ავტორი:
წმ. ეპისკოპოსი გაბრიელი(ქიქოძე)
თემა: მარხვა
მარხვის შენახვა არის ერთი ოდენ ხორციელი მსახურება ღვთისა. გარნა შენ დიდი იმედი გაქვს ამაზედ. მარხვას არაოდეს არ დაარღვევ და სხვას ამის უდიდეს მცნებას ადვილად დაარღვევ. იმავე დღეს, როდესაც ხორცი არა სჭამე, – იტყოდი, ცოდვა არისო, იქმნება კიდეც წაეჩხუბე ვისმე, მოატყუე ვინმე და აგინე და სხვანი ბევრი ცოდვანი ქმენი; მაგრამ სინიდისი არ გამხილებდა და არც გიფიქრია,რომ ეს ცოდვა არის; მაშასადამე, შენ სულიერი მსახურება ღვთისა არ გახსოვს და ხორციელი კი გახსოვს. შენ გსურს, რომელ მხოლოდ მარხვის შენახვით დააკმაყოფილო შენი სინიდისი. ვინაითგან ჭკუა და სინიდისი შენ გაიძულებს თაყვანისცე და ადიდო ღმერთი, შემოქმედი შენი, ხოლო ცოდვის მოსპობა, ამ სოფლის უარისყოფა გემძიმება, მარტო მარვის შენახვითა გინდა დაამშვიდო სინიდისი შენი და აღასრულო თხოვნა მისი. მაშასადამე, აღარ შევინახო მარხვა? – მეტყვის ვინმე. შეინახე, მაგრამ არა ხორციელად მხოლოდ, არამედ სულიერადცა. ცოდვისაგან იმარხე და არა მხოლოდ საჭმელისაგან.