ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
[10] წერილი ერგინას - იოსებ ათონელი (ისიხასტი)
[10] წერილი ერგინას - იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წმიდა მთა, 24/9/1934
ჩემო ჭეშმარიტო, დაო, გიხაროდენ უფლისა მიერ! ჩემო საყვარელო დაიკო, გაიხარე უტკბილესი სიძის – იესოს მიერ! ჩემო ქრისტესმიერო დაო, გიხაროდენ იესო მაცხოვრისა და დიდი უფლის მიერ, ჩემს ძმა მილტიადესა და საყვარელ შვილებთან ერთად.
ჩემო შვილო, კიდევ გეტყვი: გაიხარე! დღეს მივიღე შენი ეპისტოლე, მაგრამ, რადგან შეკვეთილი იყო, გვიან მოვიდა. ოცდახუთი დღე გავიდა მას მერე, რაც დაგიწერია. ერთი სიტყვით, დიდება წმიდა ღმერთს, რომ კარგად ხართ. განუწყვეტლივ ვლოცულობ, რომ ჯანმრთელები იყოთ.
გუშინწინ სხვა ეპისტოლეც მოგწერე, რადგან დიდი ხანი არ მოგეწერა. ჩემო დაო, აი, გპასუხობ იმაზე, რასაც მეკითხები, და მერწმუნე, რომ მიყვარხარ და სრულ სიმართლეს გეუბნები — ჩემი წადილი, ჩემი გულის წვა, სულის მუდმივად შემწველი ჩემი საღმრთო და ერთადერთი სურვილი ის არის, რომ სულები ვაცხოვნო, ჩვენს უტკბილეს იესოს გონიერი მსხვერპლი შევწირო.
თუკი ყველა ადამიანისთვის თავს ვწირავ და მრავალნაირად და განუწყვეტლად ვიტანჯები, რათა ვინმე ვაცხოვნო, თქვენთვის და შენი შვილებისთვის არ ვიზრუნებ? მაგრამ აბა, მითხარი, რა შემიძლია ვიღონო, როცა მილტიადე საპირისპირო აზრის არის? აჰ, დაიკო, ჩემი ერთადერთი სურვილია, რომ ყველა ჩემი და-ძმა, დედა და მისი შვილები, მონაზვნები გახდნენ. წმიდა ღმერთისთვის სათნო საღმრთო შესაწირავნი.
აჰ! მაგრამ ვნებები, მცდარი შეფასება, სულის დაბნელება, სამწუხაროდ, არ აძლევთ უფლებას, რომ გონება ოდნავ მაინც აღიმაღლონ და საკუთარი ცხონებისთვის უმჯობესი დაინახონ. მიუხედავად ამისა, არ ვჩივი, რადგან სხვები, სამწუხაროდ, გაცილებით უარესები არიან. ასე რომ, ერთადერთი შესაძლებლობა იმისა, რომ წმიდა ღმერთის ჭეშმარიტი შვილები გახდეთ, არის ჩვენი დღევანდელი დღე, როცა კეთილმა იესომ ეგვიპტის უხვებაში გამომგზავნა, რათა გზა გაგიმზადოთ, რათა გზა გაგიადვილოთ, ხოლო თქვენ, როდესაც სულის დღევანდელი[სნაირი] შიმშილი დადგება, ადვილად გამომყვეთ და გაიხაროთ ამავე სუფრაზე სიხარულითა და საღმრთო მხიარულებით.
აი, უამრავი ადამიანი, უამრავი ქრისტიანი სამყაროს ყოველი კუთხიდან წერილით გვთხოვს, გვემუდარება სულიერი საზრდო გავუზიაროთ; ტირიან, გვიხმობენ, სწყურიათ შეგვხვდნენ ან მოგვისმინონ. იმდენი წერილი მოდის, რომ ჭამის დროც აღარ გვრჩება.
განა მე რა – ის იოსები ხომ არ ვარ? ნუთუ მგონია, რომ შემიძლია, ან ღირსი ვარ სხვებს დავეხმარო? არა, არამედ ღმერთის ყოვლადბრძნულმა განგებამ გამომირჩია მე - ცუდი, უვარგისი, ბოროტისმოქმედი, ქურდი, საწყალი, რათა უფრო მეტად იდიდოს ყველას მიერ მისი წმიდა სახელი, რამეთუ კარგს დახმარება არ სჭირდება, რადგან ბუნებითაა კარგი, ხოლო ჩემი ცხოვრება ასე თქვენთვის განაგო, რათა თქვენც უკან გამომყვეთ.
ასე რომ, ახლაა ხელსაყრელი დრო, ახლაა ცხონების დღე. რას უზიხართ? მე თქვენი სულისა და ხორცის მკვებავი გავხდები, მამა, შვილი, მონა, ტყვე, წინამძღოლი, კვერთხი - თუ გენდომებათ, გავხდები. მაშ, რაღა გინდა ამის მეტი? შენ მილტიადე დაარწმუნე, მე კი იმწუთას არწივივით ავიტაცებ დიონისესა და ბარბარეს. მაგრამ თუ ის არ მოინდომებს და მე ჩუმად წავიყვან, მაშინვე დააჭერინებს ჩემს თავს და ბოროტმოქმედივით ციხეში ჩაასმევინებს. ნუთუ არ იცი? გაბრაზებული კაცი ყველაფერზე წავა. აჰ, წუთისოფელი... რამდენჯერ მაწუხებენ, რომ ამ ასაკის ბავშვები ავიყვანო, მაგრამ არავითარ შემთხვევაში არ ვთანხმდები, რადგან უცხო ხალხის შვილები არიან. თუ ავიყვან, საღმრთო რჯულის დამრღვევად განვისჯები, ხოლო შენი შვილი ჩემი შვილი და სისხლხორცია - ათი რომ გყავდეს, ყველას სიხარულით წავიყვან, რამეთუ არაფერს დავარღვევ ასე, რადგან ვიცი, როგორ განვაგო ყველაფერი ისე, რომ ხალხი არ დავაბრკოლო.
აბა, სხვას რას ითხოვ ჩემგან? აი, მზადაა. დრო შესაფერისია, სანამ ეშმაკობას ისწავლის, სანამ ბავშური ასაკის ეშმაკობები დაეწყება. არ სჯობს ცოტა ხანში ქრისტეს ღმრთაებრივ დიაკვნად იხილო და სულით გაიხარო, ვიდრე მწარედ იტირო? აჰ, რა ვქნა, რომ ამის მეტი არაფერი შემიძლია, გარდა იმისა, რომ ღმერთს გულმოდგინედ ვევედრო, შემისმინოს და ყველაფერი თავისი წმიდა და საღმრთო ნების მიხედვით მოაგვაროს.
მწერ, და-ძმას გული დასწყდა, რომ ნიკოლა წამოვიდაო. ამას გეტყვი: წუთისოფელი იმიტომ უყვართ, რომ ჯერ მისი სიმწარე არ გამოუცდიათ. ჯერ კიდევ სულით ბრმები არიან და ვერ ხედავენ, თუ რა იმალება ამ დროებითი სიხარულის უკან. გონიერი ნათელი ჯერ არ გამოუნათდათ, ცხონების დღე ჯერ არ დაუდგათ. მაგრამ გიმეორებ, რომ ყველა ჩვენი და-ძმა სხვებთან შედარებით ღმრთის ანგელოზივით არის, ამიტომაც მაქვს იმედი, რომ უფალი არ მიატოვებს, არამედ დანარჩენსაც მოაგვარებს.
მწერ, რომ ჩემ გამო გიხარია და წუხხარ. მართლაც ასეა და როგორც გონება-განათლებულმა, სწორად შეამჩნიე. მონაზონს ხალხი არაფერს არგებს – მარტო ქება-დიდებას შეასხამენ და ამგვარად „განბანენ“ და შიშველს ტოვებენ. ამიტომაც მალე გამოვრბივარ, რათა არ დავკარგო ის, რაც ამდენი წელია მდუმარებით შევიძინე.
მწერ, რომ შფოთავ და რასაც აშენებ, ანგრევ. მართალს ამბობ, ამ ქვეყანას სულ ასეთები სჩვევია [ვანგრევთ და ვაშენებთ]. მაგრამ შენ მაინც მხნედ იყავი, ვინც შენება ისწავლა, ოდესმე იმასაც ისწავლის, რომ აღარ დაანგრიოს. იქნებ უფალმა იმ დროს მოგვისწროს, როცა ვაშენებთ და დანგრევასაც ვეღარ შევძლებთ, შესაბამისად კი, აშენებული სახლი მარადიულად დაგვრჩება. გამხნევდი, მეც შენთან ერთად და შენთვის ვაშენებ, ისე, რომ ვერავინ მინგრევს. მხოლოდ ერთს გთხოვ, ცოტა დრაქმა გამომიგზავნო, რათა კარ-ფანჯრისთვის ლურსმნები ვიყიდო.
მწერ, ფული გამოგიგზავნეო. აჰ, ჩემო შვილო, მე ამეებზე არც კი ვფიქრობ, მით უმეტეს, არ მინდა რომ ვალებით დამძიმდე, ამიტომაც არ გთხოვ. გეუბნები: თუ შენის მოცემა არ შეგიძლია, სხვას ნურაფერს დააკლებ, რათა სული არ დაგიმძიმდეს. სხვაგვარად, უცხო კაცი რომ იყო, არც კი გეტყოდი. ჩემს ძმებს რომ ჰქონდეთ, თქვენგან მხოლოდ იმისთვის ვითხოვდი, რომ სხვებისთვის მიმეცა, რათა ელოცათ. მაგრამ რა ვქნა, რომ ოდენ გაჭირვებაში არიან? შენ ცოტა წელში გამართული ხარ და თუ შეგეძლება, თუნდაც თვეში ერთხელ გამოაგზავნე. ოღონდ არა ვალად აღებული.
მწერ, დიონისეს ვერ გაუგეო. არასწორად ფიქრობ. ძალიანაც კარგად გავუგე დიონისეს, მაგრამ გითხარი: რა შემიძლია ვიღონო? ღმერთმა მიხედოს. იმედი მაქვს, რომ შენი სახლისთვის ვიზრუნებ. წირვას შევუკვეთავ და როგორც უფალი ინებებს. ლუკიასთვის ორიოდე სიტყვას მოგწერ, მაგრამ არ მახსოვს რამდენი მოგვცა. ერთი სიტყვით, გამოაგზავნოს დანარჩენი, რომ გადავცე. ჯერ არ მიმიცია.
მონაზონ ბებიებს რაც შეეხება, იმედი მაქვს, დაწყნარდნენ. ბევრ რამეს ვუსწორებ. სხვის სახლში და ამდენი ხარჯი! - ათი ათასი გაანიავეს. ერთი სიტყვით, ვუთხარი, თუ ერთ ადგილას არ დაეტევით, დაგტოვებთ-მეთქი. ამიტომაც ჯერჯერობით ძალიან კარგად არიან. ყოველთვიურად აქედან პროდუქტებს ვუგზავნი, სხვა რა უნდათ?
შენც რას მეკითხები? მომისმინე, ამაოდ ნუ ირჯები, რამეთუ, სხვა მონაზონი რომ მოვიდეს იქ, არ მინდა. იცოდე, რომ იქ ცხოვრება ძალიან ძნელია. თუ ბევრი ფული აქვთ და ვერ ხარჯავენ – მაშინ სხვა საქმეა. ამიტომაც, თუ ვინმე შეგეკითხება, უთხარი, არ ვიცი სად არიან-თქო. ქალებს მძიმე წონა აქვთ და მე ამდენი ძალა არ გამაჩნია. ვინც კეთილ საქმეს მიჰყო ხელი, უნდა დაასრულოს კიდეც, თუ არა და, ნურც დაიწყებს.
ჯობია ახლავე დაიწყო ფულის შეგროვება და, ივნისამდე თუ ვიცოცხლეთ, კოშკში მოხვალთ და ყველაფერს, რაც გინდა, ნახავ: მონაზონ დედებს, ნიკოლას, ჩვენ, ჩვენს ქოხებს, წმიდა მთას — ყველაფერს, ყველაფერს ნახავ. არის იმის შესაძლებლობა, რომ შორიდან დაინახო. ასე რომ, გაემზადე და შეგეწევა უფალი. ძალიან გაგიხარდება, დიდ სარგებელს მიიღებ. მილიონი რომ დახარჯო, ასეთ სიხარულს ვერსად იგემებ, აქ კი ათასი დრაქმით დატკბები.
მხნედ იყავი და მოთმინება იქონიე. ილოცე ნიკოლასთვის, რომ ღმერთი გაინათლოს. მოკითხვა გადაეცი ყველა ქრისტესმიერ დას, განსაკუთრებით კი, მელანიას, ირინეს, ელენესა და კალიოპეს. ნიკოლასგანაც გადაეცი ყველას მოკითხვა.
თქვენთვის ლოცულობს ყველა მამა და მე, ცოდვილი,
უხმარი მამა იოსები
|
|