ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი (1 პეტ. 5, 5)

ღმერთი ამპარტავანთა შემუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი (1 პეტ. 5, 5)

საიდან წარმოსდგება ამპარტავნობა და ვინ არის ამპარტავანი კაცი? როდესაც ვინმე თავის თავზე იმაზე მეტს იფიქრებს, რაც არის, როდესაც რაც აქვს, ჩასთვლის ნაყოფად მხოლოდ თავისი შრომისა, მეცადინეობისა, გამჭრიახობისა და მოხერხებისა, როდესაც დაავიწყდება, რომ "ყოველივე მოცემა კეთილი და ყოველი ნიჭი სრული ზეგარდამო არს შთამომავალი მამისაგან ნათლისა", მას ამპარტავნობა დაებადება გულში. "დასაბამი ამპარტავნობისა კაცისა განშორება უფლისაგან, რამეთუ დამბადებლისაგან მან განიშორა გული მისი" (ზირაქ. 10, 14).
    ამ სენით შეპყრობილი კაცი ზიზღით უყურებს სხვებს, მათ ცხოვრებას დიდ მნიშვნელობას არ აძლევს და ყოველთვის დაცინვით იხსენიებს. თავის აზრს ყოველთვის მაღლა აყენებს, არასოდეს სხვის აზრს არ დასთანხმდება, ან სულ უარ-ჰყოფს, ან და თავის მხრივ რასმეს მიუმატებს. სულ ცოტა რამეზე ასტეხს გაუთავებელ ბაასს-დავას და ეცდება უსათუოდ თავისი აზრი გაატაროს, გაიყვანოს. კიდევაც რომ იცოდეს, გრძნობდეს თავისი აზრის უსაფუძვლობას, მაინც ცრუ თავმოყვარეობა ნებას არ აძლევს ვისმეს დასთანხმდეს და იმით, ვითომც თავის თავი დაიმციროს. ამნაირი კაცი სულ სხვას უსწორებს, თვითონ კი არავისგან არ უნდა მიიღოს შენიშვნა, რაც უნდა კანონიერი იყოს იგი. არასოდეს კმაყოფილი არ არის თავისი მდგომარეობით და რაც არ უნდა კარგი ადგილი ეჭიროს, მაინც ფიქრობს, უკეთესის ღირსი ვარო. გარეგნულად, ზოგს სულ თვალსაჩინოდ ეტყობა, რომ გოროზია, დიდგულაა, ზოგი კი ძნელად საცნობია; ზოგს ყოველისფერში: სიარულში, ლაპარაკში, მიხვრა-მოხვრაში, ასე გასინჯეთ, ლოცვის დროსაც კი (ლუკ. 18, 11) ეტყობა ამპარტავნობა, ამაყობა; ზოგი კი ცდილობს დამალოს, დაფაროს და არავის შეამჩნევიოს ეს ნაკლულევანება. პირველს უყვარს ქება-დიდება, ხოტბის შესხმა და ყოველ შემთხვევაში ეძებს თავის გამოჩენას, სურს მასზე ილაპარაკონ, მას თაყვანი სცენ; უყვარს, ვინც მას აქებს, სძულს ვინც შენიშვნას აძლევს. მეორე კი ყოველივე ამას უარსა ჰყოფს, უნდა ყოველთვის დაკეტილი იყოს, მას არავინ შეეხოს, მასზე არავინ ილაპარაკოს. ზოგში ამპარტავნობა მოქმედებს ისე, როგორც გველი, ზოგში კი, როგორც ალი ცეცხლისა. პირველი თავს არ გიჩვენებს გარეგნულად, რომ შენგან არის იგი შეურაცხყოფილი, თუმცა ყოველ ჟამს მზად არის სამაგიერო ერთი ათად გადაგიხადოს, მეორე კი თვალსაჩინოდ, ყველასთვის გასაგებად, მისახვედრად, საგრძნობლად გამოხატავს თავის უკმაყოფილებას, ნაწყენობას და სამაგიეროს გადახდას. ზოგნი ამპარტავანნი ამჩნევენ რა თავიანთ შეცდომას, რაშიმე დანაშაულობას, ცდილობენ დამალონ და ხშირად შეტრფიალებენ ისეთ თავიანთ მოქმედებას, რომლისაც მათ უნდა რცხვენოდესთ. ზოგიერთებს კი აღზრდა და ნიჭი ნებას არ აძლევსთ, შეიგნონ თვისი ცუდი ქცევა და მათ მუდამ ჰგონიათ, კარგათ ვიქცევითო.
    აქ საჭიროდ ვრაცხ შევნიშნო, რომ არიან ისეთნი თავმოყვარენიც, რომელთაც თავი მოაქვთ თვისი შთამომავლობით, სილამაზით, ტანისამოსით, ლამაზი ცოლით, კარგი მოსამსახურით, ცხენით. ამათ ხშირად უწოდებენ ამპარტავნებს, მაგრამ ესენი სრულებით მოკლებულნი არიან ამ გრძნობას. ნამდვილი ამპარტავანი კაცი სრულებითაც არ აფასებს იმას, რაც მის არსებითს თვისებას არ შეადგენს, რაც მისი შრომის ნაყოფი არ არის. უკეთ რომ ვსთქვათ, ისინი ამპარტავნები კი არა, თავმომწონენი არიან. ამათ შორის დიდი განსხვავებაა. პირველნი აფასებენ, ყურადღებას აქცევენ თავის შრომას, ნიჭს, ხოლო მეორენი გარეგან შეხედულებას, შთამომავლობას.
    ვინ იტყვის, ძმანო ჩემნო საყვარელნო, რომ დიდგულობა კარგი და მოსაწონია? ამპარტავანი, გულ-ამაყი კაცი ღმერთსაც სძულს და კაცსაც. „საძაგელ არს წინაშე უფლისა კაცთა ამპარტავნობა“, ნათქვამია საღმრთო წერილში (ზირ. 10, 7). რომ კარგად დავუკვირდეთ ჩვენს ცხოვრებას, ხშირად შევნიშნავთ, რომ „ღმერთი ამპარტავანთა მუსრავს, ხოლო მდაბალთა აძლევს მადლს (1 პეტ. 5, 5), რათა დაანახვოს პირველთ ამათგანთ არარაობა იმისი, რითაც თავი მოაქვთ. მაგალითად, დაიწყებს ვინმე დიდგულობას ადგილით - მალე წაართმევს; სიმდიდრით - მალე მოუვლინებს გაჭირვებას, უკიდურეს მდგომარეობას. ან და შენ იმედი გაქვს, შენმა სიმდიდრემ სახელოვან კაცად გაგხადოს, მაგრამ ღმერთი გიჩვენებს შენ შენზე გაცილებით ღარიბს, რომელიც შენზე უკეთ ასრულებს თავის მცირე საშუალებით მეტ საქმესა, ვინემ შენ. შენ იმედი გაქვს შენი ნიჭისა, შენი მჭევრმეტყველობისა და ფიქრობ, ბევრს რასმეს გააკეთებ, მაგრამ ღმერთი გიჩვენებს ისეთ პირს, რომელსაც შენოდენი ნიჭი არ აქვს, მაგრამ გაცილებით მეტს აკეთებს, მეტი სარგებლობა მოაქვს ქვეყნისათვის. ამნაირად უმტკიცებს ამპარტავანთა, რომ თუმცა თვითონ დიდად აფასებენ თავიანთ თავს, მაგრამ ღმერთი და საზოგადოება მათში აგრე რიგად არ საჭიროებენ. ამპარტავანთა საშუალებით კი არ ასრულებს ღმერთი თავის განზრახვას, არამედ მშვიდთა, მდაბალთა ირჩევს ამისათვის. მაცხოვარმა ამოირჩია მოწაფეებათ მშვიდნი და არა ისინი, ვისაც ძალა ჰქონდათ, რათა ეჩვენებინა ყველასათვის, რომ ძალა მისი უძლურებასა შინა სრულ იქნების (2 კორ. 12, 9). ნათქვამია - მსგავსს მსგავსი მოსწონს და უყვარსო, მაგრამ ცხოვრებაში კი სულ სხვას ვხედავთ: ამპარტავანს ჟამივითა სძულს ამპარტავანი კაცი; მშვიდი კაცი კი ყველასათვის საყვარელია; "ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა". ერთნაირი ნიჭის მქონნი, ერთნაირი ღირსებითა შემკულნი, გაირჩევიან ერთმანეთისაგან მხოლოდ სიმშვიდით და ამპარტავნობით; უსათუოდ მშვიდობის მქონებელი უფრო ეყვარებათ, ვინემ ამპარტავნობისა, როგორც ღმერთს, ისე კაცს. ამისათვის კაცი მშვიდი და მდაბალი უნდა იყოს. როგორც რომ ხის შტოები მსხმოიარობით იღუნებიან და დედა მიწას უახლოვდებიან, აგრეთვე ვინც უფრო შემკობილია სხვა და სხვა სათნოებებითა, მით მეტად მშვიდი უნდა იქნეს და რამდენად წინ წავა და მაღლა აიწევს, უნდა ეცადოს აიშოროს სხვების ყურადღება. იერემია წინასწარმეტყველი, როგორც თვითონ იყო მშვიდი, ისე სხვებს არიგებდა: „ნუ იქადინ ბრძენი სიბრძნისა მიერ თვისისა და ნუ იქადინ მდიდარი სიმდიდრესა ზედა თვისსა“. (9, 23, 24).
    შეიძლება ვინმე თქვენგანმა, კეთილმორწმუნენო მსმენელნო, იკითხოს: თუ ცუდია საკუთარი თავის ქება, რისთვის იქებს თავს ღვთისა და კაცის წინაშე ისეთი გამოჩენილი კაცი, როგორიც იყო დავით მეფე წინასწარმეტყველი, როცა ამბობს: "უფალო არა ამაღლდა გული ჩემი, არცა განსცხრებოდეს თვალნი ჩემნი, არა ვიდოდე მდიდართა თანა, არამედ დავიმდაბლე თავი ჩემი?" (ფს. 130), მაგრამ აქ განა თავის ქებაა? სრულებითაც არა. დავითი რომ ამპარტავანი ყოფილიყო თავის თავს მატლსაც არ უწოდებდა (ფს. 21, 7). ზემო მოყვანილ სიტყვებში ისეთივე აზრია გამოხატული, როგორიც მაცხოვრის სიტყვებში: "ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა“ (მათ. 11, 29). ამ სიტყვებიდან თავის ქება კი არ გამოდის, არამედ დარიგება. როდესაც კაცი თავის ღირსებას უჩვენებს სხვას, რათა ამით მაგალითი დაუხატოს, წააქეზოს, რათა მიბაძოს მას სხვამ, ამნაირი ქება თავის ქებად არ ჩაითვლება. ამით ის ამბობს, შემომხედეთ, მე როგორ ვიქცევი, ისე მოიქეცით თქვენცაო. აქ ჭკუის დარიგებაა, მოყვსის ჭეშმარიტ გზაზე დაყენებაა და არა თავის ქება. როდესაც კაცი ჭეშმარიტებას აღიარებს, ის სრულებით თავს არ იქებს: "ხოლო უკეთუ მინდეს სიქადულის, არა ვიყო უგუნურ, რამეთუ ჭეშმარიტი ვსთქვა", ამბობს პავლე მოციქული (2 კარ. 12, 6). "ხოლო ჩემდა ნუ იყოფინ სიქადულ, გვარიგებს იგივე მოციქული, - გარნა ჯვარითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესითა (გალ. 6, 14), ანუ რომელი იგი იქადოდენ, უფლისა მიერ იქადოდენ (2 კარ. 11, 12). "ამას ზედა იქადოდენ მოქადულნი გულის ხმის ყოფასა და ცნობასა ჩემსა, რამეთუ მე ვარ უფალი", გვიბრძანებს ჩვენი შემოქმედი, მამა ყოვლისა მპყრობელი (იერ. 9, 23, 24). ვინც არ იქებს თავს, ვინც საჯაროდ არ აღიარებს თავის სარწმუნოებას, პასუხისმგებელი ხდება ღვთის წინაშე. „ყოველმან, რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღვთისათა და რომელმან უარ მყოს მე წინაშე კაცთა, უარ იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა (ლ. 12, 8, 9).
    თუ გინდა მშვიდი იყო და არ გადიდგულდე, ყოველთვის სახეში იქონიე, ძმაო ჩემო საყვარელო, რომ ყოველივე კეთილი მოცემული გაქვს ღვთისაგან. ამასთან თავი შენი შენზე დაბლა მდგომს კი არ უნდა შეადარო ხოლმე, არამედ ვინც შენზე მაღლა სდგას, როგორც ჭკუით, ისე ადგილით და სიმდიდრით, ნამეტნავად იესო ქრისტეს, რომელმაც უჩვენა ყველას, თუ როგორი უნდა იქნეს კაცი, როგორ უნდა ეკავოს თავი და მოქმედებდეს; როგორც პირში მაქებელს, ისე მამხილებელს ერთნაირად უნდა ეპყრობოდე. თუ გვაძაგებს ვინმე ჩვენ სამართლიანად, ეს დიდად სასარგებლოა, ჩვენ მივხვდებით ჩვენ ნაკლულოვანებას და გამოვსწორდებით; თუ მტრობით რასმეს ცუდს იტყვიან ჩვენზე და ჩვენ კი კარგათ მოვეპყრობით, ეს ჩვენ შეგვაჩვევს მოთმინებას, მოთმინება ხომ სიმდაბლეს მოასწავებს, ხოლო სიმდაბლე კი ამპარტავნობის წინააღმდეგია. ამინ.
 
თემატური კითხვები
0