image

თემა: მონაზონთათვის,  მონასტერი

601. ზოგჯერ ჩვენთან მორწმუნე ქალები და ძმების დედები მოდიან, ჩვენ კი მათ მონასტრის იმ გარე სენაკში ვიღებთ, რომელსაც მონასტერთან ფანჯრები აკავშირებს. ვესაუბრო მათ ამ ფანჯრებიდან თუ არა? და კიდევ: რადგან ჩემმა ბებიამ არ მოისურვა ბიძაშვილებთან ცხოვრება და მთელი თავისი საკუთრება მე გადმომცა, დამრთავ თუ არა ნებას, რომ როდესაც ის დროგამოშვებით მოვა, ვესაუბრო და მივაწოდო რაც სჭირდება? თუ არა? როგორ მოვიქცე?
როცა ქალები მარტო ადგილის მოსანახულებლად და სურვილის დასაკმაყოფილებლად არ მოდიან, არამედ ღვთის გულისთვის მოსვლის საბაბი აქვთ და სურთ რომ ღვთის სიტყვა მოისმინონ, ან რაიმე შეწირონ მონასტერს, მაშინ თუ მათთან საუბარი საჭიროა, ისაუბრე, მაგრამ საკუთარი თავი აიძულე და თვალებს გაუფრთხილდი, რამეთუ ყოველი, რომელი ხედვიდეს დედაკაცსა გულისთქუმად მას, მუნვე იმრუშა მის თანა გულსა თვისსა (მათე 5, 28). ყოველ საქმეს, რომელიც ღვთის გულისთვის აღესრულება, ღმერთი იფარავს. კაცთმოთნეობით და შექების მიზნით კი ნუ ისაუბრებ, არამედ წმინდა გულით განფინე ღვთის წინაშე შენი აზრი და თუ რაიმე საჭიროებისთვის რომელიმე ძმის დედა მოვა, მაშინ, მოცემული მცნების თანახმად, ისაუბრე მასთან, ხოლო საჭიროების გარეშე არც ეს გააკეთო, რამეთუ მის შვილს შეუძლია თქვენი დახმარებით, მისცეს მას ის, რაც მას სჭირდება, მაგრამ არა ზედმეტი, არამედ საჭიროების მიხედვით. შენს ბებიას მთელი მისი ცხოვრების მანძილზე ხანგამოშვებით უნდა ესაუბრო და მიუხედავად იმისა, ქალაქში მოისურვებს ცხოვრებას, თუ ამ დასახლებაში, მისი მოთხოვნილებები დააკმაყოფილო. მისი ოჯახის წევრებს კი, სანამ კეთილი ცხოვრებისაკენ არ დამოძღვრავ, ნუ დათანხმდები, რომ თავის ნებაზე იცხოვრონ, არამედ ღვთისმოშიშებაში განამტკიცე და წინდახედულად კვებე და შემოსე ისინი, რათა თავშეუკავებლობის და სიძულვილის საბაბი არ მისცე; არც ის დაუშვა, რომ რაიმე ზედმეტი ეძიონ, არამედ ეს მოთხოვნილებებში გარკვევის მიხედვით გააკეთე და ამხილე: „თქვენ თავისუფლები ხართ და საკუთარი თავი მონებად არ მიიჩნიოთ, არამედ იმას დაუკვირდით, რომ თქვენ ადგილ-მამულის მფლობელებზე უფრო უზრუნველყოფილნი და დაწყნარებულნი ხართ“. ხოლო, როდესაც შენი ბებია აღესრულება, მაშინ გაათავისუფლე ისინი, თავის სარჩენად მიეცი მათ წილი ან აქ, ამ დასახლებაში, ან სადაც გსურს, ეს კანონს არ ექვემდებარება; ამასთანავე, ნება არ დართო, რომ ის, რაც შენია, თვითნებურად მიითვისონ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები