ავტორი:
წმ. ბარსანოფი დიდი და იოანე
თემა: დაუდევრობა, ღვთისმსახურება, ღვთისმსახურთა მიმართ
753. ძმამ იმავე ბერს ჰკითხა: ვინც ღვთის საქმეს უდიერად ეპყრობა და საქმეს აზიანებს, ან აფუჭებს, როგორ მოეკითხება მას?
ასეთი ადამიანი იმ ადამიანს ჰგავს, ვინც ნივთს იპარავს, ან ღვთის ნების საწინააღმდეგოდ იყენებს მას; ამიტომ მსჯავრიც მისი მსგავსი მოელის.
754. ვინც ღვთის საქმეს არ უგულებელყოფს და ცდილობს შეასრულოს, მაგრამ სურვილის მიუხედავად საქმე უფუჭდება, განიკითხება თუ არა?
მან საკუთარი თავი უნდა გაკიცხოს და ღვთისაგან შენდობა ითხოვოს, როგორც საქმის უდიერად აღმსრულებელმა.
755. თუკი ვინმეს ღვთის საქმის კეთებისას, საქმის ერთ-ერთ თანამონაწილეში ეჭვი ეპარება და ეჭვს ვერ იშორებს, - როგორ უნდა გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან?
თუ ეჭვი სულს უზიანებს, არამც და არამც არ უნდა დარჩეს მასში. ხოლო, თუ არ ზიანდება, არ მოიწყინოს და არც საქმისთვის ზრუნვა მიატოვოს, იმიტომ რომ სხვა შემთხვევაში ზარმაცივით განიკითხება: „წყეულიმც იყოს, - ამბობს წერილი, - ვინც დაუდევრად აკეთებს უფლის საქმეს“ (იერ. 48, 10). ხოლო ღმერთს შეწევნა და ისეთი გამოსავალი უნდა სთხოვოს, როგორც ეს სასარგებლო იქნება.