image

თემა: ცხონება,  წუთისოფლის უარყოფა

799. მონაზონთაგან ერთმა ეპისკოპოსმა, რომელსაც ამ ბერების დიდი რწმენა ჰქონდა, დიდ ბერს შეკითხვა გაუგზავნა: მივატოვო თუ არა ეს სოფელი და დავუბრუნდე განმარტოებულ ცხოვრებას? ამასთანავე, მან ლოცვა-კურთხევა და დახმარება ითხოვა.
ახლა შესაფერისია მოციქულის სიტყვა რომ ვთქვათ, რომელიც ამბობს: „ვიქმენ უგუნურ სიქადულისათვის, რამეთუ თქუენ მაიძულეთ მე” (2 კორ. 12, 11). მაგრამ, რადგან რასაც ახლა ვიტყვი, ღვთისნიერად იქნება ნათქვამი და არა ადამიანური მოსაზრებით, ამიტომ დაე, ნება დამრთონ ვუთხრა ღმერთს ის, რაც მას მისმა სათნოყოფილმა მოსემ უთხრა: „ან შენი მოცემული სულიერი შვილი ჩემთან ერთად შეიყვანე საუკუნო ცხოვრებაში, თუ არა და, ამომშალე შენი დაწერილი წიგნიდან“ (გამოს. 32, 32), და „ვერ დავენახვებით იმ კაცს, თუ უმცროსი ძმა ჩვენთან არ იქნება“ (დაბ. 44, 26). მრწამს მისი წმინდა სახელისა, რომ ის არ უკუაგდებს ჩემს თხოვნას, რადგან ცხონების მაძიებელთა ცხონება წმინდა სამებისა და წმინდა ანგელოზების სიხარულია. ასე რომ, მე არ ვწყვეტ ღვთისადმი ვედრებას, სანამ ის შენი ცხონებით არ გამახარებს. მაგრამ საკუთარ თავს დაუკვირდი, რომ ამან შენი აზრი დაუდევრობისაკენ არ მიდრიკოს. ამ ყველაფერზე მეტად გახსოვდეს, რომ „სოფელი ესე უნდა წარხდეს“ (1 იოანე 2, 17), რომ მისი დიდება დროებითია და ტკბობა ხრწნადია; ღვთის ხალხთან ერთად ტანჯვა უფრო გერჩივნოს, ვიდრე საწუთროი იგი საშუებელი ცოდვისაი“ (ებრ. 11, 25); და ასევე გახსოვდეს ისიც, რომ ეს ჩვენი ცხოვრება ხანმოკლეა და ჩვენ ჩვენდა უნებურად დავტოვებთ ამ სოფელს. რა არის ადამიანის ცხოვრება, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც იმაშიც არა ვართ დარწმუნებულნი, რომ ამ ქვეყანაზე დილიდან საღამომდე ვიცოცხლებთ? სასყიდელი რომ მივიღოთ, მიწიერი ნივთები საკუთარი ნებით უნდა მივატოვოთ, თუ გვინდა „ვეჩვენოთ პირსა ღმრთისასა“ (ფს. 41, 3), მაშინ მიწიერი ნივთებისადმი უზრუნველობა ავირჩიოთ, რათა კადნიერად შევძლოთ ღაღადი: „გამოიყვანე საპყრობილით სული ჩემი, რაითა აუვარო სახელსა შენსა“ (ფს. 141, 8). იჩქარე, ისწრაფე, სანამ დღეა და არ დაღამებულა, რამეთუ იტირებენ ზარმაცნი და ღონემიხდილნი, უსარგებლოდ ინანებენ რა მაშინ. მიხვდი, რომ დრო არ ითმენს და როცა დადგება ჟამი, მაშინ სიკვდილის მაცნე შეუბრალებელი იქნება. ვინც მას ევედრებოდა და შესმენილ იქნა, ის ჭეშმარიტი მეუფის ჭეშმარიტი მონაა, რომელიც ზუსტად ასრულებს მის ბრძანებებს. გვეშინოდეს იმ საშინელი დღისა და საათისა, როდესაც ვერც ძმა, ვერც ახლობელი, ვერც უფროსი, ვერც ძალაუფლება, ვერც სიმდიდრე და ვერც დიდება ვეღარ დაგვიცავს, არამედ დარჩება მხოლოდ ადამიანი და მისი საქმეები. გავყიდოთ ხრწნადი ნივთები, რომლებიც დაღუპვის უფსკრულში მიგვაქანებენ, საქორწინე სამოსელი ვიყიდოთ და სრულყოფილებას მივეახლოთ. თუ სრულყოფილებას მივეახლებით, მაშინ იმ ღვთისნიერი სრულყოფილი სიყვარულის სრულ საზომსაც მივაღწევთ, „რომელმან გარე განდევნის შიში“ (1 იოანე 4, 18) და მოციქულ პავლესთან ერთად მხიარულად ვიგალობებთ: „სიყუარული არასადა დავარდების“ (1 კორ. 13, 8). ო! ჩემო ჭეშმარიტო შვილო, დაე ჩვენი უფლის, ქრისტე იესოს მეოხებით, ჩენმი ღმერთის სასუფეველში დაგინახო. ღვთის სახელით მოგესალმები უფლის მიერ, მოგესალმები ქრსიტეს მიერ. მოგესალმები, ო, უპატიოსნესო, სულიწმინდით!
image image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები