ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

სნეულებათა შესახებ - ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

სნეულებათა შესახებ - ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

ჭეშმარიტებაა, რომ ქრისტიანთა სნეულება, მწუხარება და ტანჯვა სულის განწმენდასა და ცოდვების მიტევებას ემსახურება. თითოეული ქრისტიანის წმინდა მოვალეობაა ღვთისგან ბოძებული ჯვარი, როგორიც არ უნდა იყოს ის, უმანკო და წრფელი გულით მიიღოს და მაღლა, სახელოვან გოლგოთაზე აიტანოს. დროდადრო შეიძლება ადამიანმა შრომისა და სიმძიმისგან ჩაიმუხლოს, მაგრამ უფალი მეორე სვიმონ კვირინელს, ანუ მოთმინების მადლს გამოუგზავნის, რომელიც ჯვარს გოლგოთაზე აიტანს.
როცა ფიზიკურ თუ სულიერ ტკივილს ვითმენთ, მაშინ საიმედო მოწმობას ვფლობთ, რომ ღმერთს ვუყვარვართ და ჩვენც ღვთის საყვარელ შვილებს შორის ვირიცხებით.
სასაფლაოზე როცა მივდივართ, ყველა საფლავზე თითო ჯვარს ვხედავთ: ზოგი ხისაა, ზოგი ქვის, ზოგიც რკინის... ყოველი ქრისტიანის სულსაც ღმერთი ჯვარს აძლევს – ზოგს რკინისას, ზოგს ხისას, ზოგს ქვისას, თითოეულს სხვადასხვანაირს, როგორც ღვთის სიბრძნე განაგებს.
უფლის მთავარი მიზანია, რომ ტანჯვის მიუხედავად, ძვირფასი სული აცხონოს. მოთმინებასა და განათლებას ადამიანს ის თვითონვე აძლევს, ჯვრის ბოლომდე მიტანა რომ შეძლოს.
უმეცრებისა და ღვთის დავიწყების ბანგით მიძინებული სულისთვის სნეულება გამომაფხიზლებელი საყვირია.
სულს, რომელსაც ჯანმრთელობამ მავნე უზრუნველობისკენ უბიძგა, სნეულება აიძულებს სწორი ცხოვრების კალაპოტში ჩადგეს. „ჭირსა შინა მოგიხსენეთ შენ" (ეს. 26, 16); „ჭირსა ჩემსა განმივრცე მე“ (ფსალმ. 4, 1); „მრავლითა ჭირითა ჯერ-არს ჩუენდა შესვლად სასუფეველსა ღმრთისასა“ (საქმე. 14, 22); „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“ (ლუკ. 21, 19).
დიდი განსაცდელები ოკეანედ არასოდეს მოგვეჩვენება, როცა ვიფიქრებთ, რომ ყველაფერს უფლის წმინდა მარჯვენა განაგებს და გვაძლევს, ღმერთს კი ადამიანებზე მეტად ვუყვარვართ.
ღმერთისგან უბიწო სიყვარულით გაწნილი სილა ყოველთვის წინასწარგანჭვრეტილ წმინდა და მაცხონებელ მიზანს ემსახურება! წმინდა სახარებაში უფალი ამბობს, რომ ზეციერი მამის ნების გარეშე ჩიტიც არ კვდება, რომ ჩვენი თმის თითოეული ღერიც კი დათვლილია. ეს იმის დასტურია, რომ ღვთისთვის ჩვენი ყოველი საქმე, სიტყვა და აზრი ცნობილია; მან ჩვენი მწუხარებაც იცის, რომელიც მისი განგებითაა დაშვებული და მაცხონებელ მიზანს ემსახურება!
სნეულებით გამოწვეულ მწუხარებას სახიერი ღმერთის წმინდა ხელი გვიგზავნის, რადგან სულის სიჯანსაღისთვის ყველაზე ქმედითი წამალი სხეულის ავადმყოფობაა.
რამდენად დიდი იყო კაცობრიობის სულიერი და ხორციელი გახრწნა უფლის მოსვლის წინ! რომელმა წამალმა განაახლა ადამიანთა სულები? იესოს დიდებულმა ჯვარმა! განა ასე არ არის? უფალი ჯვარზე რომ არ მომკვდარიყო, ადამიანი სხვა გზით გადარჩენას ვერ შეძლებდა.
ჯვარისმტვირთველი ქრისტე მაგალითად იქცა. გვიჩვენა, რომ ვისაც ცხონება სურს, მას უნდა გაჰყვეს, დაითმინოს ჯვარი, რომელსაც უფალი მისი ძალისამებრ უბოძებს, გოლგოთაზე ავიდეს, იესოსთან ერთად ჯვარს ეცვას და შემდეგ ღვთის სასუფეველში მასთან ერთად იდიდოს.
როდესაც სული ზეციურ ნეტარებაში იხილავს, რომ დიდება და განსვენება ტვირთული ჯვრის შესაბამისი მიეცა, თავს დაიტირებს, რატომ არ იტვირთა უფრო დიდი ჯვარი, უმეტესი დიდება და განსვენება რომ მიეღო. იტყვის: „მაშინ შრომა ხანმოკლე იყო, ხოლო ახლა საუკუნო სიკეთეს ვაკლდები!“ მამამთავარი აბრაამიც კი, როცა სასყიდლის განაწილებას იხილავს, დანანებით იფიქრებს, რატომ მეტად არ იღვაწა!
ერთი ახალგაზრდა გოგონა მძიმედ ავადმყოფობდა. ბოლოს გარდაიცვალა. ერთ ღამეს თავის დას გამოეცხადა. დამ ჰკითხა: „დაო, მანდ, სადაც წახვედი, როგორ ხარ?“ მან უპასუხა: „ქრისტემ ჩემი სნეულებისთვის დიდება და განსვენება მიბოძა. ნეტავ მიწაზე დაბრუნება შემეძლოს, უარეს ავადმყოფობას დავითმენდი, რომ აქ უმეტესი დიდება მიმეღო!”
თუ თავად ყოვლადძლიერმა, უცოდველმა უფალმა ადამიანის გადასარჩენად ჯვარი იტვირთა, როგორ გვჭირდება მაცხონებელი ჯვარი ჩვენ, უბადრუკებს, რომლებიც ყოველ წუთს ვცოდავთ?
„განვემზადე და არა შევძრწუნდი" (ფსალმ. 118, 60), – ამბობს წინასწარმეტყველი დავითი. მუდამ მზად უნდა ვიყოთ ყველა იმ განსაცდელის უდრტვინველად მოსათმენად, რასაც მკურნალის, ღვთის წმინდა ხელი გამოგვიგზავნის. ასეთი განსაცდელი ჩვენი უსაზღვროდ მოყვარული უფლის დაშვებით მოდის, ამიტომ არასოდეს იქნება ცუდი; მის კეთილ შედეგს და ღვთის მთავარ მიზანს მხოლოდ განსაცდელის შემდეგ დავინახავთ.
უფალი იესო ქრისტე თავის მიმდევართა მომავალ განსაცდელს ხედავდა და მათ ასე განამტკიცებდა: „მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი“ (ლუკ. 21, 19), „რომელმან დაითმინოს სრულიად, იგი ცხოვნდეს“ (მათ. 10, 22).
შენც შენი სნეულების მოთმენით ღმერთის საყვარელი შვილების რიცხვს შეემატები. შენი ტვირთი ერთ დღეს აღდგომად გექცევა, მწუხარება – სიხარულად, მოთმინება – საუკუნო ცხოვრებად! მადლობით შეჰღაღადე უფალს: „ვითარცა უნდა [უფალსა] ეგრეცა ქმნა. იყავნ სახელი უფლისა კურთხეულ“ (იობ. 1, 21). დიდება ყველაფრისთვის! ამგვარი ღაღადებით სული სიხარულითა და მშვიდობით აგევსება და თან მოთმინებაშიც განმტკიცდები.
ვინ არის ქრისტიანი? რა უნდა ჰქონდეს მას? უეჭველად, ყველაფერში დიდი მოთმინება.
საუკუნო განსვენება მათთვისაა, ვინც სხვადასხვა მწუხარებას დაითმენს. „მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტვირთმძიმენი და მე განგისუენო თქუენ“ (მათ. 11, 28), – ამბობს უფალი.
გზა, რომელიც ზეციური ქალაქისკენ მიდის, ეკლიანია და მასზე მოსიარულეებს ეკლებისგან სისხლი სდით. მაგრამ სამოთხეში განსვენების იმედი ყველაფერს სძლევს და მოგზაურებს მოთმინებას ჰმატებს, როგორც გაყინულ ტბაში შეყრილი წმინდა ორმოცი მოწამე ამბობდა: „ფიცხელ არს ნეფხუა, არამედ ამო არს სასუფეველი, ძნელ არს ყინელი, არამედ ტკბილ არს ფუფუნება სამოთხისა“..
დაე, ყოვლადსახიერმა ღმერთმა ჩვენც, მდაბალნი, მაშვრალთა და ტვირთმძიმეთა შორის შეგვრაცხოს, რომ საუკუნო განსვენება ვპოვოთ. ამინ.

2. იმ დროიდან მოყოლებული, როცა ჩვენმა ტკბილმა იესომ თავის უხრწნელ მხრებზე პატიოსანი ჯვრის ცხოველმყოფელი ძელი იტვირთა და ჯვარს ეცვა, მისი მიმდევრები საუკუნეების მანძილზე მრავალგვარ მწუხარებასა და განსაცდელს ითმენენ. ქრისტიანი ამით სხვადასხვა სახის დამღუპველ თავისმოყვარებაზე იმარჯვებს.
ლუკა მახარებელი მაცხოვრის სიტყვებს გადმოგვცემს: „რომელმან არა აღიღოს ჯუარი თვისი და შემომიდგეს მე, ვერ ხელეწიფების მოწაფე ყოფად ჩემდა“ (ლუკ. 14, 27), და ისევ: „რომელსა უნდეს შემოდგომად ჩემდა, უარყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯუარი თვისი და მომდევდინ მე“ (ლუკ. 9, 23).
ისიქასტი ფილოსოფოსი აბბა ისააკ ასური ამბობს, რომ ადამიანში ცვლილება ყოველ წამს ხდება. და მართლაც, როგორც სულის, ისე სხეულის განწყობა ყოველწამიერად იცვლება და წარმოიშობა ხან დარდი, ხან ტკივილი, ხან სამწუხარო ამბების მოლოდინი, ხან კი განუსაზღვრელი სულიერი და ხორციელი არეულობა და წუხილი. ყველაფერ ამას ხორციელი ან სულიერი მიზეზი აქვს და ცხადყოფს ღვთის წყევლას, რითაც ადამიანთა მოდგმა პირველქმნილთა ურჩობის გამო დაისაჯა.
სახიერი იესო, ძელი ცხოვრებისა, ერთი მხრივ, თავისი წმინდა მაგალითით და მეორე მხრივ, ღვთაებრივი სწავლების მეშვეობით მწუხარების ჯვარზე ნუგეშის ბალზამს აპკურებს და ბევრი სხვა მაცოცხლებელი ნიშნით ადასტურებს, რომ მხოლოდ მრავალი გასაჭირით შევძლებთ მის საუკუნო სასუფეველში შესვლას.
ძველ აღთქმაში, გამოსვლათა წიგნში მოთხრობილია: როცა ისრაელის ძეები უდაბნოში ღმერთს ეურჩნენ, მან ეპიტიმიად გველები მოუვლინა. დაგესლილი ებრაელები იხოცებოდნენ. მაშინ ღმერთმა შეისმინა მოსესი, რომელიც განუწყვეტლივ ევედრებოდა, დაეცხრო ეს რისხვა; უბრძანა მას გაეკეთებინა და ძელზე ჩამოეკიდა რვალის (რიცხვ. 21, 6-9) გველი, რომლის შეხედვისთანავე დაგესლილები იკურნებოდნენ“.
ჩვენი იესო წმინდა სახარებაში რვალის გველის ამაღლებას თავის ცხოველმყოფელ ამაღლებას ადარებს და ამბობს: „და ვითარცა-იგი მოსე აღამაღლა გუელი უდაბნოსა, ეგრეთ ჯერ-არს ამაღლებაი ძისა კაცისაი“ (იოან. 3, 14). ამრიგად, შხამიან გველში იგულისხმება ცოდვა, რომელიც ადამიანს დანაშაულებრივი და ვნებიანი სიამოვნების მეშვეობით გესლავს, უბადრუკ სულს შხამავს და მის სიკვდილსა და ღვთისგან განშორებას იწვევს.
ჩვენი ქრისტე – პატიოსანი ჯვრის ცხოველმყოფელ ძელზე მიმსჭვალული სულიერი რვალის გველი – უმაღლესი სახარებისეული ჭეშმარიტებით სხვადასხვა ცოდვისგან დაგესლილ სულებს განკურნავს და მათ მიუწვდომელი ცხოვრების ცოცხალ იმედს ანიჭებს. „სადა არს, სიკუდილო, საწერტელი შენი? სადა არს, ჯოჯოხეთო, ძლევაი შენი?” (1 კორ. 15, 55) ჩვენი სულების მხსნელის – უფალ იესოს სიკვდილითა და აღდგომით შენი საშინელი მტარვალი ძალები მოისპო, გაქრა, უმოქმედო და უსიცოცხლო შეიქნა.
სიამოვნებითა და გემოთმოყვარებით გული იწამლება და ბნელდება. დაბნელებული გული კი ბნელეთის საქმეებს სჩადის, ამწუხრებს სულიწმიდას, რომელიც წმინდა ემბაზში ხელახალი შობის დროს მიიღო. და პირიქით, ტკივილი და ჭირი გულიდან დანაშაულებრივ გემოთმოყვარებას აძევებს. ტკივილით განწმენდილი ადამიანი კი ნუგეშინისმცემელი სულის მიმღები ხდება. სულიწმიდის მოსვლა გულს ანუგეშებს, ამხნევებს და როგორც აღმზრდელი, ღვთაებრივი სწავლებით ანათლებს, სიხარულითა და იმედით განაახლებს.
აჰა, ესერა, საცნაური რვალის გველი, იესო, მრავალნაირი შხამიანი ცოდვით დაგესლილ ტანჯულ სულებს ტკივილით კურნავს.
მაშასადამე, გამოცდილების ურყევი ჭეშმარიტებიდან გამომდინარე, ცოდვით დაავადებული სულისთვის, რომელმაც ცოდვითა და უზნეობით თავისი მშვენიერება დააბნელა და მანკიერი მიდრეკილებები შეიძინა, ტკივილი და გასაჭირი ყველაზე ქმედითი წამალია; ამავე დროს – სულიერი ამაღლების საუკეთესო მასწავლებელიც.
ტკივილი გარკვეულწილად გამოცდილ მებაღეს ჰგავს, რომელიც ცოდვილ სულს ველური ზეთისხილის მსგავსად შინაურ ზეთისხილზე დაამყნობს. ცოდვა აქვავებს და უგრძნობს ხდის ცოდვილის გულს. მას არაფერი აღელვებს, რადგან აკლია ღმერთი, ადამიანების გულშემატკივარი და თანამგრძნობი.
რას აკეთებს კაცთმოყვარე ღმერთი, რომელიც „მოვიდა... მოძიებად და ცხოვრებად წარწყმედულისა"? (ლუკ. 19, 10) იგი ტკივილისა და უმთავრესად, სნეულების მეშვეობით მისგან განშორებული სულის გადარჩენას გეგმავს. და ხედავ, მაგალითად, ჯან-ღონით სავსე, ქედმაღალი, საკუთარი ძალით ამაყი ახალგაზრდა, რომელსაც სული და ღმერთი აღარ ახსოვს, მოულოდნელად ტკივილის სარეცელს მიეჯაჭვება. მაშინ ტკივილი გამოცდილი და დახელოვნებული ექიმივით ქირურგიულ ოპერაციას იწყებს.
უხეშობის თანდათან მოცილებით ტკივილი ჯერ გულს არბილებს, შემდეგ კი სულს. გულქვა ადამიანი რბილი და წყნარი ხდება. თავისნაირ სნეულებზე გული შესტკივა. ოდესღაც ულმობელი ახლა თანაგრძნობით ლაპარაკობს. ტკივილის აღმზრდელობითი კვერთხით მომზადდება გულის ნიადაგი და აქამდე დაყრუებული სულის სასმენელი გაიხსნება, ჭეშმარიტების სიტყვას, ცხონების სახარებას ყურადღებით მოისმენს, მიიღებს და დაიმარხავს.
ღვთისა და საკუთარი სულის მიმართ ადრე გულგრილი ადამიანი ახლა მოშურნე ხდება და სხვადასხვა რელიგიურ წიგნსა და ჟურნალს კითხულობს. ნამდვილი შემუსვრილებით და შეგნებით იხსენებს, რომ ცოდვილია და ასე სწავლობს სინანულით და ლმობიერებით აღსავსე ლოცვას. იგი მოკლე დროში საუკეთესო ექიმის, კეთილისმყოფელი ტკივილის ხმამაღალი მქადაგებელი ხდება და ადასტურებს, რომ ტკივილი ერთადერთი მკურნალია იმ სნეულებისა, რომელსაც ღვთისგან დაშორება ჰქვია.
მაგრამ ტკივილი მხოლოდ ღვთისგან დაშორებულ ადამიანებს როდი კურნავს. იგი იმ ჯანმრთელი სულების ექიმიცაა, რომლებიც მომაკვდინებელი სენით არ არიან ავად (იოან. 11, 4), მაგრამ დროდადრო უდებებით, ხანდახან განკითხვით, თავისმოყვარებით, სიმხდალით, ეჭვით და ა. შ. სცოდავენ.
ტკივილი წმინდანებზეც არის დაშვებული, რომ ამ სოფელში მოთმინებით ზეცაში უმეტესი დიდება მიიღონ. მაგრამ ხშირად წმინდანები ევნებიან, სხვისთვის მაგალითი რომ გახდნენ, როგორც მრავალვნებული იობი, წმინდა სვინკლიტიკია და სხვები.
როცა კარგ ავეჯს გარკვეული დროით მოუვლელად დავტოვებთ, ვნახავთ, რომ მტვრის თხელი ფენა დაედება, რომელიც, მართალია, არ აზიანებს, მაგრამ მის სილამაზესა და მბზინვარებას ამცირებს. ასე ემართება ჯანმრთელ სულსაც, როცა მას დროდადრო მწუხარება მოაკლდება. მაგალითად, კაცმა უდებებას თუ დროულად არ მიხედა, იგი ნელ-ნელა, შეუმჩნევლად სულს მტვერივით დაედება და ღვთისადმი თავდაპირველ მოშურნეობას დაუკარგავს. ადამიანი ლოცულობს, მოვალეობებს ასრულებს, მაგრამ არა ისე, როგორც საჭიროა. ხოლო თუ ტკივილი მოვა, თუ მწუხარება ესტუმრება, მაშინ ქარი დაუბერავს და ალი – ღვთის წინაშე მოვალეობათა შესრულების მოშურნეობა – ისევ გაძლიერდება.
უდებების მსგავსად, სულის ყველა სხვა სნეულების შემთხვევაშიც ასევეა. ტკივილი ავადმყოფი სულის ღვთაებრივი წამალია, რომელიც ღვთის უსაზღვრო სიბრძნემ აღმოაჩინა და მას სრული ძალით, დაუზოგავად იყენებს, რომ ამ ეფექტური წამლით გონს მოვეგოთ და სიფხიზლით აღვასრულოთ ღვთის წმინდა ნება. და როცა საზღაურის მიღების ჟამი დადგება, მღვიძარებით და სიფხიზლით მისი ნების აღსრულებისთვის ჯილდოდ უფლის საუკუნო სიხარულში შევალთ. საუკუნეების მანძილზე იქ მიწვეულებთან – ყოვლადწმიდა დედოფალთან, ანგელოზებთან და ყველა წმინდანთან ერთად მხიარული, დაუცხრომელი გალობით ვადიდებთ ჩვენი უფლის, ღვთისა და მაცხოვრის, იესო ქრისტეს კურთხეულ სახელს, რომელსა შვენის სიმტკიცე, პატივი და დიდება უკუნითი უკუნისამდე.

3. ღმერთი გვწვრთნის და კიდეც გვკურნავს; აღგვამაღლებს და დაგვამდაბლებს. ვის შეუძლია წინ აღუდგეს უფლის ნებას? თუკი ღმერთს სურს ვიტანჯოთ, ესე იგი რაღაც მაცხონებელი მიზანი აქვს, რომლის წინასწარ განჭვრეტა ჩვენ, მიწიერებს, არ შეგვიძლია. ხოლო მოთმინებას, სულგრძელობასა და განსაცდელის სიმდაბლით მიღებას ყოველთვის, დიახ, ყოველთვის, მოაქვს სარგებელი.
იტვირთე, შვილო, შენი ჯვარი და იცოდე, რომ ღმერთი ხედავს, როგორ ვიტანჯებით და როგორც ნამდვილი მამა, ყველა საშუალებით ცდილობს „გამოიხატოს ქრისტე“ ჩვენ შორის (გალ. 4, 19). მას სურს ვევნოთ, რადგან იცის, რა აქვს გამზადებული ტანჯული შვილებისთვის. თუ მწუხარებას არ გამოუგზავნის, ისინი უსამართლოდ დაიჩაგრებიან, რადგან გამოუთქმელი ზეციური სიკეთე მოაკლდებათ. რაც მეტად ვიტანჯებით, მით უფრო მშვენიერი გვირგვინი იწვნება ჩვენთვის!
არასოდეს დაიჯერო, რომ შეპყრობილი ხარ. მსგავსმა გულისსიტყვამ არასოდეს მოგატყუოს. ავადმყოფობისას ასეთი რამ ბევრ მონაზონს ემართება. ღმერთმა ასე მოაწყო: როცა სხეული სნეულდება, მისი თანმხლებია სულიც; და პირიქით, როცა სული იტანჯება, სხეულიც იფიტება და შუპდება.
მაცდურს შენი შეშურდა, შვილო. მაგრამ, მოდი, მოვითმინოთ, რომ შურით გასკდეს და ღმერთი იდიდოს.
ყველაფერი, რა თქმა უნდა, ზამთარიც, გაივლის და ჯანმრთელობის გაზაფხული ისევ გამობრწყინდება. გაიხარებ და იტყვი: „კარგია, რომ დამამდაბლე, რათა ვისწავლო სიმართლენი შენნი“ (ფსალმ. 118, 71).
ვის არ სტკივა, როცა ოპერაციას უკეთებენ და ვის არ სტკივა, როცა ღვთის მადლი შორდება და ათასობით უწმინდური გულისსიტყვა ატყდება თავს? ღვთიურმა სიბრძნემ ადამიანის გამოსწორება ასე განაგო.
როგორც წელიწადის დროები – ზამთარი, გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა ენაცვლება ერთმანეთს, სულიერი დროებიც ასევეა: ერთი მიდის, მეორე მოდის და ასე ეჩვევა სული სულიერ ცვლილებებს. ის ბრძენი და გამოცდილი ხდება და ეს გამოცდილება მადლია, რომელიც სულს საშინელი ცვლილებების დროს ტვირთულობს, რათა გამოვლილი განსაცდელით სიბრძნე შეიძინოს, იფიქროს, რომ მხოლოდ მოთმინებას და სულგრძელობას მოაქვს სიმშვიდე და სასარგებლო აზრი. მაშასადამე, განსაცდელებიდან სარგებელს ვიღებთ და უფრო ბრძენნი და გამოცდილნი ვხდებით.
4. შვილო, შენი სნეულება უმეტესწილად ურჩობისგანაა, თუმცა შენდამი ღვთის სიყვარულიც ჩანს. ღმერთს ძალიან უყვარხარ, ამიტომაც გწვრთნის. განსაცდელებით ღმერთი შენს ძვირფას ხსნას აღასრულებს; მას სურს, ტვირთი შეგიმსუბუქოს და სულის ჭურჭელი იმ დიდი იმედის ძღვენით აგივსოს, რაც ზეცის დამკვიდრება და შენგან მხურვალედ შეყვარებული ქრისტეს მახლობლად საუკუნო ყოფნაა!
ასე რომ, რა დაგრჩენია? სრული მოთმინება, სიმხნევე განსაცდელში და უსაზღვრო მადლიერება ჩვენი სულების საუკეთესო განმგებლის მიმართ, რასაც მადლიანი სიმდაბლეც უნდა ახლდეს თან.
შვილო, წმინდა გოლგოთის აღმართზე კეთილისმყოფელი უფლის მიერ მოცემული ჯვრით იარე. უფალს უყვარხარ და გწვრთნის, რომ მის სიწმინდეს ეზიარო.
მწუხარება და სნეულება უსაზღვრო საუკუნო დიდებას უმზადებს მათ, ვინც ითმენს და მადლობს ღმერთს.
5. გისურვებ, შვილო, მოთმინებისა და ნუგეშინისცემის ღმერთმა გაგაძლიეროს სნეულებისას, რომელიც ღვთის ნებით მოგეცა.
გავიგე, მძიმედ გამხდარხარ ავად. ძალიან მეტკინა გული და ღვთისმშობელ დედას ვევედრე გამოგაჯანმრთელოს ჯერ სულიერად და მერე ხორციელად.
იფიქრე, შვილო, წმინდა მოწამეებზე. რა აღარ დაითმინეს ქრისტეს სიყვარულისთვის! შენც თქვი: „მდაბალო სულო, სნეულების სატანჯველი მოითმინე, რომ ჯოჯოხეთის საუკუნო ტკივილი აიცილო!“
მოწამეებმა მოწამეობის ტანჯვა ნებაყოფლობით იტვირთეს, შენ კი შენი ნების საწინააღმდეგოდ გტკივა. ესეც კარგია, საკმაო სარგებელს მოგიტანს ოღონდ ღვთის სწავლება სიხარულითა და მადლობით დაითმინე. ეს და სხვა მრავალი იმეორე, რომ განიმტკიცო თავი და სიმხნევე და ნუგეში მოგეცეს.

6. ჯანმრთელობა ღმერთს მიანდე. თუკი სნეულება გაიძულებს, ან ექიმი რაიმეს მოგთხოვს, ღვთისადმი სასოებით მიიღე, რადგან ამით ღმერთი მისთვის სასურველს აღასრულებს. ცხადია, თავის უარყოფამ თვითმკვლელობამდე არ უნდა მიგვიყვანოს, ზრუნვამ კი – თავისმოყვარებამდე. საშუალო გზით უნდა ვიაროთ – ექიმის დანიშნულება სარწმუნოებით შევასრულოთ, რათა უმოქმედობა თვითმკვლელობად არ ჩაგვეთვალოს. ხოლო გამოვჯანმრთელდებით თუ არა გამოყენებული საშუალებით, ეს ღმერთს მივანდოთ.
შვილო, ყველანაირ გასაჭირში მოთმინება გქონდეს. სნეულებას, როცა მას ვითმენთ, სულისთვის დიდი სარგებელი მოაქვს. ამ დროს საკუთარი თავის დადანაშაულება საკმარისია, რადგან ძირითადად ჩვენი ცოდვების, უმეტესწილად კი ჩვენი გულის ამპარტავნების გამო ვიტანჯებით.

7. მუდამ ჯანმრთელად ყოფნას გისურვებ, სნეულებისას კი ღვთის სწავლების დათმენას, რომელსაც მისი მოსიყვარულე, ვეება გული გიგზავნის. ასეთი გულიდან მომდინარე სწავლება გულისხმისყოფას მოკლებული, უსარგებლო ან მავნე არასოდეს იქნება, რადგან უფალი უმჯობესისთვის, მიტევებისთვის, მფარველობისა და საუკუნო ხსნისთვის გვწვრთნის!
ეს გული თვით ღმერთის, ჩვენი ზეციერი მამისაა. იგი ყველაფერს ხედავს. ხედავს ჩვენი თითოეული ქმედების მიზანს. ხედავს, როგორ იტანჯები და გიჭირს. იცოდე, რომ იმაზე მეტად არ განგცდის, რისი ატანაც შეგიძლია. გასაჭირით შენი სულის განწმენდას და საუკუნო ხსნას აღასრულებს. „ვიქადითცა ჭირსა შინა. უწყით, რამეთუ ჭირი მოთმინებასა შეიქმს" (რომ. 5, 3). ღმერთი აღგვზრდის, როგორც საკუთარ შვილებს, რათა ჩვენც მისი თვისებები შევიძინოთ. შვილების კანონიერება მაშინ ჩანს, როცა მათ მშობლების ნაკვთები აქვთ. უფლის სწავლების მიზანიც ესაა. შენი მწუხარება მაცხონებელია. ყოველთვის იქონიე იმედი და არ შერცხვები.

8. უმეცრება, შვილო, სულის სიკვდილად განიმარტება. უმეცრება არ გაუნათებს გონებას ავადმყოფს და არ ეტყვის: შენი ავადმყოფობა ღვთის ნებაა და მისი ატანა მოთმინებითა და მადლობით გმართებს, მოუთმენლობით ღვთისგან განდგომილი რომ არ აღმოჩნდე! ღვთივგანათლებულ ქრისტიანს კი ღვთის ნების ცოდნა არა მარტო მადლობით დაათმენინებს ყველაფერს, არამედ უფრო მტკიცე სულიერ ხასიათს შესძენს და ნუგეშითაც გამოაცოცხლებს. იგი ფიქრობს: ტკივილისა და ჭირთა დათმენით ღვთის ნებას აღვასრულებ. ამით ჩემი ადრინდელი შეცდომები მომეტევება. მათი მეშვეობით სასჯელს მოვიხდი და თავისუფლებას იქ, მომავალ ცხოვრებაში მივიღებ, სადაც უკუნისამდე ვიცხოვრებ. ამქვეყნიური უბედურება კი, რამდენიც უნდა დავითმინო, წარმავალი და ხანმოკლეა.
ასე რომ, საჭიროა მოთმინება, შვილო, რომ უნანელ სოფელთან ერთად არ დავისაჯოთ. რაც არ უნდა შეგვემთხვეს, მოთმინებით ყველაფერი მოგვარდება. შინაგანი ადამიანი მშვიდობას პოულობს, როცა მოთმინებით იტანს, რასაც ღმერთი უშვებს მასზე.
იტვირთე შენი ჯვარი, მე კი ჩემსას ვიტვირთავ და ასე შევუდგეთ ზეციერ სიძეს, ქრისტეს, რომელმაც ჩვენთვის – უმადურთა და ცოდვილთათვის – სამარცხვინო ჯვარი დაითმინა.
განა რას ვითმენთ ღვთისგან მიღებულ სიკეთეთა სანაცვლოდ? თუკი ღვთის სიკეთესა და ადამიანის უმადურობას ჩამოვთვლი, მგონია, ჩემი გონება აზროვნებას შეწყვეტს; განა ზღვარდადებულ გონებას შეუძლია ღვთის უსაზღვრო კეთილისმყოფელობის გააზრება?
9. სნეულებას დიდი სარგებელი მოაქვს – ცოდვათა შენდობა და მოთმინების სასყიდელი. ღმერთს განშორებული ადამიანებისთვის ის ძალზე ქმედითი წამალია. მადლობა ღმერთს, რომ ჩვენი ხსნა ძლიერი ძალისხმევით მზადდება.
გთხოვ, ნუ დარდობ. მე შენთვის ვლოცულობ. ნუ გეშინია. იმედით აღივსე. ჩვენი ზეციერი მამა სახიერი და მოწყალეა. იგი წვრთნის, კიცხავს თავის შვილებს, რომ ისინი საუკუნო ცხოვრების ღირსნი გახდნენ.
თუ არ აღგვზრდის, მისი კანონიერი შვილები ვერ გავხდებით, არამედ ცხონებისთვის უღირსი, უკანონო ძეები აღმოვჩნდებით. უბედურება, რომელსაც ვითმენთ, ვერ შეედრება ღვთისგან თავისი შვილებისთვის გამზადებულ საუკუნო ბედნიერებას. რომელი შვილებისთვის? ტანჯულთათვის, მწუხარეთათვის, ვნებულთათვის, ტვირთმძიმეთათვის და არა მათთვის, ვინც ახლა დროებით განცხრომაშია და ბედნიერად ცხოვრობს.
ასე რომ, გიხაროდეს, რადგან ღმერთს ვუყვარვართ და გვწვრთნის, რათა საუკუნოდ განგვისვენოს! ღმერთისთვის მთავარია ჯოჯოხეთისგან გვიხსნას და სამოთხე მოგვმადლოს, თუნდაც ეს ტანჯვით მოხდეს.

10. მოთმინებისა და ნუგეშინისცემის ღმერთმა მოთმინება და ტკბილი ნუგეში მოგმადლოს, რომ ბრძოლის გასაგრძელებლად გამხნევდე.
შვილო, მხოლოდ ახლანდელ სატკივარს ნუ უყურებ, არამედ ზეცას მიაპყარი თვალი, „ვითარცა ყრმამ, განყენებულმან სძისაგან დედისა თვისისა“ (ფსალმ. 130, 2) და ნახე: „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ“ (რომ. 8. 18), რომელთაც ჩვენი იესოს ხილვა გვსურს.
ნუ გაზომავ მხოლოდ ტკივილს, არამედ ფილოსოფიურად გაიაზრე სასყიდელიც. განა ღმერთი სამართლიანი არ არის? განა ფეხების სიჯანსაღე იმიტომ არ მოგაკლო, რომ ღირსგყოს შენი სულის დიადი აღდგომა ზეციურ იერუსალიმში „ფერხითა მოხარულითა“ იდღესასწაულო? დიახ, ჭეშმარიტად. მთელი წმინდა წერილი ამის შესახებ ღაღადებს.
შვილო, მიჰყევი ქრისტესმიერ გზას საუკუნო დიდებისკენ. მუშტის დარტყმით ნუ დაიღლები. ნუ იფიქრებ, რომ ჰაერში ტყუილად იქნევ ხელებს. ნამდვილი ბრძოლა მიდის ისევე, როგორც იობის დროს. სხვადასხვა ტკივილს ის მოწამებრივი მოთმინებით იტანდა, ცოლი თავისი ბოროტი რჩევით საუკუნო სიკვდილისკენ უბიძგებდა, შენ კი დარიგებას გაძლევენ, რომ ამ ტკივილებით საუკუნო ცხოვრება მოიპოვო. სხეულდაწყლულებული ნეხვში იწვა და დასცინოდნენ, როგორც ცოდვილს. შენ კი შინ, სარეცელზე განისვენებ და სათნოებით შემკულ ქრისტიანად ითვლები. ხედავ, რა შორს ვართ? ამიტომაც მოითმინე და ღმერთს, რომელმაც ასეთი საჩუქარი მოგიძღვნა, მადლობა შესწირე, რათა მადლიერი მონის მსგავსად თავისი უკიდეგანო სასუფევლის მემკვიდრედ გაქციოს! ამინ. იყავნ.

11. ...ამბობთ, რომ თქვენი ძმა ავადმყოფობისას გმობდა, შიოდა, სწყუროდა და ა. შ. მომისმინეთ: იმასაც ამბობდით, რომ თქვენი ძმა სასიკვდილოდ სცოდავდა. მრავალმოწყალე ღმერთს სურდა მას თავისი დანაშაული შეეგნო და მოენანიებინა, ამიტომაც გამოუგზავნა ეს სნეულება. იგი უნდა დატანჯულიყო, რათა ღმერთს, რომელიც ასე დაამწუხრა, მოწყალე თვალით მოეხედა მისკენ.
თქვენი ძმა ზრუნვით რომ ყოფილიყო გარემოცული და ყოველგვარი ხორციელი განსვენება ჰქონოდა, მის რომელ შრომას დაინახავდა უფალი, რომ შეჰბრალებოდა? იცოდეთ, რაც უფრო დაიტანჯა, მით მეტად შეუმსუბუქდა სასჯელი! სნეულებითა და ძმების მხრიდან მოვალეობის შეუსრულებლობით ღმერთმა საშუალება მისცა სინდისით მხილებულს მოენანიებინა. ის იმ ავადმყოფს ჰგავს, რომელსაც ექიმი წამალს აძლევს, ის კი თავის დასაღუპავად მოუთმენლობით დრტვინავს და მკურნალს აძაგებს.

12. გავიგე სნეულებისგან გამოწვეული შენი ტკივილის შესახებ. გისურვებ, წმინდა უვერცხლო მკურნალებმა ყოველგვარი ტკივილისა და ვნებისგან გაგათავისუფლონ.
ჩანს, ღმერთი გამოგცდის, შვილო. საჭიროა, მთელი შენი სულიერი ძალა მოთმინებისკენ მიმართო.
ნუ დარდობ და ნუ მოეშვები; ქრისტესთან ერთად ყველაფერს დასძლევ. როცა გეტკინება, ჯვარცმული იესო უფრო ახლოს იქნება შენთან. მაშინ უკეთ შეიმეცნებ მას და შეიყვარებ! როცა განსაცდელი ჩაივლის, აკურთხებ ღმერთს მონიჭებული სიკეთისთვის.
როცა გტკივა, მთელი სულიერი ძალა მოიკრიბე და ეცადე გაიგო, ამ განსაცდელით რისი თქმა სურს შენთვის ზეცას. თუ შემთხვევით ტკივილისგან იტირებ, ცრემლი მხედველობას გაგიწმენდს, როგორც ეს მრავალტანჯული იობის შემთხვევაში მოხდა და მაშინ შენც შეძლებ მასთან ერთად თქვა: „ახლა ჩემი თვალი შენ გხედავს“ (იობ. 42, 5).
გახსოვდეს, რომ როცა გტკივა, ღმერთი გხედავს და ყურადღებით გაკვირდება. მას შენი გულისცემაც ესმის და ნუგეშისა და მამობრივი მფარველობის გარეშე არ დაგტოვებს.
ბუნებრივია, წმინდანებს გასაჭირის დროს უხაროდათ. ჩვენ კი, მოდით, ჭირი თუ ტკივილი მოთმინებით მაინც მივიღოთ.
შვილო, გულში ილოცე. ქრისტეს სახელი ნუგეშის მალამოდ დაგედება, რომ ეს განსაცდელი შენთვის სასარგებლოდ დაითმინო. ამ გასაჭირს მცირე სარგებელი როდი მოჰყვება, თუ მოთმინებით აღუდგები წინ.
ისევ შეგახსენებ, ლოცვით ჯავშანასხმულმა მუდმივად ყოვლისშემძლე უფლისკენ ისწრაფე და დაინახავ, რა საოცრად აიღებს ღმერთი ტკივილის ტვირთს და რა არნახულად განუსვენებს ტანჯულს.

13. საბოლოო გამოჯანმრთელებას გისურვებ... რას ვიზამთ?! უფალი გვწვრთნის, რათა საუკუნო სასყიდელი გვქონდეს. რაკი მოღვაწეობას არ ვეწევით, ღვაწლის სანაცვლოდ უფალი სნეულებებსა და ჭირს გვიგზავნის, რომ სამსჯავროზე მცირედი ნუგეში მივიღოთ.
რას ვიზამთ, შვილო. ჩვენს უფალს ასე სურს: ვიტანჯოთ, რომ მომავალ სოფელში განსვენება ვპოვოთ. აქ ყველაფერი დროებითია, იქ – საუკუნო. მკაცრია ზამთარი, მაგრამ ტკბილია სამოთხე. დაე, აქ გაგვეყინოს ფეხები, რათა იქ მარადიულ ფერხულში ჩავებათ! დიდება შენდა, ღმერთო.

14. ჩემო კურთხეულო შვილო... სიყვარულის ღმერთი იყოს შენი ცხოვრების მეგზური. ამინ.
შვილო, გისურვებ, ჩვენმა იესომ მოთმინება მოგცეს, რადგან მოთმინებით გამოუთქმელ სიკეთეს, განძს მოიხვეჭ, რომელსაც ზეცაში არავინ მოიპარავს. მთელი ძალისხმევით იღვაწე. ტკივილის დასათმენად მთელი ძალა მოიკრიბე, რადგან ტკივილი განმწმენდი წამალია, რომელიც ადამიანის სულს კურნავს და სიწმინდემდე აღამაღლებს.
წარმავალია ტკივილი, საუკუნოა დიდება; მკაცრია განსაცდელების ზამთარი, ტკბილია სასუფევლის შვება. მრავალი გასაჭირით შევალთ სამოთხის, ზეციური სამყაროს თვალისმომჭრელ ნათელში. ხოლო ჩვენს იესოს ჩვენდამი მოწყალეს ვნახავთ მაშინ, როცა მოვითმენთ განსაცდელს, რომელსაც ჩვენდამი უსაზღვრო სიყვარულის გამო გვიგზავნის.

15. უფლის მადლით ავსებულიყოს შენი სული.
მივიღე შენი წერილი და ვნახე, რომ შენი ჯანმრთელობა ოდნავაც არ გაუმჯობესებულა. თუმცა განსაცდელი, რომელსაც მოთმინებით იტან, მიუთითებს, რომ სულიერად ჯანმრთელი ხარ.
დიახ, შვილო, ყველა გამოცდა, რომელსაც ღვთის სიყვარული გვიგზავნის, იმისთვისაა, რომ ძვირფასი მოთმინება შევიძინოთ და მივემსგავსოთ ზეციერ მამას, ღმერთს, რომელსაც ვადიდებთ და ვამბობთ, რომ ის არის: „მამაი მოწყალებათაი და ღმერთი ყოვლისა ნუგეშინის-ცემისაი" (2 კორ. 1, 3).
ღმერთი, განსაცდელის შესაბამის, მხოლოდ მოთმინებას კი არ გვაძლევს, არამედ ნუგეშსაც, როცა ადამიანი განსაცდელს სიბრძნით, სიკეთითა და სიწრფელით ითმენს.
რამდენი უბედურება დაითმინა წმინდა სვინკლიტიკიამ, რამაც ის წმინდანად აქცია და განადიდა.
ღვთის სული მათში მკვიდრობს, ვინც განსაცდელს მოთმინებით ხვდება და სიბრძნითა და გულისხმისყოფით იტანს. მათში კი, ვინც შვებითა და კეთილდღეობით, გასაჭირისა და გამოცდის გარეშე ცხოვრობს, ეშმაკის სულია ჩაბუდებული.
ამიტომ, შვილო, გიხაროდეს და მხნე იყავი მოთმინებაში. გაძლიერდი და სულის სახლი მოთმინების საძირკველზე ააგე. იფიქრე, რომ ცათა სასუფევლის ღირსი ის გახდება, ვინც ბოლომდე მოითმენს.

16. გრიპით ვარ ავად. ბრმა ნაწლავის არეშიც ძლიერი ტკივილი მაქვს. არ ვიცი, რა იქნება. რაც არ უნდა იყოს, დიდება შენდა, ღმერთო.
ღმერთს ვუყვარვართ და უნებური ტკივილებით ცდილობს თავისი სრულყოფილი სიკეთის ზიარების ღირსი გაგვხადოს.
სამწუხაროდ, ჩვენ, პირველად კი მე, სული არ გვიყვარს სულიერი თვალსაზრისით.
რომ გვყვარებოდა, როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ გასაჭირს უსაყვედუროდ მოვითმენდით საუკუნო სიკეთის მოსაპოვებლად. ტკივილი აფაქიზებს, არბილებს გულს და განაგდებს სისასტიკეს. ამგვარად დარბილებულ გულში მზადდება ნიადაგი ჭეშმარიტი სინანულის დასათესად და ჩვენს გამოსასწორებლად.
ჩვენ ყოველგვარ გასაჭირში სიმხდალეს ვამჟღავნებთ და ამით ერთგვარად ხელს ვკრავთ ღვთის მადლს.
ადამიანს ბედნიერების ჟამს არ შეუძლია ახსოვდეს ღმერთი და თუ აგონდება იგი, აგონდება ჩრდილივით. ხოლო ცხადად და მხურვალედ მხოლოდ მაშინ ახსენდება, როცა განსაცდელი, ტკივილი უახლოვდება. როდესაც ადამიანს მწუხარება ან უბედურების მოლოდინი შეავიწროებს, გულმხურვალედ იწყებს ლოცვას. ამ დროს ღმერთი იმ დედასავით კმაყოფილია, რომელსაც შვილი ტკივილით ეძებს, რადგან მასში სიყვარულს ხედავს.
როგორც არ უნდა გამოიცდებოდეს კაცი, ყოველთვის მოგებული დარჩება, თუ გამოცდას შესაბამისი მოთმინებითა და მადლიერებით მიიღებს. ეს განსაცდელის ბოლოს გამოჩნდება, როცა სულის სიმსუბუქეს, გონების განათლებას და სულში შეჭრილ სიტკბოებას იხილავს.
ვილოცოთ, რომ ამ ცხოვრების ჭირის მოთმინება და ცოდნა მოგვეცეს, რათა ხსნა მოვიპოვოთ. ამინ.

17. მოითმინე, შვილო, შენი ჯვარი. ის საუკუნო აღდგომამდე მიგიყვანს!
გულისსიტყვა იმით გაფანტე, რასაც შენთვის სიხარულისა და მცირეოდენი ნუგეშის მოტანა შეუძლია. სნეულებისას იმედიანი იყავი, ყველა ხერხს მიმართე, რომ მოთმინებაში განმტკიცდე და ყოველთვის სარგებელს ნახავ.
ილოცე, აიძულე თავი. იფიქრე, რომ ყველაფერი განქარდება – სასიხარულო თუ სამწუხარო. აქედან გამომდინარე კი ზეციურზე, როგორც მყარსა და მარადიულზე, ისე იფიქრე.

18. ჩემო კურთხეულო ქრისტესმიერო შვილო, სულთა და ხორცთა დიდ მკურნალს ვევედრები, თავისი წმინდა ნებისამებრ სრული ჯანმრთელობა მოგანიჭოს.
არსებობდნენ, შვილო, წმინდა ადამიანები, რომლებიც, თავად მძიმედ დაავადებულნი, სხვებს კურნავდნენ. როგორ უყვარდა ღმერთს ისინი! სნეულების ან მწუხარების ტვირთის დადება ადამიანზე ამ სულისადმი ღვთის სიყვარულის განსაკუთრებული მოწმობაა.
ხორციელი თუ სულიერი ტკივილი სულის სამოსელს ცოდვის ყოველგვარი ბიწისგან განწმენდს, ასუფთავებს და განაბრწყინებს.
ერთი წმინდა მამა მუდმივად შეუძლოდ იყო. ისე მოხდა, რომ ერთხანს აღარ უავადმყოფია და ჩიოდა: „ოჰ, ღმერთო ჩემო, რატომ დამივიწყე და არ მიმიჩნიე შენი მოხილვის ღირსად!“ ნეტარს ავადმყოფობა სურდა, რადგან გამოცდილებით იცოდა, თუ რა სარგებელს მიიღებდა სნეულებით სული.
ცოდვილი, რომელსაც სინანული არ აქვს, ტკივილს სინანულამდე მიჰყავს, ხოლო მართალს სულიერ ძალებს უხალისებს და მტკიცე ზღუდედ ექცევა, რომ არ შესცოდოს. უფროსების მოთმინება ახალგაზრდებისთვის მაგალითია.
იმ სნეულის მსგავსად, რომელმაც ექიმის მიზანი იცის და მკურნალობის სიმწარეს მადლიერებით ემორჩილება, ჩვენც გვმართებს მადლიერებითა და გონიერებით დავითმინოთ ყველაფერი, რაც უნებლიეთ გვეწვევა, რასაც ღვთის კეთილისმყოფელი ხელი საცხონებლად გვიგზავნის. „მძლეოსანს – ასპარეზი, კაპიტანს – ზამთარი და ქარიშხალი, მეომარს – სამხედრო წყობა, სულგრძელს – უბედურება, ქრისტიანს კი განსაცდელი გამოცდის", – ამბობს ბასილი დიდი.
როგორც გუთნით ღრმად მოხნული მიწა ნოყიერდება, ასევე სულიც ღრმა ტკივილის, სნეულების ხშირი სტუმრობისას სათნოებებით ნაყოფიერდება! რაც უფრო მეტ ტკივილსა და მწუხარებას იტანს კაცი, მით უფრო მშვენდება მისი გვირგვინი. და თუ მას ძლიერი და მრავალგვარი ტკივილი ამძიმებს, მაშინ დიდების გვირგვინიც ბევრი, ნაირფერი ყვავილითა და მარგალიტით ირთვება.
ოქრომ ბრძმედში უნდა გაიაროს, ძალა რომ შეიძინოს. ქრისტიანის სულმაც განსაცდელების ბრძმედი უნდა განვლოს, რომ მეუფე ქრისტეს სამეფო საგანძურიდან საუკუნო დიდების ბეჭედი მიიღოს.
„საწუთო ესე მცირე ჭირი ჩუენი გარდამეტებულსა და გარდარეულსა დიდსა დიდებასა საუკუნესა შეიქმს ჩუენთვის“ (2 კორ. 4, 17). ვფიქრობ, რომ „ვერ ღირს არიან ვნებანი იგი ამის ჟამისანი მერმისა მის თანა დიდებისა, რომელ გამოჩინებად არს ჩუენდა მომართ“ (რომ. 8. 18). თუკი წმინდა და კურთხეულმა ადამიანებმა ტკივილის სახმილი გაიარეს და სარგებელი მიიღეს, რამდენად უფრო შეგვეფერება ტკივილი ჩვენ და როგორ სარგებელს მივიღებთ მისგან, როცა მას გონივრულად და მადლობით დავითმენთ!
როცა ხორციელი ან სულიერი ტკივილი შეგვაჭირვებს, მაშინ ვიფიქროთ, რომ უფალს ვუყვარვართ და მის რჩეულთა შორის გვაქვს წილი.
ღვთის ნეტარო სწავლებავ, მიყვარხარ, მაგრამ ასეთი წყალობის ღირსი არ ვარ, რადგან განსვენებით ვცხოვრობ და საუკუნო ცეცხლის კერძი ვხდები.
ასე რომ, შვილო, გნატრი და მშურს შენი, რადგან იტანჯები და საუკუნო განსვენებას მიიღებ! შენი გვირგვინი მშვენდება, იკაზმება საუკუნო დიდებისთვის! ბოლომდე დაუთმე უფალს. მტკიცედ გეჭიროს შენი ჯვარი, არ გაუშვა ხელი და მუდამ ქრისტესთან იდიდები საუკუნოდ! ჩემთვისაც ილოცე, რომ [სასუფევლის] გარეთ არ დავრჩე, როგორც მთქმელი და არშემსრულებელი.

19. შვილო, გისურვებ კეთილმა ნუგეშინისმცემელმა, სახიერმა და წრფელმა სულმა, სულიწმიდამ დაგიფაროს, განუგეშოს და ქრისტეს სიყვარულით აგანთოს.
მთელი გულით გისურვებ, ქრისტემ ჯანმრთელობა მოგმადლოს. ვხედავ, შვილო, ჩემი გამოცდილებიდანაც ვიცი, რომ რაც უფრო იტანჯება კაცი სხვადასხვა ფიზიკური თუ სულიერი გასაჭირით, თანაც ამას შეგნებულად ითმენს და ღმერთს მადლობს, უფალი უთუოდ ვალდებული ხდება ღვთიური ნუგეში მოუვლინოს და სული გაუხალისოს. მაგრამ თუ შრომასა და ტკივილს არ ვიტვირთავთ, ღმერთი ნუგეშსა და მადლს არ გვიბოძებს.
ხედავ, როცა ტკივილის მერე მომჯობინდები, შენში იესოს სიყვარული როგორ აინთება ხოლმე? დიახ, ეს შენი შრომის, შენი მოთმინების საზღაურია. ეს სნეულება რომ არ გქონოდა, არც ასეთი სიყვარული და ნუგეში მოგეცემოდა.
ხედავ, რომ როცა გამოკეთდები, პატარა ბავშვს ემსგავსები? ეს იმიტომ, რომ ღმერთი ცოდვებს შეგინდობს და პასუხისმგებლობისგანაც გათავისუფლებს. ყველაფერ ამას მოთმინება განიჭებს, რომელსაც ავადმყოფობისას ამჟღავნებ.
როცა ღმერთი ინებებს და კარგად გახდები, მაშინ ცხადად დაინახავ, რასაც გეუბნები. ადამიანს ტანჯვის შესაბამისი საზღაური ეძლევა.
ერთი ძმა ავად იყო. ისეთი ავადმყოფობა სჭირდა, რომ ძმებს ეზიზღებოდათ და თავიდან იშორებდნენ. ამის მიზეზად იგი საკუთარ თავს მიიჩნევდა. ფიქრობდა, რომ ამას იმსახურებდა. სიმდაბლის გამო ღმერთმა ის გამოაჯანმრთელა. ეს წმინდა ძმა კი ამბობდა: „ოჰ, ჩემო იესო, არ ვიყავი ღირსი შენი სიყვარულისთვის კიდევ მეტანჯა?!"
ხედავ, შვილო, რომ ძმას უყვარდა ქრისტე და მისი სიყვარულის გამო სურდა ეტანჯა?! მან გამოცდილებით იცოდა, რამდენად სასარგებლო იყო მისთვის ავადმყოფობა.
ამიტომ ოდნავაც ნუ დარდობ, მხოლოდ მადლობა შესწირე ქრისტეს იმ დიდი სიყვარულისთვის, რომლის გამოც აქ დროებით მწუხარება მოგცა, რათა საუკუნო სიხარული მოგანიჭოს.
როცა ავად ხარ და შენი სულიერი მოვალეობების ზედმიწევნით შესრულება არ შეგიძლია, ნუ დამწუხრდები. ამით არ სცოდავ, რადგან შენი სურვილი სხეულს ვერ განაგებს. მონაზონი მუდამ თავს უნდა აიძულებდეს, მაგრამ თუ ავადაა, ცოდვად არ შეერაცხება – ღმერთი სამართლიანია.

20. გისურვებ, შვილო, ღვთის უსაზღვრო მოთმინების ერთი წვეთი დაეცეს შენს სულს, რომ იქ მოთმინების ციხესიმაგრე ააგოს და საუკუნო ცხოვრების ულევ საუნჯეს მიაგნო.
მწერ, რომ იმ დროს, როცა მადლი ცეცხლივით გწვავდა, ქრისტესგან სნეულება და რაღაც უფრო მეტი ითხოვე, რასაც მისი სიყვარულისთვის დაითმენდი! მან შეისმინა და თხოვნისამებრ ავადმყოფობა გამოგიგზავნა. მაშ, ახლა უნდა მოითმინო, რომ გამოცდილებით განსჯა ისწავლო, ანუ ღვთისგან ისეთი არაფერი ვითხოვოთ, რაც არ გამოგვიცდია. ამისთვის მუდამ ვილოცოთ, რომ ღვთის ნება აღსრულდეს.
ახლა ასე ილოცე: „ღმერთო ჩემო, გამომაჯანმრთელე, მაგრამ ნუ იქნება ჩემი ნება, არამედ შენი“.
გამოუცდელი ბავშვებივით ბევრჯერ ისეთ რამეს ვითხოვთ, რაც სარგებელს ვერ მოგვიტანს. ღმერთი, როგორც მამა, თხოვნას გვისრულებს, რათა გამოცდილებით გვასწავლოს, როგორ ვევედროთ მას. მაგრამ შემდეგ ვხედავთ, რომ სწორად არ ვილოცეთ და ვიტანჯებით. ღმერთი განსაცდელისგან სულგრძელობით გვათავისუფლებს, რომ ჩვენში დანერგოს გამოცდილება – დავუტეოთ საკუთარი ნება. იმ დროსაც კი, როცა ჩვენი უგულისხმობის გამო ვიტანჯებით, ღმერთი არ გვტოვებს, არამედ თავის მადლს გვიგზავნის და გვანუგეშებს, რომ სიმძიმე ვიტვირთოთ. შენშიც ასე ხდება, შვილო. რაც ნახე და იგრძენი, ღვთის მადლი იყო. ის შენზე ძიძასავით ზრუნავს, სანამ გამოცდილებით გაიზრდები. ღვთის მიერ შენზე დაშვებული ტანჯვა იმის მაჩვენებელია, რომ ჯერ კიდევ ასეთ წვრთნას საჭიროებ.
ყველაფერი ღმერთს მიანდე და თქვი: „ღმერთო ჩემო, შენს წმინდა ხელს მივანდობ ჩემს სნეულებას. დაე, მაშინ განვიკურნო, როცა შენ ინებებ. შენ ხომ ასე ძალიან გიყვარვარ. მხოლოდ ვევედრები შენს უსაზღვრო სახიერებას, ნუ უგულებელმყოფ, არამედ ყოველთვის მომეცი მოთმინება, რომ ეს ჯვარი ვზიდო, ვიდრე შენი ნება იქნება“.

21. შვილო, ადამიანებში ღვთის მადლი და სიყვარული მრავალი გზით ვლინდება. მას ერთი საყოველთაო მიზანი აქვს – აცხონოს ადამიანი.
ღვთის სიყვარული შენში მაშინ უფრო ჩანს, როცა ავადმყოფობ. უფალი მამობრივად დროებით გწვრთნის, რათა მისგან მიღებული მადლი ამ ჩვენი წარმავალი ცხოვრების მანძილზე შეინარჩუნო, სიკვდილის შემდეგ კი ის საუკუნოდ შენთან დარჩება.
სიხარულით ზიდე შენი ჯვარი და მარად მადლობდე ღმერთს, რომელიც სრულიად უბიწოდ გიცავს. დაამდაბლე გულისსიტყვა, რადგან ღვთის გარეშე ვერაფერს შეძლებ. მოითმინე სულის სიმტკიცითა და სიმამაცით და შენც თქვი წმინდა პავლე მოციქულთან ერთად: არა მარტო ბორკილები, არამედ – სიკვდილიც ჩემი ქრისტესთვის. „ვინ განმაშორნეს ჩუენ სიყუარულსა მას ქრისტესსა?“ (რომ. 8. 35) ვერც ჭირი, ვერც მწუხარება, ვერც სნეულება; ღვთის სიყვარულის გამო სიკვდილისთვისაც მზად ვართ.
ასე რომ, გამხნევდი, შვილო. იარე წმინდა და სახელოვანი გოლგოთისკენ. იქ ქრისტესთან ერთად ჯვარს ვეცმევით, რათა ცხოვრებაშემოსილ საფლავთან მივიდეთ და სულის აღდგომა განვიცადოთ.
მოვალენი ვართ განსაცდელის სახმილი გავიაროთ, რომ ჩვენი სულების დიდი მეუფის, ქრისტეს საგანძურში შესვლის ღირსები გავხდეთ.
ნუ დარდობ. აფაზიის დროს გულისსიტყვები ცოდვად არ ითვლება. იმისთვის, რომ ცოდვად ჩაითვალოს, საჭიროა ადამიანს გონება თავისუფალი ჰქონდეს, რათა მისი თავისუფლება განისაჯოს. რადგან შენ სნეულების გამო ასეთი თავისუფლება არ გაქვს, გულისსიტყვები ცოდვად როგორ შეგერაცხება? დაწყნარდი. მხოლოდ მოითმინე და ღმერთს მადლობა შესწირე.
 
თემატური კითხვები
0