ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

სიტყვა პირველი მორჩილების შესახებ

სიტყვა პირველი მორჩილების შესახებ

ქვენთვის ეს ამბავი ადრეც მომიყოლია, ახლა კი მინდა ახალმოსულებსაც ვუამბო, რომ დაინახოთ და გაიგოთ, თუ რა არის მორჩილება.
კატუნაკიაში ერთი ბერი ცხოვრობდა, სახელად კირილე. მას ჰყავდა მორჩილი, რომელიც თავისი ურჩობით ხშირად ამწუხრებდა და გულს სტკენდა მოძღვარს. დროთა განმავლობაში მორჩილმა იგრძნო, რომ ფიზიკურად უძლურდებოდა. სანამ ეშმაკი ერთიანად შეიპყრობდა, გონებაარეული კაცივით იქცეოდა. ჩვენს მამებთან, მამა ათანასესა და მამა იოსებთან ერთად თხილის შესაგროვებლად დადიოდა ტყეში, მაგრამ მუშაობა არ შეეძლო. ამ ადამიანს გოგირდის მსგავსი სუნი ჰქონდა. ამ სუნს პირადი გამოცდილებითაც ვცნობ. არეულდარეული გულისსიტყვები ჰქონდა და მთელი ეს შინაგანი მდგომარეობა მის გარეგნობაში აისახებოდა. ზოგჯერ ჩვენს მოძღვართან, მამა იოსებთანაც მოდიოდა, გულისსიტყვებს ეუბნებოდა და რჩევას ეკითხებოდა, მაგრამ არაფერში ემორჩილებოდა.
სიკვდილის წინ მოძღვარმა, მამა კირილემ უთხრა: „შვილო, როცა მოვკვდები, აქ დამმარხე“. მან კი, როცა ბერი გარდაიცვალა, სხვაგან დაკრძალა. მამები ურჩევდნენ, კურთხევა ახლა მაინც არ დაერღვია და მოძღვრის უკანასკნელი სურვილი შეესრულებინა, მაგრამ ის პასუხობდა: „არა, მინდა აქ დავმარხო.
და როცა დაკრძალა, მაშინვე ეშმაკი წარმოუდგა და უთხრა: „უგუნურო, ეს ყველაფერი მე დაგმართე, მე გიბიძგებდი, ურჩობით დაგემწუხრებინა მოძღვარი“. და როგორც კი პირი გააღო, მასში ეშმაკი შევიდა და იმ წუთიდან შეიშალა... „რომელნი ქერუბიმთას“ გალობის დროს ტაკიმასხარაობდა, ნადირივით იქცეოდა და მგელივით ყმუოდა. წმინდა იოანე ღვთისმეტყველის ხატი ნაჯახით გააპო. აღმა-დაღმა დაეხეტებოდა და მხოლოდ დროდადრო მოეგებოდა ხოლმე გონს.
ერთხელ შუადღე იყო. მელიის ხმა ისმოდა. კვიპროსელმა მამა იოსებმა მითხრა:
– ნახე, რა თავხედია მელა, დღისით-მზისით გაჰყვირის, არ ეშინია.
ვუთხარი:
– ეს მელა კი არა, მამა იოანეა, ეშმაკეული.
– არ მჯერა.
– მაშ, მოიცადე და ნახავ.
და მართლაც ცოტა ხანში ჩვენი სახლის წინ მამა იოანემ ჩაიარა!
ამას იმიტომ გიყვებით, რომ გაიგოთ, თუ რა არის მორჩილება და მაგალითი იყოს თქვენთვის. მომავალში ეს ძალიან გამოგადგებათ.
ერთხელ, როცა მამა იოანე ცოტა ხნით გონს მოეგო, ჩემს მოძღვართან, მამა იოსებთან მოვიდა. ჩვენი საცხოვრებლის წესის და მოძღვრის კურთხევის თანახმად, იქაურობა უნდა დამეტოვებინა. როგორც კი უცხო მოვიდოდა, თვალს ვეფარებოდი. მოკლედ, მოვიდა თუ არა სტუმარი, მეზობელ სენაკში გავედი.
მამა იოსები დაბალ სკამზე იჯდა, მამა იოანე მის ახლოს ჩამოჯდა. მოძღვრისგან მოსმენილი მქონდა, რომ ეს ადამიანი შეპყრობილი იყო. მის შესახებ ხშირად მიამბობდა, რათა ცოდნა და გამოცდილება შემეძინა.
მეზობელ სენაკში მყოფს მესმოდა, რას ამბობდა მამა იოანე და როგორ რჩევას აძლევდა მას ჩემი მოძღვარი.
„მამაო, – დაიწყო მან, – როცა ეშმაკი მიპყრობს, მაღლა ავყავარ, მირტყამს, სისულელეებს ვროშავ და უაზროდ ვიქცევი. გვერდიდან ვუყურებ, თუ რას სჩადის ჩემი სხეული, რას ამბობს პირი! მხოლოდ მაყურებელი ვარ, სხვა არაფერი შემიძლია, ჩემი სხეულის ყველა ნაწილი სრულიად ემორჩილება ეშმაკს“.
ნეა სკიტში ყოფნისას, სანამ საცხოვრებელს მოვაწყობდით, ბევრი საქმე გვქონდა და არეულ-დარეულები ვიყავით. ბოროტმა აცდუნა მამებიდან ერთ-ერთი, რომ რაღაცის გამო დავემწუხრებინე. ვეუბნებოდი – ნუ იქცევი ასე, არ გარგებს-მეთქი. ბოლოს ღმერთმა საკუთარ თავზე გამოაცდევინა, რომ ასე მოქცევა არ შეიძლება. ერთ დღეს, დიდ მარხვაში, დიდი სერობისას, ის ანალოგიასთან იდგა და კითხულობდა. მე კი წინამძღვრის სტასიდზე ვიჯექი. მოულოდნელად კითხვა მიატოვა და შეძრწუნებული ჩემთან მოვარდა:
– მამაო, ეშმაკი მიპყრობს!
– რატომ გგონია? – ვეკითხები მას.
– აი, დემონური ძალით, თითები მკლავის სიგრძე მიხდება, ხელი კი სივდება და სამ-ოთხჯერ უფრო დიდი ხდება! ვიღუპები, მამაო, ჯვარი დამსახე, ეშმაკეული ვხდები.
მაშინ კი გადავსახე ჯვარი და ვეუბნები:
– ახლა მიდი, სერობა წაიკითხე და სხვა დროს გაფრთხილდი, მოძღვარს ნუ შეეპასუხები და მისგან განსხვავებული აზრი ნუ გექნება, ეს არ გარგებს.
ჯვრის დასახვისთანავე გათავისუფლდა და გონს მოეგო, აცახცახებული მიბრუნდა და კითხვა გააგრძელა.
კარგ მორჩილს მნიშვნელოვანი წარმატებები აქვს. ისინი, ვინც მოძღვარს ემორჩილებიან და არ ამწუხრებენ, ანგელოზებს ემსგავსებიან. მორჩილებით დიდ მადლს პოვებს მორჩილი.
პავლე მოციქული, მაშინაც კი, როცა ქრისტიანებს მოძღვრავდა, ხაზს უსვამდა, რომ სათნოებათა ძირი მორჩილებაა და რომ სულიერი წინამძღვრები სულიერი წინსვლით უნდა გავახაროთ, რადგან ისინი ჩვენი სულებისთვის მღვიძარებენ (ებრ. 13, 17). არ შეგვშვენის დავამწუხროთ და დავადარდიანოთ ის ადამიანები, რომლებიც ჩვენი სულებისთვის იბრძვიან.
როცა მორჩილებაში სარგებელსა და განსვენებას ვერ ვპოულობთ, ესე იგი, რაღაცას არასწორად ვაკეთებთ, რაღაც გამოგვრჩა.
როცა მორჩილი მოძღვრისგან სხვადასხვა თემაზე რჩევებს ისმენს, ამას უბრალო რჩევად ნუ მიიღებს. არსებითად ეს მცნებაა, თუნდაც პირდაპირ ასე არ ერქვას. ვთქვათ, მოძღვარი მორჩილს არიგებს და ეუბნება: „შვილო, აღასრულე მორჩილება და ილოცე. ბოროტი გულისსიტყვები მოსვლისთანავე განაგდე შენგან, რადგან რაც უფრო დიდხანს გააჩერებ მათ, მით უფრო წაბილწავენ ადგილს. დიდი ხნის შემდეგ თუნდაც წავიდნენ, თავიანთ კვალს და ლაქას მაინც დატოვებენ“; და კიდევ: „თუ ტალანდო რეკავს, მაშინვე ჩამოდი ეკლესიაში“; ან: „ეკლესიაში უმიზეზოდ ნუ გადაადგილდები, არამედ შენს სტასიდზე მოთმინებით იდექი და შენი ადგილი მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში დატოვე“.
როცა მონაზონი არ ემორჩილება იმას, რასაც მოძღვარი დარიგებისა და შეგონების სახით ეუბნება, ის ურჩობს. ნუთუ მოძღვარმა აშკარად უნდა უთხრას: „გიბრძანებ გააკეთო ესა და ეს“, რომ შეეშინდეს და დაემორჩილოს? რა თქმა უნდა, არა. ბრძანება მხოლოდ განსაკუთრებულ შემთხვევაში გაიცემა.
როცა ვინმე მოდის, რომ მორჩილებაში იცხოვროს, ცხადზე უცხადესია, ის არა იღუმენის, ან მონასტრის გამო, არამედ სწორედ ქრისტეს სიყვარულისა და სულის ცხონებისთვის მოდის. მაგრამ ვინაიდან ქრისტეს ვერ ხედავს და მორჩილებას უშუალოდ მის წინაშე ვერ აღასრულებს, ამიტომ უფალმა თავის სახედ მონასტრის იღუმენი დაადგინა, რათა მას დაემორჩილოს ისე, როგორც ქრისტეს დაემორჩილებოდა.
ყოველი სულიერი მამა ქრისტეს ხატის მატარებელია, ესე იგი, როგორც ემორჩილები სულიერ მამას, ისე ემორჩილები ქრისტეს.
ქრისტეს, ღვთისმშობლის, წმინდანთა ხატების მიმართ უკრძალველობა საშინელი ცოდვაა. ვფიქრობ, ამაზე უარესი არაფერია. ხატზე ღვთაებრივი სახეა გამოსახული, ჩვენ თაყვანს ვცემთ და ვემთხვევით მას და ამით თაყვანს ვცემთ თვით წმინდანს.
სულიერი მამა იესო ქრისტეს ცხოველმყოფელი ხატების მატარებელია. მას პატივს ვცემთ და ვემორჩილებით არა მისი პიროვნული თვისებების, არამედ მხოლოდ ქრისტეს სიყვარულის გამო, რადგან მოძღვარი, შესაძლოა, ცოდვილი ადამიანი იყოს და წარწყმედის გზაზე იდგეს ისევე, როგორც მე. მორჩილების მნიშვნელობა კი სხვაა: ის უშუალოდ ქრისტეს მიმართ აღესრულება. ვინაიდან ქრისტეს სიყვარულმა მოგვიწოდა საბრძოლველად და სულის საცხონებლად აქ მოვსულიყავით, საჭიროა ნებისმიერი გზით მოვიპოვოთ უმთავრესი სათნოება – მორჩილება, რომლის ზოგადი ნიშან-თვისებაა: თუ ვინმე კარგი მორჩილია, მას მხოლოდ მორჩილება კი არ აქვს, არამედ, როგორც წესი, დიდ წარმატებას აღწევს და სხვა მრავალი სათნოებითაც არის შემკული.
ჩემი წმინდა მოძღვარი სულიერი მამისადმი მორჩილების, რწმენისა და სიყვარულის მრავალი მაგალითის შესახებ გვიყვებოდა გასამხნევებლად. მათ შორის კატუნაკიაში გავრცელებული ეს ამბავიც გვიამბო: ერთ მორჩილს მოძღვარი ძალიან უყვარდა და სრულ მორჩილებას აღასრულებდა. ერთხელ ისინი კარიესში წავიდნენ. იქ ყოფნისას მოძღვარი ავად გახდა და კელიაში დაბრუნება მოისურვა. მაშინ მორჩილმა ის მხრებზე მოიკიდა და ციცაბო მთაზე მრავალსაათიანი სიარულის შემდეგ კატუნაკიაში მიიყვანა, სადაც ცხოვრობდნენ.
მოგვიანებით ეს მონაზონი წმინდა ბასილის კელიის კრებულს დაუახლოვდა. იქაური მამები მარხვის გარეშე ეზიარებოდნენ. მან ბერის მიტოვება, იქ წასვლა და დარჩენა ისურვა. მიუხედავად იმისა, რომ დიდსქემოსანი იყო, სულიერი მამისგან სხვაგან წასვლა მოინდომა.
ბერი ეუბნებოდა:
– არ წახვალ.
– არა, წავალ, – პასუხობდა ის.
– შვილო, – ისევ უთხრა ბერმა, – ნუ წახვალ, აღდგომა ახლოვდება, დარჩი და ერთად ვიდღესასწაულოთ...
– არა, წავალ, – იმეორებდა ის.
ერთ დღესაც ბერმა მოთმინება დაკარგა და უთხრა: „ბოროტი ანგელოზი გდევდეს თან“. მეორე დღეს მორჩილს ცხვირზე დიდი ძირმაგარა გამოუვიდა და გაუსივდა. ბოლოს, თვითნასწავლ ექიმს, მამა არტემს მიმართა, რომელმაც თავის დროზე მამა იოსებიც და მეც გამოგვაჯანმრთელა. ექიმმა ძირმაგარა ნახა, მაგრამ ავადმყოფს ვერაფერი უშველა...
სამ-ოთხ დღეში გასიებამ იმატა, ძირმაგარა გასკდა და იქიდან ჩირქი გადმოდიოდა. მორჩილი სიკვდილის პირას იყო. მამები ეუბნებოდნენ: – „ქრისტეს სიყვარულისთვის, მოძღვარს შეურიგდი, შეგინდობს და მის კურთხევას თან წაიღებ“. – „არა!“ ამბობდა და მრისხანებდა, როგორც ეშმაკეული. თუმცა ბოლოს, სანამ სული ამოუვიდოდა, მკერდში ცემა და ამ სიტყვების ძახილი დაიწყო: „წავაგე, წავაგე, ჩემი ცხონების თამაში წავაგე!“
ჩემი მოძღვარი, მამა იოსები, ძველი დროის მრავალ მონაზონს იცნობდა და მათ შესახებ ბევრს მოგვითხრობდა.
პატერიკში ერთი კარგი მორჩილის შესახებ წერია. მას ყოველდღე, სერობის შემდეგ სულიერი მამა მორჩილების შესახებ სხვადასხვა რჩევას აძლევდა და თან ასწავლიდა, რა არის საჭირო ცხონებისთვის.
ერთ დღეს საუბრისას ბერს ჩაეძინა. მაშინ ეშმაკმა მორჩილს გულისსიტყვებით შეუტია: „ხომ დაიძინა შენმა მოძღვარმა, წადი, რაღას უზიხარ, დაღლილი ხარ, წადი და დაისვენე“ და ამის მსგავსი.
– როგორ წავიდე, – ფიქრობდა მორჩილი, – მოძღვრისგან კურთხევა უნდა ავიღო.
– კი, მაგრამ მას ხომ ჩაეძინა, – კვლავ ეუბნებოდა გულისსიტყვა.
– არაფერია, მოვითმენ.
შვიდჯერ შეებრძოლა, რომ წასულიყო და არ წავიდა.
საკმაოდ დიდი დრო გავიდა და როცა ცისკრის დაწყების ჟამი მოახლოვდა, ბერს გამოეღვიძა.
– არ წასულხარ მოსასვენებლად? – ჰკითხა მან.
– მამაო, თქვენი კურთხევის გარეშე წასვლა არ შემეძლო.
– რატომ არ გამაღვიძე?
– არა უშავს, მამაო, მინდოდა მორჩილება აღმესრულებინა და ვითმენდი.
– კარგი, მოდი, ახლა ცისკრის ლოცვა დავიწყოთ, შემდეგ კი წადი და კარგად დაისვენე.
ასეც მოიქცნენ.
ბერმა ცისკრის შემდეგ კვლავ დაიძინა. ნახა, რომ ერთ ძალზე ნათელ ადგილას იმყოფებოდა. იქ უბრწყინვალესი საყდარი იდგა და ზედ დიდი მადლით მოსილი შვიდი გვირგვინი იდო.
ბერს უკვირდა და ამბობდა: „ვინ იცის, რომელი ღირსისა და წმინდანისაა ეს საყდარი! და რა ბრძოლა გაიარა ამ გვირგვინების მოსაპოვებლად!“ ასე მდგომარეს მიუახლოვდა ერთი ადამიანი სამღვდელო შესამოსელში და უთხრა:
– რამ გაგაკვირვა, მამაო?
– საყდრის ბრწყინვალებამ განმაცვიფრა და ვფიქრობ, რომ ის რომელიმე დიდ წმინდანს უნდა ეკუთვნოდეს.
– არა, დიდი წმინდანისა კი არა, შენი მორჩილისაა.
– შეუძლებელია, – თქვა ბერმა, – ის ჯერ ძალიან პატარაა, დიდი ხანი არ არის, რაც მოვიდა. ნუთუ საყდარიც მიეცა და გვირგვინებიც მოიპოვა?
– ჭეშმარიტად ასეა. საყდარი იმ წამიდან მიეცა, როცა მორჩილების ნიშნად მეტანია აღასრულა, ხოლო შვიდი გვირგვინი ამ საღამოს მოიპოვა, როცა გულისსიტყვებს შეეწინააღმდეგა.
როცა ბერი გამოფხიზლდა, მორჩილს მოუხმო და ეუბნება:
– შვილო, მითხარი, წუხელ რა გულისსიტყვები გქონდა?
– არაფერი მქონია, მამაო. არც ერთი ბოროტი გულისსიტყვა არ მომსვლია. არ მახსოვს.
– აბა, დაფიქრდი. ყველაფერი თანმიმდევრულად გაიხსენე.
როცა მორჩილმა თავი გულდასმით გამოიძია, უპასუხა:
დიახ, მამაო, გუშინ სერობის შემდეგ, როცა ჩაგეძინათ, შვიდჯერ შემებრძოლა გულისსიტყვა, დამეტოვებინეთ და მოსასვენებლად წავსულიყავი, მაგრამ შევეწინააღმდეგე მას და როგორც ნახეთ, გელოდებოდით.
–კეთილი, შვილო, წადი.
და მიხვდა ბერი, რომ მორჩილმა შვიდი გვირგვინი წინა ღამით გულისსიტყვებთან ბრძოლაში მოიპოვა.
 
თემატური კითხვები
0