იოსებ ათონელი (ისიხასტი)

[11] წერილი დიონისეს - იოსებ ათონელი (ისიხასტი)

[11] წერილი დიონისეს - იოსებ ათონელი (ისიხასტი)

წმიდა მთა, 12/2/1935


ჩემო საყვარელო შვილო, ჩემი სულის სამკაულო, ჩემი სიბერის საყრდენო, ჩემო კარგო, დიონისე, ჩემო საყვარელო ბიჭო, ნეტავ მალე გიხილო, როგორც ჩემს სულს სურს. ამინ.
ჩემო შვილო, ჩემო საყვარელო ბარტყო, გამოფრინდი ჩემთან. აი, სიყვარულით სავსე მამობრივ წიაღს გიშლი. გამოიქეცი, როგორც შველი, მე კი ცოცხალ წყალს დაგალევინებ. მოდი ჩვენს ტრაპეზზე და ცხოვრების პურს გაჭმევ. სწრაფი ნაბიჯით, დრო ნუ გაგყავს, რამეთუ სიკვდილი უკან გვდევს, როგორც მზაკვარი თანამგზავრი. წუთისოფელი მატყუარაა, ხოლო ცხოვრება – სატანის მახეებით სავსე, რომლებიც ორმაგ სიკვდილს მოგვიზღვავენ. ამქვეყნიური ტკბობა ჩრდილივით ქრება. ყველაფერი სიზმარივით განქარდება და ბუშტივით სკდება. ამაოებაა ყველაფერი.
ჩვენ კი აქ ზეციური ფილოსოფია გვაქვს არჩეული და საღმრთო საიდუმლოებს ვუღრმავდებით, გონებას შეძლებისდაგვარად გამჭვირვალეს ვხდით და ვცდილობთ მივწვდეთ იმას, რაც ხელებით მიუღწეველი, გონებით კი მიღწევადია, რაშიც ღმერთი გვეხმარება და ცეცხლოვანი ანგელოზები წინ მიგვიძღვიან, რომლებიც გვესაუბრებიან და ზეციურ გზებს გვიჩვენებენ სინდისის მეშვეობით. ყველაფრის ბოლო კი ის არის, რომ, როდესაც ჩვენი სული წავა, დატოვებს მიწას - ყველა ჩვენგანის დედას, უჩინო სხეულს, მაშინ ჩვენს ნამდვილ სამშობლოში გადავდივართ და ანგელოზებს, როგორც ძმებს, ვესაუბრებით, საღმრთო ამბორს ვუცვლით ერთმანეთს, მუდმივად განცვიფრებულ-განკვირვებულნი ზეციური მწყობრებით, მანამ, სანამ ჩვენს მეუფესა და მაცხოვარს მივწვდებით და მასთან უკვე განუყრელნი ვიქნებით.
ერთი სიტყვით, სირბილით მოდი, რათა ესოდენ სიკეთეებს არ დააკლდე. ქალწულება და უბიწოება შეინარჩუნე. ცუდ აზრებს მოერიდე. მორჩილი იყავი და გულისსიტყვები ხშირად თქვი. მამაშენს შესტირე ხოლმე, რომ გამოგიშვას, თუ არა და ჩუმად, ვინმე ნაცნობ მღვდელთან ან სულიერ მოძღვართან ერთად წამოდი. ანდა მე გადავკვეთ ზღვას და წამოგიყვან ისე, რომ ვერავინ გაიგებს. საკმარისია მომწერო, რომ მზად ხარ. მარტო ვერ წამოხვალ. ვერონიკა და სხვები, ჩვენი ნაცნობები, ხომ მოდიან თესალონიკში და მე ვინმეს გამოვაგზავნი, რომ წამოგიყვანოს. ერთი სიტყვით, შენ გაემზადე. მომწერე და [დანარჩენი] ჩვენთვის ყველაფერი ადვილია. მხოლოდ შენმა დედიკომ მომწეროს და საკმარისია.
აბა, სხვა რა გინდა ჩემგან? სხვა რა გიყო? რა მუსიკას უკრავ – თუ არ გინდივარ. მოძღვარი სხვაგან გამგზავნისო? რა გინდა, რომ გული ამიჩქარდეს? შენზე საყვარელი ვინ მყავს? წამწამები გამიცვდა, იმდენს ვტირი შენთვის.
ბიძაშენი ნიკოლა კი ვეღარ იძინებს – ესიზმრება, როგორ მოდიხარ, როგორ გეხვევა, როგორ ჭამთ ერთად, როგორ იძინებთ და ა.შ. წამოდექი, ერთი სიტყვით, და ქამარი მოირტყი, როგორც კაცს შეშვენის.
ყველა მამა შენთვის ლოცულობს, ბიძა მოგიკითხავს.

მეც გეხვევი, მთლიანად შენი მამა,
ცოდვილი იოსები

 
თემატური კითხვები
0