ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: ღვთისმსახურთა მიმართ
797. ერთმა პრესვიტერმა, რომელიც მოქალაქეებმა ეპისკოპოსად აირჩიეს, იმავე ბერს კაცი გაუგზავნა და ჰკითხა: კეთილ ინებებდა თუ არა ღმერთი მის ეპისკოპოსობას?
ძმაო! შენ იმას მეკითხები, რასაც ვერ ვწვდები, რამეთუ მე უმცირესი ადამიანი ვარ და ასეთი საზომისთვის არ მიმიღწევია. მე რატომ მეკითხები და მოციქული დაგავიწყდა, რომელსაც არასოდეს უფიქრია, რომ მონაზონი გამხდარიყო. რას ამბობს მოციქული? – „უკუეთუ ვისმე ეპისკოპოსობის უნდეს, კეთილსა საქმესა გული ეტყვის. ჯერ-არს ეპისკოპოსისაი, რაითა უბრალო იყოს“ (1 ტიმ. 3, 1-2). მაგრამ, რაკი წერილი ისრაელის შვილებს ღვთის სახელით ეუბნება: „თუკი ჰკითხავთ ჩემი სახელით ცრუწინასწარმეტყველს და ღირსნი ხართ ჭეშმარიტების მოსმენისა, ჭეშმარიტების სიტყვას ჩავუდებ ბაგეებში ცრუწინასწარმეტყველს, რომელიც გეტყვით თქვენ“. ამიტომ მეც გეუბნები, თუ შენი სახლი კარგადაა დასუფთავებული და გული ასეთი კეთილსურნელოვანი მირონის მისაღებად მზადაა, როგორც ამას მოციქული გვასწავლის, მაშინ შენთვის ეპისკოპოსობა გამზადებულია ღვთისაგან, ვინაიდან არ ცრუობს, რომელმაც თქვა: „მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა“ (ფსალ. 19, 5).