image

თემა: ავადმყოფობა,  რწმენა,  ათეიზმი ურწმუნოება,  ღმერთზე მინდობა,  ჯანმრთელობა

529. თქვენ თქვით, თუ ექიმს ღვთის სახელით მივმართავთ, ამაში არაფერია დასაძრახიო, და კიდევ თქვით, რომ სჯობს ყველაფერი ღმერთს რწმენითა და სიმდაბლით მივანდოთო. აზრი კი მეუბნება: თუ სხეულით დაავადდები, ექიმს უნდა ეჩვენო, რამეთუ წამლების გარეშე განკურნება შენს ძალებს აღემატებაო; ხან კიდევ: ექიმებს კი არ მიმართო, არამედ წმინდანთაგან ლოცვა-კურთხევა აიღე და მხოლოდ ამით დაკმაყოფილდიო. ამიტომაც გთხოვ, ჩემო გულმოწყალეო მამაო, მითხარი, რომელია ჩემთვის უმჯობესი?
ძმაო! ვხედავ, რომ შენ ფიზიკური ავადმყოფობის მკურნალობაზე ბევრს ზრუნავ, და ვფიქრობ, მამები ამაზე არ ზრუნავდნენ. შენი მეორე აზრი პირველს ჯობია, რამეთუ მეორე თავის თავში ღვთის სრულყოფილ რწმენას ატარებს, ხოლო პირველი - ურწმუნოებას; მეორე მოთმინებას გულისხმობს, რომელიც გამოცდილებას წარმოშობს, მისგან კი შეურცხვენელი სასოება იშვება (რომ. 5, 4-5), ხოლო პირველი საკუთარ თავში სულიერ დაძაბუნებას შეიცავს - სულმოკლეობის დას, რომელშიც ეჭვის დედა, ანუ მცირედმორწმუნეობა ბინადრობს და ის ღვთისაგან აუცხოვებს და ღუპავს ადამიანებს; მეორე აზრი ადამიანებს ღვთის მეგობრებად აქცევს, ხოლო პირველი - მტრებად; მეორე ცათა სასუფევლის შუამდგომელია, პირველი - გეენის; მეორე თავის აწევის და ღმერთთან კადნიერი დამოკიდებულების საშუალებას გვაძლევს, პირველი კი სირცხვილით თავის ჩაქინდრვას გვაიძულებს და ადამიანს ღვთის წინაშე გაუბედავს ხდის; მეორე გონებას იკრებს და მთელ თავის საზრუნავს ღმერთს ანდობს, პირველი კი ადამიანს გულის ტყვეობისა და სხვა ბოროტი ფიქრებისაკენ იტაცებს; მეორეს მიერ აღსრულებული საქმე მოყვასის დარიგებას ემსახურება, პირველისა კი მხედველთა მოუძლურებას; მეორე აზრი ასეთი მსჯელობით ხელმძღვანელობს: „ის, ვინც ფარულ სნეულებებს ხედავს, მას ჩემი ავადმყოფობის განკურნებაც შეუძლია“, პირველი კი ღვთისადმი უგუნური დამოკიდებულებითაა აღსავსე და ფიქრობს, რომ მან შეიძლება განკურნოს ის ან არ განკურნოს; მეორე სიმშვიდეს ანიჭებს და მოუწყინებლობას ასწავლის, ხოლო პირველი შფოთს აღძრავს; პირველი ადამიანს აიძულებს, რომ დასახლებებს და გავლენიან პირებს დაუახლოვდეს, ხოლო მეორე - ყოველივე მსგავსს გაურბის; ერთი გულს ნაღვლით ავსებს და ტანჯავს, მეორე კი მადლიერებას ჩააგონებს იმ დიდი ექიმის წინაშე, ვინც ჩვენი სნეულებები იტვირთა და ადამიანის ცხონებას ძლიერ შუამდგომლობს. მე კი, ჩემო გულწრფელო ძმაო, აქამდე, ჩემი სიზარმაცით, ექიმისთვის არ მიმიმართავს და საკუთარი ჭრილობებისთვისაც არ მიმკურნალია, სათნოების გამო კი არა, არამედ სიზარმაცის, რომ ქალაქებსა და დასახლებებს არ მივუახლოვდე, და ვინმე არ დავამძიმო და ჩემისთანა უღირსისათვის არ შევაწუხო, მეშინია რა პასუხისა, რომელსაც მოსალოდნელ ჟამს ჩემისთანებს მოსთხოვენ; მაგრამ ნეტარია, ვინც სათნოებისთვის ითმენს, რამეთუ ის წმიდა იობის მოთმინების თანამონაწილე ხდება. მახსოვს ისიც, რომ მრავალი დედები, იტანჯებოდნენ რა ხორციელი ავადმყოფობებით, ითმენდნენ და ყველაფერს ღმერთს ანდობდნენ. და მე, რომელიც მამად ვიწოდები, მრცხვენია. სისხლმდინარე ქალმა მიატოვა თავისი თავდაპირველი აზრები და მიხვდა, რომ სხეულის ექიმები, რომელთაც მან მთელი თავის ქონება შეალია, მას ვერაფერში დაეხმარნენ, ამიტომ სხვა გადაწყვეტილება მიიღო და უდიდეს სულიერ ექიმს, სულისა და სხეულის მკურნალს მიმართა და მისი სნეულება მანამდე თითქოსდა შეშინდა და გაქრა, სანამ მეუფე უბრძანებდა. ქანაანელმა ქალმაც მიატოვა ამა სოფლის ადამიანები: გრძნეულები, ჯადოქრები და მოგვები, ხედავდა რა, რომ ამაოა მთელი მათი ხელოვნება, და უფალს მიმართა, და შეევედრა: „შემიწყალე მე, უფალო, ძეო დავითისო“ (მათე 15, 22). და ქვეყნის ერთი კიდიდან მეორემდეა ნაქადაგები, თუ რა გაუკეთა მას კაცთმოყვარე ღმერთმა. სხვებს თავს დავანებებ და ამიერიდან ამ ორი ქალის მაგალითით განვისწავლები: იქნებ როდესმე, თუმცა კი გვიან, მეც წარვემატო, რომ მათ რწმენას მივაღწიო და ნეტარებას არ მოვაკლდე. ჩემს შესარცხვენად ეს ორი ქალიც საკმარისია, და საჭირო აღარაა მაგალითისთვის ასისთავის რწმენის და სიმდაბლის მოყვანა, რომელმაც არა მარტო ექიმები და სხვა შემწეები მიატოვა და მეუფესთან მივიდა, არამედ სახლში მისი მიღების ღირსადაც არ მიიჩნია საკუთარი თავი და რწმენით უთხრა მას: „სიტყვით ხოლო თქუ, და განიკურნოს მონაი ესე ჩემი“ (ლუკ. 7, 7-9). დიდი იყო მისი რწმენა და მაცხოვარმა შეაქო ის. ამას კი იმიტომ ვამბობ, რომ საკუთარი თავი შევარცხვინო, რამეთუ ძლიერ არ ვინდომებ, არ ვმოშურნეობ, არ ვცდილობ, ღმერთს არ მივმართავ და მე შეჩვენებულმა, ისიც არ ვიცი, როდის მოიწევა ჩემზე განაჩენი, როდის დამიძახებენ, როდის მოვა საშინელი და ულმობელი ანგელოზი, რათა მრისხანედ მიიღოს ჩემი უბადრუკი სული, და როდის დაიკეტება კარი; არც ის ვიცი, იქნებ იმ ხუთ ქალწულთან ერთად მეც გარეთ მომიწიოს დარჩენა და ღაღადი, მაგრამ აღარავინ მომისმენს. მე რომ ახლა ეს მღრღნის, ეს აშკარაა, და მოწყინება და სიზარმაცე რომ მამარცხებს, არც ესაა საიდუმლო. მაშ რა ვქნა? სასოწარკვეთილებას მივეცე? არა, ნუ იყოფინ! ეს მომაკვდინებელი ცოდვაა. მაგრამ შემიბრალე, ძმაო და ჩემთვის, კუბოში აყროლებული მკვდრისთვის, ცხარე ცრემლები დაღვარე, რადგან ვიცით, როგორი სასარგებლოა ისინი. ჩვენ ეს პეტრე მოციქულის გლოვამ გვასწავლა. და ვინაიდან ვამბობ და კეთილს არაფერს ვაკეთებ, ილოცე ჩემთვის, რათა კეთილმა ექიმმა მეც შემიწყალოს და ჩემი სულის და სხეულის სნეულებები განკურნოს. მას შვენის უკუნისამდე დიდება, ამინ.
image image
 
თემატური კითხვები