ავტორი:
იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წყარო:
წერილები და ლექსები
თემა:
უფალი იესო ქრისტე
[20] წერილი ერგინას - იოსებ ათონელი (ისიხასტი)
[20] წერილი ერგინას - იოსებ ათონელი (ისიხასტი)
წმიდა მთა, 12 ნოემბერი, 1937 წ.
ჩემო საყვარელო ერგინა, ჩემო დაიკო და სულო, ჩემო ძვირფასო სამკაულო, ორ ძვირფას ქვასა და საოცარ მეუღლესთან ერთად, მოგიკითხავთ ყველას მე, გამოუსადაგარი ტვირთი, კეთილი და წმიდა, უფალ ქრისტესმიერი ამბორისყოფით.
ისევ დიდი დრო გავიდა, რაც ჩემი კარგი და მშვენიერი მერცხლის ჭიკჭიკი არ გამიგია. ბარტყები დასნეულდნენ მხოლოდ ორცხობილის ჭამით, განუწყვეტლივ პირს აღებენ მარცვლის მოლოდინში. შენ კი, დედა მერცხალო, საზრუნავებით გართულო, სრულიად დაგვივიწყე, კეთილო მეყველევ.
დღეს მივიღე შენი ეპისტოლე და თვალით ვეძებდი ასოებს „კ“ და „ა“, რომლებითაც იწყება სიტყვები „კალათი“ და „ამანათი“, მაგრამ ამაოდ! არსად იყო. დაიკომ დაგვივიწყა. ხორციელებსაც და ყველიერებსაც ორცხობილით გავდივართ. არა უშავს, განვაგდოთ გემოთმოყვარების ფიქრები და სხვა რამეზე ვთქვათ.
ნამდვილად გამახარა ჩვენი დის ქორწინების ამბავმა და ვლოცულობთ, უფალმა გააბედნიეროს, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთვის არც საკუთარი ხელით დაწერილი მოკითხვისთვის იხელთეს დრო, არც რამე ტკბილეული გამოაგზავნეს მოსაწვევით. კეთილი, კეთილი, საიქიოში გვექნება ეს ყველაფერი. ოდნავაც არ ვწუხვართ ამის გამო.
შენ კი, ჩემო კარგო, რატომ დარდობ? რატომ იტანჯები? დაანებე თავი წუთისოფელს და წუთისოფლის ამბებს. ყველანი მწირები ვართ ამქვეყნად. ქრისტეა ჩვენი ძმა და ნეტავ მის ქორწილში გავიხაროთ. რას მიაჩერდი ამაოებას? შენ ახლა დედოფალივით ცხოვრობ. ნეტავ ისიც შენს ყოფაში აღმოჩენილიყო.
დედაზე მწერ, მაგრამ მე სურვილმა გადამიარა, თანაც სწორედ ამ სურვილის გამო გავიხლართე და დავიძირე. თუ უნდათ, დაუძახე ვინმეს, ვინც უნდათ, და წაუკითხოს ლოცვები, მე კი იმ ცხოვრებაში შევხვდები. დამხრჩვალს სხვისი დახმარება აღარ შეუძლია. როგორც გინდათ, ისე მოიქეცით. მე აქედან ვილოცებ.
მწერ, რამდენი ხელსაქმე გამოაგზავნეო. დაიკო, მე ისიც კი არ მახსოვს, გამოვაგზავნე თუ არა. მაშინ წერილი გამოგიგზავნე შენ და ბავშვებს, თუ იქ წერია რამე, ხომ კარგი, თუ არა, არ მახსოვს. მაგრამ მიიღე საერთოდ ის წერილი, თუ ცენზურამ, ანუ შენმა ქმარმა დაიტოვა?
დაბოლოს, დედაზე გული დამწყდა – ამდენჯერ გამოვედი და ვერ გადაწყვიტეს. ახლა ვლოცულობ, ისე მოხდეს, როგორც ღმერთს უნდა.
მოიკითხე დიონისე და ბარბარე, მილტიადე, დედა, მანოლი და მარუსო და ახალი სიძე.
მოგიკითხავ შენი მლოცველი,
მდაბალი მონაზონი იოსები
|
|