ავტორი:
წმ. იოანე სინელი(კიბისაღმწერელი)
თემა: ამპარტავნება
ოდესღაც ეს უგუნური მაცდური საკუთარ გულში აღმოვაჩინე, ის თავისი დედის მხრებზე იყო შემომჯდარი. მე ისინი მორჩილების მახით მოვინადირე, სიმდაბლით ვტანჯე და გამოვკითხე, თუ რომელი კარით შემოვიდნენ ჩემში. რადგანაც ძლიერად დავტანჯე, მიპასუხეს: ჩვენ დასაწყისი არა გვაქვს, არც ვშობლივართ, რადგან თვით ვართ ყოველგვარი ვნების მშობელნი. ჩვენ მორჩილების მიერ შობილი გულის ძლიერი შემუსვრილება გვამარცხებს, რადგან არავისი მორჩილება არ გვისწავლია. იმიტომ, რომ ზეცაშიც წინამძღოლობა გვსურდა და ამიტომ ჩვენი ურჩობისათვის გადმოვცვივდით იქიდან. მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენ ვართ მშობელნი ყოველგვარი საქმისა, რაც სიმდაბლის სათნოებას აღუდგება წინ, რადგან ყველა, ვინც მას ეხმარება, ჩვენი მოწინააღმდეგეა. ჩვენ ზეცაშიც კი შევძელით უთანხმოების ჩამოგდება და შენ როგორ დაგვემალები?! ხშირად ადამიანის გულებში შეურაცხყოფის დათმენის, მორჩილების, ურისხველბის, განუკითხველობისა და მოღვაწეობის სახით ვაღწევთ. ჩვენი ნაშობნი არიან: დაცემები, მრისხანება, გულღრძოობა, გულისწყრომა და გმობა, ხმამაღლობა და ორგულობა, სიძულვილი და შური, შურისძიება, თვითრჯულობა და ურჩობა; მხოლოდ ერთი რამ არის რასაც ვერ ვამარცხებთ და იმას გეტყვით: თუ ღვთის წინაშე გულწრფელად მხოლოდ საკუთარ თავს ამტყუნებ, შენს წინაშე ობობის ქსელივით დამდნარს გვიპოვი, რადგან, როგორც თვითონ ხედავ, პატივმოყვარეობა ამპარტავნების ცხენია. მაგრამ ჭეშმარიტი სიმდაბლე და საკუთარი თავის დადანაშაულება დაამარცხებს ცხენსაც და მის მხედარსაც და უფალს ტკბილი ხმით უგალობენ გამარჯვების საგალობელს და იტყვიან: "უგალობდით უფალსა, რამეთუ დიდებით დიდებულ არს, ცხენები და მხედრები შთასთხია ზღვასა" და უფსკრულსა სიმდაბლისასა, რომლისა არს დიდება, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ!