ავტორი:
წმ. ბარსანოფი ოპტინელი
თემა: მტერობა, ცილისწამება
955. როგორ უნდა მოვიქცე, როდესაც ზოგიერთი ადამიანი ძლიერ მემტრება და მუდამ ცილს მწამებს?
ერთ–ერთ პეტერბურგელ მღვდელს ერთხელ ერთი მინისტრი ეწვია და შესჩივლა: „მამაო, რა ვიღონო? მე ბევრი მტერი მყავს, რომლებიც სრულიად უმიზეზოდ ხელმწიფესთან ათასგვარ ცილს მწამებენ. მე კი მათი ცილისწამების მიზეზით თანამდებობას ვკარგავ, ხოლო თუკი თავად დავტოვებ მინისტრის თანამდებობას, ხელმწიფე ჩემი მტრების სიმართლეში დარწმუნდება და მე კი სამუდამოდ შრცხვენილი დავრჩები. მითხარით, რა ვიღონო? – ილოცეთ თქვენი მტრებისთვის, – მიუგო მოძღვარმა – არა მხოლოდ შინ, არამედ, რაც მთავარია, ეკლესიაში მოახსენიებინეთ ისინი წირვისას, კვეთის დროს. – რა სარგებელია აქედან? – გაოცდა მინისტრი. აი, ნახავთ... მანამდე კი, მერწმუნეთ, შეიყვანეთ ყველა თქვენი მაჭირვებელი მოსახსენებელში და სეფისკვერთან ერთად საკურთხეველში შეაგზავნეთ წირვის დროს. – დაარიგა მღვდელმა. გავიდა რამდენიმე კვირა, თვე. და აი, მინისტრმა კვლავ მოძღვარს მიაშურა. მან მღვდელს დაუჩოქა და მადლობა გადაუხადა. – მამაო, ნამდვილი სასწაული აღსრულდა. ჩემი ძველი მტრები არა თუ აღარ მემტერებიან, არამედ სიყვარულით მეპყრობიან. ცილისწამებათა ნაცვლად კი ჩემდამი პატივისცემას იჩენენ. ამგვარად აღასრულა ღმერთმა! და თქვენც გირჩევთ, ილოცეთ თქვენი მტრებისათვის და ისინი მეგობრებად გექცევიან. ლოცვით გამოიხსნით მათ სულებს მტერთა მახისაგან.