ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
[6] წერილი დიონისეს - იოსებ ათონელი (ისიხასტი)
[6] წერილი დიონისეს - იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წმიდა მთა, აპრილი, 1934 წ.
ქრისტე აღსდგა!
ჩემო ოქროს დიონისაკო, დიდად საყვარელო და საწადელო, ძალიან კარგო, თუმც ცოტა ბრაზიანო, ძალიან გონიერო, თუმც ცოტა ჯიუტო, ძალიან კეთილო, თუმც ცოტა ეჭვიანო, ჩემო უმოწყალესო დიონისე, კარგო და საყვარელო.
მივიღე შენი წერილი და გთხოვ, ჩემო ბიჭუნა, ოდნავ უფრო სუფთად დაწერე ხოლმე, რადგან ამდენი გადაჯღაბნილის გამო წესიერად ვერც წავიკითხე. ერთი სიტყვით, მიხარია, დიონისაკო, რომ კარგად ხარ. შენი გასაჭირიც გავიგე. იმის გამო, რომ ის-ის იყო მკრეხელობაში ჩავარდი, ახლა ყოველდღე შვიდი მეტანიით მეტს გააკეთებ ორმოცი დღის განმავლობაში, მაგრამ დაიწყე სულთმოფენობის შემდეგ. ოღონდ შემდგომში ფრთხილად იყავი, შვილო, რომ ეს სატანური რამ ჩვევად არ გექცეს.
გისურვებ, ღმერთი დაგეხმაროს, რომ კარგი და ღირსი ასკეტი მონაზონი გახდე. თანაკლასელებთანაც ყურადღებით იყავი, ნურც ბევრს ილაპარაკებ, ნურც მათ ცუდ სიტყვებს დაუგდებ ყურს, რამეთუ ასე სასმენლები გვიბინძურდება. შეეცადე მორჩილი იყო, გამგონე, თავმდაბალი, სათნოებიანი, ლოცვის მეგობარი, ცრემლებით ილოცო და მზად იყო, როცა წმიდა ღმერთი ინდომებს, ღირსეული მონაზონი გახდე, ღმრთისათვის და კაცთათვის სათნო.
რამეთუ ეს წუთისოფელი, ჩემო ბიჭო, უამაოესია, ყოველივე ბოროტებით აღსავსე, ადამის გადასახლების ადგილი და შესაბამისად, ჩვენიც. და ნეტარია ის, ვინც ამ გადასახლებაში სწორად ივაჭრებს და ცხოვრებას უსაფრთხოდ გაივლის, რათა მარადიულად იხაროს და წმიდანებთან ერთად იმეფოს უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მთელი სულითა და გულით ვლოცულობ შენთვის, მამა იოსები
|
|