ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
[8] წერილი დიონისეს - იოსებ ათონელი (ისიხასტი)
[8] წერილი დიონისეს - იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წმიდა მთა, ზაფხული 1934 წ.
ჩემს საყვარელ დიონისაკოს.
გაიხარე, ჩემო დიონისაკო, გაიხარე, და კიდევ გეტყვი: გაიხარე ქრისტეს, ჩვენი უფლისა და უტკბილესი მაცხოვრის – იესოს მიერ. ამინ.
ო, ჩემო შვილო, იესოს შვილო, დედაღმრთისას და მისი წმიდანების შვილო! შენ მოგმართავ და ვფიქრობ, საიდან მოვიღო სიტყვები, რომ სული გაგითბო? საიდან ამოვივსო წყალი, რათა წყურვილი დაგიოკო? სად გიშოვო პური, რომ დაგაპურო? ვაიმე, ვაიმე, ვაი მე, უბადრუკს, რომ ღირსი გავხდი ღმერთის სულის მიერ მეშვა ასეთი შვილი, ასეთი კარგი ბიჭი, ასეთი ერთსული და ერთმოშურნე! მაგრამ როდის გიხილავ ჩემ გვერდით? როდის დავტკბები შენი თანყოფნით? როდის გიხილავ ეკლესიის შუაში დაჩოქილსა და უტკბილესი იესოს ხატის წინ მტირალს? ნეტა უნდა მქონდეს ამის იმედი? ნეტა უნდა დაგელოდო მანამ, სანამ აქ გიხილავ და ღმრთაებრივი სიმეონის მაგვარად ვიტყვი: „აწ განუტევე მონა შენი, მეუფეო“?
ვაი მე, გლახაკს! ცრემლები თვალებს მივსებს, ხელი მიქვავდება, კალამი გამომიშრა, გული ძალუმად მიძგერს, როდესაც მესმის, რომ გახდები ბრძენთა თანა ბრძენი, მასწავლებელთა თანა მასწავლებელი, რიტორთა თანა რიტორი, ღმრთისმეტყველთა თანა ღმრთისმეტყველი, მქადაგებელთა თანა მქადაგებელი, მონაზონთა თანა მონაზონი, მღვდელთა თანა მღვდელი და ღმერთის ძეთა თანა ღმერთის ძე: „მე ვთქვი“, – ამბობს უფალი, „მაღლის ძეები გახდით-მეთქი, თქვენ კი ადამიანებივით კვდებით“. მაშ, რას ფიქრობს ჩემი საყვარელი შვილი? მოხვალ, რომ შენი ბიძის – ნიკოლოზის ზიარი გახდე? გახდები მისი ამხანაგი?
აი, სასწაული! გაოცებული ვარ! ბავშვი, რომელიც ხელში მეჭირა და ვეთამაშებოდი, დღეს ემზადება, რომ სიბერეში მომიაროს, დღეს მან უნდა ამიყვანოს ხელში. უცნაური სასწაულია! როგორ არ განაცვიფროს ადამიანი ღმერთის საიდუმლოებმა?! როგორ არ განკვირდეს კაცი, როდესაც ამას ხედავს?! ვისაც მე ვაჭმევდი როგორც ჩვილს, უფალი გზავნის, რათა მე გამომკვებოს! როგორ არ გაგვაკვირვოს ღმერთის სახიერებამ?!
ჰოი, შენს მოწყალებას, მეუფეო! უმცირესი შრომისთვისაც კი სურს გასამრჯელო მოგვცეს წმიდა ღმერთმა. მოდი ჩემთან, ჩემო კარგო ბარტყო და მე გიჩვენებ ყოველი სიბრძნის მომნიჭებელს. მალე მოდი ჩემთან და ზეციურ ფილოსოფიას გასწავლი. დაარწმუნე მამაშენი წასვლაზე და მიზნის მისაღწევად მე ამოგიდგები მხარში. არაფერია იმაზე მშვენიერი, არაფერია იმაზე ლამაზი, როგორიც იესოს სიყვარულია. არაფერია იმაზე ამაღლებული, როგორც ზეციურ რეალობაზე ფილოსოფოსობა და ამქვეყნიდანვე ხედვა იქაური მარადიული სიკეთეებისა. ასე რომ, მოდი, გელი. იქნებ რამდენიმე წელში წავიდე და მაშინ ვეღარაფრით გარგებ.
გამოეშურე და მე ვთხოვ მეუფეს, რომ თავისი სიბრძნე მოგანიჭოს და ჩემთან ერთად ადიდო ყოვლადწმიდა სამება და ქალწული ღმრთისმშობელი და ყოველი წმიდანი. ამინ.
როცა წერ, სუფთად წერე, თორემ ვერ ვარჩევ რას წერ. შენთვის ლოცულობს ნიკოლა სხვა მამებთან ერთად, ისევე, როგორც მე, უკანასკნელი. ნიკოლას არ აქვს კურთხევა, რომ მოგწეროს.
მამა იოსები
|
|