პროტოპრესვიტერი მ. ტყემალაძე - სიმშვიდე
 

თემა: სიმშვიდე

ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა (მათ. 5, 5).

არა ერთი და ორი ადგილი მოიპოვება საღმრთო წერილში, საიდგანაც სჩანს, რა დიდ მნიშვნელობას აძლევს ღმერთი სიმდაბლეს, სიმშვიდეს. "ვისზედ მოვიხედო, ამბობს უფალი, არამედ ანუ მდაბალსა ზედა და მყუდროსა და მძრწოლარესა სიტყვათაგან ჩემთა", "უფალი ამპარტავანთა შემუსრავს, მდაბალთა მოსცის მადლი", "დაამხვნა ძლიერნი საყდართაგან და აღამაღლნა მდაბალნი", "დამდაბლდით წინაშე უფლისა და აღგამაღლებს თქვენ", "რომელსა უნებს თქვენ შორის დიდ ყოფად, იყავნ თქვენდა მსახურ“ და სხვა. როგორც ძველს, ისე ახალ აღთქმაში სიმშვიდე სხვათა სათნოებათა შორის ამკობდა ღვთისაგან და კაცთაგან გამორჩეულ პირთა. აბრაამ მამა-მთავარი, როგორი პატივცემული იყო ყველასაგან, როგორი მფარველი იყო მისი ღმერთი და რას უწოდებდა იგი თავის თავს? ამბობდა: მე ვარ მიწა და ნაცარი. დავით მეფე, ეს სახელოვანი მხედარი და მასთან წინასწარმეტყველი, თავის თავს მატლად აღიარებდა. პავლე მოციქულს, როგორც მშრომელს, დაუღალავად მოღვაწეს და განვითარებულს, პირველი ადგილი ეჭირა მოციქულთა შორის, მაგრამ თავის თავს პირველ ცოდვილ კაცად სთვლიდა. მარიამ ქალწულმა თვითონ თავის პირით აღიარა, რომ პირველი და უმთავრესი ღირსება, რისთვისაც ღმერთმა დააჯილდოვა იგი და გახდა ღირსი ღვთის მშობლად ყოფნისა, იყო მისი სიმშვიდე. "განიხარა სულმან ჩემმან ღვთისა მიმართ მაცხოვრისა ჩემისა, რამეთუ მოხედნა სიმდბლესა ზედა მხევლისა თვისისასა". "როგორც მე ვარ მშვიდიო, ისე ყავით თქვენცო, აიღეთ მაგალითი ჩემგანო", არიგებდა მაცხოვარი თავის მოწაფეებს. თუმცა ყოველი ჩვენგანი მოვალეა მიიღოს იესო ქრისტეს დარიგება, მაგრამ, ჩვენდა საუბედუროდ, კეთილ-მორწმუნენო მსმენელნო, მოიპოვებიან ჩვენ შორის ისეთნი პირნი, რომელნიც სიმდაბლეს უყურებენ როგორც ღირსების დამამცირებელ სისუსტეს. უწინდელ დროშიაც ამ აზრისა იყვნენ კერპთაყვანის მცემელნი. ამბობდენ და იმეორებდენ, კაცმა თავის ღირსება უნდა იგრძნოს და დააფასოსო, თორემ წინ ვერ წავაო. ვისაც უნდა სხვა შეიყვაროს, სხვას პატივი სცეს, საჭიროა ჯერ თვითონ თავისი თავი შეიყვაროსო, თავისი ღირსება შეიგრძნოსო და ფასი დასდოსო. ამის წინააღმდეგს საღმრთო წერილი სრულებითაც არაფერს არ ამბობს. ყოველ კაცს ნებას აძლევს, შეიყვაროს თავისი თავი, როდესაც მოაგონებს, "დააკლო ღმერთმა იგი (კაცი) მცირედ რაიმე ანგელოზთა, დიდებითა და პატივითა გვირგვინოსან-ჰყო იგი (ფს. 8, 6). მაგრამ, რადგან კაცი ხშირად გადააჭარბებს ხოლმე და უსაფუძვლოდაც ცდილობს თავის პატივისცემას, საღმრთო წერილი, ცოტად თუ ბევრად, ამ გატაცებისაგან მას აკავებს. "რომელი ჰგონებდეს დგომას, ეკრძალენ, ნუ უკვე დაეცეს" (1 კორ. 10, 12), ე. ი. კაცი ყოველთვის ფრთხილად უნდა იყოს და თუ უნდა არ დაეცეს, მარტო თავის იმედი არ უნდა ჰქონდეს. ყოველ საქმეს ღვთის იმედით უნდა მოჰკიდოს ხელი; რაც უნდა ნიჭიერი იყოს, მაინც, თუ მადლი ღვთისა არ ტრიალებს მის თავზე, ვერა საქმეში ბოლომდისინ ვერ გაატანს. მოსე წინასწარმეტყველი როგორი ნიჭიერი კაცი იყო, მაგრამ, როდესაც ღმერთმა მოუწოდა მას ეგვიპტეში გასაგზავნად, რომ ებრაელები გამოეყვანა იქიდგან და დაეხსნა ისინი ტანჯვა-წვალებისაგან, მონობისაგან, ვერ ჰპოვა თავი თვისი იმდენ ღირსეულ კაცად, რომ ასეთი დიდი საქმის შესრულება ეკისრნა, თუ ღმერთი არ ეყოლებოდა მას შემწედ. ისაია წინასწარმეტყველმა უარი განაცხადა, როდესაც მოუწოდა მას უფალმან. წმიდა მამები: გრიგოლი ღვთისმეტყველი და იოანე ოქროპირი, როგორ უარზე იდგნენ და არ თანხმდებოდნენ მღვდელ-მთავრის ხარისხის მიღებაზე! რისთვის? განა აქ სულმოკლეობა გამოიჩინეს მათ? სრულებითაც არა. მიზეზი მათი უარის თქმისა, სულმოკლეობა, სისუსტე, სიმხდალე კი არ იყო, არამედ შეგნება იმ დიდი მოვალეობისა, რომელიც მათ უნდა მიეღოთ და ედვათ თავის თავზე. რამოდენადაც მშვიდი კაცის ნიჭი მაღლა სდგას, რამოდენადაც იგი განათლებულია, იმოდენად მაღლა აყენებს, რასაც ჩვენ უწოდებთ სისრულეს, იმოდენად შორს ხედავს თავის თავს ამ სისრულისაგან და ნაკლებ ენდობა თავის თავს და ერიდება ყოველივე გარეგნულ ამაღლებას და კიდევაც უარსა ჰყოფს მას, მოსე ასე ამბობს თავის თავზე: "ამოირჩიეთ ჩემზე უკეთესი და ღირსეული კაციო" (გამ. 4, 13). ეს სისუსტის კი არა, მაღალ სულოვნობის ნიშანია. ამნაირი მაღალ სულოვნობა დიდად განირჩევა ცრუ თავმოყვარეობისაგან. ცუდია, როდესაც კაცს ადრე გაეხსნება გრძნობა თავმოყვარეობისა. ის ჭეშმარიტ შეხედულებას თავის თავზე მალე ჰკარგავს, მცირეოდენი გამარჯვება რაიმე საქმეში აბრმავებს და ვეღარ ხედავს იმ დაბრკოლებათა, რომელთა დასაძლევად მას დიდი ჯაფა მოელის. ჰგონია, რომ ვერავითარი დაბრკოლება მას წინ ვერ გადაეღობება, მის მოქმედებას ვერ შეაფერხებს. ერთხელ ორმა მოწაფემ სთხოვა იესო ქრისტეს: ნება მოგვეცი ერთი მარჯვნივ და ერთი მარცხნივ შენისა ვისხდეთ მომავალ სასუფეველშიო. მაცხოვარმა უპასუხა: "შეგიძლიათ, თუ მიიღოთ ის სასუმელი, რომელსაც მე დავლევო". მოწაფეებმა თამამად მიუგეს: "შეგვიძლიანო", მაგრამ როგორ გაიქცნენ ისინი, როდესაც იესო ქრისტე დაიჭირეს? (მათ. 10, 38, 28, 56). თუ კი მოწაფეები შესცდნენ, სანამ სული წმიდა გადმოვიდოდა მათზე, მით უმეტესად ჩვენ უნდა მოველოდეთ ამ განსაცდელს. ყოველივე გამარჯვება კაცმა მარტო თავის თავს კი არ უნდა მიაწეროს, არამედ და უმეტესად ღვთის შემწეობას; ყოველთვის უნდა იქონიოს სახეში, რომ უფალი ღმერთი თუ არ ეყოლება მფარველად, თვისი ძალით ვერას გახდება და ნაყოფი არა იქნება რა მისი შრომისაგან. როგორც რომ რტოები უფესვებოდ ვერაფერ ნაყოფს ვერ მოიტანენ, ისე კაცი, თუ მასზედ მადლი ღვთისა არ ტრიალებს, "ვითარცა იგი ნასხლევსა ვერ ხელეწიფების ნაყოფისა გამოღებად თავით თვისით, უკეთუ არ ეგოს ვენახსაზედა, ეგრეთვე არც თქვენ, უკეთუ არა დაადგრეთ ჩემთანა, მე ვარ ვენახი და თქვენ რტონი, რომელი დაადგრეს ჩემთანა და მე მასთანა, ამან მოიღოს ნაყოფი მრავალი, რამეთუ თვინიერ ჩემსა არა რა ძალგიძსთ ყოფად არცა ერთი", ამბობს მაცხოვარი (იოან. 15, 5). დავით წინასწარმეტყველი სწერს: "არა თუმცა უფალმან აღაშენნა სახლი, ცუდად შვრებიან მაშენებელნი მისნი, არა თუმცა უფალმან დაიცვა ქალაქი, ცუდად იღვიძებენ მხუმილნი მისნი" (126, 1), და როცა კაცს ღმერთზე იმედი აქვს, როცა დარწმუნებულია, რომ უიმისოდ ვერას გააწყობს, უსათუოდ მშვიდი იქნება, სიმშვიდე კი მას შეაძლებინებს ერთი მხრივ თავის თავი გაიცნოს, როგორც რიგია, მეორე მხრივ გასწიოს მოქალაქეობრივი ცხოვრება ყველასთან, იყოს სასარგებლო და საყვარელი წევრი საზოგადოებისა.
    ერთმა ბრძენმა სთქვა: "ყოველი კაცი მოვალეა თავისი თავი გაიცნოსო, შეისწავლოსო, ხოლო ეს შეიძლება სიმდაბლის, სიმშვიდის საშუალებითო, არაფერი კაცს ხელს არ უშლის ამ შემთხვევაში ისე, როგორც ამპარტავნობა, რომელიც ადამიანს ნაკლულევანებასაც ღირსებად მიამჩნევინებსო". ხოლო როდესაც კაცი შეიგნებს თვისთა ღირსებათა და ნაკლულევანებათა, თავის ნიჭს და ძალას ღვთისაგან მოცემულს, ის ადვილად მიხვდება თავის დანიშნულებას, გაიგებს, თუ რა მოვალეობა აქვს ასასრულებლად ღვთისა და კაცის წინაშე, თავის "მე"-ს უკან დააყენებს და პირველ ადგილს თავის დანიშნულების ასრულებას მისცემს, თუ საჭიროება მოითხოვს, პირველს დაუზარებლად, უშიშრად, მსხვერპლად შესწირავს. ასე იქცეოდნენ მოციქულნი და მოწამენი, რომელნიც მეტად მშვიდნი იყვნენ, მაგრამ მასთანვე განწირულნი მამაცნი.
    სიმშვიდე დედაა ყოველთა სათნოებათა და ერთი ათად მეტს მნიშვნელობას აძლევს სხვათა ღირსებათა, როცა მათ დაერთობა. რაც უნდა ნიჭიერი, განვითარებული იყოს კაცი, რაც უნდა დიდს თანამდებობას ასრულებდეს, თუ მოკლებულია სიმშვიდეს, სიწყნარეს, ვერ მოიპოვებს სიყვარულს, როგორც თანასწორთაგან, ისე ხელქვეითთაგან. მართალია, უკანასკნელნი მათ თავს უკრავენ, ქუდს უხდიან, ქედს უხდიან დანახვისთანავე, მაგრამ ეს პატივისცემა წარმოსდგება შიშისაგან, მაგ გულში სიყვარულის მაგიერ, სიმძულვარე მძვინვარებს და ღვივის. ღმერთს წამ და უწუმ ევედრებიან, რომ ამნაირ მტარვალისაგან გაანთავისუფლოს იგინი. როცა ეღირსებიან მის გმოცვლას, მათ სიხარულს საზღვარი არა აქვს. სამაგიეროდ მშვიდ კაცთან სამსახური, ცხოვრება ყველას უნდა, თვით ამპარტავანსაც.
    როგორც წინათ გვაქვს ნათქვამი, შემჩნეულია: ამპარტავანს, გულ ამაყ კაცს, თავისი მსგავსი სძულს, და თუ სხვა შემთხვევაში მსგავსს მსგავსი უყვარს, აქ სულ წინააღმდეგს ვხედავთ. მშვიდი კაცი ყველას უყვარს, ყველას უნდა მისი მეგობრობა, ყველას უნდა მას შეეწიოს, როცა საჭიროება მოითხოვს, ყველგან მას ადგილი აქვს, ყველას უნდა ის აღამაღლოს. ამისთვის სთქვა მაცხოვარმა: "ვინც აღიმაღლოს თავი თვისი, იგი დამდაბლდეს, ვინც დაიმდაბლოს, იგი ამაღლდეს", "ნეტარ იყვნენ მშვიდნი, რამეთუ მათ დაიმკვიდრონ ქვეყანა".
    ჩვენი ცხოვრება ისეთი რთულია, იმოდენი მოთხოვნილება აქვს, რომ ათასი ეცადო, არ მოხერხდება ვინმე ან სიტყვით, ან საქმით არ გააჯავრო; გააჯავრებ რითიმე და გადაგემტერება, მაგრამ რა დაგიხსნის მის მრისხანებისაგან? რითი შეგიძლია დააცხრო მისი სიბრაზე, მღელვარება? ისევ სიმშვიდით. ძველ აღთქმიდან ვიცით: ისავი ძლიერ გაჯავრდა ძმაზე - იაკობზე და მოსაკლავად დასდევდა მას, მაგრამ როდესაც ერთმანეთს შეხვდნენ, იაკობმა დაიმდაბლა თავი თვისი, ისე მშვიდად მიეგება ძმას, რომ ისავი გადაეხვია და გადაჰკოცნა. ვისაც ოჯახობა ჰყავს, უსათუოდ გამოსცდიდა თავის თავზე, ძლიერაც რომ პატივის მცემელნი იყვნენ მეუღლენი ერთმანეთისა, არ შეიძლება როდისმე მაინც მათ არ აწყენიონ ერთმანეთს. დიდი სიფრთხილე, დიდი სიმშვიდე ჰმართებსთ მათ, რომ ერთმანეთს მოუთმინონ. როცა ერთი გაჯავრდება, მეორემ ხმა არ უნდა გასცეს, პასუხი არ უნდა მისცეს, თუნდაც თავის თავს უდანაშაულოდ სთვლიდეს. გაჯავრებულ კაცს რომ პასუხი მისცე, უარესად გააცეცხლებ, სიჩუმე შენი კი ისე იმოქმედებს მასზედ, როგორც წყალი ცეცხლზე. „სიტყვის გება მდაბალი მოაქცევს გულის წყრომას - და სიტყვამან ფიცხელმან აღმართოს რისხვა“ (იგ. 15, 1). ერთხელ ავგუსტინის დედას მეზობლების ქალებმა შესჩივლეს, თუ როგორ სასტიკად ეპყრობოდნენ მათ თავიანთი ქმრები. ავგუსტინის მამა კი მეტად ცუდი ხასიათის კაცი იყო, მაგრამ მშვიდად და წყნარად ცხოვრობდნენ ცოლ-ქმარი. "თქვენ თვითონ ხართ დამნაშავენიო", - უპასუხა ავგუსტინის დედამ, - "როცა თქვენი ქმრები გაჯავრებულნი არიან, თქვენ ყოველ მათს სიტყვას პასუხს აძლევთ და მით უარესად აბრაზებთო. მათ გაჯავრების დროს, თქვენ სიტყვა არ უნდა შეუბრუნოთ და მით დაამშვიდებთო". დამნაშავე თუ ხარ ვინმეს წინაშე, მაშინ მდუმარება უებარი წამალია, რომ აიცდინო, ან გაიმსუბუქო მაინც სასჯელი. ერთხელ ქალაქ ანტიოქიის მცხოვრებლებმა გააჯავრეს მეფე და დიდი სასჯელი მოელოდათ, მაგრამ მთავარეპისკოპოსმა ფლაბიანემ დაიხსნა ისინი განსაცდელისაგან. მეფის წინაშე წარსდგა ის, გაჩუმდა, ხმა არ ამოიღო, მხოლოდ სტიროდა. მღვდელმთავრის ასეთმა საქციელმა ისე იმოქმედა მეფეზე, რომ იძულებული შეიქნა, ეპატიებინა ანტიოქიელებისათვის მათი დანაშაულობა. "სიმდაბლე ხე ცხოვრებისააო", ამბობს ერთი წმინდანი. არისტოტელემ სთქვა: კაცი შექმნილია მისთვის, რომ სხვებთან ერთად იცხოვროსო. ახლანდელი მეცნიერნიც ამასვე ქადაგებენ. კაცი ყველაზე უფრო მოყვასს საჭიროებს. ყოველნაირი უბედურება, რომელიც წარმოსდგება ბუნების მოვლენათაგან, ან ავადმყოფობისაგან, დიდად უფრო მსუბუქი ასატანია, ვინემ მწუხარება, რომელსაც ჩვენ, კაცნი, ერთმანეთს ვაყენებთ, მაგრამ სიხარულსაც ვერავისგან ჩვენ ისე ვერ მივიღებთ, როგორც კაცისაგან. რამოდენათაც ღრმაა სიმწუხარე, იმოდენად მაღალია სიხარული, მხოლოდ სიმშვიდე უწყობს კაცს ხელს, ის აერთიანებს, მწუხარებას ერთისას ხდის საყოველთაოდ და სიხარულს ყველას სიხარულად.
    როდესაც ამპარტავანს სძულს თვისი მეზობელი და სცდილობს განმარტოებით იცხოვროს, რომ იმას არავინ შეეხოს, მშვიდი კაცი მზად არის ყოველივე მწუხარება და შეურაცხყოფა დაითმინოს, ოღონდ ერთად სხვებთან იცხოვროს. ერთი წმ. მამა ამბობს: მშვიდს უყვარს, ვინც ახლოს მასთან ცხოვრობს, ამპარტავანს კი, ვინც მოშორებით არისო. მშვიდი ადამიანი ხელს უწყობს საზოგადოებრივ წესწყობილების დამყარებას, ცდილობს, რაც შეიძლება მეტად მჭიდროდ დაკავშირდენ ყველანი ერთმანეთში, ამპარტავანი სცდილობს, რაიმე განხეთქილება ჩამოაგდოს კაცთა შორის და მათში ურთიერთობა შესწყვიტოს. მშვიდი კაცის თვალში ყოველი გამრჯელი, პატიოსანი მშრომელი ადამიანი ღირსია პატივის ცემისა, რა ხელობისაც უნდა იყოს იგი. რადგან თავის წილად შრომობს და ხელს უწყობს კაცობრიობის წინმსვლელობას. ნუ იფიქრებ შენ, ვითომ დიდ საქმეს აკეთებ და დიდად უნდა დაფასდე. შენ, მაგალითად მასწავლებელი ხარ და ამისათვის უფრო მაღლა უნდა იდგე დურგალზე, რადგან მას მცირე ხელობა აქვს შესწავლილი. არა, როგორც ამბობს პავლე მოციქული, ყველანი ჩვენ ერთ სხეულს შევადგენთ, ამ სხეულის ყოველმა ნაწილმა თვისი დანიშნულება უნდა აასრულოს: ხელმა თვისი, ფეხმა თვისი, თვალმა თვისი და სხვა და სხვა. უერთმანეთოდ კი არც ერთი არ ივარგებს. „ვითარცა მას გვამსა მრავალი ასოები აქვს, ხოლო ასოებს მას ყოველსა არა იგივე საქმე აქვს, ეგრეცა ჩვენ ყოველნი ერთგვამ ვართ ქრისტეს მიერ, ხოლო თვითეული ურთიერთ არს ასოები ვართ, ამისთვის ერთმანეთს უნდა ვემსახუროთ ტკბილად, პატივის ცემასა, ურთი ერთსა უსწრობდეთ (რომ. 12, 4, 10). ამინ.
image image
 
თემატური კითხვები
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები