ამპარტავნება და ცუდად-მზვაობრობა (ცუდმედიდობა) ყველაზე ღრმა, ყველაზე გავრცელებული და დამღუპველი

ამპარტავნება და ცუდად-მზვაობრობა (ცუდმედიდობა) ყველაზე ღრმა, ყველაზე გავრცელებული და დამღუპველი სნეულებებია, და სწორედ ამათგან იღებს სათავეს სულში ბოროტება. ამპარტავნება დედაა ყველა ვნებისა და ცოდვისა, ისე არაფერი განაშორებს ადამიანს ღმერთისაგან, როგორც ამპარტავნება. მისივე მსგავსი ვნებებია: თავისმოყვარეობა, თავდაჯერება, ქედმაღლობა, ეგოიზმი, ფარისევლობა და ა.შ. ამპარტავნება ყოველთვის როდია აშკარა, მაგრამ კარგად ჩანს სხვადასხვა საქციელიდან. დაკვირვებული კაცი იოლად შენიშნავს მას საკუთარ თავს, მაგრამ მისი სიტყვით გადმოცემა ანდა სიღრმის გაზომვა შეიძლება გაუჭირდეს. სამაგიეროდ კარგად ჩანს ამპარტავნების ერთგული ლაქია -ცუდმედიდობა. იგი, როგორც ქურდი ან მოხარკე, ცდილობს ადამიანის ნებისმიერი საქციელიდან თავისი წილის მიღებას. სულერთია კაცი სიკეთეს ჩადის თუ ბოროტებას, ცუდმედიდობა იქვეა ჩასაფრებული და უთვალთვალებს, იქნებ რაიმეს გამორჩეს - მაგალითად, თავის ქებას, რომელიც ავადმყოფურ თავმოყვარეობას აღვივებს, ვიდრე რაიმეს წამოიწყებდეს, კაცი ყოველთვის ფიქრობს, ღირს თუ არა ამ საქმისათვის ხელის მოკიდება. სწორედ ამ დროს ეპარება ცუდმედიდობა თავისი დამღუპველი ჩარევით, კეთილ სურვილებს თავდაყირა აყენებს და ღმრთის სათნო მოტივებს თვალთმაქცობით ცვლის. მაგალითად, მავანი იწყებს რაიმე საქმეს უფლის გულისათვის. ამ დროს კი ცუდმედიდობა ჩასჩურჩულებს: "მიდი, მიდი, კარგი საქმეა, თანაც შენზე იტყიან ამან გააკეთაო" - კაცი უცებ აენთება, საიდანღაც განსაკუთრებული ძალა ეძლევა, ვერც კი ამჩნევს ისე ღებულობს ამ მაცდურ აზრებს და და უკვე ღმერთის კი არა, საკუთარი თავის სადიდებლად შრომობს.
    ამიტომ გვასწავლის მაცხოვარი ასე ხშირად, რომ ყველას თვალწინ, ხალხის დასანახად კი არა, ცალკე ვილოცოთ, მოწყალებაც ფარულად გავცეთ და საერთოდ ყოველი საქმე ვაკეთოთ ღმერთისათვის და არა კაცთათვის. ამ ვნების მზაკვრობა იმდენად მრავალფეროვანია, რომ თითქმის შეუძლებელია მისი ყველა ხერხის ამოცნობა. როგორც მამები წერენ, ის-ისაა მოიკვეთ ერთს მიზეზს ცუდმედიდობისას, რომ უეცრად სულ სხვა მხრიდან შემოგეპარება და ხახვის ფურცლებისა არ იყოს, ერთს მოაცლი და ქვეშ მეორე ფენა გვხვდება. თუმცა ეს ვნება ასეთი აბეზარი და ძნელად საკურნებელია, მას განსაკუთრებით უნდა ვებრძოლოთ, რადგან სწორედ იგი ხდის უნაყოფოს კაცის მთელ შრომას. ხშირად ქრისტიანის ცხოვრება გარეგნულად უნაკლო და სამაგალითოც კია, მაგრამ შიგნით მთლიანად გამოჭმულია ცუდმედიდობის ჭიით, ცრუ საფუძველზე - ქვიშაზეა დამყარებული, და მთელი უზარმაზარი, ბრწყინვალე შენობა მსუბუქი ნიავის დაბერვაზე შეიძლება ჩამოიქცეს.
    ესეც იცოდე, ძმაო: ჩვენს დროში ამ ვნებამ ძალიან მოიკიდა ფეხი ქრისტიანთა შორის ყალბი ღვთისმოშიშების, ყალბი მოშურნეობის, კაცთმოთნეობის, პირფერობისა და ფარისევლობის სახით. მაშ, ყურადღებით განიხილე შენი გული და აღიარე ცუდმედიდობის აზრები, რათა ღმერთის დიდება კაცობრივ დიდებაზე არ გაცვალო.
 
თემატური კითხვები
0