ბერი ეფრემ ფილოთეველი (არიზონელი)

გამონათქვამთა კრებული მორჩილების შესახებ

გამონათქვამთა კრებული მორჩილების შესახებ

1. რა დიდებულია იესო ქრისტეს მაგალითი! მამისადმი მორჩილებას იგი ჯვრისა და სიკვდილისკენ მიჰყავს. განა მამის თანაარსს შეწინააღმდეგება არ შეეძლო? მაგრამ არა, წმინდა გოლგოთისკენ მიაბიჯებს, ოფლს ღვრის და გზაზე ნების მოკვეთის სიმძიმისგან ტკივილით ჩაიმუხლავს. მაგრამ უნდა ავიდეს. მაღლა ადის, დიდებულ, დემონებისთვის შემაძრწუნებელ ჯვარზე მაღლდება და იქ, ზემოთ, სრულ, უკიდურეს მორჩილებას ავლენს და საუკუნო დიდების უჭკნობ გვირგვინს იდგამს.
სულის აღდგომა ასე მოიპოვება და არა ხან მორჩილებით, ხან კი ურჩობით და თვითნებობით. გვირგვინი ამგვარი ქცევით კი არა, სურვილის მსხვერპლად შეწირვით მოგვენიჭება. ყველა დაბრკოლება უნდა გადავლახოთ მტკიცე გულისსიტყვით, რომ მორჩილების მოვალეობის ღალატს სიკვდილი გვირჩევნია.

2. ქრისტეს მორჩილებით მარადიული ცხოვრება მოგვეცა, ადამის ურჩობით კი ჯოჯოხეთის უფსკრულში ჩავცვივდით. ჭეშმარიტად, მორჩილების გზა გოლგოთისკენ მიდის და მაღლდება. ეს გზა შრომას მოითხოვს, ოფლს დავღვრით და დავიღლებით, მაგრამ ვიფიქროთ, რომ აღდგომის შემდეგ სულის სიწმინდესა და ძეობას მოვიპოვებთ, ამ სიმდიდრით ტკბობა კი მიწიერ სიამეზე არ გაიცვლება. განა ამქვეყნიურზე ვლაპარაკობ? მთელი ქვეყნის ფასადაც კი ვერავინ შეიძენს სულიერი სიხარულის თუნდაც ერთ მისხალს იმ სულისგან, ვინც ჯერ გოლგოთაზე ავიდა და შემდეგ თავისი აღდგომა იხილა.

3. იესო ქრისტემ მოწაფეებს უთხრა: „რომელმან თქუენი ისმინოს, ჩემი ისმინა, და რომელმან თქუენ შეურაცხ-გყუვნეს, მე შეურაცხ-მყოფს; და რომელმან მე შეურაცხ-მყოს, შეურაცხჰყოფს მომავლინებელსა ჩემსა“ (ლუკ. 10, 16). ამრიგად, მღვდელმთავრები, მღვდლები, იღუმენები და მცირე კრებულთა მოძღვრები მოციქულთა მემკვიდრეები არიან. ვინც მათ ემორჩილება, იესო ქრისტეს ემორჩილება, ხოლო ვინც ეურჩება, ქრისტეს უარყოფს.
ვინაიდან იესო ქრისტეს მორჩილება გვსურს, მოძღვრის მორჩილების აღსრულება გვმართებს. ისე კი არა, რაც ხელსაყრელია, შევასრულოთ და რაც არ გვსურს, ვიურჩოთ. გეთსამანიის ბაღში იესო ქრისტემ ზეციერი მამისგან ითხოვა, ადამიანები სხვა გზით გამოხსნილიყვნენ, მაგრამ ზეციერმა მამამ ჯვრით გამოხსნა დაადგინა და მაშინ იესომ მიუგო: „არა ჩემი, არამედ შენი ნება იყოს, მამაო“ და „იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაითა“ (ფილიპ. 2, 8).

4. ღვთისმეტყველება ლოცვის შედეგია, ეს უკანასკნელი კი – სრული მორჩილებისა. რა თვისება და ნიჭიც არ უნდა ჰქონდეს მონაზონს, მორჩილების გარეშე მალე დაეკარგება. ნამდვილი მორჩილი სულიწმიდის ყველა ნიჭის მრავალ ნაყოფს გამოიღებს და მდიდარია აწ და უკუნისამდე.

5. ღვთის მადლმა რომ მოგვიხილოს, საჭიროა სწავლებას სრულად ვემორჩილებოდეთ. მოძღვრის ნებას საკუთარს ნუ დავურთავთ, რადგან ეს სულიერი მრუშობაა. მორჩილება დიდი გულწრფელობით უნდა მოვიმუშაკოთ, სხვაგვარად რაიმე წარმატებას მონაზვნურ გზაზე ვერ მივაღწევთ.
სიმდაბლე ის სათნოებაა, რომელიც ქრისტეს მიმბაძველი მორჩილების სრულად განხორციელებას სასწაულებრივად შეეწევა. და პირიქით, ეგოიზმი და ამპარტავნება მის მოპოვებას ეწინააღმდეგება.

6. მორჩილი მოვალეა, საკუთარ თავს მსხვერპლად სწირავდეს, თავისი მოძღვარი კი ძალიან უყვარდეს, რადგან ეს ერთობა მის სულს ბრძოლაში გააძლიერებს.
ვისაც მოძღვარი უყვარს და ემორჩილება, მას მოძღვრის ლოცვა-კურთხევა სულიერი ნაყოფის გარეშე არ დატოვებს. ის აუცილებლად ცხონდება და ღვთის უბრწყინვალეს საყდარს მიეახლება. ვინც მოძღვარს ამწარებს, ის მოგვიანებით საკუთარი სულის ნანგრევებზე იტირებს.

7. საშინელი და შემზარავია, როცა მოძღვარს აიძულებ, გააკეთოს ის, რაც მის სულს არ სურს, მაგრამ გსურს შენ. საშინელებაა. ეს მხოლოდ მან იცის, ვისაც პირადად გამოუცდია.
შენი სულიერი მამა და მოძღვარი ამქვეყნად ყველა ადამიანზე, მთელ მსოფლიოზე უფრო ძვირფასია!
ეშმაკმა ყველაზე უკეთ იცის, რას ნიშნავს მოძღვარი და მისი სრული მორჩილება.

8. არასოდეს გამოიკვლიო, რას აკეთებს მოძღვარი ან რატომ აკეთებს ამას თუ იმას. ნუ განიკითხავ მას, რადგან ამ დროს ანტიქრისტე ხდები! ცხოვრებაში არასოდეს მოითმინო, რომ შენი მოძღვარი ვინმემ შენ წინაშე განიკითხოს, უმალ შეეწინაღმდეგე, დაიფარე, დაიცავი იგი.
მოძღვრის „წინდაუხედაობას“ ქრისტე განუკითხველი და უზაკველი მორჩილების წყალობით გაასწორებს.

9. სატანისთვის უდიდესი წარმატებაა, თუკი შეძლებს მორჩილი დაარწმუნოს, რომ გულისსიტყვები დამალოს, მოძღვრის კურთხევის გარეშე რაიმე გააკეთოს, სულიერი მამის წინაშე ყველაფერი გულწრფელად არ აღიაროს. ასეთი მორჩილი საფუძვლად კეთილ საწყისს ვერასოდეს დადებს და ღვთის მადლის მიღებაში წარმატებას ვერასოდეს მიაღწევს, არამედ იჩანჩალებს, სანამ მისი სიცოცხლის საბრალო აღსასრულის ჟამი დადგება.

10. მორჩილებას მაშინ აქვს ფასი, როცა ნების მოკვეთა ტკივილითა და შრომით ხდება. რადგან ვნებიანი ჩვევები ეკლიან ფესვებს ჰგავს. მას, ვინც მათ ამოძირკვას მოისურვებს, ბუნებრივია, ეტკინება, ეკლებისგან ხელები დაეკაწრება და დაუსისხლიანდება. ასევე ხდება, როცა ცუდ ჩვევებს სულიერი მამის მორჩილების გამო აღმოვფხვრით.

11. მოძღვარს ან ძმას – მონაზონს ნუ აწყენინებ, რადგან ასეთ დროს სულის სიმშვიდეს მეყსეულად კარგავ, იესოს ლოცვას წყვეტ და გულისსიტყვებით ივსები. კურნება აღსარებაა, ცხარე ცრემლები და შენდობის გულწრფელად თხოვნა.
ფრთხილად იყავი! თუ მოძღვარზე რაიმე ბოროტი გულისსიტყვა გაქვს, გაფრთხილდი, რადგან ეშმაკი შეგმუსრავს და იოლად გაცდუნებს. გულისსიტყვები გამოასწორე, რომ მოძღვართან მიმართებაში არაფერი გაწუხებდეს.

12. ვაი, რომ დაწყევლილია, რასაც მორჩილი მოძღვრის კურთხევის გარეშე აკეთებს. ის ეშმაკს მიაქვს. ასე რომ, ჩვენ, მონაზვნებს, მხოლოდ მორჩილება გადაგვარჩენს.

13. მორჩილების აღმასრულებელი სიმშვიდის ნაყოფს გამოიღებს. მოძღვარი მის ნებას მოკვეთს, საყვედურს ეტყვის, მიუთითებს და როცა მორჩილი ყველაფერს მორჩილებით შეასრულებს, ძვირფას სიმშვიდეს მიიღებს. ერთი სიტყვით, კარგი მორჩილი, რომელიც მორჩილებას განუსჯელად აღასრულებს, ყველა სათნოებას მოიპოვებს. მაგრამ ვინც მოძღვარს ეპასუხება, ეკამათება, ეურჩება, ამპარტავნებს, ის საკუთარ სულს ძალიან აზიანებს, რადგან ღმერთს ამწუხრებს. უფალი დამდაბლდა, ეს კი – მიწიერი, საწყალობელი ადამიანი – თავს იმაღლებს.

14. სრული მორჩილი საზვერეებს არ გაივლის! მას არ ეშინია არც სიკვდილის, არც დემონების და არც ღმერთის, რადგან გულმხურვალედ ემსახურება მას. ნამდვილ მორჩილს მხოლოდ თავისი მოძღვრისადმი ურჩობა აშინებს, რადგან სულიერი მამა მისთვის ხილული ქრისტეა, მოძღვრის ურჩობა უმალვე გამოაძევებს მას სულიწმიდის მადლის სამოთხიდან, სადაც ანგელოზთასწორი მორჩილის მდაბალი სული უაღრესად ტკბება. სრული მორჩილი ღმერთკაცი ქრისტეს ჭეშმარიტი სახეა.

15. მორჩილი, რომელიც მოძღვარს ქრისტეს გამო ემორჩილება, ქრისტეს ყველა მცნების აღმასრულებელია. უდრტვინველი და განუსჯელი სრული მორჩილება ყველა საუფლო მცნების შესრულების მრავალგვარ ღვაწლს უტოლდება.
მას, ვინც მორჩილებას ღვთის სიყვარულისთვის აღასრულებს, ღმერთი შეიყვარებს. კარგ მორჩილში თვით წმინდა სამება დამკვიდრდება. ოჰ, რა დიდებულებაა დაფარული ამ სამგზის კურთხეულ მორჩილებაში! იგი მდაბალ, უმნიშვნელო, პატარა, შეუმჩნეველ მორჩილს წმინდა სამების სამკვიდრებლად, ქრისტეს ყველა მცნების აღმასრულებლად აქცევს, სამოთხეში შეჰყავს და ორმაგი გვირგვინითა და ღვთაებრივი ყელსაბამით შემკულს წმინდანთა შორის დაამკვიდრებს.

16. რა საოცარ თავისუფლებას გვანიჭებს საკუთარი ნების სრული მოკვეთა! როგორ სულიერ განსვენებას პოვებს მებრძოლი, მოსაგრე მორჩილი, რომელსაც საკუთარი ნება არ აქვს და მხოლოდ თავისი მოძღვრის ნებას აღასრულებს! ის ნეტარი სულიერი კეთილდღეობით, სიხარულით და სასოებით აღსავსე ცხოვრობს. მშვიდი და საოცარია მისი ცხოვრება, ვინაიდან იცის, რომ როგორც განუსვენებს მოძღვარს, მისი ლოცვით ისეთივე განსვენებას მიიღებს სამოთხეში.
ნეტარი და სამგზის ნეტარია ის მორჩილი, რომელმაც ყველაფერში მოიკვეთა საკუთარი განმხრწნელი ნება და ყველაფერს ინანიებს თავისი სულიერი მამის წინაშე. ის, ამ ცხოვრებაშივე სულიერად გაჯანსაღებული, ღვთის საშინელი საყდრის წინაშე გაბრწყინდება, როგორც ანგელოზი ანგელოზთა შორის.

17. მაშ, გიხაროდეს, მოასპარეზე მორჩილო, იმ დიდი მორჩილის მიმბაძველო, რომელიც იქმნა მორჩილ „ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაითა. ამისთვისცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზესთაესი უფროის ყოველთა სახელთასა" (ფილიპ. 2, 8-9), ხოლო შენ შენს ვნებებზე აგამაღლებს და უვნებობასა და თავის სიყვარულს მოგანიჭებს. მაშ, ქრისტესთვის საკუთარი ნების უარყოფით იბრძოლე და იმ ადამიანის დარიგებები შეასრულე, რომელმაც უფლისმიერ გიტვირთა მაშინ, როცა ღმერთს სიკვდილამდე სრული მორჩილება აღუთქვი.
ჰოი, მორჩილებავ, ყოველი მორწმუნის მხსნელო! ჰოი, მორჩილებავ, ყოველი სათნოების მშობელო! ჰოი, მორჩილებავ, ცათა განმღებელო და ადამიანთა მიწიდან ზეცად აღმყვანებელო! ჰოი, მორჩილებავ, ყოველთა წმინდათა საკვებო, რომლით მსაზრდოებელნიც სრულ იქმნენ! ჰოი, მორჩილებავ, ანგელოზთა თანამკვიდრო!
 
თემატური კითხვები
0