თემა: ერესი


იკონიელი ეპისკოპოსის, ამფილოქეს საქციელი ბერძენთა მეფის, თეოდოსის წინააღმდეგ.

წმიდა ამფილოქემ, რომელიც ღვთისმგმობი ევნომისა და სულიწმიდის მებრძოლი (დუხობორი) მაკედონის წინააღმდეგ მამაცურად და დაუღალავად იბრძოდა, ვერაფრით შეაჩერა არიოზის ერესი, რომელიც მთელ საბერძნეთში გამალებულ, სწრაფ ნაკადად ვრცელდებოდა. ქრისტეს ძლევამოსილმა მხედარმა დასახმარებლად იმპერატორს მიმართა და სთხოვა, არიანის საკერპეები საბერძნეთის ყველა ქალაქიდან სამეფო ძალაუფლებით განედევნა. მაგრამ იმპერატორი ყოველ მხარეს მრავალრიცხოვან ერეტიკოსს ხედავდა და, შესაძლოა, მათ ამბოხს უფრთხოდა. ამიტომ წმიდა მამის თხოვნა უყურადღებო დატოვა.
    გარკვეული დროის შემდეგ ამფილოქე მეფესთან მოხვდა. მან ტახტზე მჯდომ თეოდოსის თაყვანი სცა და როგორც ერთგულ ქვეშევრდომს შეეფერება, ღრმა პატივისცემით მიესალმა. ამასობაში თითქოს ვერ დაინახა მისი ვაჟი არკადი, რომელსაც ცოტა ხნის წინ „ავგუსტის“ წოდება მიენიჭა და მეფის გვერდით იჯდა. თეოდოსიმ შეამჩნია მისი უყურადღებობა სამეფოდ გამზადებულ შვილზე, განრისხდა, მისი საქციელი ვერ დაითმინა და ბრძანა, წმინდა ამფილოქე, როგორც დაუმორჩილებელი, იქიდან მოეშორებინათ.
    -ხელმწიფეო! - წამოიძახა მაშინ მართალმა მამამ, - ახლა საკუთარი გამოცდილებით შეიგრძენი, რაოდენ ძნელია ძის უპატივცემლობა; შენ მრისხანებ ჩემზე; მით უმეტეს, მამა ღმერთს არ შეუძლია, თავისი ძის უპატიურობა მოითმინოს. მას სძულს იესოს მაგინებლები და შეურაცხმყოფელები და სასტიკ ხვედრს უმზადებს მათ, ვინც არიოზის წყეულ ერესს უკავშირდება.
    მაშინ მეფე მიხვდა, რომ წმიდა ამფილოქეს მიერ მისი შვილის უპატივცემლობა კეთილგანზრახული იყო და ჰგავდა იგავს, რომ ძე ღმერთს მამა ღმერთის თანასწორი პატივი უნდა მიეგოს. ესოდენ ბრძნულმა საქციელმა და ღვთივსათნო მაგალითმა მეფე ძალზე გააოცა; ტახტიდან ადგა, თაყვანი სცა მას და მართლის შეურაცხყოფისთვის პატიება გამოსთხოვა.
    მაშინვე ყოველ კუთხით გაიგზავნა მეფის მიწერილობანი, რათა სამოქალაქო ხელისუფლებას არიანეს ერესის აღმოსაფხვრელად გულმოდგინედ და ფხიზლად ემოქმედა. ამრიგად, წმიდა ამფილოქეს შუამდგომლობით ქრისტეს ეკლესიამ სიმშვიდე და კეთილდღეობა მოიპოვა
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები
თემატური კითხვები