ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: პატივმოყვარეობა, ცდუნება
778. ზოგიერთები, ეშმაკის ჩაგონებით, ჩემზე ფიქრობენ, რომ ღვთისმოსავი ვარ, რამეთუ ხშირად არ დავდივარ სავაჭროდ და საერო საქმეებშიც არ ვერევი. როდესაც, დიდი ხნის უბანელობის გამო, სხეულის საჭიროება ბანაობას მაიძულებს, ყოველთვის სირცხვილს ვგრძნობ, თითქოს და ვაცდუნებ იმათ, რომლებიც ჩემზე ფიქრობენ, რომ ღვთისმოსაობის გამო უარს ვამბობ ბანაობაზე. რას ნიშნავს ეს, ჩემო მამაო?
ეს პატივმოყვარეობაა, რამეთუ შენ ერისკაცი ხარ და როგორც ჩვენ ვთქვით, ერისკაცს საჭიროების შემთხვევაში აბანო არ ეკრძალება. ხოლო, თუ სატანა ზოგიერთებს ჩააგონებს, რომ წინასწარმეტყველად მიგიჩნიონ, რათა შენი აზრი ქედმაღლობაში შეიტყუოს და, ამასთანავე, შენ თავადაც გსურს დაამტკიცო შენზე ეს მცდარი შეხედულება, მაშინ იცოდე, უნდა გვრცხვენოდეს ისეთი რამის ჩადენისა, რაც ღვთის მცნებას უგულებელყოფს, როგორიცაა: სიძვა, ვერცხლისმოყვარეობა და მათი მსგავსი, რამეთუ ეს ყველაფერი თავის თავში ცდუნებას შეიცავს. ამის გამო ადამიანი არა მარტო საკუთარი თავისთვის აგებს პასუხს, არამედ იმ ზიანისთვისაც, რომელსაც მოყვასს მიაყენებს. თუ დაბანვის საჭიროება არაა, განაზებულობის გამო აბანოში ბანაობა ცოდვაა და ეს სინამდვილეში ცდუნებას ემსახურება. ხოლო არა განაზებულობის, არამედ საჭიროების გამო ბანაობა სხვათა საცდუნებელი არაა, და ვისაც ეს აცდუნებს, ის თვითონ სდებს საკუთარ თავს მსჯავრს. ხოლო ბანაობის გამო სირცხვილი დემონური პატივმოყვარეობაა.