ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

სიტყვა მესამე მორჩილების შესახებ

სიტყვა მესამე მორჩილების შესახებ

წმინდა მამებმა მადლის მაღალ საფეხურს სიმდაბლით მიაღწიეს. განა მორჩილი ასეთ წარმატებას ვერ მოიპოვებს? რა თქმა უნდა, თუკი მდუმარებასა და უზრუნველობას დაიმარხავს და სულიერ მოვალეობებს შეასრულებს; თუკი საკუთარ თავს სისტემატურად გამოიძიებს და შეაფასებს, წარმატებას აუცილებლად მიაღწევს.
მამა იოსებთან ყოფნისას ჩვენც მორჩილები ვიყავით და ვასრულებდით მორჩილების საქმეს, ყოველდღიურად ვშრომობდით. საუფლო ლაშქრობაში გამოცდილი მეგზურის – ჩვენი სულიერი მამის წინამძღოლობით და იმ წესის დაცვით, რომელიც გვქონდა, ზოგიერთმა მამამ შეძლო და შეიცნო ის, რაც ღირსმა მამებმა გადმოგვცეს, როგორც წმინდა საუნჯე.
მოვერიდოთ ფუჭად საუბარს. ყოველდღე მოუკლებლად შევასრულოთ ჩვენი ლოცვის კანონი. ეკლესიაში ლოცვას ნუ დავაკლდებით: მოვისმინოთ ცისკარი, წირვა, მწუხრი. ტრაპეზზეც ერთად ვიყოთ. წესრიგი ყველაფერში დავიცვათ, რადგან სადაც წესია, იქ მშვიდობაა, ხოლო სადაც მშვიდობაა, იქ ღმერთია. წესის გარეშე კი შფოთია და სადაც შფოთია, იქ არის ეშმაკი. „ყოველივე შუენიერად და წესიერად იქმნებოდენ“ (1 კორ. 14, 40), – ამბობს წმინდა პავლე მოციქული.
როგორც მორჩილებს შეეფერებათ, მორჩილება ისე შევასრულოთ. ჩვენი ნებით ნუ ვიმოქმედებთ. თვითნებობამ პირველქმნილ ადამიანებს სამოთხე დააკარგვინა, მაგრამ ქრისტემ საკუთარი ნების მამისადმი დამორჩილებით ისინი სამოთხეში დააბრუნა. ამგვარად, მორჩილებამ გამარჯვება იზეიმა.
ლუციფერი ღმერთს ეურჩა, უფალს ამპარტავნულად თავი გაუტოლა, ღვთისგან განშორებული ეშმაკად იქცა და გვებრძვის. უხოროცო ძალთა სხვა დასები ერთგულად დარჩნენ უფლის მორჩილებაში და ღვთის დიდებაში იმყოფებიან. ანგელოზები, რომლებიც ბუნებით ცვალებადნი იყვნენ, მადლის წყალობით, შეუცდომლებად იქცნენ, ლუციფერისა და ადამიანის დაცემით მათ ბევრი რამ გაიგეს. ამიტომ ახლა ურყევნი არიან ღვთის მორჩილებაში.
რა ბოროტია ადამიანის ნება! იგი ეგოიზმს, ამპარტავნებას, თავისმოყვარებასა და სხვა მრავალ ვნებას მალავს. ამიტომ მორჩილი, რომელიც საკუთარი ნებისგან თავისუფალია, ვნებებისგანაც თავისუფალია.
იესო ქრისტე დაემორჩილა ზეციერ მამას ჯვარზე სიკვდილამდე (ფილიპ. 2, 8), ესე იგი საკუთარი ნების სრულ მოკვდინებამდე.
ქრისტეს, როგორც ადამიანს, მორჩილება რომ არ აღესრულებინა და საკუთარი ნება არ მოეკვეთა, ადამიანი ვერ ცხონდებოდა! ასევე ვერ ცხონდება ის, ვინც თვითნებობს და რაც უნდა, იმას აკეთებს.
რას ნიშნავს საკუთარი ნების უარყოფა? როცა საკუთარ ნებას უარვყოფ, უკუვაგდებ, განვეშორები და აღარაფერი მაკავშირებს მასთან.
ვნებებისგან მხოლოდ მაშინ გათავისუფლდება მორჩილი, როცა ამ საზომს მიაღწევს, როცა საკუთარ ნებას ამ გზით მოიკვეთს. რაც უფრო მეტად დაუტევებს თვითნებობას, მით მეტად შეიგრძნობს ვნებებისგან გათავისუფლებას.
თუ მორჩილს ცხოვრების წესად აქვს, თქვას – „შემინდე“ და „როგორც მაკურთხებ", იგი ზეციურ სამყოფელში უჭკნობი გვირგვინით შეიმკობა.
სადაც მორჩილი საკუთარ ნებას ასრულებს, იქ შხამს ასხამს და იწამლება.
შეცდომით მიცემულ ბრძანებასაც რომ ასრულებდეს, ღმერთი მას მორჩილებისთვის აკურთხებს.
ერთ მორჩილს ისეთი განუსჯელი მორჩილება ჰქონდა, რომ როცა მოძღვარი ეუბნებოდა, ძმების სენაკებიდან სხვადასხვა ნივთს იპარავდა და მოძღვართან მიჰქონდა! ის კი მოპარულს პატრონებს უბრუნებდა. მორჩილი არასოდეს განუცდია გულისსიტყვას: „რატომ იქცევა ასე ჩემი მოძღვარი? მაქეზებს? ქურდობას მასწავლის? მერე ქურდობა ჩვევად რომ მექცეს?“ ის ფიქრობდა და ამბობდა: „მე ვმორჩილებ. რა ჰქვია იმას, რასაც ვაკეთებ, არ ვიცი. ერთი ვიცი – ვემორჩილები“.
ერთი ადამიანი მოვიდა ბერთან, რომელსაც ძმობა ჰყავდა და მის მორჩილებაში დაიწყო შრომა. ბერმა ახალმოსულს უთხრა: „რადგან ჩემს კრებულში გსურს ცხოვრება, გიბრძანებ, ერთი სიტყვაც აღარ თქვა, ამიერიდან ქრისტესთვის დამუნჯდი!“ – მან უპასუხა: „როგორც მაკურთხებ“.
გარკვეული დროის შემდეგ ბერმა დაინახა, რომ მორჩილისთვის ამ ძმობაში ცხოვრება უსარგებლო იყო. ერთ დღესაც უთხრა მას: „სხვა მოძღვართან, სხვა მონასტერში გგზავნი“; პატარა წერილი მისცა და დაამატა: „ამა და ამ მონასტერში მიდი, ეს იღუმენს გადაეცი და იქ დარჩი“.
იღუმენმა სარეკომენდაციო წერილი მიიღო. იქ ეწერა: „მამაო, გთხოვთ, ეს ძმა მიიღოთ. კარგი მონაზონია და ა. შ.“ იღუმენმა ის მონასტერში დატოვა.
გავიდა ხანი და ეს მონაზონი გარდაიცვალა. მას მდუმარება არ დაურღვევია. მისი სიკვდილის შემდეგ მეორე მოძღვარმა პირველს მისწერა: „მართალია, მუნჯი ძმა გამომიგზავნე, მაგრამ ნამდვილი ანგელოზი იყო!“
მაშინ პირველმა უპასუხა: „ბუნებით მუნჯი არ ყოფილა, ის კურთხევას ასრულებდა და ამიტომ დარჩა მდუმარე!“ გააოცა მეორე მოძღვარი ამ ძმის სიმტკიცემ, ასე კარგად და სამაგალითოდ რომ დაიცვა მოძღვრის კურთხევა.
მინდა ვთქვა, რომ საკუთარი ნების სრული უარყოფა სიწმინდეა.
ხშირად ვფიქრობ და ვამბობ: როგორ პატივს მიაგებს პირველი მორჩილი – იესო ქრისტე – სრულ მორჩილს. წმინდა იოანე ღვთისმეტყველი და მახარებელი გამოცხადებაში წერს: განა შესაძლებელია, რომ ქრისტემ სრულყოფილ მორჩილებს არ უხმოს თავისთან, თავის კრებულში, სადაც ისინი საუკუნოდ მისი სახის ჭვრეტაში იქნებიან? ჩვენ, დღევანდელი მონაზვნები, საკუთარ ნებას მყარად ვართ ჩაბღაუჭებულები, რის გამოც სულიერ ცხოვრებაში წინსვლას ვერ ვაღწევთ. კი არ ვამბობთ „შემინდე“ და „როგორც მაკურთხებ“, არამედ: „ეს არა“, „ის ასეა“ და ა. შ. ასე ვიწამლავთ საკუთარ თავსა და ცხოვრებას. ამიტომაც არ გვაქვს ის წარმატება, რომელიც კარგ მონაზვნებს უნდა ჰქონდეთ.
წიგნებში, მამათა ცხოვრებებში წმინდა მორჩილების ამბებიც გვხვდება.
აი, ნახე: იღუმენმა მის მორჩილებაში მყოფი მონაზვნის სენაკში ხარი შეიყვანა. წლების მანძილზე ხარი იქ ყველაფერს აფუჭებდა – ძაფებს, დაზგას. ცხადია, პირუტყვი რას აღარ იზამდა. მონაზონს ხომ მოსვენება არ ექნებოდა! მიუხედავად ამისა, ბოროტი გულისსიტყვა მას არასოდეს ჰქონია. აბბა პაფნუტის ეუბნებოდა: „აბბა, ჩემს წინამძღვარზე ბოროტი გულისსიტყვა გულში არასოდეს გამივლია, არ მიკითხავს, თუ რატომ შემომიყვანა სენაკში ხარი. არამედ ვფიქრობდი, რადგან შემოიყვანა, მან იცის და მორჩა“.
საკუთარი გულისსიტყვა არ ჰქონია, მოძღვრის გულისსიტყვა იყო მისი.
ამიტომ ვამბობთ: თუ სულიერი მორჩილება არ გვაქვს, ესე იგი არაფრისთვის მიგვიღწევია. როცა არ გვსურს ის, რაც სურს წინამძღვარს, არსებითად მორჩილები არ ვართ, სულიერი მორჩილება არ გვაქვს; საქმე მორჩილებითაც რომ აღვასრულოთ, მხოლოდ ხორცის მქონე უსულო ადამიანივით ვიქნებით. შესაძლებელია კი ადამიანად ჩაითვალოს ის, ვისაც მხოლოდ სხეული აქვს?! ლოგიკისთვის ეს მიუღებელია.
ზუსტად ასევეა მიუღებელი სულიერი ლოგიკისთვის, მორჩილი ეწოდოს მას, ვისი მორჩილებაც მხოლოდ საქმეში გამოიხატება. უპირველეს ყოვლისა, მას სული, სულიერი მორჩილება უნდა ჰქონდეს. უნდა ამბობდეს: „რაც სწამს, რასაც განიზრახავს, ფიქრობს, მიიჩნევს და გადაწყვეტს წინამძღვარი, მეც ის მწამს, იმას ვფიქრობ, მივიჩნევ და გადავწყვეტ".
წმინდა სვიმეონ ახალმა ღვთისმეტყველმა ზეგარდამო კურთხევა მხოლოდ მორჩილების გამო მიიღო. მისი მაგალითი ძალზე ძლიერი და თვალსაჩინოა.
წმინდა პაისის ერთი მორჩილი ჰყავდა. ერთ დღეს უთხრა: „შვილო, მიდი, წყალი იმ თასიდან დალიე“. მორჩილს გულისსიტყვამ უთხრა: „იმის ნაცვლად, რომ მოძღვარს ეთქვა, წყალი დოქიდან ან წყაროდან დამელია, როცა მორჩილების საქმიდან დაღლილი, ოფლში გაწურული დავბრუნდი, მეუბნება, თასიდან ნაბანი წყალი დალიეო!“ თავის გულისსიტყვას დაუჯერა და დიდ ბედნიერებას მოაკლდა!
შემდეგ იფიქრა: „ხომ არ დამელია?" მაგრამ წყალი ვეღარ იპოვა. მაშინ აბბა პაისიმ უთხრა: „საცოდავო, იცი, რა წყალი იყო? ქრისტეს ფეხის ნაბანი!"
ამის შემდეგ მორჩილს მწუხარების სული დაეუფლა. აბბა პაისი მის ნუგეშინისცემას ცდილობდა, მაგრამ სადღა იყო ნუგეში! იქამდე მივიდა, რომ სიმშვიდე სრულიად დაკარგა. როცა აბბამ დაინახა, რომ მორჩილს დამშვიდება და მოძღვრის გვერდით ცხოვრება აღარ შეეძლო, უთხრა: „ამა და ამ ადგილას წადი. იქ სამ საფლავს ნახავ. ერთერთ მათგანთან (მიუთითა, რომელთან) ილოცე და მოისმინე, რას გეტყვის...“ ასეც მოხდა. მოესმა ხმა: „დაბრუნდი შენს მოძღვართან და მორჩილება აღასრულე".
მაგრამ მისი სულის ხომალდი უკვე ჩაძირული იყო. მისი სულის სამყოფელს ისეთი ნაპრალები გასჩენოდა, რომ შეკეთება შეუძლებელი იყო. ამიტომ სიცოცხლის ბოლომდე აბბა პაისის გვერდით მყოფმა თავისი მორჩილება ორჭოფობასა და მერყეობაში გაატარა.
საკუთარ ნებაზე გამარჯვებულმა სვიმეონ ახალმა ღვთისმეტყველმა სრული მორჩილებისთვის ზეგარდამო ღვთისმეტყველება მიიღო; სხვა კი, საკუთარი ნების შესრულების გამო მორჩილებისა და მადლის გარეშე დარჩა.
ეს, რა თქმა უნდა, მცირეოდენი მაგალითებია, რადგან დიდი მამების – საუკეთესო მორჩილების საქმეთა აღწერას ტომები დასჭირდებოდა.
ეს მაგალითები სარკესავითაა. მათში შეგვიძლია დავინახოთ საკუთარი თავი, დავინახოთ, თუ როგორები ვართ...
ღმერთი შეგვეწიოს, რომ გონს მოვეგოთ და საკუთარი თავი დავინახოთ – რამდენად უარვყავით ჩვენი ნება. დაე, ვიბრძოლოთ, რომ ამ საწამლავისგან გავთავისუფლდეთ, ვიცხოვროთ ღვთისთვის სათნოდ, როგორც ღმერთს ნებავს და როგორც მონაზვნური მოქალაქეობა მოითხოვს ჩვენგან.
 
თემატური კითხვები
0