
ავტორი:
წმ. იოანე ოქროპირი
თემა: ამპარტავნება
სწავლა მთ. კვალად ამპარტავნებისათვისვე.
საყვარელნო, უკეთუ იოანე ნათლისმცემელი არა ღირს იყო საბელთა ხამლთაქრისტესთა განხსნად, იოანე, რომლისა უზესთაესი ნაშობთა შორის დედათასა არავინ აღდგომილ არს, ჩვენ სადა დავაწესნეთ თავნი ჩვენნი?! უკეთუ რომელი იგი უზესთაეს იყო ყოვლისა სოფლისა, მან სთქვა, ვითარმედ უკანასკნელთაცა მონათა მისთა შერაცხვად არა ღირს ვარ, რაი ვჰსთქვათ ჩვენ, რომელნი ბევრეულითა ბოროტითა სავსე ვართ. რომელნი ესოდენ ნაკლულევან ვართ მისისა სათნოებისაგან, რომელთაცა ქვეყანისაგან არა არს ესრეთ შორს. და მან ჰსთქვა, ვითარმედ საბელსა ხამლთა მისთასა განხსნად არა ღირს ვარ, ხოლო ჩვენ, რომელნი ამპარტავანობითაცა ძლეულ ვართ, რაიმე ვჰსთქვა? არა უწყი. არამცა გარდამოვრდომილ იყო ზეცით ეშმაკი, უკეთუმცა არა ამპარტავანებითა შეპყრობილ იყო. ამან შთახადა იგი გეენიად. ამპარტავანება იქმნა მიზეზ ბევრეულთა ბოროტთა, რომელ ესე მარტოდ შემძლებელ არს ყოვლისავე სათნოებისა განრყვნად, რამეთუ "მაღალი იგი წინაშე კაცთა, საძაგელ არს წინაშე ღვთისა". არა სამე სიძვაი ოდენ შეაგინებს კაცსა, არამედ ამპარტავანებაცა, რამეთუ სიძვასა, დაღაცათუ ბოროტ არს, აქვს მიზეზად გულის-თქმაი ხორცთა, ხოლო ამპარტავანებისა მიზეზი არცა ერთი არს, არამედ სენი არს ბოროტი სულისა. უგულისხმოებისაგან შობილი, რამეთუ არა რაი არს უბოროტეს კაცისა ამპარტავანისა. დაღაცათუ ფრიად მდიდარი იყოს, არა რაი არს უუგუნურეს მისა. დაღაცათუ ყოველი სიბრძნე კაც-კაცთა ასწავოს და ყოველი ძალი მისი აქვნდეს, რამეთუ უკეთუ, რომელი სათნოებასა და მოღვაწებასა ზედა ზვაობდეს, ყოველსა მას სასყიდელსა წარწყმედს. უკეთუ რომელი სიზმართა და აჩრდილსა ზედა ზვაობდეს, რომელ არს ამის სოფლისა დიდებაი, მისთვის რაი ვჰსთქვათ? რამეთუ მსგავს არს კაცსა, რომელი სიგლახაკითა და სიყმილითა მოკვდებოდეს, და უკეთუ სადა იხილოს სიზმარი რაიმე კეთილი მას ზედა მაღლოდეს. ჰოი, უბადრუკო კაცო! სული შენი ბევრეულითა სენითა სავსე არს და შენ რომელ ოქრო და ვერცხლი გაქვს, ამისთვის გონება ღრუბელთა უმაღლეს გიპყრიეს? არამედ სიმდიდრე ეგე არა შენი არს და, უკეთუ ჩემი არა გრწამს, თვით საქმენი იხილენ, და უკეთუ ჯერეთ გთრავს და არა გულის-ხმა-ჰყოფ, სხვათა ზედა მოწევნულთა საქმეთაგან, მცირედ ელოდე და შენ ზედა მოწევნულისაგან ჰსცნა, ვითარმედ ესე ყოველი არა გერგების, რაჟამს იგი მოიწიოს სიკვდილი და ერთისაცა ჟამისა უფალ არა იყო, არამედ უნებლიეთ დაუტევო. და ნუ უკვე ვიეთთა შენ არა გინდეს მათ წარიღონ, რამეთუ მრავალთაცა სიტყვისა თქმად ვერ-ხელეწიფა. არამედ ესე რათა არა მოიწიოს ჩვენზედაცა, ამისთვის, ვიდრეღა ცხოვრებასა ვართ, ხელით ჩვენით წარვსცეთ ყოველი ჩვენი მონაგები მას ქალაქსა, რათა მუნ ვჰპოვოთ ყოვლითურთ, და მუნ არა არს შიში წარწყმედისა, არცა სიკვდილისა მიერ, არცა სხვისა რაიმე განსაცდელისა, არამედ თვითეული უკვე იშვებდეს თვისსა მას სიმდიდრესა ზედა. მივსცვალოთ უკვე, საყვარელნო, სიმდიდრე ჩვენი ამიერ მუნ, რამეთუ არა სახმარ არიან ჩვენდა ამის მიცვალებისათვის კარაულნი ანუ აქლემნი, ანუ ნავნი, არამედ გალახაკთა მიერ იქმნების საქმე ესე კეთილად, უძლურთა მიერ და მკელობელთა და ბრმათა, იგინი წარიღებენ მას ყოველსა მუნ ამიერ. იგინი მოწყალესა მას თანა შეგვიყვანებენ სასუფეველსა ცათასა, რომლისა ღირსმცა ვართ ყოველნი მიმთხვევად მადლითა და კაცთმოყვარებითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა, რომლისა მიერ და რომლისა თანა მამასა შვენის დიდება სულით წმიდითურთ, აწ, და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამი