image

თემა: მცნებები

შეცვალა თუ არა იესო ქრისტემ მოსესთვის ღმერთის მიერ მიცემული კანონი? ამ კითხვაზე პასუხი ვნახე ბიბლიაში. "ნუ ჰგონებთ, ვითარმედ მოვედ დაჰხსნად სჯულისა, გინა წინასწარ-მეტყველთა; არა მოვედ დახსნად, არამედ აღსრულებად" (მათ.V,17). რატომ დღესასწაულობენ ეკლესიაში კვირა დღეს და არა შაბათს, როგორც ღმეთმა გვამცნო?
თუ სახარებას ყურადღებით წაიკითხავთ, დაინახავთ, რომ ძველი აღთქმის ბევრი წესი (მოსეს კანონი) იესო ქრისტეში გამუდმებით უარყოფით დამოკიდებულებას იწვევდა. ნახეთ, როგორ ამხილა მან ფარისევლები და მოსეს წეს-ჩვეულებების კანონმცდნოები ამ კანონებისა და წეს-ჩვეულებების მხოლოდ გარეგნული პატივისცემისათვის. მაცხოვარი იქვე განმარტავს, თუ როგორ უნდა შესრულდეს ეს კანონები: " გესმა, რამეთუ ითქვა: არა იმრუშო. ხოლო მე გეტყვით თქვენ, რამეთუ ყოველი, რომელი ჰხედვიდეს დედაკაცსა გულის თქმად მას, მუნვე იმრუშა მისთანა გულსა შინა თვისსა... " (მათ.v,27-47). გარდა ამისა " საქმე მოციქულთადანაც" გვახსოვს, როგორ უთხრა მაცხოვარმა პეტრე მოციქულს საჭმელზე, რომლის ჭამაც მოსეს კანონის მიხედვით აკრძალული იყო, როგორც უწმინდურისა: "რომელი იგი ღმერთმან წმიდა ჰყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს" (საქმ.X,15).
    კიდევ ბევრი ადგილის მოტანა შეიძლება ახალი აღთქმიდან, წმიდა წერილიდან, სადაც ნათქვამია, რომ ძველი აღთქმის ბევრი წესი ქრისტიანისათვის აუცილებელი არ არის. ეკლესიის ისტორიიდან ვიცით, რომ უკვე პირველ საუკუნეში ქრისტიანები სალოცავად იკრიბებოდნენ არა შაბათ დეღეს, არამედ კვირას, ე.ი. ქრისტეს მკვდრეთით აღდგომის დღეს. აღდგომა კი - ქრისტეს ყველა მორწმუნისათვის ცენტრალური მოვლენა. "თუ ქრისტე არ აღმდგარა, ამაოა ჩვენი ქადაგება, და ამაოა ჩვენი რწმენაც". ამიტომაც შეიცვალა შაბათი კვირით.
image
 
Wisdom.ge ვიდეო ამონარიდები
აქტუალური თემები