ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

მოძღვრისადმი რწმენის, პატივისცემისა და სიყვარულის შესახებ

მოძღვრისადმი რწმენის, პატივისცემისა და სიყვარულის შესახებ

სულიერი მოძღვრისადმი რწმენა და სიყვარული გააზრებულად, გულმოდგინებით დაიცავით, რადგან სულის სიცოცხლე და სიკვდილი ამაზეა დამოკიდებული. თუკი ღვთის სახის ხილვა გსურთ, ქრისტესმიერ მამას ნუ დაამწუხრებთ. ვინც მას ამწუხრებს, იცოდეს, რომ ქრისტეს ამწუხრებს და როგორღა იხილავს მას გარდაცვალების შემდეგ?

2. მჯერა, შვილო, რაც დაგარიგე, იმაზე მეტს გააკეთებ და ნახავ, რა კარგად იგრძნობ თავს! არასდროს დაუშვა, მტერი მოძღვრის მიმართ ბოროტი გულისსიტყვებით დაგესხას თავს, რადგან ისინი შხამით სავსე უხსენებლები არიან.
მოძღვართან სრულ ერთობაში იყავი. მისი სიტყვა ისე ისმინე, როგორც ქრისტესი. სიყვარული, მოკრძალება და სრული მორჩილება სათნოა მოძღვრისთვის. თუკი სათნოეყოფი მოძღვარს, სათნოეყოფი ღმერთსაც. რასაც მოძღვრის მიმართ აკეთებ, იმავეს აკეთებ ღვთისთვისაც.

3. შვილო, რაც შენს თავს ხდება, არაფერში ეჭვი არ მეპარება. ნამდვილ სულიერ შვილს ასე უყვარს თავისი მამა, რომელმაც ღვთის მადლით ის სულიერად შვა.
ვლოცულობ, ქრისტემ შენი გული მუდამ თავისი წმინდა სიყვარულით აავსოს, რაც მორწმუნეს, ქრისტიანს ყოველთვის განაახლებს.

4. მორჩილისთვის მომაკვდინებელია, თუკი მოძღვრის წინაშე საკუთარ თავს სუფთად და გულწრფელად არ წარმოაჩენს. ავადმყოფი, რომელიც ექიმს ჭრილობას არ აჩვენებს, ან დაავადების შესახებ დაუმალავს, სნეულებისგან არ განიკურნება, სიცხე და ტკივილი კი გაუგრძელდება. ასევეა მორჩილიც, რომელიც სულიერ ექიმს თავისი სულის ჭრილობებს არ უმჟღავნებს. ის, რაც ხელს უშლის თავისი ტანჯვის მიზეზი განაცხადოს, ეგოიზმია.
მაშ, მოდით, შვილებო, ეს ურჩხული ფეხქვეშ გავთელოთ, წმინდა აღსარების ხანჯლით გავგმიროთ და გავანადგუროთ სულიერი წამლების მიღებით, რომელსაც სულიერი ექიმი – მოძღვარი საკურნებლად მოგვცემს.

5. ვიფხიზლოთ, შვილებო, ვაიძულოთ თავი. რას ვუცდით? აღსასრული გვიახლოვდება და შეშფოთება გველის. რაღა გვიშველის? ახლანდელი თავის იძულება მოვალეობათა შესრულებისას, სათნოებების შეძენა; სულიერ მშობლებთან ერთობა კი იმ დიდ გასაჭირში განსაკუთრებით შეგვეწევა. ერთობას მაშინ მივაღწევთ, თუკი ჩვენი ცხოვრებით სათნოვეყოფით მათ. თუ ჩვენი ურჩობისა და განკითხვის გამო მოძღვრისგან სულიერად დაცილებულნი ვიქნებით, სიკვდილის ჟამს დემონებისგან როგორღა დავიცავთ თავს? მისი წმინდა ლოცვის მფარველობის გარეშე იესო ქრისტეს წინაშე როგორ წარვდგებით? საზვერეების გავლისას ვისი ლოცვები გვიხსნის? წინამძღვრის? მაგრამ მისი ლოცვაკურთხევა ხომ ვეღარ დაგვიფარავს, ვერ შეგვეწევა ჩვენს გასაჭირში, რადგან ცხოვრებაში მას ვამწარებდით.
მაშ, შვილებო, ვიზრუნოთ, რომ ღვთის ნების თანახმად ვიცხოვროთ, რათა სათნოვეყოთ მას და თავის წიაღში საუკუნოდ განგვისვენოს.

6. შვილო, შენი საკითხი უმთავრესიდან – მოძღვრის თემიდან მომდინარეობს. თქვენთვის ბევრჯერ მითქვამს, თუ როგორ ეშინია ეშმაკს წინამძღვრების. მოძღვართა მიმართ სიყვარული და რწმენა უმაღლესი გარანტიაა მათთვის, ვინც ღვთის სიყვარულის გამო მორჩილებას აღასრულებს. ხოლო ის, ვინც წინამძღვრების საკითხში ცდება, მაშინვე კარგავს უსაფრთხოების გარანტიას და სულიერი ნგრევა იწყება. ეშმაკმა ეს იცის და ამიტომ ბრძოლას წინამძღვრებიდან იწყებს – ცდილობს მათი სისუსტეები გაზვიადებულად წარმოაჩინოს, რომ მორჩილი მათთან ყოფნის უსარგებლობაში, მათ არასწორ ცხოვრებაში დაარწმუნოს და ა. შ. როცა ამას დააჯერებს, მის სულს მოიგებს. მაგრამ როცა მას მტკიცესა და შეურყეველს პოულობს, მიდის და ახალ ფრონტს ხსნის. იშვიათად, რომ მორჩილს ეს ბრძოლა არ გადახდეს.

7. მამა ეფრემი სწერს ერთ მონაზონს:
შვილო, იღუმენიას მიმართ სიყვარული და პატივისცემა გქონდეს. ვის არ აქვს სისუსტეები! საკუთარი ვნებების გამო ყველანი დამნაშავენი ვართ. მაგრამ ეს სხვაა, სულიერი დედის მიმართ შენი მოვალეობა კი – სხვა. დაინახე მასში ქრისტეს სახე და მისი ნდობა ღვთის ნდობად შეგერაცხება.
არ მინდა თვალთმაქცი იყო. ყველაზე მეტად გულწრფელობა და პირდაპირობა მიყვარს. ჩემი შვილებისთვისაც ამას ვისურვებდი. თქვი ნამდვილი აღსარება. ისმინე და დაიჯერე, რასაც სულიერი დედა გეტყვის.
თუკი მის ნათქვამს სარწმუნოებით არ მიიღებ, შედეგი განკითხვა, გულგრილობა, საბოლოოდ კი მასთან დაცილება იქნება. ეს შეუფერებელია შენთვის, როგორც მონაზვნისთვის, რომელიც სულიერი დედის მფარველობის ქვეშ იმყოფება.
არ უნდა განვიკითხოთ და არ უნდა ვიყოთ გულგრილნი არც ერთი ადამიანისადმი, მეტადრე ჩვენი სულიერი დედის მიმართ. იბრძოლე, რომ გიყვარდეს და მასში ქრისტეს სახეს ხედავდე. სარგებელს შენი რწმენის მიხედვით მოიმკი. ყოველივე ეს შეასრულე და ჭეშმარიტებას იხილავ.
ახლა, დიდ მარხვაში, მინდა თავი განსაკუთრებით აიძულო. დაიცავი შინაგანი და გარეგნული მდუმარება და გამუდმებით, უცილობლად გახსოვდეს სიკვდილი. სიკვდილის ხსენების სარგებელი უდიდესია. იმეორე იესოს ლოცვა. განუწყვეტლად აიძულე თავი, იღუმენიასთან ერთობა გქონდეს. არასოდეს დაუშვა გულისსიტყვა, რომელიც მას განიკითხავს, რადგან ასეთ გულისსიტყვას მამები ახასიათებენ, როგორც დამწვრობას ან საშინელ შხამს. გაფრთხილდი, სულიერ დედას არ დასცილდე, თორემ ეს მთელი შენი ბრძოლის პარალიზებას მოახდენს.
 
თემატური კითხვები
0