მთავარი არსი ეკლესიისა არის ის, რომ მორწმუნე, მისი წევრი, განუწყვეტელ კავშირშია მამა ღმერთთან, ძე ღმერთსა და წმიდა სულთან. ეკლესიაში ხდება საიდუმლო შეხვედრა ადამიანისა ღმერთთან (იოვანე 17, 21-26).
ქრისტიანობა თავისი არსით თეორია კი არ არის, არამედ სიცოცხლე, კავშირი ზეცასთან და რელიგიური გამოცდილება. ამ რელიგიას ვერ შეიცნობ მხოლოდ გარკვეული იდეების, დოგმატებისა და წესების შესწავლით.
თვით ცოდნის შეძენის დაუოკებელი სურვილი, მეცნიერულ აღმოჩენათა სიმრავლე ფასს კარგავს, თუ მას რწმენა და სიყვარული არ განსაზღვრავს, რადგან ასეთი ცოდნა შეიძლება დიდი ბოროტების მომტანი გახდეს.
ჩვენს ერს ყოველთვის ჰქონდა მადლიერების გრძნობა ღვთისადმი. ამის დადასტურებაა საუკუნეთა მანძილზე, - განსაკუთრებით კი ყველაზე დიდი გაჭირვების ჟამს, - აშენებული ეკლესია-მონასტრების სიმრავლე.
მწუხარება სიმწარესთან არის დაკავშირებული მაგრამ ამ დროს მარადიულობის საიდუმლოსაც ეზიარება ადამიანი. მისი აზროვნება სამყაროსა და ისტორიის ჰორიზონტალური აღქმიდან ვერტიკალურში გადადის.
ადამიანის გულს ვერავითარი მიწიერი კეთილდღეობა ვერ დააკმაყოფილებს. რაც უფრო დიდია სიმდიდრე, დიდება, პატივი, განცხრომა... მით უფრო ძლიერდება შინაგანი ტანჯვა და ისადგურებს სულიერი სიცარიელე.
ქრისტიანობამ დაგვანახა, რომ იგი ზექვეყნიურია და ზებუნებრივი. მან შთაბერა ქვეყანას ახალი ენერგია, ახალი ცხოვრება ქრისტე იესოს მიერ, ცხოვრება, რომელმაც მოსდრიკა ცანი და შეუერთა დედამიწას.
ღვთისადმი მადლიერების გამოხატვა საჭიროა როგორც მთელი ერისთვის, ისე ცალკეული პიროვნებისთვის, რადგან ასეთი დამოკიდებულება მადლის მოპოვების უმარტივესი და ერთ-ერთი უმთავრესი საშუალებაა.
გარდა იმისა, რომ მაცხოვარმა ჩვენმა ბოროტება შემუსრა, თითოეულ ჩვენგანს უჩვენა გზა ხსნისა, უჩვენა მაგალითი ცხოვრებისა, ისეთი სიცოცხლისა, რომელიც ჭეშმარიტ ბედნიერებასთანაა დაკავშირებული.
ყველაზე დიდი განსაცდელიც კი, რომელშიც შეიძლება ნებისმიერი პიროვნება ან ქვეყანა აღმოჩნდეს, უმცირესია იმასთან შედარებით, რასაც ის, თავისი სულიერი მდგომარეობიდან გამომდინარე, იმსახურებს.