ჩვენ ვადიდებთ იესო ქრისტეს შობას, მხოლოდშობილს, წმიდას, თანაარსს მამისა და სულისა წმიდისა და ამასთან ერთად მტვირთველს ადამიანის ბუნებისა, მწყალობელს მეზვერეთა და ცოდვილთა, აღმღებელსა თავის თავზე კაცობრიობის უბედურებათა, ცრემლთა, ტკივილთა და განსაცდელთა, რამეთუ ყოველივე ეს მან იტვირთა ჩვენთვის, რათა ჩვენი გამოხსნის დიდი საიდუმლო აღესრულებინა. იესო ქრისტე - ღმერთი ღმერთთაგანია, ნათელი - ნათლისაგან, რომელიც დღეს, ხვალ და მარად ღვთაებრივი დაუსრულებელი ცხოვრების პროცესში იშვება წიაღთა ღვთისა მამისაგან.
თუ პირველი ქრისტიანებისათვის სასწაულნი და გამოცხადებანი ჩვეულებრივი საღმრთო მოვლენა იყო, თანამედროვე ადამიანში ის ხშირად იწვევს უნდობლობას, ან უკეთეს შემთხვევაში - გულისტკივილს, რადგან მას არ შესწევს უნარი მისი ახსნისა და შემეცნებისა
იესო ქრისტე ისტორიაში არის განსაკუთრებული რეალობა, დროების შემობრუნების ნიშანსვეტი, ახალი ადამიანის საწყისი. შეხედულებანი მის პიროვნებაზე განსხვავდებოდნენ და ამჟამადაც განუწყვეტლივ სცილდებიან ერთმანეთს. მისთვის და მისდამი რწმენის გამო იღვრებოდა სისხლი და ცრემლი, იმიტომ, რომ „ეს არის მოწმობა, რამეთუ საუკუნო სიცოცხლე მოგვცა ჩვენ ღმერთმა, და ეს სიცოცხლე მის ძეშია“ (I იოვანე V,II). ამ რწმენით, ამ სულიერი სათნოებით ცხოვრობდა და ცხოვრობს ჩვენი კეთილმორწმუნე ერი
ანგელოზებმა იგალობეს ბეთლემსა ზედა ქრისტეს შობის ღამეს: „დიდებაი მაღალთა შინა ღმერთსა, ქუეყანასა ზედა მშვიდობაი, და კაცთა შორის სათნოებაჲ“ (ლუკა 2,14). მშვიდობა, რომელიც გვაუწყეს ანგელოზებმა, წარმოადგენს კაცობრიობისათვის არსებით აუცილებლობას, როგორც წყარო, რომელიც აღვიძებს წყურვილს ხალხთა შორის მადლიანი მშვიდობისათვის, როგორც სიყვარულის მოვლენა, რომელიც საფუძველია მეგობრობის, მშვიდობიანი ურთიერთობისა და ხალხთა ცხოვრების აყვავებისა
საქართველოს მიწა წმინდაა, მის წიაღში განისვენებს მაცხოვრის კვართი, ივერია არის ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის წილხვედრი, აქ ქადაგებდნენ მოციქულნი - ანდრია პირველწოდებული და სიმონ კანანელი, აქ შეასრულა თავისი სამოციქულო მისია მოციქულთა სწორმა და ქართველთა განმანათლებელმა წმინდა ნინომ, აქ ბევრი წამებული გვირგვინოსან იქმნა, ივერია ბრწყინავს მღვდელთმთავართა და ღირსთა მამათა ღვაწლით, ამ მიწაზე გვესმის ჩვენ საიდუმლო სიტყვები, რომლებიც ოდესღაც მოისმინა ღვთისმხილველმა და დიდმა წინასწარმეტყველმა მოსემ: „გაიხადე ფეხსაცმელი ფერხთაგან შენთა, რადგანაც მიწა, რომელზედაც დგახარ, ადგილი წმიდა არს“ (გამ. III,5)