თემა: მორჩილება


ბერის გამოცდა.

ძველად მეუდაბნოე მამებს თავიანთი ნაკეთობები ბაზარზე გაჰქონდათ, ყიდიდნენ და საარსებო პურს ამით შოულობდნენ. ისინი წნავდნენ კალათებს, თიხისგან ჭურჭელს ძერწავდნენ და მოგებული თანხით პურსა და ბოსტნეულს ყიდულობდნენ.
    ერთხელ ამბა აღათონი მის მიერ დამზადებული თიხის ჭურჭლის გასაყიდად ქალაქში წავიდა. ზურგზე ტომარა წამოიკიდა, რომელშიც სამი ქოთანი ჩადო. უდაბნოში ისე საშინლად ცხელოდა, რომ ქვეწარმავლებიც კი სოროებში დამალულიყვნენ. ამიტომ ბერს ძალიან გაუკვირდა, როცა გზის პირას მჯდარი კეთროვანი შენიშნა.
    -საით გაგიწევია ამბა? - ჰკითხა კეთროვანმა, თან დამახინჯებულ სახეზე ხელი აიფარა. კეთროვანს ისეთი უხეში ხმა ჰქონდა, ველური მხეცის ღმუილს მოგაგონებდათ.
    -ქალაქში მივდივარ, ქოთნები მიმაქვს გასაყიდად, - უპასუხა ამბამ.
    -სიკეთე მიყავი, ქალაქში მეც წამიყვანე, - შეევედრა სნეული.
    კეთრი გადამდები და უკურნებელი სენია. იგი ძველ დროში იყო გავრცელებული. კანონით, ამ დაავადებით სნეული ადამიანები დაბა-ქალაქებიდან განიდევნებოდნენ და უდაბურ ადგილებში ერთად სახლობდნენ. მათ უფლება არ ჰქონდათ, დასახლებულ რეგიონებში შემოსულიყვნენ და ადამიანებს გაჰკარებოდნენ, მაგრამ ამბას საბრალო სნეული შეეცოდა, ზურგზე წამოიკიდა და ქალაქისკენ გაეშურა. "იქნებ როგორ უნდა ამ უბედურს სიკვდილის წინ თავისი ახლობლებისა და მეგობრების მონახულება", - ფიქრობდა ამბა. როცა ქალაქის კარიბჭეს მიუახლოვდნენ, კეთროვანმა ტომარა შემოიხვია, რომ ქალაქის მცველებს ეფიქრათ, თითქოს მეუდაბნოე ბერს რაღაც ტვირთი მიჰქონდა. როცა ქალაქში შევიდნენ, უთხრა:
    -მეც ბაზარში წამიყვანე და იქ დამსვი, სადაც ჭურჭლის გაყიდვას აპირებ.
    ამბა აღათონმა იგი ბაზარში მიიყვანა და ფრთხილად ჩამოსვა ძირს. ბერები თავის ჭურჭელს ისე ყიდიდნენ, რომ არავის ევაჭრებოდნენ - რასაც მყიდველი შეაძლევდა, იმას თანხმდებოდნენ.
    როცა ამბამ პირველი ქოთანი გაყიდა, კეთროვანმა ჰკითხა:
    -რამდენად გაყიდე შენი ქოთანი?
    -ერთ მონეტად, - მიუგო ბერმა.
    -მაგ ფულით ტკბილი ნამცხვარი მიყიდე, - სთხოვა სნეულმა.
    ამბამ კეთროვანს ნამცხვარი მიართვა და მალევე მეორე ქოთანი სარფიანად გაყიდა.
    -ამბა, რამდენად გაიყიდა შენი მეორე ქოთანი? - მაშინვე ჰკითხა ბერს ტომარას ამოფარებულმა კეთროვანმა.
    -ორ მონეტად, - მიუგო ამბამ.
    -მაგ ფულით კიდევ ერთი ნამცხვარი მიყიდე, თორემ შიმშილით ვკვდები, - კვლავ ამოიღმუვლა კეთროვანმა. ბერმა ეს სათხოვარიც მორჩილად აუსრულა. როგორც კი კეთროვანმა ნამცხვარი აიღო, უტიფრად გადაიხარხარა:
    -არ გაგიმართლა, ამბა, რომ გზაზე შემოგხვდი! ამ თანხით შენ ბევრი ორცხობილის ყიდვა შეგეძლო, ახლა კი შენს სენაკში ისევ მშიერი დარჩები.
    -არა უშავს, - მშვიდად უპასუხა ბერმა, - მთელი ჩემი ცხოვრება ვშრომობ, რომ პურის ფული ვიშოვო, მაგრამ უფალი რომ არ მასაზრდოებდეს, ლუკმა პურის მოპოვებას ვერ შევძლებდი.
    ბოლოს ბერმა უკანასკნელი ქოთანიც გაყიდა და კეთროვანმა კვლავ შესთხოვა:
    -კიდევ ერთი ტკბილი ნამცხვარი მიყიდე, შემდეგ კი ისევ უკან, უდაბნოში დამაბრუნე და იმ ადგილას დამსვი, სადაც შემოგხვდი; ჩემი ქალაქში დარჩენა არ შეიძლება.
    ამბა აღათონმა ყოველივე მორჩილად აღასრულა: კეთროვანი უდაბნოში მორჩილად ჩამოსვა და როგორც კი თავისი სენაკისკენ წასვლა დააპირა, ზურგს უკან ენით აღუწერელი, მშვენიერი ხმა მოესმა:
    -უფლისგან კურთხეულ ხარ, შენ, აღათონ, ორთავ სოფელში!
    ამბა მიბრუნდა და იხილა, როგორ ამაღლდა ზეცად ბრწყინვალე ფრთების მქონე უფლის ანგელოზი, რომელიც მას კეთროვანის სახით მოევლინა, რათა ბერის უდიდესი მორჩილება გამოეცადა
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები