თემა: იესოს ლოცვა


უცნაური რამ სახილველი.

ქსენოპოტამის ბერს, მამა ალოპის ძალიან უყვარდა იესოს ლოცვა. ლოცვისას მისი სული ზეციური, აღუწერელი სიხარულით ხარობდა, მაგრამ უცებ უცნაური რამ დაემართა: ლოცვას დაიწყებდა თუ არა, კანკალი აუვარდებოდა ხოლმე. ღვთისმსახურებისას, როცა ლოცვას წარმოთქვამდა, მასთან ერთად ტაძარში მყოფნიც ცახცახებდნენ. ხოლო როცა თავისთვის ლოცულობდა, მისი სენაკი ირყეოდა. მრავალმა მოძღვარმა ულოცა ეშმაკის განდევნის ლოცვა, მაგრამ ამაოდ.
    მდგომარეობა ტრაგიკული ხდებოდა, რადგან ბერს უკვე აღარ შეეძლო ლოცვა არც სენაკში, არც ტაძარსა თუ სატრაპეზოში. ამიტომ მის გარშემო ყველა და ყველაფერი ირხეოდა.
    ერთხელაც, მამა ალოპიკატუნაკის მონასტერს ეწვია. მამა დანიელმა მასთან საუბარი მოინდომა.
    -მამა ალოპი, - უთხრა მან, - თუმცა შენი მოძღვარი არა ვარ, მაგრამ შენი სულიერი ცხოვრების ყველა დეტალი მინდა ვიცოდე. მინდა, შენგან მოვისმინო აღსარება. მითხარი, პირველად როდის აცახცახდი ლოცვისას?
    -იმ ღამეს სკვნილზე ვლოცულობდი, - დაიწყო თხრობა მამა ალოპიმ, - სამრეკლოში ვიყავი. უეცრად კარის ურდული გაჯახუნდა. შემეშინდა და ერთიანად ავკანკალდი. ურდული მოძრაობდა, ადი-ჩადიოდა. მერე რამდენჯერმე დააბრახუნეს. კართან მივედი, მაგრამ იქ არავიმ დამხვდა. მივხვდი, რომ ეს ეშმაკის ხრიკები იყო; შევეცადე, ხმაურისთვის ყურადღება არ მიმექცია და მელოცა. მაგრამ ბრახუნი უფრო გაძლიერდა და ჯერ კარმა, შემდეგ კი სამრეკლომაც დაიწყო რყევა. მას აქეთ, შევწყვეტ თუ არა ლოცვას, რყევაც შეწყდება; განვაგრძობ და განახლდება.
    მამა დანიელი ჩაფიქრდა, მცირე ხნის შემდეგ კი ჰკითხა:
    მამა ალოპი, როცა პირველად გაიგე კარზე ბრახუნი და მიხვდი, რომ ეშმაკისგან იყო, რა იფიქრე, რა გრძნობები მეფობდა შენს სულში?
    მამა ალოპიმ უპასუხა:
    -ვფიქრობდი: დაე, აკაკუნონ და აბრახუნონ, რამდენიც უნდათ, ლოცვაში ხელს ვერ შემიშლიან; განა იგივე არ დაემართა ანტონი დიდს, ვის დარადაც ვმოღვაწეობ? მადლისგან ცახცახებს ახლა ჩემი სხეული თუ ეშმაკის შურისგან, მე მაინც ბოლო ამოსუნთქვამდე ვილოცებ და ეშმაკებს დავამარცხებ-მეთქი.
    მამა დანიელმა ურჩია, სიმდაბლით, სინანულით აღმოეთქვა იესოს ლოცვა და ჭეშმარიტად ეგრძნო, რომ ცოდვილი იყო. იცოდე, შენს სხეულს ეშმაკები აკანკალებენ; თუ ასეთი რამ კიდევ გაგრძელდება, მაცხოვარს სთხოვე ხსნა; მხოლოდ ასე მოიპოვებ ზეციურ მოწყალებასო, - უთხრა.
    მამა ალოპი განიკურნა და უფრო მხურვალედ დაიწყო მოღვაწეობა; მოიპოვა ღვთიური მოწყალებაც - ნიჭი ეშმაკეულთა განკურნებისა
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები