
ავტორი:
არქიმანდრიტი იოანე კრესტიანკინი
თემა: შფოთი
„უფალი მთლიანად აღმოფხვრის და ანადგურებს ყოველივეს, რაც არაბუნებრივია და სიკეთის მტერი. იმასვე უქადაგებს იგი თითოეულს, ვინც თავს ქრისტიანს უწოდებს. თითოეულმა ჩვენგანმა უნდა ჩააქროს საკუთარ თავში სიძულვილის კოცონი, შეწყვიტოს მტრობა, სამაგიეროს მიგება, უნდა მოსპოს ჩხუბი, განდევნოს პირფერობა, და სანაცვლოდ დაიმკვიდროს სიყვარული, სიხარული, მშვიდობა, მადლმოსილება, დიდსულოვანება... სიკეთეთა მთელი კრებული! უფალი იმიტომაც უწოდებს მშვიდობისმყოფელს ძეს ღვთისას, რომ ადამიანთა საზოგადოებისათვის ასეთი სიმშვიდის მომტანი ხდება ჭეშმარიტი ღმერთის მიმბაძველი“ (გრიგოლ ნოსელი). თუკი გაბოროტება და შფოთი ვლინდება ქრისტეს მორწმუნეთა შორის, თუ ისინი სასტიკად ექცევიან ერთი–მეორეს, წარმოიდგინეთ რამხელა შეურაცხყოფას ვაყენებთ ქრისტეს სახელს. ხშირად გსმენიათ ალბათ, ურწმუნოთაგან თქმული: „ერთი შეხედეთ, ღმერთი სწამთ, მარხვას ინახავენ, ეკლესიიდან არ გამოდიან და მაინც როგორ ცხოვრობენ – ჩხუბობენ, განიკითხავენ, მტრობენ ერთმანეთს, ხოლო ჩვენ ადამიანებადაც კი არ გვთვლიან!“.