ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)
თემა: აღსარება

აღსარებისა და სულიერი ანგარიშგების შესახებ

აღსარებისა და სულიერი ანგარიშგების შესახებ

შენმა აღსარებამ სიხარული მოანიჭა ჩემს სულს, რადგან გაიხარა ღმერთმა და ანგელოზებმაც. ისინი მას წუთი წუთზე ელოდნენ. შენ ეშმაკის შერცხვენა მოახერხე, რომელიც ძალიან ხარობს, როცა ვინმე თავის სულიერ მამას გულისსიტყვებს უმალავს.
ხვრელიდან ამოსული გველი დასამალავად გარბის, რადგან გრძნობს, რომ დაარტყამენ. ასევეა ეშმაკისმიერი გულისსიტყვაც. ის შხამიანი გველივითაა და ადამიანის პირიდან გამოსვლისთანავე ქრება, უჩინარდება. აღსარება სიმდაბლეა. სატანა კი სიმდაბლის სუნსაც ვერ იტანს და განა მდაბალი და გულწრფელი აღსარების შემდეგ შესაძლებელია მონანულთან მისი დარჩენა?
შვილო, გისურვებ კარგ დასაწყისსა და ყურადღებას. ჩემი ნუ შეგრცხვება. ყველაფერი მითხარი არა როგორც ადამიანს, არამედ როგორც ღვთის წარმოგზავნილს, თუნდაც გულისსიტყვა ჩემს საწინააღმდეგოს გეუბნებოდეს. ეშმაკის ზემოქმედების გამოცდილება მაქვს და ვიცი, როგორ ებრძვის ადამიანს ბოროტი. ჩემს სულიერ შვილებს უბრალო გული აქვთ და თუ მათ ბოროტი გულისსიტყვები მოსდით, ამაში ეშმაკის ვერაგობა და შვილის ეგოიზმია დამნაშავე; მოძღვრის მიმართ ბოროტ გულისსიტყვებს ღმერთი იმიტომ უშვებს, რომ სულიერი შვილი უფრო მეტად დამდაბლდეს.
ამიტომ ნუ დარდობ. ყოველთვის გამიხარდება, თუ თავისუფლად და გულწრფელად დამელაპარაკები, რადგან გულახდილი აღსარების გარეშე სულიერი წინსვლა გამორიცხულია.

2. ასე რომ, შვილო, ნუ ზრუნავ. შენი ტვირთი მე ვიტვირთე, მხოლოდ გევედრები – დაწყნარდი. შენ კალმით მწერ, მაგრამ მე ნაწერის ძალას, აზრს, არსს ვგრძნობ, შენი სიტყვების სულში ვაღწევ. გთხოვ, დამშვიდდი. აღსარებისას ნათქვამი ყველაფერი შეგენდობა. სატანამ შენი ხასიათი გაიგო და სერიოზული მიზეზის გარეშე გტანჯავს. რასაც მწერ, მტანჯველი გულისსიტყვები, ეშმაკის ხელოვნებაა, რომ უიმედობა და მწუხარება მოგიტანოს. დაივიწყე ყველაფერი, რაც მოხდა და ცხოვრების ახალი გეზი დასახე.
თუ იმავეს ფიქრობ, იცოდე, ეშმაკების დასაცინი გახდები. მხოლოდ ერთს გთხოვ – მორჩილება გამოიჩინე. შენი აღსარებით ყველაფერი მიგეტევა. ძველი გასტუმრებული ხელწერილების ხელახლა არევ-დარევა ნუ გსურს. იარას, რომელმაც ასე დაგტანჯა, ნუ იქავებ. გულისსიტყვა, რომ დამნაშავე ხარ, ნუ გაცდუნებს. ექიმებთან რომ არ მიგეყვანა და ყველა საშუალებისთვის არ მიგემართა, მაშინ ამგვარი გულისსიტყვები სამართლიანად შეგებრძოლებოდა. შენ შენი მოვალეობა შეასრულე. ღმერთმა ინება მისი ამ სოფლიდან გაყვანა იმ მიზნით, რომელიც მხოლოდ ღვთის უსაზღვრო სიბრძნემ იცის. შენ კი გგონია, რომ მოკალი! გაფრთხილდი, ამ გულისსიტყვამ შენს გულში არ დაიბუდოს. რადგან ეშმაკის ხელოვნება ზიანის მიყენებაა, რაც ამ გამოცდილმა მაცდურმა კარგად იცის. მას უამრავი ადამიანი სასოწარკვეთილების მეშვეობით ჯოჯოხეთის სიღრმეებში ჰყავს დანთქმული.
ეშმაკის ხერხია – როცა რაიმე მოხდება და დაინახავს, როგორ წუხს ადამიანი, მაშინვე აზრების მთელი გროვა მოაქვს, თითქოს ასამართლებდეს მას, რომ საწყალი აბობოქრებულ ზღვაში გადააგდოს და დანთქას. „არეულობა მელას ახარებსო“, ნათქვამია. როცა ქარიშხალი გადაივლის, კაცი ხედავს, რომ „ერთ კოვზ წყალში“ დახრჩობის საფრთხე ემუქრებოდა.

3. დამდაბლდი და ამიერიდან ცოდვები აღიარე, რადგან აღსარება მოიცავს უწმინდეს სიმდაბლეს, რომლის გარეშეც ვერავინ ცხონდება. ეშმაკს ძალიან უხარია, თუკი მოახერხებს დაარწმუნოს ადამიანი, რომ ბოროტი გულისსიტყვები დამალოს. და ეს იმიტომ, რომ ამ გზით კარგად მოფიქრებულ სულისგამხრწნელ მიზანს მიაღწევს.

4. ხშირად ვთქვათ აღსარება ღვთისმოშიშებითა და სუფთა სინდისით. სულიერი მოძღვრის მითითებები დავიცვათ. განუწყვეტლივ ვილოცოთ. გვახსოვდეს სიკვდილი. ღმერთს ძალუძს, მომავალ ცხოვრებაში მის მახლობლად ყოფნის ღირსი გაგვხადოს, რომ მოზეიმე ეკლესიაში წმინდანებთან ერთად ვიხარებდეთ.

5. სინდისის შესახებ უკვე მოგწერე – უნდა მოვერიდოთ ისეთ საქციელს, რის გამოც სინდისი გვამხელს და დაგვსჯის.
გახსოვდეს, რომ ღმერთი ყველაფერს ხედავს და მისგან ვერაფერს დავფარავთ. როგორ ვიტყვი ტყუილს ღვთის წინაშე? განა არ იცი, რომ სიცრუე ეშმაკისგანაა და თუ ამას ყურადღება არ მიაქციე, ჯერ ჩვევად, შემდეგ კი ბუნებად და ვნებად იქცევა, ხოლო „ცრუთა სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკვიდრონ“ (1 კორ. 6, 9)?
ღმერთის გეშინოდეს. ნივთიერი ძღვენით ღმერთს ვერ ვასიამოვნებთ, თუკი ჩვენს გულს მზრუნველობას მოვაკლებთ. საჭიროა ერთიც ვაკეთოთ და მეორეც.
იზრუნე სინდისზე, რადგან არ ვიცით, როდის დადგება სიკვდილის ჟამი. მევალეს ვალი თუ არ დავუბრუნეთ, საშინლად განგვიკითხავს, შეწყნარების გარეშე. მაშინ დადუმდება ჩვენი პირი, რადგან არაფერი გვექნება სათქმელი.

6. ყოველღამე გამოიკვლიე, როგორ გაატარე დღე და დილით კი – როგორ გაატარე ღამე. ასე გეცოდინება, როგორია შენი სულის ანგარიში. თუ იზარალებ, ეცადე ლოცვითა და თავის იძულებით აანაზღაურო. ხოლო თუ მოიგებ, ადიდე ღმერთი, შენი უხილავი შემწე.
ნუ მიუშვებ, სინდისმა დიდხანს გამხილოს, არამედ რასაც გთხოვს, სასწრაფოდ მიეცი, რომ მსაჯულთან და საპყრობილეში არ წაგიყვანოს (მათ. 5, 25). ითხოვს სინდისი, ლოცვას დაუბრუნდე და კანონი შეასრულო? მიეცი მას, რასაც გთხოვს და მსაჯულისკენ მიმავალ გზას ასცდები. სინდისის მაცხონებელ ხმას მის მიმართ უყურადღებობით ნუ დააუძლურებ, რადგან შემდგომში დანანება უსარგებლო იქნება.

7. ეცადეთ, გულწრფელი იყოს თქვენი სიტყვა და საქმე, განსაკუთრებით კი აღსარება, რადგან ღმერთი „გულსა და თირკმელს გამოიკვლევს“ (ფსალმ. 7, 9); მისი დაუძინებელი თვალისთვის დაფარული არაფერია.
ღმერთის გეშინოდეთ. „ღმერთი არა შეურაცხ იქმნების“ (გალ. 6, 7). იგი არასოდეს ტყუვდება. ამიტომ ფრთხილად იყავით: როცა ურჩობით და დაფარულად სცოდავთ, გამოააშკარავეთ აღსარებისას. ეგოიზმი ნუ გძლევთ და სიმართლეს ნუ დაფარავთ, რომ გამოუსწორებელი და ვნებიანი არ დარჩეთ.
გაფრთხილდით: წლები გარბიან, დრო მიექანება. სიკვდილი მოულოდნელად მოგვადგება და ასე მოუმზადებლები წავალთ, სინდისისგან დასჯილნი, რომელიც ღვთის საშინელ სამსჯავროზე დაგვადანაშაულებს.
ყველაფერი გამოასწორეთ, თუ გსურთ კეთილი, უვნებო და მშვიდი დღეები იხილოთ
 
თემატური კითხვები
0