
ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: მოწყალება
მოწყალების გაღებისას უდიდესი სიუხვე გამოვიჩინოთ, რათა მცირეოდენის გაცემით უდიდესი ჯილდოების მიღების ღირსი შევიქნეთ. სად არის აქ თანასწორობა - მცირეოდენი ფული გასცე და ცოდვათა დატევება მოიპოვო? მშიერი დააპურო, და - ღირსი შეიქნე იმ დღეს საშინელ სამსჯავროზე კადნიერად წარსდგე და გესმის სიტყვები, რაც სასუფევლის დამკვიდრების ტოლფასია: "მშიოდა და მეცით მე ჭამადი"(მთ.25,35). ნუთუ ის, ვინც ესოდენი წყალობა მოგანიჭა, არ შეეძლო თავად დაეკმაყოფილებინა ამ მშიერი ადამიანის მოთხოვნილებანი? მაგრამ ის მას ამ განსაცდელში იმიტომ ტოვებს, რომ მოთმინებისთვის უდიდესი ჯილდო მიიღოს, შენ კი მოწყალების გაცემით კადნიერება მოიპოვო. ხედავ ღმერთის კაცთმოყვარეობას, ჩვენი ცხონებისათვის ყოველივეს როგორ წარმართავს? ამგვარად,როდესაც გაიფიქრებ, გლახაკი, რომელიც უპოვარებას ებრძვის, შიმშილით იმისთვის ჩამომხმარა, რომ შენ სარგებელი ჰპოვო - მას თანაგრძნობის გარეშე ნუ ჩაუვლი, არამედ სწორად განაგე ის, რაც ღმრთისაგან მოგენდო, რათა უპოვრის ხელმოკლეობას შეეწყო და თავადაც უდიდესი ზეციური წყალობა მოიპოვო. შენი უფალიც განადიდე, რადგან შენთვის და შენი ხსნისთვის დაუშვა, რომ ამ ადამიანს სიღარიბეში ეცხოვრა, რათა შენ შენი ცოდვების განწმენდა შეძლო და კეთილად მოიხმარ იმ ღმერთისგან მონდობილს, იმგვარი ქება დაიმსახურო, რომელიც ყოველგვარ სიტყვასა და ცნებას აღემატება: "კეთილ მონანო სახიერო და სარწმუნოო! მცირედსა ზედა სარწმუნო იქმენ, მრავალსა ზედა დაგადგინო შენ" (მთ.25,23). ვიზრახავთ რა ამგვარად, უპოვართ ისე მოვჰხედოთ, როგორც ჩვენს კეთილის მყოფელთ, მათ შეუძლიათ ხსნის სახსარი მოგვაპოვებინონ. მათ უხვად და მხურვალე გულმოდგინებით მივცეთ; გაცემისას უკმაყოფილება არასოდეს გამოხატოთ, მუდამ მშვიდად და თავმდაბლურად ვესაუბროთ: "მიუპყარ ყურნი შენნი გლახაკთა მიმართ და მიუგე მას მშვიდობათა შინა სიმშვიდითა" (ზირ. 4,8) რათა გაჭირვებით შემუსვრილი გული ჯერ კიდევ გაცემამდე გაუმხნეო, რამეთუ: "სიტყვა უფროს ნიჭისა კეთილისა" (ზირ. 18,17). სიტყვასაც ძალუძს სულის მხნეობა შემატოს და უდიდესი სიმშვიდე მიანიჭოს. ამგვარად, უხვი მოწყალება გავცეთ და არა მხოლოდ მის მიმღების მივხედოთ არამედ იმას, ვინც ყოველივეს მიითვლის, რაც უპოვართათვის გაიცემა, და მოწყალებისთვის ჯილდო აღგვითქვა: გონება მისკენ აღვმართოთ, ვეცადოთ მოწყალება სრული გულწრფელობით გავცეთ და ვიდრე დრო გვაქვს, უხვად დავთესოთ, რათა უხვადვე მოვიმკოთ, რამეთუ "რომელმან სთესოს რიდობით, რიდობითცა მოიმკოს" (2კორ.9,6). ამგვარად,ეს კეთილი ტესლი სიუხვით ვთესოთ, რათა თავის დროზე სუიხვით მოვიმკოთ. ამჟამად თესვის დროა: მას ხელიდან ნუ გაუშვებთ, რათა მიგების დღეს აქ დათესლილისათვის ნაყოფი მოვიმკოთ და ღმერთის სიყვარულის ღირსი შევიქნეთ. ჩვენი ცოდვის ალს ვერცერთი სხვა სათნოება ისე ვერ ჩააცხრობს, როგორც უხვი მოწყალება. ის ჩვენს ცოდვებს აღხოცს, კადნიერებასაც მოგვიპოვებს და უფლის წინაშე სხვა გამოუთქმელი სიკეთეებით ტკბობას განგვიმზადებს.
|
|