თემა: ღვთისმსახურება

2146.როგორი უნდა იყოს სეფისკვერი?
სეფისკვერი უნდა იყოს:
    1. ხორბლის ფქვილის, აფუებული,
    2. მსგვალი,
    3. შედგებოდეს ერთმანეთზე დადებული ნაწილისაგან, ნიშნად მხსნელის ორბუნებოვნებისა ღმრთიურისა და ადამიანურისა,
    4. ზემოდან იყოს ბეჭედდასმული.
2147.რამდენი სეფისკვერია საჭირო წმიდა ლიტურღიისთვის?
წმიდა ლიტურღიისთვის საჭიროა ხუთი სეფისკვერი.
2148.როგორ ამზადებს მღვდელი პურს და ღვინოს წმიდა მსხვერპლშეწირვისათვის?
ამზადებს ამგვარად:
    1. პირველი სეფისკვერისგან ამოჭრის ლახვრით შუაგულს, რომელიც დაბეჭდილია ბეჭდით. ამ ნაწილს ეწოდება ტარიგი. მას მერე მხრიდან გაუკეთებს ნაჭდევს ჯვრის სახით და მოათავსებს ფერხუმზე ბეჭდით ზევით, შემდეგ მარჯვენა მხრიდან ამაგრებს ლახვარს, ჩაასხამს ბარძიმში წყალნარევ წითელ ღვინოს;
    2. მეორე სეფისკვერიდან ამოიღებს ნაწილს ყოვლადწმიდა ღმრთისმშობლის პატივად და დაასვენებს ფეხშუმზე ტარიგი მარჯვნივ;
    3. მესამე სეფისკვერიდან ამოიღებს ცხრა ნაწილს იმ წმინდანთა სახელზე, რომლებიც მოხსენებულნი არიან კონდაკში და აგრეთვე იხსენებიან იმ დღეს და დაასვენებს ტარიგის მარცხნივ;
    4. მეოთხე სეფისკვერიდან ამოიღებს ჯერ ორ მოზრდილ ნაწილს სახელმწიფოს მეთაურისთვის, ვისთვისაც აღესრულება ლიტურღია და აწყობს მათ ტარიგის ქვეშ;
    5. მეხუთე სეფისკვერიდან იღებს ნაწილებს გარდაცვალებულთათვის, ვისთვისაც აღესრულება ლიტურღია და დაასვენებს მათ ტარიგის წინ, ცოცხალთათვის განკუთვნილ ნაწილთა შემდეგ.
2149.რატომ ასვენებს მღვდელი ფეხშუმზე ტარიგთან ერთად ყველა ნაწილებს?
იმიტომ, რომ ფეხშუმზე იესო ქრისტეს ირგვლივ ეკლესია წარმოდგენილ უნდა იყოს სრულად.
2150.რას აღასრულებს მღვდელი ყველა ნაწილის ფეხშუმზე დასვენების შემდეგ?
ამის შემდეგ მღვდელი
    1. დადებს ტარიგზე ვარსკლავს, ნიშნად იმ ვარსკლავისა, რომელიც გაბრწყინდა ბეთლემში ქრისტეშობის ჟამს,შემდგომ დაბურავს ფეხშუმს და ბარძიმს ორი პატარა დაფნით, და ბოლოს, ორივეს დააფარებს ერთ დიდ დაფარნას, რომელიც იწოდება ,,ჰაერად";
    2. ლოცულობს, რომ უფალმა მიიღოს ეს ძღვენი და მოიხსენოს ისინი, ვინც შესწირა იგი და ვისთვისაც შეწირულ-არს;
    3. შეასრულებს რა საუფლო ძღვენის კვეთას, შეუდგება საღმრთო ლიტურღიის აღსრულებას.
2151.რატომ იწოდება ლიტურღიის პირველი ნაწილი კათაკმეველთა ლიტურღიად?
იმიტომ, რომ ქრისტიანობის პირველ საუკუნეებში მისი შესრულების დროს დასწრების ნება ჰქონდათ და არა მარტო მორწმუნეებს, არამედ კათაკმეველთაც.
2152.ვინ იყვნენ კათაკმეველნი?
კათაკმეველნი იყვნენ ის ადამიანები, ვინც ქრისტიანად გახდომის სურვლის გამოთქვამდა, მაგრამ მონათლული არ იყვნენ; მათ ასწავლიდნენ და ამზადებდნენ წმიდა ნათლისღებისთვის.
2153.რას წარმოადგენს კათაკმეველთა ლიტურღია?
კათაკმეველთა ლიტურღია ასეთია:
    1. იწყება მღვდლის ასამაღლებლით: ,,კურთხეულ არს მეუფება მამისა, და ძისა, და წმიდისა სულისა, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე",
    2. შემდეგ მღვდელი წარმოსთქვამს ერთ დიდ და ორ მცირე კვერექსს,
    3. შემდეგ იგალობება ,,მხოლოდ შობილი ძე და სიტყვა ღმრთისა",
    4. შემდეგ მცირე შესვლა,
    5. იგალობება ,,წმიდაო ღმერთო, წმიდაო ძლიერო, წმიდაო უკვდავო, შეგვიწყალენ ჩვენ",
    6. წარდგომა,
    7. იკითხება სამოციქულო,
    8. იკითხება სახარება,
    9. ქადაგება,
    10. მრჩობელი კვერექსი,
    11. კათაკმეველთა კვერექსი.
2154.რას ეწოდება საღმრთო მსახურებისას ასამაღლებელი?
საღმრთო მსახურებისას ასამაღლებელი ეწოდება ლოცვას, რომელსაც მღვდელი ხმამაღლა წარმოსთქვამს.
2155.რა არის კვერექსი?
კვერექსი არის მცირე ლოცვათა წყება, რომელსაც წარმოთქვამს მღვდელი ან დიაკვანი.
2156.როგორ იწყება დიდი კვერექსი?
დიდი კვერექსი იწყება ასამაღლებლით: ,,მშვიდობით უფლისა მიმართ ვილოცოთ".
2157.რატომ იწყებენ მორწმუნენი ლოცვას მშვიდობით უფლისა მიმართ?
იმიტომ, რომ ისინი უნდა იყონ მშვიდობით ყველასთან, რათა უფალმა ისმინოს მათი ლოცვა.
2158.რატომ ვლოცულობთ დიდ კვერექსში ზეგარდმო მშვიდობის და ჩვენი სულების ხსნაზე?
იმიტომ, რომ უპირველესად გვმართებს აღვავლინოთ ლოცვები ჩვენი სულების ხსნისთვის, რათა სათნო ვეყვნეთ და მოვიპოვოთ სულის სიმშვიდე.
2159.რატომ ვლოცულობთ შემდგომ მშვიდობისათვის ყოვლისა სოფლისა, კეთილად დგომისათვის წმიდათა ღმრთისა ეკლესიათა და ყოველთ ერთობისათვის?
ამგვარად ლოცვა გვმართებს, რამეთუ ქვეყნად არაფერია ისეთი აუცილებელი, როგორც მშვიდობა, ეკლესის ერთიანობა და სათნოების გამრავლება.
2160.რატომ ვლოცულობთ სამშობლოსათვის?
იმიტომ, რომ თავად უფალ იესო ქრისტეს უყვარდა თავისი ქვეყანა, სადაც იშვა და ცხოვრობდა.
2161.რატომ ვლოცულობთ ჩვენი უწმიდესი მეუფის, პატიოსანი მღვდლების, ქრისტეს მიერ დიაკონთა, სულიერი და-ძმებისა და ყოველი ადამიანისათვის?
ამგვარად ლოცვა გვმართებს, რამეთუ:
    1.ჩვენი ეკლესიის საჭეთმპყრობელს, მმართველი ეპისკოპოსის და სამღვდელოების მსახურება და მოვალეობანი იმდენად დიდია, რომ მათ ღმრთის შემწეობა სჭირდებათ;
    2. ადამიანთა ერთობა ხალხს შეადგენს, რომლის შვილნი ვართ ჩვენც და რომლის კეთილდღეობისათვის უნდა შევთხოვდეთ უფალს რწმენის სისრულეს.
2162.რატომ ვლოცულობთ ქალაქებისა და სოფლებისათვის და ყოვლისა ქვეყანისა და სარწმუნოებით მკვიდრთა მათ შინა?
იმიტომ, რომ გვსურს ჩვენი მამულიც, როგორც სხვა ქვეყნები, წარემატებოდეს კეთილ საქმეებში.
2163.რატომ ვლოცულობთ კეთილშეზავებისთვის ჰაერთასა, მიწის ნაყოფთა სიუხვისა და ჟამთა მშვიდობისათვის?
იმიტმ, რომ მიწამ გაამრავლოს თავისი ნაყოფიერება, რაც ფრიად საჭიროა ყველა ადამიანისთვის ისევე, როგორც მშვიდობა.
2164.რატომ ვლოცულობთ მენავეთა, მოგზაურთა, სნეულთა, ტყვეთა და გამოხსნისა მათისათვის?
ვლოცულობთ, რომ მიწაზე, წყალსა და ჰაერში მოგზაურნი დაიცვას უფალმა, განკურნოს სნეულნი, შეეწიოს ტყვეებს, დააძლევინოს მწუხარება და განსაცდელი, მოჰმადლოს მათ ხსნა და სიმშვიდე.
2165.რატომ ვლოცულობთ, რომ ღმერთმა გამოგვიხსნას ყოველგვარი მწუხარებისაგან, რისხვისა და გაჭირვებისაგან?
ასე იმიტომ ვლოცულობთ, რომ მწუხარება, რისხვა და გასაჭირი დიდი განსაცდელია.
2166.რატომ მოვიხსენებთ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელს და ყველა წმიდანს?
იმიტომ, რომ ყოვლადწმიდა ღმრთისმშობელი და ყველა წმიდანი ჩვენთვის ევედრებიან ღმერთს.
2167.რატომ ვავედრებთ ურთიერთს და ჩვენს ცხოვრებას კვერექსის დასასრულს ქრისტე ღმერთს?
იმიტომ, რომ ამას ქრისტიანული სიყვარული მოითხოვს.
2168.რას პასუხობენ მორწმუნენი დიდი კვერექსის თითოეულ ვედრებას?
პასუხობენ: ,,უფალო შეგვიწყალე."
2169.რა არის ანტიფონი?
ანტიფონი ეს არის წმიდა წერილიდან და ფსალმუნიდან ამოკრებილი გალობა.
2170.როგორ აღესრულება წმიდა ლიტურღიაზე მცირე შესვლა?
აღესრულება ამგვარად: მღვდელი წმიდა ტრაპეზიდან ააბრძანებს სახარებას, მასთან ერთად გარსშემოუვლის წმიდა ტრაპეზს, გამოდის საკურთხევლიდან ჩრდილოეთის კარით და დგება საუფლო კარის წინ, ზე აღმართავს სახარებას და ხმამაღლა იტყვის: ,,სიბრძნით აღემართენით", რის შემდეგაც შედის საკურთხეველში და სახარებას წმიდა ტრაპეზზე დააბრძანებს.
2171.რა მოაქვთ მღვდლის წინ მცირე შესვლისას?
მოაქვთ ანთებული სანთელი, რომელიც წმიდა წინასწარმეტყველ იოანე ნათლისმცემელს, მაცხოვრის წინამორბედს განასახიერებს.
2172.ჩვეულებრივ რა იგალობება მცირე შესვლის წინ?
იგალობება ნეტარების მცნებანი.
2173.რას ნიშნავს მცირე შესვლა?
მცირე შესვლა ნიშნავს იესო ქრისტეს მოსვლას დედამიწაზე და მის ქადაგებას.
2174.რას ნიშნავს სიტყვა ,,სიბრძნით"?
სიბრძნით აღნიშნავს იმას, რომ წმიდა სახარება შეიცავს უმაღლეს სიბრძნეს კაცობრიობისთვის.
2175.რას ნიშნავს სიტყვა აღემართენით?
ამ სიტყვით სნეულებს, უძლურთ და მოხუცებულებს ასადგომად უხმობენ, თუ ისინი მანამდე ისხდნენ და ყველას უხმობს განეშორონ თავიანთ მიწიერ საზრუნავებს და ამაღლდნენ გონებით ღმერთთან, გულისყური მიაპყრონ მას, რაც წმიდა ლიტურღიაზე აღესრულება. ,,აღემართენით" ნიშნავს: ვსდგეთ სწორად და კეთილკრძალულობით.
2176.რა იგალობება მცირე შესვლის დროს სიტყვებით ,,სიბრძნით აღემართენით" წართქმის შემდეგ?
იგალობება: ,,მოვედით თაყვანი ვსცეთ და შევურდეთ ქრისტესა", მორწმუნენი პირჯვარს იწერენ და თავს ხრიან.
2177.რა იგალობება ,,მოვედით თაყვანი ვსცეთ"-ის შემდეგ?
იგალობება მიმდინარე დღის, ტაძრის ან იმ დღეს ხსენებულ წმიდანთა ტროპარები და კონდაკები.
2178.რა არის წარდგომა?
წარდგომა არის საგალობელი, რომელიც ფსალმუნიდან ამოღებული ორი მუხლისგან შედგება.
2179.რას ნიშნავს სიტყვა ,,პროკიმენი" ანუ წარდგომა?
ეს სიტყვა ბერძნულად ნიშნავს წინასწარ სამღერ საგალობელს, იმიტომ, რომ იგი ყოველთვის იგალობება სამოციქულოს კითხვამდე.
2180.რა მოსდევს წარდგომას?
მოსდევს სამოციქულოს კითხვა.
2181.ვინ კითხულობს სამოციქულოს?
კითხულობს მედავითნე და არა მღვდელი.
2182.რით მთავრდება სამოციქულოს კითხვა?
მთავრდება ,,ალილუია"-ს გალობით.
2183.რას ნიშნავს სიტყვა ,,ალილუია"?
სიტყვა ,,ალილუია" ნიშნავს - ,,აქებდით უფალსა".
2184.რა მოსდევს სამოციქულოს კითხვას?
მოსდევს წმიდა სახარების კითხვა.
2185.ვინ კითხულობს წმიდა სახარებას?
კითხულობს მედავითნე ან მღვდელი.
2186.როგორ უნდა იქცეოდნენ მორწმუნენი წმიდა სახარების კითხვის დროს?
სახარების კითხვის დროს მლოცველები უნდა იდგნენ და დასაწყისში და დასასრულს გამოისახონ პირჯვარი.
2187.როგორ უნდა ვუსმინოთ სამოციქულოს და წმიდა სახარებას?
უნდა ვუსმინოთ ისეთი კრძალვით, თითქოს თავად უფალ იესო ქრისტეს ვუსმენთ.
2188.რომელი კვერექსი ითვლება მრჩობლად?
მრჩობლად ითვლება ის კვერექსი, რომლის დროსაც, მორწმუნენი ყოველი თხოვნის შემდეგ სამგზის გალობენ ,,უფალო შეგვიწყალენ".
2189.ვისთვის ვლოცულობთ მრჩობლი კვერექსით?
ვლოცულობთ:
    1. წმიდა ტაძრის აღმაშენებელთა და ყოველთა გარდაცვალებულთა მამათა და ძმათათავის,
    2. წმიდა ეკლესიისათვის შემომწირველთა და კეთილისმყოფელთა და ყოველთა იქ მდგომარეთათვის.
2190.რაზედ ვლოცლობთ კათაკმეველთა კვერექსში?
ვლოცულობთ, რომ უფალმა გამოუცხადოს მათ სიტყვა ჭეშმარიტებისა და შეაერთოს ისინი თვისსა კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიასთან.
2191.რას უნდა ვფიქრობდეთ ამ კვერექსის კითხვის დროს კათაკმეველთა შესახებ?
უნდა ვფიქრბდეთ მათზე, ვინც არ არის წევრი წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიისა და შევთხოვოთ უფალს, რათა მოწყალებითა თვისითა ღირსყოს ისინი წმიდა მართლმადიდებელი ეკლესიის წიაღში დამკვიდრებისა.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები