, არ განიარაღდეს. გამოცდილებიდან გამომდინარე, როგორც კი სულიერი გველი შხამს მიმოაფრქვევს, შორიდანვე უნდა გავფრთხილდეთ, სანამ ჩვენამდე მოაღწევდეს და გონებასა და სულს მოგვიშხამავდეს, რადგან თუ დაგვგესლა, საერთოდ დავკარგავთ მოქმედების უნარს.
როცა ადამიანი წარმოდგენას დაუთმობს, მაშინ მას ცოდვის გულისსიტყვები სძლევს. ამრიგად, მთელი ბოროტება სწორედ წარმოდგენიდან მოდის! და თუ ადამიანის სულიერი, გონებრივი ხომალდი ბევრჯერ ჩაძირულა და სიამოვნებისმოყვარე წარმოდგენისგან არაერთგზის დაჭრილა, კვლავ დაბრუნებული სატანა მსგავს წარმოდგენებს მათ გონებაში წარმოაჩენს და ადამიანი მაშინვე ტყვევდება. ამიტომ, ვნებები და წარმოდგენები რომ არ გამყარდეს და მომძლავრდეს, მონაზონი დათმობაზე არ უნდა წავიდეს.
5. სულის თვალი ფართოდ გაახილე. დაიცავი საცნობელნი, როგორც სხეულის (განსაკუთრებით თვალები), ისე სულის (კერძოდ, გონება – გაფანტვისგან), რადგან ამ საცნობელთა მეშვეობით შემოდის სულში სულიერ დაავადებათა ყველა შხამიანი მიკრობი. ამგვარად, დაუდევარი ქრისტიანი დროთა განმავლობაში მრავალი სნეულებით ავადდება და კარგავს თავისი უკვდავი სულის ფასდაუდებელ ჯანმრთელობას.
6. კეთილად იღვაწე, შვილო, საუკუნო ცხოვრებისთვის. კარგი დასაწყისით კეთილ დასასრულს მოიპოვებ. შენი გონება იესო ქრისტეს ხსენებით იყოს მოცული და ის გახდება შენთვის ყველაფერი – სიხარულიც, მშვიდობაც, გლოვაც და მაცოცხლებელ ცრემლთა სიმრავლეც, რაც შენს სულს თოვლზე უსპეტაკესს და ღრუბელზე უმსუბუქესს გახდის.
შვილო, როცა მდუმარებ და ყურადღებით ამბობ ლოცვას, ანუ როცა გონება ლოცვისკენაა მიპყრობილი და სხვა არაფერზე ფიქრობს, მაშინ ის თანდათან იესოს სიტკბოებას მიუახლოვდება. ამისთვის დიდად დაგეხმარება გამუდმებით თავის დამდაბლება. ყოველთვის გაკიცხე საკუთარი თავი და ნურასოდეს გაამართლებ. ნებისმიერ საკითხში და ყოველი განსაცდელის დროს შენი ძმა გაამართლე და თქვი, რომ მუდამ შენ ცდები. ამას ეწოდება სიმდაბლე.
7. ფრთხილად იყავი, შვილო, წარმოდგენებთან და ცოდვიან ფიქრებთან. ყველაფერი გულისსიტყვაზეა დამოკიდებული. მცველი დაუყენე შენს გონებას, რომ მის წარმოსახვით ნაწილში უზნეო სურათებმა ვერ შეაღწიოს, რადგან მაშინვე ჩნდება საფრთხე, რომ სულმა სცოდოს და დაამწუხროს ის, ვინც ჩვენთვის ჯვარს ეცვა ოდესღაც სამარცხვინო, ახლა კი პატიოსანი ჯვრის ძელზე.
იოლად ხდება სულიერი მრუშობა. როცა ჩვენ შიგნით შემოსულ ბილწ გულისსიტყვებსა და მათ მსგავს წარმოდგენებს გაბატონების უფლებას ვაძლევთ, ეს სხვა არაფერია, თუ არა სულიერი მრუშობა.
დაიცავი თვალი, შვილო, თუ გსურს სიძვის ეშმაკი დაამარცხო. არანაკლებ სახიფათოა უმსგავსო სურათებისა და ჟურნალ-გაზეთების თვალიერება.
8. ყველაზე დიდი ტაძარი, სადაც სიხარულით იმკვიდრებს ღმერთი, მისივე ხელით ნატიფად შექმნილი ჩვენი არსება, ჩვენი სულია, თუ ის წმინდაა.
გულის სიწმინდე გონების ბოროტი აზრებისგან გათავისუფლებით მიიღწევა. სწორედ მათგან იღებს სათავეს ის ბოროტი და ვნებიანი გრძნობები, რომლებიც სხეულს ვნებით აღაგზნებს. შესაბამისად, სულიც და ხორციც იბილწება და გარკვეულწილად იკარგება ორივეს სიწმინდე და უბიწოება.
თავდაპირველი ბოროტი და ვნებიანი აზრი, უწინარეს ყოვლისა კი მისი ვნებიანი წარმოდგენა, ყოველგვარი ცოდვის სათავეა. შეუძლებელია რაიმე ცოდვის საქმით ჩადენა, თუ მას ბოროტი აზრი არ უსწრებს წინ წარმოსახვის სახით.
მაშასადამე, იმისთვის, რომ უდიდეს სიკეთეს – სიწმინდეს მივაღწიოთ, ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით, საჭიროა განვიწმინდოთ გონება ცოდვიანი წარმოდგენებისა და ფიქრებისგან. მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება სიწმინდეს მყარი საფუძველი.
თუ შინაგან გულისსიტყვებზე ზრუნვის გარეშე გვსურს აღვკვეთოთ ბოროტი ქცევა, ამაოდ ვშრომობთ. როცა სულის სიწმინდეზე ვიზრუნებთ, მასში დამკვიდრდება ღმერთი დიდებისა და სული იქცევა უფლის წმინდა, ბრწყინვალე ტაძრად, რომელიც ღვთისადმი უწყვეტი ლოცვის საკმევლის სურნელებას აფრქვევს.
9. რა სარგებელი გვექნება, თუ დღედაღამ ფიზიკურ შრომასა და ჯაფაში ვიქნებით, შინაგანად კი იმ ფესვების ამოძირკვაზე არ ვიზრუნებთ, საიდანაც ყოველგვარი ბოროტება აღმოცენდება?!
აუცილებელია მღვიძარება და უწყვეტი ლოცვა, რომ ჩვენში დაბუდებული ბოროტებისგან გავთავისუფლდეთ და ის სულიერი სიკეთით შევცვალოთ.
გაფრთხილდით, რომ საქმემ დღის განმავლობაში ბაგეებით ლოცვა არ მოგპაროთ. ხმამაღლა იმეორეთ ჩვენი იესოს ყოვლადდიდებული, ტკბილი სახელი და უფალი თქვენს საშველად და სანუგეშებლად მოსვლას არ დააყოვნებს. და რა არის ისეთი, რისი გამოსწორება და განახლებაც არ შეუძლია კურთხეულ ლოცვას!
თავი აიძულეთ იესოს ლოცვისთვის. რატომ უნდა იხეტიალოს გონებამ აქეთიქით და არ მიემართებოდეს იესოსკენ, ვისთვისაც ყველაფერი დავტოვეთ და ყველაფერს ვითმენთ?!
10. შვილო, დაიცავი გონება ბოროტი აზრებისგან. ისინი მოსვლისთანავე იესო ქრისტეს ლოცვით განდევნე. როგორც ფუტკრები იფანტებიან, როცა მათ კვამლით ახრჩოლებენ, ასევე გვშორდება სულიწმიდა ბილწი გულისსიტყვების კვამლის სიმყრალის გამო. როგორც ფუტკრებს იზიდავს ნექტრით სავსე ყვავილები, ისე უახლოვდება სულიწმიდაც იმ გულსა და გონებას, რომლებიც სათნოებებისა და კეთილი აზრების ტკბილ ნექტარს გამოყოფენ.
გონებამ წარმოდგენების გარეშე უნდა მიაპყროს ყურადღება ლოცვის სიტყვებს, რომლებსაც ან თვითონ ამბობს, ან ბაგეები წარმოთქვამს. ყველა მეთოდის მიზანი, ეპიცენტრი არის ის, რომ წარმოსახვის გარეშე ვილოცოთ და ყურადღება გონებით ან ბაგეებით წარმოთქმული სიტყვებისკენ მივმართოთ.
11. გამოცდილებით ვიცი, რომ ღვთისმოსაობა მდუმარების, ლოცვის, განსჯის, განმწმენდი ცრემლის, ჭეშმარიტი სინანულის და ღვთაებრივ საგანთა ჭვრეტის საშუალებით განაახლებს მოღვაწის როგორც სულს, ისე სხეულს. რა თქმა უნდა, ამას ფიზიკური ღვაწლიც ეხმარება, როცა ადამიანი სხეულით ძლიერია. წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამ ღვაწლს მადლიერება და თავისბრალობა ცვლის.
ყოვლისმომცველი ღვთისმოსაობა და მღვიძარება – ეს ყველაფერია. ეს ქრისტესმიერი ცხოვრების მქონე სულის ჭეშმარიტი ნიშან-თვისებაა. ამის გარეშე, ცალსახად, მხოლოდ ასკეტიზმით ადამიანი მცირე სარგებელს ნახულობს, ან გარშემომყოფთა ქებისა და საკუთარი გულისსიტყვებისგან გაამაყებული სრულიად იღუპება. ვისაც არ აქვს სიფხიზლე – ფასდაუდებელი, ყოვლისმომცველი სულიერი ნათელი – ამაოდ შრომობს. ამის გამო, როგორც წიგნებიდანაც ვიცით, მრავალი მეუდაბნოე ასკეტი დაიღუპა.
ღვაწლი ხის ფოთლებს ჰგავს, მღვიძარება კი – ნაყოფს. „ნაყოფთა მათთაგან იცნნეთ იგინი“ (მათ. 7, 16). სწორედ ამ ნაყოფის გამოღება გვაქვს ნაბრძანები. ღმერთმა გაგვინათოს გონება, თუ როგორ ვიაროთ, რადგან შემცირდნენ ჭეშმარიტი წინამძღოლები და ყველა თავის გზას მიუყვება. დაე, ღმერთი გახდეს ყოველი ჩვენგანისთვის უცდომელი გზის მაჩვენებელი.
12. ჩემო შვილებო, როცა ჩვენი სულების მტერი, ეშმაკი, რაიმე სამწუხაროს მოგაგონებთ, შეეცადეთ მაშინვე მოიშოროთ გონებიდან, რადგან ყოველგვარ დაყოვნებას დამღუპველი შედეგი მოჰყვება.
ლოცვითა და მღვიძარებით ეშმაკს საბოლოოდ ვამარცხებთ. მღვიძარების არსი ის არის, რომ გონებით მუდამ ვიფხიზლოთ ბილწი ეშმაკების ვნებიანი გულისსიტყვებისა და წარმოდგენების წინააღმდეგ. აქ სიკვდილ-სიცოცხლის საკითხი წყდება – ან გამოვსწორდებით, ან უარესები გავხდებით. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, სული, რომელიც გონიერად ლოცულობს, სძულს და უგულებელყოფს სხვადასხვა მზაკვარ გულისსიტყვებს, დროთა განმავლობაში განიწმინდება და უბიწო ხდება.
13. მოვიგერიოთ გულისსიტყვის თავდასხმა და გამოჩენისთანავე შევეწინააღმდეგოთ ცოდვას, რომელიც თითქოს უმნიშვნელო გულისსიტყვის სახით მოდის. ასე, ქრისტეს მადლით, თავს დავაღწევთ ძალზე მწარე და რთულ გამოცდილებას. თავიდან ცოდვა მზაკვარ მელასავით შეუმჩნევლად გვეპარება, შთაგვაგონებს და გვარწმუნებს, რომ ჭიანჭველაა და ისევე არ არის საჭირო მისთვის ყურადღების მიქცევა, როგორც ჭიანჭველასთან ომი. სულიც უდებებაში ვარდება და დუნდება. სულ მცირე ხანში კი ერთი ბეწო ჭიანჭველა მოუთვინიერებელ ლომად იქცევა და სულს დიდი შრომა მოუწევს.
14. ხორციელ ბრძოლაში ადამიანი მხოლოდ მაშინ გადარჩება, თუ მტერს ზურგს შეაქცევს, ანუ წარმოდგენებსა და გულისსიტყვებს გამოჩენისთანავე გაექცევა. ნუ გამოიძიებ წარმოდგენებს, ნურც საუბარს გაუბამ მათ! წარმოსახვა დიდი და საშინელი მახეა. რასაც ადამიანი თვალით და შეხებით თავს აარიდებს, იმას ძალზე ადვილად ახლოს მოუტანს წარმოსახვა.
იბრძოლე, რომ გონება სრულიად გაათავისუფლო ყველა ამქვეყნიური საგნისა და მოვლენის წარმოსახვისგან, რაც შენი მონასტრის გარეთ არის. მხოლოდ ერთმა ფიქრმა უნდა შეცვალოს ყველაფერი – ჩვენი სათაყვანებელი იესოს ხსოვნამ.
თუ შენს სენაკში რაიმე ნივთი ვინმეს გაგონებს, აუცილებლად უნდა მოიშორო, რომ ყველა საშუალებით თავიდან აიცილო ბრძოლის საბაბი.
ეცადე გონებიდან წაშალო შენი წარსული და როცა ის შენს მოსაშთობად აღდგება, უხმე იესოს, რომელიც ყოველთვის მზად არის შეგეწიოს.
საშობაო ეპისტოლე - 1983
ყოვლადსამღვდელო მიტროპოლიტებს, მთავარეპისკოპოსებს, ეპისკოპოსებსა და საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ სულიერ შვილებს, მცხოვრებთ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ!
... აჰა სამკვიდრებელი ღმრთისაჲ კაცთა თანა და დაიმკვიდროს მათ თანა, და იგინი იყვნენ ერ მისა, და იგი ღმერთი თავადი მკჳდრ იყოს მათ შორის (გამოცხადება 21, 3)
ყოვლადსამღვდელო მწყემსმთავარნო, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის სათნო სულიერო შვილნო, მკვიდრნო საქართველოისა და მცხოვრებნო მის საზღვრებს გარეთ!
ღვთის დიდი სიყვარულის წყალობით კვლავაც მშვიდობითა და კეთილდღეობით ვხვდებით უდიდესსა და ღვთივშემოსილ დღესასწაულს - ქრისტეს შობას, ზეიმს, რომელიც მთლიანად მოიცავს ყოველი თაობის ადამიანის გულსა და ცნობიერებას, ზატიკს, რომელიც მეფობს საუკუნეებზე. ეს ის სასიხარულო და ნათელმოსილი დღეა როდესაც ჩვენ ბეთლემელ მწყემსებსა და აღმოსავლელ მოგვებთან ერთად გონებით მივემგზავრებით იმ გამოქვაბულისაკენ, რომელსაც წილად ხვდა ბედნიერება, წიაღსა შინა თვისსა მიეღო ახლადშობილი ყრმა, მაცხოვარი ქვეყნისა.
ჯერ კიდევ ქრისტეს შობამდე წარმართული სამყაროს საუკეთესო წარმომადგენელნი ცხოვრობდნენ იმედით, რომ ღვთის გზის მაძიებელი ხალხის გულში ჭეშმარიტი სარწმუნოება აღმოცენდებოდა და ხსნას ყოვლისმიმტევებელი ღმერთის სიყვარულის წყალობით მოიპოვებდა. I საუკუნის რომაელი ისტორიკოსების, ტაციტუსისა და სვეტონიუსის მოწმობით, აღმოსავლეთის ტერიტორიაზე მცხოვრებთა შორის გავრცელებული იყო აზრი იმის შესახებ, რომ მათ მოევლინებოდა მეფე, რომელიც დაამყარებდა მშვიდობასა და წესრიგს ხალხთა შორის. რომაელი პოეტი ვერგილიუსი ადიდებდა იმ ჩვილს, რომელიც გარდამოხდებოდა ზეცით, მომადლებდა ქვეყანას მშვიდობას და დაუბრუნებდა დედამიწას "ოქროს ხანას". კაცობრიობა თრთოლვით მოელოდა ძველი აღთქმის წინასწარმეტყველების აღსრულებას - მოვლინებას ქვეყნის მხსნელისა და ღმრთისა ჩვენისა, იესო ქრისტესი... და ბოლოს, ღმერთი უფალი გამოგვიჩნდა ჩვენ.
ქრისტეს შობის ღამეს ბეთლემის ზეცას მოეფინა ანგელოზთა სადღესასწაულო გალობა: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, და ქვეყანასა ზედა მშვიდობაჲ და კაცთა შორის სათნოებაჲ (ლუკა 2,14). დღეს ეს დიადი ქებათა ქება კვლავაც ისმის სამყაროში და ქრისტიანთა გულებს ავსებს უსაზღვრო სიხარულით, რომლის არსიც წმ. მოციქულმა იოანე ღვთისმეტყველმა ასე გამოხატა: და სიტყუაჲ იგი ჴორციელ იქმნა და დაემკჳდრა ჩუენ შორის... სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა (იოანე, 1,14).
კავშირი უფალთან და ზიარება ღვთიურ მადლსა და ჭეშმარიტებასთან - აი, ის სიხარული, რასაც ემყარება ჩვენი ბედნიერება და კეთილდღეობა. ღმერთთან მიახლოებით ადამიანში ახლდება ყოველივე ის, რაც ცოდვის გამო მოისპო მასში. ქვეყნად მაცხოვრის მოვლინებით სათავე დაედო კაცობრიობის დაბრუნებას ნათლისა და ჭეშმარიტებისაკენ. ამისთჳს შობილ ვარ და ამისთჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი (იოანე 18,37) - ბრძანებს უფალი. აი, ეს მარადიული და მხსნელი ჭეშმარიტება გვიზიდავს ჩვენ.
მაგრამ როგორ მივაღწიოთ ღმერთთან შინაგან, სულიერ ერთიანობას? თითოეული ჩვენგანი გრძნობს ამის საჭიროებას, რადგანაც ადამიანს უკვე აღარ ძალუძს გაუმკლავდეს იმ ტანჯვასა და წინააღმდეგობებს, რომლებიც გამუდმებით წარმოიშვება მის გარშემო. აუცილებელია შემწეობა ყოვლისშემძლე ძალისა, ზეცით გარდამოვლენილისა ჩვენთვის.
ადამიანსა და ღმერთს შორის კავშირისათვის აუცილებელი პირობაა ურყევი რწმენა და თავდადებული სიყვარული. ეს ის მყარი საფუძველია, რომელზეც უნდა ავაშენოთ ჩვენი სულიერი შენობა. წმ. წინასწარმეტყველმა იოანე ნათლისმცემელმა თავისი ქადაგება შემდეგი სიტყვებით დაიწყო: შეინანეთ, რამეთუ მოახლოებულ არს სასუფეველი ცათაჲ (მათე 3,2). სინანულისა და შინაგანი სრულყოფის გარეშე შეუძლებელია ღმერთთან მიახლება. ქრისტესთან რომ ვიყოთ და მისი ყოვლისშემძლე შემწეობა ვიგრძნოთ, პირველ რიგში უნდა განვიწმიდოთ ყოველგვარი სულიერი და ხორციელი ბიწისაგან, ე.ი. უნდა განვთავისუფლდეთ ცოდვებისაგან. ძალიან ხშირად ჩვენი თავი მიგვაჩნია მართალ, წმიდა ადამიანად, და ამავე დროს არად ვაგდებთ ყოველდღიურ ცოდვებს, რომლებიც სატანჯველისკენ გვიბიძგებენ. ასე ვფიქრობთ: მე არავინ მომიკლავს, ხოლო პატარ-პატარა ცოდვები კი ყველას აქვსო. საშიშია ამგვარი მსჯელობა. მთა ხომ როგორც დიდი ქვებისგან, ისე კენჭებისგანაც შედგება. ღვთის წინაშე უმნიშვნელო ცოდვა არ არსებობს, ყოველგვარი გარდახდომა უფლის მცნებისაგან შეურაცხჰყოფს მის სიდიადეს და გვაშორებს მას. მეფე და წინასწარმეტყველი დავითი, როდესაც ფსალმუნს წერდა, ძრწოლვით უხმობდა უფალს: უფალო, ნუ გულისწყრომითა შენითა მამხილებ მე, ნუცა რისხვითა შენითა მსწავლი მე... არა არს მშვიდობაჲ ძუალთა ჩემთა პირისაგან ცოდუათა ჩემთაჲსა, რამეთუ უშჯულოებანი ჩემნი აღემატნეს თავსა ჩემსა და, ვითარცა ტვირთი მძიმე, დამიმძიმდეს ჩემ ზედა (ფსალმ. 37;2,4,5).
პავლე მოციქული, ეკლესიის ბურჯი, სახარების ქადაგებისათვის ყველაზე მეტად დამაშვრალი, წუხდა, რომ უფლის წინაშე მხოლოდ ცოდვებითა და უძლურებით წარდგებოდა.
სიტყვა სინანული არა მარტო საკუთარი ცოდვების შეგნებას ნიშნავს, არამედ თვითშეგნების გარდაქმნასაც, როდესაც პიროვნება ღმრთისადმი, მოყვასისადმი, თვით თავისი თავისა და ცხოვრებისადმი დამოკიდებულების ახლებურად გააზრებას იწყებს. ასეთი ადამიანი გრძნობს თავის სისუსტეს და, ამასთან ერთად, ეძებს გზას ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად. ღირსი მამა ისააკ ასური ამბობს: ნეტარ არს კაცი, რომელი შეიცნობს უძლურებასა თვისსა, რამეთუ ცოდნა ესე ხდება მისთვის საფუძველი და საწყისი ყოველივე კეთილწარმატებისა (ისააკ ასური, 61-ე სიტყვა).
როდესაც სინანულის გზას შეუდგები, ნუ იქნები უგრძნობელი და გულქვა, არამედ სცან დაცემა შენი და იგლოვდე ცოდვათათვის შენთა. წმიდა იოანე ოქროპირი წერს: სტიროდე არა უბრალოდ, არამედ მწარედ, ვითარცა პეტრე; სულისა შენისა სიღრმეთაგან გადმოღვარე ნაკადულნი ცრემლთანი, რათა უფალმან მოწყალებით შეგინდოს შეცოდებანი. კაცთმოყვარე ღმერთი შენგან შრომას ითხოვს მცირედს და თვით მოგაგებს დიდებულს, შენგან ელის მიზეზს, რათა დაგაჯილდოვოს ცხონებით. შესწირე მას ცრემლნი შენნი და მან მოგანიჭოს შენდობა (თხზ. ტ. II, გვ. 322-323).
ჩვენ ვლაპარაკობთ სინანულზე, აღსარებაზე, მაშინ, როცა ადამიანმა ხშირად არც კი იცის რა უნდა მოინანიოს, რა ითვლება ცოდვად. ზოგიერთს მიაჩნია, რომ ცოდვა ჩვენი თვისებაა, თითქოს იგი ჩვენი ბუნების ნაწილია. ცნობილია, რომ ადამიანი ღვთის მსგავსად არის შექმნილი. ის, რაც არ შეესატყვისება შემოქმედის სახეს, არ არის ჩვენი ბუნებისეული. მაშ, რას წარმოადგენს ცოდვა ღვთისმეტყველთა გაგებით? ცოდვა ბოროტებაა, რომელიც პიროვნებაში მისი ნებით შედის. ბოროტება ანუ ცოდვა ადამიანის ბუნება კი არ არის, მისი მდგომარეობაა. პროკლე დიადოხოსის თქმით: "ბოროტისადმი ჩვენს მიდრეკილებას სძლევს ბუნება სიკეთისა, რადგანაც სიკეთე არსებობს, ბოროტება კი არ არსებობს, უფრო სწორად, ბოროტება არსებობს მაშინ როდესაც მას გამოავლენენ" (საღვთისმეტყველო შრომები, 1972 წ. გვ.69). ცოდვა შედეგია ნების სისუსტისა ან სნეულებისა, იგი ამბოხია ღვთის წინააღმდეგ, რადგანაც ცოდვით ვარღვევთ მის მცნებებს. ამასთან, ის ერთგვარი სენია, რომელიც ცდილობს დამკვიდრდეს ადამიანში და დააავადოს იგი. პიროვნება თავისი სურვილით უთმობს ადგილს ბოროტებას და შეჰყავს ცოდვა თავის სამყაროში, თანხმდება იყოს მისი მორჩილი.
ასე რომ, ცოდვა უცხო, არაბუნებრივი მდგომარეობაა ადამიანისა და მისგან კაცი მხოლოდ სინანულითა და აღსარებით თავისუფლდება. ცოდვა მრავალგვარი არსებობს. ამ ეპისტოლეში მხოლოდ ზოგიერთ მათგანზე შევჩერდებით, ისეთზე, ხშირად რომ გვხვდება და გვაშორებს ღმერთს.
პირველი და ძნელადგამოსასწორებელი ცოდვა ამპარტავნებაა. ეს ის პირველი ცოდვაა, ანგელოზი ეშმაკად რომ აქცია. ბიბლიაში ბევრგანაა თქმული ამპარტავნების შესახებ. ბრძენი სოლომონი ამბობს: მოდის მედიდურობა და მოჰყვება დამცირება (იგავნი 11,2); დამხობას წინ უძღვის ამპარტავნება, დაცემას - ქედმაღლობა (იგავნი 16,18). იაკობ მოციქულთან ვკითხულობთ: ამპარტავანთა შეჰმუსრავს ღმერთი, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი (იაკობი 4,6).
რა არის ამპარტავნება? მას ძალიან სხარტად და ლაკონურად განმარტავს ღირსი მამა იოანე კიბისაღმწერელი. ამპარტავნება უკიდურესი სიღატაკეა სულისა. ფილოსოფია და მსოფლიო ლიტერატურა მდიდარია მრავალგვარი განსაზღვრებითა და მაგალითით ამ ნაკლისა, მაგრამ დასკვნა საერთოა: ქედმაღლობა მანკიერი გრძნობაა, საძრახი და ყოვლად დამამცირებელი. იგი გვიჩვენებს, რომ პიროვნება არ იცნობს თავის თავს. ამპარტავანს სხვისი უპირატესობა აღიზიანებს. წმ. ეფრემ ასურის თქმით, ამპარტავანი ვერ იტანს მასზე უკეთესს, ასეთისა ან შურს, ან ეჯიბრება მას. იგი ვინმეს შექებას საკუთარ დამცირებად და შეურაცხყოფად იღებს.
მეორე ცოდვა, რომელიც ხშირად გვხვდება და დაკავშირებულია ქედმაღლობასთან, არის მრისხანება. ეკლესიასტეს წიგნში ვკითხულობთ: ნუ მოსწრაფე ხარ სულსა შინა თჳსითა გულისწყრომად, რამეთუ გულისწყრომა წიაღთა შინა უგუნურთასა განისუენებს (ეკლ. 7,10). წმ. პავლე მოციქული გვაფრთხილებს: ყოველი სიმწარე და რისხვაჲ და გულის წყრომაჲ და ღაღადებაჲ და გმობაჲ მოისპენ თქუენ შორის ყოვლითურთ უკეთურებით (ეფესელთა, 4,31). უკეთური, მრისხანე ადამიანი პირველ რიგში საკუთარ თავს ვნებს, შემდეგ კი სხვებს. რისხვა უარყოფითად მოქმედებს გონებაზე, გულზე, ნერვულ სისტემასა და საერთოდ მთელ ორგანიზმზე. ღირსი მამა იოანე კასიანე მრისხანებას სასიკვდილო შხამს უწოდებს. მძვინვარე კაცი ვეღარ საზღვრავს; მან შეიძლება შეურაცხყოს სუსტი, დაამციროს, გაანაწყენოს უძლური, შეიძლება ისეთი საქციელი ჩაიდინოს, სულს მოუშუშებელ ჭრილობად რომ დარჩება სიცოცხლის ბოლომდე. გულისწყრომისა და გულფიცხელობისაგან მორჩილება, სიმშვიდე, სიმდაბლე გვკურნავს. უფალი გვასწავლის: აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ (მათე 11,29). გულფიცხელნი და მრისხანენი საბრალონი არიან; განერიდეთ ამ ცოდვას.
მძიმე ცოდვა, ტვირთად რომ გვაწევს ჩვენ, არის შური. იაკობ მოციქული წერს: სადა არს შური და ჴდომაჲ, მუნ შფოთი და ყოველი ბოროტისა საქმე (იაკობი 3,16). ბრძენი სოლომონი ამბობს: ნუ ისერებ კაცისა თანა მოშურნისა (იგავნი 23,6).
შური სხვა ადამიანის კეთილდღეობით, უპირატესობით ანდა სხვა რაიმე წარმატებით გამოწვეული წყენა და გაღიზიანებაა. იგი ყველას მიერ დაგმობილი, მაგრამ მაინც მრავალთათვის დამახასიათებელი ნაკლია, რომლის დამალვასაც საგულდაგულოდ ცდილობენ. შურმა შეიძლება კაცი ბოროტმოქმედად აქციოს. საოცარია, ეს ცოდვა მატერიალურ სამყაროში უფრო მეტად ვლინდება; იშვიათად თუ ვინმეს შეშურდეს ადამიანის სულიერი მიღწევებისა. არ შურთ იმისი, ვისაც უფრო დიდი სარწმუნოება და სიყვარული აქვს, ვინც მეტის მომთმენია, ვინც კეთილთა ნიჭთა მოპოვებას ესწრაფვის. იაკობ მოციქულის ეპისტოლეში ვკითხულობთ: ხოლო უკეთუ შური მწარე გაქუნდეს და ჴდომაჲ გულთა შინა თქუენთა, ნუ იქადით და სტყუით ჭეშმარიტებასა ზედა (იაკობი 3,14). ე.ი. ნუ მოიწონებთ თავს ქრისტიანის სახელით და ნუ იცრუებთ, თითქოს შური იმდენად უბრალო რამ იყოს, რომ იგი ჭეშმარიტებას ზიარებული კაცისთვის დასაშვებად მიიჩნიოთ. მოციქული პავლე კორინთელთა ეკლესიას აფრთხილებდა: რამეთუ სადაღა თქუენ შორის შური და ჴდომაჲ და განწვალებანი, არა ჴორციელვეღა ხართა და კაცობრივ იქცევით (1 კორ. 3,3); შურით ანთებული ადამიანი კილავს და აძაგებს ყველას, ვისაც ეჯიბრება: მტერსა თუ მოყვარეს. ხშირად უნიჭოებს დიდი პრეტენზიები აქვთ, საქმით კი არაფერს აკეთებენ და ამ სამწუხარო გრძნობის მორჩილნი პატიოსან და უდანაშაულო ადამიანებს განიკითხავენ.
არ შეიძლება ერთდროულად იყო ქრისტიანი და ამავ დროს შურით შეპყრობილი. სიყვარული და შური ისევე შეუთავსებელია, როგორც ნათელი და ბნელი.
ძმანო და დანო ჩემნო! განარიდეთ გულნი თქვენნი შურსა, ხედვიდეთ რა წარმატებას მოყვასისა თქვენისა, იხარებდეთ მის თანა. დაეხმარეთ ნიჭმიმადლებულს, გამოავლინოს თავისი შესაძლებლობანი. გახსოვდეთ, ღმერთი თქვენს გულს ხედავს და მოგაგებთ სიმდიდრისაებრ გულისა თქვენისა.
აღნიშნულის გარდა არსებობს სხვა ცოდვებიც: პატივმოყვარეობა, სიზარმაცე, სასოწარკვეთილება, მრუშობა, სიძუნწე, სიძულვილი, ღვარძლი, განკითხვა... ისინი გვაშორებენ ღმერთს და შინაგან ჰარმონიას ურღვევენ ჩვენს სულს. ადვილი არ არის ცოდვებისაგან გათავისუფლება. ეს მით უფრო ძნელია, თუ ისინი უკვე ჩვეულებად ქცეულან. მთავარია ადამიანს შინაგანად სძულდეს ცოდვა და მის მოკვეთას ცდილობდეს. თუ გაქვს სურვილი გამოსწორებისა, უკვე სწორ გზაზე დგახარ. ამ დროს უნდა იჩქარო ტაძრისაკენ. მიდი მღვდელთან, როგორც სულის მკურნალთან, და გაუმხილე შენი ნაკლოვანებანი. მისი ლოცვითა და კურთხევით თვით ღვთისაგან მიიღებ შენდობას.
მღვდლის წინაშე თქმული აღსარება აუცილებელი პირობაა სინანულისა, რადგანაც მოძღვარს ღვთისაგან აქვს მინიჭებული უფლება ცოდვათა მიტევებისა. ზოგჯერ ამბობენ: რა საჭიროა ეკლესიაში მღვდელთან მისვლა? განა არ შეიძლება თვით უფალს უთხრა შენი ცოდვები და მოინანიო მის წინაშე? ასეთ ადამიანებს არ ესმით აღსარების საიდუმლო და მღვდლის შენდობის ძალა. აღსარება განწმედაა, მეორე ნათლობაა, როგორც მას წმ. მამები უწოდებენ, იგი შერიგებაა ღმერთთან, შინაგანი სიმშვიდეა, დაწყნარებაა.
როდესაც ჩვენი სულიერი ჭურჭელი განსპეტაკდება, თავმდაბლად და კრძალვით უნდა მივიღოთ წმიდა ზიარება.
რა არის ზიარება და რატომაა იგი აუცილებელი? წმ. ზიარება თვით უფალმა იესო ქრისტემ დაადგინა საიდუმლო სერობისას. წმ. მოციქულის, ლუკას სახარებაში ვკითხულობთ: იესო ქრისტემ მოიღო პური, ჰმადლობდა, და განტეხა და მისცა მათ და თქუა: ესე არს ჴორცი ჩემი თქუენთვის მიცემული, ამას ჰყოფდით მოსაჴსენებელად ჩემდა. ეგრეთვე სასუმელი შემდგომად სერობისა და თქუა: ესე სასუმელი - ახალი სჯული სისხლისა ჩემისაჲ თქუენთჳს დათხეული (ლუკა, 22,19-20).
ღვთის ხორცად და სისხლად გარდაქმნილი პურითა და ღვინით პირველად მოციქულნი ეზიარნენ. უფლის ხორცისა და სისხლის მიღებისას მაცხოვარი მიუთითებს, რომ ადამიანისთვის არ არის საკმარისი მხოლოდ ხორციელ პურზე ზრუნვა, მისთვის აუცილებელია სულიერი საზრდელი, რომელიც მას შემოქმედთან დააკავშირებს, ხელს შეუწყობს მისი სულის ზეაღსვლას მიწიდან ზეციურ ეკლესიასთან შეერთებისთვის.
მაზიარებელნი, უერთდებიან რა მაცხოვარს, მისი საშუალებით უკავშირდებიან ერთმანეთს მტკიცე ორგანული კავშირით და ქმნიან ქრისტეს ერთიან მისტიურ და ამავე დროს რეალურ სხეულს - ეკლესიას. ყოველი ქრისტიანი თვეში ერთხელ მაინც უნდა ეზიაროს, რომ სულიერად განმტკიცდეს. ეს საიდუმლო ეხმარება ადამიანს ნაკლოვანებათა, ვნებათა დაძლევაში, ხილულ და უხილავ მტერთა წინააღმდეგ ბრძოლაში. მარხვის დღეებში, ვინც მარხვას ინახავს, შეუძლია, ყოველ კვირას ეზიაროს. ასე რომ, ზიარება უდიდესი საიდუმლოა. ზიარებისას ჩვენში ვიღებთ მეუფესა ზეცათასა და ქვეყანისასა, რომლის ძალა და ძლიერებაც საზღვარდაუდებელია. ამით კი გვენიჭება მადლი სიკეთის ქმნისა.
სიკეთის ქმნა ადამიანის ისეთივე ბუნებრივი თვისება უნდა იყოს, როგორც კეთილი ხისათვის კეთილი ნაყოფის გამოღება, ხოლო ბოროტება ისევე შეუძლებელი - როგორც ვერ ჴელ-ეწიფების ხესა კეთილსა ნაყოფისა ხენეშისა გამოღებად (მათე 7,17-18).
"ჭეშმარიტი სიბრძნისმოყვარენი და ძმათმოყვარენი, - ამბობს წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, - ესწრაფვიან ქმნას სიკეთისას თავად სიკეთისათვის და არა პატივისათვის ცათა შინა" (წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, თხზ. მ. 1889. გვ.97).
თითოეული ჩვენგანი ღვთივქმნილი მშვენიერი ჭურჭელია, რომელიც უფლის მადლით უნდა იყოს სავსე და წარმოადგენდეს ტაძარს სულისა წმიდისა.
სულიერი განწმენდის, აღსარებისა და ზიარების შემდეგ ადამიანი გარდამავალი ფერებით მბრწყინავ ანდამატივით ნათობს: მისი სული ხდება სავანე სიყვარულისა, თავმდაბლობისა, სიმშვიდისა, მოთმინებისა, სიწმინდისა, ლოცვისა, მარხვისა და სხვა იმ მაღალ ღირსებათა, რომლებიც პიროვნებას ღვთით ენიჭება.
ძმანო და დანო, მოგმართავთ რა საშობაო ეპისტოლეთი, მინდა თქვენი ყურადღება შევაჩერო იმ პრობლემაზე, რომელიც დღეს მთელს კაცობრიობას აწუხებს. ეს არის ბირთვული განადგურებისაგან ქვეყნის დაცვის საკითხი.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია ყოველთვის იყო და კვლავაც დარჩება თავისი საუკუნოვანი ტრადიციების ერთგული, იგი წმიდად იცავს და მსოფლიოში ქადაგებს ხალხთა შორის ურთიერთგაგებასა და თანხმობას და ამით ხელს უწყობს დედამიწაზე მშვიდობის შენარჩუნებისათვის ბრძოლას. ჩვენი მისწრაფება მშვიდობისკენ - ეს ქრისტიანული რელიგიის არსებითი მხარეა. ყველა ადამიანი და ყველა ხალხი თანასწორუფლებიანია. მიგვაჩნია, რომ თითოეული ადამიანის და განსაკუთრებით კი მორწმუნე ქრისტიანის ვალია, ყოველგვარი საშუალებით წინ აღუდგეს ომის გაჩაღების საფრთხეს. ომისა და მშვიდობის პრობლემა საერთო პრობლემაა. იგი მოიცავს და აღელვებს ყველას, განურჩევლად მისი რელიგიურ-კულტურული თუ პოლიტიკური შეხედულებებისა, რადგანაც ყველა გრძნობს ბირთვული კატასტროფის საფრთხეს. ეს საერთო დაინტერესება განსაკუთრებით ნათლად გამოვლინდა მოსკოვში, 1982 წლის 10-14 მაისს ჩატარებულ მსოფლიო კონფერენციაზე - "რელიგიური მოღვაწენი ბირთვული კატასტროფისაგან სიცოცხლის ღვთაებრივი მადლის გადასარჩენად", სადაც საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ აქტიური მონაწილეობა მიიღო. მოსკოვის კონფერენციის შემდეგ მსოფლიო მოწმე გახდა ჩვენი სახელმწიფოს მიერ აღებული მეტად მნიშვნელოვანი ახალი სამშვიდობო ინიციატივის, რომ იგი პირველი არ გამოიყენებს ბირთვულ იარაღს. ეს ცალმხრივი ვალდებულება დიდი აღფრთოვანებით მიიღო მსოფლიომ. თუ სხვა ქვეყნების მეთაურნიც იკისრებენ ამგვარ ვალდებულებას, შესაძლებელი იქნება მსოფლიოს ხსნა ბირთვული ნგრევისაგან...
ყველას გვესმის, რომ მშვიდობისათვის ბრძოლის საქმეში მიღწეულით არ შეიძლება დავკმაყოფილდეთ, აუცილებელია გავაერთიანოთ და გავამრავლოთ მშვიდობის მომხრეთა ძალები. ჩვენ აღვავლენთ ლოცვებს მშვიდობისათვის მთელს მსოფლიოში, ხალხთა და სახელმწიფოთა შორის ურთიერთნდობისა და სამართლიანობის განმტკიცებისათვის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს მოციქულთა სიტყვები: მოიძიენ მშჳდობაჲ და მისდევდინ მას (I პეტრე 3,2). გახსოვდეს, რომ მშჳდობასა გჳწოდნა ჩუენ ღმერთმან (I კორინთ. 7,15). სცნათ ჭეშმარიტი, და ჭეშმარიტებამან განგათავისუფლნეს თქუენ (იოანე 8,32).
ჭეშმარიტების ძიებაში საუკუნეთა მანძილზე კაცობრიობამ მრავალი გზა და ბილიკი განვლო, თავის თავზე გამოსცადა და გადაიტანა ყოველივე, რასაც მოიცავს ადამიანის სული: მიწიერების უარმყოფელი უკიდურესი მისტიციზმიდან უკიდურეს ღვთის უარყოფამდე, და მხოლოდ მაშინ, როცა ეს გზები გავლილი იყო და ძალები ამოწურული, დადგა ჟამი, ოდეს სიტყვა ხორციელ იქმნა, მოგვევლინა იესო ქრისტე - ტარიგი ღვთისა, რომელმან აღიღო ცოდვანი სოფლისანი.
მხოლოდ ქრისტიანობაში პოვა შინაგანი სრულყოფა მთელი კაცობრიობის რელიგიური ძიების ხანგრძლივმა და მძიმე მსოფლიო ისტორიულმა პროცესმა.
საშობაო ეპისტოლე წმ. ეფრემ ასურის სიტყვებით მსურს დავამთავრო: "დღეჲ ესე არს დღეჲ ცხონებისა, ღამეჲ ესე მშჳდობასა და მყუდროებას მიანიჭებს მსოფლიოს. აწინდელი ღამე ეკუთვნის მშვიდს (იესო ქრისტეს). ამისთვის განაგდოს ყოველმან რისხუაჲ და სიფიცხლეჲ, დააყუდოს ამპარტავნებაჲ და ზვაობაჲ თჳსი, აწ აღმობრწყინდა დღეჲ იგი წყალობისა და ნუ ეუფლება ვისმეს გრძნობაჲ შურისგებისა წყენისათვს მისისა, ნუ იქმნება ვინმე მიზეზი სხვისი ჭირისა და მწუხარებისა. ეს დღე უღრუბლო და ნათელია, დაე, მოიდრიკოს მის წინაშე რისხვამ, შემმუსრველმა მშვიდობისა და მყუდროებისა" (ეფრემ ასური, 1904, გვ.138).
მადლი უფლისა, სიყვარული, მშვიდობა და სიხარული თქვენ ყოველთა თანა!
კიდევ ერთხელ გილოცავთ დიად დღესასწაულს - ქრისტეს შობას!
გისურვებთ მარადიულ სიხარულს, რამეთუ ჩვენთან არს ღმერთი!
ქრისტეს შობა
თბილისი, 1983
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II
საშობაო ეპისტოლე - 1997
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის ღვთივკურთხეულ შვილებს:
"შეჰღაღადეს უფალს თავიანთი მწუხარების ჟამს
და გაჭირვებიდან იხსნა ისინი, და დააყენა ისინი
სწორ გზაზე" (ფს. 106,6-7).
"აჰა მოვა უფალი ღმერთი ძლიერებით და იხელმწიფებს მისი მკლავი, აჰა საზღაური მასთანაა და მის წინაშეა გასამრჯელო და როგორც მწყემსი, დამწყსის თავის ფარას", - ბრძანებს ესაია წინასწარმეტყველი (ესაია 40,10-11).
დასასრულს უახლოვდება მეორე ათასწლეული, - რთული და წინააღმდეგობებით სავსე დრო; დრო, როდესაც შეიძლება ბევრი რამ ადვილად შეიძინოს კაცმა და შეიძლება, ყველაფერი ერთბაშად დაკარგოს. მთავარია, არ დავივიწყოთ, რომ ჩვენი მიწიერი ყოფა დასაწყისია მარადიული ცხოვრებისა. ამიტომაც ყოველნაირად უნდა ვეცადოთ, ამქვეყნადვე დავუახლოვდეთ უფალს, ყოვლადწმიდა სამებას გავუღოთ გულის კარი, რათა დაივანოს მასში და იყოს ჩვენთან განუშორებლად. მხოლოდ ამ შემთხვევაში გავხდებით თანაზიარნი სინათლის, მშვიდობის, სიხარულის და ნეტარებისა.
დღეს ყველანი დიდებული ზეიმის - ქრისტეს შობის მონაწილენი ვართ.
როგორც ვიცით, ძე ღვთისას ამქვეყნად მოვლინების პირველი მაუწყებელი იყო უჩვეულოდ ნათელი ვარსკვლავი, რომელმაც უწინამძღვრა ბრძენ მოგვებს აღმოსავლეთიდან ვიდრე ბეთლემის გამოქვაბულამდე.
საზეიმო სიჩუმე და სიწყნარე იდუმალი ღამისა დაარღვია ელვარე ნათლით მოსილმა ანგელოზთა საგალობელმა: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (ლკ. 2,14), რომელიც ყოველთა უწინარეს მწყემსებმა გაიგონეს.
ღვთაებრივმა სიყვარულმა შესაძლებელი გახადა უფლის განკაცება. "სიტყვა იგი ხორციელ იქმნა და დაემკვიდრა ჩვენს შორის, სავსე მადლითა და ჭეშმარიტებითა" (იოანე 1,14), - ვკითხულობთ სახარებაში, რაც ერთხელ კიდევ გვახსენებს იმ რეალობას, რომ სიტყვა ღვთისა მთლიანად მოიცავს მადლსა და ჭეშმარიტებას; და რომ უფალი, ამავე დროს, ამ ნიჭით აჯილდოებს ყველას, მასთან რწმენით და სიყვარულით მიმავალს. სამწუხაროდ, ადამიანები ხშირად თავისი ნებით ამბობენ უარს მადლსა და ჭეშმარიტებაზე, რადგან ჩაფლულნი არიან ცოდვის ჭაობში და აღარ ძალუძთ იქიდან გამოსვლა.
ყველა გონიერ ადამიანს აღელვებს და აინტერესებს არა მარტო საკუთარი ბედ-იღბალი, არამედ თავისი ხალხის და, საერთოდ, მთელი მსოფლიოს აწმყო და მომავალი. როდესაც უყურებ მიმდინარე პროცესებს, ზოგჯერ გულგატეხილობა გეუფლება; გეჩვენება, თითქოს კაცობრიობა სადღაც უძირო უფსკრულისაკენ მიექანება და აღარ არსებობს ძალა, რომელიც მოახლოებულ ტრაგედიას შეაჩერებს, მაგრამ ეს ასე არ არის. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ის, რაც კაცთათვის შეუძლებელია, ღვთისათვის არის შესაძლებელი, ოღონდ მთავარია, სწორ გზაზე დავდგეთ და სწორად ვიცხოვროთ.
ხშირად მთელ ჩვენს ძალებს ვახმართ ფუჭ და ამაო საქმეს, რაც კიდევ უფრო ამყარებს ჩვენს ეგოიზმს; გვავიწყდება კი, რომ ასეთი ცრუ შინაგანი სიმტკიცე დამღუპველია და პირიქით, მოყვასის სიყვარულით, ჩვენი "მე"-ს, ჩვენი ეგოისტური სურვილების უარყოფით, ვაღწევთ უმაღლეს სულიერ სიძლიერესა და სიმტკიცეს. სულიერი აღმასვლის ამ კიბეზე მთავარი მამოძრავებელი ძალა სიყვარულია.
ცნობილი ფილოსოფოსი ვლადიმერ სოლოვიოვი წერს: "სიყვარული ნიშნავს თვითუარყოფას, სხვისთვის მსხვერპლის გაღებას. ამასთან თვითუარმყოფელ პიროვნებაში ხდება უმაღლესი თვითდამკვიდრება. სიყვარულის ანუ თვითუარყოფის უარყოფა, ე.ი. ეგოიზმი, არ არის ნამდვილი თვითდამკვიდრება, იგი უნაყოფო, დაუკმაყოფილებელი სწრაფვა და ძალისხმევაა თვითდამკვიდრებისათვის, რომლის შედეგად იბადება ეგოიზმი, რომელიც იქცევა ყველა განსაცდელის სათავედ. ჭეშმარიტი თვითდამკვიდრება კი მხოლოდ საკუთარი თავის უარყოფით მიიღწევა. ასე რომ, როდესაც ვამბობთ: აბსოლუტური პირველსაწყისი არის ერთიანობა საკუთარი თავისა და საკუთარი ნების უარყოფისა, ამით უფრო გასაგები ენით ვიმეორებთ მოციქულის სიტყვებს - ღმერთი სიყვარული არს" (2,310). მაშასადამე, რაკი ეგოიზმის დამამარცხებელი ძალა მხოლოდ ნამდვილი სიყვარულია, ეგოიზმის დაძლევით მიიღწევა ჭეშმარიტი თვითდამკვიდრება.
აი, ამ მიმართულებით უნდა მოხდეს აღზრდა და განვითარება ჩვენი ხალხისა, ჩვენი ახალგაზრდობისა.
სიყვარულის სხვადასხვა სახე არსებობს. ყველაზე მაღალი მათ შორის არის შემოქმედის სიყვარული როგორც მთელი სამყაროსადმი, ისე ცალკეული პიროვნებებისადმი. ღვთის ყველა ქმნილება, მათ შორის ადამიანიც, არის ნაყოფი უსაზღვრო და უნაპირო სიყვარულისა. ეს სიყვარული სარკის მსგავსად აისახება მატერიასა და ყოველ ცოცხალ ორგანიზმში და განსაკუთრებული ძალით გამოვლინდება ადამიანში.
ადამიანურ სიყვარულთაგან უპირველესი არის სიყვარული ღვთისადმი, რომელიც აუცილებლად ჭეშმარიტ სარწმუნოებაზე უნდა იყოს დაფუძნებული. ჭეშმარიტი რწმენა საძირკველია ჩვენი სულის შენობისა, იგია განმსაზღვრელი ჩვენი დამოკიდებულებისა ღვთისადმი, ადამიანისადმი და საერთოდ სამყაროსადმი. თუ პიროვნებას ჭეშმარიტი სარწმუნოება არა აქვს, მასში ყველა მოვლენა დამახინჯებულად აირეკლება და შედეგიც ასეთივე ექნება.
სიყვარული ღვთისა - ეს არის ცხოვრება ღმერთში და ღვთის არსებობა ჩვენში. ადამიანი მხოლოდ მაშინ მოიწევს ნაყოფს ჭეშმარიტი სიყვარულისას, როცა გახდება ღვთის მატარებელი, ღმერთშემოსილი. წმ. ისააკ ასური ბრძანებს: "ღვთის სიყვარული ლოცვით მოიპოვება და შედეგია მისი. სიყვარული უფლისა არის სამოთხე, ხე სიცოცხლისა, მეუფება ღვთისა, იგია "ღვინო", რომელი ახარებს გულსა კაცისასა და ნეტარია, ვინც იგემებს მას. შესვეს იგი განლაღებულთ და დაირცხვინეს, იგემეს ცოდვილთ და დაუტევეს გზა წარწყმედისა, იხმიეს მემთვრალეთ და შეუდგნენ მარხვას, შესვეს მდიდართა და ისურვეს სიღარიბე, მიიღეს გლახაკთა და განმდიდრდნენ სასოებითა, დალიეს სნეულთა და განძლიერდნენ, იგემეს უვიცთა და იქმნენ ბრძენნი" (სიტყვა 83). ამიტომაც ვამბობთ: მხოლოდ ჭეშმარიტ რწმენას და ღვთის სიყვარულს შეუძლია შეცვალოს და მთლიანად გარდაქმნას ჩვენი ყოფის უღიმღამო რეალობა, ჩვენი დროის დაუნდობლობა და სისასტიკე, რაც არის შედეგი ურწმუნოებისა დ სულიერი სიცარიელისა.
სამწუხაროდ, ღვთის რწმენისა და სიყვარულის დაკარგვით დაიკარგა მიწიერი სიყვარულიც. სიყვარული, რომელიც უფრო მეტს გასცემს, ვიდრე იღებს - ანუ მშობლების სიყვარული შვილებისადმი და პირიქით, დაიკარგა ან დამახინჯდა შვილების სიყვარული მშობლებისა და წინაპრებისადმი. იმის გამო, რომ დედ-მამა არ უყვართ, ბავშვები ხშირად ბედნიერებას ოჯახის გარეთ ეძებენ და, სამწუხაროდ, მეტწილად იქ, სადაც იგი საერთოდ არ არის. ეს იმიტომ ხდება, რომ მათ ოჯახებში ნამდვილი სიყვარული არ სუფევს. მხოლოდ ეგოიზმის დაძლევით შეიძლება ცოლ-ქმრის სიყვარულით ცხოვრება და მათი ოჯახის ბედნიერება და კეთილდღეობა.
გულისტკივილით უნდა აღვნიშნოთ, რომ ახალგაზრდები, რომელნიც ამთავრებენ საშუალო სკოლას, თუნდაც უმაღლეს სასწავლებელს, საერთოდ არ არიან მომზადებულნი იმ ფრიად საპასუხისმგებლო საიდუმლოსათვის, რომელსაც ქორწინება ჰქვია. ახალგაზრდამ არაფერი იცის ოჯახზე, არ იცის, როგორ შექმნას იგი და როგორ მოუფრთხილდეს მას. ბიბლიიდან ვიცით, რომ ქორწინება ღვთივდადგენილია. ქორწინებით, ჯერ ერთი, ხდება გამრავლება და გადარჩენა კაცთა მოდგმისა (შესქ. 1,27-28) და მეორეც, მეუღლეები სიყვარულის საფუძველზე ეწევიან ერთმანეთს მიწიერი ცხოვრების სიძნელეთა დაძლევაში (შესქ, 2,18).
მართლმადიდებელი ეკლესიის კატეხიზმოში ვკითხულობთ: "ქორწინება არის საიდუმლო, რომლითაც ეკლესია აკურთხებს სასიძოსა და სასძლოს კავშირს ეკლესიასთან ქრისტეს სულიერი კავშირის მსგავსად და ითხოვს მათთვის მადლს ერთსულოვნებისას შვილთა შობისა და ქრისტიანულად აღზრდისათვის".
ზოგიერთები ქორწინებაში ხედავენ რაღაც არაწმიდას, ცოდვისმიერს, რაც არასწორია. რა თქმა უნდა, ოჯახურ ცხოვრებაშიც შეიძლება იყოს დიდი ცოდვები, მაგრამ თუ ქორწინება კანონიერია, ღვთივკურთხეულია და შეესაბამება ქრისტიანულ ნორმებს, იგი წმიდაა და შეუბილწავი. უფალი იესო ქრისტე თვითონ დაესწრო ქორწილს კანას გალილეაში, აკურთხა იგი და მოახდინა პირველი სასწაული - წყალი ღვინოდ შეცვალა.
აი, რას ბრძანებს მაცხოვარი მეუღლეთა შესახებ: "ვინც გაეყრება თავის ცოლს სიძვის მიზეზის გარეშე და სხვას შეირთავს, მრუშობს" (მათე, 19,9). ამიტომაც ადამიანებს სერიოზული დაფიქრება მართებთ ცხოვრების თანამგზავრის არჩევისას. სოლომონ ბრძენი გვასწავლის: "სახლი და დოვლათი მამის დანატოვარია, გონიერი დედაკაცი კი უფლისაგან არის" (იგავნი 19,14).
ახალგაზრდებმა, რომლებიც ოჯახს ქმნიან, უნდა იცოდნენ, რომ მათი ცხოვრების გზა ყოველთვის ია-ვარდით მოფენილი არ იქნება, რომ წინააღმდეგობები ბევრი შეხვდებათ და მზად უნდა იყვნენ მათ დასაძლევად. მთავარია, ურთიერთსიყვარული და თანადგომა ჰქონდეთ და არ დაკარგონ იმედი და აქედან გამომდინარე რწმენა მომავლისა. ხშირად მეუღლენი ჩივიან ერთმანეთის მძიმე ხასიათის გამო და ამ მიზეზით არღვევენ ოჯახს. თუ ერთ-ერთ მათგანს აქვს კეთილი თვისებები და რწმენა და სიყვარული ამოძრავებს, იგი შეძლებს მთლიანად შეცვალოს თანამეცხედრის შინაგანი სამყარო.
მინდა მოგიყვანოთ შესანიშნავი მაგალითი ერთი ბედნიერი ოჯახის ცხოვრებიდან: წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველის დედა, ნონა, იყო შვილი ქრისტიანი მშობლებისა. იგი მტკიცე სარწმუნოებით და მორჩილი ხასიათით გამოირჩეოდა. როდესაც გათხოვების დრომ მოაწია, მისი ნების საწინააღმდეგოდ მშობლებმა ნონა ახალგაზრდა წარმართს გააყოლეს. აქედან დაიწყო მისი მძიმე გამოცდა. მეუღლეებს ერთმანეთის არ ესმოდათ, მათი ინტერესები და მისწრაფებანი სხვადასხვა იყო. როდესაც ნონა ოთახში ხატების წინ ლოცულობდა, მისი მეუღლე მეორე ოთახში წარმართულ ადათებს ასრულებდა. ნონა იმედს არ კარგავდა და დღემუდამ გულმხურვალედ შესთხოვდა უფალს, შინაგანი თვალი აეხილა მისი მეუღლისათვის, რათა მასაც ეცნო ჭეშმარიტება. და აი, ერთხელ ნონას ქმარს ძილში გამოცხადება ჰქონდა, იგი გალობდა მისთვის უცნობი დავით წინასწარმეტყველის ფსალმუნის სიტყვებს: "გავიხარე, როცა მითხრეს უფლის სახლში წავიდეთ" (ფს. 121,1). ამ ხილვის შემდეგ სრულიად შეიცვალა ნონას ქმრის ცხოვრება. ამ დღიდან დაიწყო სვლა მისი უფლის სახლისაკენ, იგი გახდა არა მარტო კარგი ქრისტიანი, არამედ სასულიერო პირიც - მოძღვარი; უფალმა განსაკუთრებული მადლი მოიღო ამ ოჯახზე, ეკლესიის მნათობად გამობრწყინდა მათი შვილი, დიდი გრიგოლ ღვთისმეტყველი, მთავარეპისკოპოსი კონსტანტინეპოლისა. ასეთია შედეგი რწმენისა, სიყვარულისა, სასოებისა და მოთმინებისა, ამიტომაც ყოველმა ჩვენგანმა ჩვენი ახალგაზრდები ოჯახური ცხოვრებისათვის უნდა მოვამზადოთ. ამ საკითხით სახელმწიფოც, ეკლესიაც, ოჯახიც და სასწავლებელიც უნდა დაინტერესდეს. მტკიცე ოჯახი - მტკიცე სახელმწიფოა.
სამშობლოს, შენი სახელმწიფოს წინაშე მოვალეობის გრძნობა ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და საუკეთესო თვისებაა ადამიანისა, ბიბლიაც და ჩვენი ქვეყნის ისტორიაც სავსეა მამულისა და ქვეყნისადმი თავდადებული სიყვარულის მაგალითებით. ძველ აღთქმაში ვკითხულობთ მოსე წინასწარმეტყველის, ისუ ნავეს, სამუელის, მეფე დავითის, ელიას, ძმათა მაკაბელთა და სხვათა შესანიშნავ ცხოვრებებს; ისინი სამშობლოსთვის სანთლებად იწვოდნენ და მზად იყვნენ, ყოველ წუთს გაეწირათ სიცოცხლე თავიანთი ხალხის დაცვისათვის.
რა მგზნებარე სიყვარულის გრძნობაა ჩადებული ფსალმუნის ამ სიტყვებში: "თუ დაგივიწყო შენ, იერუსალიმ, დამივიწყოს მარჯვენამა ჩემმა. მიეკრას ჩემი ენა ჩემ სასას, თუ არ გაგიხსენო, თუ არ დავაყენო იერუსალიმი ჩემი მხიარულების სათავეში" (ფს. 136,5-6), ასე ეფიცებოდნენ ბაბილონის ტყვეობაში მყოფი ებრაელები სამშობლოს ერთგულებას. ისინი მარტო კი არ იფიცებდნენ და გოდებდნენ, არამედ იბრძოლეს და გაიმარჯვეს კიდეც, თავისი ხალხი იესო ქრისტესაც უყვარდა.
ჩვენი ქვეყნის წარსულიც მამულისადმი თავგანწირული სიყვარულის მრავალი მაგალითითაა სავსე: მოწამეებმა დავითმა და კონსტანტინემ, მეფეებმა არჩილმა და ლუარსაბმა, დიმიტრი თავდადებულმა, ქეთევან დედოფალმა, და ათასობით სხვამ თავი დადეს რწმენისა და სამშობლოსათვის და როგორც მისაბაძნი მაგალითნი, ჩვენი ხალხისა და ეკლესიის ისტორიაში დიდ წმინდანებად შევიდნენ.
ჩვენი ახალგაზრდობის აღზრდა ამ მიმართულებითაც უნდა გაძლიერდეს. ბავშვებს მამულის სიყვარულის, სულის სიძლიერის და ვაჟკაცობის გრძნობა, პირველ ყოვლისა, მშობლებმა უნდა ჩაუნერგონ; ეს უნდა ასწავლონ სკოლაშიც; ამ თემაზე უნდა დაიწეროს წიგნები და სპექტაკლები და კინოფილმები უნდა შეიქმნას.
განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ახალგაზრდობის აღზრდის საქმეში ეკლესიას ენიჭება.
ამავე დროს ყოველნაირად უნდა ვეცადოთ, რომ მომავალი თაობა მშვიდობის და მეგობრობის სულისკვეთებით აღვზარდოთ. ეს გრძნობები ჩვენი ხალხისათვის ოდითგანვე მახლობელი იყო, მაგრამ ურწმუნოებამ ბევრი რამ დაამახინჯა და ამიტომაც ეგოიზმს აყოლილი ჩვენი ახალგაზრდები ხშირად ავლენენ დაუნდობლობას მოყვასის მიმართ.
სამართლიანობა და სიყვარული მთავარი პირობაა ადამიანებს შორის მშვიდობისა. კაცთმოყვარეობა ჩვენი თვისებაა და იგი ღვთისგან ნაბოძები დიდი წყალობაა, ადამიანი ესწრაფვის სხვასთან დაახლოებას, რადგან ამით გარკვეულწილად ივსებს სიცარიელეს, იღებს ენერგიას, ებადება ახალი აზრები და იდეები; ასეთი ურთიერთობით ერთმანეთს ვეხმარებით ამქვეყნიური ცხოვრების ჯვრის ზიდვაში. წმ. პავლე მოციქული წერს: "ურთიერთას უღელი იტვირთეთ და ამით აღასრულეთ სჯული იგი ქრისტესი" (გალ. 6,2).
თუ გვსურს, ადამიანებთან მშვიდობა გვქონდეს, აუცილებელია მშვიდობა დავამყაროთ საკუთარ თავთან, მოვიპოვოთ სულის სიმშვიდე, ეს კი ისევ და ისევ ეკლესიურობით, ვნებებთან და ცოდვებთან ბრძოლით, ღვთის მცნებებისა და მისი ნებისადმი ერთგულებით მიიღწევა.
ჩვენ ხშირად ვფიქრობთ ეკლესიის დანიშნულებაზე და მის საიდუმლო ცხოვრებაზე, თუმცა ბოლომდე ვერ ვწვდებით, ვერ ვაცნობიერებთ მის არსს. მრწამსში ვკითხულობთ: "მრწამს... ერთი წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესია..." ეკლესია ღვთით დადგენილი ის წიაღია, სადაც ხდება საოცარი ფერისცვალება ძველი კაცისა ახალ ადამიანად, რომლის დროსაც თითოეულ ჩვენგანში იშვება ქრისტე. ხელახლადშობის პროცესი მძიმე და რთულია. იგი "მშობიარობის ტკივილებში" ანუ საკუთარ თავთან, ხილულ და უხილავ ბოროტ ძალებთან, მიწიერ ვნებათა და საცდურთა წინააღმდეგ ბრძოლაში გამოვლინდება და სულიერი დაღუპვისაკენ მიმავალი ფართო გზის უარყოფას ნიშნავს.
ეკლესია მადლმოსილია არა მარტო იმიტომ, რომ მან მაცხოვრის ჯვარცმიდან ორმოცდამეათე დღეს მიიღო სულიწმიდის მადლი, არამედ იმიტომაც, რომ ეს მადლი დღემდე გადადის თითოეულ მის წევრზე და სიახლით, სიცოცხლის ძალითა და სინათლით ავსებს მთელს სამყაროს. ბედნიერნი ვართ, რომ სულიწმიდის ეკლესიის წევრები ვართ. ეკლესია სულის განსაკურნებელი სავანეა. აქ მოდიან ყველანი: კეთილნი და ბოროტნი, ქვრივნი და ღატაკნი, მდიდარნი და მრუშნი, მკვლელები; მოდიან ცხოვრებით დაღლილნი, მოდიან ტვირთმძიმენი და სნეულნი, კეთილშობილნი და ბოროტი ძალით შეპყრობილნი, მოდიან, რათა უკეთესი გახადონ თავიანთი ცხოვრება, გამოასწოროს ჩადენილი დანაშაული, ჩამოიბანონ ბიწი სულისა. ეკლესია ყველას აძლევს საშუალებას განწმენდისა და სულიერი ფერისცვალებისა, ოღონდ უნდა იყოს ჭეშმარიტი სინანული და დიდი სურვილი ცოდვისაგან განთავისუფლებისა.
არაეკლესიური ადამიანები ხშირად განიკითხავენ ეკლესიას იმის გამო, რომ აქ ცოდვებით დამძიმებულ ადამიანებს ხედავენ. მათ ავიწყდებათ მაცხოვრის სიტყვები: "არა მოვედ მართალთა მოწოდებად, არამედ ცოდვილთა სინანულად" (მათე 9,13).
ჯერ კიდევ ძველ აღთქმაში ღმერთმა უბრძანა დავით მეფეს და სოლომონს აეგოთ ტაძარი - სახლი უფლისა. ახალ აღთქმაში ტაძრის მნიშვნვლობა კიდევ უფრო გაიზარდა. ზეცა მიწაზე, - ასე უწოდებს ეკლესიას დიდი მამა, წმ. გერმანე - პატრიარქი კონსტანტინეპოლისა. და მართლაც, აქ ხდება შეერთება ზეციური და მიწიერი ეკლესიისა. ზეციური ეკლესია, რომელიც არის ანგელოზთა, მოციქულთა, წმინდანთა და ჩვენს დიდებულ წინაპართა მთელი დასი, ლოცვის და წირვის დროს უკავშირდება მიწიერ ეკლესიას, რომელსაც წმ. მამები მებრძოლ და მოგზაურ ეკლესიას უწოდებენ და იქმნება ერთიანი განუყოფელი სხეული ქრისტესი. ამით სრულდება აღთქმა მაცხოვრისა, ამაღლების შემდეგ რომ დაუდო თავის მოწაფეებს და მათ მიმდევართ: "მე თქვენთანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მათე 18,20). საბრალონი არიან, რომელნიც სიცოცხლეს ეკლესიის - ქრისტეს სხეულის გარეშე განლევენ, ამქვეყნად ვერაფერი ვერ შეავსებს იმ სიცარიელეს, რასაც ადამიანი არაეკლესიურობით კარგავს. ეკლესია, მართალია, განსაზღვრულია დროით და სივრცით, მაგრამ იგი მიმართულია ზეცისკენ და თავისი შვილები ნეტარი მარადიულობისაკენ მიყავს.
საეკლესიო დღესასწაულები არა მარტო იმ ღირსშესანიშნავ წმიდა მოვლენებს გვახსენებენ შორეულ წარსულში რომ მოხდა, არამედ გვაახლოებენ იმ სულიერ სიწმინდესა და რეალობასთან, რომელიც უჟამოა, დროზე მაღლა დგას და სულიერ ძალას გვმატებს.
ქრისტეს შობისას იგალობება საგალობელი: "... ქრისტე იშვა ბეთლემს...". ბეთლემი - ეს ჩვენი გულია, ჩვენს გულში არათუ უნდა დაიბადოს ქრისტე, არამედ უნდა სუფევდეს განუშორებლად. მისი მარადიული სიყვარული უნდა ავსებდეს და ათბობდეს ჩვენს სულს ამქვეყნადაც და იმ სოფელშიც. ამისთვის ვართ ჩვენ მოწოდებულნი.
ცნობილი ღვთისმეტყველი და მღვდელმოწამე მეთოდიოსი ქრისტიანებს ასწავლის, როგორ უნდა მოამზადონ გულები სულიწმიდის მისაღებად; "უფალო განწმინდე გული ჩემი და ქმენ იგი სავანედ სულისა წმიდისა", - ეს სიტყვები მიგვანიშნებს, რომ თუ გვსურს შევიმოსოთ სულიწმიდის მადლი, უპირველეს ყოვლისა, გული უნდა განვიწმინდოთ, რაც ეკლესიის გარეშე შეუძლებელია.
ეკლესია ერთადერთი ადგილია ჩვენი გადარჩენისა; იგი კარიბჭეა მარადიული ნეტარი ცხოვრებისა. არ შეიძლება დაგვიანება, დაუშვებელია სულიერი განწმენდის კიბეზე ზეაღსვლის სამომავლოდ გადადება. არავინ იცის, რას გვიმზადებს ხვალინდელი დღე. მაშ, ნუ დავაყოვნებთ, გავხდეთ წევრნი ქრისტეს ეკლესიისა და ვეზიაროთ იმ სიწმინდეთ, რასაც იგი ნათლობის, მირონცხების, აღსარების, ზიარებისა და სხვა საიდუმლოთა მადლით გვთავაზობს.
ღირსი ანტონი დიდი ბრძანებს: "ილოცეთ, რომ უფალმა მოგანიჭოთ მადლი, რათა ყოველივეს ნათლად ხედავდეთ, სწორად განსჯიდეთ და შეუცდომლად განარჩევდეთ, რა არის სიკეთე და რა ბოროტება". თუ ვიქნებით ეკლესიურნი და გავხდებით ღირსნი ამ მადლისა, მაშინ აღარც ჩვენს წინაშე მდგარი პრობლემების შეგვეშინდება.
სკეპტიკოსები, როდესაც დიდ წინააღმდეგობებს აწყდებიან, ამბობენ: ამის გაკეთება შეუძლებელია; მორწმუნის პასუხი კი ასეთია: კაცთათვის შეუძლებელი ღვთისათვის შესაძლებელია.
როგორ შეძლო ყრმა დავითმა დაემარცხებინა გოლიათი? როგორ შეძლო საქართველომ გაეძლო მრავალრიცხოვან მტერთა შემოსევებისათვის? ჩვენთან იყო, არის და იქნება ღმერთი! მთავარია ჩვენ არ განვუდგეთ მას, არ მივატოვოთ იგი.
საიდუმლო ნამდვილი წინსვლისა და გამარჯვებისა სულიერ ძლიერებაშია. იმარჯვებს არა გონება, აზროვნება და ფიზიკური ძალა, არამედ ძალა ღვთისა, რომელიც ღვთის სათნო შვილთ, ღვთის საყვარელ ერს მიენიჭება. მტერზე გაიმარჯვებთ "არა ძალითა და ძლიერებით, არამედ ჩემი სულითო, ამბობს უფალი საბაოთ" (ზაქარია 4,6).
ჩვენი ხალხი დღეს სიმბოლურად სინას უდაბნოში მოგზაურობს. ეს არის დრო განწმენდისა, დრო ჩვენი რწმენისა და გამძლეობის გამოვლინებისა.
ღვთის წყალობით, იმედი მაქვს, რომ გავუძლებთ ამ გამოცდას და "აღთქმულ ქვეყანაში" შევალთ.
რწმენით, სასოებითა და სიყვარულით აღვსილი ყველას გულითადად გილოცავთ ქრისტესშობის დიდებულ ზეიმს. გვწამს, რომ გავხდებით ბედნიერი მონაწილენი ბოროტებაზე სიკეთის გამარჯვებისა; გვწამს, უფლის წყალობით, საქართველო ერთიან და ძლიერ სახელმწიფოდ იქცევა და მშვიდობითა და კეთილდღეობით გავიხარებთ.
მაშ, სასოებით შევსთხოვოთ შემოქმედს: "აკურთხე გვირგვინი წელიწადისა სიტკბოებითა შენითა, უფალო!"
კურთხეულია ღვთისმშობლის წილხვედრი ივერია, - "უფალი გეყოლება საუკუნო მნათობად და ღმერთი შენი დიდებად შენდა" (ესაია 60,20). ამინ!
ქრისტესშობა.
თბილისი, 1996-1997 წ.
საშობაო ეპისტოლე - 2008
ღვთივკურთხეულ ქართველ ერს და ყოველთა მკვიდრთა საქართველოსთა
"ქრისტეს შობას ვადიდებთ; ქრისტესა ზეცისასა მივეგებვოდეთ; ქრისტესა ჩუენ, ქუეყანისანი, აღვამაღლებდეთ, ღმერთსა დიდებულსა და აწ სიხარულით ვუღაღადებდეთ, რამეთუ დიდებულ არს".ყოვლადსამღვდელონო მღვდელმთავარნო, ღირსნო მოძღვარნო, დიაკონნო, ბერ-მონოზონნო, ყოველნო საერო დასნო, მკვიდრნო საქართველოისა და დროებით ჩვენი ქვეყნის საზღვრებს გარეთ მცხოვრებნო, ჩვენო ძვირფასო თანამემამულენო!
აღსრულდა საიდუმლო განგებულება, - ძე ღვთისა, შობილი უწინარეს ყოველთა საუკუნეთა, რომელსაც ვერ იტევს ცანი და ქვეყანა, დაიბადა ბაგაში, ბეთლემის გამოქვაბულში!
"დღეს ქრისტე იშვების ბეთლემს ქალწულისაგან უბიწოჲსა; დღეს დაუსაბამოჲ დაიბადების, სიტყუაჲ ხორცთა შეისხამს; ძალნი ცათანი აქებენ სიხარულით და ჩუენ, ქუეყანისანი, თაყუანისვცემთ და მათთანა ვღაღადებთ და ვიტყვით: დიდებაჲ მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება" (შობის საცისკრო საგალობელი).
ჰოჲ, საოცრება, "ესრეთ შეიყუარა ღმერთმან სოფელი ესე, ვითარმედ ძეცა თვისი მხოლოდშობილი მოსცა მას" (ინ. 3,16).
დიდება და მადლობა შენდა, უფალო!
შენ გვიჩვენე მაგალითი მოთმინებისა და სიმდაბლისა, მაგალითი ბოროტებასა ზედა გამარჯვებისა. მაშ, "გიხაროდეთ, ერნო, განმტკიცდით და ნუგეშინისცემულ-იქმნენით;
მხსნელი გამოჩნდა ყველასათვის. მისთვის არ არის "არც ელინი, არც იუდეველი, არც წარმართი". ბეთლემს შობილმა იესომ გააერთიანა სხვადასხვა ერებად დაყოფილი კაცობრიობა.
წმიდა წერილის მიხედვით, ამა თუ იმ ერის წარმოშობა კონკრეტულ პიროვნებას უკავშირდება. ამიტომაც, ესა თუ ის ერი მკვეთრი თავისებურებით გამოირჩევა, - აქვს თავისი, ხასიათი, ტრადიციები და კულტურა.
უძველესი ერების ერთი ნაწილი აღარ არსებობს, მეორე ნაწილმა კი სათავე დაუდო მონათესავე ხალხებს, რომლებიც დღეს სხვადასხვა სახელმწიფოს სახით არსებობენ, მაგრამ ერთი წარმოშობისანი არიან.
მცირერიცხოვნობის მიუხედავად ჩვენი ერიც უძველესია და ეს, ჭეშმარიტად, ღვთის წყალობაა.
საერთოდ, ერის სახეს, მის მეობას რამდენიმე ფაქტორი განაპირობებს: წარმომავლობის გარდა დიდი მნიშვნელობა აქვს რელიგიას. განსხვავებული რელიგია ერთი და იმავე საწყისის მქონე ერს განსხვავებულ კულტურებად აყალიბებს, ზოგჯერ კი ურთიერთდაპირისპირებულადაც.
ერის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია ენა. ენასა და ერს შორის, შეიძლება ითქვას, იგივეობის ნიშანია. ჩვენი ენა ისევე, როგორც ჩვენი ხალხი, პრეისტორიულ ხანაში იღებს სათავეს. კუთხური მრავალფეროვნებისა და, ხშირად, პოლიტიკური გათიშულობის მიუხედავად, ქართველი ერი საუკუნეთა მანძილზე ერთ, განუყოფელ ორგანიზმად რჩებოდა და ერთ სულიერ სხეულად აღიქმებოდა. (გავიხსენოთ ფარნავაზისა და ქუჯის ისტორია). ქრისტიანობამ და საქართველოს ეკლესიამ კი საბოლოოდ ჩამოაყალიბა ერთიანი ქართველი ერი ერთი ენით, ერთი კულტურით, ცნობიერებითა და ცხოვრების წესით.
ერს, ისევე როგორც პიროვნებას, აქვს ღირსების გრძნობა. ხშირია შემთხვევა, როცა ადამიანის მიწიერი კეთილდღეობა ღირსებაზე უარის თქმის შედეგია, მაგრამ ასეთი ქმედება მთელი ცხოვრების განმავლობაში მძიმე ტვირთად აწვება პიროვნებასაც და ერსაც და იწვევს მის სულიერ დეგრადაციას. საზოგადოება, რომელიც ღირსების განცდას მოკლებულია, განწირულია გადაგვარებისათვის. ამიტომაც არის ეს თვისება ერის არსებობის ერთგვარი გარანტი.
ჩვენ ეს გრძნობა განსაკუთრებით გამოკვეთილად გვქონდა და ამანაც გადაგვარჩინა. მიუხედავად იმისა, რომ არაერთი ბრძოლა წავაგეთ და მრავალი წელი დამპყრობელთა უღლის ქვეშ ვიყავით, ჩვენი ხალხის დიდ ნაწილს ღირსება არ დაუკარგავს, რაც თავისუფლებისათვის ჩვენს მუდმივ ბრძოლას ასაზრდოებდა. რა თქმა უნდა, მოღალატეებიც ყოველთვის იყვნენ, მაგრამ ისინი საზოგადოებისთვის მიუღებლად ცხადდებოდნენ.
სამაგალითო შვილები კი ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად იცავდნენ ერის ღირსებას და უდიდეს გავლენას ახდენდნენ ქვეყნის განვითარებაზე; გავიხსენოთ თუნდაც ქეთევან წამებული. არა მარტო საქართველოს, შუა საუკუნეების მთელ ქრისტიანულ სამყაროს არ ყავს ასეთი დიდი მოწამე.
მის პერიოდში კახეთი თითქმის დაცარიელებული იყო. ნაწილი მოსახლეობისა სპარსელებთან ომს შეეწირა, ნაწილი კი ირანში, ფერეიდანში იქნა იძულებით გადასახლებული; ქართლში მუსულმანი მმართველები ისხდნენ. მათ საამებლად და შაჰის "წყალობის ხალათის" მისაღებად ქართველ თავადაზნაურთა ნაწილი გამუსულმანებას და ისპაჰანში წასვლას ერთმანეთს ასწრებდა. დასავლეთ საქართველოშიც მძიმე მდგომარეობა იყო, - სამთავროებს შორის ურთიერთშუღლი და ადამიანებით ვაჭრობა მძვინვარებდა.
მართალია, ქვეყანა სულიერად დაცემულ მდგომარეობაში იმყოფებოდა, მაგრამ მეფე თეიმურაზ I გაუტეხელობითა და ქეთევან დედოფლის საარაკო გმირობით ქართველებმა ღირსების დიდი ომი მოიგეს.
მიუხედავად სარწმუნოებრივი სხვაობისა, ღირსების გრძნობა ყველა ადამიანს თანაბრად აქვს მიცემული და მხოლოდ მასზეა დამოკიდებული გამოავლენს თუ არა ამ თვისებას. ამ ნიჭს ყველა ერი და კულტურა მიაგებს პატივს. მონღოლთა ნოინს ღირსების პატივისცემა რომ არ ჰქონოდა არ მოხდებოდა ცოტნე დადიანის მიერ თანამებრძოლთა გამოხსნა წამებით სიკვდილისაგან.
მაღალი ღირსებისა და ვაჟკაცობის მაგალითია სალადინი. სალადინი ეგვიპტის სულთანი იყო, რომელმაც წმიდა მიწიდან განდევნა ჯვაროსნები, მაგრამ ეს ომი იმდენად ღირსეულად წარმართა, რომ თვით ქრისტიანთა შორისაც დიდი პატივისცემა დაიმსახურა.
ერის ღირსებას და მის სიმტკიცეს ღირსეული ადამიანები განაპირობებენ; ბედნიერია ის ქვეყანა, სადაც ასეთი პიროვნებების სიმრავლეა.
საქართველომ ამ მხრივაც საოცარი მაგალითი უჩვენა მსოფლიოს XI საუკუნეში, როცა ჯალალ ედ-დინმა დაიპყრო თბილისი, მაგრამ მისი მოსახლეობა ვერ აიძულა ქრისტიანული სიწმინდეები შეელახათ. 100 000 ქართველმა სიკვდილი ამჯობინა რწმენისა და ღირსების უარყოფას.
მართლმადიდებელი ეკლესიის ისტორიას არ ახსოვს ისეთი ფაქტი, რომ ერთ დღეს ამდენი ადამიანი წამებულიყოს სარწმუნოების დასაცავად!
დღეს დრო შეიცვალა და მასთან ერთად ბოროტის ბრძოლის მეთოდებიც. დღეს ეროვნული ღირსების შელახვისა და სარწმუნოების შეცვლისთვის ძალადობრივ ფორმებს აღარავინ იყენებს. ჩვენი ტრადიციებისა და ცხოვრების წესის გადაგვარება სხვადასხვა მეთოდებით ხორციელდება და ამაში დიდ როლს, სამწუხაროდ, მასმედია ასრულებს.
მასმედიის სახელს მრავალი კარგი საქმეც უკავშირდება, მაგრამ ისიც ფაქტია, რომ ტელეგადაცემებით და პრესითაც ხდება ცოდვის დემონსტრირება, ლეგალიზება და იმ აზრის დამკვიდრება, თითქოს ეს ადამიანის ჩვეულებრივი თვისებაა. ხდება ავხორცობისა და უღირსების არა მარტო მისაღებ, არამედ სამაგალითო მოვლენად წარმოჩენა; იქმნება უზნეო ცრუ ავტორიტეტები, რომელნიც თავისი ანტიეროვნული და ანტიქრისტიანული ქმედებების გამო წახალისებულნი და დაჯილდოვებულნი არიან.
ჩვენთან ხშირად ლაპარაკობენ ამა თუ იმ უფლებებზე, მაგრამ ძალიან ნაკლებად - მოვალეობასა და პასუხისმგებლობაზე. ყველას აქვს არა მარტო უფლება, არამედ - პასუხისმგებლობაც; პასუხისმგებლობა უფლის, სამშობლოს, ოჯახის წინაშე, გაჭირვებული თუ დაცემული მოყვასის წინაშე.
აღვნიშნავთ იმასაც, რომ თუ პირადული ცოდვა (რომელსაც სწავლების სახე არა აქვს) მხოლოდ ამა თუ იმ ინდივიდის პრობლემაა და ღვთის წინაშე მის საბოლოო ხვედრს განსაზღვრავს, საჯაროდ ცოდვის სწავლება და დანერგვა მთელ საზოგადოებას რყვნის და ღუპავს, ღირსების გრძნობას ულახავს და წინსვლის სურვილს უკარგავს. ამიტომაც საზოგადოება ვალდებულია, დაიცვას როგორც თავისი თავი, ისე შთამომავლობა.
განსაკუთრებული პასუხისმგებლობა ამ მხრივ ხელისუფლებას ეკისრება.
რაც შეეხება ეკლესიას, იგი ყოველ ცოდვის ჩამდენს სინანულისაკენ მოუწოდებს, და სხვათაგან მის განკითხვას კრძალავს, ხოლო მოქცეულს - სიყვარულით და სიხარულით იღებს. ცოდვის ცხოვრების წესად დამნერგავს და ასეთი სწავლების საჯაროდ გამავრცელებელს კი, დაუნდობლად ებრძვის მხილების მახვილით, რათა დაიცვას სამწყსო და ამ ადამიანსაც (ან ადამიანთა ჯგუფს) დაეხმაროს ეშმაკის მსახურებისაგან გათავისუფლებაში.
ასე რომ, დღეს თითოეული ჩვენთაგანი დგას არჩევანის წინაშე, - დატოვოს "ჩვეულებისამებრ მამულისა სვლაჲ" თუ გაითავისოს თავს მოხვეული ცრუ კულტურა? გაუძლოს ინფორმაციულ ზეწოლას, თუ შეინარჩუნოს წინაპართა ღვაწლით დღემდე მოტანილი ღირებულებები?!
საკუთარი ტრადიციებისა და პრინციპების ერთგულების და, ამავე დროს, განვითარებული სახელმწიფოს შექმნის მაგალითია თუნდაც ქუვეითი და ისრაელი.
მატერიალურ-ტექნიკური პროგრესის პარალელურად ეს სახელმწიფოები მტკიცედ იცავენ თავის მეობას და ღირსეული ადგილი უკავიათ მსოფლიო თანამეგობრობაში.
ინებოს ღმერთმა, დღეს მიმდინარე გლობალურ პოლიტიურ-ეკონომიკურ და კულტურულ პროცესებში ჩვენც ჩვენი თვითმყოფადი სახე შევინარჩუნოთ და საქართველო საქართველოდ დარჩეს.
რა არის სამშობლო, როგორ აღვიქვამთ მას?
ჩვენი სამშობლო არის ჩვენი გენი, ჩვენი ენა, ღვთისა და მოყვასისადმი გამოვლენილი ჩვენი სიყვარული, ჩვენი წარსული, აწმყო და მომავალი.
საქართველო არის ჩვენი მოგებული თუ წაგებული ბრძოლები, წინაპართა დადებითი და უარყოფითი თვისებები.
საქართველო არის მტკიცე ოჯახი, ნათესავების თანადგომა და მათი კავშირი;
საქართველო არის ქვეყანა, სადაც მეგობრისთვის თავს სწირავენ და სადაც მეზობელი ოჯახის წევრად არის მიჩნეული; სადაც ნათელ-მირონობა და ძმადნაფიცობა სისხლისმიერ ნათესაობაზე მეტია.
საქართველო ჩვენი უნიკალური ფლორა და ფაუნაა, ჩვენი მთა და ჩვენი ბარია, ჩვენი უდაბნოა, ჩვენი წყალი და ზღვაა.
საქართველო ურღვევია, როგორც კვართი უფლისა!
თითოეული ჩვენგანი ატარებს მას. საქართველო მე ვარ, იგი ჩემშია და მე მასში!
თუმცა, მიუხედავად ასეთი დამოკიდებულებისა, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ არსებობს სამშობლოზე უზენაესი ღირებულება, - ქვეყნის, მთელი კაცობრიობისა და სამყაროს შემოქმედი, - ყოვლადწმინდა სამება.
დიახ, როგორც ძველი, ისე ახალი აღთქმა გვასწავლის, რომ უპირველესი მცნება არის:
"გიყვარდეს უფალი ღმერთი შენი მთელი შენი გულით და მთელი შენი სულით და მთელი შენი გონებით და მთელი შენი ძალით" (მარკ. XII, 29-31).
ეს ნიშნავს გვიყვარდეს ღმერთი მთელი შესაძლებლობით, მთელი არსებით ანუ მასზე წინ არავინ და არაფერი არასდროს არ უნდა დავაყენოთ.
"ვისაც მამა ან დედა უყვარს ჩემზე მეტად, არ არის ჩემი ღირსი; და ვისაც ძე ან ასული ჩემზე მეტად უყვარს, არ არის ჩემი ღირსი (მათე 10, 37-39), - ბრძანებს მაცხოვარი.
რატომ არის ასეთი მკაცრი მოთხოვნა?
იმიტომ, რომ თუ ღვთისადმი ჩვენს სიყვარულს სხვა ვინმეს ან რაიმესადმი სიყვარული ჩაენაცვლა, ისეთივე შეცდომა მოგვივა, როგორიც ადამმა და ევამ დაუშვეს სამოთხეში, ანუ ჩვენ ჩვენი ნებით განვაყენებთ თავს შემოქმედისაგან და სულიერად დავიღუპებით, რადგან მის გარეშე არაფრის ქმნა არ ძალგვიძს იგია ვენახი, ხოლო ჩვენ რტონი ვართ (ინ. 15,5).
ღმერთი თვითარსია. იგია სიცოცხლის, სიყვარულისა და სხვა საერთოდ ნებისმიერი სიკეთის სათავე; ყველა სხვა ქმნილება, მათ შორის, ანგელოზები და ადამიანებიც არ არიან თვითარსნი. ისინი მარადიული სიცოცხლისათვის აუცილებლად საჭიროებენ შემოქმედთან მტკიცე კავშირს, რაც მხოლოდ სიყვარულით შეიძლება განხორციელდეს, თუ როგორ უნდა მოხდეს ეს, მშვენივრად განმარტავს იოანე მახარებელი: რადგან - "ღმერთი სიყვარულია, სიყვარულის მკვიდრი ღმერთში მკვიდრობს, ხოლო ღმერთი - მასში" (I ინ. 4,16), "ვისაც მე ვუყვარვარ, - ამბობს მაცხოვარი, - დაიცავს ჩემს სიტყვას, და მამა ჩემი შეიყვარებს მას, და მივალთ და მასთან დავივანებთ" (ინ.14,23), ხოლო, ვინაიდან "ღმერთი არავის არასოდეს უხილავს, თუ ერთმანეთი გვიყვარს, ღმერთი ჩვენში მკვიდრობს (I ინ.4,12).
დაცემულმა ანგელოზმა და მისმა მიმყოლმა ძალებმა თავისი ამპარტავნებით ჭეშმარიტი სიყვარული სრულად დაკარგეს, რის შედეგადაც ეს გრძნობა ეგოისტურ ვნებად გადაექცათ. სწორედ ამაშია მათი, და საერთოდ, უღმერთო და ცოდვილი ადამიანების ტრაგედია;
თუ ჭეშმარიტი სიყვარული გაცემას, სხვისთვის მსახურებას და თავგანწირვას გულისხმობს, ეგოისტური სიყვარული საკუთარი მოთხოვნილებებისა და სურვილების დაკმაყოფილებისკენ მიილტვის, რაც სხვადასხვა ცოდვის მიზეზი ხდება. ეს კი თავისთავად იწვევს ღვთაებრივი სიყვარულის დაშრეტას, სიცოცხლის წყაროსთან კავშირის გაწყვეტას და თვითგანადგურებას.
ჭეშმარიტი სიყვარულისკენ სწრაფვაც და ეგოისტურ ვნებებში დანთქმაც ამქვეყნადვე იწყება. პირველის ბოლო ღმერთთან ერთობაა, მეორისა - ეშმაკთან თანაზიარება; სამწუხაროდ, საზოგადოების დიდი ნაწილი ამას ვერ აცნობიერებს.
საერთოდ, ადამიანი ნეტარებისთვის არის შექმნილი და მისკენ ლტოლვა ჩვენს არსებაშია შთანერგილი. მაგრამ ცოდვით დამძიმებულ პიროვნებას ნეტარებაზეც დამახინჯებული წარმოდგენა აქვს და ცდილობს, ეს მოთხოვნილება მიწიერი საცდურით - სიმდიდრით, პატივით, თანამდებობით, ნარკოტიკებით, სიმთვრალით, მრუშობით და სხვა მრავალი ცოდვით დაიკმაყოფილოს.
თუმცა, როგორც აღვნიშნეთ, ამ ყველაფერს წილი არა აქვს ჭეშმარიტ სიყვარულთან; ისინი მხოლოდ დროებით ქმნიან ილუზიურ სამყაროს, რომელიც შემდეგ ქრება და სანაცვლოდ რჩება დაუკმაყოფილებლობის დიდი განცდა, რაც შეიძლება სასოწარკვეთილებად იქცეს.
სწორედ ეს არის სულის ჯოჯოხეთური მდგომარეობა; და თუ ადამიანმა ცოდვითი მიდრეკილებები არ გამოასწორა, იმქვეყნად მის დახმარებას უფალიც ვერ შეძლებს, რადგან ასეთ კაცს ღმერთთან და ღვთაებრივთან ურთიერთობა აღარ ანიჭებს ნეტარებას და სამოთხეში რომც მოხვდეს, კიდევ უფრო დაიტანჯება.
მაგალითისთვის ვიტყვით, რომ თამბაქოს ან ნარკოტიკების მუდმივად მომხმარებელს, საუკეთესო გარემოშიც კი მათ გარეშე ყოფნას, ამ საწამლავის ქონა და თუნდაც ყველაზე მძიმე პირობებში ცხოვრება ურჩევნია. მაშ, განვერიდოთ ცოდვას და ეშმაკის საცდურთ. პავლე მოციქული გვარიგებს:
"არ იცით, რომ უსამართლონი ვერ დაიმკვიდრებენ ღვთის სასუფეველს. ნუ შეცდებით: ვერც მეძავნი, ვერც კერპთმსახურნი, ვერც მემრუშენი, ვერც ჩუკენნი, ვერც მამათმავალნი, ვერც მპარავნი, ვერც ანგარნი, ვერც მემთვრალენი, ვერც მაგინებელნი, ვერც მტაცებელნი ვერ დაიკვიდრებენ ღვთის სასუფეველს" (Iკორინ.6, 9-10).
თუმცა იესო ქრისტე ყველასადმი მაინც სიყვარულით არის განმსჭვალული. "ნებსით არა მნებავს სიკვდილი ცოდვილისა, არამედ მოქცევა და ცხონება მისი", - ბრძანებს იგი.
უფალი ცდილობს განსაცდელით მაინც აუხილოს თვალი ადამიანს. ამიტომაც ის პრობლემები, რაც თითოეულ ჩვენგანს ცხოვრების გზაზე ხვდება, მხოლოდ ღვთის სიყვარულიდან მომდინარეობს და მიზნად ისახავს ჩვენს გამოსწორებას, ჩვენს წინსვლას. "ვინც მიყვარს, მას ვამხილებ და ვწვრთნი, მაშ, ეშურებოდე და შეინანე", - ამბობს უფალი (გამოცხ. 3,19).
ესეც უნდა ვიცოდეთ: ყველაზე დიდი განსაცდელიც კი, რომელშიც შეიძლება ნებისმიერი პიროვნება ან ქვეყანა აღმოჩნდეს, უმცირესია იმასთან შედარებით, რასაც ის, თავისი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე, იმსახურებს.
ამიტომ ქრისტიანი თუნდაც პატიმარი იყოს, ან დევნილი, ან მძიმედ სნეული, თუნდაც შვილმკვდარი მშობელი, ყოველდღიურ ლოცვებში ამბობს: "გმადლობ შენ, წმიდაო სამებაო, რამეთუ მრავლისა სახიერებისა და სულგრძელებისა შენისათვის, არა თანაწარმწყმიდე უსჯულოებათა შინა ჩემთა, არამედ ჩვეულებისამებრ კაცთმოყვარე მექმენ მე..."
მსურს, ციხესთან დაკავშირებულ პრობლემებს შევეხო ზოგადად.
პატიმრობა ადამიანისთვის ერთ-ერთი მძიმე სასჯელია. სამწუხაროდ, საქართველოში ასეთ მდგომარეობაში მრავალნი იმყოფებიან, რაც ისედაც მცირერიცხოვან ქვეყანაში დემოგრაფიული მდგომარეობის გამოსწორებაზე, რა თქმა უნდა, უარყოფით გავლენას ახდენს. ამას ემატება ისიც, რომ საპყრობილეში არსებულ მძიმე პირობებს ქვეყნის სოციალური გაჭირვება კიდევ უფრო აუტანელს ხდის. ყველა ცივილიზებულ სახელმწიფოში ციხე პატიმრის გამოსწორებას ისახავს მიზნად. ჩვენთან კი, ჯერ-ჯერობით, ეს ვერ ხორციელდება. ვითარებას ისიც ართულებს, რომ შედარებით მსუბუქი და უკიდურესად მძიმე დანაშაულის მქონე ადამიანები ერთად იხდიან სასჯელს.
ჩვენ ადრეც ვწერდით და კვლავაც ვიმეორებთ, რომ სასურველია, მცირე დანაშაულის მქონე პირების განცალკევება და შედარებით მსუბუქ რეჟიმში ან მიმაგრებაში გადაყვანა, რათა მათ დასაქმების საშუალებაც ჰქონდეთ და ოჯახთან კავშირიც შეინარჩუნონ.
ეს, ალბათ, მომავლის საქმეა; ამჟამად კი მინდა მივმართო ნებისმიერ პატიმარს, ნებისმიერ გაჭირვებულს, საერთოდ ყველა ადამიანს: თქვენ გყავთ ყოვლისშემძლე, ყოვლისმომცველი, სიკეთის, სიხარულის, მშვიდობის, სიბრძნის, ბედნიერების მომნიჭებელი უერთგულესი თანამდგომი, - შემოქმედი ჩვენი და ღმერთი ჩვენი, რომელიც არასდროს არ მიგატოვებთ.
ჩვენ მხოლოდ უნდა ვისწავლოთ მასთან ურთიერთობა. უნდა ვისწავლოთ მისი ნამდვილი სიყვარული, რომ ჩვენსა და მას შორის დამყარდეს კავშირი და მაშინ ვერავითარი განსაცდელი ვერ მოგვერევა.
მაშ, ჩავიხედოთ ჩვენს გულში, გადავხედოთ ჩვენს განვლილ გზას და გავცეთ პასუხი კითხვას: გვაქვს კი ჭეშმარიტი ერთგულება ღვთისა?! გვაქვს კი განცდა იმისა, რომ არავისზე და არაფერზე არ გავცვლით მის სიყვარულს, და შევძლებთ, პავლე მოციქულის სიტყვების გამეორებას:
"ვერც სიკვდილი, ვერც სიცოცხლე, ვერც ანგელოზნი, ვერც მთავრობანი, ვერც ძალნი, ვერც აწმყო, ვერც მომავალი, ვერც სიმაღლე, ვერც სიღრმე, ვერც რაიმე სხვა ქმნილება ვერ განგვაშორებს სიყვარულს ღმრთისას" (რომ.8. 38-39).
თუ ასეთი სარწმუნოება გვაქვს, ნეტარება ჩვენ!
და თუ არა, ვეცადოთ, დღეიდანვე დავიწყოთ ფიქრი და ზრუნვა გამოსწორებისათვის და უფალთან დარღვეული კავშირის აღდგენისათვის. მაშ, კიდევ ერთხელ გავიმეოროთ და გავითავისოთ დარიგება, რომელიც შემოქმედმა პირველად მოსე წინასწარმეტყველის პირით განუცხადა თავის ერს, და ძალისამებრ ჩვენისა, ვეცადოთ აღვასრულოთ იგი:
"ისმინე ისრაელო, და ეცადე შეასრულო, რომ კარგად იყო და დიდად იმრავლო ქვეყანაში...
გიყვარდეს უფალი, შენი ღმერთი მთელი შენი გულითა და სულით, მთელი შენი შეძლებით. გულში გქონდეს ეს სიტყვები..., ჩააგონებდე შენს შვილებს და უთხრობდე სახლში ყოფნისას, გზაზე სიარულისას, დაწოლისას და ადგომისას. შეიბი ნიშნად ხელზე და ტვიფრად შუბლზე. წააწერე სახლის წირთხლებს და კარებს. უფლის, შენი ღმერთის გეშინოდეს და მას ემსახურებოდე" (II რჯული 6, 3-9,13).
წინასწარმეტყველთა და წმინდანთა ცხოვრება თვალსაჩინო დადასტურებაა ღვთისადმი თავდადებული სიყვარულისა. გავიხსენოთ თუნდაც მამამთავარი აბრაამი, რომელიც სწორედ იმიტომ იქნა გამორჩეული, რომ მან მთელი გულით შეიყვარა შემოქმედი და არაერთხელ დაადასტურა ეს თავისი ცხოვრებით: უფალზე მინდობილმა დატოვა სამშობლო, ნათესავები და გაემართა ღვთისგან მითითებულ სრულიად უცხო ქვეყანაში, სადაც მრავალი განსაცდელი გამოიარა. იგი წლების განმავლობაში უდრტვინველად, რწმენითა და სასოებით ითმენდა უშვილობასაც, რაც ებრაელთა შორის ღვთის სასჯელად ითვლებოდა, ხოლო როცა, მას მოხუცებულობაში აღთქმული ძე შეეძინა, ღვთის მოთხოვნის შესაბამისად, უყოყმანოდ მიიყვანა იგი უფლის სამსხვერპლოდ. ღმერთმა მისი მორჩილება და რწმენა შეიწირა, ისააკს სიცოცხლე შეუნარჩუნა და, აბრაამის მადლით, ებრაელთა ერთ-ერთ მამათმთავრად ჰყო იგი.
ღვთისადმი ასეთი ერთგულებისა და სიყვარულისათვის კი თავად აბრაამი უფალმა ხალხების მამად გამოირჩია და დიდად განამრავლა.
როცა ისრაელიანთა ერი აბრაამისა და სხვა წინასწარმეტყველთა მიერ ნაქადაგები ღვთის გზით მიდიოდა, ყოველთვის იმარჯვებდა და ბედნიერი იყო, ხოლო როდესაც შემოქმედს ეურჩებოდა, სხვადასხვა განსაცდელში ვარდებოდა.
ღმერთი კვლავაც ასე წვრთნის თავის სამწყსოს, - ახალ ისრაელს, ქრისტიანებს, როგორც წმიდა მამები უწოდებენ, და ეს ჩვენს ისტორიაშიც ნათლად გამოვლინდა.
მაშ, გულით შევიყვაროთ უფალი და დავიცვათ მისი მცნებები, რათა ღმერთმაც შეგვიყვაროს და "რჩეულ ერად" გამოგვაჩინოს. "მოახლოვდა ძილისაგან ჩვენი გამოფხიზლების ჟამი... ახლა უფრო ახლოა ჩვენთან ხსნა... განვიშოროთ ბნელის საქმენი და შევიმოსოთ ნათლის საჭურველი" (რომ.13, 11-12).
აღივსენით სასოებით, არ შეუშინდეთ სირთულეებსა და განსაცდელს, ბოროტება დათრგუნულია, მას სძლია ბეთლემში შობილმა მაცხოვარმა.
ღმერთს ებარებოდეთ!
იხარეთ ორსავე სოფელსა შინა.
შობა ქრისტესი
თბილისი, 2008 წ.
ილია II
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი.