image

თემა: ღვთისმსახურთა მიმართ,  სასულიერო ხელისუფლება

814. მანვე მეორე ბერს ჰკითხა: ჩემო მამაო! ვის შეიძლება დავასხა ხელი ღვთისმსახურებისათვის და როგორ ცხოვრებას უნდა ეწეოდეს ის?
ღვთის წმინდა სამსხვერპლოს მსახურებისთვის ღვთის ღირსეულ და კეთილმსახურ ადამიანებს უნდა დაასხა ხელი, წერილის თანახმად განსაკუთრებით ისეთებს, რომლებზეც ბევრნი მოწმობენ (1 ტიმ. 3, 7; საქმე 22, 12). ასეთების ხელდასხმას უნდა ეცადოთ და ხელდასხმის შემდეგ თქვენი სამართლით უნდა მართოთ ისინი, იმიტომ რომ ეკლესიის სამართლიანობისთვის თუ თქვენ ამ მოვალეობისაგან გადაიხრებით, ღმერთი ანგარიშს მოგთხოვთ. მაგრამ ასეთი მოქმედებით, ღმერთს თქვენს ნებას დაანახვებთ, რომ ღვთის ეკლესიებისთვის ღირსეული ადამიანების ხელდასხმა გსურთ.
815. როდესაც წმინდა მამები ვინმეზე ამოწმებენ, რომ ხელდასხმისათვის ღირსეულია, დავკმაყოფილდე მხოლოდ მათი მოწმობით, თუ სხვების დასტურიც მოვითხოვო?
მამების მოწმობამ უნდა დაგვაკმაყოფილოს, რამეთუ ისინი ღვთის ნებით ლაპარაკობენ და ასეთი ადამიანები (ანუ ვისზეც მამები მოწმობენ) თვითონ ღმერთს სურს, რომ თავის მსახურებად ჰყავდეს. თუ ასეთი მოწმობის შემდეგ, გონებით მაინც უკმაყოფილო იქნები, იცოდე, ეს ეშმაკის ღვარძლია.
816. თუ მამების დამოწმებული პიროვნება უარს ამბობს ხელდასხამზე, ან ხელდასხმის შემდეგ წავა, მაშინ როგორ მოვიქცე?
თუ უარზეა, საჭიროა მისი დარიგება. თუ დარიგების შემდეგაც ხელდასხმას თავს აარიდებს, ამის გამო საყვედურს ისინი კი არ იმსახურებენ, ვინც თქვენ მასზე გითხრეს, არამედ ეს საყვედური მასზე გადავა, რადგანაც საკუთარი თავის გამოცდისა და ამ საქმეში დაშვრომის ნაცვლად, მან ღვთის ნება უკუაგდო. ხოლო, თუ ის ფიქრობს, რომ ამას ვერ იტვირთავს, მაშინ დაე, ისევ წმინდანებს ჰკითხოს და მიიღოს მათი რჩევა, რომელიც ღვთის მარილითაა შეზავებული, რამეთუ წმინდანთა შორისაც ბევრი უარზე იყო, მაგრამ ღმერთმა აიძულა ისინი. მოსემაც თქვა: „გევედრები უფალო, სხვა ვინმე გაგზავნე“ (გამ. 4, 13) და იერემიაც ამბობს: „მე რომ ლაპარაკი არ ვიცი, რადგან ბავშვი ვარ“ (იერ. 1, 6); სხვა მამებიც გაურბოდნენ ხელდასხმას, მაგრამ შემდეგ მიიყვანეს ისინი და ხელი დაასხეს და ამ მსახურებაში ღვთის გულისათვის დარჩნენ. ხოლო, თუ ვინმეს აიძულებენ და უარს ამბობს, ის მორჩილებას გაურბის; მაგრამ წერილი ამბობს, რომ „მორჩილება უკეთესია საკლავზე“ (1 მეფ. 15, 22). ისეთ ვინმეზე რომ მიგითითონ, ვინც მდუმარებაშია და ადამიანებთან ურთიერთობასაა განშორებული, მაშინ არამც და არამც არ იფიქრო, რომ ის ადამიანთა სამსახურში ჩააყენო. ხოლო, ვინც ადამიანებთან ურთიერთობს და საჭიროების გამო დასახლებაში ან ქალაქში ჩასვლაზე უარს არ ამბობს და მასზე ამოწმებენ, რომ ის კეთილმსახური და უნარიანი ადამიანია, ასეთები ეპისკოპოსმა მათი ნების საწინააღმდეგოდ უნდა წაიყვანოს და ხელი დაასხას, რამეთუ ისინი სარგებლობას არა მარტო საკუთარ, არამედ სხვების სულებსაც მოუტანენ. მოციქულმა პავლემ ამიტომაც უბრძანა ტიტეს მთელს ეკლესიაში პრესვიტერები, ანუ ამ საქმის ღირსეული ადამიანები დაედგინა; ასეთი იყო ტიმოთეც; წმინდა გრიგორი (ღვთისმეტყველი) და მისნაირებიც იძულებით დაადგინეს; თუ გამოვიკვლევთ, ჩვენს დროშიც მოიძებნებიან სხვა მრავალი ღვთის მონები, რომლებიც ასე არიან დადგენილნი. მაგრამ, მიუხედავად დიდი წუხილისა, მათ ეს შრომა საკუთარ თავზე აიღეს, რამეთუ ეშინოდათ ღვთის ნების ურჩობისა. ხოლო, ვინც უარს დაუფიქრებლად ამბობს, მისთვის უნდა ვილოცოთ, რომ უარმა მისი სული არ დააზიანოს, რამეთუ ზოგჯერ ისეც ხდება, რომ სატანა თავის მართლების გამო ადამიანს ენას უბორკავს; დაე, უფალმა შორს განდევნოს ის ჩვენი სულებისაგან და ყველასგან, ვინც მისი მოშიშია, ამინ.
817. იმავე ეპისკოპოსმა, რომელსაც ღვთის შიშით, დიაკვნების ხელდასხმა და ზოგიერთებისთვის საეკლესიო ხარისხების მინიჭება უნდოდა და არ იცოდა, თუ ღვთის ნების თანხმიერად რომლები აერჩია, იმავე ბერს წერილი გაუგზავნა. მან იმ მიზნით, რომ ბერს თვითონ აერჩია ისინი, რომლებიც სურდა, მღვდლების სახელები ჩამოთვალა. ხოლო, როდესაც ბერმა ისეთები აირჩია, რომლებიც, ადამიანურად თუ ვიმსჯელებთ, სხვების სამართავად უუნარონი ჩანდნენ, გაკვირვებულმა ეპისკოპოსმა, მათ შესახებ ჰკითხა მას.
ბერმა ასე უპასუხა: განა მე ჩემით ვთქვი რამე? მე ჯერ ვილოცე და რაც ღმერთმა მაუწყა, ის გითხარი. ასეთი პასუხი იმიტომ არ მითქვამს, რომ საკუთარი თავი ამის ღირსად მიმაჩნია, რამეთუ, როცა საჭირო იყო, ღმერთმა ვირსაც განუხვნა ბაგეები (22, 28).
818. მან კვლავ გაუგზავნა შეკითხვა იმავე ბერს, იოანეს, თუ როგორ დაასაქმოს ისინი ან როგორ წარგზავნოს აუცილებელი დავალებების შესასრულებლად, როცა უმეცრები არიან სიტყვაში და შეურაცხნი ხალხის თვალში?
უთხარი ბატონ ეპისკოპოსს: თუ რწმენაში აბრაამს დაემსგავსები, მაშინ „შემძლებელ არს ღმერთი, რათა შენც აღგიდგინოს ქვათა ამათგან შვილები“ (მათ 3, 9). თუ მთელ შენს იმედებს ღმერთზე დაამყარებ, უტყვი და უგუნური ადამიანებიც რომ დანიშნო ეკონომოსებად და ეკდიკოსებად (სამოქალაქო სასამართლოზე საეკლესიო უფლებების დამცველი პირები - შენიშვ.), ღმერთი მათგან გამგებლებზე უფრო გონიერ პიროვნებებს შეგიქმნის. თუ მათ დავალებებზე გაგზავნი, ყველაფერი, რის აღსრულებასაც მათი მეშვეობით მოისურვებ, მისი სახელის დიდებას მოემსახურება. ხოლო, ამის გარეშე (ღვთის იმედის გარეშე), თუნდაც ორატორი გაგზავნო შუამავლად, რითაც წავა, უკანაც იმით დაბრუნდება. ისრაელის შვილებს, თუმცა კი უპირატესობა ჰქონდათ სხვა ერების წინაშე, მაგრამ მტრებს მხოლოდ მაშინ ამარცხებდნენ, როდესაც გულის გამოსწორებაზე ზრუნავდნენ; ხოლო, როდესაც საკუთარ გადარჩენას დაუდევრად ეპყრობოდნენ, მაშინ თვითონ მარცხდებოდნენ მტრებისაგან.
819. როგორ დავემსგავსო აბრაამს?
მე არ მითქვამს ყველაფერში აბრაამს დაემსგავსე მეთქი, არამედ ეცადე მხოლოდ საკუთარი ნების უარყოფაში დაემსგავსო მას, თუნდაც მის მსგავსად, ნებსით საკუთარი შვილის მსხვერპლად შეწირვა რომ მოგიწიოს. მას მრავალი სათნოება ჰქონდა და თუ ჩვენ ყველაფერში ვერ დავემსგავსებით, მაშინ იმაში დავემსგავსოთ, რაც გვესმის.
820. დარწმუნებული ვარ, რასაც ჩამაგონებთ, ღვთისგანაა, ამიტომ საკუთარ თავს ვალდებულად ვთვლი აუცილებლად შევასრულო ის. მაგრამ რადგან ვფიქრობ, რომ ყველას, ვინც ეკლესიას ეკუთვნის, ჩემი არჩევანი დააბრკოლებს და მეც გონება მიმძიმდება, რას მიბრძანებ, ვის დავავალო ეკლესიის საქმეები? იმათ, რომლებზეც თქვენ მიმითითეთ, თუ იმათ, რომლებიც ჩვენი შეხედულებით უნარიანნი არიან ამ საქმისათვის?
უფალმა თქვა: „რომელი მოვალს ჩემდა და არა მოიძულოს მამაი თვისი და დედაი თვისი და ცოლი და შვილნი და ძმანი და დანი და მერმე კუალად სულიცა თვისი, ვერ ხელეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა“ (ლუკა 14, 26). ხოლო, სულის მოძულება მოღვაწეობას და ამასთანავე საკუთარი სურვილების უარყოფას ნიშნავს. ასეთი მოღვაწე უკვე ადამიანების სიტყვებს და კაცთმოთნეობას აღარ აქცევს ყურადღებას, არამედ იმ ღვთივსათნო შეკითხვებს და პასუხეებს უსმენს, რომლებიც წმინდანების ბაგეებიდან გამოდიან. ხოლო შემკითხველს უნდა სწამდეს, რომ ღმერთი მისი გულისაებრ უდებს სიტყვას ბაგეებში იმას, ვისაც ეკითხება, რამეთუ ნათქვამია: „მოგეცინ შენ უფალმან გულისაებრ შენისა“ (ფსალ. 19.5). აი აღმოჩნდა, რომ ჩვენ ადამიანებს, ვინმესგან ლანძღვისა და შეურაცხყოფის მოთმენაც არ შეგვიძლია. ვინმემ რომ მოინდომოს ყველას დამოძღვრა, ვერ შეძლებს ამას, რადგან ყველა არ მოისურვებს ერთი და იმავეს მოსმენას. შენ მე სრულყოფილების შესახებ მკითხე, ანუ იმის შესახებ, რომ ყველაფერი ღმერთს მიანდო და აირჩიო ის, ვინც მისთვის სათნოა. მაგრამ, როდესაც ჩვენ გადაწყვეტილება მოვისმინეთ, ვერ ვიტვირთეთ ის და არ ვიცით, რომ ადამიანები ისე ვერ ხედავენ მოვლენებს, როგორც ღმერთი ხედავს. ადამიანები მხოლოდ იმაზე მსჯელობენ, რაც ცხადია და ამასთანავე თავის ნებასაც ურევენ მას. ღმერთი კი დაფარულს ხედავს და გულის სიღრმეები იცის და მომავალს ისე ჭვრეტს, როგორც აწმყოს. დიდი სარგებელი მოგვიტანა ჩვენ იმის შეცნობამ, რომ ჩვენში ჯერ კიდევ არსებობს ადამიანური ნება. მაშ, გავაცნობიეროთ ჩვენი საზომი, სად ვიმყოფებით და დავმდაბლდებით, რათა მდაბალთა მადლი მივიღოთ. ვილოცოთ ღვთისადმი, რათა მან (მსგავსად წინასწარმეტყველ ეზეკიელისა, რომელსაც უთხრა: „ძროხის ნეხვს გაძლევ ადამიანის განავალის ნაცვლად“ (ეზეკ. 4, 15), ხოლო ისრაელს მეფე მისცა (1 მეფ. 8; 7-9), როდესაც დაინახა, რომ მათ სურდათ ეს) წყალობა მოიღოს და შეეწიოს ჩვენს უძლურ ნებას. აი, მისი სიკეთე გარდამოვიდა ჩვენზე და მან თავის ძველი ნება შეცვალა. ამრიგად, თუ საკუთარ თავს გავკიცხავთ და ვიტყვით, რომ ჩვენ ჯერ ისევ ნედლ საკვებს ვჭამთ, მაშინ ღვთის მადლით ჩვენც გავხდებით იმის ღირსნი, რომ სრულყოფილთა შესაფერისი მყარი საკვები ვიხმიოთ ქრსიტე იესოს მიერ, ამინ.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები