თემა: მარხვა

ჭეშმარიტად არსებობს მარხვის ორი სახე და საშუალება და ორივეს წმიდა წერილსა და წმიდა გარდამოცემაში

ჭეშმარიტად არსებობს მარხვის ორი სახე და საშუალება და ორივეს წმიდა წერილსა და წმიდა გარდამოცემაში აქვს ფესვი გადგმული. პიველ სახეს შეიძლება ეწოდოს სრული მარხვა, რამდენადაც ის საჭმელისა და სასმელისაგან სრულ თავშეკავებაში მდგომარეობს. მეორე სახეს - ასკეტური მარხვა, რამდენადაც ძირითადად ის გულისხმობს თავშეკავებას მხოლოდ გარკვეული სახის საკვებისაგან და ზოგადად - მისი რაოდენობის შეზღუდვას. სრული მარხვა თავისი ბუნებით ხანმოკლეა, ის ერთი დღის განმავლობაში, ანდა სულაც დღის რამდენიმე საათის მანძილზე გრძელდება. ქრისტიანობის დასაწყისში მარხვას უცქერდნენ, როგორც მზადებასა და მოლოდინს, როგორც სულიერ კონცენტრაციას იმაზე, რაც უნდა აღსრულებულიყო. ხორციელი შიმშილი აქ დასასრულის სულიერ მოლოდინს შეესაბამება, მთელი ადამიანური არსების მზადებას მომავალი სიხარულის მისაღებად, ამიტომ საეკლესიო საღვთისმსახურო გარდამოცემაში სრული მარხვის ამ წესში ჩვენ ვპოულობთ უდიდეს დღესასწაულთან, ანუ პირად სულიერ მოვლენასთან შეხვედრის მოლოდინის დაგვირგვინებას.
    სრულიად სხვაგვარია მეორე სახის მარხვის სულიერი აზრი, მარხვისა, რომელსაც ასკეტიკური ვუწოდეთ. ასეთი მარხვის მნიშვნელობა არის ადამიანის გათავისუფლება ხორცის უკანონო ბატონობისაგან, სულის სხეულზე და მის მოთხოვნებზე დაქვემდებარებისაგან, რაც პირველი ცოდვის, ადამიანის ცოდვით დაცემის ტრაგიკულ შედეგად გვევლინება. მხოლოდ ხანგრძლივი მოთმინებისა და ძალისხმევის შემდეგ ვხვდებით ჩვენ, რომ "არა პურითა ხოლო ოდენ ცხონდების კაცი" და საკუთარ თავში სულის უპირატეს როლს აღვადგენთ. თავისი მნიშვნელობით ეს უნდა იყოს ხანგრძლივი და გაძლიერებული ღვაწლი. დროის ფაქტორი აქ ძალიან მნიშვნელოვანია, რამდენადაც, ჭეშმარიტად, დიდი დროა საჭირო იმისათვის, რომ ძირიანად აღმოვფხვრათ და განვკურნოთ ჩვეული და საყოველთაო სნეულება, რომელსაც ადამიანები უკვე საკუთარ ნორმალურ მდგომარეობად თვლიან.
 
თემატური კითხვები
0