ავტორი:
წმ. იოანე კრონშტადტელი
თემა: ზიარება
"...და აჰა, მე თქვენთანა ვარ ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამის! (მათ.28,20) მეუფეო, შენ მუდმივად ჩვენთანა ხარ, ერთი დღეც კი არ არსებობს უშენოდ, ვერ ვიცოცხლებდით შენი შემწეობის გარეშე. სისხლისა და ხორცის საიდუმლოში ვხვდებით შენი განსაკუთრებული სიახლოვის ღირსინი. შენ ჭეშმარიტად, ნამდვილად იმყოფები ამ საიდუმლოში! ყოველ ლიტურგიაზე იმოსავ ჩვენს მსგავს სისხლსა და ხორცს (და ამავ დროს, უცხოს ცოდვისათვის) და გვზრდი შენი ცხოველსმყოფელი სხეულით. საიდუმლოს მეშვეობით შენ მთლიანად იმყოფები ჩვენში; შენი ცორცი ჩვენსას ერთვის, შენი სული - ჩვენ სულს და ასე ვგრძნობთ და გაცნობიერებთ ამ ცხოველსმყოფელ, ყოვლადმშვიდობიანსა და უტკბილეს ერთობას, ვგრძნობთ რომ ევქარისტიაში მთელი სისრულით ვხვდებით ერთნი შენი სულისა, როგორც ბრძანებს მოციქული: "ხოლო რომელი შეეყოს უფალსა, ერთ სულ არს უფლისა თანა" (1 კორ.6,17) და ვხდებით შენსავით კეთილები, შენსავით თავმდაბლები და მოკრძალებულები, ბრძანებს აკი უფალი: "მშვიდ ვარ და მდაბალ გულითა" (მათ.11,29) მაგრამ ჩემი ბრმა და მაცდური გვამი, ანუ ამ ცოდვილ გვამში ჩაბუდებული ბოროტი ამასოფლისა, ანუ ეშმაკი ხშირად ჩამჩურჩულებს ყურში" საიდუმლოებები რა გგონია? უბრალო პური და ღვინოა და არა ქრისტეს სისხლი და ხორციო და თავის მოწმეებად, გემო და შეხება მოჰყავს. მაგრამ ჩვენ არ ვაძლევთ თავს უფლებას, მოვუსმინოთ მის რატრატს და ცილისწამებას და ამ ფიქრით ვუპირისპირდებით: შენ, უფალო, ყველაფერი შეგიძლია. შენ უქმნი გვამს ადამიანს, ცხოველსა და თევზს ფრინველსა და ქვეწარმავალს, ყველანაირი სახის ქმნილებას. და შენ, ვინც აღავსებ ყოველივეს, ნუთუ შენთვის გვამს ვერ შეიქმნიდი? მექოთნე, უამრავის მძერწავი სხვებისთვის, თავისთვის იგივეს ვეღარ მოახერხებს? და ეს კიდევ არაფერი: შენ, რომელიც მკვდარ საგანს სიცოცხლეს ანიჭებ, შენ ვინც მოსეს კვერთხი გველად აქციე, რაღა რჩება შენთვის, რა უნდა იყოს შეუძლებელი? როგორ იქნება, ვერ შეიქმნა ხორცი პურისაგან და სისხლი ღვინოდან? რაც ჩვეული საკვები და სასმელია ჩვენი გვამისა? შენ არ იზამ ჩვენს დაბრკოლებას, მეტს არ მოგვთხოვ, ვიდრე შეგვიძლია, შენს ყოვლადწმინდა სისხლსა და ხორცს მიწის ბელტებად როდი აქცევ, არამედ, თეთრი, ფუმფულა და გემრიელი პურის გემოს აძლევ. წყლად როდი გარდაქმნი შენს წმინდა სისხლს, რამედ ღვინოდ, რომელიც რომ ახლოა ჩემი სისხლის ფერთან, სასიამოვნოა გემოთი და ამხიარულებს კაცის გულს. იცი შენ ჩვენი უძლურებამ სისუსტე ჩვენი რწმენისა და ამიტომაც ინებე შენი სისხლისა და ხორცის საიდუმლოებისათვის ყველაზე შესაფერისის შერჩევა. ჰოდა, უნდა გვწამდეს მტკიცედ, რომ პურსა და ღვინოში, ჭეშმარიტ სისხლსა და ხორცს ვეზიარებით და ზიარების საიდუმლოა, რომ ღმერთი ისადგურებს ჩვენში "ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა" (მათ28,20). ამინ.