image

თემა: ღვთის შიში,  ღვთის ხსოვნა

392. როდისაა შესაფერისი დრო, რომ გონებაში ღმერთი და მისდამი შიში გავიხსენო, რათა მათ ცოდვების გამოსასწორებლად გული დამირბილონ?
ცეცხლი ბუნებით მხურვალეა და ვისაც მისი გამოყენება სურს, მუდმივად არ უნთია ის, არამედ კრძალვით ინარჩუნებს მას, რათა როცა მოისურვებს, შეძლოს მისი აგიზგიზება და გათბობა. ასევე უნდა მოვიქცეთ აღნიშნულ შემთხვევაში; რამეთუ ჩვენში მტრისგანაც შემოდის ზრახვები, რომელსაც ის უდროოდ გვითესავს და ღვთისმოშიშების ნიღბით გვთავაზობს და ამ გზით, თითქოსდა მოსალოდნელი საქმის საბაბით, მას სურს რომ ვინმე ან დაამწუხროს, ან გონება შეუშფოთოს, რათა მან არ იზრუნოს და არ განიხილოს, თუ რა ზრახვა ამოძრავებს. მსგავს ცბიერებას ადამიანთა სახლების მძარცველები იყენებენ. თუ მათ წინასწარ არ იციან, რომ სახლის პატრონებმა სიფრთხილე მოადუნეს, ვერ გაძარცვავენ მათ. ამიტომ ყოველთვის გაიხსენე ეკლესიასტე, რომელიც ამბობს: ყოველივეს თავის დრო აქვს და ყველაფერს თავის ჟამი ამ ცისქვეშეთში (ეკლ. 3, 1), და უთხარი საკუთარ თავს: იმას, რაც ახლა გასაკეთებელი მაქვს, ღვთის შიშით გავაკეთებ, და შემდეგ, განთავისუფლდები რა საქმისგან, შენც გაგისწორებ ანგარიშს (ლაპარაკია მტრის მიერ დათესილ იმ ზრახვებზე, რომელიც ზემოთ ამავე პასუხში იყო ნახსენები - შენიშვ.) და ამას ჩემი ბრძნობით კი არ გავაკეთებ, არამედ ღვთის ძალით, რომელიც ყოვლისმხედველია. რაც შეეხება იმას, თუ აზრების გამოსაკვლევად რომელი დროა შესაფერისი, დაე ეს შენთვის დილის და საღამოს საათები იყოს. ამ დროს შენს თავს ჰკითხე: როგორ გაატარე ღამე ან დღე? და თუ რაიმე შეცოდებას დაინახავ, შეეცადე ქრისტეს შეწევნით გამოსწორდე.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები