image

თემა: მონასტერი,  წუთისოფლის უარყოფა

576. ერთ ქრისტესმოყვარე ძმას (სავარაუდოდ აბბა ემელიანეს, რომელიც შემდგომში მონასტრის წინამძღვრად დაადგინეს), წმიდა ბერების: აბბა ბარსანუფის და აბბა იოანეს მიმართ დიდი რწმენა ჰქონდა და მათგან დარიგების მიღება უნდოდა; მან აბბა იოანეს ცხოვრებისეულ საკითხებზე კითხვა გაუგზავნა და უთხრა:
    ჩემო მამაო! მონაზვნური ცხოვრების დასაწყებად ღვთის გულმოწყალებას ვევედრები, და ეჭვი მეპარება, ახლავე უნდა მივატოვო ყველაფერი, თუ ჯერ საქმეები მოვაგვარო და მერე წავიდე აქედან, რათა მომავალში ყველანაირი ზრუნვა - განსაკუთრებით ბებიაზე, ბავშვებზე და მიწების გაყიდვაზე - თავიდან ავირიდო. აზრი ჩამაგონებს, რომ ბებია ნათესავების მახლობლად დავასახლო და მათ მინდვრების რაღაც ნაწილი მივცე, რომელიც მასაც და ახლობელთა სახლეულობასაც გამოკვებავს; ამის შემდეგ კი დანარჩენი მინდვრების გაყიდვაზე ვიზრუნო. მითხარი რომელი ავირჩიო და როგორ მოვიქცე, რამეთუ ყველაფერს, რაც სასარგებლოა, ღმერთი თქვენ გიცხადებთ.
შემინდე, ბატონო ძმაო, მე უმეცარი ვარ და მარჯვენა - მარცხენისაგან ვერ გამირჩევია. წერილი ამბობს: „არავინ დასდვის ხელი სახვნელსა და ხედავნ იგი გარეუკუნ და წარმართებულ არნ“ (ლუკა 9, 62), და: „მოიხსენეთ ცოლისაი მის ლოთისი“ (ლუკა 17, 32), და კიდევ: „ლომს თმის ღერი აკავებს და არწივს ბრჭყალის ბოლო“. ბებია სადმე ახლოს ნათესავებთან მოათავსე, რომ ის სამუდამოდ უზრუნველყოფილი იყოს, და მისი და ბავშვების ხარჯები დაითვალე. მიეცი მათ მიწები, რათა მას მიწებით სარგებლობის შემოსავლიდან მუდმივი წილი მისცენ, იმ იმედით, რომ მოხუცის გარდაცვალების შემდეგ, ყურადღებისთვის, რასაც მის მიმართ გამოიჩენენ, ისინიც მემკვიდრეობით რაღაცას მიიღებენ. და ჰკითხე წმინდა ბერს: საჭიროა თუ არა ამის შემდეგ სხვა მიწების გასაყიდად დარჩენა. როგორც ის გეტყვის, ისე მოიქეცი და უფლის მიერ გარეშე საზრუნავებისაგან განთავისუფლდები; ის ჩვენგან შორს არაა, ხედავს, მომართულია თუ არა ჩვენი გული და ჩვენი არჩევანის მიხედვით, ჩვენთვის სიკეთე ნებავს. მიიღებ რა ბერისაგან მცნებას, თამამად და გულმოდგინედ შეუდექი მისი ნათქვამის შესრულებას და ღმერთი, შენი რწმენის მიხედვით, მალე გიჩვენებს თავის კეთილ ნებას.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები