თემა: სიკვდილი

და თუ იკითხო: - სიკვდილი რაი არს, ანუ რის არსებისაგანი არს? მე გითხრა შენ: სიკვდილი ვითარცა არარაი

და თუ იკითხო:
    - სიკვდილი რაი არს, ანუ რის არსებისაგანი არს? მე გითხრა შენ: სიკვდილი ვითარცა არარაი არს და განმაქარვებელი ჩვენი არს, სიკვდილი არსება უჩინო არს და ხილულისა არსებისა ჩვენისა უჩინო მყოფელი არს; სიკვდული უხორცო არს და ხორცთა ჩვენთა დამადნობელი არს და სულთა ჩვენთა წარმტაცებელი არს; სიკვდილსა ძარღვი არა ასხენ და ნაწევართა ჩვენთა დამხსნელი არს; სიკვდილსა ძვალნი არა აქვს და ძვალთა ჩვენთა განმაშიშვლებელი არს; სიკვდილი უხმო და უსიტყვო არს და სიტყვათა ჩვენთა დამადუმებელი არს; სიკვდილი უცნობო არს და ცნობათა და გონებათა ჩვენთა მიმღებელი არს.
    გვეშინოდენ სიკვდილისაგან!
    უკუეთუ არა სჯერხარ, სიკვდილი მესისხლე არს ჩვენი; სიკვდილი მამის მკვლელი არს ჩვენი; სიკვდილი მშობელთა ჩვენთა დამხოცელი არს; სიკვდილი ძმათა და ნათესავთა ჩვენთა ამომწყვეტელი არს.
    ვეკრძალნეთ სიკვდილსა!
    ჩვენდამცა მზა არს მოსიკვდიდ და წარწყმედაცა ნებავს და შთაყვანა ვიდრე ჯოჯოხეთამდე. სიკვდილისა ზარმაცი ცხენი გვეწევა და ჩვენი სწრაფი ცხენი ვერ წარელტვის. სიკვდილისა უქონელი ხრმალი ჩვენთა ხორცთა განჰკვეთს და ჩვენი რკინის მახვილი მას ვერას ავნებს; სიკვდილისა უხმო ხმა განგვანქრებს და ჩვენი მრავალმოუბარი ენა მას ვერას შეასმინებს; ჩვენი ლიქნა მას ვერ დააწყნარებს; ქრთამი ვერ დაგვამეგობრებს; ოქრო და ვერცხლი ვერ დაგვაწყობს. ესრეთ უწყალოა ჩვენ ზედა.
    ვაი მოსვლისა მისისა მოლოდინსა!
    წმიდათა კაცთათვისცა საზარელ არს მოსვლა მისი, რამეთუ იტყვის ფსალმუნი: "შიში სიკვდილისა დამეცა ჩემ ზედა". და სხვაგან იტყვის: "მიწად სიკვდილისა შთამხადე მე". რასაღა ვიტყვი დავითისა და სხვათა წმიდათა! თვით მაცხოვარი იტყოდა მარკოზის პირით თავსა შინა: "შეძრწუნებულ არს სული ჩემი ვიდრე სიკვდიდმდე".
    უკუეთუ ესრეთ შესაძრწუნებელ არს სიკვდილი მართალთათვის, ვაი, რა-მე ეყოს ცოდვილსა?!
 
0